ქალი ალუბლისფერი ბაღიდან - დასასრული - Marao

ქალი ალუბლისფერი ბაღიდან - დასასრული

2022-05-14 09:04:15+04:00


წინა თავი

მეორე დილით მიშა და მაია ორივე ერთად დამადგა თავს, ხელში ვიდეოკამერა ეჭირათ. თაბახზე დაბეჭდილი ტექსტი მომაჩეჩეს, ხმამაღლა წაიკითხე, თან კამერას უყურეო. სასოწარკვეთილი სახე მქონდა. მორჩილად შევასრულე მათი ბრძანება.

_ საყვარელო, ძალიან, ძალიან მიყვარხარ და გთხოვ, გააკეთო, რასაც გთხოვენ, იმიტომ, რომ საშინლად ცუდად ვარ, ვკვდები… _ ბოლოს ეს სიტყვები უნდა მეთქვა და ვთქვი კიდეც.

გადაღებას მორჩნენ. მე პროტესტის გამოთქმა ვცადე.

_ ტყუილად ცდილობ, მიშა, მაინც არაფერი გამოგივათ. გურამი ერთ ცენტსაც არ გადაიხდის. მან ამის შესახებ ერთხელ უკვე მიმანიშნა.

_ მომისმინე, გოგონი, თუ არ გადაიხდის, ხომ იცი, რაც მოგელის? ცოცხალი ვერ გააღწევ აქედან. გასაგებია?

_ აქედან ცოცხალი მაინც ვერ გავაღწევ, რომც გადაიხადოს. კარგად გიცნობთ და ვიცი, რაც გაქვთ ჩაფიქრებული, _ მივახალე გაცოფებულმა ორივეს.

_ ჰოდა, თუ ჭკვიანად მოიქცევით შენ და შენი ვითომ ქმარი, გადარჩები, თუ არადა, ბოსელში გამოგამწყვდევთ და ცეცხლს წაგიკიდებთ. რომც გადარჩე, ისე დასახიჩრდები, თავადაც ვერ იცნობ საკუთარ თავს, _ ზიზღით გამოსცრა მაიამ, მიშას ხელი ჩაჰკიდა და ისევ ბნელ ოთახში გამომკეტეს.

<div>***</div>
ამასობაში ორი კვირა გავიდა. მე მხოლოდ გათენებას და დაღამებას ვხედავდი დაგმანული ფანჯრების ჭუჭრუტანიდან და ამით ვიმახსოვრებდი, რამდენი დღე დავყავი ტყვეობაში. არც კი შემოდიოდნენ ოთახში, კარს გამოაღებდნენ, ჯამით საჭმელს შემოდგამდნენ და ისევ მკეტავდნენ. არავინ ხმას არ მცემდა, არც არაფერს მეუბნებოდნენ. ალბათ გურამის პასუხს ელოდნენ, იმიტომაც არ მეკარებოდნენ სიახლოვეს. ძალა თანდათან მელეოდა, მათი მოტანილი საჭმელი არ მყოფნიდა, ამასაც იმიტომ მაძლევდნენ, რომ შიმშილით სული არ ამომძრობოდა.

ამასობაში დავძაბუნდი, გონება მებინდებოდა შიგადაშიგ. ერთ საღამოსაც, ის იყო, ძილბურანში ვიყავი, რომ კარი ფართოდ გაიღო და ოთახში ანთებული სანთლით ხელში ვატო შემოვიდა, მეორე ხელში უზარმაზარი ჩემოდანი ეჭირა. თან გამიხარდა მისი ნახვა, თან შემეშინდა. გამიხარდა იმიტომ, რომ მივხვდი, მომნატრებოდა, მაგრამ შემეშინდა, რადგან ფხიზელი იყო. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ ჩემთვის ოპერაციის გაკეთება ჰქონდა გადაწყვეტილი. ჩემს დამახინჯებას შეუდგებოდა, ეს კი კატასროფა იქნებოდა.

_ ასე ძალიან ნუ შეშინდი, პატარავ, _ დამიყვავა მან და შორიახლოს ჩამოჯდა, თან გულგრილად შეუდგა ჩემს დათვალიერებას, _ შენ უბრალოდ, შეგეძლო დაგერეკა ჩემთვის და გეთქვა, რომ ჩვენი საქორწინო კონტრაქტი გაწყვიტე. «საყვარელო, მე სხვა შემიყვარდა, შენ ხომ იცი, რას ნიშნავს ნამდვილი სიყვარული», _ აი, ეს სიტყვები უნდა გეთქვა და მე ყველაფერს გაგიგებდი. საბოლოო ჯამში მეგობრებად დავრჩებოდით.

ხმას არ ვიღებდი. არაფრის თავი არ მქონდა. ის ცივი გამომეტყველებით მადევნებდა თვალს.

_ უნდა გამიგო, ამას მე შენი და ჩემი გულისთვის ვაკეთებ. მე იზაც გავალამაზე შენსავით, ისიც ბედნიერი გავხადე, მაგრამ ბოლოს მიღალატა, მიმატოვა და სხვაზე გამცვალა. შენ გაგაბედნიერე და შენც მიმატოვე, სხვაში გამცვალე. და ახლა თუ არ დაგსაჯე შენც ისე, როგორც იზა დავსაჯე, მესამე ცდაზეც იგივე დამემართება. ისევ მიმატოვებენ და სხვაში გამცვლიან. ხომ გესმის?

