საუცხოო დღე გამოვიდა. მზე დილიდან აცხუნებდა, მაგრამ სასიამოვნოდ. შინ ჯდომა სულაც არ მინდოდა. კესო დავითანხმე, ლისის ტბაზე ავიდეთ და ბადმინტონი ვითამაშოთ-მეთქი. იმედი მქონდა, რომ თორნიკესაც ვნახავდი იქ.
ფეხით დავუყევით გზას. მეორადებში ნაყიდი ფართოფარფლებიანი ჩალის შლაპა ძალიან მიხდებოდა. კესოს ყვითელი შორტი ეცვა და თეთრი მაისური. მას კეპი ეხურა, ოღონდ შებრუნებულად. გულის სიღრმეში მშურდა მისი, ისე მოიხდენდა ხოლმე ყველაფერს, ტანსაცმელს თუ აქსესუარს, მის ყურებას არაფერი ჯობდა.
ტბაზე უამრავი ხალხი ირეოდა. ბევრი ბანაობდა კიდეც, რაც ძალიან გამიკვირდა. ვიცოდი, რომ ამ წყალში შეცურვა უზომო რაოდენობის ბაქტერიის აკიდებას ნიშნავდა, ამიტომ არც მიფიქრია, გამეცურა, თუმცა კი დიდი სურვილი მქონდა.
შორს, ტბის სიღრმეში, ლელიანში ნავით გასული რამდენიმე მეთევზე შევნიშნე. ნეტავ აქ დაჭერილი თევზი თუ იჭმება? - გამიელვა გუნებაში.
კესო მისვლისთანავე დაფაცურდა. ტანთ გაიხადა და საბანაო კოსტიუმის ამარა მაშინვე იქითკენ გაიქცა, სადაც გოგოები და ბიჭები ბადმინტონს თამაშობდნენ. რა უკომპლექსოა! ისე უცებ გაუშინაურდება სრულიად უცხოებს, გეგონება, მთელი ცხოვრება მათ გვერდით გაუტარებიაო. მე როდის გავხდები ასეთი?
ნაპირზე ვიჯექი და მოთამაშეებს გავყურებდი. იქვე მაგიდის ჩოგბურთიც გაეჩაღებინათ ვიღაც ბიჭებს. გამიტაცა მოთამაშეთა ყურებამ. თორნიკე კი არ ჩანდა…
ჩემდა გასაკვირად, იგი არც მეორე და არც მესამე დღეს გამოჩენილა. უკვე აღარ მინდოდა ტბაზე გასვლა. მოვიწყინე. კესო ისე ერთობოდა ახალგაცნობილებთან ურთიერთობით და თამაშით, დილაუთენია მაღვიძებდა, წავიდეთო. მე კი უკვე აღარ მიზიდავდა ლისის ტბა, შინ დარჩენა და სევდიანად ფიქრი მერჩივნა.
მეხუთე დღეს გამოჩნდა. მე კვლავ ნაპირზე ვიჯექი მოწყენილი, ფეხი ფეხზე მქონდა გადადებული და კესოს გავცქეროდი. თორნიკე თითქოს ტბიდან ამოვიდა. იგი ნავით მოუახლოვდა ნაპირს. ღიმილმა სახე გამინათა. ვიგრძენი, როგორ გამიბრწყინდა თვალები. რა სიამოვნებით გავისეირნებდი ახლა მასთან ერთად ნავით იმ ლელიანში. მერე მაკოცებდა კიდეც. ამის წარმოდგენამ სასიამოვნოდ შემაგრილა.
თორნიკე ნავიდან გადმოხტა, ჩემკენ ნელა გამოემართა და შორიახლოს შედგა. კარგა ხანს მიყურებდა დაჟინებით. შემდეგ გვერდით მომიჯდა, მხრით ოდნავ შემეხო, შლაპა მომხადა და ხმადაბლა მკითხა:
- მოგენატრე? ალბათ მოიწყინე უჩემოდ, არა?
- სულაც არა! - კოპები შევკარი.
- ეს დღეები არ ვიყავი აქეთ. თბილისში მომიწია ჩასვლა. სხვა ბინაში გადავედით და ავეჯი გადამქონდა. დედა მარტო ვერ იზამდა.
- დედასთან ცხოვრობ?
- ჰო. მამა დიდი ხანია, გარდაიცვალა, თითქმის არ მახსოვს, - მან მაისური გაიხადა და გულაღმა გაწვა, - სადაა შენი დაქალოჩკა?
- თამაშობს… ეგერ, ე! ბადმინტონს! - ხელი გავიშვირე მოთამაშეებისკენ, თან მის რეაქციას დავაკვირდი, რადგან გულზე მომხვდა, კესო რომ იკითხა.
