სოფლის სკოლის ფრიადოსანი მოსწავლე ბაჩუკი ნეფარიძე სკოლის ბოლო წელს მაღაროში წავიდა სამუშაოდ. მასწავლებლებმა ხელი ჩაიქნიეს, დავკარგეთ სოფლის მომავალი იმედიო. დედამ ვაი-ვიში ატეხა, იმისთვის გყვებოდი თან, რომ მაღაროში გაგევსო ფილტვები მარგანეცითო? თავზე თეთრი თავსაფარი წაიკრა და ქათმები დააწიოკა. მამამ ნაჯახი ხის გადანაჭრელზე დაჰკრა და სიტყვა არ დაუძრავს. ის კი არ იცოდნენ, რომ მთელი წელი იმ პირობის შესასრულებლად უნდა ემუშავა, რომელიც ათი წლის წინ კიკინებიან, თეთრწინსაფრიან გოგონას მისცა.
ბაჩუკის ხაკისფერი შარვალი და თეთრი გახამებული პერანგი ტანზე უჭერდა. ექვსი წლის ბიჭს სკოლის მერხზე ჯდომას ეზოში ფეხბურთის თამაში ერჩივნა. ცქმუტავდა, მასწავლებლის ერთი სიტყვაც არ ესმოდა. საკლასო ოთახის კარები გაიღო და კიკინებიანი გოგონა შემოვიდა, ბაჩუკისკენ დაიძრა და გვერდით მიუჯდა. ჩანთიდან წიგნები ამოალაგა. რომელიღაც ფერადი ჟურნალიდან ამოჭრილი სურათიც ამოაძვრინა და მაგიდის კიდეზე მიაყუდა.
- ეს რა არის? - ჰკითხა ბიჭმა, რომელიც ინტერესით ადევნებდა თვალს გოგონას.
- ეს აფხაზეთია, - მშვიდად უპასუხა გვერდით მჯდომმა.
- აფხაზეთი? იქ რა გინდა?
- იქ ზღვაა. დიდი რომ გავიზრდები, წავალ, - თავდაჯერებით უპასუხა გოგონამ.
- მე წაგიყვან, - შეჰპირდა ბიჭი და ათი წლის შემდეგ ზუსტად ამ დანაპირების შესასრულებლად შედიოდა მაღაროში.
ბაჩუკის ტუჩებზე ღიმილი დასთამაშებდა. ტოტებში ჩამჯდარს ზურგი ხის ტანზე მიეყუდებინა და ტკბილ ფიქრებში გადასულიყო. ცაზე გარიჟრაჟი შეიმჩნეოდა. სადღაც შორიდან ზღვის ტალღების ხმა ისმოდა. სარდაფის კარები გაიღო და ერთმანეთის მიყოლებით კბილებამდე შეიარაღებული ჯარისკაცები ამოლაგდნენ.
- ნეფარიძე, - გრგვინვასავით გაისმა პოლკოვნიკ ასათიანის ხმა.
- აქ ვარ, - ფეხზე წამოდგა ბაჩუკი და პოლკოვნიკისკენ სწრაფი ნაბიჯით დაიძრა.
- სასწრაფოდ ჯავშანტრანსპორტიორში ჩადი და ბიჭებს წინ გაუძეხი. ტაშირისკენ მიდიხართ. ზღვიდან ოთხი გემი მოადგა ნაპირს და დესანტი გადმოსხა. პირველი ოცეული შენ გემორჩილება. გამოფხიზლდი...
ბაჩუკიმ შესისხლხორცებულ ავტომატს ხელი დაავლო, ხელყუმბარის ასხმა მხარზე გადაიკიდა და ტრანსპორტისკენ გაიქცა.
სოფელ ტაშირამდე სიმშვიდე იყო. სადღაც შორიდან ზღვის ხმა ისმოდა. მოწინააღმდეგეები ჯერ არსად ჩანდნენ. ბაჩუკი ჩასაფრებას ელოდა და არც შემცდარა.
ჯავშანტრანსპორტიორის სახურავიდან თავი ოდნავ ამოწია. ზედმეტი სიმშვიდე არ მოეწონა, ამაში იყო რაღაც არაბუნებრივი.
