- ძალიან კარგი. კიდევ რა იცი ტკაჩოვის შესახებ?
- კიევში ცხოვრობს, ვორნოში პატარა კარიერი აქვს. კიდევ რაღაც ბიზნესები. მეტი არაფერი ვიცი.
- სტავროს შესახებ რა იცი?
- რაც გითხარი, იმის მეტი არაფერი.
- კიდევ ვინაა ამ საქმეში, ვინ უნდა იყოს შემდეგი მსხვერპლი? დარწმუნებული იყავით, მასაც მიაგნებენ. - ხმა ამოიღო აქამდე ჩუმად მყოფმა მარინემ.
- თამარა ჩაჩუა, - ჩუმად ჩაილაპარაკა ქალმა.
- ვიიინ? - გაკვირვებისგან თვალები გაუფართოვდა გამომძიებელს, - თქვენი მეზობელი თამარა?
- დიახ, თუ შეგიძლიათ დაიცავით, - ამოიკნავლა მოტეხილმა ქალმა.
- ქალბატონი თამარა რა როლს ასრულებს?
- თავისთან ინახავდა ქვებს და თუ საჭირო გახდებოდა, ინფორმატორი იყო.
- საინტერესოა, - სკამის ზურგს მიეყრდნო მარინე და არაბულს გადახედა.
- კარგი, - ამოისუნთქა ლევანმა. - ქალბატონო ლილი, დაკავებული ხართ კონტრაბანდული საქმიანობისთვის. ხვალ სხვა გამომძიებელი მოვა და დანარჩენს ის გაარკვევს. მე კი კეპიანს უნდა მივხედო, სანამ დახოცა მთელი ქალაქი.
გამომძიებელი და პროკურორი ხმის ამოუღებლად ჩავიდნენ საავადმყოფოს ეზოში და მანქანაში ჩასხდნენ.
- ვერ წარმოვიდგენდი, ის გაპრანჭული თამარა თუ ამხელა საქმეს ატრიალებდა, - ჩაილაპარაკა მარინემ.
- "დამდგარ წყალში მეტი ბაცილააო", არ გაგიგონია? - გაეცინა ლევანს. - მაინტერესებს, ციხეში ვინ მიართმევს ტკბილეულს და სახის კრემებს.
- მოუნდა სიბერეში ტკბილეულობა, - ბრაზობდა გამომძიებელი.
- ბატონო ლევან, - მიუბრუნდა რამდენიმეწამიანი სიჩუმის შემდეგ გამომძიებელი პროკურორს, - არაჩვეულებრივი იყავით. ისე დაარწმუნეთ ის ქალი, რომ აღარც შემოგკამათებიათ.
- მადლობა, მარინე, მაგრამ შენი მუშაობა რომ არა, მე არაფერი გამომივიდოდა. ყველაზე მთავარი საქმე წინ გვაქვს. ჯერ კიდევ არ ვიცი, ვინ არის "კეპიანი".
- მაგასაც გავიგებთ, - თქვა გამომძიებელმა, - ახლა თამარას მივხედოთ.
- მივხედოთ მაგ გაპრანჭული მელას, - გაეცინა ლევანს და კმაყოფილი სახით შეხედა მარინეს. - მარინე, ინგლისურად ლაპარაკობ?
- დიახ, ბატონო ლევან, - ვერ მიხვდა, რატომ დაინტერესდა პროკურორი მისი ენების ცოდნით და გაუკვირდა ქალს.
- რუსულად?
- სამწუხაროდ, მხოლოდ მესმის, ვერ ვსაუბრობ გამართულად.
- აბა, უკრაინიდან გამოგზავნილი მასალები როგორ წაიკითხე? რუსულად არ იყო? - გაუკვირდა ლევანს.
- დედა მყავს უცხო ენების პედაგოგი. სკოლაშიც ასწავლის და უნივერსიტეტშიც კითხულობს ლექციებს. თავისუფლად საუბრობს ინგლისურ, ფრანგულ და რუსულ ენებზე. ის მეხმარება ხოლმე, როცა მჭირდება.