როგორც ჩანს, მასაც კესო მოსწონს, როგორც სხვებს. თორნიკემ თავიც კი არ ასწია, რომ მიეხედა. ცოტა ხნის შემდეგ წამოჯდა, უფრო ახლოს მოიწია ჩემკენ და კვლავ მხრით შემეხო. ისევ ისეთი სიამოვნება ვიგრძენი, როგორც იმ ღამეს, ხელზე ხელი რომ მომკიდა.
- გინდა, რაღაც გითხრა? - თვალებმოჭუტულმა შემომხედა.
- მინდა, - შეცვლილი ხმით ვუთხარი და ნერწყვი გადავყლაპე აღელვებულმა.
- იმ ღამის შემდეგ სულ ვფიქრობდი შენზე… თან ძალიან ბევრს ვფიქრობდი.
- მართლა? ნეტავ, რატომ?
- არ ვიცი… შეიძლება იმიტომ, რომ სულ მარტო ხარ.
- შენ რა, დამცინი? მარტო როდის ვარ? - ხელებით მინდორს დავეყრდენი და უკან გადავიხარე.
- ეჰ, ნეკა, ნეკა… რა კომპლექსიანი გოგო ხარ. რატომ უნდა დაგცინოდე? მთელი სერიოზულობით გეუბნები.
დაკვირვებით შევხედე. მის ლამაზ ლურჯ თვალებშიც ჩაბუდებულიყო სევდა, რის გამოც თვალები უფრო წყლიანი მოუჩანდა, თითქოს გუგებში ცრემლი უბრწყინავსო.
რა უბედურებაა! რატომ მოქმედებს ჩემზე ყოველთვის ასეთი ნაღვლიანი ტიპები? ნუთუ მეც ეგეთი ვარ და საერთოს ბევრს ვნახულობ მათთან?
- გინდა, ნავით გავისეირნოთ? - მოულოდნელად შემომთავაზა.
- მინდა! - მაშინვე დავეთანხმე და წამოვხტი.
კარგა ხანს უხმოდ მივცურავდით. თორნიკე ღონივრად უსვამდა ნიჩბებს. პირქუში გაუხდა გამოხედვა. თვალები დაუწვრილდა. ალბათ, მზემ იმოქმედა.
- ჩემგან კარგი ექიმი დადგება, - თქვა მან მოულოდნელად.
გაოცებით შევხედე.
- ალბათ, მაგრამ ჯერ მისაღები გამოცდები უნდა ჩააბარო, - ღიმილით ვუთხარი.
- უკვე ჩავაბარე, სტუდენტი ვარ.
- მართლა? - გულწრფელად გამიხარდა. მეგონა, უსაქმური და უდარდელი ვინმე იყო.
- თავიდან იურიდიული მინდოდა, მაგრამ მერე გადავიფიქრე. დღეს ყველას იურისტობა უნდა. არ მინდა, სხვებს ვგავდე. როცა დავამთავრებ, მუშაობას დავიწყებ და კვლევებში ჩავებმები. სიმსივნის წამალი უნდა გამოვიგონო, დაგინებული მაქვს.
ისე მტკიცედ ამბობდა ამ სიტყვებს, ღიმილი ვერ შევიკავე.
უეცრად საუბრის თემა შეცვალა.
- ლამაზი ცხვირი გაქვს, ძალიან მომწონს.
- ჩემი ცხვირი? - ჩემდა უნებურად, ცხვირზე მოვისვი ხელი.
რა სასწაული ბიჭია. რამ მოაწონა ეს ცხვირი? ჩვეულებრივი ცხვირი მაქვს, არაფრით გამორჩეული.
- შენ რას მეტყვი?
- მე-ე? რა უნდა გითხრა?
- შენ არაფერი მოგწონს ჩემი?
- ააა! კი, როგორ არა! აი, კუნთები მომწონს. გეტყობა, რომ ნავარჯიშები ხარ.
- გინდა, ხელით მოსინჯო? ნახე, როგორი მაგარია! - მან ნიჩბები დააწყო, ხელები იდაყვში მოხარა და დაჭიმა.
მისკენ მივიჩოჩე და კუნთებზე შევეხე. დენივით დამიარა ჟრუანტელმა. სიტყვას ვერ ვძრავდი. ალმური წამეკიდა სახეზე. ის მიმიხვდა. ჯერ შემომხედა, მერე ხელი მომხვია, მიმიზიდა და ტუჩებში მაკოცა. თვალები დავხუჭე და სიამოვნებას მივეცი. მან ნავში ჩამაწვინა, თვითონ კი ზემოდან დამაწვა. გახელებული მკოცნიდა. მეც მსიამოვნებდა მისი კოცნა, მაგრამ ნავის შიში მქონდა. ასე მეგონა, ამდენ ძიძგილაობაში ამოტრიალდებოდა.
