- რატომ?
- საღამოს პაემანი მაქვს.
- ოოო! რას მეუბნები! - ცალი ხელი ამოიღო ჯიბიდან, მომუშტა და მაგიდას ისე დაეყრდნო, - თუ საიდუმლო არ არის, ვისთან?
- მთვარესთან! - მყისიერად მივუგე და სუსხიანი მზერა ვესროლე.
უეცრად ავთოს უკან ვიღაც გამოჩნდა. თავი ოდნავ გვერდზე გადავხარე, რათა მენახა, ვინ შემოვიდა და გული კინაღამ გამიჩერდა.
კართან საშკა იდგა და კოპებშეკრული მოგვჩერებოდა.
- რა ხდება, ავთო?
მელაძე ელდანაკრავივით შებრუნდა. როგორც ჩანს, ბოსის ნახვას არ ელოდა.
- არაფერი, საშ, შენს თანაშემწეს გავესაუბრე. კარგი გოგო ჩანს, - დაბნეულმა ჩაილაპარაკა და იმწუთასვე გავიდა.
ის კი გავიდა, მაგრამ მე ხომ დავრჩი? მაჭავარიანი ხმას არ იღებდა, უბრალოდ, იდგა, მიყურებდა და თვალებით შხამიან ისრებს გამწარებული მესროდა.
- ფლირტაობას ახალ სამსახურშიც არ ეშვები, ხომ? - როგორც იქნა, ამოიღო ხმა.
- არ გინდა, საშკა. მე არ მივსულვარ მასთან, თვითონ მოვიდა. რა, პასუხი არ გამეცა?
- მესმოდა, როგორი პასუხიც გაეცი. სწორედ ამას ჰქვია ფლირტაობა! მე შენ ამისთვის არ ამიყვანიხარ სამსახურში! და, სხვათა შორის, ეგეც ცოლიანია, უფრო სწორად, ცოლებიანი.
- ძალიან გთხოვ, ნუ გამოიყენებ ჩემ წინააღმდეგ ინფორმაციას, რომელიც მე საიდუმლოდ განდე! - იმპერატიული ტონით წარმოვთქვი. უკვე მერამდენედ ვნანობდი, მას ჩემი სიყვარულის ამბავი რომ მოვუყევი.
- ნუ უხეშობ! - დამიღრინა.
მრისხანედ შევხედე. არ ვიცი, რას ვეტყოდი, ქეთი რომ არ შემოსულიყო ამ დროს სავსე ცელოფნით. იგრძნო, რომ რაღაც ისე ვერ იყო და დაბნეული ჯერ მე მომაჩერდა, მერე საშკაზე გადაიტანა მზერა.
- დაგეხმარო? - მაშინვე წამოვდექი, თან არაფრად ჩავაგდე, საშკა ჯერ კიდევ აქ რომ იყო. ისე ვიქცეოდი, თითქოს არც არსებობდა.
- შენთვისაც წამოვიღე რაღაცები, - დამფრთხალმა ქეთიმ ლამის ჩურჩულით წარმოთქვა.
ამასობაში საშკა შეტრიალდა და თავის კაბინეტს მიაშურა.
ოთხი საათისთვის სადღაც შეხვედრაზე წავიდა და გამოვიდა თუ არა კაბინეტიდან, ქეთის უთხრა, დღეს შეგიძლია სახლში ადრე წახვიდეო. ქეთიც, ხუთი ხდებოდა, წასასვლელად რომ გაემზადა, თან დამნაშავის სახით მკითხა, ხომ არაფერში გჭირდებიო.
- არა, ქეთი, წადი, გამოშუშდი შაბათ-კვირას, ბევრი არაფერი დამრჩა, მოვერევი, - დავამშვიდე მეგობარი და ჩემმა მზრუნველმა მზერამ იგი კარამდე მიაცილა.
ეჰ, დასვენების დღეები კარგს არაფერს მიქადდა. ისეთ ცუდ გუნებაზე ვიყავი, არც გოგოების ნახვა მინდოდა და აღარც მებოსი. ახლა მხოლოდ ერთი რამ მსურდა - ცალკე ბინა მქონოდა, მარტო ვგდებულიყავი და არაფერზე მეფიქრა.
სამუშაო მაგიდის მილაგება დავიწყე. ამით საქმეს წინ წავიგდებდი და ვინ იცის, იქნებ მის მოსვლამდე მომესწრო და გამესწრო აქედან.
სულ რაღაც ერთი წუთი დამაკლდა, არც კი - 59 წამი. ის იყო, მაგიდა ჩავკეტე და ჩანთას წამოვავლე ხელი, რომ უცებ კარი გაიღო და მაჭავარიანი შემოვიდა. აშკარა იყო, ჩემთან ლაპარაკი უნდოდა, თანაც აუცილებლად სამსახურში.
- სამუშაო საათები დამთავრდა, - უკმაყოფილოდ წარმოვთქვი. მიკვირდა, რატომ იყო კარში გახიდული და დაჟინებით მომჩერებოდა.
- ბოდიში უნდა მოგიხადო, - ყრუდ ამოთქვა.
