ჩემოდნებში ჩალაგებული გვამების დეტალური სურათების ყურება მარინეს აღარ შეეძლო. რაც უფრო მეტს ნახულობდა, მით უფრო რწმუნდებოდა, რომ ორ ქვეყანაში ერთი და იგივე კაცი მოქმედებდა. მაგრამ თბილისში ეს ბიზნესი იყო, კვიპროსში კი - გართობა. საქმე აშკარად კარგად გაწვრთნილ და ცივსისხლიან სერიულ მკვლელს ეხებოდა. წინ მძიმე სამუშაო ელოდა, თან მარტო იყო უცხო ქვეყანაში და ცოტა ეშინოდა კიდეც. მაგრამ ახლა ამის გამჟღავნების არც დრო იყო და არც ადგილი.
მარინემ პატარა ერთსართულიან სასტუმროში დაიდო ბინა. კედელზე პლაზმური ტელევიზორი იწონებდა თავს. მინი-ბაღში უამრავი სასმელი იდო. პატარა აივანი მაგიდა-სავარძლით იდეალური ადგილი იყო ფიქრისთვის. გენპროკურორთან საუბრის და სამი ქალის მკვლელობების საქმეების ნახვის შემდეგ საჭმლის გახსენება არ უნდოდა. ძილი თვალზე არ ეკარებოდა. თან არაბულთან აუცილებლად უნდა დაერეკა და მშობლებიც ელოდნენ მის ზარს.
მიუხედავად კვიპროსის თბილი დღეებისა, ღამით ცოტა გრილოდა. გამომძიებელი თეთრი ხალათით აივანზე მოკალათდა და პატარა ლეპტოპი გახსნა.
ლევან არაბულს კიევის სიცივისგან თავის დასაღწევად გათბობისთვის ბოლომდე აეწია და გიშლით ხელში იჯდა სასტუმროს ნომერში. როგორც კი მარინეს ზარი შემოვიდა ტელეფონზე, ჭიქა გადადო, სქელი მოსაცმელის საყელო გაისწორა და მწვანე ღილაკს თითი გაუსვა... ეკრანზე სველი თმით და თეთრი ხალათით გამომძიებელი გამოჩნდა.
- აბა, ქალბატონო მარინე, როგორ მოეწყვე კვიპროსში, თბილად ხარ ჩემგან განსხვავებით, ხომ? - გაუცინა პროკურორმა.
- რა გითხრათ, ბატონო ლევან, მთელი დღეა პატარა ოთახიდან ცხვირი არ გამომიყვია და ახლა ცოტა გრილა.
- მოგწონს კვიპროსი?
- მხოლოდ გუშინ საღამოს რისი ნახვაც მოვასწარი, ძალიან ლამაზია. სამწუხაროდ, ჯერ ზღვა არ მინახავს. რომ ვნახავ, მოკითხვას გადავცემ თქვენგან. მანდ რა ხდება, რამე საინტერესოა? - ჩაეკითხა ქალი.
- არაფერი ჯერჯერობით, მარინე, უფრო ბიუროკრატიულ ეტაპებს გავდივარ. შენთა რა ხდება?
- ჩემთან მართლა საინტერესოდაა საქმე, ლევან. გახსოვთ, რომ მითხარით, სერიულ მკვლელს ეძებენო. მგონი, ჩვენი კეპიანია.
- რაა? - სავარძელში წამოიწია ლევანი.
- ჰო, ლევან, ზუსტად იგივე იარაღი. ქირურგიული სიზუსტით დანაწევრებული სხეულები და რაც მთავარია, იგივე აღწერილობა. ყველაფერი ემთხვევა.
- როგორ გგონია, ეგ ქალებიც ქარვასთან არიან დაკავშირებულნი?
- არა, ამ შემთხვევაში მსხვერპლს სოციალური ქსელიდან ირჩევს, ერთმანეთის მსგავსებს სიმაღლით, წონით, ვიზუალით. სამი გვამი იპოვეს, მაგრამ კიდევ ეძებენ. შეიძლება სხვებიც იყვნენ.
