- მარინე, - დაიძახა და ტელეფონი მარინეს მიაწოდეს, - თავს გაუფრთხილდი, მე მალე ვიქნები შენ გვერდით. ყველაფერი გამოგვივა. - სხვებისთვის შეუმჩნევლად კოცნა გაუგზავნა და კავშირი გაწყვიტა.
საღამომდე მარინეს რამდენიმე ისეთი სურათი გადაუღეს, სადაც მისი ქერა თმა და თვალები კარგად ჩანდა. გაცნობის საიტ OKKON,COM-ზე დაარეგისტრირეს და ნამდვილი სახელის მაგივრად მოლდოვური სახელი და გვარი ჩაუწერეს. Facebook-ის ახალი გვერდიც შეუქმნეს და თარიღები ისე შეუცვალეს, თითქოს ორ წელზე მეტი ხნის აქტიური მომხმარებელი იყო. ტელეფონში გაუმზადეს აპლიკაცია, დანარჩენი გამომძიებლის მოხერხებაზე იყო.
OKKON.COM-ს ბევრი მომხმარებელი არ ჰყავდა. როგორც მარინემ აღმოაჩინა, აქ ძირითადად ერთი ღამის პარტნიორებს ეძებდნენ. ქალმა რამდენიმე ტესტი შეავსო, რომელიც მისთვის შესაფერის კანდიდატურას მოუძებნიდა. მამაკაცების დახასიათებისას ყურადღება "კეპიანის" ვიზუალურ მხარეზე გაამახვილა და არც ტატუირებისადმი ინტერესი გამორჩენია. მთელი ღამე იჯდა სასტუმროს პატარა აივანზე და უამრავ შესაფერის ვარიანტს უბამდა დიალოგს.
ოთხმა გათენებულმა ღამემ მხოლოდ ის შედეგი გამოიღო, რომ მარინეს პროფილი დიდი პოპულარობით სარგებლობდა და გამომხმაურებელიც ბევრი გამოუჩნდა. ღამის უძილობამ თავისი ქნა, თვალები ჩაუწითლდა და თავის აუტანელი ტკივილი დაეწყო. ძლიერი ძილის წამალი სჭირდებოდა, რომ დღის განმავლობაში მაინც შეძლებოდა დაძინება. სოფოკლეს სოფოკლეომ რამდენჯერმე დაურეკა და ერთხელ მოინახულა კიდეც ქართველი გამომძიებელი.
გენპროკურორს ციხეში შესვლაც სთხოვა მარინემ, იქნებ პატიმრებს რამე ეთქვათ მისთვის სტავროს შესახებ. იორღო დათანხმდა, მაგრამ ეს მცდელობა არაფრისმომცემი გამოდგა, პატიმრებს ეს სახელი თითქოს არასდროს გაეგონათ. მხოლოდ მარინეს მომხიბვლელობით ერთობოდნენ და სასაცილოდ არ ჰყოფნიდათ გამომძიებლის მონდომება. ერთმა ისიც კი თქვა, რომ ინფორმაციის გაცემისთანავე მათ სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრებოდა. ამიტომ ხმას არავინ იღებდა.
კრიმინალური ავტორიტეტი ისე მართავდა ციხეს, რომ რამდენიმე ათეული კილომეტრის რადიუსითაც არ უახლოვდებოდა მას.
დაღლილმა და უძილარმა გამომძიებელმა ფანჯრებზე სქელი ფარდები ჩამოაფარა, სრულიად ჩააბნელა ოთახი და მორფეოსის სამყაროში გადაეშვა.
უკვე დაბინდებული იყო, გარედან შემოსულმა ხმაურმა და შეუწყვეტელმა კაკუნმა რომ ააწევინა თავი მარინე ნაკაშიძეს. იქვე მიგდებულ ხალათს ხელი დაავლო და ოდნავ შეაღო კარები. დერეფანში ლევან არაბული იდგა დიდი ჩემოდნით და სასტუმროს ადმინისტრატორს ყელგამოწეული სთხოვდა მარინეს ნომრის გასაღებს, შარვალ-კოსტიუმში გამოწყობილი კაცი კი უარის ნიშნად თავს იქნევდა.
