ჩემი უფროსი დანახვისთანავე შემიყვარდა და ვერაფერმა ვერ შეძლო ჩემში ამ გრძნობის ჩახშობა: ვერც საღმა აზრმა, გამუდმებით რომ მახსენებდა ამ სიყვარულის უპერსპექტივობას და ვერც მის ცოლთან პირადმა ნაცნობობამ. არადა, უსაყვარლესი ელენე ჰყავდა რეზის, თბილი და ლამაზი მეუღლე. საერთოდ არ გამჭირვებია ჩემს შეფთან მუშაობა, მშვენიერი ტანდემი გამოგვდიოდა და მთელი ამ წლების განმავლობაში არც ერთი მზერით, არც ერთი ნაბიჯით არ მიგრძნობინებია მისთვის, რომ თვალებამდე მქონდა მისი სიყვარული ამოსული, თუმცა ჯერ არ დავუბრმავებივარ.
უსათნოესი ქალია ელენე, მისით ყოველთვის აღფრთოვანებული ვიყავი. გულწრფელად. არსებობენ ასეთი ქალები - თითქოს სილამაზით არ გამოირჩევიან, მაგრამ იმდენად საყვარლები და მომხიბვლელები არიან, რომ თავისუფლად გაუწევენ მეტოქეობას ნებისმიერ ფოტომოდელს. სწორედ ასეთი გახლდათ ელენე. ამასთან, ძალზე მშვიდი და იშვიათად მსუბუქი ბუნებით გამოირჩეოდა. არავის არასდროს შეჰპარვია ეჭვი იმაში, რომ ქალი თავის ქმარს აღმერთებდა და თავისი ორი შვილისთვის თავგადადებული დედა იყო. ყველა, ვინც რეზის და ელენეს ერთად ხედავდა, ხვდებოდა, რომ ბედნიერები იყვნენ, იღბლიანი ოჯახი ჰქონდათ. ძალზე იღბლიანი. სწორედ ეს მშველოდა ჩემი სიყვარულის არგამომჟღავნებაში. თუმცა ექვსი თვის წინ ჩემი უფროსი შეიცვალა. ეტყობოდა, რომ რაღაც ვერ იყო წესრიგში. ორი თვის წინ კი ელენემ პარასკეობით ჩვენთან შემოვლა შეწყვიტა. არადა, ადრე სულ მოდიოდა. სხვა დროსაც შემოივლიდა ხოლმე, როცა ჩვენი ოფისისკენ მოხვდებოდა.
- ელენე ხომ კარგადაა? - ვეკითხებოდი რეზის შიგადაშიგ.
- რა უჭირს, გადასარევადაა, - დაბნეულად მომიგებდა ჩემი ბოსი და მაშინვე სხვა თემაზე გადაიტანდა საუბარს.
მისი საქციელი, ცოტა არ იყოს, წუხილს მგვრიდა. ვიცოდი, მათი ოჯახური ამბები ჩემი საქმე სულაც არ იყო, მაგრამ მაინც მაშფოთებდა.
დღეს კი… თვითონაც რომ არ ველოდებოდი ჩემი თავისგან, ისეთი რამ ჩავიდინე… სამსახურიდან წამოვედი.
ახლაც არ მჯერა, რომ ეს გავაკეთე. გარინდული ვიჯექი მანქანაში, ფანჯარაში უაზროდ ვიყურებოდი და ვიხსენებდი იმას, რაც დღეს სამსახურში მოხდა.
ჩემი სამუშაო ყოველთვის მიყვარდა, უფრო მეტიც, ვაფანატებდი. დარწმუნებული ვიყავი, რომ ცოტაც და, უფრო წინ წავიწევდი. რეზიმ იცოდა ჩემი ფასი, იცოდა, როგორი პერსპექტიული კადრი ეზრდებოდა ჩემი სახით და ამიტომაც გვერდიდან არ მიშორებდა. მეც საკუთარი თავბრუდამხვევი კარიერის მოლოდინში ვიყავი, რაშიც მისადმი ფარული სიყვარულიც მეხმარებოდა. არასდროს გამიცრუებია ჩემი უფროსის იმედები, დაკისრებულ მოვალეობას ყოველთვის ზედმიწევნით კარგად ვასრულებდი. მიყვარდა რეზი, პატივს ვცემდი მის მეუღლეს და ვერასდროს გავბედავდი გამეკეთებინა ისეთი რამ, რასაც შეიძლება მათი ოჯახისთვის ზიანი მიეყენებინა ან სულაც დანგრევა მოჰყოლოდა. მიუხედავად ამისა, წამოვედი სამსახურიდან და უკან დაბრუნებას არ ვაპირებდი. ამაზე საუბარიც კი ზედმეტი იყო.
