არადა, რა მრჩებოდა მისი საქციელის შემდეგ? რა უნდა მექნა? წასვლის მეტი განა სხვა გზა მქონდა? მიუხედავად იმისა, რომ ამდენი წლის განმავლობაში ბრმად მიყვარდა, არასდროს მიფიქრია მასთან სიახლოვეზე. ვიცოდი, ამის არც უფლება მქონდა და ისედაც, ჩემს ძალებს აღემატებოდა. ნამდვილად ვერავის მივცემდი ჩემი გაჭორვის უფლებას. ცოლიან კაცს ხვდებაო, თან საკუთარ უფროსსო, გამაქილიკებდნენ. საყვარლის სტატუსი საერთოდ არ მხიბლავდა. ამით რაღაცნაირად დედაჩემს ვემსგავსებოდი, ეს კი რა ხეირს დამაყრიდა? შავი დღე ვაყარე, ვიღაც სიმონზე რომ მომიყვა და მე რომ რეზის `ნომერი ორი ქალი~ გავმხდარიყავი, რით ვიქნებოდი მასზე უკეთესი?
კარგი ვქენი, რომ წამოვედი, თუმცა ჩემი სამსახური მენანებოდა. აი, შეფი რომ არ მყვარებოდა, დარჩენა კიდევ შეიძლებოდა. გავკიცხავდი, ამას როგორ მიბედავ-მეთქი, დავამუნათებდი, ბოდიშს მოვახდევინებდი და დავრჩებოდი, მაგრამ ყოველივე ამის შემდეგ ჩემს მდგომარეობაში მყოფისთვის მის გვერდით მუშაობა ნაღმზე ფეხის დაბიჯებას ნიშნავდა. ერთი არასწორი ნაბიჯი და ჰაერში ავიწეოდი… ნეტარებისგან.
ჰო, ნამდვილად მიქადდა დარჩენა ცდუნებას. ერთხელაც ვეღარ გავუძლებდი და მის ლოგინში აღმოვჩნდებოდი. არავინ იცის, რის ფასად დამიჯდა, მისი კოცნისთვის კოცნით არ მეპასუხა. მე ხომ ის მიყვარდა. ახლა რა უნდა მექნა? მისი ელენე რომ ქუჩაში სადმე გადამყროდა, როგორ მოვქცეულიყავი? მე ხომ ყოველთვის ყველაფერი სახეზე მაწერია, არაფრის დამალვა არ შემიძლია. წარმოვიდგინე კიდევაც ჩემი თავი, რა დღეში ჩავვარდებოდი, როგორ ავბლუკუნდებოდი. შეიძლება თავის მართლებაც დამეწყო, ჩემი ბრალი არაფერი იყო, თვითონ მებდღვნა-მეთქი.
ოხ, რეზი, რეზი! ეს რა დღეში ჩამაგდო! არადა, როგორ პატივს ვცემდი, ისიც როგორ მაფასებდა. მახსოვს, სამსახურის დაწყების პირველ ხანებში, ჩემი თმის ფერის შემხედვარე სულ იმას ამტკიცებდა, ქერა ლამაზი ქალები შტერები არიანო, მაგრამ უფრო ახლოს რომ გამიცნო, მიხვდა, რომ მის თეორიას წყალი შეუდგა. მას მერე გვერდიდან არ მოვუშორებივარ.
რაც უნდა იყოს, ელენე და რეზი ცოლი და ქმარი არიან და ასეც დარჩებიან მუდამ. არა მგონია, დაშორდნენ. მათ ხომ ისე უყვარდათ ერთმანეთი. ვინ იცის, იქნებ კრიზისული წელი დაუდგათ, როგორც ფსიქოლოგები ვარაუდობენ, როცა წყვილის თანაცხოვრებაში განხეთქილება იჩენს თავს.
თავს ვიიმედებდი, რომ სწორი ნაბიჯი გადავდგი, რომ სხვა არჩევანი არ მქონდა, მაგრამ ამ იმედიანობით თავს უკეთესად მაინც ვერ ვგრძნობდი.
