მაგრამ რას? ამაზე ფიქრი მხრავდა. ჯერ კიდევ არ ვიცოდი, რას გავაკეთებდი მომავალში და ეს "რამდენიმე თვე" რამდენ თვემდე გაგრძელდებოდა.
- ოხ, შენ რა გითხარი. ასეთ ექსტრემალურ სიტუაციაში სამსახურის დაკარგვა იქნებოდა? კომპანიები პანტაპუნტით ყრიან თანამშრომლებს სამსახურიდან, კოვიდმა ბიზნესი დაგვიზარალა და ზედმეტი ხალხი არ გვჭირდებაო. შენ კიდევ როგორი აწყობილი გქონდა საქმე და…
- რაც იყო, იყო. ახლა წინ უნდა გავიხედო. ადრე იქნება თუ გვიან, ვიშოვი სხვა სამსახურს, მაგრამ ამ ეტაპზე უფრო მსუბუქი საქმე მაწყობს. ჩემი სპეციალობით თანამდებობაზე უცებ არავინ დამსვამს. მერე ვნახოთ. ოდესმე ხომ ვიქნები მზად ამისთვის.
- ოდესმე! - დანანებით წამოისროლა ნუციმ.
გამეღიმა.
- სიმართლე გითხრა, არ ვარ დარწმუნებული, მინდა თუ არა იმით დავკავდე, რასაც აქამდე ვაკეთებდი. იქნებ პროფესია გამომეცვალა?
- იხუმრე, იხუმრე, სხვა რა დაგრჩენია, - სათვალე მოიხსნა დეიდაჩემმა, ნახევრად მოწეული სიგარეტი საფერფლეს დაასრისა და მონიტორს თვალი მოაცილა, - დამიჯერე, შენ ყველაფერს გაართმევ თავს, რასაც ხელს მოჰკიდებ. ვიცი, როგორი ყოჩაღი მყავხარ. გახსოვს, სტუდენტობის პერიოდში ბარში მიმტანად რომ მუშაობდი? გიჟს ჰგავდა დედაშენი, - გაიცინა და თავისი ჩაწიკწიკებული კბილები გამოაჩინა, - სხვათა შორის, მაშინ რომ მოგესურვებინა, იქ კარგ თანამდებობასაც გამოჰკრავდი ხელს.
- იქნებ მიმტანობა სჯობდეს, ვინ იცის, - მეც გავიცინე, - ახლა კი შევალ, წყალს გადავივლებ, კარგი? სახლში ვერ მოვახერხე. მაგ ესმას შემყურე ოთახიდან გამოსვლა არ მინდა.
- რა იყო, დედინაცვალი ნერვებს გიშლის? - ალმაცერად გამომხედა დეიდამ.
- ისე რა. ბევრი ლაქლაქი უყვარს. ისე იქცევა, ვითომ გიჟდება ჩემზე. არ იცი, როგორ ცდილობს ჩემთან დადაქალებას, - თავშეუკავებელი ხარხარი ამიტყდა და უცებ ავიფარე პირზე ხელი, - გენრი ძიას ხომ არ გავაღვიძებ?
- არაა, ბომბი რომ აუფეთქო ახლა ყურებთან, მაინც ვერ გაიგებს. დამიბერდა ჩემი ბუთქუნა, შეღამდება თუ არა, ეგრევე ლოგინში დურთავს ხოლმე თავს. არ გშია?
- არაა. წეღან ეთოსთან ვიყავი და სუპით გავსკდი.
- მომისმინე, ცალკე გადასვლას რომ აპირებდი, გადაიფიქრე? - გაახსენდა უცებ ნუცის.
- მაგას რა დამავიწყებს, მაგრამ ჩემი გადასვლა ესმასთვის სიკვდილის ტოლფასი იქნება. ლამის მოსამსახურედ გამიხადა. სადილი ჩემი გასაკეთებელია, სახლი - ჩემი დასალაგებელი. სულ ცუდადაა, სულ თავი სტკივა, სულ წნევა აქვს. ნუ, მოკლედ… როგორც კი ამაზე სახლში საუბარს წამოვიწყებ, მაშინ გაახსენდებათ ყველა ოჯახური პრობლემა.
