- რა?
- რომ აქ გიპოვიდით, - კარა ნარნარად დაეშვა ბილიკზე. მისი ქათქათა კანი შებინდებულზე ქარვასავით გაბრწყინდა.
- ჰო-ო? - არც კი ვიცი, როგორ მოვახერხე, მაგრამ თამამად ავწიე თავი და მხრებში გავიშალე, თითქოს მასთან შესაბმელად ვემზადებოდი, რაც, რა თქმა უნდა, შეუმჩნეველი არ დარჩენია. კარას გამჭოლი თვალები სიცივეს აფრქვევდნენ, ხოლო პომადიანი ტუჩის კუთხეებში დამცინავი ღიმილი უთამაშებდა.
- ლუკასმა მითხრა, როგორც კი ქორწილი ჩამთავრდება, მაშინვე გაემგზავრებაო. შენს ქვეყანაში ვინმე გელოდება?
სასხვათაშორისოდ ავიჩეჩე მხრები. კარას ყალბი მეგობრობა ნერვებს მიშლიდა.
როგორც კი მომიახლოვდა, ოდნავ ელამ თვალებზე წამწამები ჩამოიფარა. ამიტომ დრო აღარ დამრჩა, მათში რამე წამეკითხა. კარა თავის უნაკლო თითებს კედელზე მანამ ასრიალებდა, სანამ პატარა ყვავილი არ იპოვა, შემდეგ მოწყვიტა და შეფიქრიანებულმა ულმობლად გასრისა.
- საქმე ისაა, რომ თქვენთვის რაღაც მაქვს სათქმელი, რაღაც სიახლე. დარწმუნებული ვარ, ამან უნდა დაგაინტერესოთ. მაგრამ თუ ქორწილის შემდეგ მაშინვე წახვალთ, ვერაფერს გაიგებთ. ეს ჯერჯერობით საიდუმლოა, გესმით?
- მაშინ რატომ მიზიარებთ? - მკაცრი ტონით ვკითხე, თუმცა უსიამოვნო შეგრძნებისგან ჟრუანტელმა დამიარა.
კარას სახეზე ბოროტი სიხარული ეხატა, რისი მიზეზიც ჯერ არ მესმოდა.
ამერიკელმა სტუმარმა საყვარლად მობუშტა ტუჩები.
- ვიცი, რომ ცუდ ტონად ჩამითვლით, მაგრამ არ შემიძლია ვიღაცას არ გავუზიარო. გარდა ამისა, უსამართლობა იქნება, თქვენ ყველაზე გვიან გაიგოთ. ბოლოს და ბოლოს, როცა თქვენი უახლოესი მეგობარი გეორგიოსს ცოლად გაჰყვება, ძალიან ახლობელი გახდებით ამ ოჯახისთვის. - კარამ გაიღიმა და მისი თვალების მწვანე მზერამ სამართებელივით გადაიარა ჩემს სხეულზე. თუმცა იმავე წამს შემალა თვალები გრძელი წამწამების ქვეშ.
- ლუკასი მოითხოვს, ქორწილამდე არაფერი გამჟღავნდეს. არ სურს ბედნიერ წყვილს ზიანი მიაყენოს.
- რა უნდა გამჟღავნდეს? - საკუთარი სიამაყე დამეხმარა, შეკითხვა გაწონასწორებული ხმით დამესვა, მაგრამ როცა ჩემ წინ მდგომ მოღიმარ კარას შევხედე, სიცივემ დამიარა და ვიგრძენი, როგორ გავფითრდი.
- უკვე გამოიცანით, ხომ? - მხიარულად აკისკისდა უდანაშაულო ბავშვივით გაფართოებული თვალებით, - დღეს ლუკასმა მთხოვა, ცოლად გავყვე. დავდო პატივი და მისი მეუღლე გავხდე.
ბედნიერ მეტოქეს უნდობლად შევხედე. ის კი ენას არ აჩერებდა. ბოლოს ჯიბიდან პატარა წითელი ყუთი ამოიღო და თავი ახადა, რათა ულამაზესი ბეჭედი გამოეჩინა.
- ლამაზია, არა? - ხმადაბლა, შემპარავად მკითხა.
ბრილიანტებით დარახტული უზარმაზარი ზურმუხტის დანახვისას ისე ცუდად გავხდი, მეგონა, ქვად ვიქეცი.
- ყველა დიდი ხანია ელოდება, როდის დავქორწინდებით, - ჩურჩულით გამანდო, - მაგრამ ლუკასს საქმეები უნდა მოეგვარებინა და ვერა და ვერ მოიცალა. ისე უნდოდა აეწყო თავისი ბიზნესი, რომ ჩარევა არ დასჭირვებოდა, სანამ ჩვენ ოჯახურ ცხოვრებას ავიწყობდით. დღეს კი გადავწყვიტეთ: გვეყო ლოდინი.
კარამ დაჟინებული მზერა მომაპყრო, მერე კი, აშკარად კმაყოფილმა, რომ მიზანს მიაღწია და ჩემზე სრული ეფექტი მოახდინა, ნელა შეუყვა უსწორმასწორო ბილიკს. მაღალ ქუსლებზე შემდგარი მიქანაობდა, ბეჭდიან ყუთს კი ისე მიაქნევდა, როგორც პატარა ბავშვი, რომელსაც ეს-ესაა, ყველაზე ნანატრი სათამაშო აჩუქეს.
- ჯერ არაფერი წამოგცდეს, კარგი? - მოულოდნელად ნახევარი ტანით შემობრუნდა, - არ მინდა გვანცას ბედნიერება დავჩრდილო, - დაამატა იდუმალი ხმით და ღვარძლიანად ჩაიცინა.
