- უფრო სწორად, თქვენი დაბადების დღისადმი მოძღვნილი.
- ეს სხვა საქმეა, - მომაჯადოებლად გაუღიმა მამაკაცმა.
- თქვენ არ უკრავთ? - შეეკითხა ვერიკო.
- მე და დაკვრა? ძალიან შორს ვართ ერთმანეთისგან. ერთი თითით ვიცი რომელი სიმღერა, იცით? საახალწლო, სანტა-კლაუსის.
- ა-ა-ა. «ერთი თითით» კარგად გამოგდით? - გაეცინა ვერიკოს.
- მე მგონი, არა უშავს, - «დაიტრაბახა» ვანომ, - აი, ნახეთ, - და საჩვენებელი თითით მელოდია დაუკრა.
- გინდათ, ერთად ვცადოთ? მე ბანს მოგცემთ.
- ერთად? რომ შემეშალოს?
- თქვენ მე ნუ მომაქცევთ ყურადღებას, ახლა როგორც უკრავდით, ისე დაუკარით. მე კი აგყვებით. ვცადოთ?
- ვცადოთ! - რიხიანად თქვა მამაკაცმა და სკამი ხრიგინით მიაჩოჩა პიანინოსთან.
- ერთი, ორი, სამი, - დათვალა ვერიკომ და დაკვრა დაიწყეს…
მშვენივრად გამოუვიდათ. ქალი ცდილობდა, მამაკაცის რიტმს აჰყოლოდა. ვანოც დიდი მონდომებით უკაკუნებდა თითს პიანინოს კლავიშებს.
- მაგრები ვართ! - კმაყოფილებისაგან სახეგაბადრულმა წამოიძახა ვანომ, - პირდაპირ აღმოჩენა ხართ! აი, ეს მესმის! აქამდე რატომ დამიმალეთ, დაკვრა თუ იცოდით?
- რა ვიცი, თქვენ არ დაინტერესებულხართ ჩემი ცოდნა-არცოდნით. უბრალოდ, არ გიკითხავთ… - თავი ჩაღუნა ვერიკომ.
- მდაა… კიდევ რა შეუძლია ამ ლამაზ თითებს ისეთი, რაც მე არ ვიცი? - ვანომ მრავლისმეტყველი მზერა ესროლა.
ვერიკოს ღიმილი სახეზე შეეყინა. ასეთ შეკითხვას ნამდვილად არ ელოდა.
- ჰა? - ახლა მკერდს «მიადგა» ვანოს თვალები.
- განსაკუთრებული არაფერი, - ძლივს გასაგონად ჩაიჩურჩულა ვერიკომ და წამოდგა.
- ვერონიკა… - მამაკაცმა პაუზა გაწელა, - როგორ ფიქრობთ, რა არის სიყვარული?
უარესად შეშფოთდა ქალი. ახლა რომ ხელი დაავლოს და საძინებელში გააქანოს! რას იზამს? ალბათ, არაფერს. ბატკანივით დაჰყვება მის სურვილს.
- არ გინდათ მიპასუხოთ თუ… - მაჯაში წაავლო ხელი ვანომ და დაბლა დაქაჩა.
ისიც დაჯდა.
- სიყვარული, ალბათ, ტანჯვის ერთ-ერთი სახეობაა, ოღონდ სასიამოვნო ტანჯვის, - ამოთქვა, როგორც იქნა.
- ასეთი ტანჯვაც არსებობს? - ვანო ხელს არ უშვებდა.
- ქალისა და მამაკაცის ურთიერთობის შემთხვევაში, არსებობს.
- და რაში გამოიხატება ეს ტანჯვა? რაღაც საინტერესო თეორიას ავითარებთ, ვერონიკა.
- რაში და იმაში, რომ… რომ მამაკაცს ქალი კი არ უყვარს, არამედ ის ბედნიერება, რომელსაც ქალი მას თავისი სიყვარულით ანიჭებს. თავის მხრივ, ქალიც ტკბება იმით, რომ შეუძლია სიყვარულის გაცემა და ამ გრძნობით ვიღაცის დაჯილდოება. მისთვის მთავარია, მამაკაცმა დაინახოს «სიყვარულშეწირვის» ეს რიტუალი და სათანადო სიტყვიერი შეფასება მისცეს მას. ქალს მეტი არაფერი უნდა. მას მონობა გარანტირებული აქვს, ამიტომაც იტანჯება, მაგრამ სასიამოვნო ტანჯვით.