მანქანიდან გადმოსვლა არ მინდოდა, არადა, რამდენ ხანს უნდა ვმჯდარიყავი აქ კიდევ? მესიკვდილებოდა შინ შესვლა. ალბათ, კარგი იქნებოდა, სადმე ფინჯანი ყავა მაინც დამელია. თუმცა ამწუთას არც ყავა მინდოდა. საერთოდაც, არ ვიცოდი, რა მინდოდა. რატომ გააფუჭა ასე ყველაფერი? რა კარგად ვეწყობოდით. მალე წინაც წამწევდა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს ურთიერთობაში ამაღელვებელი წუთები არასდროს ყოფილა და ამის არც მოლოდინი მქონია, მაინც საოცარ კმაყოფილებას მანიჭებდა სამსახური, რადგან მის სიახლოვეს მიწევდა ყოფნა. ახლა კი რეზის დანახვაც არ მინდოდა. მისი გახსენებაც კი გულს მირევდა!
ბოლოს ისევ გოგოებთან წასვლა გადავწყვიტე. მათთან უფრო გავიხსნებოდი და გულსაც გადავაყოლებდი.
ეთო და ელო, ჩემი კლასელები, ერთად ქირაობდნენ ბინას სანზონაში, ზედ მეტროს თავზე, თექვსმეტსართულიან კორპუსში. როგორ მინდოდა მეც მათ შევერთებოდი, მათთან ერთად მეცხოვრა, მაგრამ ჯერ ერთი, ოროთახიან ბინაში იყვნენ და ვერ დავეტეოდით, მეორეც, მამაჩემს ვერ ვეტყოდი, ცალკე მინდა გადასვლა-მეთქი, ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე. მიხვდებოდა, ესმას გამო რომ გავრბოდი სახლიდან და გული დასწყდებოდა.
არადა, დედაჩემისთვის ერთი სიტყვა რომ მეთქვა, უთქმელად მიქირავებდა ან მიგირავებდა ერთოთახიანს სადმე და ჩემთვის, თავისუფლად ვიქნებოდი. თუმცა ამაზე ფიქრიც არ მინდოდა. დედასთან საბოლოოდ გავწყვიტე კავშირი და რამდენჯერაც ეცადა მის აღდგენას, იმდენჯერ გავუცრუე იმედი. მისკენ გახედვაც არ მინდოდა. არ ვიცი, შეიძლება არასწორად ვიქცეოდი, მაგრამ ჯერ არ მომწიფებულიყო ჩემს გულში პატიების გრძნობა, იგი ისევ და ისევ "აკრძალულ ხილად" რჩებოდა ჩემთვის. მამის ღალატი ვერ შევარჩინე. მამაზე მაბოდებდა, ისე მიყვარდა.
ამ ფიქრებში გართულმა მანქანა დავძარი და გზას გავუდექი.
ძლივს ვიპოვე ჩემი პატარ "ჰონდას" დასაყენებელი ადგილი, გაძეძგილი იყო იქაურობა. როგორც იქნა, მერამდენეღაცა კორპუსთან გავაჩერე, რომელიღაც დანგრეულ მაღაზიასთან და გადმოვხტი. გოგოები მეექვსე სართულზე ცხოვრობდნენ, ამიტომ ფეხით ავედი, ლიფტის დალოდების ხასიათზე არ ვიყავი. ერთი სული მქონდა, ისინი მენახა და ჩემი გაჭირვება მომეყოლა, ბოლომდე დავცლილიყავი.
კარი, როგორც ყოველთვის, ღია დამხვდა. შევედი, მაგრამ ბინაში სრული სიჩუმე იდგა, რაც უჩვეულო იყო. აქ ყოველთვის ხმაური იგრძნობოდა. ან ტელევიზორი "პოლიტიკოსობდა" ახალი ამბებით, ან გოგოები ჭორაობდნენ, ან იუთუბი "აჯაზებდა" ეთერისა და ელოს საყვარელ პაპსას. ახლა კი თითქოს ყველაფერი ჩამკვდარიყო. ჰაერიც კი სულგანაბული მეჩვენა.