ბრმასავით ხელის ცეცებით ვიპოვე უახლოესი ძელსკამი და ზედ დავენარცხე. როგორც ჩანს, ლეილა მაინც შეცდა. ეს მოსალოდნელიც იყო. რაღაც ყველაფერი ადვილად მოგვარდა, ყოველგვარი შეფერხების გარეშე. საინტერესოა, რაში სჭირდება ლუკასს ასეთი უსახო ქალი? არა, მის სახეს რას ვერჩი, მაგრამ სიკეთესთან რომ საერთო არაფერი აქვს, ძნელი მისახვედრი არ არის. რა შეიძლება კაცს კარასნაირ ქალში მოეწონოს? მით უფრო, როცა ქალის წესიერებაზე ამახვილებს ყურადღებას და ტრადიციებზე დებს თავს? ლამის სიცოცხლე მომისწრაფა, კაცებში ნათრევი ხარო, თვითონ კი ამ იაფფასიან ბარბიზე გიჟდება? ისევ და ისევ არ მესმოდა ლუკასის.
რამდენიმე წუთით ჩემი თავმოყვარეობა თითქოს უფსკრულში გადაიჩეხა, იმ უფსკრულში, რომელიც კარამ მომიმზადა, თუმცა მალევე მოვეგე გონს. არა, არც ისეთი უსუსური ვარ, რომ საკუთარ გონებას ჩემი გათელვის უფლება მივცე. დარჩენილი რამდენიმე დღის განმავლობაში კიდევაც გავიღიმებ, კიდევაც ვისაუბრებ და ძალზე კომუნიკაბელურიც ვიქნები, შემდეგ კი თბილისში გავემგზავრები საკუთარი ჭრილობების მოსაშუშებლად. ბოლოს და ბოლოს, ოდესღაც ხომ ვცხოვრობდი ლუკასის გარეშე? ჰოდა, მომავალშიც ვიცხოვრებ. ისინი მე ვერ გამტეხენ, ამ სიამოვნებას არ მივანიჭებ!
- ნაკა, გამარჯობა!
მისი ხმა, როგორც ყოველთვის, ღრმა და სიცოცხლით სავსე იყო, მაგრამ ნაცრისფერი თვალები თითქოს ჩაქრობოდა. ლუკასი ისე მიყურებდა, როგორც უცხოს. ეს იყო უკანასკნელი საბედისწერო დარტყმა იმ იმედზე, რომელიც ჯერ კიდევ შემომრჩენოდა.
კარასთან საუბრის შემდეგ ბაღი ისე გავიარე, თითქოს მთვარეული ვიყავი და სიზმარში დავდიოდი. როგორც იქნა, განათებულ სახლში შევედი. მხოლოდ მაშინ გამოვერკვიე, როცა გვანცამ დამიძახა, სასადილო ოთახში ვართ და აქეთ შემოდიო. ჩემმა დაქალმა მაშინვე ეჭვიანად მოჭუტა თვალები, როგორც კი დამინახა. ალბათ, საშინლად გამოვიყურებოდი მიტკალივით გათეთრებული. მე კი მხოლოდ ლუკასს შევხედე, რომელიც დივანზე კარას გვერდით იჯდა და მომესალმა. მისი სახე ცივი და შორეული მეჩვენა.
- კარგად მოიარეთ? - მაქსიმალური სიმშვიდით ვკითხე, რაც უდიდესი ძალისხმევის ფასად დამიჯდა, რათა თავი არ გამეცა.
არც ის გამომპარვია, კარას ჩვეული სინაზით რომ ჩაებღუჯა მისი ხელი და ისე მიჰკვროდა, როგორც კარგად გამძღარი კატა ეფიცხება მზეს.
- ნაყოფიერად, - მიპასუხა მან და თავი კარასკენ მიაბრუნა, რომელიც იმწუთას ყურში რაღაცას ეჩურჩულებოდა.
გვანცა და გიო უხერხულობისგან შეიშმუშნენ. დაძაბულობა მხოლოდ ლეილას გამოჩენამ მოხსნა.
- რას ვშვრებით, ვახშმობას არ ვაპირებთ? - გაიღიმა მან და ყველას სათითაოდ მოგვავლო მზერა.
მის ღიმილს მხოლოდ მე შევაგებე ღიმილი, თუმცა რამდენად დამაჯერებლად გამომივიდა, ვერ ვიტყვი…
- ლუკასი მასთან ერთად კი არ წასულა, - მიხსნიდა გვანცა, როცა ხვეულ კიბეს მეორე სართულისკენ მივუყვებოდით, - ვიღაცასთან შეხვედრა ჰქონია და რახან კარასაც შოპინგი სურდა, თან გაიყოლა. გიომ სპეციალურად ჰკითხა ამის შესახებ. ეს მეტიჩარა ბუტიკთან დაუტოვებია, თვითონ კი თავის საქმეზე წასულა. მერე, როცა ამან მაღაზიები მოიარა, გამოუარა და უკან წამოიყვანა. ლუკასს თან ორი კაციც ახლდა, მე მათ არ ვიცნობ.
- ამას უკვე მნიშვნელობა არა აქვს, გვანცა. ნუ მელაპარაკები. ამაზე საუბარი არ მინდა, გთხოვ. - იმდენად ყრუ ხმით გამომივიდა, რომ გვანცამ სწრაფი მზერა მესროლა და იმწამსვე გაჩუმდა.