- ლევან, რა ხდება? - როგორც იქნა, გამოფხიზლდა ქალი.
- ორი საათია ვაკაკუნებ, ვრეკავ და ახლა მეკითხები, რა ხდება? - თვალებიდან ნაპერწკლებს ყრიდა არაბული. ადმინისტრატორმა მოკამათე წყვილის შეხედა.
- policy? - იკითხა ქალის მიმართულებით. მარინემ გაიცინა.
- არა, ჩემი მეგობარია, შეეშინდა უბრალოდ, - გაუღიმა კაცს და არაბულს კისერზე ჩამოეკიდა. ლოყები დაუკოცნა და წელზე ხელშემოხვეული შეიპატიჟა ნომერში.
- მარინე ნაკაშიძე, ინფაქტს დამმართებ ერთ დღეს. როგორ გეძინა, რომ ვერაფერი გაგაგონე? - ნომერში თავისი ჩემოდანი შემოათრია პროკურორმა.
- შენ აქ რა ქარმა გადმოგაგდო? - კითხვა შეუბრუნა მარინემ და ელექტროჩაიდანი ჩართო, - ყავას დალევ?
- გავიგე, რომ ძალიან პოპულარული გამხდარხარ სოციალურ ქსელში და ვიფიქრე, მარტო ვერ გაუმკლავდება კაცებში არჩევანის გაკეთებას-მეთქი და დასახმარებლად მოვედი. თან კუთვნილი შვებულებით ვსარგებლობ. ორ წელზე მეტია არ დამისვენია. ათი დღე ვარ თავისუფალი. - ცოტა შეისვენა და ნომერი შეათვალიერა. - მეშინია შენი და იმ პალიკარისის წამოწყების. რომ გაგშიფროს "კეპიანმა", მაშინვე მოგკლავს. ამ ათ დღეში ან დავიჭერთ, ან უკან მივდივართ და რამე სხვას მოვიფიქრებთ.
მარინემ ყავა დაასხა და ჭიქა არაბულს გაუწოდა.
- ნურაფრის გეშინია, ახლა შენც აქ ხარ, ყველაფერი გამოვა. დაბინავდი სადმე?
- არა, შემისახლე ერთი ღამით, - დაეკრიჭა ლევანი.
- ძალიან მიხარია შენი ჩამოსვლა, ამაზე კარგს ვერაფერს ვინატრებდი. ორივეს კომპიუტერზე ჩავრთავ საიტებს, შენ რუსულენოვანს მოძებნი, მე ინგლისურს. თანახმა ხარ?
- კი მაგრამ, რა უნდა ველაპარაკო? - დაიბნა კაცი.
- ეფლირტავები, როგორც გოგო, - გაეცინა მარინეს.
- მაშინ ვარდისფერი ტანსაცმელი მათხოვე, ცოტა ქალად რომ ვიგრძნო თავი, - ახარხარდა პროკურორი და ოთახში თეძოს რხევით გაიარა.
- ჯერ ვახშამი, ლევან და მერე საქმე, - შესთავაზა მარინემ და აბაზანაში შეიკეტა.
- ნახე, სტარბაქსის ყავა მოგიტანე, - თავზე დაადგა გამომძიებელი მარინე ნაკაშიძე აივანზე სავარძელში ჩაძინებულ პროკურორს.
- უკვე დილაა? - თვალების ფშვნეტით წამოდგა კაცი.
- კი, დილაა. აბა, რამდენი გაიცანი წუხელ? - იქვე ჩამოუჯდა ქალი.
- ვეღარ ვითვლი, იმდენი. რამდენიმე ისე დაინტერესდა, პაემანი დამინიშნა.
- გაგხსნია ბედი, არაბულო, - გადაიხარხარა მარინემ. - ადექი, გაემზადე, გენპროკურორი და ჩემი თარჯიმანი უნდა გაგაცნო. იორღოს ყველგან თვალები და ყურები აქვს. დილით დამირეკა, გავიგე, შენი უფროსი ჩამოვიდა და ჩემთან გელოდებითო.