- არის აქ ვინმე? - ხმამაღლა ვიკითხე და ჩანთა და გასაღები შემოსასვლელთან კამოდზე შემოვდე.
- პრივეტ! - სამზარეულოდან ეთომ გამოყო თავი. ცალ ხელში დანა ეჭირა, მეორეში მწვანილის კონა, - დღეს არ მუშაობ? რა ქარმა გადმოგაგდო?
- ქარმა კი არა, გრიგალმა! - უკმაყოფილო ტონით გამოვაცხადე და სკამზე მოწყვეტით დავენარცხე, თან ვეება ოხვრა ამოვაყოლე. - თქვენკენ რა არის ახალი?
- არ მითხრა! აგე, წევს თავის ოთახში და ტირის. დამსტრესა, რა.
წარბები შევმართე.
- რა იყო, რა დაემართა?
_ რა და, მთელი კვირაა ის ვაჟბატონი არ გამოჩენილა, გერა თუ ვიღაც ჯანდაბა! რამ შეაყვარა, არ ვიცი, რა. ურეკავს, კორპუსთან დარაჯობს. ის კი ცოცხალი თავით არ ეკარება. ესეც მოთქვამს და არის! - გაცხარებით ჭრიდა ეთო მწვანილს და ასევე გაცხარებით ლაპარაკობდა.
- კი მაგრამ, წუხელ არ უნდა შეხვედროდა? - თავი ისე მოვიქექე, თითქოს ტილები მყავდა დასეული, - ხომ სწორად მახსოვს?
- კი ბატონო, სწორად გახსოვს, მაგრამ არ მოვიდა ის კეთილაფეთქებული! რას უშვრება ამ გოგოს, გაგიჟდები რა! ამას კიდევ არაფრის გაგონება არ უნდა. ასჯერ მაქვს ნათქვამი, თუ გინდა კაცი გამოგეკიდოს, კი არ სდიო უკან, პირიქით, უნდა გაექცე-მეთქი. ესმის? არ ესმის. მე აი, საკმარისზე ჩქარა რომ არ გავრბოდი, იმიტომაც დამიჭირეს, - მშრალად დაამატა, - ცუდადაა ამის საქმე. არ ვიცი, რა ეშველება. რა ჭირად უნდა ან ის კაცი, ან მაგის ცოლობა? გათხოვება კარგი რომ ყოფილიყო, კახას დავშორდებოდი? არ იცის, წინ რა ელოდება!
- შენი კახა ეჭვიანი იყო, ეთო, და იმიტომაც გაშორდი. რაც თავი მახსოვს, სულ გიბაგუნებდა. ეს ბიჭი მასეთი არ ჩანს.
- არ ჩანს, ხო! შენ რა იცი? არც კახა ჩანდა "მა-სე-თი", - გამოკვეთილად წარმოთქვა, - მაგრამ თავისად რომ დამიგულა, მერე წამოუარა!
- მდაააა, - საჭიროზე მეტი "ა" წარმოვთქვი, ეთოს უწვრილესად დაჭრილი მწვანილი ორი თითით ავიღე და პირისკენ გავაქანე, - რას აკეთებ?
- უხორცო სუპს. მომკლა ამის ვეგეტარიანელობამ, მეც ლამის ბალახისმჭამელი გამხადოს, მაგრამ ახლა ისეთ ხასიათზეა, რამეზე როგორ ვეტყვი უარს. აჰა, ახლა მწვანილსაც ჩავამატებ და მერე გამისინჯე ერთი გემო, კარგი? მლაშე არ მომივიდეს, ვარაუდით ვყრი მარილს. ამ კორონას მერე არც ყნოსვა დამიბრუნდა და არც გემოს შეგრძნება. რა მითხარი იმ დღეს, რა ჰქვიაო მაგეებს?
- რას მაგეებს? - ცნობისმოყვარედ ავხედე.