_ იზას რა უქენი? _ ვცდილობდი, თავი ხელში ამეყვანა.

_ ჩათვალე, რომ არაფერი, _ ნაღვლიანად გაიღიმა ვატომ.

_ როგორ არაფერი?

_ ისე. ის დღეს ისეთივე ქალია, როგორიც წლების წინ იყო. ასე რომ, განსაკუთრებული არაფერი გამიკეთებია. მე მას წარსული დავუბრუნე.

_ ოპერაცია გაუკეთე?

_ ჰო, მინუს-ოპერაცია გავუკეთე.

_ მერედა, იცი, ამისთვის რა მოგელის? შენ იზა ვიღაც ხომ არ გგონია, ის ცნობილი ქალია, გავლენიანი. ოლიგარქი საყვარელი ჰყავს. ამას არ გაპატიებენ, მოგძებნიან და დაგიჭერენ, გაგასამართლებენ და სამუდამო პატიმრობას მოგისჯიან.

_ ეგ არაფერია, _ ხელი ჩაიქნია ქირურგმა, _ შენ რომ დაგიბრუნებ ძველ სახეს, ანუ მინუს-ოპერაციას გაგიკეთებ, მერე ჩემს თავს მივხედავ, სახეს მეც შევიცვლი და რობერტ დე ნიროს დავემსგავსები. ვატოს მაგივრად სხვას ხომ არ დაიჭერენ? საყოველთაოდ ცნობილ მსახიობს ხომ არ მიუსჯიან სამუდამო პატიმრობას?

ერთხანს სიჩუმე ჩამოვარდა. გამალებული ვფიქრობდი, რა მეთქვა, რომ მისი გული მომელბო.

_ ვატო, საყვარელო, ჩვენ შეგვიძლია მოვილაპარაკოთ… _ დავიწყე ბოლოს.

_ მოვილაპარაკოთ? შენ ჩემთან მოლაპარაკება გინდა? კი მაგრამ, როგორ? მე ხომ მანიაკი ვარ, მანიაკთან კი მოლაპარაკება არ გადის, _ თქვა მან და საზარლად გადაიხარხარა.

შიშმა ამიტანა. ოპერაციას ვინ ჩივის, ყელი არ გამომჭრას! გამიელვა გონებაში.

_ შენ ხომ მე გიყვარდი, _ მაინც შევაპარე.

_ კი, მიყვარდი, _ ამის თქმაზე ტუჩები აუკანკალდა, _ მაგრამ გადამიყვარდი. მძულხარ. შენი სიყვარული გულგრილობაში გადამეზარდა, ისევე, როგორც შენ. შენც ხომ შემიძულე? ხომ გამცვალე იმ ფულის ტომარაში? და იცი, რატომ მოხდა ეს? სულ უბრალო მიზეზის გამო. მე შენ ნამდვილად მიყვარდი, მთელი სულით და გულით მიყვარდი, შენ კი მხოლოდ თბებოდი ჩემ გვერდით, უბრალოდ, თბებოდი და მეტი არაფერი! იმ მომენტში კაცი გინდოდა და მორჩა! შენ ჩემი სითბოთი სარგებლობდი, როგორც ცივსისხლიანი ქვეწარმავალი, როგორც გველი.

_ ვატო, არ გინდა, გთხოვ! შემომხედე, კარგად შემომხედე. ხედავ, რა ლამაზი ვარ? ეს შენი დამსახურებაა. შენ გიყვარდი, მაღმერთებდი. მეც მიყვარდი, ახლაც მიყვარხარ. მე ყველაფერი მახსოვს, ყველაფერი გამახსენდა. დავივიწყოთ წარსული და გავიქცეთ აქედან.

ქირურგი დუმდა. ტუჩები ისევ უკანკალებდა.

_ და საერთოდ, არ ხარ მართალი. მე შენ არ შემძულებიხარ, ისევ ისე მიყვარხარ. უბრალოდ, ცდუნებამ მძლია. სიმდიდრეს დავხარბდი, მაგრამ მალევე მივხვდი, რომ ეს ყველაფერი არაფრად მიღირდა. შენთან მინდოდა ვყოფილიყავი და ამიტომაც გამოვიქეცი. ის უნიათო კაცია, ერთადერთი ფული აქვს, სხვა არაფრით მიგიზიდავს. მე მხოლოდ შენ მიყვარხარ, მხოლოდ შენთან მინდა ყოფნა, ამას მივხვდი და ამიტომაც ვარ აქ, შენ გვერდით, დამიჯერე, გთხოვ, საყვარელო.

_ ვერ მომთაფლავ, მატყუარავ! იმას მიიღებ, რაც დაიმსახურე! რამდენი რამ გადავიტანე შენს ძებნაში, რამდენი დამცირება შემხვდა, ხომ არ იცი, ვერც წარმოიდგენ. ახკა კი, მორჩი ლაპარაკს და მოემზადე! _ და განრისხებული ზეზე წამოიჭრა.

