- დიახ, არ შემცდარხართ.
არის! მოვეწონე, ღიმილზე შეეტყო!
- მობრძანდით. კეთილი იყოს ჩვენი გაცნობა, - მან ხელი გამომიწოდა, - ყავას დალევთ?
- სიამოვნებით. - მეც არ დავიშურე ზომაზე მეტად გამთბარი ღიმილი.
- საშკამ აგიხსნათ სიტუაცია?
- კი, როგორ არა. ისე, მუცელი სულ არ გეტყობათ.
ქეთიმ მუცელს ხელისგული სათუთად მოუსვა.
- ჯერ არა, მაგრამ ერთ-ორ თვეში ამის დამალვას ვეღარ შევძლებ.
- გილოცავთ. ეს უდიდესი ბედნიერებაა.
- მადლობა, ნენე. რომ იცოდეთ, როგორ ველოდები. აგერ დაბრძანდით, ფეხზე რატომ დგახართ? - მსუბუქი სავარძელი ჩემკენ გამოაცოცა.
ატმოსფერო დარბილდა… განწყობაც. ცოტათი მოვეშვი…
ყავა დავლიე და ქეთი საქმეს შეუდგა. ჯერ წინა სამსახურზე გამომკითხა, შემდეგ კი მომიყვა, რა შედიოდა საშკა მაჭავარიანის პირადი თანაშემწის მოვალეობაში. ნელა, მშვიდად, მოზომილად და გასაგებად მიხსნიდა. მიუხედავად იმისა, რომ ეს ყველაფერი გავლილი მქონდა და ჩემთვის ძალზე ნაცნობი იყო, მაინც გულდასმით ვუსმენდი, თავს ვუქნევდი და საქმიანი მზერით შევყურებდი. მე მჭირდებოდა ეს სამუშაო და რადაც უნდა დამჯდომოდა, უნდა მიმეღო. ყველა სიკეთესთან ერთად, ანაზღაურება სამჯერ მეტი იყო, ვიდრე "რეზისთალში", რამაც ცოტა დამაბნია. ამას არ ველოდი.
- მაგრამ ილუზიები ნუ გექნებათ, - დაამატა ბოლოს ქეთიმ, - თითოეული თეთრის გამომუშავება მოგიწევთ. საშკას არ უყვარს უგულისყურო და ზარმაცი თანამშრომლები.
- ასეთი არ ვარ… არც არასდროს ვყოფილვარ და აწი რა ღმერთი გამიწყრება? - ალალად ვაღიარე, რაზეც ორივეს გაგვეცინა.
- აბა, რას იტყვით, არ გაგიძნელდებათ? ხომ არ გადაიფიქრეთ?
- არა, რას ამბობთ! სწორედ ასეთ სამსახურზე ვოცნებობდი! - მივუგე.
- ისიც ხომ იცით, რომ დროებითია? მხოლოდ ერთი წელი, - შემახსენა.
- ვიცი, ვიცი. ბატონმა საშკამ მითხრა, მხოლოდ დეკრეტულში გადის და მერე დაბრუნდებაო.
- "ბატონმა საშკამ"… - გაიცინა ქეთიმ, - უჩვეულოდ მომხვდა ყურში. მას აქ ყველა საშკას ეძახის. ფამილარობა არ უყვარს, ყველასთან შინაურულადაა, მაგრამ მკაცრი კია, რომ იცოდეთ. მასთან იერარქიულ დისტანციას ვერავინ დაარღვევს.
- გასაგებია.
- ძალიან კარგი. ისე, თუ თავს გამოიჩენთ და საშკა კმაყოფილი დარჩება, მერწმუნეთ, ის არსადაც არ გაგიშვებთ, სადმე სხვაგან გადაგიყვანთ ჩემი დაბრუნების შემდეგ. ეს ზუსტად ვიცი, ასეთი ტიპია. კარგ კადრს ხელიდან არ გაუშვებს. ახლა კი დავურეკავ. იმედია, მოიცლის და გაგესაუბრებათ.