- ამაში არ გეთანხმებით. ქალებს უყვართ, როცა ჩვენზე მბრძანებლობენ. როცა «ვლასტი» უჭირავთ და მონად სულაც არ გრძნობენ თავს.
- არ არის მართალი. ყველა ქალს ერთ ტაფაში ნუ მოაქცევთ.
- უმეტესობა დღეს ასეთია. ისინი სულ იმას ცდილობენ, მამაკაცები მათზე იყონ დამოკიდებულნი. მე, მაგალითად, არ შემხვედრია ქალი, ჩემთან სხვანაირად მოქცეულიყო. სიმართლე გითხრათ, ბევრთან მქონია ურთიერთობა, რა თქმა უნდა, ცოლის მოყვანამდე. ყოფილა სიტუაციები, როცა რაღაც ძალიან დამჭირვებია. თითს არ გააქნევდნენ, სანამ უკიდურეს მდგომარეობამდე არ მივიდოდა საქმე. აუცილებლად უნდა შევხვეწებოდი - იცი რა, შენი დახმარება მჭირდება და რაღაც ამდაგვარი პრელუდიები უნდა დამეწყო. აი, ეს სიამოვნებდათ. ვითომ თავიანთი სიძლიერის ხაზგასმა სურდათ. ჩემი უსუსურობით ტკბებოდნენ. შე კაი ადამიანო, რად გინდა ჩემი თქმა, ხომ ხედავ, მიჭირს. როცა შეგიძლია ჩემი შველა, რაღას მახვეწნინებ? ჩემი მტერი მოხვდა თქვენს კლანჭებში.
- არ ვიცი. მე არ ვიცნობდი იმ ქალებს… - ვერიკომ გადაწყვიტა, კამათი არ გაეგრძელებინა, რადგან ამით საკუთარი კაიქალობის დამტკიცება გამოუვიდოდა.
ერთხანს სიჩუმე ჩამოვარდა. ქალმა ამით ისარგებლა და ვანოს ხელი გააშვებინა.
- ესე იგი, თქვენი აზრით, სიყვარული სასიამოვნო ტანჯვაა? - კვლავ პირვანდელ თემას დაუბრუნდა პატრონი.
- ეს ჩემი აზრია, თავს არავის ვახვევ.
- მე კი იცით, რა მგონია სიყვარული? აი ეს, - თქვა და თითი პიანინოსკენ გაიშვირა.
- ე-ეს? - გაოცება ვერ დამალა ვერიკომ.
- ჰო, ის, რაც ახლახან გავაკეთეთ მე და თქვენ, ორმა, სრულიად განსხვავებულმა და ერთმანეთისთვის თითქმის უცხო ადამიანმა. შეხმატკბილებულად, ყოველგვარი რეპეტიციის გარეშე, უშეცდომოდ დავუკარით ერთი მშვენიერი მელოდია… მეტი კი არაფერია სიყვარული. სულ ეს არის.
- ჰო მაგრამ… მელოდიის დაკვრა მხოლოდ თითების თამაშია, სიყვარული კი… ცოტა უფრო სერიოზული რამეა, ვიდრე «შეხმატკბილებულად დაკვრა», - არ დაეთანხმა ვერიკო.
- ცოტა უფრო სერიოზული რამე რომ არის, მეც არ უარვყოფ, მაგრამ «დამკვრელებსაც» ხომ აქვს მნიშვნელობა? პროფესიონალები ადვილად უღებენ ალღოს მათთვის ნაცნობ საქმეს და დილეტანტებსაც ადვილად აკვალიანებენ. სიყვარულშიც პროფესიონალური მიდგომაა საჭირო. თქვენ არ ხართ ამ «დარგში» პროფესიონალი?
- არა, მე «მოყვარული» ვარ, - თქვა ვერიკომ და გაეცინა.