მივხვდი, რომ მას გულს ვერაფრით მოვულბობდი და უკანასკნელი ძალებიც წამერთვა.

***

ტუჩები ამიკანკალდა.

_ შენ ხომ გაქვს გასაღები, მითხარი, ხომ გაქვს, მოდი, გავიქცეთ, სადაც გინდა, თუნდაც ჩვენთან, სახლში, თუ გინდა, სხვაგან… _ ცრემლები წამსკდა.

ვატო მოულოდნელად დამშვიდდა, სახე ახლოს მომიტანა, მხრებში ჩამავლო ხელი და ნელა ალაპარაკდა, თან ისე მიყურებდა, როგორც ოდესღაც, როცა ერთად ვიყავით.

_ გავიქცეთ? შენ ეს გინდა? კარგად მოგიფიქრებია! ჰო, გავიქცევით, მე ფული მაქვს, ძალიან ბევრი მაქვს, იზამ მომცა, ძველმა საყვარელმა. ჩვენ გავიქცევით, მაგრამ მხოლოდ ოპერაციის შემდეგ. უკვე გავძეხი შენი გამაოგნებელი სილამაზით, თანაც იმდენად, რომ ყელში ამომივიდა, აღარ მჭირდება. მე შენ ისეთი მინდიხარ, როგორიც ადრე იყავი. ისეთი ელენე მინდა, რომელიც მთელი გულით მიყვარდა. ხშირად ვიხსენებ მას, მის ფაქიზ სულს. ის რაღაცით მე მგავს თითქოს. ჰო, მგავს. მე მასთან ერთად გამომივა ცხოვრება _ აწყობილი, მშვიდი, ყოველგვარი შიშის გარეშე. რაღაც არ მყოფნის ამქვეყნად, მასაც არ ჰყოფნის რაღაც, ამიტომ შევაერთებთ იმ სამყოფ ორ ნახევარს და ერთი მთლიანი გამოვა. სხვებივით ჩვენც ვიქნებით ბედნიერები და მთელ ცხოვრებას ისე გავლევთ, როგორც ერთი ადამიანი და ერთ დღეს მოვკვდებით.

მისმა ბოლო სიტყვებმა ჩამაფიქრა. ბოლოს და ბოლოს, სიცოცხლეს და სიყვარულს მთავაზობენ. ვატო მთავაზობს. მაია და მისი დამქაშები კი სასიკვდილოდ მწირავენ. ცუდია, რომ ჩემს სილამაზეს უნდა დავემშვიდობო, მაგრამ, სამაგიეროდ, ცოცხალი დავრჩები. ეს კი ცოტას არ ნიშნავს. რაც იქნება, იქნება.

_ იქნებ… ფეხები მაინც დამიტოვო და არ შეეხო? _ საწყალობლად შევხედე.

კატეგორიულად გადააქნია თავი.

_ რაღაც მაინც დამიტოვე, რა მოხდება?

_ არავითარ შემთხვევაში, ამას არ იმსახურებ, _ ცივად მითხრა და ხელი შემიშვა.

ბოროტად გაიცინა. მე კი საშინელმა აზრებმა მომიცვა. ის ხომ ქირურგია! ჯანდაბას! ის ხომ ქირურგია, რომელსაც გაჭრის გარეშე არ შეუძლია! და მას მე ვუყვარვარ! გავყვები ცოლად, ვიქნები ნაზი და მოსიყვარულე მეუღლე, გავუჩენ შვილებს, მერე კი, როცა ეს ყველაფერი დაავიწყდება და ერთმანეთს ტკბილად შევეწყობით, ვთხოვ და ისევ გამიკეთებს ოპერაციას, კვლავ დამიბრუნებს იმას, რაც ახლა უნდა წამართვას. მას მერეც შეუძლია მზეთუნახავი გამხადოს. სულ სხვანაირი, უფრო ლამაზი, უფრო სასურველი! და ისევ გამიჩნდება ახალი ცხოვრების შანსი, ისევ გამოჩნდებიან სხვა ადამიანები იმ ახალ ცხოვრებაში, მაგრამ… ვატოს არასდროს მივატოვებ.

სახეზე ღიმილი გამომეხატა. სინათლე რომ ყოფილიყო, ვატო შეამჩნევდა ამას.

_ იცი, რა, საყვარელო! _ ნაზი ხმით დავიწყე, _ გახსოვს, რომ მეუბნებოდი, ადამიანურ პრობლემებს სხვა თვალით უნდა შეხედო, სხვა სიტყვებით უნდა გადმოსცე და ის გაქრებაო? სწორედ სხვა სიტყვებით მინდა გადმოგცე ჩემი სიტუაცია. გთხოვ, მომისმინო.

რამდენიმე წუთით პაუზა გავაკეთე, მის თანხმობას ველოდებოდი, მაგრამ რომ არაფერი თქვა, გავაგრძელე.