- ყნოსვისა და გემოს დაკარგვას.
- ააა, ანოსმია და ჰიპოგევზია… არა უშავს, ეგ დროებითია, ცოტა ხანიც და დაგიბრუნდება.
- რა ვიცი, სამი თვე კი გავიდა და…
- დაგიბრუნდება, დაგიბრუნდება. შევალ ერთი, დავხედავ.
- მიდი, შენი ჭირიმე, იქნებ შენ მაინც შეაგნებინო რამე.
საძინებლის კარი დაუკაკუნებლად შევაღე. ელო ემბრიონის პოზაში მიწოლილიყო საწოლზე და კვნესოდა.
- ეი, ინის პოზაში გაშხლართულო, იანის მოლოდინში ხარ? - გახუმრება ვცადე და საწოლზე ჩამოვუჯექი.
იმწუთასვე გადმოტრიალდა ჩემკენ, ცრემლით დაწითლებული თვალებით საცოდავად ამომხედა და ტუჩები დაბრიცა.
- აბა, აბა, ახლა ცრემლები არ დამანახვო! წინასწარ რას ტირი? ჯერ ხომ არ იცი, რა ხდება. იქნება და რაღაც უჭირს ადამიანს, ვერ იცლის, რამე პრობლემა აქვს. გულს უმიზეზოდ რატომ იხეთქავ?
- იცი, წუხელ რამდენ ხანს ველოდებოდი? მთელი საუკუნე! ვურეკე, კარზეც ვაკაკუნე. შენც არ მომიკვდე! ნული რეაქცია!
- იქნებ არ იყო სახლში? - სახეზე ჩამოშლილი თმა ყურს უკან მზრუნველად გადავუწიე.
- შეიძლება არ იყო, არ ვიცი. ისე, შუქი არ ენთო, მაგრამ ზარზეც რომ არ მიპასუხა? ავუფეთქე მობილური, მესიჯებიც მივწერე. ვერა, პასუხი არ მაღირსა. ხომ შეუძლია მითხრას, ჩვენ შორის ყველაფერი დამთავრებულიაო და მეცოდინება მაინც. ასე მოქცევა რაღა უბედურებაა?
- ცოტაც მოითმინე და ყველაფერი გაირკვევა.
- ოჰ, კარგი რა, ნენე, რაღაა გასარკვევი, ყველაფერი ცხადზე ცხადია. ვერ ხედავ, რა დღეში ვარ? მისი დატირების პროცესში.
- ანუ უკვე გამოიტირე?
- აბა რა! რა ვქნა, შენი ჭირიმე, ვერავის ვერ გადავყვები თან. ვისაც არ ვუნდივარ, ჯანდაბამდე ჰქონია გზა.
- მაშინ რაღას კვნესი? ვერ ხედავ, ეთო როგორ ნერვიულობს?
- ეგ ისედაც ნევრასთენიკია. როცა არაფერია სანერვიულო, მაშინაც ნერვიულობს.
- კაი რა.
- ხო, იმაზე ნერვიულობს, რატომ არაფერია სანერვიულოოო.
გამეცინა. ელოსაც გაეცინა. ჯერ ისე, ხმადაბლა ვიცინოდით, მერე ხარხარი აგვიტყდა და ვერ გავჩერდით. ორივეს აშკარა ნერვული შეტევა დაგვემართა. გაოცებულმა ეთომ ოთახში თავი შემოყო.
- რა სიკვდილი გეტაკათ? - დაინტერესდა.
- არაფერი ისეთი, ვნერვიულობთ, - სიცილისგან თვალაცრემლებულმა მივუგე.
- ამას კაი, გასაგებია, რაც სჭირს, მაგრამ შენ რაღა დაგემართა?
- მე-ეეე, ჰა, ჰა, ჰა, - სიცილს ვერ ვიკავებდი, - მე დამემართა, თუ დამემართააა, ხა,ხა, ხააა! - ვერ ამოვისუნთქე, - სამსახურიდან წამოვედი! - უცებ დავსერიოზულდი და გამოვაცხადე.