- რას ამბობს პროკურორი პალიკარისი?
- ჯერ არაფერი უთქვამს, არც ჩვენი მისვლა გახარებია. დამთხვევების აღმოჩენის შემდეგ ცოტა დაინტერესდა. ხვალ დილას უნდა შევხვდე. საქმის მასალები შენს ელექტრონულ ფოსტაზე უკვე ავტვირთე. რომ მოიცლით, ნახეთ.
- შენ დაღლილი ხარ? გეძინება? - მზრუნველი ხმით იკითხა ლევანმა.
- კი, ძალიან დავიღალე, მაგრამ ისეთი ფოტოები ვნახე, სავარაუდოდ, არ დამეძინება.
- ისეთი ამბები მითხარი, ახლა აღარც მე დამეძინება, - გაეცინა არაბულსაც.
- უკრაინელებმა მასპინძლობა არ გაგიწიეს? რატომ არ გაისეირნეთ ღამის კიევში?
- შემომთავაზეს, მაგრამ ისე ცივა, ახლა გარეთ გასვლა თვითმკვლელობის ტოლფასია. ნახე, რა თბილ მოსაცმელში ვარ გახვეული, - უკან დაიწია ლევანმა და ბეწვიანი ქურთუკი აჩვენა ქალს. მარინეს სიცილი აუტყდა.
- ბატონო ლევან, არჩევანში შევედით. აქ უნდა წამოსულიყავით. ნახეთ, მე აივანზე ვზივარ ხალათით.
- მართალი ხარ, - დანანებით დააქნია თავი ლევანმა. - შენი დამხმარე როგორი ბიჭია, შეეწყვე?
- განათლებული და კარგი ბიჭია, თავისუფლად საუბრობს რამდენიმე ენაზე. იურისპრუდენციას ეუფლება. არც მოსაბეზრებელია, ზედმეტად არ შევუწუხებივარ. გუშინ ქალაქის ცენტრი დავათვალიერეთ.
- ძალიან მიხარია. ერთი დღე აიღე თავისუფალი და ზღვისპირა კურორტებზე წადი. მერე შთაბეჭდილებები გამიზიარე. თუ მეღირსა შვებულება, მერე მეც წავალ. - პროკურორს ისეთი საწყალი სახე ჰქონდა, მარინემ თავი ვერ შეიკავა და გაეცინა.
- ლევან, ჩემს მშობლებს დავურეკავ და ისევ დავბრუნდები. თუ სურვილი გექნებათ, კიდევ ვისაუბროთ.
პროკურორი გამოფხიზლდა. ეგონა, მარინე თავიდან იშორებდა, არადა, მთელი საღამო მის გამოჩენას ელოდა.
- დაგელოდები, - მხოლოდ ეს უთხრა და ტელეფონი გათიშა.
დილაადრიან სოფოკლე ტელეფონის ზარის ხმამ გააღვიძა. გენპროკურორი რეკავდა, რაც დილის სასიამოვნოდ დაწყებას ნამდვილად არ ნიშნავდა.
- გაიღვიძე, სოფოკლე და იმ ქართველთან წადი, - გაისმა ტელეფონში იორღოს ხმა.
- რა მინდა ქართველთან? - ვერ მიხვდა გამომძიებელი.
- აკოცე შუბლზე და დილა მშვიდობისა უსურვე, - აღრიალდა გენპროკურორი ტელეფონში. - უთხარი, თუ მკვლელის მოძებნა უნდა, ვიცი, რაც უნდა გააკეთოს. თუ არა, ასწიოს ის თავისი ლამაზი ტ... და როგორც ჩამოვიდა, ისე წავიდეს აქედან. მასეთი ახალბედებით სავსე მაქვს პროკურატურა, ეგ აღარ მჭირდება.
გაკვირვებული გამომძიებელი ვერ ხვდებოდა, რას ითხოვდნენ მისგან და ბოლომდე აცდიდა ორთქლის ამოსვლას პალიკარისს.