ამწუთას მეტეორი რომ ჩამოვარდნილიყო, ნაკლებად გამიკვირდებოდა, ვიდრე ეს მობოდიშება, თუმცა ვისარგებლე მისი ჯენტლმენური სვლით და გადავწყვიტე, ასე ადვილად არ მეპატიებინა.
- რატომ, მიხვდი, რომ შეცდი?
მან მხრები აიჩეჩა.
- ასე გამოდის. ყველა მომენტი გავაანალიზე და იმ დასკვნამდე მივედი, რომ ბოდიში მქონდა მოსახდელი. გაწყენინე, არა?
არ მინდოდა მეპასუხა, მაგრამ სულმა მოუსვენარი ფორიაქი ატეხა.
- ხანდახან არაჩვეულებრივად გამოგდის ჩემი შეურაცხყოფა, - უნებურად წამომცდა და თვალები ცრემლით ამევსო, ნერწყვი ძლივს გადავაგორე, - და ნუ მელაპარაკები ასეთი დამტკბარი ხმით, თორემ ვიტირებ, იცოდე!
- აუ, გთხოვ, რა, არ გინდა, ნენე! არ იტირო, თუ შეიძლება! - საშკამ ხელი ჩემკენ გამოიშვირა.
შევხედე. მის მზერაში გულწრფელ სინანულს და ჩემი ატირების შიშს ერთად დაებუდებინა. უეცრად ხელი ნაზად შეახო ჩემს ყელს და გადაწყვეტილება, ასე ადვილად მისთვის არ მეპატიებინა, მსწრაფლ სადღაც გაქრა.
- არც კი მიფიქრია, - ვუპასუხე და გამეღიმა.
მაშინვე შეეცვალა სახის გამომეტყველება. თითქოს მეტად აღარ შეუძლია თავის შეკავებაო, უცებ დაიხარა და თავისი ტუჩებით ჩემსას შეეხო.
ელდანაცემი გავქვავდი, ის კი ეგრევე გატრიალდა, თითქოს გაიაზრა, რომ რაღაც არასწორი ჩაიდინა.
- არაფერი მითხრა, მორჩა, მორჩა! - იყვირა უცებ, - ვიცი, რომ ეს არ უნდა გამეკეთებინა, ამის დედაც! - გაბრაზებულმა შეიგინა, - მაპატიე, თუ შეგიძლია. არ იფიქრო, განგებ მოვიქეცი ასე. ზოგადად, არ მჩვევია თანამშრომლებთან ინტიმი. ამ წესს ყოველთვის მკაცრად ვიცავ, ახლა კი დავარღვიე და ვიცი, რომ არ მეპატიება, - ლუღლუღებდა თავისთვის.
- მიპატიებია, - ტუჩის მარცხენა კუთხე შევარხიე ღიმილის ნიშნად, - სინდისის ქენჯნა ნუ დაგტანჯავს.
- მადლობა. ახლა კი შეგიძლია წახვიდე, ნენე… არის შენში რაღაც… - აღარ დაამთავრა.
ჩანთა მხარზე გადავიკიდე, სასიამოვნო საღამო ვუსურვე და ოთახიდან გავედი.
არადა, საშკას კოცნამ… შემაქანა? შემარყია? შემამთვრალა? რაღაც ამდაგვარი მოხდა, რადგან მსგავსი არასდროს არაფერი განმიცდია. როცა რეზიმ მოულოდნელად მაკოცა, იმის შიშით, მიყვარს და ცდუნებას ვერ გავუძლებ-მეთქი, უკანმოუხედავად გავიქეცი, ამიტომ მის კოცნას გემო "ვერ ჩავატანე". ამასაც არ ველოდი, მაგრამ სულ სხვა რამ ვიგრძენი. მართალია, ეს არ იყო შეყვარებული მამაკაცის კოცნა, მაგრამ მაინც გამიხარდა. ნეტავ რა მიხაროდა?
პარასკევს განცდილის შემდეგ მთელი შაბათ-კვირა გონს მოსვლას მოვუნდი. თუ მთელი არა, უმეტესი ნაწილი მაინც.
ამას კოცნა შეიძლება არც ერქვა… უფრო ზუსტად რომ ვთქვა, ჩვენი ტუჩები, უბრალოდ, ერთმანეთს შეხვდნენ… გაცნობის მიზნით, ალბათ… და… ღმერთო, რა ღვთაებრივი სიამოვნება იყო ეს შეხვედრა!
იმ საღამოს შინ გაბრუებული ვბრუნდებოდი. თავში ოთხმოცდაცხრამეტი კითხვა მიტრიალებდა და ვერც ერთზე პასუხს ვერ ვპოულობდი. როცა სადარბაზოს მივუახლოვდი, ჯერ კიდევ მაკანკალებდა.
ნუთუ საშკა მომწონს? - ეს მეასე და ერთადერთი კითხვა იყო, რაზეც პასუხი მქონდა - ჰო, ასეა, ის მე მაღელვებს. რეზისთან ურთიერთობა ბოლო მომენტამდე მსუბუქი ცურვა იყო აშვებული იალქნებით, საშკასთან კი ჩემი ემოციები გიგანტურ ტალღებს ჰგავდა.
