_ პური გაგვთავებია, _ მაუწყა და ლეპტოპში მოურიდებლად ჩაიჭყიტა.
_ ახლავე. ორ წუთში გავალ და მოვიტან, _ უხალისოდ მივუგე. რაც შინ დავჯექი, თვითონ ერთხელაც არ უყიდია პური, სულ მე მაგზავნიდა, თანაც ჩემი ხარჯით, თუმცა ამაზე სულაც არ ვბრაზობდი. აბა, უმუშევარი დედინაცვალს ხომ არ `დავაწვებოდი~ კისერზე?
_ რას ათვალიერებ? განცხადებებს? რატომ? _ კოპები შეიკრა და სათვალე შუბლზე აიწია.
_ იმიტომ, რომ სამუშაოს ვეძებ! _ აღრენილმა მივუგე. ნერვები მეშლებოდა, ჩემს ყველა საქმეში ცხვირს დაუკითხავად რომ ყოფდა და ვერ ვუკრძალავდი.
ესმამ ტუჩები მაგრად მოკუმა, ჩემი პასუხი არ მოეწონა, თუმცა ვერც გაპროტესტება გაბედა.
_ როგორც ჩანს, საქმე გამოგელია, _ ირონიულად მითხრა და გატრიალდა.
_ აბა, მთელი სიცოცხლე შინ ხომ არ ვიჯდები? _ აგრესიული ტონით დავადევნე, _ მერე იმასაც მეტყვი, ჩვენ გინახავთო.
უცებ მკვეთრად მოატრიალა თავი და ირიბად გამომხედა:
_ რა, არა? _ აგდებულად დამანჭა ტუჩები.
_ ხოდა, მაგიტომაც ვეძებ! _ მივუგე გაგულისებულმა და ლეპტოპი დავხურე, რათა პურზე ჩავსულიყავი.
მორჩა! ამის ატანას არ ვაპირებ! _ ვფიქრობდი ჩემთვის და კიბის საფეხურებს ორ-ორად ვახტებოდი, _ ბინას ვიქირავებ და ამათ მანამ არ ჩავაყენებ საქმის კურსში, სანამ ბარგს კარამდე არ მივიტან. მერე მიყარონ კაკალი!
გაბრაზებული იმაზეც ვიყავი, რომ მამაჩემი ძალზე მშვიდად შეხვდა სამსახურიდან ჩემი წამოსვლის ამბავს. როგორც ჩანს, ესმამ მისი `დამუშავება~ მოასწრო. არა უშავს, დაჯექი სახლში და აქ მაინც მიეხმარე ამ ქალსო, გამომიცხადა, თითქოს ყველაფერი მისი ცოლის ზურგზე გადადიოდა და მე გულხელდაკრეფილი ვიჯექი.
ჰოდა, მეც ვისწავლე ჭკუა ამ ორი კვირის განმავლობაში. როცა მამა შინ ბრუნდებოდა, მაშინ ავაზუზუნებდი მტვერსასრუტს, მაშინ `მომინდებოდა~ ჯამ-ჭურჭლის რეცხვა და ხეხვა, სკამების ფეხების გაპრიალება და ყველა საქმე, რაც `დღის განმავლობაში ვერ მოვასწარი~.
აი, ასე ვუსვამდი ხაზს ჩემს შრომას, რათა მამას დაენახა, რომ უსაქმოდ არ ვიჯექი. რაში სჭირდებოდათ მოსამსახურე, როცა ასეთი ვერცხლისწყალივით მოძრავი ვყავდით სახლში?
ამიტომაც მალე გავიჯახუნებ კარს და მერე მიყურეთ ორივემ! რაც დედამ მიგვატოვა, სულ მამაჩემზე ვდარდობდი, არაფერზე ინერვიულოს-მეთქი და თურმე სადა ხარ! რაც ესმა დაისვა სახლში, მთლად შეიცვალა, აბსოლუტურად სხვანაირი მამა გახდა, ვეღარ ვცნობდი. ახლა საბოლოოდ ამეხილა თვალები.