- ბიჭებო, მოემზადეთ, - დაიყვირა ხმამაღლა და პირველმა თვითონ გაისროლა. თითქოს ამას ელოდნენო, ოთხივე მხრიდან ცეცხლის წვიმა წამოვიდა. ბაჩუკიმ ისიც არ იცოდა, რამდენი ადამიანი იყო მის წინააღმდეგ, მაგრამ ერთი მხარე განსაკუთრებით აქტიურობდა. ბიჭმა მიზანში ფოთლებში ჩაფლული ხის ტანი ამოიღო და ცეცხლი გახსნა. არც შემცდარა, ტყვიების წვიმა შეწყდა და ერთი წამით ყველაფერი შეჩერდა. ეს სიჩუმე საკმარისი იყო მებრძოლებისთვის.
ტრანსპორტიდან გადახტნენ და გზის ნაპირებს შეესივნენ. ბრძოლა სულ რამდენიმე წუთს გაგრძელდა. ავტომატების ხმას აქეთ-იქიდან ბიჭების შეძახილები ერეოდა.
- ბაჩუკი, ამ ყაზილარებს რა ვუქნა? - შეეხმიანა გამურული მებრძოლი ნეფარიძეს და გზაზე გამოყვანილ ტყვე ჯარისკაცებზე ანიშნა.
- საბუთები შეუმოწმეთ, იარაღი აჰყარეთ, შეკარით. სადაცაა სატვირთო წამოგვეწევა და იმით გავამგზავროთ, - უპასუხა და თვალით დანარჩენი მებრძოლები მოათვალიერა. - ვინმე გვაკლია?
- არა, უფროსო, ყველა აქ ვართ, - გაეპასუხნენ აქა-იქიდან.
- ბიჭებო, ეს არც რუსია და არც აფხაზი, ჩეჩენია, - შეეხმიანა დანარჩენებს ის რიგითი, რომელიც ტყვეს თავზე დასტრიალებდა, ნივთებისგან ათავისუფლებდა და კონდახს გამალებით ურტყამდა.
- შეეშვი, დაანებე თავი, - ტყვესა და ჯარისკაცს შორის ჩადგა ბაჩუკი.
- რას შევეშვა, აქვე გავასხმევინებ ტვინს, - ავტომატი მიუშვირა რიგითმა ტყვეს და სასროლად მოემზადა. - რა უნდა აფხაზეთში? თავის ჩეჩნეთში ცოტა აქვთ არეული, აქ რომ არ დაიწყონ დალაგება?
- შეეშვი-მეთქი, გეუბნები, - ხელი ჰკრა ბაჩუკიმ გამწარებულ მებრძოლს. - აგერ, მოვიდნენ ბიჭები და გაატანე მაგათ. ჩვენ წინ ვაგრძელებთ გზას.
ბაჩუკიმ ტყვე იქვე დატოვა და მოახლოებულ სატვირთოს ხელის აწევით მიესალმა.
- პოლკოვნიკო, რამე ახალია?
- ცუდი ამბებია, ძალიან ცუდი. ოთხი გემიდან 500-კაციანი დესანტი გადმოსხეს. დუშეთისა და „შავნაბადას“ ბატალიონი თითქმის განადგურებულია. არ ელოდნენ და მძინარეები ამოწყვიტეს. ბრძოლის ხაზმა აღმოსავლეთისკენ გადაინაცვლა. ისინი შეეცდებიან აფხაზებს დაეხმარონ სოხუმის აღებაში. ჩვენ ალყა უნდა გავარღვიოთ და უკან დავაბრუნოთ ფრონტის ხაზი. ტყვეები ოჩამჩირეში გაგზავნეთ და დანარჩენები ჯავშანტრანსპორტიორში და „ურალის“ „კუზაოზე“ მოთავსდით. - გასცა ბრძანება ასათიანმა და პირველმა თვითონვე დაიწყო მისი შესრულება.
გაგრძელება იქნება
ავტორი: სალომე ტაბატაძე