მთელი საღამოს განმავლობაში ლუკასს არც კი შემოუხედავს ჩემთვის, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე აუცილებელ შემთხვევას, როცა სხვა გზა არ ჰქონდა, მაგრამ მაშინაც სიცარიელით ჰქონდა სავსე თავისი ფოლადივით თვალები და არაფერს გამოხატავდა. სურვილის ნაპერწკალი, რომელიც ადრე ასე თუ ისე აკიაფდებოდა მათში, ახლა უკვე ჩამქრალიყო.
საძინებელში შესულმა ფეხზე გავიხადე და აივანზე გავედი. მეტლახის თბილი იატაკის შეხება მესიამოვნა. თავი გასკდომაზე მქონდა, ერთიანად დამსხვრეული ვიყავი. არც ისე ცუდად გამომივიდა თამაში და ჩემი ძალისხმევის შედეგს ახლა ვიმკიდი.
სურნელებით გადავსებულ სიბნელეში მანამ ვიჯექი, სანამ სხეული სრულად არ დამიბუჟდა. ვგრძნობდი, დაძაბულობა და დაღლილობა თანდათან როგორ მტოვებდა. გრილი ნიავი სახეზე მეფერებოდა. დაბლა, ვერანდის გაყოლებაზე რაღაც ხმაური მოისმა, რაც ზედმეტად ხმამაღალი მეჩვენა ღამის სიჩუმეში. ლუკასი იყო, მივხვდი და გავშეშდი. შეშინებული სუნთქვასაც კი ვერ ვბედავდი, რადგან ვგრძნობდი, რომ მან იცოდა ჩემი იქ ყოფნის შესახებ.
თითქოს მთელი მარადისობა გავიდა, სანამ მან ძაღლებს დაუძახა და ერთად მოუყარა თავი. ესე იგი, მასაც არ სძინავს. უბრალოდ, დაძინება არ შეუძლია. ნეტავ რატომ? ამ ფიქრმა ოდნავ შემიმსუბუქა დარდი, შედარებით გამომიკეთდა ხასიათი, თუმცა რატომ, არ ვიცი. ბოლოს ავდექი და დასაძინებლად გავეშურე, მაგრამ რამდენიმე საათის განმავლობაში თვალებგახელილი ვიწექი სიბნელეში და ჭერს ავყურებდი.
ბოლოს ჩამეძინა… ალბათ, გამთენიისას…
დილით კარას სახელზე დეპეშა მოვიდა. მისი წაკითხვისთანავე ქალს სახე მოეღრიცა.
- ჯანდაბა! ჯანდაბა! - ორჯერ დაიყვირა გაწიწმატებულმა.
- რამე მოხდა? - ლუკასმა უყურადღებოდ გამოხედა გადაშლილი გაზეთის უკნიდან და კარამ მაშინვე ტკბილად გაუღიმა.
- დედას კიდევ ერთი შეტევა დამართნია. მატყობინებს, სასწრაფოდ ჩამოდი, სადაც უნდა იყო, ყველაფერი მიატოვე და გამოიქეციო.
მის ხმაში ისეთი სიბრაზე შეიმჩნეოდა, რომ ლუკასმაც კი დასწია გაზეთი და შეხედა. კარა ოდნავ გაწითლდა და მზერა აარიდა.
- არ ვიცოდი, დედაშენს ჯანმრთელობის მხრივ პრობლემები თუ ჰქონდა, - ლეილამ შეშფოთებით შეხედა მშვენიერ კარას, რომელიც იმ მომენტში ბანანს ფცქვნიდა თავისი გრძელი, მოვლილი თითებით.
- თქვენ ხომ იცნობთ დედაჩემს. ხან რა აწუხებს, ხან რა, - გაბრაზებული კარა ვერა და ვერ მშვიდდებოდა, - დღეს რომ ანგინა აქვს, ხვალ გულის სარქველი გადაეკეტება. არაფერი სერიოზული, მაგრამ თვითონ ასე ჰგონია. უფრო სწორად, უნდა, რომ ასე იყოს. სულ ელანდება, სადაცაა მოვკვდებიო.
- კარა! - მკაცრად გაისმა ლეილას ხმა, - რაც თავი მახსოვს, დედაშენი ჯანმრთელობას არასდროს უჩიოდა. თუ მას ახლა სჭირდები, ესე იგი, მართლა სერიოზულადაა საქმე. ამიტომ პირველსავე თვითმფრინავში ჩაჯდები და მასთან წახვალ! ლუკას, თუ შეიძლება იზრუნე მის ბილეთზე!
ლუკასმა თეატრალურად დაუკრა დას თავი. სიბრაზისგან აჭარხლებული კარა კი სავარძელში მოკალათდა და სახეზე იმწამსვე შიში გამოესახა. როცა რაღაცის სათქმელად ისევ გააღო პირი, ლუკასმა ცივი მზერა ესროლა.
- შენ დღესვე გაფრინდები, კარა!
ეს ისეთი ტონით იყო ნათქვამი, შეწინააღმდეგებას აზრი არ ჰქონდა, რამაც კარა საბოლოოდ გაანადგურა. თითქმის შემეცოდა… თითქმის.
- ახლა კი გაჩუმდება… ცოტა ხნით მაინც, - შენიშნა კმაყოფილმა გვანცამ, როცა ნაშუადღევს გეორგიოსმა ამერიკელი სტუმარი აეროპორტში გააცილა, - ბებერი ძროხა!
- გვანცა! - შევუძახე მეგობარს, მაგრამ თვალებით ვიცინოდი, - ასეთ ელეგანტურ ლამაზმანს ძროხა როგორ უნდა უწოდო!
- შეიძლება გარეგნულად არ შეეფერება ეს შედარება, მაგრამ აზრობრივად ნამდვილად ვეთანხმები, - მშრალად აღნიშნა ლეილამ, რომელიც შეუმჩნევლად მოგვიახლოვდა. მის დანახვაზე ორივენი შევხტით.