- დიდი გაიძვერა კაცია, - ფეხზე წამოდგა ლევანი, მაგრამ წელის ტკივილმა მოკეცა და სავარძელში ჩაესვენა. - შენთან გამოჩნდა ვინმე საინტერესო?
- კი, აი, ნახე - ხელი დაავლო კომპიუტერს მარინემ და არაბულს გვერდით მიუჯდა, - აი, ეს სამი კაცია. ფოტოს გამოგზავნაზე სამივემ უარი თქვა. რუსულად და ინგლისურად საუბრობენ, სამხედრო წარსული აქვთ. განსაკუთრებით, ჩემი რუმინელობით დაინტერესდნენ. დღეს საღამოს პაემანი გვაქვს ინტერნეტში.
- საინტერესოა, - ცხელ ყავას დაეწაფა არაბული.
- პალიკარისთან ვიზიტის შემდეგ სამივეს პროფილებს კომპიუტერების ტვინებს შევამოწმებინებ. ვნახოთ, სად არიან დარეგისტრირებული და რა ადგილებიდან სარგებლობენ ინტერნეტით. ხალხის გაცხრილვაში დაგვეხმარება, ზედმეტად რომ არ ვიწვალოთ.
- მართალია, ცოტა გაგვიადვილებს მუშაობას, თორემ ამდენი კაცის დამახსოვრებით უკვე ტვინი ამერია, - ზლაზვნით წამოიწია ლევანი. - აბაზანაში პირველი მე ვარ, როგორც სტუმარს, მეკუთვნის. - პასუხისთვის აღარ დაუცდია, ისე გაუჩინარდა ნომერში.
- ამ მარჯვენა მხრივ მოძრაობას ვერაფერი გავუგე, - წუწუნებდა საჭესთან მჯდომი არაბული და თან ნაქირავები მანქანის სალონს ათვალიერებდა.
- გითხარი, მე ვიტვირთავ ჩემს თავზე მძღოლობას-მეთქი და უარი მითხარი. ახლა ნუ მესმის შენი წუწუნი. - გადახედა მარინემ და სარკეში თავი შეათვალიერა.
- აბა, გეგმა როგორია, პაფოსში ჩასვლისთანავე სასტუმრო და ზღვა თუ ჯერ იალიას მონასტერი?
- ჯერ მონასტერი, საღამოსაც მოვასწრებთ დანარჩენს, - წამით გაჩუმდა. - რა დროს სეირნობა იყო, ლევან, - საყვედურნარევი ხმით გააგრძელა ქალმა. - საქმე გვაქვს, მკვლელია დასაჭერი.
- ინტერნეტი ყველგან არის და სანამ ის კომპიუტერის ჭიები რამეს გაარკვევენ, ვისხდეთ სასტუმროში და ველოდოთ? დღე ჩვენია, ღამე სამუშაოსი. ნახე, რა კარგი წყვილი ვართ, ერთი "დავსელფდეთ" რაა, - შავი სათვალე გაისწორა არაბულმა და მარინესთან ახლოს მიიწია სურათის გადასაღებად.
- ეს რომ ჩვენმა უფროსობამ ნახოს... გაგვიშვებენ სამსახურიდან, - ღიმილით დასცქეროდა ფოტოს ნაკაშიძე.
- ჰოდა, არ ნახონ, შეინახე, გაგვახსენებს ხოლმე დღევანდელ დღეს. რამდენი კილომეტრი დაგვრჩა?
მარინემ GPS ჩართო ტელეფონზე.
- აი, აქ გადაუხვიე და მერე მონასტრისკენ მიმავალ გზას დავადგებით. ისე, რა საოცრებაა, არა? თამარ მეფეს სახსრები გამოუყვია მონასტრის შესაკეთებლად. წარმოიდგინე, რამდენი ხნის იქნებოდა ტაძარი, შეკეთება რომ დასჭირდა.
- ნეტა თვითონ თუ იყო ნამყოფი? - ჩაფიქრდა ლევანი. - როგორ იპოვეს ეს კუნძული ქართველებმა და აქ რა ესაქმებოდათ?