- მამა? - დაინტერესდა პროკურორი.
- მამა იურისტია, კერძო სექტორში მუშაობს, სამოქალაქო სამართლის კუთხით. ისიც უნივერსიტეტში კითხულობს ლექციებს. სრული პროფესორია.
- საინტერესოა, - ღიმილით გადახედა არაბულმა ქალს, - შენ მამის კვალს გაყევი?
- ძალიან უნდოდა ადვოკატი ვყოფილიყავი. მეც მაინტერესებდა, მაგრამ პროკურატურაში სტაჟირებაზე წავედი და აღარ მომეწონა მარტო საბუთებში ქექვა.
- შენგან კარგი ადვოკატი გამოვიდოდა. უნივერსიტეტშიც პროკურატურის გამო არ დარჩი? თუ არ გაინტერესებს სტუდენტებთან ურთიერთობა?
მარინეს გაეღიმა. თან ესიამოვნა, არაბული მისით რომ დაინტერესდა.
- არა, ბატონო ლევან, დოქტურანტურის პირველ კურსზე ვიყავი, ტრეფიკინგის საქმე რომ დაიწყო. ჯერ არც სადისერტაციო თემაზე მქონდა მუშაობა დაწყებული, ისე მივანებე ყველაფერს თავი. მამას უნდა, ისევ გავაგრძელო. მეც ვფიქრობ.
- ძალიან კარგია, არაჩვეულებრივია. აუცილებლად გააგრძელე. თუ რამეში შემეძლება დახმარება, აუცილებლად მითხარი.
- მადლობა, ბატონო ლევან. თქვენ ვის კვალს გაჰყევით? - დაინტერესდა მარინე.
- მე? - ლევანმა პაუზა გააკეთა, - მამა ინჟინერია, კერძო სამშენებლო კომპანიაში მუშაობს. დედა - ექიმი. ორივეს ძალიან უნდოდა, ექიმი ვყოფილიყავი, მაგრამ იურისტი გავხდი.
- პროკურატურაში საიდან მოხვდით?
- ადვოკატურიდან, სისხლის სამართალს მივყვებოდი. ყველაზე მძიმე დამნაშავეებს ვიცავდი ხოლმე. მაინტერესებდა რთული საქმეები. მერე მივხვდი, რომ მეც მათსავით ნაძირალა ვხდებოდი და პროკურატურაში გადმოვბარგდი.
- ნანობთ, რომ ექიმი არ გახდით? - ცისფერი თვალები შეანათა მარინემ არაბულს.
- არაა, არ ვნანობ. მთელი ცხოვრება დედაჩემს ვუყურებ, როგორ გარბის დღის და ღამის ნებისმიერ დროს საავადმყოფოში. ამას ჩემი ძმაც დაემატა. დედა-შვილი ქირურგიის მეფე-დედოფალია. შენ დედისერთა ხარ?
- არა, უმცროსი ძმა მყავს, გერმანიაში სწავლობს. ჭკვიანი ბიჭია, ფიზიკოსი, - სითბო ჩაეღვარა თვალებში მარინეს.
- ფიზიკოსი იურისტების და პედაგოგის ოჯახში? - იცინოდა ლევანი, - ვერ წარმომიდგენია.
- ჰოო და იძახის, ცერნის ლაბორატორიაში უნდა ვიმუშაო დიდი აფეთქების თეორიაზეო. აი, ასეთი გეგმები აქვს ჩემს პატარა ძმას, - გაეცინა მარინესაც.
- დიდი აფეთქებაო? ეგ სამყაროს წარმოქმნის და ევოლუციის თეორია არ არის? - დასერიოზულდა არაბული, - რამხელა ამბიცია აქვს...
- აბაა, - დაეთანხმა მარინეც.
მანქანაში სიჩუმემ დაისადგურა. ლევანმა რამდენჯერმე გადახედა ქალს, გამომძიებელი კი ფანჯრიდან ათვალიერებდა ქუჩებს.