- ეგ პრობლემები არ დაილევა. გახსოვს, კიბიდან რომ დაგორდა და კინაღამ ფეხი მოიტეხა? მაშინაც გადასვლას აპირებდი. აფერისტი ქალია, სპეციალურად დაგორდა მაშინ კიბიდან, თორემ არც არაფერი სჭირდა, გასიებითაც კი არ გასიებია ფეხი.
- რა უცებ უღებ ალღოს ადამიანებს, ნუცი.
- ეგ არაფერ შუაშია, უბრალოდ, ესმას მანამ ვიცნობდი, სანამ შენი დედინაცვალი გახდებოდა.
- ჰო, გამახსენდა, ნათქვამი გაქვს.
- მიდი მაშინ, იბანავე და დაწექი. შენი ლოგინი ისევ ისე ხელუხლებელია. თეთრეული არც გამომიცვლია, პიჟამაც იქვე დევს, ტუმბას უჯრაში.
დეიდას ლოყაზე ხმაურით ვაკოცე და სააბაზანოს მივაშურე…
მეორე დილით სამივემ ერთად ვისაუზმეთ. გენრი ძიას ისე გაუხარდა ჩემი დანახვა, მისაყვედურა, წუხელ რატომ არ გამაღვიძე, უფრო მეტ დროს გავატარებდი შენთანო.
- ისე "ტკბილად" ხვრინავდი, ხელი არ შეგიშალეთ, - გაუცინა ცოლმა.
- მებომ რაო, როგორ ვარო? რეკავს ხშირად? - ახლაღა გამახსენდა ჩემი კბილა დეიდაშვილი, რომელიც ბათუმში მუშაობს.
- ძაან დაკავებულია, მაგრამ დარეკვას ახერხებს.
- ცუდი ბიჭი, მე კი არ დამირეკავს, თუ იქით არ შევეხმიანე.
- რას იზამ, თავზე აყრია საქმეები. იმხელა ქსელს ემსახურება… ახლა კიდევ ორი სასტუმრო ჩააბარეს და ჭკუაზე არ არის.
- დავურეკავ ერთი, მოვიკითხავ, - ბოლო ლუკმა გადავყლაპე და წამოვხტი, - მეჩქარება, უნდა გავიქცე. გენრი ძია, ძალიან გამიხარდა თქვენი ნახვა.
- მეც, ჩემო გოგო, მეც. ხომ იცი, ჩემი მებოსავით მიყვარხარ.
- ვიცი და ამიტომაც მეც მაგრად მიყვარხართ სამივენი, - ორივეს ვაკოცე და წასასასვლელად გავემზადე.
ნუციმ კარამდე მიმაცილა.
- უკეთ ხარ? წუხელ ცოტა არეული მეჩვენე.
- კი, შედარებით უკეთ, - იდუმალი ღიმილი ვესროლე.
- არა უშავს. ოცდაოთხ საათში ისე დაგავიწყდება ყველაფერი, როგორც ცუდი სიზმარი. - დამარწმუნა დეიდამ.
ეჰ, როგორ მინდოდა დეიდაჩემი მართალი გამომდგარიყო, მაგრამ სულაც არ ვიყავი დარწმუნებული, რომ გუშინდელი სტრესი ასე უცებ და ადვილად გამივლიდა.
ის იყო, კარი შევაღე, რომ ესმა აფოფრილი შემომეგება.
- ამიხსენი, ნენე, რა ხდება? - მისი გულის გამაწვრილებელი ხმა ჰაერში გაიბნა, - ორჯერ დარეკა შენმა უფროსმა, რეზია თუ ვიღაცა. შენთან დალაპარაკება უნდოდა. მიმტკიცებდა, მობილურზე ბევრჯერ ვცადე დარეკვა, მაგრამ გამორთული აქვსო. რატომ გაქვს ტელეფონი გამორთული? მართლა დეიდაშენთან იყავი? - მისი ეჭვიანი მზერა გარს შემომეხვია.
- აბა, სად ვიქნებოდი, ესმა, რა უცნარ რამეს მეკითხები? თუ არ გჯერა, დაურეკე და გეტყვის. მობილური გამოვრთე წუხელ, რადგან მშვიდად დაძინება მინდოდა. დილით კიდევ ჩართვა დამავიწყდა.
მართლა ასე იყო. ჩართვა დამავიწყდა. თანაც, რადგან მანამ არ დამირეკა, რეზის ზარს უკვე აღარ ველოდებოდი.