და მაინც, ეს ბიჭი არ ყოფილა მთლად კუნძივით უგრძნობი. მან ბოდიშიც კი მომიხადა, როცა მიხვდა, რომ შეცდა. სწორედ ამიტომ კინაღამ ავღრიალდი.
ვიცოდი, რომ პარასკევს მომხდარისთვის დიდი მნიშვნელობა არ უნდა მიმენიჭებინა. იმ დღეს, როცა ქეთიმ ახალი კოლექტივის წინაშე წარმადგინა და დაკომაც კუსავით "ფეხი გამოყო", ქეთიმ ხაზგასმით მიმანიშნა, საშკას ასეთი გართულებები არაფერში სჭირდებაო. ამის სრული დასტური კი საშკას ბოდიშები იყო. ლამის ლოყები დაიხოკა კაცმა, ეს რა დამემართაო.
ერთი სიტყვით, ყველაფერი გასაგებია, ამიტომ აქ წერტილი უნდა დაისვას და არავითარი მრავალწერტილი!
სამუშაო კვირის დაწყებისთანავე თავი ხელში ავიყვანე. ვხვდებოდი, რომ ჩემი ახალი უფროსი უკვე ცხრაასჯერ მაინც ინანებდა თავის ნამოქმედარს და მიმსგავსებულსაც კი არასდროს გაიმეორებდა.
ორშაბათს საშკა ერთობ თავაზიანი იყო, მაგრამ ამასთან - ზღვის ნაპირთან აღმართულ სალ კლდესავით შეუვალიც. მე ეს მომეწონა. ასე გააგრძელე, შეფ! - შევუქე გულში "სალკლდეშეუვალობა".
- საბუთებს აქ დაგიდებ მაგიდაზე და როცა მოიცლი, ხელი მოაწერე, - ჩვეული საქმიანი ტონით ვუთხარი და დოკუმენტები წინ დავუდე, თან გავუღიმე.
- ნენე, თუ შეიძლება შაბათისთვის ორ ადამიანზე მაგიდა დამიჯავშნე, კარგი? - მთხოვა მან.
საინტერესოა, ვინაა ის იღბლიანი? ლიზი ტალახაძე? - გავიფიქრე და უეცრად თავს დამაცხრა გრძნობა, რომელიც ძალიან ჰგავდა ეჭვიანობას.
- "თეთრ აფრებში"? - ვკითხე და თავს ვაიძულე გამეღიმა, რათა მისთვის მეგრძნობინებინა, რომ სულ არ მაინტერესებდა, ვისთან ივახშმებდა - ლიზისთან, დიკასთან, ნათოსთან თუ რომანტიკულ ათეულში შემავალ სხვა ქალთან.
რა კარგი იყო, კოვიდის გამო რესტორნები რომ დახურეს ერთი პერიოდი. ხომ ვერ მოახერხებდა ახლა მორიგ "ახალ ვარსკვლავთან" დროსტარებას? თუმცა რა დაუშლიდა? ბოლოს და ბოლოს, სახლში წაიყვანდა და ეგ იქნებოდა. ეს კიდევ უარესი. ამას ისევ რესტორანი სჯობდა.
ვითომ თავი დავიმშვიდე. ჰაჰ!!!
მაინც ვიმედოვნებდი, რომ მის საყვარელ რესტორანში თავისუფალი მაგიდა არ აღმოჩნდებოდა და საშკას შეკვეთის შესრულებას ვერ შევძლებდი. რაღაც უცნაური მემართებოდა. არ მინდოდა მისთვის შაბათი საღამო შემდგარიყო. შინაგანი ხმა მკარნახობდა, ყველა შესაძლო საშუალებით შევწინააღმდეგებოდი ამ შეკვეთას. რა მოხდებოდა, თუკი ადმინისტრატორს დავუმალავდი, რომ მაგიდას საშკა მაჭავარიანი უკვეთდა? გაიგებს თუ რა? არა, ამას ვერ ვიზამდი. უარის შემთხვევაში თვითონვე რომ დაერეკა და ეთქვათ, თქვენთვის ადგილი ყოველთვის მოგვეპოვებაო, მაშინ რომელ მდინარეში გადავმხტარიყავი? სასწრაფოდ უკუვაგდე შავ-თეთრი ფიქრები და დავრეკე. ვუხსენე თუ არა ჩემი შეფის სახელი, შეკვეთა მაშინვე მიიღეს.
ნეტავ ახლა სადმე გავიდოდეს. ცოტა ხნით მაინც. რატომღაც, მანერვიულებდა მეზობელ კაბინეტში მისი ყოფნა.
თავს ვერაფერს ვუხერხებდი. მივხვდი, რომ ამიერიდან ჩემი მიკროსამყარო მისი ოფისის კედლებში მოექცა.
სამსახურიდან გამოსული ისეთი მოშხამული ვიყავი, გეზი პირდაპირ ჩემი გოგოებისკენ ავიღე. ამინდი შეცვლილიყო, მზე ღრუბლებს ებრძოდა, რაშიც ქარიც აქტიურად ეხმარებოდა.
გაგრძელება იქნება