დღე თითქოს ჩვეულებრივად დაიწყო. კომპანიაში მისვლისთანავე მანქანა ჩემს კუთვნილ ადგილას დავაყენე და ავედი მრავალსართულიან შენობაში, სადაც არა მხოლოდ ჩვენი ოფისი იყო განთავსებული, არამედ სხვა წარმატებული კომპანიებისაც.
ისე მოხდა, რომ პირველი მე მივედი. ხანდახან ასეც ხდებოდა. ოღონდ სახლიდან ჩქარა წამოვსულიყავი და არად დაგიდევდით, ადრე გამოვსულიყავი შინიდან და გვიან დავბრუნებულიყავი. თითქოს არ იყო ჩემი დედინაცვალი ცუდი ქალი, მაგრამ დიდად მაინც ვერ ვეგუებოდი.
როცა რეზი მოვიდა, ეგრევე შევატყვე, რომ არ იყო ხასიათზე. რაღაცნაირად გაუბედურებული მეჩვენა. მეც არ დავაყოვნე, სწრაფად გადავახარისხე საჭირო წერილები და ინტერნეტით მის ფოსტაზე გადავაგზავნე, როგორც ყოველთვის.
მთელი დღე კაბინეტიდან არ გამოსულა. ოთხი საათი იქნებოდა, როცა დამირეკა, შემოდიო. მისი მოღუშული სახე რომ დავინახე, ვერ მოვითმინე და ვკითხე:
- რეზი, რა იყო, მოხდა რამე?
- არაფერი… - ყოყმანით მომიგო, მაგრამ უცებ სავარძლიდან წამოხტა და დაიყვირა, - უკვე საკმარისია! მეტი აღარ შემიძლია!
- ვაიმე, რა გჭირს? - შევშინდი.
- ოხ, ნენე! - ამოიგმინა და სანამ მივხვდებოდი, რას აპირებდა, მომეჭრა და ძალუმად მკერდზე მიმიკრა.
თავზარდაცემული გავხევდი. ის კი ისე ძლიერად მიმწყვდევდა მკლავებში, გარხევას ვერ ვახერხებდი. როგორც ჩანს, ჩემი დუმილი და გაუნძრევლობა თანხმობის ნიშნად ჩათვალა, რამაც სითამამე შემატა და… მაკოცა.
მისი კოცნა უფრო და უფრო ვნებიანი ხდებოდა, სულის მოთქმას არ მაცლიდა. გეგონებოდათ, ცხოვრებაში ქალი არ ჰყოლია და დახარბდაო. უცებ ვერა, მაგრამ ბოლოს გავაცნობიერე, რაც ხდებოდა. ცოტა არ იყოს, გაოცებასთან ერთად მრისხანებამაც შემიპყრო. ვცდილობდი, ამომესუნთქა და ამასაც ვერ ვახერხებდი. ერთი მხრივ, მინდოდა დამეთმო საყვარელი მამაკაცისთვის, მაგრამ მეორე მხრივ, ელენესა და მის შვილებზე ფიქრი მოსვენებას არ მაძლევდა. როგორ შემეხედა იმ ქალისთვის თვალებში ამის მერე? როგორც იქნა, ვიპოვე ჩემში ძალა და რეზის ორივე ხელი ვკარი.
არ დამიცდია იმისთვის, მეყურებინა, რას მოიმოქმედებდა ჩემი უფროსი. იმ მომენტში არ მაინტერესებდა, მომიბოდიშებდა თუ ისევ საკოცნელად გამოიწევდა. ჩემს კაბინეტში გავვარდი, ჩანთასა და პიჯაკს ხელი დავავლე და სანამ რეზი გონს მოსვლას მოასწრებდა, გამოვვარდი.
ლიფტთან სწორედ იმ მომენტში მივირბინე, როცა კარი იკეტებოდა. ალბათ, იქვე რომ არ ყოფილიყო გაჩერებული, კიბეზე ჩავირბენდი და არ დაველოდებოდი. შევვარდი ღია კარში, თან ვგრძნობდი, სულ ცოტაც და ავტირდებოდი. ამიტომ არც შემიმჩნევია, ჩემ გარდა შიგნით სხვაც თუ იყო ვინმე. გულს ამოვარდნისგან მხოლოდ ჩემი ბიუსტჰალტერი იჭერდა. უცხო ადამიანი მხოლოდ მაშინ შევნიშნე, როცა ლიფტი დაბლა დაეშვა.