ვანომაც ვერ შეიკავა სიცილი.
- სხვათა შორის, მოყვარულები უფრო გატაცებით აკეთებენ თავიანთ საქმეს, ვიდრე პროფესიონალები.
- რატომ გგონიათ?
- პროფესიონალმა უკვე იმდენად ზეპირად იცის თავისი საქმე, ყელში აქვს ამოსული და ეზარება კიდეც, მოყვარულისთვის კი საქმე გატაცებაა და მეტი მონდომებით ასრულებს მას, რათა პროფესიონალის დონეზე დაეუფლოს. ასე არ არის?
- ალბათ. ამაზე არასდროს დავფიქრებულვარ.
- რატომ ხართ ასე მოწყენილი? მეჩვენება თუ მართლა ცხვირ-პირი ჩამოგტირით?
- თამარი მენატრება, - დარცხვენით თქვა.
ვანოს წარბი შეუტოკდა. გამომცდელად შეხედა ვერიკოს, თქმით კი არაფერი თქვა.
- რამდენ ხანს დარჩება იქით? - გაბედა კითხვა.
- სადღაც ერთი კვირა, ალბათ. ჰა-ჰა, ათი დღე, თუმცა მეეჭვება. ეგენი დიდხანს ვერ ძლებენ ბავშვთან. მოვლით დიდად არ იწუხებენ თავს. თამთას არ ასწავლით დაკვრას? - გაუღიმა ვანომ.
- რა თქმა უნდა, მაგრამ ჯერ პატარაა, ცოტა წამოიზარდოს.
- ასე დიდხანს აპირებთ ჩემთან დარჩენას?
ვერიკოს ღაწვები აეწვა, მაგრამ არ დაიბნა.
- ვნახოთ, სანამ ვიქნები საჭირო. თუ არადა, სხვა დროს მუსიკის მასწავლებლად მომიწვიეთ და ეგ იქნება.
- კიდევ რა შეგიძლიათ ასწავლოთ?
- რა ვიცი, რაც შემეძლება, ყველაფერს ვასწავლი. ყოველ შემთხვევაში, იმას მაინც, რაც მე ვიცი.
- ხეზე ასვლასაც? - გაუღიმა.
ვერიკომ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია.
- თქვენ იცით ხეზე ასვლა? - არ მოეშვა ვანო.
- კი, მაგრამ ვერაფერში ვიყენებ, - ჩაიცინა ქალმა.
- რატომ?
- იმიტომ, რომ მე არავინ გამომეკიდება, - ორაზროვანი ნათქვამი გამოუვიდა.
- დარწმუნებული ხართ?
ქალმა კითხვა უპასუხოდ დატოვა. მხრები აიჩეჩა მხოლოდ.
* * *
დილანდელი საუბრის შემდეგ ვერიკო კარგ ხასიათზე დადგა. სამაგიეროდ, ვანო «ბრძანდებოდა» უგუნებოდ. «პახმელია» არ შორდებოდა. «ბორჯომი» კი დალია, მაგრამ არ უშველა. მერე ლუდიც მიაყოლა. ამაოდ… ნაბახუსევს თავის ტკივილი აწუხებდა. იმდენად ცუდად იყო, შინიდან გასვლის სურვილიც არ ჰქონდა. ბოლოს ვეღარ მოითმინა და ვიღაცებს დაურეკა, მიშველეთ რამე, ცუდად ვარ და ახლავე ჩემთან გაჩნდითო. ვერიკო რომ არ შეეწუხებინა, მძღოლს ხინკალი და ქაბაბი მოატანინა. თან სამწვადეც მოაყოლა. ძმაკაცებმაც არ დააყოვნეს, რამდენიმე წუთში ვანოსთან გაჩნდნენ. ქალმა ერთი ამოიცნო. ეს ის ცისფერთვალება მამაკაცი იყო, სანდრო, მადლობა რომ გადაუხადა მასპინძლობისთვის და ვერიკოს ძალიან რომ მოეწონა. მეორეს პირველად ხედავდა. ვერიკომ სასადილო ოთახში გაშალა სუფრა. რეზომ ხორცი ჩააბასტურმა და სანამ მამაკაცები ხინკალს მიირთმევდნენ, ბუხარი ააგუზგუზა, მერე კი სამწვადის შამფურზე აცმას შეუდგა. მასპინძელ-სტუმრები არაყს სვამდნენ და ზედ ლუდს აყოლებდნენ.