- რატომ მკითხეთ ინგლისურის ცოდნაზე, ბატონო ლევან? - მიუბრუნდა მოულოდნელად არაბულს.
- კვიპროსში უნდა გაგგზავნო, მაგრამ ჯიშკარიანის თანხმობა მჭირდება.
- მე? - გაოცება ვერ დამალა ქალმა.
- ჰო, რა იყო? შენზე უკეთესს ვის გავუშვებ, გაირუჯები, ზღვაში იბანავებ. ხომ არ გეშინია ზღვის?
- "ზღვას ზღვასავით დიდი გული და თავმოყვარეობა აქვს, ზღვა ცოცხალია და როდესაც ლაპარაკობს, ზღვას უნდა მოუსმინო", - ციტირება გააკეთა გამომძიებელმა.
- დუმბაძის მოყვარული ხარ? ეს ხომ "მზიანი ღამეა". არ მგონია, არსებობდეს ადამიანი, რომელსაც ერთხელ მაინც არ წაუკითხავს ჩვენი დუმბაძე და ზეპირად არ ესწავლოს მთელი შემოქმედება.
- გეთანხმები. ჩემი აზრით, დუმბაძე რომ ქართველი მწერალი არ ყოფილიყო, მისი ნაწარმოებები მსოფლიო შედევრთა რიცხვში იქნებოდა.
ლევანს გაეცინა: ის რომ გურული არ ყოფილიყო, ასეთი იუმორით ვერ შენიღბავდა ამდენ ტკივილს. ცოტა მკითხველი ჰყავს, მაგრამ ისეთი, ვისაც სულით ხორცამდე უყვარს. ცოცხალი რომ იყოს, ალბათ მასაც ეს ერჩივნებოდა.
- არ შემიძლია არ დაგეთანხმო. - თავი დააქნია მარინემ. ორივე ჩაფიქრდა, დუმილი ისევ ლევანმა დაარღვია.
- მე ყველაფერს მოვამზადებ შენ კვიპროსში გასამგზავრებლად. ჯიშკარიანის დათანხმებაც მომიწევს. შენს შესაძლებლობებში ეჭვი არ მეპარება, მაგრამ თუ დაგჭირდება, შენ გვერდით გავჩნდები. რაც შეიძლება მალე მინდა, რომ წახვიდე.
- მადლობა ნდობისთვის, ბატონო ლევან, იმედებს არ გაგიცრუებთ.
- ძალიან კარგი. ახლა მითხარი, სად მიგიყვანო. საღამოს კი, თუ საქმეები არ გაქვს, მე და ტაისონი გამოგივლით.
- განყოფილებაში, ბატონო ლევან, ქალბატონ თამარას მივხედავ და საღამოს დაგელოდებით. - არაბულმა გაიღიმა, მანქანა მკვეთრი მოძრაობით მოატრიალა და პოლიციისკენ წავიდა.
შუადღის 3 საათზე საგანგებო პრესკონფერენცია იყო დანიშნული გენპროკურატურაში. ადგილობრივ ჟურნალისტებთან ერთად BBC, CNN და ევრონიუსის კამერები ჩანდა. იორღოს პალიკარისს სახეზე მკვდრისფერი ედო. თვალები ჩაშავებოდა და ჩაქრობოდა. აღარც მისი ხმა ისმოდა შენობაში. ხელებში თავჩარგული იჯდა კაბინეტში და პრესკონფერენციის დაწყებას ელოდებოდა. შუადღე მოახლოვდა. იორღომ წელი ძლივს აითრია, ჰალსტუხი შეისწორა, პიჯაკი ჩაიცვა და საკონფერენციო დარბაზში თავისი ადგილი დაიკავა. შესავალი სიტყვის შემდეგ, როგორც იქნა, მთავარ სათქმელზე გადავიდა და " წითელ ტბაში" მესამე გვამის აღმოჩენის შესახებ ამცნო საზოგადოებას.
- ვინაობა ცნობილია? - მოესმა რომელიღაც სულსწრაფი ჟურნალისტის ხმა.