_ მე შტერს თავბრუ დამახვია სიმდიდრემ და სისულელე ჩავიდინე. თუმცა ახლა ვხვდები, რომ არც ისეთი შტერი ვარ, რადგან მივხვდი, რომ შენ მართალი ხარ, ერთი კარგი გალაწუნება არ მაწყენდა. და კიდევ იმას მივხვდი, რომ მიყვარხარ, ყველა სხვა მამაკაცი ჩემ გარშემო მხოლოდ არარაობაა და მეტი არაფერი. მართლა მიყვარხარ და ვიცი, რომ შენც გიყვარვარ, ამიტომაც ბოლომდე გენდობი, გააკეთე, რაც გინდა, თანახმა ვარ, მე შენი ვარ, სამუდამოდ შენი, ოღონდ…. ფეხებს არ შეეხო, გემუდარები.

ნახევარი წუთის განმავლობაში უნდობლად შემომყურებდა. შემდეგ ხელი აიქნია.

_ ვნახოთ, რა ხასიათზე ვიქნები, ჯერ დავიწყო! სიმართლე გითხრა, ძალიანაც არ მინდა შენს ფეხებს და კბილებს თავიდან შევეჭიდო, იმიტომ, რომ ეს ყველაზე ძნელი შესაცვლელი იქნება, მაგრამ… ვნახოთ, დავიწყებ და მერე გამოჩნდება.

ამის თქმა და წამოდგა, ჩემოდანი მაგიდაზე შემოდგა, გახსნა და იარაღების ამოლაგებას შეუდგა. მერე ერთი სკალპელი აიღო, სახესთან ახლოს მომიტანა და სიამოვნებით დაუწყო ცქერა, თითქოს ძვირფასი ნივთი ყოფილიყო.

_ იქნებ ჯერ შევრიგებულიყავით? _ ხელი ხელზე ალერსიანად შევავლე, მაინც მქონდა იმედი, რომ გადავაფიქრებინებდი.

მოულოდნელად ისე დამაცქერდა, თითქოს რაღაცას იხსენებსო.

_ ყელზე ხალი რომელ მხარეს გქონდა, გამახსენე ერთი, რაღაც მიმტყუნა მეხსიერებამ, _ გესლიანად წარმოთქვა.

_ მარცხენა მხარეს, _ ჩურჩულით ამოვთქვი, _ შენ რა, ხალიც უნდა აღმიდგინო?

_ ჰო, _ გესლიანად ჩაიცინა, _ ისე საზიზღრად მოჩანდა ის ხალი შენს ყელზე, ისე გაუშნოებდა, აუცილებლად უნდა აღვადგინო.

_ რა სისულელეა, ხალის აღდგენა შეუძლებელია! როგორ იზამ ამას?

_ მე ყველაფერი შემიძლია, შენ არ მიცნობ. დაწექი მაგიდაზე! _ მიბრძანა.

უსიტყვოდ შევასრულე მისი მოთხოვნა. რამდენიმე აბი მომაწოდა და დამალევინა. შეგრძნების უნარი დავკარგე. ახლა არც ტკივილს ვგრძნობდი და არც ვატოს შეხებას. კარგ ხასიათზე იყო, შიგადაშიგ წაუღიღინებდა ხოლმე. მე კი ვიწექი გაუნძრევლად და ველოდებოდი. ოპერაცია დიდხანს, ძალიან დიდხანს გაგრძელდა.

როცა სახის გადაკეთებას მორჩა, ჩაქუჩი აიღო და თავზე დამადგა. მივხვდი, ცხვირის ძვლის გატეხვას აპირებდა. ის იყო, ჩაქუჩი აღმართა და უნდა დაერტყა, რომ ხელი ჰაერში გაუშეშდა. არ დამარტყა… ვერ შეძლო… მას არც არასდროს შეეძლო დაერტყა ქალისთვის.

_ ამას კი აუცილებლად დავტოვებ, გქონდეს ასეთი ცხვირი… ჩემგან სახსოვრად, _ ნიშნისმოგებით მითხრა და ჩაქუჩი ჩემოდანში ჩააბრუნა. კარგ ხანს იჩხრიკებოდა თავის იარაღებში, ბოლოს ხერხი გამოაძვრინა. ტანში დამბურძგლა, ის ჩემი სხეულის გადაკეთებას აპირებდა. თუმცა…

კარგა ხანს იჯდა გაუნძრევლად, კედელს მიშტერებოდა. არ ვიცი, რას ფიქრობდა, მაგრამ მომეჩვენა, რომ ნანობდა იმას, რაც გააკეთა და იმასაც, რასაც ცოტა ხნის შემდეგ აპირებდა. მერე ნელა შეირხა, მძიმედ წამოდგა და ჩემკენ გამოემართა.

_ ეს დალიე! _ მითხრა და მსხვილი, ვარდისფერი აბები მომაწოდა.