- ჰოდა, შენ თვითონ გადაურეკე. ნეტავ რაში დასჭირდი, ამ დილაუთენია რომ ვერ ითმენს?
- წარმოდგენა არა მაქვს, - თავი მოვიკატუნე, - სადილის მომზადება ხომ არ დაგიწყია? - ვკითხე, რათა სხვა რამეზე გადამეტანა საუბარი და ფეხსაცმლის გახდა დავიწყე.
- არა, ნენე, არა, დილიდან საშინლად მტკივა თავი. სადილის გაკეთება შენზეა დღეს, რა ვქნა. მე სულ არ შევჭამ არაფერს, მაგრამ მამაშენს რა ვუყო? საღამოს ისეთი დაღლილი მოვა, რომ არაფერი დავახვედრო, მისაყვედურებს.
"დავახვედრო"… მე უნდა მოვამზადო და ამან დაახვედროს! ჰმ! აწყობილი აქვს ცხოვრება!
ტანსაცმელი გამოვიცვალე და სამზარეულოს მივაშურე სადილის მოსამზადებლად.
თორმეტი საათი იქნებოდა, საქმეს რომ მოვრჩი. მერეღა გამახსენდა, ტელეფონის ჩართვა რომ გადამავიწყდა და ჩავრთე. ექვსი გამოტოვებული ზარი დამხვდა რეზისგან. გულმა დაგადუგი ატეხა. წარსული ჩემს აწმყოში გაუფრთხილებლად ლამობდა შემოჭრას.
როგორც ჩანს, მესიჯი მიუვიდა ჩემი მობილურის ჩართვის შესახებ, რადგან ეკრანი წამსვე განათდა და მის სახელზე დაყენებული მელოდია ამჯერად უსიამოვნოდ ამღერდა. როგორ მიყვარდა ეს სიმღერა. სპეციალურად დავაყენე რეზის ნომერზე, რომ მის ყოველ ზარზე გული გამთბობოდა. ახლა კი საშინელი სიცივე ვიგრძენი.
არ ვუპასუხე. არ მქონდა მასთან საუბრის თავი. წყენას და ტკივილს ერთნაირი დოზით ვგრძნობდი. ის რეკავდა და რეკავდა. მე კი არა და არ ვპასუხობდი. რა მელოდება წინ? მაღელვებს კი კარიერული აღმასვლა? მჭირდება ეს რამეში? სრული დაბნეულობა დამეუფლა.
ისევ და ისევ მისი კოცნა მახსენდებოდა. ძალიან მწირი გამოოცდილება მქონდა მსგავს რამეებში, მაგრამ ის კი მესმოდა, რომ რეზის კოცნა სულაც არ ჰგავდა მეგობრულს.
ამ დროს მესიჯის სიგნალმა დაიწკაპუნა. ის იყო, მწერდა: "რატომ მარიდებ თავს? რა გაწყენინე? მეგონა, შენც გიყვარდი. კი არ მეგონა, ვიცი, რომ ასეა. მოდი, შემხვდი. ვილაპარაკოთ. ვცადოთ ერთად ყოფნა, კარგი?"
მისმა სმს-მა გულის სწორედ იმ ნაწილში მომიჭირა, რომელიც ყველაზე ემოციური იყო. მივწერო პასუხი? არ მივწერო? გადაწყვეტილება სინათლის სიჩქარით მივიღე და ტექსტი უსწრაფესად, თან უშეცდომოდ ავკრიფე: "დიდი მადლობა, მაგრამ მაგ ექსპერიმენტში მონაწილეობას არ ვაპირებ! ნუღარ შემეხმიანები. მე წამოვედი სამსახურიდან!" - და როგორც კი გაგზავნის ღილაკს თითი დავაჭირე, ტელეფონი ისევ გავთიშე. კიდევ რომ მოეწერა რამე და მეც მეპასუხა, ეს უკვე დათმობის ნიშანი იქნებოდა და არ მომეშვებოდა. მეც, რომ ვაღიარო, საკუთარი თავის იმედი არ მქონდა.
არადა, რას ვემალები? რატომ არ მივახლი პირში, რისი ღირსიცაა? ასე როგორ მომექცა? როგორ გამიბედა? ან როდის მიხვდა, რომ მიყვარდა? ფორიაქმა შემიპყრო. უეცრად ზიზღი ვიგრძენი იმ ყველაფრის გამო, რაც უთქმელი დამრჩა. მშიშარა! მშიშარა ვარ და მეტი არაფერი! მხდალი, უსუსური!