მივხვდი, რომ ქეთიმ ჩემი კანდიდატურა მოიწონა, თორემ სხვა შემთხვევაში, მეტყოდა, დაგიკავშირდებითო, როგორც უმრავლეს შემთხვევაში ხდება. რახან ურეკავს, ესე იგი, ყველაფერი რიგზეა. ახლა ისღა მრჩებოდა, საშკასთან გასაუბრებისას არ შემერცხვინა თავი.
- ხუთ წუთში გავთავისუფლდებიო, - ქეთიმ ყურმილი ბერკეტზე დადო, - კიდევ რამე ხომ არ გაინტერესებთ? მკითხეთ, თუ რამე გამომრჩა.
- მგონი, არაფერი. დაწვრილებით ვისაუბრეთ ყველაფერზე, ქეთი. ამისთვის დიდი მადლობა.
- არაფრის. ორშაბათიდან ერთად მოგვიწევს აქ ჯდომა. ასე რომ, პრობლემა არაა, რაც დაგაინტერესებთ, თანდათან აგიხსნით.
თავი დავუქნიე და მღელვარება მომეძალა. ქეთის ყველა მითითება გავისიგრძეგანე, მაგრამ რამდენიმე წუთში უნდა შევხვედროდი ადამიანს, რომელიც ჩემში ჯერ კიდევ ანტიპათიას იწვევდა. ახლა მთავარია, ეს მას არ შეემჩნია, რათა სამსახური არ დამეკარგა.
თითქმის ექვსი წელი ვიმუშავე რეზისთან და არასდროს არაფერზე გავწიწმატებულვარ. საშკამ კი საკმარისია, ორი სიტყვა მითხრას და მაშინვე ვენთები. რატომ ვღიზიანდები ასე, არ ვიცი. სავარაუდოდ, ჩემი აწეწილი ნერვების ბრალია. ნეტავ როგორი უფროსია? თალაკვაძეს ჩემთან ცხოვრებაში ხმისთვის არ აუწევია, როცა რამე არ მოსწონებია. ნეტავ ამას როგორი რეაქცია ექნება, თუკი რამე არმოსაწონს გავაკეთებ? ვნახოთ, ვნახოთ. რეზი მშვიდი და გაწონასწორებული ბოსი იყო, საშკა კი მთლად ასეთი არ ჩანს. თუმცა რას ვადარებ, რა აზრი აქვს? მთავარია, მოვერგო და მომერგოს.
ამ ფიქრებში ვიყავი, როცა კაბინეტის კარი გაიღო. ზღურბლზე საშკა მაჭავარიანი იდგა. მას საქმიანი კოსტიუმი ეცვა. სწორედ ასეთი დამამახსოვრდა ჩვენი პირველი შეხვედრის დროს იქ, ლიფტში, იმ განსხვავებით, რომ ტყავის ჩანთა არ ეჭირა ხელში.
- მაპატიეთ, რომ გალოდინეთ. შემოდით, ნენე, - წარმოთქვა მან.
სავარძლიდან წამოვდექი და ვიგრძენი, გულმა გვირაბში შესული მატარებელივით რომ ატეხა გუგუნი.
მიუხედავად ამისა, თავი თამამად ავწიე და მის კაბინეტს მივაშურე. ეს იყო დიდი, ნათელი ოთახი, რომელსაც კიდევ ორი კარი ჰქონდა. ერთი აივანზე გადიოდა, მეორე კი, სავარაუდოდ, სააბაზანოსა და საპირფარეშოში.
კაბინეტში დივანი და ორი სავარძელი იდგა, მაგრამ საშკამ იმ ორ პუფზე მიმითითა, რომელიც საჟურნალე მაგიდის გვერდით იდო. ზოგადად, მომწონდა ეს ტომარა ბურთები, შენ გემოზე რომ იზნიქება დაჯდომისას, მაგრამ რამდენად მოსახერხებელი იქნებოდა მასთან სასაუბროდ, ვერ წარმომედგინა.