დედას ხომ არ შევურიგდე? იქნებ მან მაინც მიიტანოს გულთან ჩემი პრობლემები და წუხილი. ხომ შემპირდა, მითხარი და გიქირავებ ან გიგირავებ ბინასო, მაგრამ რა პირით უნდა მივადგე იმის მერე, რა დღეც ვაყარე? ან ვინ იცის, იქნებ მეორე ქმარმა დედაჩემიც ისე შეცვალა, რომ ესმას მამაზე გავლენა მონაგონი იყოს?
არა, არავის დახმარება არ მჭირდება. თავად მივხედავ ჩემს თავს. მე ძლიერი ვარ, მე შემიძლია!
სახლში რომ ამოვბრუნდი ორი პურით ხელში, სასტუმრო ოთახიდან მხიარული ხმები შემომესმა. როგორც ჩანს, ესმას დაქალები ესტუმრნენ. დასხდებიან ახლა და ფინჯან ყავაზე იმდენს იჭორავებენ, მთელი კვირა ეყოფათ გულის მოსაფხანად.
კარში თავი შევყავი, ფუმფულა მარგოსა და ნაჯახის ტარივით წვრილ ნათელას თავაზიანად მივესალმე, ზრდილობიანად მოვიკითხე და პური სამზარეულოში გავიტანე. მერე ისევ ჩემს ოთახში შევიძურწე, ესმამ კიდევ რამე არ დამავალოს-მეთქი. ამ დროს მობილურზე დამირეკეს. ნუცი იყო, დეიდაჩემი. იქნებ რამე გამიგო? სამსახური ხომ არ მიშოვა?
სუნთქვაშეკრულმა მივიტანე ტელეფონი ყურთან.
_ რას შვრები? _ მკითხა ნუციმ.
_ იმ მომენტს თუ გულისხმობ, როცა სამუშაოსა და ბინის ქირის შესახებ განცხადებებს არ ვათვალიერებ, არც არაფერს. ან ვგორაობ, ან სახლის საქმეებს ვაკვდები.
_ რა, ასე ცუდადაა ყველაფერი?
_ თითქმის, _ ვიცოდი, დეიდას როგორც ვუყვარდი, ამიტომ არაფერს ვუმალავდი. ის მაინც მყავდა ერთი გულწრფელი გულშემატკივარი.
_ რა ცუდია… როგორმე უნდა გიშველო და დაგიხსნა მაგათი მარწუხებისგან.
_ არა უშავს, ჯერჯერობით ვუძლებ.
_ იცი რა? _ ნუციმ მცირე პაუზა გააკეთა, _ ერთმა ახლობელმა მთხოვა, ორი კვირით ვინმე კარგი გოგო მჭირდება, კარგად გადაუხდიან და ბევრი საქმეც არ ექნება გასაკეთებელი, ოღონდ კეთილსინდისიერი იყოსო.
_ ორი კვირით? და რა უნდა ვაკეთო?
_ ნუ… სახლის საქმეები, ალბათ. დალაგება, სადილი, მადილი…
_ ჰუჰ… _ ამოვიოხრე, _ არც კი ვიცი. ვინ არიან, ვისთან უნდა ვიმუშაო? მთლად ლოგინად ჩავარდნილი მოხუცია ვინმე?
_ არა, არა, ერთი ძალზე სასიამოვნო პენსიონერი კაცია, ხანდაზმული, მაგრამ არანაირი ხელით სათრევი და ლოგინად ჩავარდნილი.
_ დარწმუნებული ხარ, რომ მართლა სასიამოვნო მოხუცია და პამპერსი არ მექნება გამოსაცვლელი?