- დიახ, სამწუხაროდ, ის ნიკოლა პეტროვას შვილი სტეფანი პეტროვაა.
- ეჭვმიტანილი გყავთ? - იკითხა ვიღაცამ მეორე მხრიდან.
- დიახ, ვმუშაობთ სხვადასხვა მიმართულებით. - კითხვას თავი აარიდა იორღომ.
- რა კომენტარს გააკეთებთ იმასთან დაკავშირებით, რომ კვიპროსის პოლიცია არ იძიებს დაკარგული უცხო ქვეყნის მოქალაქეთა საქმეებს? - იორღომ კითხვის ავტორს შეხედა, გულზე CNN-ის ლოგო შეამჩნია და ნაძალადევად გაუღიმა. - ჩვენ ყველა საქმეს ერთნაირი პასუხისმგებლობით ვუდგებით. - რაც შეიძლება მშვიდი სახით თქვა, პრესასთან კონფლიქტი ნამდვილად არ სჭირდებოდა.
- რას უპასუხებდით აქციის მონაწილეებს, რომლებიც თქვენ გადადგომას ითხოვენ? - მოესმა შემდეგი შეკითხვა. პროკურორს ოფლმა დაასხა, ჰალსტუხი მოუშვა და მშვიდად უპასუხა: - თუ ეს საქმე გაუხსნელი დარჩება, მათ მოთხოვნას დავაკმაყოფილებ.
კიდევ ისმოდა აქეთ-იქიდან ჟურნალისტების შეკითხვები, მაგრამ პალიკარისს მეტის გაძლება აღარ შეეძლო, წამოხტა და საკონფერენციო ოთახი დატოვა.
კაბინეტში შესულ პროკურორს ფეხდაფეხ გამომძიებელი სოფოკლეს სოფოკლეო მიჰყვა.
- რატომ არ ისაუბრეთ გამოძიების შედეგებზე, ეს მდგომარეობას შეამსუბუქებდა და ხალხსაც დააწყნარებდა. - გულდაწყვეტით შეხედა გამომძიებელმა პროკურორს.
- რა მეთქვა, სამი გვამი მყავს, აქედან ერთი დამხრჩვალი, მეორე ისეთი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლული, რომელიც ქვეყანაში არ იშოვება და აკრძალულია. მესამე ბავშვი, რომელსაც კისრის მალები აქვს გადატეხილი-მეთქი? მანიაკი დადის, ხალხს ხოცავს და მე წარმოდგენა არ მაქვს, ვინ არის-მეთქი? ცოტა ხანში გადავდგები და იმტვრიოს თავი მერე სხვამ. წავალ სადმე დასასვენებლად. - ხელი ჩაიქნია იორღომ და სავარძელზე მოწყვეტით დაეშვა.
- ეჰ, ბატონო პალიკარისს, თქვენც ხომ კარგად იცით, რომ ასე მარტივად ვერ დატოვებთ თანამდებობას?
- ვიცი, - სავარძელში შესწორდა პროკურორი, - ვიცი.
- რამე უნდა მოიფიქროთ აქციის მონაწილეების დასამშვიდებლად, - არ ანებებდა თავს გამომძიებელი.
- ეგ პრეზიდენტმა იდარდოს, მე გადამაყენოს და მშვიდად წასვლის საშუალება მომცეს.
სოფოკლე ხვდებოდა, რომ პროკურორს ხელი ჩაქნეული ჰქონდა, დანებდა და დინებას მიჰყვებოდა. მას თუ მორევი ჩაითრევდა, სოფოკლესაც თან გაიყოლებდა.
ლევან არაბული კვიპროსში გამგზავრების წინ ბოლო ინსტრუქტაჟს უტარებდა მარინეს. პროკურორმა ყველა საქმე დილიდან გადადო, მასალები დაახარისხა და დეტალებში უხსნიდა გამომძიებელს, სად რა უნდა ეთქვა და გაეკეთებინა.