თავი წამოვწიე და პირი გავაღე. წამალი ენის წვერზე დამადო. გადავყლაპე, ტკბილი იყო. ვატო არ ჩქარობდა, იდგა ჩემ წინ და ჯიუტად დამცქეროდა. მერე… მერე თვალები თავისით დამეხუჭა, გონება დამებინდა და გავითიშე…

***

რომ გამეღვიძა, ქირურგი იმავე პოზაში დამხვდა, იმ განსხვავებით, რომ ხელში სარკე ეჭირა და მე მიმარჯვებდა, რომ ჩამეხედა. შიშმა ამიტანა, გაფართოებული თვალებით მივაშტერდი ჩემს ორეულს. ვატოს ცხვირისთვის ხელი არ ეხლო, სახე დაბინტული მქონდა, მხოლოდ თვალები მომიჩანდა. ფეხების ამოძრავება ვცადე, მაგრამ ისინი რუმბებივით მძიმე და უძრავი მომეჩვენა. ეს ნამდვილი კატასტროფა იყო. საზიზღარი, ბოროტი, ვერაგი! მაინც არ დამინდო და ფეხებიც გამიფუჭა. ჩემმა ყვირილმა მევე გამაოცა, ისეთი ხმა აღმომხდა ყელიდან.

_ მათხოვარო! უგულოვ! ხომ გთხოვე, ფეხებს ხელი არ ახლო-მეთქი, დამპალო! _ განწირული ხმით ვყვიროდი.

მას ჩემთვის ყურადღება არ მოუქცევია, იარაღების ჩემოდანში მშვიდად ჩალაგებას შეუდგა. ბოლოს წამოდგა, მომიახლოვდა და ღიმილით ამათვალიერა.

_მინუს-ოპერაცია წარმატებით ჩატარდა, ყველაფერი დამთავრებულია, კარგ დროს ტარებას გისურვებ, საყვარელო, _ თქვა, ალმაცერად მომხედა, ხელი დამიქნია და ოთახიდან გავიდა. წამოწევა ვცადე, მაგრამ მივხვდი, რომ მაგიდაზე ვიყავი დაბმული, ძალიანაც რომ მდომებოდა, ვერ ავდგებოდი.

ამ დროს კარი გაიღო და მაია შემოვიდა.

_ რა სამწუხაროა, რომ ლამაზი ვერ მოკვდები. ისეთივე ჩაძაღლდები, როგორიც დაიბადე. ცუდია, არა? ვისი ბრალია, მერე? არ უნდა გაჯიუტებულიყავი. უნდა მოგესმინა ჩემთვის, შეგესრულებინა ჩემი მოთხოვნა და გიპროტექტორებდი ქირურგთან. ისიც არ გაგიმეტებდა.

_ ნამდვილი მელა ხარ, ცბიერი მელა! _ ვუყვირე გამწარებულმა.

_ ჰო, მელა ვარ, გეთანხმები და მე ეს მომწონს, ჩემს კაცებსაც მოსწონს, ყველას, ვისთანაც კი ურთიერთობა მქონია.

_ სად წავიდა ვატო? რატომ დამტოვა? რატომ არ შემოდის ოთახში?

_ იმიტომ, რომ შენი შეხედვის ეშინია.

_ რას ნიშნავს, ეშინია?

_ იმას, რომ შენნაირი მახინჯის შეხედვა არ უნდა, გაიგე? გეგონა, თუ ძველ იერს დაგიბრუნებდა, კისერზე შემოგახტებოდა და ცოლად შეგირთავდა? რა სულელი დედაკაცი ხარ… _ ტუჩები დაბრიცა მაიამ.

_ არ მჯერა, _ ცივმა ოფლმა დამასხა.

_ ნუ დაიჯერებ… ცოტა ხნის წინ მასაც შენსავით პიროვნების გაორება დაემართა. მისი სულის ერთ ნაწილს შენთან უნდოდა ყოფნა და ძველი სილამაზის შენარჩუნება, მეორეს კი შენი დამახინჯება და მიტოვება. ჰოდა, აი, მეორემ სძლია.

_ მგონი, შენც მოგწონს იგი, რაღაც ასე ვატყობ, _ ზიზღით შევხედე.

_ მერე რა? რას ხედავ ამაში საგანგაშოს? მომწონს და არც ვმალავ. მალე მეც გამიკეთებს ოპერაციას, ათჯერ უფრო ლამაზს გამხდის, ვიდრე შენ იყავი. აი, მაშინ კი ვერც ერთი ქალი ვერ დამიდგება წინ, ყველა მამაკაცი ჩემს ფეხებთან დაეცემა, _ მაია ოცნებებში გადავარდა.

_ ჩემი ქმარი მალე მოგაგნებს და მოგკლავს, _ დავემუქრე.

_ შენი ქმარი? მომკლავს? მე-ე? რას როშავ! დაგავიწყდა, რა გითხრა შენმა ძვირფასმა ქმარუკამ, სანამ სახლიდან გამოხვიდოდი?

_ მერე რა, რომ მითხრა? დარწმუნებული ვარ, უკვე მეძებს.

მაია ჩაფიქრდა, მერე კი თქვა.

_ შენ მართალი ხარ. ალბათ გეძებს კიდეც და იცი, რატომ? _ გამარჯვებულის კილოთი მკითხა.

_ რატომ?

_ იმიტომ, რომ მას ლამაზი ქალები უყვარს, იმიტომაც გადაირია შენზე. გინდა გითხრა, რა მოხდება ცოტა ხანში?

_ რა?

_ შენს მაგივრად მე შევრჩები ხელში _ შენზე ლამაზი და მოხდენილი.