_ აბა რა. ზუსტად ვიცი. ვინც მაგასთან მუშაობს, ის ქალი მე დავასაქმე ადრე, ელისო ჰქვია. ცხრა წელია, მაგ ოჯახში მუშაობს. ვისაც უვლის, 79 წლის მოხუცია, ნამდვილი ჯენტლმენი, შესანიშნავი ადამიანი. ზუსტად ასე მითხრა. ორი კვირით უნდა შემცვალოს ვინმემ და დამეხმარეო. საჭმელ-სასმელში ფული არ დაგეხარჯება, ღამითაც იქ დარჩები. ასე რომ, ჭერიც გექნება. ცოტა ხნით მაინც დაისვენებ მაგ რეგვენი ქალისგან, სისხლს რომ გიშრობს.
უკვე მომწონდა აზრი ჩემი ახალი სამუშაოს შესახებ. ოღონდ ესმასთან არ დავრჩენილიყავი და არც პამპერსების გამოცვლაზე დავიხევდი უკან.
_ და თვითონ სად მიდის?
_ შვილს ოპერაცია გაუკეთეს ახლახან. ორ დღეში კლინიკიდან უნდა გამოწერონ და იმას უნდა მოუაროს. შეიძლება უფრო ადრეც შევძლო დაბრუნებაო, მითხრა. ორი კვირა მაქსიმუმო.
_ ვაა. როგორც ჩანს, დაფიქრების დრო არა მაქვს.
_ არა, ნენე, პასუხი ამ საღამოსვე უნდა ვუთხრა.
_ კარგი, თანახმა ვარ. მისამართი მომწერე და ტელეფონი. მე თვითონ დავურეკავ.
_ და ხვალვე უნდა გახვიდე, იცოდე.
_ ხვააალ? _ ეს კი არ მომეწონა, რადგან ხვალ, ანუ პარასკევს გოგოებთან ვაპირებდი გასვლას მთელი დღით, _ კარგი, იყოს ხვალ.
_ მაშინ პირდაპირ მისამართს გადმოგიგდებ და წადი. ელისოს მე დავურეკავ და ვეტყვი, რომ თანახმა ხარ.
_ აჰა.
_ აბა, გაკოცე და შენ იცი. დამირეკე მერე, მაინტერესებს, რას იზამ.
_ ო-კუ, _ `ო კეის~ ჩემი საყვარელი იმპროვიზაცია ვიხმარე და დავემშვიდობე.
ეჰ, ერთი კი ამოვიკვნესე. შემეცოდა ჩემი თავი. მდინარეში გადაგდებულ ჯოხს ვგავდი, რომელსაც დინება მიატივტივებდა…
მეორე დილით ჩვეულებრივზე ადრე ავდექი, თავი მოვიწესრიგე, ლამაზად ჩავიცვი და სოფელ დიღმისკენ გავემართე ჩემი მანქანით. როგორც ვვარაუდობდი, ჩემი დედინაცვალი აღტაცებული არ დარჩენილა იმით, რომ დღეიდან ან თვითონ მოუწევდა სახლში ყველაფრის გაკეთება, ან დამხმარე უნდა აეყვანა.
ქალბატონი ელისო ჭიშკართან შემეგება. სახლი დიდი იყო, მაგრამ ძველი აშენებული. იგი შიგნით შემიძღვა და თავისი დამსაქმებელი გამაცნო. ბატონი ოთარი, ოთარ მამისაშვილი. როგორ მომეწონა მოხუცი, ვერ წარმოიდგენთ. მართლა ჭეშმარიტი ჯენტლმენი აღმოჩნდა.
ჯერ თავის დაკვრით მომესალმა, მერე ჩემი მარჯვენა ორივე ხელით ჩაბღუჯა და დაკვირვებით შემათვალიერა. პირველი, რაც მკითხა, კარგი ყავის მოდუღება ხომ იცითო და კეთილად გამიღიმა. ამით თითქოს გამამხნევა, მომთხოვნი არ ვარ და არ შეგეშინდესო.
ასე აღმოვჩნდი მამისაშვილების ლამაზად მოწყობილ სახლში. დიდი ფუფუნება არა, მაგრამ დიდი გემოვნება ინტერიერშიც იგრძნობოდა და ექსტერიერშიც.