ვერიკო თავის ოთახში შეყუჟულიყო და ყოველ წამს პატრონის დაძახებას უცდიდა. თან ერთი სული ჰქონდა, მალე წასულიყვნენ სტუმრები, რომ ვანოსთან მარტო დარჩენილიყო. იქნებ კიდევ ჩამოეგდო საუბარი სიყვარულზე.
მალე მწვადის სუნმა ვერიკოსთანაც შემოაღწია. მოულოდნელად კარზე კაკუნი გაისმა. შეკრთა.
- ვინ არის? - საწოლიდან ჩამოხტა.
- ვანო ვარ, ვერონიკა. ერთი წუთით გამომხედეთ!
კარი გააღო. მის წინ შამფურზე აცმული მწვადით ხელში ოჯახის უფროსი იდგა.
- ვიცი, რომ იმათთან გეუხერხულებათ გამოჩენა. ამიტომ გადავწყვიტე, ადგილზე მომერთმია. სანამ ცხელია, პირი ჩაიტკბარუნეთ. ლუდს ხომ არ დალევთ?
- არა, გმადლობთ, - აილეწა ქალი.
- პურს თქვენ თვითონ მიაგნებთ, არა? - გაუღიმა მამაკაცმა.
- როგორღაც მოვახერხებ, - გაეცინა ვერიკოს და შამფური ჩამოართვა.
მწვადი ნამდვილად უნდოდა. მით უმეტეს, შემწვარი ხორცის სასიამოვნო სურნელი კარგა ხანია, უღიტინებდა ცხვირში. როგორ ყურადღებიანი კაცია, ასეთი რამეები არ ეშლება. სხვა რომ ყოფილიყო, საცოდავი მოსამსახურე არც გაახსენდებოდა. თანაც რა გემრიელი გამოსულა! ნეტავ ვისი ნახელავია? რეზომ შეწვა ვითომ? ყოჩაღ, კარგი მემწვადე ყოფილა! პური სულაც არ არის საჭირო, მწვადის გემოს ასე უფრო გაიგებს ადამიანი. ვერიკოს დაეზარა სამზარეულოში გასვლა და თავი ამით დაიმშვიდა. პურს თუ არ მიატანს, არც გასუქდება, თორემ ამ ბოლო ხანებში, როგორც ატყობს, ცოტა მოიმატა კიდეც. აბა, რა იქნება, საჭმელი არ აკლია და სასმელი, ლუკმას არავინ უთვლის და ხელებშიც არავინ შეჰყურებს. ასე რომ, ისე გემრიელად მოულხენს ხოლმე, თქვენი მოწონებული.
დიდი ხანი არ გასულა, რომ სასადილო ოთახიდან ჩოჩქოლი მოისმა. მამაკაცები უკვე ხმამაღლა ლაპარაკობდნენ, შეიძლება კამათობდნენ კიდეც. როგორც ჩანდა, კარგად იყვნენ შეზარხოშებულები. ვერიკოს გული გადაუცივდა. შეეშინდა, ჩხუბი არ მოსვლოდათ ერთმანეთში. ფრთხილად გამოიხედა. მოშორებით მდგარ რეზოს მოჰკრა თვალი.
- რეზო, რა ხდება, მშვიდობაა? - ხმადაბლა დაუძახა.
მძღოლს პასუხი არ გაუცია, ხელი დაუქნია მხოლოდ - ყველაფერი კარგად არისო.
- ბიჭო, მე რომ მოვდივარ შენთან სახლში, შენს მოსამსახურეზე რამეს გეკითხები? რა გამიხურე საქმე, ბოლოს და ბოლოს! - ისმოდა ვანოს ხმა.