_ ვერ ეღირსები!

მაიამ გადაიხარხარა.

_ როგორ შეგეშინდა, არა? ეჰ, ჩემო ელენუკა, ეს სულ ფუჭი ოცნებებია. არ იხდის შენი ქმარი ფულს, ჩემო კარგო. ასე შემოგვითვალა, უტვინო ქალის გამო ერთი თეთრითაც არ დავზარალდებიო.

_ რა სისულელეა! არ მჯერა!

_ ნუ დაიჯერებ, რა. ფაქტი ფაქტად რჩება.

_ მომეცი საშუალება, თვითონ დაველაპარაკო.

_ არა, არ გამოვა. შენ მას ცუდად იცნობ. ის იმიტომაც არის მდიდარი, რომ სისულელეებს არ სჩადის.

_ აბა მე რა მეშველება, რას მიპირებთ?

_ შენ? შენ… როგორ გითხრა, ოცდაერთ დეკემბრამდე დაგიცდით და თუ შენი ყეყეჩი ქმარი ფულს არ გადაიხდის, ყელს გამოგჭრით და ხრამში გადაგაგდებთ, _ თქვა და სიცლით გავიდა ოთახიდან.

***

მაია ყოველდღე შემოდიოდა ჩემთან, საჭმელი იმდენი შემოჰქონდა, მშიერი რომ არ მოვმკვდარიყავი, თან სახვევებს მიცვლიდა. როცა ჩემს სახე შეხედავდა, კმაყოფილების ღიმილი გადაეფინებოდა სახეზე. ქირურგი არსად ჩანდა, არც არაფერს მეუბნებოდნენ მასზე. ნერვიულობისგან ჩამოვხმი, ლანდი გამდიოდა უკვე, საკუთარი ძვლების დათვლა შემეძლო. ძალიან მაინტერესებდა ჩემი ფეხების ნახვა, მაგრამ დაბმული ვიყავი, ვერ ვინძრეოდი, ადგომის საშუალებას კი არ მაძლევდნენ. ტუალეტიც კი იქვე მომიწყვეს, ადგილზე. მთელ დღეებს ტირილში ვატარებდი, ბოლოს ცრემლიც გამიშრა.

ერთ საღამოსაც, კარი მოულოდნელად გაიღო და ოთახში ვატო შემოვიდა.

_ აი მეც, მოვედი, რათა გამოგემშვიდობო. მაპატიე, საყვარელო, ასე რომ მოგექეცი, მაგრამ შენ სხვა გზა არ დამიტოვე, _ ამოიხვნეშა მან, _ აბა, კარგად მეყოლე, _ თქვა და გატრიალდა.

შიშისგან ავცახცახდი.

_ ვატო! არ წახვიდე, გთხოვ, მაპატიე, საყვარელო, მაპატიე! არ დამტოვო ამათ ხელში, მომკლავენ, გესმის? არ დამტოვო-ო-ო-ო!

და… რაღაც საოცრება მოხდა. მოულოდნელად ოთახი განათდა. თვალები დავაჭყიტე. არა, ეს ის ოთახი არ იყო, სადაც გამომაწყვდიეს, ეს უფრო პატარა იყო, პალატას ჰგავდა. თავი წამოვწიე, საწოლში ვიწექი, თავს კი თეთრხალათიანი ქალები დამტრიალებდნენ.

_ გონს მოვიდა, ექიმო, გონს მოვიდა! _ გაჰყვიროდნენ ისინი.

გაოცებული ვიყურებოდი აქეთ-იქით, ვერაფერს ვხვდებოდი. უცებ გამოღებულ კარში ვატო გამოჩნდა.

_ ელენე, ელენე… მადლობა ღმერთს, როგორც იქნა… _ ბუტბუტებდა იგი თავისთვის და თავზე ხელს მისვამდა.

_ რა ხდება? _ ჩურჩულით წარმოვთქვი და იქაურობას მზერა მოვავლე.

_ ყველაფერი კარგადაა, გოგონი, ერთი თვის თავზე გონი დაგიბრუნდა, ეს ნამდვილი სასწაულია, _ მომეფერა ხანში შესული მწვანეხალათიანი ექთანი.

ქირურგი ჩემკენ დაიხარა და ყურში მიჩურჩულა.

_ კეთილი იყოს შენი მობრძანება დედამიწის სამოთხეში, _ და ცხვირზე ტუჩები მომადო.

ახლაღა შევნიშნე, რომ სახე მართლა დაბინტული მქონდა, მხოლოდ თვალები და ცხვირი მიჩანდა. შეშფოთებულმა ხელი მოვისვი ლოყებზე.

_ რა დამემართა? რა მჭირს? რატომ ვარ შეხვეული? _ სასოწარკვეთილი ვსვამდი კითხვებს.

ვატომ თვალი ამარიდა, დამნაშავესავთი გამიღიმა და კარისკენ გაემართა.

_ ვატო, სად მიდიხარ? _ დავადევნე ხმა.

_ მე უკვე აღარ ვარ საჭირო, დანარჩენს ესენი გეტყვიან, _ მითხრა და კარი გაიხურა.

ის ექთანი თავთან დამიჯდა და მოყოლა დაიწყო.