გოგოები გაოგნებულები მომაჩერდნენ.
- რა-აა? - საწოლიდან წამოიწია ელო, - სულ წამოხვედი?
- კი, სულ, - მტკიცე, მაგრამ სევდიანი ხმით წამოვიძახე და ხელისგულები მუხლისთავებზე დავიტყაპუნე.
- რატომ, ქალო? - დასვა მორიგი შეკითხვა ელომ.
- მერედა, შენი რეზი? - შეენაცვლა ეთო.
- ეჰ, გოგოებო, დღეიდან აღარც სამსახურია და აღარც ჩემი რეზი. მორჩა, მსხვილი წერტილი დავსვი.
- რას ამბობ, ნენე. ხომ კმაყოფილი იყავი? იჩხუბეთ რამეზე?
- ნეტავ გვეჩხუბა, - ჩავიცინე, - არ გვიჩხუბია, მაგრამ ვიჭიდავეთ. - განვავრცე თემა.
- როგორ, როგოოორ? - თვალები მოწკურა ეთომ და თავი ისე შეაბრუნა, თითქოს ყური მომიშვირაო.
მეც ავდექი და შეულამაზებლად ჩამოვარაკრაკე, რააც თავს გადამხდა.
- გადიიი! - ხელი მხარზე დამკრა ელომ, - არ არსებობს!
- მართლა ეგრე იყო, მამას გეფიცები!
- დედააა! რაც შენ მაგ კაცზე ოცნებობდი… - წამოსცდა ეთოს, - რას ვიფიქრებდი, თუ…
- შენ წარმოიდგინე! პა-პა-პა-პა! - ტუჩები თევზივით ავაცმაცუნე და ასეთი ხმა გამოვეცი, - მეც არ ვიფიქრებდი, მაგრამ ასე მოხდა. ასე რომ, ჩემო ელო, მე უარეს დღეში ვარ, მაგრამ შენსავით კი არ ვიკლავ თავს გლოვით.
- გოგო, ძლივს შეუმჩნევიხარ იმ კაცს და ხელი როგორ ჰკარი? - ვერ მოითმინა ელომ.
- აბა, რა მექნა? მტრისას, ეგ ამბავი მაგის ცოლის ყურამდე რომ მივიდეს! თავი მომეჭრება!
- მაგის ცოლს რას დაეძებ? ცოლი რომ სდომებოდა, შენ კი არ მოგახტებოდა. რახან აერიათ ურთიერთობა, გაშორდება კიდევაც და მორჩა, ბურთი და მოედანი შენია.
- არაა, ეგრე არ მინდა. რა ძალა მადგია? კაცი დაილია? სხვა გამოჩნდება. - ისე უდარდელად გამომივიდა, თითქოს სათადარიგო კაცი კარს მიღმა მელოდებოდა.
- კაცი კი გამოჩნდება, მაგრამ სამსახური? - ეთო კედელთან ჩაცურდა და იატაკზე ფეხმორთხმით დაჯდა, - მასეთ სამსახურს სად იშოვი?
- რაღაცას ვნახავ. შევალ ამაღამ ინტერნეტში, მოვიძიებ ვაკანსიებს და სივის გავგზავნი. დავიჯერო, არავის მოეწონება ჩემი კანდიდატურა?
- კი, რატომაც არა, - ეჭვშერეული ტონით დამეთანხმა ეთო, - მაგრამ ისევ თავიდან მოგიწევს კარიერის აწყობა. პირდაპირ ეგრე კარგ პოზიციაზე არავინ დაგსვამს.
- დამსვამენ! - თავდაჯერებით მივუგე, - ბოლოს და ბოლოს, ამდენი ენა ვიცი, საოფისე საქმეებში ბადალი არ მყავს, გარეგნობითაც არ დავიწუნები, ასაკით - მით უმეტეს. რა პრობლემაა? - მოჩვენებითი მხიარულებით ამოვატრიალე ხელისგულები.