- მე არ მყავს, ძმაო, მოსამსახურე და რა უნდა შემეკითხო. შენ კიდევ, აგერ, კაკაბივით ქალი დაგიდის ეზოში და ბაიბურშიც არა ხარ. რას იფიქრებს ის ქალი, «ვანეტო იმპოტენტოო», არ იტყვის?
ვერიკოს სუდარის ფერი დაედო. გაფითრებულმა სასწრაფოდ მიიხურა კარი და ზურგით მიეყრდნო. რა საზიზღრები არიან ეს კაცები! რა გაუწყალეს გული ამ ვანოს, რატომ არ მოეშვებიან? მართლაც, შეიძლება ყველა მოსვლაზე თითოეული მათგანი მათი ურთიერთობით ინტერესდებოდეს? რა უნდათ? ჯანდაბა და დოზანა! ალბათ, თავად რომ არ მიუწვდებათ ხელი, ჯავრს ვანოზე იყრიან. ის კი, ბუნებრივია, გულზე სკდება. ერთ მშვენიერ დღესაც, ალბათ, ვეღარ მოითმენს და… შეძახილით ხე გახმაო, იტყვიან. არა, ეს არ უნდა ვერიკოს. აბა, რა უნდა? ჰგონია, რომ «პატრონი» ცოლად შეირთავს? არც იოცნებოს! უჰ, რას აიჩემა ეს სიტყვა. მისი სიძის აკვიატებული გამოთქმაა. ვერიკოს ძალზე მოსწონს მისი ლექსიკონი და ხშირად იყენებს ხოლმე, ოღონდ მხოლოდ ფიქრებში…
გარეთ ხმაური ნელ-ნელა მიწყნარდა. ალბათ დაშოშმინდნენ. ვერიკო მაინც ეკლებზე იჯდა. როგორ უნდოდა, მოქეიფეები დროზე დაშლილიყვნენ. თანაც, მერე ხომ უნდა მიელაგებინა იქაურობა. იმათი ნასუფრალის ალაგება ნამდვილად არ იყო ადვილი საქმე, არც სასიამოვნო, სხვათა შორის. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ვერიკოს სძულდა ვანოს ყველა მეგობარი თუ ძმაკაცი. თითქოს ვანოსთან დაახლოებაში უშლიდნენ ხელს. შეგნებულად თუ შეუგნებლად - ამას რა მნიშვნელობა ჰქონდა? «დღეს რომ არ მოთრეულიყვნენ, უფრო დავუახლოვდებოდი, უფრო უკეთ გამიცნობდა», - სინანულით გადააქნია თავი. თუმცა, ისინი რა შუაში არიან, ვანომ თვითონ არ დაპატიჟა?
შუადღე კარგა ხნის გადასული იყო, მამაკაცები რომ აიშალნენ. კარგა ხანს ეზოში იტრიალეს, ილაპარაკეს, იკამათეს, მერე ერთმანეთი კოცნეს და «ძმობის» გამომხატველი ფრაზები აფრქვიეს ერთმანეთში. ბოლოს რეზომ ორივე მანქანაში ჩასვა და წაიყვანა.
ვერიკომ, როგორც იქნა, შვებით ამოისუნთქა. ზღვის ფსკერგამოვლილი ადამიანი ჰაერს ხარბად რომ ჩაისუნთქავს, რაღაც მაგდაგვარი გამოუვიდა. აჰა, როგორც იქნა, ძლივს კვლავ მარტონი დარჩნენ, რაც ძალზე იშვიათობაა. მართალია, ვერიკოს არც არაფერს აძლევს ვანოსთან მარტო დარჩენა, მაგრამ მაინც სასიამოვნოა შენთვის ძვირფასი ადამიანის გვერდით რომ ხარ და მასთან საუბრის საშუალება გეძლევა. მარტო სექსი ხომ არ არის ყველაფერი.