დიასახლისმა ხელით მანიშნა, აივანზე გამომყევიო, ხოლო გვანცა დედოფლური მედიდურობით გულგრილად დაითხოვა. ვხვდებოდი, რომ ლეილასა და მის მომავალ რძალს შორის მთლად ჰარმონიული ურთიერთობა ვერ იყო და ამაზე დაფიქრება მმართებდა, მაგრამ ახლა ამისთვის არ მეცალა. თუმცა ვიმედოვნებდი, რომ დროთა განმავლობაში ყვველაფერი მოგვარდებოდა. ამ იმედით უხმოდ მივყვებოდი ავადმყოფობით დაჩიავებულ ქალს უკან.
- ლუკასს უკვე ელაპარაკე? - რბილად შემეკითხა, როგორც კი განვმარტოვდით.
უარის ნიშნად თავი დამწუხრებულმა გადავაქნიე.
- არა. გადავწყვიტე, არაფერი ვუთხრა. ასე აჯობებს.
- შეიძლება გკითხო, რატომ? - მცირეოდენი პაუზის შემდეგ შემეკითხა.
- ჩემი აზრით, ეს უაზრობა იქნება, - მონოტონურად წარმოვთქვი და აალებული სახის დამალვას შევეცადე, რათა ლეილას უკმაყოფილო მზერას გავქცეოდი.
- გასაგებია.
- როგორც ჩანს, ყველაფერი ჩვენ წინააღმდეგაა. ვშიშობ, ჩვენ ვერ შევძლებთ ერთმანეთთან ურთიერთობის დამყარებას, - სევდანარევი ხმით დავამატე.
ტყუილის თქმა ნამდვილად არ მინდოდა, მაგრამ, მეორე მხრივ, ვერც სიმართლეს ვეუბნებოდი ლუკასის დას. ვერ შევძელი მეთქვა, რომ მისი ძმა დაინიშნა, რადგან ჯერ ლეილამ არაფერი იცოდა ამის შესახებ.
- მე პირადად არ გეთანხმები, მაგრამ ვერც დაგაძალებ. არჩევანი შენ უნდა გააკეთო. - ლეილამ ეს ისე ცივად წარმოთქვა, როგორც არასდროს, მე კი მუდარით სავსე მზერა მივაპყარი და მისი ხელები ჩავბღუჯე.
- ძალიან გთხოვთ, ლეილა, ჩემში არაფერი შეცვლილა. ისევ ისე მიყვარს, როგორც მიყვარდა, უფრო ძალიანაც, მაგრამ რა ვქნა, არ შემიძლია…
- კი მაგრამ, რატომ? - მან შეამჩნია ჩემი მდგომარეობა და ალერსიანად მომხვია ხელი მხარზე, - კარგი, მეტად აღარაფერს შეგეკითხები. მაპატიე, ნაკა. ძალიან მინდოდა ჩვენს ოჯახს შემოერთებოდი, მისი ნაწილი გამხდარიყავი. ძალიან მომწონხარ და შენ ეს იცი. თქვენ თითქოს ერთმანეთისთვის ხართ შექმნილი, გული ასე მიგრძნობს, მაგრამ უფლება არა მაქვს, შენზე ზეწოლა მოვახდინო. ხანდახან, უბრალოდ, მავიწყდება, რომ ჯერ კიდევ ძალზე ახალგაზრდა ხარ.
თვალები დავაფახულე, რომ არ მეტირა.
- ამ თემას აღარ დავუბრუნდებით, ძვირფასო, მაგრამ თუ მეგობარი დაგჭირდა, ვისთვისაც გულის გადაშლა მოგინდება, იცოდე, შენ გვერდით ვარ!
- მადლობა.
"როგორ ყველაფერი რთულდება, - გავიფიქრე სასოწარკვეთილმა, - ნუთუ ეს ტანჯვა არასოდეს დამთავრდება?"
კარას გამგზავრების შემდეგ სიტუაცია გაუმჯობესდა, მაგრამ როცა ლუკასი შინ იყო, თითქოს ყველა ნემსებზე იჯდა. ის დღეში თითქმის ოც საათს მუშაობდა, სახლში მხოლოდ სადილის დროს ბრუნდებოდა, დაღლილი და თავის თავში ჩაკეტილი. სუფრსთან ჩუმად იჯდა, ხმას არ იღებდა. ამის გამო ყველა უხერხულობას განიცდიდა. მერე თავის კაბინეტში ავიდოდა საბუთებით სავსე ჩანთით და გათენებამდე მუშაობდა. როცა მის მოქუფრულ მზერას ვიჭერდი, ეგრევე ვკრთებოდი, ცახცახი ამიტანდა ხოლმე, თუმცა ეს იშვიათად ხდებოდა. მისგან ისეთი სიცივე მოდიოდა, ძარღვებში სისხლი მეყინებოდა. რაც კარა წავიდა, არ დამლაპარაკებია.
ერთხელ, დილით, როცა ქორწილამდე სულ რაღაც ერთი კვირა იყო დარჩენილი, მე, გიო და გვანცა მზით განათებულ ვერანდაზე ვსაუზმობდით. ლეილა თავს ცუდად გრძნობდა, ამიტომ ვარდოს სთხოვა, მისთვის საჭმელი ოთახში მიეტანა. ლუკასმა კი უთენია ისაუზმა, როგორც ვარდომ გვითხრა და ძაღლებთან ერთად გაისეირნა, სანამ მზე დააჭერდა. ძაღლები ცუდად იტანდნენ სიცხეს, ამიტომ ლუკასს ისინი დილაადრიან გაჰყავდა სასეირნოდ.