- ღმერთმა გისმინოს… - ამოიოხრა ეთომ და ადგა, - გამოდით ახლა, ჩემი ნაცოდვილარი სუპი შევხვრიპოთ, თორემ კუჭი დამიპატარავდა შიმშილისგან.
ელო, ბოლო რამდენიმე წუთს რომ ჩუმად იჯდა და ჩვენს საუბარს ისმენდა, სწრაფად წამოხტა, თვალებზე მუჭები ამოისვა და პირველი გავიდა საძინებლიდან.
ცოტა არ იყოს, ჩემმა აღსარებამ შემამსუბუქა, შვება ვიგრძენი. აი, რატომაა კარგი მეგობრებთან დარდის დაცლა. მნიშვნელობა არა აქვს, გაგიგებენ თუ ვერ გაგიგებენ, მთავარია, რომ ყოველთვის გვერდით დაგიდგებიან და ან გაგამხნევებენ, ან თანაგიგრძნობენ. ამწუთას კი მე ორივე მჭირდებოდა.
რა ვიზამ, ხან ასე იქნება, ხან ისე. ისეთი დრო მოვიდა, საკუთარ მომავალს შენს გემოზე ვერ დაგეგმავ. მით უფრო, ჩემი კატეგორიის ადამიანები, - ისინი, ვინც ცხოვრებისგან მეტს ითხოვენ, მაგრამ ნაკლებს იღებენ… განსაკუთრებით, ოცდამეერთე საუკუნეში. ჩვენი ეპოქა ხომ დიდი დელიკატურობით არ გამოირჩევა.
გოგოებთან ყოფნამ ცოტა შემამჩატა, მაგრამ როგორც კი შინ დავბრუნდი, სევდამ ისევ დამამძიმა. ასე მეგონა, 69-კილოგრამიანი ქვა მეკიდა ზურგზე. არა, - გულზე. მკერდქვეშ რაღაც ისე მიჭერდა, სუნთქვას გზას უღობავდა. ჰაერი ვერ მიმქონდა. სულ იმაზე ვფიქრობდი, ხომ არ ვიჩქარე-მეთქი. იქნებ ჯობდა სამსახური არ დამეკარგა? სადღა ვიშოვიდი ახლა უკეთესს? რა კარიერა დამეშალა… მეცხრე საფეხურიდან ჩამოვვარდი. არადა, მშვენიერი ტემპით მივიწევდი მაღლა, უმაღლესი მწვერვალისკენ, კარიერის მეცამეტე საფეხურისკენ.
კარი რაც შეიძლებოდა უხმაუროდ გავაღე, ფეხზე გავიხადე და თითის წვერებზე შემდგარმა პირდაპირ ჩემს ოთახს მივაშურე. ჩემებს არ ეძინათ, მაგრამ, როგორც ყოველთვის, ტელევიზორთან ისხდნენ და რაღაც კონცერტს უყურებდნენ.
ოთახში შევიპარე, შუქი არ ამინთია. სიგიჟემდე მინდოდა წყლის გადავლება, მაგრამ ახლა ვერა. ესმას დანახვას მერჩივნა, დაუბანელს დამეძინა. გაუხდელად მივწექი საწოლზე და გონებით ფიქრებში გადავეშვი. სიბნელეში ფიქრი ერთი სიამოვნებაა. ფიქრი და სიბნელე უხდება ერთმანეთს, შეუდარებელი ტანდემია.
რაღაც უნდა ვიღონო. უსამსახუროდ ვერ გავძლებ, უსამსახუროდ გამიძნელდება. ესმას ვერ გამოვუჯდები სახლში. ესმა და უმუშევრობა ცხრაჯერ უფრო სწრაფად მომიღებს ბოლოს.