გავიდა რამდენიმე დღე და თავს ისე ვგრძნობდი, თითქოს მთელი სიცოცხლე აქ ვცხოვრობდი. კვირის ბოლოს აღმოვაჩინე, რომ ეს ექვსი დღე ყველაზე მშვიდი და სასიამოვნო იყო ჩემს ცხოვრებაში. მიუხედავად თავისი 79 წლისა, ბატონი ოთარი შესანიშნავი ჯანმრთელობითა და გამჭრიახი გონებით გამოირჩეოდა. ძალიან მომწონდა მასთან საუბარი. უზომოდ განათლებული ადამიანი იყო. ბევრ რამეს მიყვებოდა თავისი წარსულიდანაც და ჩვენი ქვეყნის ისტორიიდანაც. განათლებით ისტორიკოსი გახლდათ და ეტყობოდა, რომ თავისი საქმის პროფესიონალი იყო. უამრავი ახალი რამ გავიგე და დავიმახსოვრე მისი მონაყოლიდან.
ჩემი მოვალეობა მხოლოდ საოჯახო საქმეებით არ შემოიფარგლებოდა. ბატონ ოთარს სეირნობა უყვარდა. დღეში რამდენიმე კილომეტრს ფეხით გადიოდა და ამ ხნის განმავლობაში მეც თან უნდა ვხლებოდი. ასე რომ, ყოველ დილით, შლაპასა და კლასიკურ კოსტიუმში გამოწყობილი ოთარი ხელჯოხით ხელში შემოაღებდა სამზარეულოს კარს, სადაც მე, ჩვეულებისამებრ, სადილს ვამზადებდი ან ჭურჭელს ვრეცხავდი და ერთსა და იმავე კითხვას მისვამდა: `ნენე, შეგიძლიათ ეს საქმე დროებით გადადოთ?~ მეც, რა თქმა უნდა, თანხმობის ნიშნად გავუღიმებდი, საქმეს შუა გზაზე მივატოვებდი და მას მივყვებოდი.
მივსეირნობდით და ყველა შესაძლო თემაზე ვლაყბობდით. მასაც მოსწონდა ჩემთან საუბარი. დაუჯერებლად საინტერესო თანამოსაუბრე ხართო, რამდენჯერმე მითხრა. აღფრთოვანებული იყო ჩემი მსჯელობით.
სწრაფად მივეჯაჭვე ჩემს ახალ `ბოსს~. დიახაც, ჩემი ბოსი ახლა ბატონი ოთარი გახლდათ. ვიცოდი, რომ როცა აქ ყოფნის დრო ამომეწურებოდა და ჩემს გზას გავუდგებოდი, მას ხშირად გავიხსენებდი, თანაც უდიდესი სიამოვნებით.
არადა, მეორე კვირა უკვე იწურებოდა. უფრო მწყდებოდა გული, ვიდრე მიხაროდა, რომ ეს კეთილი და სიმპათიური მოხუცი უნდა დამეტოვებინა. მაგრამ მოხდა მოულოდნელი რამ. ქალბატონმა ელისომ ოთარს დაურეკა, ჩემს შვილს ნაოპერაციები გაურთულდა და კიდევ ორი-სამი კვირა რომ შემცვალოს ნენემ, წინააღმდეგი ხომ არ იქნებითო. ბატონი ოთარი არ იყო წინააღმდეგი, მე _ მით უმეტეს.
_ ნენე, მაქვს უფლება, დაახლოებით ერთი თვე კიდევ გთხოვოთ ჩემთან დარჩენა? _ ჯენტლმენურად დამისვა შეკითხვა ჩემმა ხანდაზმულმა `ბოსმა~.
_ ბატონო ოთარ, ისე მომწონს აქ ყოფნა, რომ სიამოვნებით დავრჩები. ერთი თვე კი არა, მეტიც, თუ საჭირო იქნება.
¬_ მაქსიმუმ ერთი თვე, გპირდებით, _ კეთილშობილურად გამიღიმა, _ მეტხანს აღარ დაგაკავებთ, მთლად ეგეთი უნამუსოც არ ვარ.