ვერიკომ სტუმრები გაიგულა თუ არა, დრო იხელთა და სასადილო ოთახს მიაშურა. სანამ ვანო მობრუნდებოდა, მანამ მოითავა საქმე. ჭურჭელიც დარეცხა და ოთახიც გაანიავა. ბოლოს მტვერსასრუტითაც დაუარა. ვანო მაღლა ამოსვლას აგვიანებდა. ქალი კი მოუთმენლად ელოდა. არადა, საცაა, ყველაფერს მორჩება და მერე თავის ოთახში უნდა შებრუნდეს. იმას კი შეიძლება ვერიკოს არსებობა საერთოდ დაავიწყდეს და ისე აუაროს გვერდი მისი ოთახის კარს, არც მოაფიქრდეს მასთან შესვლა. ან კი როდის ერთხელ შეუვლია? ნასვამიც ბევრჯერ ყოფილა და მთვრალიც, მაგრამ ასეთი რამ არასდროს გაუკეთებია. თუმცა, როგორც ვერიკოს სიძე იტყოდა: «ა ჟალ». ვერიკოს ჩაეღიმა.
როცა მილაგებას მორჩა, ფანჯარა დახურა. თვალი ყოველი შემთხვევისთვის მოავლო ოთახს, არაფერი გამომრჩეს და ვანიკოსთან არ შევრცხვეო. ამ დროს მისი ფეხის ხმაც გაისმა. ვერიკო კვლავ დაფაცურდა. ახლა სკამებს დაუწყო ადგილის მიჩენა.
- რას აკეთებთ, ვერონიკა? - გაისმა «პატრონის» ხმა.
ვერიკომ ისეთი სახე მიიღო, თითქოს შეკრთა მისი «მოულოდნელი» გამოჩენით.
- ცოტა მივალაგე, - თქვა და შუბლზე ხელის ზურგი გადაისვა.
- რა იყო, შეგეშინდათ? - შეზარხოშებულ მამაკაცს თვალები უბრწყინავდა.
- არ გელოდით, - ოდნავ შესამჩნევად გაიღიმა ქალმა.
შეამცივნა, მაგრამ ვერ მიხვდა - შიშისგან თუ სიცივისგან.
ვანო იქვე მდგარ სკამზე ჩამოჯდა.
- რაღაც მინდა გითხრათ… - ხმადაბლა დაიწყო ოჯახის უფროსმა.
ვერიკოს ამის გაგონებაზე კანკალი დააწყებინა.
- გისმენთ, - ძლივს გასაგონი ხმით წარმოთქვა.
- როგორ გგონიათ, ვერონიკა, მე კარგი კაცი ვარ? - თვალი მოჭუტა ვანომ და ცერად გახედა.
- ვინ გითხრათ, რომ ცუდი ხართ? - კითხვა შეუბრუნა.
- მე თქვენი შეხედულება მაინტერესებს.
- მგონი, არ უნდა იყოთ ცუდი ადამიანი, ყოველ შემთხვევაში, ჩემთან მიმართებით ასეა, - შეიშმუშნა ქალი.
- არა, მე სხვა რამეს ვგულისხმობ. თქვენ ვერ მიმიხვდით. აი, მაგალითად, ბიჭები სულ მიკიჟინებენ, რომ თქვენთან დამოკიდებულებაში სწორად არ ვიქცევი. თქვენც ასე მიგაჩნიათ?
- რას გულისხმობთ «დამოკიდებულებაში»?
- გგულისხმობთ თქვენ, როგორც ქალს და მე - როგორც მამაკაცს.
- არ მესმის, - თავი გაისულელა ვერიკომ და სახე აელანძა.
მთელი სხეული უცახცახებდა. «რაღაცა არ ამცდება», - გულის განკალით გაიფიქრა.
- მთელი ამ ხნის განმავლობაში მე რომ თქვენ სხვანაირად მოგქცეოდით, რას იზამდით?
- სხვანაირად როგორ? - აცახცახებული ქალი საკუთარ ხმას ვერ ცნობდა.
- როგორ და… ნუთუ ასეთი მიამიტი ხართ? თუ მე მაჩვენებთ თავს ასეთად?
ქალმა კითხვა უპასუხოდ დატოვა. სახეზე სასოწარკვეთილება აღბეჭდოდა. ამჯობინა, თვითონაც დამჯდარიყო, თორემ შეიძლება წაქცეულიყო კიდეც. ძლივს გადადგა ნაბიჯი სკამისკენ. მძიმედ დაჯდა და მერეღა შეხედა ვანოს.