- არ მიკვირს, ლევან, ეგვიპტელ მამლუქებთან ჰქონდათ დიპლომატიური ურთიერთობები და აქ ბერების ცხოვრება გასაკვირია?
- ნახე, რა ხეობაა, საქართველოს ჰგავს, - ტაძრისკენ მიმავალი გზით აღფრთოვანებას ვერ მალავდა კაცი.
- ალბათ, ამიტომაც აირჩიეს ეს ადგილი. ნეტავ რამდენი ქართველის ძვალია აქ ჩაკარგული.
- შეიძლება სოფელშიც ცხოვრობდნენ ქართველი გლეხები. ახლა მაგას ვინ გაიგებს. ნახე, ჩვენი დროშა ფრიალებს. რამხელა ტაძარია, ვინ იცის, ამ გორაზე კიდევ რამდენი რამეა ჩამარხული.
აღფრთოვანებული მარინე ყველა დეტალს ათვალიერებდა. ლევანმა ფოტოგრაფობა სიამოვნებით შეითავსა და ერთ წამს არ კარგავდა უსაქმოდ.
საღამო ხანს ხეობიდან გამოსვლისთანავე ტელეფონმა სიგნალი დაიჭირა და ბაქარის უამრავი გამოტოვებული ზარიც მოვიდა.
- საღამო მშვიდობისა, ბაქარ, - დაურეკა მარინემ თარჯიმანს.
- გამარჯობა, მარინე. "აიტიშნიკებმა" რაღაცები გაარკვიეს. სამივე პიროვნების კომპიუტერული სისტემები გატეხეს. ერთი ამერიკაში მცხოვრებია, ოჰაიოს შტატიდან ერთვება საიტზე. ორი კვიპროსშია. ორივე ახალი დარეგისტრირებულია სოციალურ ქსელში. ახალ კომპიუტერებს და აიპი მისამართებს იყენებენ. ანდონი კომპიუტერით სარგებლობს, რომელიც სულ ცარიელია. არავითარი დოკუმენტი, წერილი. მოკლედ, არაფერი. ფილმისთვისაც კი არ უყურებია. მხოლოდ OKKON.COM-ისთვის იყენებს. სიგნალი რამდენიმე ადგილიდან ფიქსირდება. ძირითადად, ლარნაკაშია. ხან სასტუმროს wifi-თ სარგებლობს, ხან კაფე-ბარების, ხან მაკდონალდსის. მისამართი ვერ გაიგეს. დაახლოებით იგივე ხდება ხრისტოს შემთხვევაშიც. მას ტელეფონში აქვს აპლიკაცია. მუდმივი ინტერნეტის წყარო არ აქვს. ძირითადად, აია-ნაპაში გადაადგილდება.
მარინემ პროკურორს გადახედა.
- როგორ გგონია, რომელიმე ჩვენი კეპიანია?
- ორივე საეჭვოა. როგორ შეიძლება ასეთი სუფთა ტელეფონი და კომპიუტერი გქონდეს ადამიანს, რომელიც მას ყოველ წუთს მოიხმარს. "კეპიანი" თუ არაა რომელიმე, მაინც საეჭვო საქმეებში იქნებიან გარეული. ან უკიდურეს შემთხვევაში ცოლიანები არიან და მალავენ ერთი ღამის ურთიერთობებით გატაცებას.
- გამომძიებელმა სოფოკლემ იცის ეს ამბავი? რა თქვა? - ჩასძახა ტელეფონში ლევანმა.
- დიახ, მან მთხოვა თქვენთან დარეკვა. მასაც საეჭვოდ მიაჩნია ორივე, მაგრამ ცარიელი კომპიუტერისა დ ტელეფონისთვის მათზე ძებნას ვერ გამოვაცხადებო. უფრო მეტი სამხილი მჭირდებაო.
- რა თქმა უნდა, - დაეთანხმა პროკურორი. - ყურადღების ქვეშ უნდა გვყავდეს ორივე.
- კარგად გაერთეთ, სიახლის შემთხვევაში დაგიკავშირდებით, - დაემშვიდობა ბაქარი წყვილს და სატელეფონო კავშირი გაწყვიტა.