სამივე გემრიელად ვილუკმებოდით და გიოს მორიგ ისტორიაზე გულიანად ვიცინოდით. ამ დროს ჩემმა მომავალმა სიძემ შუბლზე მიირტყა ხელი და საცოლეს დამნაშავის სახით შეხედა.
- გვანცა, სულ დამავიწყდა შენთვის მეთქვა, რომ დღეს ძალიან გვიან დავბრუნდები. ასე რომ, უჩემოდ მოგიწევთ ვახშმობა.
- რატომ? - აღელდა ჩემი მეგობარი, - შენ ისედაც არასდროს ხარ სახლში.
- რა ვქნა, ასე გამოვიდა, - მშვიდად მიუგო გიომ, - სამაგიეროდ, ქორწილის შემდეგ ლუკასი მთელ თვეს მაძლევს დასასვენებლად. მერე კი, როცა ისევ შევუდგები მუშაობას, მაინც მარტოს მოგიწევს ყოფნა. ამას აქედანვე უნდა შეეგუო. თუ ბიძაჩემს არ მივეხმარები, ფული არ გვექნება. გასაგებია?
- ეს სულ სხვაა და შენც კარგად იცი, - არ დანებდა გვანცა, - მე ის არ მესმის, დღეს რატომ უნდა დააგვიანო.
- იმიტომ, რომ ქარხანაში მიღებაა დღეს, - ცოტა არ იყოს, გაუბედავად წარმოთქვა გეორგიოსმა, აშკარად გააცნობიერა, რომ მის თავქარიან საცოლეს ეს არ მოეწონებოდა, - ლუკასმა საკმაოდ დიდხანს იმუშავა ამერიკულ მხარესთან ერთ გარიგებაზე და მათ გეოლოგიური სამძებრო ექსპედიცია გამოგზავნეს. ამის გამო გადავწყვიტეთ, სტუმრებისთვის წვეულება მოგვეწყო, კოქტეილის საღამო. პარალელურად, ყველა თანამშრომელი მოგვეწვია თავიანთი ოჯახებით. ამერიკელებს უყვართ ასეთი რამეები, - ჩუმად დაასრულა მან.
ამის გაგონებაზე გვანცა ფეხზე წამოიჭრა და მისი ოქროსფერი თმა ცეცხლმოკიდებულივით აფრიალდა ჰაერში.
- აი, ნამდვილი ღორობა! მე რა, შენი ოჯახი არ ვარ? - დაიყვირა ანთებული თვალებით, - ნაკა ჩვენი ოჯახი არაა? რამდენი საქმე გააკეთა ჩვენი ქორწილისთვის. ის რომ არა, დედაშენი თავს ვერაფერს ვერ გაართმევდა! ჩვენ რატომღა არ გვეპატიჟები?
- თქვენ იმიტომ არ დაგპატიჟეთ, რომ მე გავაფრთხილე გეორგიოსი, ამის შესახებ არაფერი არ ეთქვა.
ყინულივით ხმამ სამივე ადგილს მიგვალურსმა. ლუკასი სწორედ იმწუთას შემოსულიყო ეზოში ბაღის კარიდან. მის დანახვაზე გული გამიჩერდა - პერანგის საყელო მოეღეღა და მხრებგაშლილი ზღვიდან ამოსულ პოსეიდონს ჰგავდა.
იგი ვერანდაზე ამოვიდა და თავისი ელვასავით მბრწყინავი თვალები გვანცას მიაპყრო, თუმცა ჩემი დაქალი დანებებას არ აპირებდა.
- რატომ? - გვანცამ თავი უკან გადააგდო. მის ხმაში შელახული თავმოყვარეობის ნოტებმა გაიჟღერა, - რატომ არ შეიძლება საღამოს მეც დავესწრო?
- ჩემთვის და გეორგიოსისთვის ეს სამსახურია და არა წვეულება. მას შენი ახირებებისა და კაპრიზებისთვის არ ექნება დრო.
ლუკასი აშკარად არ იყო კარგ განწყობაზე.
- სულაც არ მინდა გიომ მომხედოს და მემსახუროს. დიდი მადლობა! - ჯიუტად თავისაზე იდგა გვანცა, - მე თვითონ შემიძლია საკუთარი თავის მომსახურება!
- ამაში ერთი წუთითაც არ მეპარება ეჭვი. - ლუკასის ბოხი ხმა უკვე საშიშ ტონალობას იღებდა, ამიტომ გეორგიოსი წამოდგა.
- მოიცა ერთი წამით, ლუკას!
- რაც შეგეხება შენ, - მკვეთრად მიტრიალდა ლუკასი დისშვილისკენ, - გითხარი, ამაზე სიტყვაც არ დაძრა-მეთქი. არ შეგიძლია ის გააკეთო, რასაც გეტყვიან?
რეტდასხმული ჩავეჭიდე სკამის საზურგეს, როცა სამივენი ერთმანეთის პირისპირ საომრად შემართული მებრძოლებივით აფოფრილები დადგნენ. სკანდალი ისე სწრაფად მომწიფდა, რომ, უბრალოდ, ძალა წამერთვა. ვხვდებოდი მხოლოდ ერთ რამეს: ლუკასს არ სურდა, წვეულებაზე გვანცას მეც წავეყვანე.