წითელ პუფში ჩავჯექი და ფეხი ფეხზე მოხერხებულად გადავიდე.
- აქ ჯობია, უფრო შინაურული ატმოსფერო შეიქმნება. ალბათ, ცოტას ნერვიულობთ, არა? - პასუხს არ დაელოდა, ისე ჩაჯდა მეორე, მეწამულისფერ პუფში და შემომხედა, - ქეთისთან ყველაფერი მოგვარდა, ხომ?
- დიახ. ჩემი აზრით, საინტერესო სამუშაო მელოდება.
მდაა… ისე, არც ისეთი უსიამოვნო ტიპია, როგორიც მანამდე მეჩვენებოდა. საკმაოდ ლამაზი თვალები აქვს, ტუჩებსაც არა უშავს. ღმერთო, რაზე ვფიქრობ? მგონი, სხეულთან ერთად აზრებიც გამიხურდა.
- და რა გადაწყვიტეთ?
ისევ მომიარა ბრაზმა. რახან ამ დრომდე აქ ვარ, უნდა მიმხვდარიყო, რომ თანახმა ვარ!
- მგონი, შევძლებ. - თავშეკავებულად მივუგე.
- ალბათ, გესმით, რომ ზოგი რამ კონფიდენციალური ინფორმაცია იქნება.
- ამის შეხსენება არ მჭირდება, მიმუშავია ამ თანამდებობაზე და ყველაფერი მშვენივრად მესმის, - ამჯერად მოთმინების მარაგი გამომელია.
როგორც ჩანს, ჩემმა ნათქვამმა მასზე ძლიერი შთაბეჭდილება ვერ მოახდინა. ამწუთას რას არ გავიღებდი, ოღონდ გამეგო, სინამდვილეში რა იმალებოდა მისი მშვიდი ნართაულის უკან.
- რეკომენდაციები, ალბათ, გექნებათ…
- მე… - უცებ დავიბენი. რაც არ მქონდა, არ მქონდა. მის მისაღებად რეზისთვის უნდა მიმემართა. ეჭვიც არ მეპარებოდა, ის საუკეთესო რეკომენდაციას გამიწევდა, მაგრამ მინდოდა ახლა მისი ნახვა? - მე მხოლოდ ერთი მუდმივი სამსახური მქონდა და თუ საჭიროა…
- რომელიც რატომღაც, სასწრაფოდ დატოვეთ. რატომ? - საუბარში ხისტად ჩამეჭრა.
მთელი ძალისხმევით შევეცადე, ჩამეხშო შიგნიდან ამოზრდილი გაცოფება, რომელიც მისმა ტონმა გამოიწვია და, ღვთის მადლით, გამომივიდა. კონფიდენციალობა უნდოდა? კარგი, ის მიიღებას ამას!
- ეს კონფიდენციალური ინფორმაციაა, - გამოვუცხადე.
- კონფიდენციალურობაზე თანახმა ვარ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ეს უშუალოდ საქმეს ეხება. რაღაც გული მკარნახობს, რომ თქვენი გათავისუფლების მიზეზი უფრო პირადული ხასიათის იყო.
- ვითომ რატომ? - არ შევეპუე და თავხედური მზერით გავუთამამდი.
- მგონი, ეს ისედაც აშკარაა. რატომ იჩხუბეთ თალაკვაძესთან?
- ჩვენ არ გვიჩხუბია. - გაყინული ხმით მივუგე. ვხვდებოდი, სამსახური ხელიდან რომ მისხლტებოდა, მაგრამ არაფრის გაკეთება არ შემეძლო. არადა, ცოტა ხნის წინ მეგონა, სამუშაო გარანტირებული მქონდა.
- თქვენი არ მჯერა. ხუთი წელი იმუშავეთ მასთან, მერე კი სრულიად მოულოდნელად, ყოველგვარი მიზეზის გარეშე წამოხვედით. თქვენივე სიტყვებით, რეზი თალაკვაძეს არ გაუთავისუფლებიხართ. გამოდის, თქვენი წამოსვლის მიზეზი პირადულია.