_ შენ და ჩვენი მთავარი ექიმი, გურამი ავარიაში მოყევით. მას არაფერი დაშავებია, შენ კი სასწაულებრივად გადარჩი, მაგრამ თავი დაარტყი და გონება გაგეთიშა. სახეც დაგიზიანდა, ერთიანად დამსხვრეული გქონდა ყბების ძვლები. ქირურგმა პლასტიკური ოპერაცია გაგიკეთა. ჯერ არ ვიცით, როგორი შედეგი ექნება, სახვევებს მხოლოდ ოცდათერთმეტ დეკემბერს მოგხსნით, იქამდე არ შეიძლება. იცი, რამდენ ხანს იყავი უგონოდ? თითქმის ერთი თვე, შვილო, ის კაცი გვერდიდან არ მოგცილებია, ლამის აქ დასახლდა, ყოველ ღამეს შენს სასთუმალთან ათევდა, _ ისევ მომეფერა ხანში შესული ქალი.

ნუთუ ეს ყველაფერი სიზმარი იყო? ამდენი საშინელება მხოლოდ ძილბურანში ვნახე? განა შესაძლებელია ასეთი რამე? საკუთარ ყურებს არ ვუჯერებდი, ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. ვითხოვე, ვატო შემოვიდეს-მეთქი. მითხრეს, წავიდა და წერილი დაგიტოვაო. ერთმა გოგომ რვეულის ამოხეული ფურცელი მომიტანა. წერილის კითხვას შევუდექი:

«ყველაფერი წესრიგში გაქვს, შვილი აუცილებლად გეყოლება, თუკი ისურვებ. სახისთვის ბოდიშს გიხდი. ჩემი აზრით, ეს სახე უფრო მოგიხდება, ის ძალიან ვულგარული იყო. ამით იცხოვრე, იქნებ ცხოვრებამ ახლა მაინც გასწავლოს რამე. წარმომიდგენია, რა დაემართება შენს ახალ შეყვარებულ მთავარ ექიმს, ახალი სახით რომ დაგინახავს. თუკი არ იტირებ და ოცდათერთმეტამდე სახვევებს არ მოიხსნი, ჭრილობები მალე შეგიხორცდება.

მშვიდობით. იმედია, ვეღარასდროს მნახავ».

თვალები ცრემლით ამევსო. რატომ ჰგონია, რომ მთავარი ექიმი მიყვარს? რადგან მანქანაში ჩავუჯექი? ალბათ გაიგო, რესტორანში რომ გავყევი და ამიტომ გაბრაზდა. სახე მაინც შეუცვლია, შური იძია ჩემზე. ფეხებისთვის კი ხელი არ უხლია, დამიტოვა. არა, არა, მას არ მივატოვებ, აუცილებლად მოვძებნი და დავუმტკიცებ, რომ მხოლოდ ის მიყვარს! _ გავიფიქრე ჩემთვის და კედლისკენ გადავტრიალდი, არავის მოსმენა და დანახვა არ მინდოდა.

***

ზუსტად ოცდათერთმეტ დეკემბერს გამწერეს. გურამი იქამდე არ გამოჩენილა, არ დამნახვებია. იმ დილით შემოვიდა მხოლოდ, ხელზე ხელი შემახო და მგრძნობიარედ მომიკითხა. მისი ხმის გაგონებაც არ მინდოდა. შემირიგდიო, მთხოვდა, შინ გველოდებიან, დიდი ხანია, ქორწილისთვის ვემზადები, შენს გამოჯანმრთელებასღა ველოდებოდიო. ცივად მოვიშორე თავიდან _ არ მიყვარხარ და არც არასდროს მყვარებიხარ, შენი გზა ნახე-მეთქი.

_ ჩვენ კოშმარი გამოვიარეთ ერთად, სიხარულო. თავს დამნაშავედ ვგრძნობდი, ამიტომაც არ გამოვჩნდი აქამდე. ნუ მკრავ ხელს, ნუ მეტყვი უარს, გთხოვ, _ თითებს მიკოცნიდა გურამი.

ცივად მოვიშორე მისი ხელები.

_ არა, ჩვენ შორის ყველაფერი დამთავრებულია, გადი აქედან, ამას არასდროს გაპატიებ, _ შეუვალი ვიყავი.

როცა არაფერი გამოუვიდა, თავი დამანება, პალატიდან გავიდა და აღარ დამნახვებია.

წამოსვლის წინ ექთანმა მითხრა, სახვევებს მოგხსნი, ისე ვერ გაგიშვებო, მაგრამ ვიუარე, არ მინდოდა ჩემი საზარელი სახე ვინმეს ენახა.

სასწრაფო დახმარების მანქანით მიმაცილეს სახლამდე. საშინელ ხასიათზე ვიყავი. კარი ღია დამხვდა. კიდევ კარგი, ჩაკეტილი არ იყო, თორემ მისი შემტვრევა მომიწევდა. გამაოგნებელი სისუფთავე დამხვდა შინ. როგორც ჩანს, ვატო აქ ცხოვრობდა მთელი ამ ხნის განმავლობაში. ან კი სად ჰქონდა წასასვლელი? ნეტავ ახლა სად არის? იქნებ ახალ მსხვერპლს ეძებს საოპერაციოდ? ეს რა მიქნა, როგორ გამიმეტა!