- აეროპორტში ქართველი ბიჭი ბაქარი დაგხვდება. თარჯიმნობასაც ის გაგიწევს და გიდობასაც, მაგრამ ეცადე, თუ ძალიან არ დაგჭირდება, მისი თარგმანი არ გამოიყენო. სთხოვე, რომ შენი თანდასწრებით ყოველთვის ინგლისურად ისაუბრონ. მათი გენპროკურორი დიდი გაიძვერა ვინმეა, არ ვენდობი. ახლა დიდ სკანდალში არიან გახვეულნი, სერიულ მკვლელს დასდევენ. როგორც იორღოს პალიკარისმა მითხრა, აკ-47 ხოცავს ქალებს. ამიტომაც დაინტერესდა ჩვენი საქმით. ეს გამოიყენე, მაგრამ რამე შარში არ გაყო თავი, ფრთხილად იყავი.
- სტავროზე რა გითხრა?
- ნარკოტიკების გასაღება, იარაღის ყიდვა-გაყიდვა, რეკეტი... მოკლედ, ყველაფრისთვის ეძებენ. ქარვის ამბავი არ იცოდნენ. ეს კაცი ისე დადის, მთელ ევროპაში კაციშვილი ვერ პოულობს. წითელი ცირკულარით ეძებენ. თუ ჩვენი "კეპიანი" არის კვიპროსში მომხდარ მკვლელობაში გარეული, მაშინ ძალიან დაგვეხმარებიან. სასტუმროს ჯავშანი, მივლინების ხარჯები და ა.შ. კანცელარიაში დაგხვდება. იარაღი არ წაიღო, - ლევანმა გაიღიმა. - რამე კითხვა ხომ არ გაქვს?
- ის ქართველი ბიჭი ვინაა?
- საქართველოში დაბადებული, მაგრამ იქ გაზრდილია. ადმინისტრაციაში მუშაობს. უბრალოდ თარჯიმნად მოგამაგრეს. დაგეხმარება, მაგრამ ყველა კარტს ნუ გაუხსნი.
- გასაგებია, ბატონო ლევან, მოვემზადები. მადლობა, რომ ასეთ მნიშვნელოვან საქმეს მანდობთ. - წასასვლელად გაემზადა მარინე.
- წარმატებები და მშვიდობით დაგვიბრუნდი. - ლევანმა მხარზე ხელი მოხვია გამომძიებელს და შუბლზე აკოცა. - როგორც კი დამირეკავ, შენთან გავჩნდები. ხომ დამირეკავ? - თვალებში ჩახედა და ისე ელოდა პასუხს. მარინემ წამწამები დააფახურა თანხმობის ნიშნად, პროკურორს მოეხვია ერთი წამით და დატოვა კაბინეტი.
იორღოს პალიკარისს მთელი ღამე არ ეძინა, საპროტესტო აქციებმა პროკურატურიდან პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან გადაინაცვლა და ქვეყნის მთავარსარდალი დღეში სამჯერ რეკავდა გენპროკურორთან პირად ტელეფონზე.
მომიტინგეები მკვლელის მინიმალურ დროში დაჭერასთან ერთად ყველა დაკარგული და სახლიდან გაქცეული ადამიანის კვალის გაგებას ითხოვდნენ. მთელი სახელმწიფო მუშაობის გაძლიერებულ რეჟიმზე იყო გადასული. ასეულობით პოლიციელი დღე და ღამეს ამოწმებდა გზებს, აკონტროლებდა საჰაერო სივრცეს და უჯდა ქალაქში დამონტაჟებულ კამერებს, მაგრამ საქმეში წინსვლა არ ჰქონდა.