როგორი ბედნიერი ვიყავი იმ წუთას. გული საგულიდან ამოვარდნას ლამობდა, ისე გამალებით მიცემდა. არ მეგონა, კაცის მოფერება ასეთი ნეტარება თუ იქნებოდა. ამაზე მეტი სიამოვნება სხვა დროს არ განმიცდია.
არ ვიცი, სანამ გაგრძელდებოდა ეს ყველაფერი, რომ არა მისი ხელები, რომელიც სრულიად უადგილო ადგილას ვიგრძენი. ახლა კი გამოვფხიზლდი და ერთიანად დავიძაბე. მისი მკლავებიდან თავის გათავისუფლებას ლამის ჭიდაობით შევეცადე.
- ნეკა… - დაიჩურჩულა ვნებისაგან გათანგულმა.
- წავიდეთ, უკვე დროა, ნაპირზე დავბრუნდეთ! - ათრთოლებული ხმით წარმოვთქვი და წამოვჯექი.
უცნაურია… არ ვიცი, რისი მეშინოდა, მართლა ნავის ამოყირავების, თუ ქალწულობის დაკარგვის? მაშინ ვერ ვაცნობიერებდი ამას. იმ წუთას მთავარი იყო, დავმშვიდებულიყავი, ფიქრებისთვის თავი მომეყარა და მოგვიანებით გამეანალიზებინა მომხდარი.
ნაპირამდე ისე მოვაღწიეთ, ერთმანეთს არ დავლაპარაკებივართ.
იგი ნავიდან ჩამოსვლაში დამეხმარა, თვითონ კვლავ ზედ შეხტა, ხვალაც ამ დროს გნახავო, მომაძახა და ისევ ტბაში შეცურა.
დიდხანს გავყურებდი მიმავალს…
8 8 8
მთელი ღამე არ მიძინია. სასიამოვნო მოთენთილობას ვგრძნობდი. ვატრიალებდი და ვატრიალებდი გონებაში ნავში მომხდარს, თავიდან შევიგრძნობდი თორნიკეს კოცნით გამოწვეულ სიამოვნებას და სიბნელეს უაზროდ ვუღიმოდი. ამასთან, ყველაფერს ვაანალიზებდი. მეგონა, რომ ყველაზე ბედნიერი გოგო ვიყავი. რომ ასეც უნდა მომხდარიყო. რომ ჩემს ასაკში ყველა მოზარდი განიცდის მსგავსს. მართალია, არიან გოგოები, რომელთაც წარამარა სხვა უყვარდებათ, მაგრამ ჩემი თავი ასეთი არ მეგონა. დარწმუნებული ვიყავი, რომ თორნიკე იქნებოდა ჩემი პირველი და უკანასკნელი სიყვარული. მეგონა, რომ ჩვენ შორის დაწყებული ურთიერთობა ყველაზე სუფთა და წმინდა გრძნობა იქნებოდა ამქვეყნად. რაც უფრო მეტს ვფიქრობდი თორნიკეზე, მით უფრო მომწონდა იგი - მისი თვალები, ტუჩები, კანის ფერი, ღიმილი, თმა… თითები? მართლაც საექიმო თითები აქვს. ტყუილად არ აურჩევია ეს პროფესია!
ამ ფიქრებში ვიყავი, რომ კარი გაიღო და ოთახში ნაზი შემოვიდა.
- სადაა შენი «კუპალნიკები»? - მკითხა, როცა შუქი აანთო.
- აგერ დევს, სკამზე.
- მერედა, გარეცხვა არ უნდოდა? - ირიბად გამომხედა.
- არ მიბანავია და…
- მაგას რა მნიშვნელობა აქვს? ასეთი რამეები აწი უნდა იცოდე, პატარა აღარ ხარ, - დამანამუსა, ჩემს ბიკინებს ხელი დაავლო და კარისკენ გაემართა.
- ნაზი! - გაუბედავად დავუძახე.
- რა იყო?
- იცი? შეყვარებული ვარ.
მე მას ყოველთვის ვუყვებოდი ჩემს ამბებს და არც ახლა მომითმინა გულმა. კესოს არ ვენდობოდი, ნაზის კი - ყოველთვის.
- რას მელაპარაკები! - ჩაიფხუკუნა.
- შენ რა, ვერ გაიგე? შეყვარებული ვარ.
- მშვენივრად გავიგე, ჩემო კარგო, ყრუ კი არ ვარ!
- მერე?
- რა მერე? მე რა უნდა გითხრა. შენ მითხარი. როგორი ბიჭია?
- ძალიან სიმპათიური. ჰოლივუდის მსახიობს ჰგავს.
- რა ჰქვია?
- თორნიკე.
- რა გვარია?
- მაგდენი არ ვიცი.