- მიაკითხეთ და აქ მოიყვანე, - დაამთავრა თავისი სათქმელი პროკურორმა.
სოფოკლე ზლაზვნით წამოდგა ფეხზე, პირზე წყალი შეისხა და ქართველი გამომძიებლის სასტუმროსკენ აიღო გეზი.
- დაბრძანდით და მისმინეთ, - გენპროკურორის კაბინეტში გამომძიებლების გამოჩენისთანავე გაისმა პალიკარისის მქუხარე ხმა. მარინემ, ბაქარმა და სოფოკლემ სასწრაფოდ დაიკავეს ადგილები.
- გეგმა ასეთია: შენ, ქალბატონო მარინე, ძალიან ჰგავხარ მოკლულებს, - მარინეს გააჟრჟოლა. - ამიტომ ერთადერთი, რაც შეგიძლია, ისაა, რომ დარეგისტრირდე იმ სოციალურ ქსელებში, სადაც ის ქალები იცნობდნენ მკვლელს, მოძებნო და თუ გაგიმართლა, გაიცნო. ტექნიკური საშუალებებით და დამხმარეებით მოგამარაგებ. მეტი არაფერი შემიძლია და არც არაფერში მჭირდები.
იორღოს პალიკარისის ნათქვამის გადახარშვას რამდენიმე წამი მოანდომა მარინემ.
- ჩემს უფროსს უნდა შევატყობინო, - უპასუხა ძალიან მშვიდად.
- დაურეკე, - ტელეფონი მიაწოდა გენპროკურორმა. რამდენიმე წამში ეკრანზე ლევან არაბულის გამოსახულება გამოჩნდა.
- რა ხდება, მარინე, კარგად ხარ? - იკითხა შეშფოთებულმა კაცმა.
- გენპროკურორთან ვზივარ. უნდა, რომ გაცნობის საიტებზე დავრეგისტრირდე და იქ ვეცადო მკვლელის მოძებნას. ჩემი თარჯიმანი აქაა, - მიახვედრა ქალმა, რომ შეიძლებოდა მათი საუბარი მამაკაცებისთვის გასაგები ყოფილიყო.
- შენ თანახმა ხარ? - იკითხა ლევანმა, თუმცა უკვე იცოდა, რომ მარინე ყველაფერზე წამსვლელი იყო.
- მინდა ვცადოთ, - დაუფიქრებლად უპასუხა ქალმა.
- შენს უსაფრთხოებაზე აგებს პასუხს?
- არ გვისაუბრია ამ საკითხზე.
- შენი თარჯიმანი მოიყვანე ახლოს და ტელეფონი მიაწოდე, - მუქარანარევი ხმა ჰქონდა პროკურორს.
- გამარჯობა, ბაქარ. რასაც ახლა გეტყვი, სიტყვა-სიტყვით უთარგმნე ბატონ იორღოს. მას თუ მარინეს დახმარება სჭირდება, ყველანაირად იზრუნოს მის უსაფრთხოებაზე. თუ არა, ვინც უნდა ის მოძებნოს. სანამ მე ჩამოვალ, თმის ღერი არ ჩამოუვარდეს ჩემს თანამშრომელს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვერცერთი გადამირჩებით ცოცხალი.
ბაქარმა თარგმნა. მარინე სულგანაბული ელოდა გენპროკურორის რეაქციას. ერთი წუთით ისიც იფიქრა, ამ მუქარის შემდეგ აქედან უკანმოუხედავად გამაგდებსო, მაგრამ პალიკარისს გაეცინა: მიყვარს შენნაირი ბიჭები, თავისი ხალხის გამო ყველაფერზე რომ მიდიან. შენ ჩამოსვლამდე უსაფრთხოდ იქნება ეს გოგო, - დაამშვიდა არაბული.
ლევანი აშკარად კმაყოფილი იყო.
გაგრძელება იქნება...
ავტორი: სალომე ტაბატაძე