- დიახ, მე ჩემი სურვილით დავტოვე "რეზისთალი".
- მაშინ რატომ არ გააფრთხილეთ იგი თუნდაც ერთი თვით ადრე, რომ თქვენი შემცვლელი ეპოვა? - ხმას ერთი რეგისტრით აუწია.
უეცრად თავის საშინელმა ტკივილმა შემომიტია. ეს ნერვების ბრალი იყო. სამსახურის დაკარგვის საფრთხე მოჩვენებასავით წინ ამესვეტა. სრულიად მოულოდნელად ბორტს მიღმა აღმოვჩნდი. დავდუმდი… ვფიქრობდი, რა მეთქვა. ვდუმდი, მაგრამ ჩემი დუმილი მთელი ხმით გაჰკიოდა.
გადაწყვეტილება სინათლის სიჩქარით მივიღე:
- თუ ასე საჭიროა ამის ცოდნა, გეტყვით. მე ის შემიყვარდა! - მგონი, ვიყვირე.
- ვაუ! - პუფის ტომარას მთელი ტანით მიეყუდა და დაბლა ჩაცურდა, - რა საინტერესოა… და რა, მისი მეუღლისთვის ეს სულერთი იყო?
- მისმა მეუღლემ არ იცოდა… არც თვითონ, სხვათა შორის. მე მისი ლოგინის კომპანიონი არ ვყოფილვარ.
- კონკუბინი.
- რა? - ვერ გავიგე, რა მითხრა. ეს სიტყვა პირველად მესმოდა.
- ლოგინის კომპანიონს ლათინურად კონკუბინი ჰქვია.
პასუხი არ გამიცია. ტკივილი საათის წიკწიკივით მონოტონურად მხრავდა.
რამდენიმე წუთის განმავლობაში საშკა ყურადღებით მაკვირდებოდა. არ ვიცი, რა მეწერა ალმოდებულ სახეზე, მაგრამ შინაგანად სრულიად დაცლილი ვიყავი. ოთახში გაუსაძლისი სიჩუმე გაბატონდა, რომელიც ნისლივით შემომეხვია. რა ცივი ყოფილა თურმე!..
- რატომღაც, მგონია, რომ ეს ყველაფერი არ არის, - გაწელვით წარმოთქვა, - მითხარით, ნენე, ჩვევად გაქვთ შეიყვაროთ ნებისმიერი მამაკაცი, ვინც სამუშაოდ დაგიქირავებთ?
რა ახვარია! ამას ჰგონია, რომ ბაბუამისსაც ვეფლირტავებოდი. ახლა კი რეზის სიყვარულშიც გამოვუტყდი. როგორ ჩავხლართე ყველაფერი, რა. ამაზეა ნათქვამი, ვინ არის შენი მტერი და შენი ენაო.
მაშინვე ავდექი. გასაგები იყო, რომ სამსახური დავკარგე.
- დიახ, ნებისმიერი, - ურცხვად მივუგე, - თუმცა თქვენს შემთხვევაში გამიადვილდებოდა, ამ ჩვევისთვის გადამეხვია. თქვენ ნამდვილად გამონაკლისი იქნებოდით!
სანამ კარისკენ ნაბიჯს გადავდგამდი, მოულოდნელად გადაიხარხარა. ეს ისე მოულოდნელი იყო, რომ გაოგნებული მივაჩერდი.
როგორ უხდება ამ საზიზღარს სიცილი!
- ოხ, ნენე, ნენე! - მან თავი გააქნია და ხელი გამომიწოდა, - ორშაბათს ზუსტად ცხრა საათზე აქ იყავით.
ისეთი ელდანაცემი ვიყავი, თითქოს მიწისძვრა დაიწყო და ჩემ ირგვლივ ოთახი დაირწა. ამიტომ უნებლიეთ ჩამოვართვი ხელი, გაუაზრებლად.