რაღაც უნდა ვიღონო… რაღაც…
უცნაურია, რეზიმ რომ არ დამირეკა. ნეტავ რატომ? რა იფიქრა? სინდისმა ხომ არ შეაწუხა? თუ პირიქით, კმაყოფილებაც კი დაეუფლა, ასე რომ მომექცა? იქნებ ჰგონია, რომ მისი პირველი თავდასხმითი ნაბიჯი მომავალი გამარჯვების საწინდარია? იქნებ ამით ფორას მაძლევს, რომ შემდეგში უფრო მედგრად შემომიტიოს? ეს სიჩუმე კი, მისგან ასეთი ხმაურით რომ მოდის, იმისთვის არის გამიზნული, რომ ლოდინით გულგაწვრილებულმა სასოწარკვეთა ვიგრძნო და პირველი მე შევეხმიანო? ამის იმედი აქვს? ვერ მივართვი! განცხადების დასაწერადაც კი არ მივალ. კონტრაქტს რაც შეეხება, მისი დარღვევის არ მეშინია. რეზი ვერ გაბედავს ჩემთან კონტრაქტის ენით დალაპარაკებას.
იმედია…
ისე, რატომ მქონდა ასეთი რეაქცია? მე ხომ მიყვარდა იგი. ოცნებებში განა არ წარმოვიდგენდი, როგორ მეფერებოდა და მკოცნიდა? განა ამით არ ვცოცხლობდი? როცა საქმე რეალობაზე მიდგა, რამ შემაშინა?
რამ და რეალობამ. ოცნება სხვა სამყაროა, რეალობა - სხვა. ეს იგივეა, ვირტუალურად ვიღაც შეგიყვარდეს, თვალით ნანახი არ გყავდეს, მერე შეხვდე და უეცრად იმედგაცრუება იგრძნო. ასე ხშირად ხდება. ასე ყოველთვის ხდება. მეც ასე დამემართა.
სამსახურზე ფიქრმა თავი ამატკივა. უეცრად დეიდაჩემი გამახსენდა, ერთ-ერთ დასაქმების სააგენტოში რომ მუშაობდა. პრინციპში, მაგ სააგენტოებით დიდ ვერაფერ სამსახურს იშოვის ადამიანი, მაგრამ იქნებ დროებით მაინც გამომიძებნოს რამე. ტუმბაზე შემოდებულ ჩანთას დავწვდი, მობილური მოვიმარჯვე და ნაცნობი ნომერი მოვძებნე.
დეიდაჩემთან ყოველთვის კარგი ურთიერთობა მქონდა, არაჩვეულებრივად ვეწყობოდით ერთმანეთს. მიუხედავად იმისა, რომ დედასთან კონტაქტი გავწყვიტე, ერთი საყვედური არ უთქვამს. ის კი არა, გამამართლა კიდევაც, სწორად მოიქეციო.
- ნუცი, გცალია? რაღაც მინდა გითხრა, - ეგრევე ვკითხე, როგორც კი მიპასუხა.
- შენთვის ყოველთვის მცალია, ჩემო ბარტყო, რა იყო, რა მოწყენილი ხმა გაქვს? მოგუდულად რატომ ლაპარაკობ?
- არ მინდა ჩემებმა გაიგონონ, ჩემს ოთახში ვარ შემოპარული. ხომ არ გაგაღვიძე?
- არა, რა გამაღვიძე. ასეთ დროს რა დამაძინებს, ვმუშაობ. ხომ იცი, საკუთარი სააგენტო რომ გავხსენი?
- რას ამბობ, მართლა? ვაა, გილოცავ, დეიდიკო, გამიხარდა. აქამდე რატომ არ მითხარი?
- ჯერ ბოლომდე არ მომიგვარებია რაღაც საბუთები, თუმცა ფინიშისკენ გავდივარ. ერთი კვირა და დავლაგდები.
- ანუ იქიდან წამოხვედი?
- არა, ჩემს შემცვლელთან ვმუშაობ ჯერ. არ არის საქმეში ჩახედული, ცოტა გავარჯიშება უნდა და ვეხმარები. შენ ის მითხარი, რა გჭირს, რამ შეგაწუხა?