არა, არა, ასე არ შეიძლება. როგორმე კისერი უნდა მოვუგრიხო ჩემს უსიამოვნო წარსულს!
შევეცადე გასული დღის მოვლენები გონებაში ისევ აღმედგინა, ამჯერად უფრო დეტალურად. მას მერე, რაც ჩემი კაბინეტიდან გამოვვარდი, ლიფტთან მივირბინე, იქ კი… გამახსენდა, ვიღაც ბიჭი რომ გამომელაპარაკა და უკმეხად მოვიშორე. ნეტავ რას ვერჩოდი? საწყალი… არაფრის გამო ვეუხეშე. არადა, რა სიმპათიური იყო… კარგად კი დამამახსოვრდა, ისე. მაღალი, თვალებლამაზი… ოღონდ რაღაც უცნაური ფერის თვალები ჰქონდა. ცისფერი? არა, არც ნაცრისფერი… მოკლედ, რაღაცნაირი. ისე, მგონი, მართლა გულით სურდა ჩემი დახმარება, მე კი ერთობ არათავაზიანად მოვექეცი.
არა უშავს, როგორმე გადაიტანს. მე შენ გეტყვი, ყოველდღე შემხვდება სადმე ლიფტში.
ამწუთას ის უფრო მადარდებდა, ჩემებისთვის როგორ მეთქვა, რომ სამსახურიდან წამოვედი. მამა, ალბათ, ინერვიულებდა, რაც ახლა სულ არ მაწყობდა. კიდევ კარგი, შაბათი იყო და წესით, შემეძლო "დასვენება", თუმცა "ბედნიერ დროს", ანუ გუშინდლამდე, მე შაბათობითაც სამსახურში გავრბოდი.
უცებ ესმას ხმა გავიგონე, მეძახდა. მაშინვე გამოვედი საძინებლიდან.
- კარგი სუნები კი დაგიყენებია, ნენე, - დედინაცვლური ღიმილი მომაფრქვია, - დღეს არ მუშაობ? მეგონა, უკვე წახვედი.
სწორედ ამ დროს სახლის ტელეფონის ზარი გაისმა და ესმაც მაშინვე ყურმილს ეცა.
- ალო? გისმენთ, გისმენთ! ვინ? რეზი? ააა! როგორ, არ დაგირეკათ? მე გადავეცი, თქვენ რომ დაურეკეთ! - ენად გაიკრიფა ჩემი დედინაცვალი და მრავალმნიშვნელოვნად შემომხედა, სანამ ჩემს ყოფილ ბოსს ესაუბრებოდა.
სასოწარკვეთილმა თავი გავაქნიე და ესმას თვალებითა და ხელების ქნევით "არ ვარ სახლში" ვთხოვე იმ იმედით, რომ არ გამცემდა. მცირეოდენი ყოყმანის შემდეგ მისი ხმაც გაისმა:
- სამწუხაროდ, ნენე ახლა შინ არ არის. თუ რამეს დამიბარებთ, აუცილებლად გადავცემ.
რეზიმ აშკარად არ მოისურვა ჩემს დედინაცვალთან საუბრის გაგრძელება, რადგან ესმამ ყურმილი დაკიდა და "ამიხსენი ერთი, რა ხდება" მზერით შემომაშტერდა.
- მოკლედ… საქმე ისაა, რომ… სამსახურიდან წამოვედი, - უხერხულად ამოვთქვი და ყურის ბიბილო მოვისრისე.
- სუულ? - თვალები დააჭყიტა ესმამ.
- სულ, - დავუდასტურე.
- მერე რას გირეკავს? არ იცის თუ?
- კი, იცის, მაგრამ უნდა, რომ უკან დამაბრუნოს.
ქალი მაშინვე დაფაცურდა, გვერდით ამომიდგა და შეეცადა ბოლო წვრილმანამდე გაეგო ჩემი კომპანიიდან წამოსვლის მიზეზები, მაგრამ მაგის ჩიტი ვიყავი, ეგ მეჭამა? პატარა უსიამოვნების გამო-მეთქი, მოჭრილად მივუგე და დავდუმდი.
უეცრად ესმას თვალები გაუნათდა, თითქოს იდეალური აზრი მოუვიდა თავშიო და მლიქვნელურად გამიღიმა.