- მე რომ თქვენთვის თავიდანვე არშიყობა დამეწყო, როგორც ხდება ხოლმე ხშირ შემთხვევაში, ლოგინში შემეტყუებინეთ, ანუ, როგორც პატიოსანი ადამიანები იტყვიან, «ბოროტად გამომეყენებინა თქვენი ნდობა», რას მოიმოქმედებდით? სილას გამაწნავდით? შემაგინებდით? უშვერი სიტყვებით გამომლანძღავდით და აქაურობას დატოვებდით? თუ…
- ეგ რა სალაპარაკოა, - კოპები შეკრა განაწყენებულმა და ვანოს მზერა აარიდა.
- არა, არა, მართლა მაინტერესებს. იცით, რა მითხრეს ჩემმა მეგობრებმა? აი იმათ, ათი წუთის წინ რომ აქ იყვნენ. მაგ ქალის თვალში შენ კაცი აღარ ხარო. ვინ იცის, როგორ ელოდება შენგან ერთ თამამ ნაბიჯს, შენ კი «წესიერი» მამაკაცის როლს თამაშობო. თქვენ როგორ ფიქრობთ, ასეა?
- არა, ბატონო ვანო, ნამდვილად არ არის ასე. როგორ შეიძლება მსგავსი რამ იფიქრო ადამიანზე, რომელიც, სხვა თუ არაფერი, თქვენობით ელაპარაკება მოსამსახურეს. მე ხომ დაქირავებული ვარ, ვმსახურობ და ფულს ამაში მიხდით და არა… - აღარ გააგრძელა, თითქოს რაღაც მოაწვა ყელში, თითქოს რაღაც ახრჩობდა.
- და არა? - ვანომ დაკვირვებით შეხედა.
- და არა სხვა რამეში, - ოფლმა დაასხა ვერიკოს.
- სხვა რამეში რომ გადამეხადა? - მაინც მოუსინჯა ნიადაგი მამაკაცმა და პასუხის მოლოდინში დამუშტული ხელი ტუჩებთან მიიტანა.
- მაშინ აქ არ ვიქნებოდი… ეგ რომ მდომოდა, ძიძად კი არ დავიწყებდი მუშაობას, ცირკის წინ დავდგებოდი და… - აიფოფრა ქალი.
ვანო მიხვდა, სიტუაცია რომ დაიძაბა. სასწრაფოდ მისი განმუხტვა იყო საჭირო.
- ნუ ბრაზობთ, ძალიან გთხოვთ. იმიტომ კი არ გეუბნებით, რომ რამეს ვითხოვ თქვენგან. უბრალოდ, მინდა გამართლება მოვუძებნო ჩემს, ასე ვთქვათ, «კეთილსინდისიერ» საქციელს და დავრწმუნდე იმაში, რომ ბიჭები ცდებიან. როცა პირველად მნახეთ, არ გიფიქრიათ იმაზე, რომ შეიძლებოდა ქალების მუსუსი ვყოფილიყავი?
- თქვენ ისე დაგახასიათეს იმთავითვე, აზრადაც არ მომსვლია მსგავსი რამ, - წყენა კვლავ იგრძნობოდა ვერიკოს ხმაში.
- თქვენ მაინც არ მიპასუხეთ. ასე რომ მოვქცეულიყავი, რას იზამდით?
ვერიკო დაფიქრდა. რა უპასუხოს? რომ უთხრას, გადავირეოდიო, შეიძლება ბოლო შანსი გაუშვას ხელიდან. არადა, რომ თქვას, ნელ-ნელა, ალბათ, მაგასაც შევეჩვეოდიო, არ არის გამორიცხული, ახლავე დაეძგეროს. ბოლოს და ბოლოს, კაცია, ისიც ნასვამი.
- პასუხს ველოდები, - არ მოეშვა მამაკაცი.
- სცადეთ და ნახავთ, რა პასუხსაც მიიღებთ, - ოდნავ მუქარა გაურია ხმაში ქალმა და ფეხზე წამოდგა.