- რამ და… - ამ დროს ესმას ხმა შემომესმა, მამაჩემს გასძახოდა, რა დროს ყავაა, ჩაის მოგიდუღებო. გამორიცხული არ იყო, ჩემს ოთახშიც შემოეხედა. ამიტომ გადაწყვეტილება მყისიერად მივიღე.
- ნუცი, ტელეფონით არ მინდა გელაპარაკო. ამაღამ შენთან რომ ამოვიდე და დავრჩე, პრობლემა ხომ არ იქნება?
- გაგიჟდი? რა პრობლემაა, მოდი, გოგო, მოდი და რამდენ ხანსაც გინდა დარჩი. გენრისაც გაუხარდება.
გენრი ბიძაჩემია, ნუცის მეუღლე. საყვარელი და ბუნჩულა კაცი. უკვე ასაკოვანი, მთელი 19 წლითაა დეიდაჩემზე უფროსი, მაგრამ ისეთი მყარი ოჯახი აქვთ, მოყვარესაც რომ შეშურდება.
- კარგი, გამოვდივარ.
- გამოფრინდი, ბარტყო. ხომ იცი, ჩვენი სახლის კარი ყოველთვის ღიაა შენთვის.
სახლიდან გაპარვა უკვე აღარ გამოვიდოდა. რომ დამინახა, ესმას თვალები გაუფართოვდა, როდის მოხვედიო და როცა ვუთხარი, ისევ მივდივარ-მეთქი, ლამის გადმოეკარკლა.
- საით გაგიწევია ასე გვიან? - და ლოჯიისკენ გაიხედა, სადაც მამაჩემი ეგულებოდა.
- დეიდაჩემთან. კორონა გადაუტანია და უნდა ვინახულო. - უმოწყალოდ ვიცრუე.
- ოჰჰ! - შეიცხადა და ლოყაზე შემოირტყა ხელი, - რომ გადაგედოს და მერე ჩვენც გადმოგვდო?
- უკვე მოიხადა-მეთქი, ესმააა! - ხაზგასმით განვუმარტე და გაღიზიანებულმა კარისკენ ავიღე გეზი.
- გე… გე… - ენა დაება ქალს, ბოღმისგან ისე გაწითლდა, - გეთქვა მაინც მამაშენისთვის.
ის დამემართა, რაც არ მჩვეოდა და მასთან მით უმეტეს, არასდროს გამომიმჟღავნებია - ავენთე. თვალები დავაბრიალე და რაც შემეძლო, თავშეკავებულად მივუგე:
- პატარა გოგო არა ვარ, ვიცი, რასაც ვაკეთებ, სად და რა დროს მივდივარ. მამას შენ უთხარი, თუ ასე გინდა! - გაგულისებულმა კარი გავიჯახუნე და კიბეზე დავეშვი…
ნახევარი საათის შემდეგ უკვე დეიდაჩემის პატარა კაბინეტში ვიჯექი. მოვუყევი, სამსახურიდან რომ წამოვედი.
- მიზეზი შეგიძლია ამიხსნა? მაგისთანა სამსახურს უმიზეზოდ არ დატოვებდი.
თავი გავაქნიე და სიგარეტის ბოლი ხელის გაქნევით გავფანტე. ნუცი უზომოდ ბევრს ეწეოდა, როგორც ყოველთვის:
- არ შემიძლია, ნუცი.
- იქნებ არ იჩქარო, დაფიქრდე და უკან დაბრუნდე?
- უკვე ვიფიქრე და არ დავბრუნდები.
- აბა, რა გიყო ახლა მე შენ? ერთადერთი, რაც შემიძლია, იქნებ რაღაც დროებითი გიშოვო, სანამ რამეს გავარტყამთ. ჩემთან ხომ იცი, ისეთი არაფერია.
- ვიცი. ამ ეტაპზე ნებისმიერი რამ მაწყობს, მთლად დამლაგებლად ვერა, მაგრამ მომვლელად მაინც ვიმუშავებ, ოღონდ რამდენიმე თვით. მერე რაღაცას გამოვნახავ.
გაგრძელება იქნება