- თუ იმის გეშინია, რომ გიოს ხელს შევუშლი სტუმრებთან საუბარში, პირობას გაძლევ, მთელი საღამო ახლოსაც არ გავეკარები, - გვანცა დარწმუნებული იყო, რომ საუკეთესო თავდაცვა თავდასხმა იყო, - ჩემთან ერთად ნაკა იქნება და ჩვენ უთქვენოდაც მშვენივრად გავერთობით. გიო, გთხოვ, რა, - იგი თავის საქმროს მუდარით სავსე მზერით მიუტრიალდა. - ამდენი ხანია გარეთ არ გავსულვარ, ძალიან მალე კი ლამაზი კაბების ჩაცმას ისედაც ვერ შევძლებ, - თქვა და ოდნავ გამობერილ მუცელზე დაიხედა.
გეორგიოსი ბიძამისს მიაჩერდა, მან კი ბერძნულად რაღაც ჩაილაპარაკა და ეჭვიც არ შემპარვია, რომ გვანცას მისამართით შეიგინა.
- არ დამიწყო ახლა თხოვნები, - ლუკასმა ბრაზიანი მზერა შეავლო დისშვილს, - ჩემზე ასეთი რამეები არ მოქმედებს. შენ კი, თუ მართლა გინდა წასვლა, მიბრძანდი, - მზერა გვანცაზე გადაიტანა, - მაგრამ არ გეგონოს, კარგად გაერთობი. გარდა ამისა, დაიმახსოვრე, რომ ბოლომდე მოგიწევს დარჩენა, თუნდაც ძალიან დაიღალო. - სათქმელი დაამთავრა, კიდევ ერთხელ შეავლო მზერა გეორგიოსს და გაგვშორდა…
ლუკასი კი გაგვეცალა, მაგრამ გვანცა ისე დაჯდა სკამზე, თითქოს არაფერი მომხდარა. უფრო მეტიც, ვუყურებდი ჩემი დაქალის კმაყოფილ სახეს და ვხვდებოდი, რომ თავს გამარჯვებულად თვლიდა. ბოლოს თვითონაც დაამტკიცა ეს.
- რას ვიზამთ. უფრო გალანტური მიწვევებიც მიმიღია, - გამომწვევად შენიშნა, - თუმცა ამასაც არა უშავს. - და მსუბუქი ჩაცინებით გამომხედა, შემდეგ კი მიამიტი სახით შებრუნდა გიოსკენ, რომელიც ჯერ კიდევ დაზაფრული გასცქეროდა მიმავალ ბიძას.
ცოტა არ იყოს, გვანცასი შემშურდა. მას უფრო ჭკვიანურად და მოხერხებულად გამოსდიოდა ლუკასთან ურთიერთობა, ვიდრე მე. თუმცა… შეიძლებოდა კი ამას ურთიერთობა რქმეოდა? ლუკასი ხომ ვერ იტანდა გვანცას, მხოლოდ იმიტომ ეკონტაქტებოდა, რომ სხვა გზა არ ჰქონდა, თორემ მისი ნება რომ ყოფილიყო, უყოყმანოდ გასვამდა გარეთ.
- ხომ წამოხვალ, ნაკა? - მოულოდნელად მკითხა მეგობარმა.
ჰმ… ახლაღა მკითხა, წავყვებოდი თუ არა, მანამ კი არც დაინტერესებულა ჩემი აზრით.
- მას შემდეგ, რაც მოხდა, არჩევანი აღარ მაქვს, - მშრალად მივუგე, თუმცა ღიმილის დამალვას დიდი გაჭირვებით ვცდილობდი. მეგონა, თვალებიც კი მიცინოდა, როცა მომხდარს ვიხსენებდი.
გვანცას უბრალოება აღფრთოვანებას მგვრიდა. აი, როგორ უნდა დაიცვა თავი და მოითხოვო ის, რაც გულით გსურს! მე კი არ მგავს, საწყალსა და უსუსურს, საკუთარი თავის დაცვა რომ არ შემიძლია! ხანდახან ვნანობდი, ამგვარი ნიჭით მეც რომ არ დამაჯილდოვა განგებამ…
მოგვიანებით ჩემი მწირი გარდერობი შევათვალიერე. უბრალოდ, არ ვიცოდი, ამგვარ წვეულებაზე რა უნდა ჩამეცვა. რა თქმა უნდა, მსგავს მიღებებზე ბევრჯერ ვყოფილვარ, უამრავი ჩასაცმელიც მქონდა, მაგრამ როცა საბერძნეთში მოვდიოდი, ნამდვილად არ მიფიქრია ჩემი ძვირად ღირებული კოსტიუმების წამოღებაზე. არ ვიცოდი, ასეთი დღეც თუ დამიდგებოდა. ბოლოს არჩევანი შავ კაბაზე შევაჩერე, რომელიც კარგა ხნის წინ ვიყიდე, მაგრამ მასში დღემდე კომფორტულად ვგრძნობდი თავს. შანელის პატარა შავი კაბა - ასე ვუწოდებდი, რადგან მართლა "შანელის" ბრენდის იყო. უკან, ზურგზე ღრმად იყო ჩაჭრილი და მთელ ჩემს ფიგურას ხაზს უსვამდა. არადა, ახლა სწორედ ასეთი მჭირდებოდა - თავდაჯერებული ლედის იმიჯი უნდა მქონოდა.
თმა ფენით გავისწორე, მაგრამ არ ავიწიე, გაშლილი დავტოვე. ერთხელ მაინც ხომ უნდა გამოვჩენილიყავი სადმე ჩემი თმის უბადლო სილამაზით? შეკრულს ან ცხენის კუდივით მაღლა აწეულს ისეთი პეწი არ ჰქონდა, როგორიც მხრებზე მსუბუქად დაყრილს. მის ფონზე ჩემი ცისფერი თვალები უფრო დიდრონი მოჩანდა. მაკიაჟი არ გამიკეთებია - ოდნავი რუჯი ისედაც ოქროსფერ ელფერს მატებდა ჩემს სახეს და ამაზე უკეთესი კოსმეტიკა რა იქნებოდა? მხოლოდ წამწამები ავიპრიხე ტუშით და კრემისფერი პომადა გადავისვი ტუჩებზე. ბოლოს შავი ღია ფეხსაცმელიც მოვირგე და კიბის საფეხურებს ჩავუყევი, თან ნერვიულად ვებღაუჭებოდი თითებით პრიალა მოაჯირს.