სახლში აუტანელი სიჩუმე დასადგურებულიყო. ციოდა. რამდენიმე საათში ახალი წელი დადგებოდა. შარშან ამ დროს რაღაც მაინც მიხაროდა, ახლა _ არაფერი. მახსოვს, თორმე საათზე თავისუფლების მოედანზე ვიყავი ფეიერვერკების სანახავად, ვატოც იქ ვნახე პირველად…

უცებ ნაბიჯების ხმა შემომესმა, ვიღაც მოდიოდა. სუნთქვა გამიჩერდა. კარი გაიღო და… ქირურგი შემოვიდა, დაღლილი სახე ჰქონდა.

_ გამარჯობა, _ მომესალმა.

ხმა არ ამომიღია, დადამბლავებულივით ვუყურებდი.

_ მეგონა, იმ კაცს გაჰყვებოდი.. არც მიფიქრია, აქ თუ დაბრუნდებოდი…

_ მერე შენ რა? _ აგდებულად ვკითხე.

_ არაფერი, რადგან აქ ხარ, სახვევებს მაინც მოგხსნი, მალამოსაც წაგისვამ… და წავალ, _ მხრები აიჩეჩა.

ჩემთვის უკვე სულერთი იყო ყველაფერი.

_ როგორც გინდა, _ მორჩილად დავხარე თავი.

ხელი ჩამჭიდა და სარკესთან მიმიყვანა. ცრემლები თავისით წამომივიდა. ვატო ფრთხილად მუშაობდა მაკრატლით, ნელ-ნელა ჭრიდა გაქვავებულ ბინტს, აუჩქარებლად. მომეჩვენა, რომ პროცესს აჭიანურებდა. რა გაუხარდება, ამ სიმახინჯეს რომ დაინახავს?! ნეტავ, როგორი ვარ? იმედია, სამოცდაათი წლის ქალს არ ვემგვანები ან იმაზე უშნო არ ვიქნები, როგორიც დედაჩემმა გამაჩინა.

_ თვალები დახუჭე და ათამდე რომ დაითვლი, მერე გაახილე, _ მშვიდად მითხრა ვატომ, მის ხმაში სითბო იგრძნობოდა.

როგორც მითხრა, ისე მოვიქეცი და ათი წამის მერე თვალები გავახილე.

და ჩემი თავი სარკეში დავინახე.

და გაოცების შეძახილი აღმომხდა.

სრულიად უცხო, მაგრამ ულამაზესი, უ-უ-ულამაზესი ქალი მიყურებდა იქიდან, იმაზე ასჯერ უფრო ლამაზი, ვიდრე მეორე ოპერაციამდე ვიყავი. ენა ჩამივარდა.

_ გილოცავ ახალ წელს, ელენე… _ ჩამჩურჩულა ყურში ვატომ, _ მე მგონია, რომ შენ ჩემ გამო დაბრუნდი, ამიტომაც დაგხვდი აქ. და თუ ასეა, მინდა იცოდე, რომ გელოდი… გელოდი იმიტომ, რომ შენ გვერდით ვიყო, პატარა ბავშვივით აგეტუზო და შენს კალთას ამოვეფარო. როგორ ფიქრობ, ხელმოცარული შევძლებ, ბედნიერი გაგხადო?

მეტი არც არაფერი მინდოდა. მე უკვე გამოვცადე სიმდიდრით შექმნილი ბედნიერება, ვირტუალურად, მაგრამ მაინც და არ მომეწონა. იქ სიცარიელე და სიცივე იყო, აქ _ სისავსე და სითბო. აქ ჯობდა… მოვტრიალდი და ჩავეხუტე.

_ მეორე ოთახში თბილა და სუფრაც გაშლილია. ჩვენ ხომ კონტრაქტი დავდეთ, რომ ახალ წელს ერთად შევხვდებოდით? ჰოდა, შევასრულოთ კონტრაქტის პირობა, თანაც სანთლის შუქზე.

_ მე კი მეგონა…

_ სულ ტყუილად გეგონა, _ შემაწყვეტინა, _ მე იმდენ ხანს ველოდი შენს დაბრუნებას, ვერც კი წარმოიდგენ. ვიცოდი, რომ დაბრუნდებოდი, გული მიგრძნობდა. და როგორ ფიქრობ, მინდოდა ახლა მე უშნო ცოლი? არ ჯობია, ასეთი მომაჯადოებელი ქალი მყავდეს გვერდით და ყოველდღე მეფერებოდეს? ხომ მომეფერები ყოველდღე?

_ არა, რას ამბობ! _ წარბები შევჭმუხნე, _ რა ამბავია, დავიღლები, _ კეკლუცად გავუღიმე და ყელზე ჩამოვეკიდე.

მან თავისი გაიტანა. მან დამიბრუნა ისეთი, როგორიც ვუყვარდი…

და მეც მიყვარდა. წინ ერთად ცხოვრება გველოდა, ხანგრძლივი, ბედნიერი…

დასასრული