ახლა ყველაფრისთვის მზად იყო, თუმცა იცოდა, მაინცდამაინც «თავგანწირულ» წინააღმდეგობას არ გაუწევდა სასურველ მამაკაცს. ცოტა ხანს გაუძალიანდებოდა და მერე, როგორც ფილმებში ხდება, ისე, თანდათან მოეშვებოდა, მოეშვებოდა და ბოლოს დანებდებოდა. რომ დაფიქრდეს, რას კარგავს? ქალწული კარგა ხანია, აღარ არის. შეეტყობა რამე? ან კი რა აზრი აქვს «თავის შენახვას»? ასე «თითდაუკარებელი» ხომ არ წავა ამქვეყნიდან? იქნება და საერთოდ ვერ თხოვდება? აუცილებელია, სპეტაკ ქვრივად დარჩეს? არა, რომ დარჩეს, ამაში ცუდი თავისთავად არაფერია, მაგრამ… მამაკაცის სითბო და ალერსიც რომ მოენატრა? ჯერ ხომ ასეთი ახალგაზრდაა… მთელი ცხოვრება წინ აქვს.
ამასობაში ვანოც წამოდგა. ქალს მიუახლოვდა. ერთხანს დაჟინებით უცქერდა, მერე კიდევ გადადგა ერთი ნაბიჯი. ვერიკომ უკან დაიხია. სუნთქვაშეკრულმა ძლივს გადაყლაპა ნერწყვი.
- იცით, ახლა მე რას ვიზამ? წავალ და ჩემს თამთუკას მოვინახულებ, - თქვა და სწრაფად გატრიალდა.
თავზარდაცემული ვერიკო კარგა ხანს იდგა ასე, გახევებული.
***
31 დეკემბერიც გათენდა. ვერიკო დილიდან შეუდგა სამზადისს. ვანოს მითითებით სარდაფიდან ხელოვნური ნაძვის ხე და სათამაშოები ამოიტანა და მორთვას შეუდგა. თუმცა უხალისოდ აკეთებდა ამ საქმეს. ჯერ ერთი, რომ თამარი ენატრებოდა, მეორეც - ვანოს გუშინწინდელმა საქციელმა გააოგნა. ამგვარი საუბრის შემდეგ რას იფიქრებდა, კაცი მასთან სიახლოვეს რომ არ მოინდომებდა და ბოლო წამებში გადაიფიქრებდა მის მოფერებას. არადა, ყველაფერი ხომ «იქითკენ» მიდიოდა? ვერიკო ღრმად იყო ამაში დარწმუნებული. მისმა სიტყვებმა ხომ არ შეაცვლევინა აზრი? ქუჩის ქალივით ხომ არ გამოუვიდა ნათქვამი? არა, ეგ არ იქნებოდა მიზეზი. ვერიკოს მტკიცედ სჯეროდა იმის, რომ «აბა, სცადეთ» ვანოს უკან არ დაახევინებდა. მაშ, რა მოხდა? ქალს ამის ახსნა ვერ მოეძებნა.
იმდენად უგუნებოდ იყო, სადილიც კი არ მოუმზადებია. არადა, სავსე იყო მაცივარი პროდუქტით. ხილისთვისაც კი არ უხლია ხელი, რომ გაერეცხა. მოსაღამოვდა თუ არა, ეგრევე ლოგინში შეწვა. ტელევიზორის ყურების ხასიათზეც არ იყო. როდის-როდის ჩაეძინა…
თენდებოდა, ვანო რომ დაბრუნდა. «მობრძანდა ვაჟბატონი, ალბათ კარგად იქეიფა», - გაიფიქრა გაბრაზებულმა და ჩვეულებისამებრ დაიწყო მამაკაცის ნაბიჯების დათვლა. ითვლიდა მანამ, სანამ ვანოს საძინებლის კარი არ გაჯახუნდა. გაუკრთა ძილი. «ახალი წელი მაინც მოელოცა», - გულდაწყვეტით გაივლო გულში. მოულოდნელად მობილური აწრიპინდა. ვანო მესიჯს უგზავნიდა. «მოდი ჩემთან», - წაიკითხა ქალმა და იგრძნო, როგორ გაფითრდა.
გაგრძელება იქნება