მთელი ღამე იბარებდა გენპროკურორი საქმის მიმდინარეობის დეტალებს და დილაადრიან ვიღაც ქართველი რიგითი გამომძიებლის შეხვედრის არც სურვილი ჰქონდა და არც ძალა. მაგრამ აკ-47 ტიპის იარაღმა დააინტერესა. ის არც ისე ადვილი საშოვნელი იყო, ძირითადად, ტერორისტები ან სერიოზული კრიმინალური დაჯგუფების წევრები იყენებდნენ. ალექსანდრა კალჩუ კი ამ იარაღით იყო მოკლული. გენპროკურორი თავზე ხელშემოდებული იჯდა კაბინეტში და ფიქრობდა, როცა მდივანი შემოკაკუნდა თავისი წითელი ფეხსაცმლით. როგორ აღიზიანებდა ეს ხმა იორღოს და საერთოდაც, ამ ბოლოს ყველაფერი აღიზიანებდა, რაც ქალებს ეხებოდა.
კაბინეტის წინ ქართველი გამომძიებელი ელოდა. ესეც ქალი იყო, რაც კიდევ უფრო აცოფებდა კაცს. ფეხზე წამოდგომაც არ იკადრა, ისე ანიშნა სავარძელზე კაბინეტში შემოსულ მარინეს.
ქართველმა გამომძიებელმა და მისმა თარჯიმანმა ადგილები დაიკავეს.
- თარჯიმანმა მითარგმნოს, ახლა ინგლისურად მოსმენის თავი არ მაქვს, - აგდებულად თქვა პროკურორმა.
მარინემ თავი დაუქნია. ბაქარს გაეცინა. გაგონილი ჰქონდა, რომ გენპროკურორი პოლიგლოტის ნიჭით არ გამოირჩეოდა.
- საიდან დავიწყო? თქვენ ესაუბრეთ ქართველ პროკურორ ლევან არაბულს, მან მოგახსენათ საქმის ვითარება.
- თავიდან დაიწყე მოკლედ. რაც დამაინტერესებს, გკითხავ, - მოკლედ უპასუხა კაცმა და მოსასმენად მოემზადა.
- სამი მამაკაცი მოკლეს, ერთი ქალი დაჭრეს. სამივე ქარვის არალეგალურ ბიზნესში იყო ჩართული. ქვები უკრაინიდან შემოდიოდა და საქართველოს გავლით კვიპროსში ჩამოდიოდა. კვიპროსში ამ საქმეს ვინმე სტავრო კურირებს. მის შესახებ თქვენს სამართალდამცველებს აქვთ ინფორმაცია და ძებნაშია. - მარინემ შეისვენა, სანამ თარჯიმანი თარგმნიდა. პროკურორმა თავი ასწია.
- სტავრო, - ჩაფიქრდა რამდენიმე წამით. - ნარკოტიკები, იარაღი, კრიმინალური გარჩევები. ახლა კონტრაბანდა დაემატა. ამ კაცს რამდენი რამისთვის ვეძებთ, ვერც კი წარმოიდგენთ და თქვენ გინდათ, რომ რამდენიმე დღეში დააკავოთ?
- არა, ბატონო პალიკარისს, მე სხვა ვინმეს ვეძებ. ამ მკვლელობების შემსრულებელს, რომელიც ან სტავროს გამოგზავნილია, ან უკრაინელი მომწოდებლების. ყველა მკვლელობა აკ-47 ტიპის იარაღით არის შესრულებული. ერთ-ერთ მოკლულს ხელის მტევანი ქირურგიული სიზუსტით აქვს გადაჭრილი, მეორეს კისრის მალები აქვს გადამტვრეული. ეს კი გვაფიქრებინებს, რომ მას კარგი სამედიცინო განათლება აქვს მიღებული და სავარაუდოდ, ყოფილი ან მოქმედი სამხედროა. მისი ფოტორობოტიც გვაქვს...
- ერთი წუთით, - შეაჩერა პროკურორმა მარინე, - თქვენ და ამ ბატონმა ცოტა ხნით შეისვენეთ, დაგიძახებთ. ჩემი მდივანი რამეს შემოგთავაზებთ.
გაკვირვებული გამომძიებელი ფეხზე წამოდგა. ნამდვილად არ ელოდა ასე უცერემონიოდ კაბინეტიდან გამოძევებას.