- მართლა? ახლა რას მოელი? რა გინდა, გითხრა?
- რა ვიცი… რამე…
- იქნებ არ გეჩქარა? იქნებ უკეთ გაგეცნო? გვარი მაინც გაიგე, სხვა თუ არაფერი.
- ხვალ მოვა… მითხრა, ყოველდღე გნახავო.
- ჰო, აბა რა! თავიდან ყოველდღე მოდიან, მერე - ხანდახან, ბოლოს - საერთოდ აღარ მოდიან.
- რა ცუდი ვინმე ხარ, რომ იცოდე! - გაბრაზებულმა ბალიში ვესროლე.
ნაზიმ მრავალმნიშვნელოვნად გამიღიმა, ბალიში უკან გადმომიგდო, შუქი ჩააქრო და კარი გაიხურა…
8 8 8
მეორე დილით კესომ ლამის ტირილით გაიღვიძა. ზურგი ისე ჰქონდა დამწვარი, ძლივს ინძრეოდა. ნაზის მაწონი მოვატანინე და ფრთხილად წავუსვი. თან მეცოდებოდა, თან მიხაროდა, რადგან დღეს იგი ტბაზე წამოსვლას ვერ შეძლებდა. რატომღაც, არ მინდოდა, მას ჩემი და თორნიკეს ურთიერთობის ამბავი გაეგო. მამა კვლავ თბილისში დაბრუნდა, სანდრო ბიძიაც თან გაჰყვა. დედამ მოიწყინა და თავის ოთახში ჩაიკეტა. სანდრიკა კი მეზობლის ბავშვებში გაერია. ახლა ბურთიც ჩემი იყო და მოედანიც. გამოვიპრანჭე და აჩქარებული გულით და ნაბიჯებით გავემართე ტბისკენ.
კარგი ამინდი იყო, მაგრამ ქარმა დაქროლა. დამდგარი წყალი ისე ლივლივებდა, თითქოს ვინმე საგანგებოდ არხევსო. იქვე, ნაპირთან მოვკალათდი და თორნიკეს გამოჩენას მოუთმენლად დაველოდე.
დიდხანს კი მომიწია ლოდინმა. როგორც ჩანს, აღარ მოვა, გულდაწყვეტილმა გავიფიქრე და ის იყო, წამოსვლა დავაპირე, რომ შორიდან ნაცნობი ნავი დავლანდე. ის იყო! არის! მოვიდა! ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. არ მინდოდა, მას ეს შეემჩნია, მაგრამ ჩემს ღიმილისგან მორღვეულ პირს ვერაფერი მოვუხერხე, ვერც თვალებს, ამწუთას ამ ტბის წყალს რომ ჰგავდა, მზის სხივისგან აელვარებულს.
თვითონ თორნიკე? ჰმ… უნდა გენახათ! ისეთი სახე ჰქონდა, თითქოს მთელი სამყაროს მბრძანებელი ყოფილიყო, თითქოს ეს ტბაც, ცაც და ხმელეთიც მას ეკუთვნოდა თავის ნავიანად. ნეტავ რამდენს იხდის ამ ნავის დაქირავებაში? - სრულიად სულელური შეკითხვა დამებადა, რა დროს ეგ იყო!
- დიდი ხანია, მელოდები? - მსუბუქად გადმოხტა ნავიდან.
- ჰო, - მოკლედ მივუგე, ცალთვალმოჭუტულმა ავხედე და ხელში მოხვედრილი პირველივე კენჭი ცერად მოვისროლე წყალში.
- საქმე მქონდა, ამიტომ დამაგვიანდა. თან ქარი რომ იყო, ვიფიქრე, იქნებ არც მოვიდეს-მეთქი. კარგი გოგო ხარ, რომ არ დამაღალატე, - თბილად მითხრა და თვალები სწრაფად დახუჭა და გაახილა, თითქოს ჩემს შექებას ამ ჟესტით ადასტურებდა.
- მე ხომ შეგპირდი, - დავიმორცხვე.
- ჰო… იცი, რა მოვიფიქრე? აგერ, იქითა ნაპირზე გავიდეთ. იქ ხალხი არ არის, სიწყნარეა, სიმშვიდე და ყველა ხის ძირი ცარიელია, შეგვიძლია გარუჯვის შემდეგ თავი ნებისმიერს შევაფაროთ.
- კარგი, - კვლავ მოკლედ ვუპასუხე და ნავში ჩავჯექი.
მალევე გავედით მარჯვენა ნაპირზე. ნაძვის ხეები აქაც იყო, ოღონდ შედარებით მეჩხერად, მაგრამ რას დავეძებდი. თუ თორნიკე მომეფერებოდა, იქითა ნაპირიდან მაინც ვერავინ დაგვინახავდა.
გაგრძელება იქნება