იმავე საღამოს იგი ვაიბერით თავის ქალიშვილს დაუკავშირდა, ანას, რომელიც ამერიკაში ცხოვრობდა მეუღლესთან გელა მაჭავარიანთან ერთად და კარგა ხანს ელაპარაკა. შუახნის ასაკის ქალი ხშირად ურეკავდა მამამისს და ისე ტკბილად ბაასობდნენ ხოლმე, გული მწყდებოდა. მე და მამაჩემს კარგა ხანია, ასეთი სიამტკბილობა არ გვქონია. დამშვიდობების წინ ოთარმა ანას ჩემზე უთხრა, კარგი მოსამსახურე ელისო საუკეთესო ნენეზე გავცვალეო, რამაც ანა ძალიან გაამხიარულა.
_ არ დაუჯეროთ, ქალბატონო ანა, აჭარბებს მამათქვენი, _ თავი უხერხულად ვიგრძენი, თუმცა ასეთი შექება მესიამოვნა.
_ ჰოდა, გააცანი შენს შვილიშვილს, იქნებ აეხილოს თვალები, _ ეშმაკურად ჩაუკრა ანამ მამას, რაზეც ყურები ვცქვიტე.
_ ვმუშაობ მაგაზე, _ შეუმჩნევლად ჩაიღიმა ბატონმა ოთარმა და ქურდული მზერა ჩემკენ გამოაპარა…
მე კი ახალი თავსატეხი გამიჩნდა _ ვინ უნდა ყოფილიყო ის იდუმალი შვილიშვილი, ვისზეც ოთარი ასე თავგამოდებით `მუშაობდა~?
ამ ამბავმა ისე დამაინტერესა, რომ ღამღამობით ძილიც კი გამიკრთა…
სახლში დავრეკე, ჩემები მოვიკითხე. მამა შინ არ იყო, ესმას ველაპარაკე. მახარა, მოსამსახურე ავიყვანეთო. კვირაში სამჯერ მოვა, სახლსაც დაალაგებს და სადილებსაც მოგვიმზადებსო. მეღიმებოდა, ისეთი აჟიტირებული მამცნობდა ახალ ამბავს. კარგია, ახლა მაინც მოისვენებს. იქნებ აღარ იწუწუნოს თავის შეშუპებულ ფეხებსა და გამუდმებულ თავის ტკივილზე.
რამდენიმე დღე მშვენიერი ამინდი იყო და ბატონი ოთარი სულ პიკნიკებზე მეპატიჟებოდა. ისე მანებივრებდა, ლამის დამავიწყდა, რა მევალებოდა მის ოჯახში. დილაობით ჩქარ-ჩქარა ვაგვარებდი სახლის საქმეებს, შემდეგ კი მასთან ერთად სასეირნოდ მივდიოდი. ხანდახან წყურვილის მოსაკლავად ადგილობრივ კაფეში შევდიოდით, ერთხელ სასაფლაოზეც კი წამიყვანა, რადგან მომვლელი უნდა ენახა და იმ თვის ფული გადაეხადა საფლავის მისახედად. ისე, დაწკრიალებული იყო იქაურობა. ჩანდა, რომ ბატონი ოთარი ფულს ტყუილად არ იხდიდა.
საღამოობით ან აივანზე ვსხდებოდით ფინჯანი ყავის დასალევად, რადგან მას ჩემსავით ჩაი არ უყვარდა, ან ნარდს ვაგორებდით. მართალია, ყოველთვის მიგებდა, მაგრამ მაინც სასიამოვნო იყო მასთან თამაში. უჩვეულოდ კმაყოფილი ვიყავი ჩემი სამსახურით. თავს ნამდვილად არ ვგრძნობდი დამხმარე პერსონალად, ოჯახის უფროსი ოჯახის წევრივით მექცეოდა. თავისი ინკოგნიტო შვილიშვილი ერთხელაც არ უხსენებია, თითქოს ეს თემა სასტიკად ყოფილიყო აკრძალული ჩემთვის. არც კი იცოდა, მისი ქალიშვილთან საუბარი ფარულად რომ მოვისმინე, ამიტომ ვერც მე ვკითხავდი რამეს, თუმცა კი ინტერესით ვკვდებოდი.