- ოჰო! როგორ გაზმანულხარ! მაგარ ფორმაში ხარ, ნაკა! - გვანცა აღტაცებული მომაჩერდა. ის დაბლა მელოდებოდა. ტანთ ლიმონისფერი კაბა ჩაეცვა და ამავე ფერის მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი. ძალზე მიმზიდველად გამოიყურებოდა. როცა მივუახლოვდი, დაუსტვინა კიდეც და თავისი მბრწყინავი ყავისფერი თვალები მომანათა.
- დღეს ფურორს მოახდენ, ბავშვო! - ასე პირველად მომმართა, რამაც გამაკვირვა, - თუ ამანაც ვერ აიძულა ლუკასი, ყურადღება მოგაქციოს, სხვა ვეღარაფერი აიძულებს.
- გვანცა! - გამაფრთხილებელი ტონით შევძახე და იმანაც ხელები გაშალა დანებების ნიშნად.
- კარგი, კარგი, არ მეჩხუბო. უბრალოდ, მისი არ მესმის. სხვათა შორის, არც შენი. რაში გჭირდება ეგ კაცი? ვერ ვხვდები, რა. პირადად მე ისე მაშინებს, ხანდახან მგონია, ბოლოს მომიღებს. საშინლად გულცივი და უხეშია. თან…
წინადადების დამთავრება არ ვაცალე, ისე მივტრიალდი და კიბეს მივაშურე. გადაწყვეტილი მქონდა, საძინებელში დავბრუნებულიყავი და მეგობარს აღარ გავყოლოდი, ისე გამომიყვანა მოთმინებიდან.
- გპირდები, გპირდები! პირობას გაძლევ, სიტყვასაც აღარ დავძრავ მასზე. ჩემი ცოდვილი ტუჩებიდან მის სახელს ვეღარ გაიგონებ, ოღონდ მარტო არ დამტოვო!
გამეცინა, ისეთი მუდარით მითხრა ეს სიტყვები და მოვლბი.
ტაქსი უკვე მოსულიყო და ჭიშკართან გველოდებოდა.
ცოტა დაგვაგვიანდა. როცა მივედით, წვეულება უკვე გახურებული დაგვხვდა. გეორგიოსი შემოგვეგება, სწრაფად წარუდგინა რამდენიმე სტუმარს ჩვენი თავი და ეგრევე აორთქლდა, ხალხის ნაკადს შეერია. მარტოდმარტო შევრჩით ერთმანეთს შუა მოედანზე. ცოტა არ იყოს, დავიბენით. ისევ გვანცამ იმარჯვა. მოახლოებულ ოფიციანტს გაუღიმა და სინიდან ორი ბოკალი შამპანური "აწაპნა". ირგვლივ ინტერესით მომოვიხედე. კარგა ბლომად ადამიანს მოეყარა თავი, სამოცამდე მაინც იქნებოდნენ. მათ შორის ბავშვებიც იყვნენ, ყველანი კარგად ჩაცმულნი და მოვლილნი. რატომ გადაწყვიტეს მიღების ღია ცის ქვეშ გამართვა? ეს კითხვა იმდენად მაწვალებდა, გვანცასაც გავუზიარე.
- ალბათ, ამასაც თავისი მუღამი აქვს. - საქმეში ღრმად ჩახედული ქალივით მომიგო, - უფრო ინტიმური ატმოსფეროა. ზემოთ ვარსკვლავებით მოჭედილი ცა, თეთრი მთვარე, ქვემოთ კი ელიტური საზოგადოება მთელი თავისი ბრწყინვალებით.
მართალია, უკვე ღამე იყო, მაგრამ ირგვლივ იმდენი ნათურა ბრდღვიალებდა, სინათლის ნაკლებობას ვერავინ დაიჩივლებდა.
მოულოდნელად გვანცამ ვიღაც ორსული გოგო გააჩერა და ინგლისურად გაუბა საუბარი. მე განცალკევებით ვიდექი და ფიქრებით სულ სხვაგან ვიყავი. არ იყო ეს წვეულება საჩემო. ვერასდროს ვგრძნობდი უცხო საზოგადოებაში თავს კომფორტულად.
- ოი, ოი, ნუთუ ეს ნაკაა? - მომესმა მოულოდნელად თითქოს ნაცნობი ხმა, მაგრამ სანამ შევხედავდი, ამ სიტყვების წარმომთქმელი ვინ იყო, ვერაფრით გავიხსენე, ვის ხმას მაგონებდა. შუა საბერძნეთში ნაცნობს თუ გადავაწყდებოდი, ნამდვილად არ მოველოდი. თანაც ინგლისურად მოსაუბრეს? ეს დაუჯერებელი იყო.
შევბრუნდი და მაღალ ქერათმიან მამაკაცს მივაჩერდი. გაოგნებულმა სიხარულით ვიყვირე:
- მაიკლ!
ჰო, ეს მაიკლი იყო, ბაიერი, ამერიკის შეერთებული შტატებიდან. მას წელიწადში ორჯერ იწვევდა ჩვენებებზე ლალი. ერთმანეთთან დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებდათ. მეც ერთ-ერთ ჩვენებაზე გავიცანი უკრაინაში და მას მერე ვახლობლობდით. კარგი ბიჭი იყო, ხალასი იუმორით გამოირჩეოდა.