- ცუდად ხართ? - მკითხა მამაკაცის ხმამ.
ჯერ კიდევ დაუდინარი ცრემლების გამო, თვალები რომ გამვსებოდა, ბუნდოვნად ვარჩევდი უცნობს. შეშინებულმა გავხედე მაღალ მამაკაცს, რომელიც დაახლოებით ოცდათხუთმეტ-ოცდათექვსმეტი წლის იქნებოდა. რატომღაც, დამუღამებული მქონდა მამაკაცების ასაკის გამოცნობა. ყოველთვის ზუსტად ვარტყამდი. ახლაც ამიტომ დავასკვენი ასე თავდაჯერებულად. ქალების შემთხვევაში კი, რატომღაც, არ გამომდიოდა, ხშირად ვცდებოდი.
უცნობს შავი გრუზა თმა ჰქონდა და გაურკვეველი ფერის თვალები - არც ცისფერი, არც ნაცრისფერი, არც მწვანე… რაღაც ამ ფერებში გარდამავალი. უფრო, ალბათ, ნაცრისფერი ეთქმოდა. ყოველ შემთხვევაში, ლიფტის განათებაზე ასე მოუჩანდა. თანაც, თუ მისი ჩაცმულობით ვიმსჯელებდით, თანამდებობის პირი უნდა ყოფილიყო. სავარაუდოდ, მაღალი პოსტი ეკავა.
- რა მითხარით? - შევეკითხე.
ეს უცნობი კაცი რატომღაც მაღიზიანებდა. ან საქმეზე იყო ვიღაცასთან მოსული, ან სტუმრად, რადგან ადრე არასდროს მენახა. მერე მზერა მის ძვირად ღირებულ ტყავის ჩანთაზე მომიხვდა, რამაც მაფიქრებინა, რომ საქმიან შეხვედრაზე იქნებოდა რომელიმე ფირმის წარმომადგენელთან. ჩვენს ოფისში ხომ უამრავი კომპანია იყო სხვადასხვა სართულზე განთავსებული. იქნებ სულაც მუშაობს აქ, მე რა ვიცი, ყველას კი არ ვიცნობ, ვინც ამ შენობაში მოძრაობს, თუმცა ასე რომ ყოფილიყო, ერთხელ მაინც როგორ არ მოვკრავდი თვალს.
- რამით შემიძლია თქვენი დახმარება? - მზრუნველად დაინტერესდა.
- მაგრად მეპარება ეჭვი, - ხისტად მივუგე და თვალი ავარიდე.
როგორც კი ლიფტის კარი გაიღო, სირბილით გამოვვარდი და ავტოსადგომს მივაშურე. ხელის კანკალით ძლივს დავქოქე მანქანა და სახლისკენ გავუდექი გზას. მექანიკურად. ცოტა ხნის მერე კი მივხვდი, რომ ახლა სახლში სულაც არ მინდოდა. ამწუთას არც მამაჩემის ნახვა მეხალისებოდა და მით უმეტეს, არც ჩემი დედინაცვლის. ისინი თავიანთ სამყაროში ცხოვრობდნენ, უფრო სწორად, სამყაროებში. მამას თავისი ჰქონდა, ესმას - თავისი. შეიძლება მამას არც ეკითხა, თავისი ერთადერთი ქალიშვილი ასე ადრე რატომ დაბრუნდა სამსახურიდან, მაგრამ ჩემი დედინაცვალი ამით აუცილებლად დაინტერესდებოდა. რაც დრო გადიოდა, ვგრძნობდი, მით უფრო მიჭირდა ამ ქალის ატანა, თუმცა კონკრეტულად არაფერს მიშავებდა.
მანქანა კორპუსთან დავაყენე, ძრავა გამოვრთე და თვალები დავხუჭე. კარგა ხანს ვიყავი ასე და ვფიქრობდი. არ ვიცი, რამდენ ხანს, მაგრამ იმას კი მივხვდი, რომ გვარიანი დრო გავიდა. მიღებული შოკის მერე ნელ-ნელა მოვდიოდი გონს, თუმცა რეზის მოულოდნელ კოცნას ვერა და ვერ ვინელებდი.
გაგრძელება იქნება