- ძაან კარგი გიქნია, ნენე. გადასარევია! ჩვენთან იქნები და სანერვიულოც არაფერი გექნება.
"კი, როგორ არა! შენთან ყოფნა იმას ნიშნავს, რომ მოსამსახურედ მაქციო. დარეცხე, დაალაგე, საჭმელი გააკეთე, მიდი, მოდი…"
- თქვენთან ისედაც ვარ და ასედაც, მაგრამ შინაბერასავით შინ ჩაჯდომას არ ვაპირებ. უკვე ვეძებ ახალ სამსახურს. იმედია, რაღაც გამომიჩნდება. ნუცისთანაც მაგიტომ წავედი წუხელ.
უცებ შეეცვალა სახე, ეს ამბავი დიდად არ ეჭაშნიკა.
- რატომ ჩქარობ, გოგო, ცეცხლი გიკიდია? დაისვენე ცოტა, გაიარ-გამოიარე, თვალს წყალი დაალევინე. მეც წამეხმარები ცოტას. ვერ ხედავ, რა ცუდად ვარ? ძლივს დავდივარ, ისეთი თავის ტკივილები მაწუხებს ბოლო დროს. ფეხებიც საშინლად მისივდება. მეშინია, ვაითუ დიდი დრო არ მაქვს დარჩენილი.
- შენ რა მოგკლავს, ესმა, - სიცილი ვერ შევიკავე, - ბარე ცხრა ჩემნაირს მოინელებ. რა დროს შენი სიკვდილია, ძლივს… - და ენას კბილი დავაჭირე, თორემ უნდა მეთქვა, ძლივს გათხოვება გეღირსა-მეთქი.
მაინც მიხვდა და აიმრიზა, თუმცა არ შემომპასუხებია. სწორედ მისი ეს თვისება გვშველოდა ორივეს, კამათით ერთმანეთი არ დაგვეხოცა.
- რაც შეეხება საშინაო საქმეებს, დაგეხმარები, არაა პრობლემა. - დავამშვიდე, - მაგრამ იცი, რა ვიფიქრე? რახან შენ არ შეგიძლია, იქნებ ვინმე აგეყვანა? ყოველდღე თუ არა, ყოველ მესამე დღეს რომ იაროს, სახლი დაალაგოს, სარეცხი, საჭმელი, რა ვიცი… - სრული გულწრფელობით შევთავაზე.
- ღმერთო ჩემო, საღსალამათი გოგო ჰყავხარ მამაშენს, ჯან-ღონით სავსე და მოსამსახურეში ვყაროთ ფულები? რას მოიგონებ ხოლმე! ბარემ თქვი, მე არაფრის გამკეთებელი ვარო და გვეცოდინება.
ისევ გამეცინა. აღარ ავყევი. ამჯერად მე დავთმე, თორემ აუცილებლად ჩხუბში გადაგვივიდოდა. ეს კი მამაჩემს ააღელვებდა, რასაც ყოველთვის ვერიდებოდი.
- არ უთხრა მამას ჩემი ამბავი, კარგი? - ბანზე ავუგდე სიტყვა.
- ვითომ რატომ? რა, ვერ გაიგებს თუ?
- მერე თვითონ ვეტყვი, ცოტა მოგვიანებით. არ მინდა ინერვიულოს.
- კაი, ბატონო, - თავის გვერდზე გადახრით და ცალი მხრის აჩეჩით მომიგო ესმამ, მაგრამ ხმის ინტონაციით მივხვდი, რომ როგორც კი მომენტი ჩაუვარდებოდა, გიორგის ამ ამბავს "ახარებდა".
ისევ ოთახში შევბრუნდი, მობილური მოვიმარჯვე და კადრებში დავრეკე განცხადების თაობაზე. ეიჩარს ვუთხარი, სხვაგან გადავდივარ სამუშაოდ და განცხადება ელფოსტით რომ გადმოგიგზავნოთ, პრობლემა ხომ არ იქნება-მეთქი. როცა დადებითი პასუხი მივიღე, ავდექი და ლეპტოპი მოვიმარჯვე. წამში გავაშანშალე განცხადება, ოჯახური მდგომარეობის გამო სამსახურიდან გამათავისუფლეთ-მეთქი და გადავაგზავნე.