სამსახურის მიტოვებიდან ექვსი კვირის თავზე უწინდებურად ვფიქრობდი, რომ რეზის კომპანიაში არ დავბრუნდებოდი. მაგრამ ვგრძნობდი, რომ სხვა ნებისმიერ ოფისში სამუშაოდ მზად ვიყავი. ეს შესვენება ნამდვილად მჭირდებოდა, რათა ცოტა გონს მოვსულიყავი.
აწი კი უნდა მეფიქრა ჩემს მომავალზე და სამსახურის ძებნასაც მთელი ძალისხმევით შევდგომოდი. გარდა ამისა, საცხოვრებელი ადგილის პრობლემაც მქონდა. ბინა უსიკვდილოდ უნდა მექირავებინა. გადავწყვიტე, ამ საკითხის მოგვარება ორშაბათს დილიდან დამეწყო.
მაგრამ მეორე დღეს ქალბატონმა ელისომ დარეკა და მითხრა, ჩემს შვილს მდგომარეობა გაუუარესდა და ჯერ მისი დატოვება არ შემიძლიაო.
_ როგორ ფიქრობთ, ნენე, კიდევ ერთი ან ორი კვირით შეგიძლიათ დარჩენა? _ მკითხა, _ ვიცი, რომ ბატონი ოთარი ძალიან კმაყოფილია თქვენით.
რა შემეძლო მეთქვა? მეც კმაყოფილი ვიყავი მისით და შეძლებისდაგვარად ელისოს შვილსაც ვგულშემატკივრობდი.
_ ნუ ინერვიულებთ, ქალბატონო ელისო, დავრჩები, რახან ასეა. ბატონ ოთარს უკვე ელაპარაკეთ? _ შევეკითხე.
_ კი, ველაპარაკე და მითხრა, მე პირობა მივეცი, რომ დათქმულ დროს გავუშვებდი, ამიტომ ახლა დარჩენას ვეღარ ვთხოვო.
_ მაშინ მე თვითონ დაველაპარაკები, თქვენ ამაზე არ იდარდოთ, _ დავამშვიდე ქალი და როგორც კი მასთან საუბარი დავამთავრე, ეგრევე ჩემს მასპინძელს მივაშურე.
_ დარწმუნებული ხართ? _ გაოცებული მომაჩერდა მამისაშვილი, როცა ჩემი დარჩენის ამბავი შევატყობინე. შეეცადა, ტუჩის კუთხეებში გაჩენილი კმაყოფილი ღიმილი დაეფარა, მაგრამ არ გამოუვიდა.
შაბათს, როცა ოთარმა ჩვეულებრივ წათვლემა გადაწყვიტა, ვკითხე, სამხარზე ხომ არ ინებებდა ყავის ბაღში დალევას, რადგან დილით მისი საყვარელი ნამცხვარი გამოვაცხვე.
სიამოვნებით დამთანხმდა. მიკვირდა ამ მხნე მოხუცის, საღამოობითაც რომ არ იკლებდა ყავას და მერე ღამით მაინც ჩვეულებრივად იძინებდა.
ის იყო ფაიფურის ფინჯნები სინით ეზოში უნდა გამეტანა, რომ ჩემი ყურადღება მანქანის ხმაურმა მიიპყრო, რომელიც ჩვენი ხეივნისკენ მოემართებოდა. შუბლი შევიჭმუხნე. რამდენადაც ვიცოდი, ბატონი ოთარი სტუმრებს არ ელოდებოდა, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავდა, რომ მას ვინმეს სტუმრობა ეწყინებოდა. მე მით უმეტეს არ და ვერ ვიქნებოდი წინააღმდეგი, პირიქით, გამიხარდებოდა. რაც მთავარია, ნამცხვარი მქონდა, ამიტომ თავს არ შევირცხვენდი.
გაგრძელება იქნება