- ეს სულ ასეთია? - ჰკითხა კაბინეტიდან გამოსულმა მარინემ ბაქარს. ბიჭს გაეცინა: კი, ასეთია, ყველას ეშინია მისი. აქამდე კარგიც არაფერი გამიგონია. დღეს მეც პირველად შევხვდი.
დაახლოებით ნახევარ საათში გენპროკურორის კაბინეტი მაღალმა მამაკაცმა შეაღო, რამდენიმე წუთში კი სტუმრებსაც დაუძახეს.
- ეს ჩვენი ქართველი კოლეგაა, ეს კი ბატონი ბაქარი, ჩვენთან მუშაობს, რომელიც თარჯიმნობას უწევს ქალბატონ მარინეს. - სტუმრები გააცნო პალიკარისმა მამაკაცს. - ეს კი გამომძიებელი სოფოკლეოს სოფოკლეა. ის იძიებს ორი ორი ქალის და ერთი ბავშვის მკვლელობას. დანარჩენს თავად გეტყვით.
სოფოკლემ ქართველებს ხელი ჩამოართვა და სავარძელში ჩაესვენა. მერე დიდი საქაღალდე გახსნა და იქიდან ფურცლების ამოლაგება დაიწყო.
- ბატონმა პროკურორმა მითხრა, რომ თქვენს საქმეში იშვიათი იარაღი, დამტვრეული კისრის მალები და მოჭრილი მტევანია. ერთი ქალის შემთხვევაში იგივე იარაღია გამოყენებული. ბავშვს კისერი აქვს გადამტვრეული. სამივე გვამი იშვიათი ქირურგიული ოსტატობითაა დანაწევრებული.
გამომძიებელმა გვამების ფოტოები ამოიღო და მარინეს წინ დაუწყო. ჩემოდნებში აკურატულად ჩალაგებულმა ნარჩენებმა და ტანსაცმელმა ქალს ღებინების შეგრძნება გაუჩინა. შეგიძლიათ მკვლელის დაახლოებითი აღწერილობა მითხრათ?
- მამაკაცი, დაახლოებით 180 სმ სიმაღლის. ნავარჯიშები ან გენეტიკურად ძლიერი. თმაგადაპარსული. კეფაზე ობობას ქსელის ტატუირებით. ფოტოს გაჩვენებთ. - სანამ ბაქარი თარგმნიდა, მარინემ სურათი ამოიღო ჩანთიდან.
სოფოკლეს სოფოკლეო და იორღო დიდხანს ათვალიერებდნენ მამაკაცის სახეს. მერე ერთმანეთს გადახედეს, თითქოს რაღაც ინფორმაცია გაცვალეს თვალებით.
- მგონი, ერთსა და იმავეს ვეძებთ. მოწმეები დაახლოებით ასეთსავე მამაკაცს აღწერენ. ვცადოთ - თვალებანთებულმა თქვა გენპროკურორმა, - ჩვენი საქმიანობა ხომ მუდმივი ცდის პროცესია. ბატონი სოფოკლე საქმის მასალებს გადმოგცემთ. გაეცანით და სტრატეგია მოგვიანებით დავგეგმოთ. დილის 8 საათზე გელოდებით.
იორღო ფეხზე წამოდგა დ ხელი გაუწოდა გამომძიებელს. მარინეს გაუკვირდა, ეს უხეში კაცი, როგორც იქნა, ზრდილობიანად მოიქცა. მადლობა გადაუხადა აუდიენციისთვის და ოთახში შემოსულ ქალს გაჰყვა.
იორღოს პალიკარისის წითელფეხსაცმლიანმა მდივანმა ქართველები პატარა ოთახში შეიყვანა. მოზრდილი მაგიდა და სამი სკამი იყო მათ განკარგულებაში. ფურცლები და საწერი კალმები მიუტანა და დატოვა. მარინეს მარტო დარჩენა ერჩივნა, მაგრამ ბაქარის გარეშე გაუჭირდებოდა საქმის მასალებში გარკვევა. დრო ცოტა ჰქონდა, საქაღალდე კი სქელი იყო.
გაგრძელება იქნება
ავტორი: სალომე ტაბატაძე