- გინდათ მითხრათ, რომ სამსახურში ამიყვანეთ?
_ მინდა გითხრათ, რომ თქვენ უკვე ჩემი თანამშრომელი ხართ. იმედი ვიქონიოთ, რომ არც თქვენ და არც მე ამას არ ვინანებთ.
"ყოველ შემთხვევაში, შენი კონკუბინი არ გავხდები!" - გავიფიქრე, მაგრამ ხმამაღლა არაფერი მითქვამს.
ორშაბათიც გათენდა და "ელეისერში" გამოვცხადდი. დღეს ჩემი დებიუტი შედგა. თითქოს ტრანსში ვიყავი. არსებობისთვის ბრძოლას ვიწყებდი. ქეთი ისე მეგობრულად შემხვდა, თითქოს ძირძველი მეგობრები ვყოფილიყავით. მის გვერდით თავს მჩატედ ვგრძნობდი. პირველი, რაზეც მოვილაპარაკეთ, მიმართვის თავაზიანი ფორმა უნდა დაგვევიწყებინა. რახან ერთად ვიმუშავებდით, ესე იგი, ახლო ურთიერთობა უნდა გვქონოდა და არანაირი ზღუდე არ იყო ჩვენ შორის საჭირო. შესვენებაზეც ერთად გავედით. ქეთიმ იქვე, ახლომდებარე კაფეში დამპატიჟა და დონატებით გამიმასპინძლდა. სასიამოვნო საურთიერთობო ქალი იყო. ვხვდებოდი, მასთან არ გამიძნელდებოდა.
ერთი კვირა ისე გავიდა, ვერც გავიგე. საშკასთან შეხება მაინცდამაინც არ მქონდა, რადგან ჯერ ისევ ქეთი მუშაობდა და აგვარებდა კომპანიის საქმეებს. მე, უბრალოდ, ყველაფერს ვისრუტავდი და ქეთი საქმის კურსში მაყენებდა. ჩემი და მაჭავარიანის ურთიერთობა ამ ეტაპზე მხოლოდ გამარჯობა-ნახვამდის დონეზე იყო. თუ იქ, ბაბუამისის სახლში ენაწყლიანობდა და ცხრაას რამეზე ჩამომიგდებდა საუბარს, აქ თითქოს პირში წყალი ჩაეგუბებინა. მეტიც, ვხედავდი, რომ ზედაც არ მიყურებდა. ეს კარგი იყო, დაძაბულობას არ ვგრძნობდი. იმ დღის მერე ისედაც არ მინდოდა ახლოს გავკარებოდი, ყოველ შემთხვევაში, იმდენ ხანს მაინც, სანამ სიბრაზე გამივლიდა.
მომდევნო ორშაბათს, შენობაში რომ შევდიოდი, ელეთმელეთი დამემართა, რადგან სწორედ ზედ ლიფტთან რეზის შევეფეთე. ვგრძნობდი, როგორ იკლებდა და მატულობდა ჩემს სახეზე ტემპერატურა და როგორ გადამდიოდა ფერები ერთმანეთში. ერთიმეორის მიყოლებით ჯერ გავწითლდი, მერე გავფითრდი და ბოლოს გავმწვანდი, მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდი, მასთან შეხვედრას ამ შენობაში ვერ ავცდებოდი.
- ნენე? - თვალები გაუფართოვდა.
- სალამი, რეზი! - უღიმილოდ მივესალმე.
- დილა მშვიდობისა… აქ… აქ საიდან? დაბრუნება ხომ არ გადაწყვიტე?
ამასობაში ლიფტის კარი გაიღო, მაგრამ მან უცებ იდაყვში ხელი ჩამავლო და განზე გამიყვანა.
- არა, არა. სხვა ფირმაში დავიწყე უბრალოდ მუშაობა.
- აქ? ამ შენობაში? - თვალები აატრიალა და მაღლა აიხედა.