ხუთი წუთიც არ იყო გასული, რომ ფოსტაზე თალაკვაძის წერილი მომივიდა. რეზი მწერდა: "მაპატიე, ნენე, უაზროდ მოვიქეცი. პირობას გაძლევ, მსგავსი არასდროს განმეორდება, ოღონდ კი დაბრუნდი. არ ვიცი, რამ მომიარა, ვხვდები, დიდი შეცდომა დავუშვი. როგორც ჩანს, რაღაცები მომელანდა და ვიჩქარე. შენ მაინც ნუ იჩქარებ. ხომ იცი, ჩემი კომპანიის კარი ყოველთვის ღია იქნება შენთვის".
ძლივს ვიკავებდი ცრემლებს, სანამ წერილს ვკითხულობდი. ვგრძნობდი, რომ ახლა უფრო მეტად მიყვარდა, ვიდრე ოდესმე, მაგრამ დაბრუნება არ შემეძლო და ეს უარეს ტკივილს მაყენებდა.
პასუხი არ მიმიწერია, რაც უკვე საბოლოო უარს ნიშნავდა. ეს ნაბიჯი მოვუწონე ჩემს თავს, თუმცა რის ფასად დამიჯდა ამის გაკეთება, ნუ მკითხავთ.
ორი კვირა გავიდა, რაც სამსახური დავტოვე, უფრო სწორად, რაც რეზი თალაკვაძე მივატოვე. სამაგიეროდ, საქმედ ვიქეცი. სახლი ხომ დავაკრიალე თავის იატაკიან-ჭერიანად, მერე ფარდებს მივადექი და ყველა დავრეცხე, დავაუთოე და ისევ დავკიდე. კარადები, გაზი, მაცივარი თუ კაფელი დავხეხე და გავაპრიალე. სადილების მომზადებაზე აღარაფერს ვიტყვი. ნუცის შეგონებით, ოცდაოთხ საათში უნდა გადამვარდნოდა გულიდან სამსახურის მიტოვების დარდი, მაგრამ ასე არ მოხდა. უკვე ექვსჯერ ოცდაოთხი საათი გავიდა და არაფერი მეშველა, ისევ ისე მენატრებოდა ჩემი სამსახური. თუ რეზი?
მინდოდა დამევიწყებინა ყველაფერი და ცხოვრება გამეგრძელებინა. არა, არ გამომდიოდა, არც ნიჭიერად და არც უნიჭოდ. ფიქრებით ისევ იქ ვიყავი, შუშებიანი შენობის მეცხრე სართულზე, ჩემს მბრუნავ სავარძელში კომფორტულად მოკალათებული.
ჩემს განცხადებას რეზიმ ხელი მოაწერა და ამით დაამთავრა. მას შემდეგ არც დარეკვა უცდია და არც მესიჯის თუ წერილის გამოგზავნა. ჩემთან ურთიერთობა ამით დაასრულა, თუმცა დარწმუნებული ვიყავი, დაბრუნება რომ მომესურვებინა, სიხარულით მიმიღებდა.
ცოტაც და, დეპრესიას ავიკიდებდი. ყოველ საღამოს, როცა ვაკანსიებს ვათვალიერებდი გაზეთებსა და საიტებზე, ვგრძნობდი, რომ უფრო და უფრო მეცლებოდა ენერგია და სრული აპათია მეუფლებოდა. მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე კომპანიაში სივიც გავგზავნე, არავინ გამომხმაურებია, თითქოს ყველამ ერთად შეკრა პირი ჩემ წინააღმდეგ. განცხადებებში ბინის გაქირავების შესახებაც დავიწყე ინფორმაციის მოძიება. მართალია, ჯერ ვერაფერს ვიქირავებდი, მაგრამ ამით რაღაცნაირად გულს ვიწყნარებდი. ჯერ სამუშაო უნდა მეშოვა, თანაც მუდმივი, რათა სტაბილური შემოსავალი მქონოდა და სახლიდან წასვლაზე მერე უფრო მშვიდად ვიფიქრებდი. კი მქონდა დანაზოგი, მაგრამ ამ ეტაპზე ცოტა ხელმომჭირნეობა უნდა გამომეჩინა. წინასწარ ხომ ვერ განვსაზღვრავდი, რას მიმზადებდა ცხოვრება.
ერთ საღამოსაც ესმა ისეთ დროს წამომადგა თავზე, როცა ვაკანსიებს ვათვალიერებდი.
გაგრძელება იქნება