მაიკლმა გამიღიმა, ხელში ამიტაცა და დამატრიალა, რამაც უხერხულ მდგომარეობაში ჩამაგდო ამ უცხო საზოგადოებაში, მაგრამ ამერიკელისგან რა გასაკვირი იყო ამგვარი საქციელი?
- დამსვი, მაიკლ, აქ არც ამერიკაა, არც უკრაინა და არც საქართველო. სწორად ვერ გაიგებენ, - შეშინებულმა ვთხოვე და იმანაც მიწაზე დამაბრუნა.
- აქ საიდან გაჩნდი? არ ველოდი, ამ ხალხში თუ გნახავდი, არ მითხრა, რომ ლალიც აქაა, - და დაბნეულმა ირგვლივ მიმოიხედა.
- არა, არა, ლალი აქ არაა. მე და გვანცა ვართ. გვანცა ხომ გახსოვს? მოდელი.
- ყველაზე ჭირვეული და თავმომწონე გოგო? როგორ არ მახსოვს, ან კი რა დამავიწყებს. როგორც ვიცი, გამოუშვეს იქიდან… სად იყო? მგონი, იტალიაში, არა?
- ჰო, იტალიაში, მაგრამ იქ ერთი ბიჭი გაიცნო და შეუყვარდა. გეორგიოსს იცნობ?
- კი, როგორ არა. სწორედ მისი ბიძის მოწვევით ვართ აქ მე და ჩემი ძმა. მათ საერთო ბიზნესი აქვთ, უფრო სწორად, ახლა იწყებენ. კონტრაქტი უკვე გააფორმეს.
- გასაგებია. ჰოდა, გვანცა გეორგიოსს მიჰყვება ცოლად. ქორწილი სულ მალე იქნება, რამდენიმე დღეში. მერე კი ისევ საქართველოში დავბრუნდები. ასე რომ, რაღაც შვებულებისმაგვარი გამომივიდა. თუმცა… იცი? ლალის სააგენტოდან წამოვედი.
- რას ამბობ! რატომ? რამეზე ვერ შეთანხმდით? გაწყენინა?
- არა, არა, მსგავსი არაფერი. უბრალოდ, ჩემთვის ძალზე დამღლელი სამუშაო იყო და აღარ მინდოდა. კარიერულად ვერ ვიზრდებოდი, გესმის? რაღაც ახალი მინდა. ცოტას დავისვენებ და მერე ახალი სამსახურის ძებნას შევუდგები.
- თან ცუდია და თან კარგი. საწყენია, რომ, როცა ჩვენებებზე მიმიპატიჟებს ლალი, შენ ვეღარ გნახავ.
- არა უშავს, შეიძლება ლალიმ მეც დამპატიჟოს ხოლმე და მაინც შევხვდეთ. რა პრობლემაა?
ორივეს გულიანად გაგვეცინა.
- მიხარია გვანცას ამბავი. გეორგიოსი კარგი ბიჭია. იმედია, გვანცა იმედებს არ გაუცრუებს.
- იმედია, - მივუგე და იმედიანად გავუღიმე.
- რატომ არ ვიცოდი, აქ თუ შეგხვდებოდი? - სინანული გაერია ხმაში მაიკლს, - ჩვენ ხვალ უკვე მივფრინავთ.
- საწყენია. მეც რომ მცოდნოდა, აქ იყავი, გნახავდი, - უმოწყალოდ ვიცრუე. რომც მცოდნოდა, მაინც ვერ გავბედავდი მასთან შეხვედრას ლუკასის შიშით, მაგრამ ახლა ასე უნდა მეთქვა. ამ უკომპლექსო, სასიამოვნო უკომპლექსო ახალგაზრდას გულს ვერ დავწყვეტდი კომპლექსიანი ლუკასის გამო.
მასთან შეხვედრამ ბალზამივით იმოქმედა ჩემზე, გულზე მომელამუნა. მომნატრებია თურმე ადამიანური ურთიერთობები, რაც ასე დამაკლდა აქ ყოფნის პერიოდში. ლუკასის ხელში ხომ ნამდვილ ტყვედ ვგრძნობდი თავს.
- შენ ყოველთვის მომწონდი, ხომ იცი, - ხმადაბლა გამანდო საიდუმლო მაიკლმა, - მაგრამ თავი ჩემგან სულ შორს გეჭირა. ახლა რომ გთხოვო, ერთხელ მაინც შემხვდი-მეთქი, რას იტყვი? ისევ უარით გამისტუმრებ?
- მაიკლ, რას მეუბნები, გესმის მაინც? ჩვენ ხომ ვილაპარაკეთ ადრე ამაზე და შევთანხმდით, მეგობრებად დავრჩენილიყავით. რატომ იწყებ ისევ თავიდან?
- რა ვქნა, შენისთანა ლამაზ გოგოს გულგრილად როგორ ვუყურო? თვალს ვერ გაშორებ, ისეთი ლამაზი ხარ. აი, გაიხედე, ვინმე თუა აქ შენზე უკეთესი? ბრწყინავ!
სევდანარევი ღიმილით ავხედე და საჩვენებელი თითი ტუჩებზე დავადე გაჩუმების ნიშნად.
- მოდი, ყველაფერს თავიდან ნუ დავიწყებთ, - რბილად ვუთხარი, თან სინანულმა შემიპყრო, რომ მისი შეყვარება არ შემეძლო, რომ მის ნაცვლად ჩემი გული ისეთ ადამიანს მივუძღვენი, ვინც ლამის ყოველდღე ფეხებით მთელავდა.
გაგრძელება იქნება