- ჰო, აქ, ამ შენობაში.
- რომელ ფირმაში?
- მაჭავარიანთან. - ისე მშვიდად ვპასუხობდი, თითქოს მასთან არასდროს არაფერი მაკავშირებდა.
- საშკასთან? და იქ რას აკეთებ? - ეს ისეთი დამამცირებელი ტონით წარმოთქვა, გეგონებოდათ, სუპერმარკეტში დამლაგებლად მოვეწყვე.
- მისი პირადი თანაშემწე ვარ, - ნიშნის მოგებით მივახალე.
- რა-ა? მართლა? - არ დაიჯერა. ალბათ, იფიქრა, რომ მისთვის სამაგიეროს გადახდა მინდოდა.
- მართლა. რა, ვერ გავქაჩავ?
- არა, როგორ არა, მაგრამ… არ მეგონა…
- რომ მაინცდამაინც ამ შენობაში დავბრუნდებოდი? - ნერვიულად ჩავიცინე, - რა ვქნა, იღბალმა საითაც გადმომისროლა, იქ მოვხვდი. შენს ჯინაზე ნამდვილად არ დამიწყია მასთან მუშაობა. თანაც, ის შენი კონკურენტი ფირმა არ არის.
- ეგ რა შუაშია… - რატომღაც, დაიბნა.
- ცოლს შეურიგდი? - აგდებულად ვკითხე.
- არა. არც ვაპირებ. უკვე შეიტანა განქორწინებაზე განცხადება. - თვალები დახარა და ისე წარმოთქვა.
- თანაგიგრძობ.
უცებ თავი ასწია და თვალი თვალში გამიყარა. მისი უტყვი მზერა მთელ აბზაცებს მოიცავდა, საყვედურებისა და ლანძღვის კორიანტელს, რთული თანწყობილი და ქვეწყობილი წინადადებებით.
- არ დამიწყო ახლა, "რატომ წახვედი ჩემგან? რა გეწყინა? ამისთანა რა გავაკეთე?" - დავასწარი, სანამ თავის მზერაში არეკლილ საყვედურებს გაახმოვანებდა.
- არ დაგიწყებ. უბრალოდ, ერთს გკითხავ. ხომ არ მომჩვენებია, რომ გიყვარდი?
თვალები დავხუჭე. ღრმად ჩავისუნთქე, რათა ტკივილიანი კვნესა არ აღმომხდენოდა.
- ეს უკვე წარსულში დარჩა, რეზი.
- მერე? მერე რა? მახსოვს, მეუბნებოდი, ჩემი წარსული მე ყოველთვის თან დამაქვსო.
- არ გინდა, გთხოვ. დაივიწყე, რაც იყო.
- ნენე, მომისმინე, გთხოვ, - წინ გადამიდგა, წასვლა რომ დავაპირე, - მოდი, ამ საღამოს შევხვდეთ და ყველაფერი თავიდან გავიაროთ. მე უკვე აღარ მქვია ცოლიანი, ამიტომ ჩვენ ყველაფერი წინ გვაქვს. მე მზად ვარ, შენი სიყვარულისთვის ბრძოლაში თავით გადავეშვა.
შუბლი შევიჭმუხნე და "ხომ არ გაგიჟდი" მზერით მივაშტერდი:
- გესმის მაინც, რას მთავაზობ? ძლივს ჭორებმა გვერდით ამიარა, ახლა გინდა ვიღაცების სალაყბო ყბაში ჩამაგდო?
- მე სერიოზულ ურთიერთობას გთავაზობ, გოგო! - განაწყენებულმა ხმას აუწია.
- მე კი სერიოზული ურთიერთობისთვის მზად არ ვარ, - გამქირდავი ღიმილით მივუგე.
- კარგი, კარგი. მაშინ გავაგრძელოთ ისევ არასერიოზული ურთიერთობა და დანარჩენი მერე ვნახოთ.
გაგრძელება იქნება