- მგონი, საქმე დაიძრა, - აღტაცება ვერ დამალა მარინემ.
- მშვიდად, ქალბატონო, ამ საღამოს ორივესთან ვირტუალური პაემანი გაქვს, არაფერი შეიმჩნიო და რაც შეიძლება ბევრი ინფორმაცია გამოსძალე. ახლა დავბინავდეთ, ვივახშმოთ და მერე სამუშაო.
პაფოსამდე ხმა აღარც ერთს ამოუღია, ორივეს გონება გეგმებს ადგენდა და მიღებული ინფორმაციის გადამუშავებით იყო დაკავებული.
გამთენიისას არაბულს სავარძელზე მიეძინა. მარინემ თხელი გადასაფარებელი მიაფარა და თვითონაც იქვე მიწვა. ნაყოფიერი ღამე გამოდგა. როგორც იქნა, ორივე ეჭვმიტანილი დაითანხმა, რომ მომდევნო ღამეს ვიდეოთვალს ჩართავდნენ. მათი ინტერნეტგვერდები კონტროლზე იყო აყვანილი. საცხოვრებელი ადგილის დადგენა უნდა მოეხერხებინათ.
ნაშუადღევს მარინე ტელეფონზე შემოსულმა შეტყობინებების ხმამ გააღვიძა. ეკრანს დახედა, ფეხზე წამოხტა და ლევანს მთელი ძალით ჰკრა ხელი.
- ლევან, გაიღვიძე, ანდონმა მომწერა.
- ვინ? რა მინდაო? - თვალები მოიფშვნიტა კაცმა.
- ონლაინში ლაპარაკიო, თუ შეგიძლია ახლა მაქვს დროო.
- შენ მოწესრიგდი, მაგას მე გავართობ ცოტა ხნით, მაგრამ ძალიანაც ნუ დააგვიანებ. - ტელეფონი წაართვა ქალს და გაღიმებული სახით ჩაუჯდა საქმეს.
- აბა, ვრეკავთ? რა უთხარი, სად ვარო? - გალამაზებულ-თმადავარცხნილი დაადგა თავზე საქმეში გართულ არაბულს მარინე.
- სამსახურში ხარ და ათი წუთი ისვენებ. ჯერ დაინახე, გაიგე, ვინაა და იმის მიხედვით იმოქმედე, - მიაწოდა ტელეფონი ლევანმა ქალს და თვითონ კუთხეში დადგა, რომ ეკრანისთვის თვალი ედევნებინა.
გაბმული ზარის შემდეგ ტელეფონის ეკრანზე ჯერ საწერი მაგიდა და სავარძელი გამოჩნდა, მერე კი საშუალო ასაკს გადაცილებული ჭაღარაშერეული კაცი.
- ძვირფასო, როგორც იქნა, მოვახერხე მარტო დარჩენა და ახლა სულ შენი ვარ, - დაშაქრული ხმით დაილაპარაკა კაცმა. ლევანმა პირზე ხელი აიფარა სიცილისგან თავის შესაკავებლად და შემოსასვლელისკენ გაქანდა.
- მეც აქ ვარ, ვმუშაობდი და შენ გამო ათი წუთით შესვენება ვთხოვე უფროსს, - გაინაზა ქალი.
- შენ იმაზე ლამაზი ყოფილხარ, ვიდრე ფოტოებში ჩანხარ, - კომპლიმენტებად დაიღვარა კაცი.
- მადლობა, მაგრამ შენ სხვანაირი აღმიწერე შენი თავი, - გაებუსხა მარინე კაცს.
- ასეთი ლამაზი ქალის ყურადღება ხომ უნდა მიმექცია. რომ შევხვდებით, ნახავ, რა შეუძლია მამიკოს, - თავის თავში დარწმუნებული გაიჭიმა კაცი სავარძელში.
- რა თქმა უნდა, ვნახავ... - გაუღიმა მარინემ. - თუ საიდუმლო არაა, სად ხარ? - დაინტერესდა ქალი.
გაგრძელება იქნება
ავტორი: სალომე ტაბატაძე