ჩემი მანქანა, როგორც ყოველთვის, სადღაც ჯანდაბაში დავაყენე და ლიფტთან მისულმა პირბადე გავიკეთე, რადგან ჩემ გარდა მას კიდევ ორი ადამიანი ელოდებოდა. მაქსიმალურად ვცდილობდი, პირბადე არ გამომეყენებინა, რადგან სულს მიხუთავდა, მაგრამ სადაც აუცილებელი იყო, იძულებული ვიყავი. კიდევ კარგი, საშკა არ გვაიძულებს ოფისში პირბადით ჯდომას, თორემ, ალბათ, გავრეკავდი. თვითონაც ვერ იტანდა პირახვეულ სიარულს და ჩვენც არ გვავალდებულებდა. მახსოვს, ერთ დღეს სამსახურის ლიფტში შესულს ვიღაც ჩემხელა გოგო დამემგზავრა. პირბადეს აღარ ვეცი, ვიფიქრე, ტოლები ვართ და პრეტენზია არ ექნება ასაკოვანი ქალებივით-მეთქი. იმან კიდევ - მრავლისმთქმელი მზერით შემათვალიერა და ზურგი მაქცია. ლიფტში! ამ კორონამ ლამისაა, ადამიანები ერთმანეთს გადაგვამტეროს. პოლიტიკის გამო ხომ ხოცავენ ერთმანეთს და ახლა უპირბადობის გამოც კი შეუძლიათ ლანძღონ ერთიმეორე. არც ისაა გამორიცხული, დასცხონ!
ამის გახსენებაზე ისედაც ცუდ ხასიათზე მყოფი უარეს გუნებაზე დავდექი, ლიფტს გვერდი ავუარე და ფეხით ავუყევი სართულებს. პირბადით გამოწვეულ უჰაერობას ქოშინით გამოწვეული მერჩივნა.
კარი, რა თქმა უნდა, ღია დამხვდა. ეთო და ელო შინ იყვნენ. ეთო, როგორც ყოველთვის, სამზარეულოში ტრიალებდა, ელო კი ოთახში, სარკის წინ წამოსკუპებულიყო და საგანგებოდ იპრანჭებოდა. ისეთ ადგილას დავდექი, რომ ორივეს დავენახე.
- პრივეტები! და-და-და-დააან! - საზეიმოდ დავჭექე და ნამცხვრებიანი ყუთი მაღლა ავწიე, - გამოვჩნდი, როგორც იქნა!
ატყდა ერთი წიოკი. რაც ის სამსახური დავკარგე და ეს სამსახური ვიშოვე, ეთო და ელო სულ ორჯერ ვნახე.
ერთი სამზარეულოდან გამორბოდა, მეორე - ოთახიდან.
- შე უსინდისო! - ყვიროდა ეთო.
- საზიზღარო არსებავ! - მხარს უბამდა მეორე.
მე კი ვიდექი, ადგილზე ვტრიალებდი და თავზევით ნამცხვრიან ყუთსაც ვატრიალებდი.
როგორც იქნა, საყვედურებიც დამთავრდა და მოკითხვებიც. შეხვედრით გული ვიჯერეთ, ნამცხვარი დავჭერით და ყავას მივუსხედით. ელო საოცარი სიფრთხილით იდებდა პირში ლუკმას და ყავასაც თევზივით გადმობრუნებული ტუჩებით წრუპავდა.
- რას ინაზები, თუ იცი? - სიცილი ვერ შევიკავე.
- გოგო, პომადა არ მინდა მომცილდეს. პაემანზე მივდივარ. - ნახევარი ტონით დაუწია ხმას.
- ვაა, გადასარევი ამბავია. ესე იგი, ტყუილად იფშლუკებოდი? როდის გამოჩნდა? - გავიხსენე მისი გერა.
- არც არასდროს. ახალი მყავს! - გამომიცხადა და თავის უდიდეს სიამაყეს უდიდესი კმაყოფილებაც ჩააქსოვა.
- კაი, მართლა? - ცოტა დაუჯერებელი მეჩვენა ეს ამბავი.
- შენ კიდევ რა გიკვირს, ვითომ არ იცნობ! - ეთომ მხარზე გადაკიდებული სამზარეულოს ტილო ახლაღა მოიშორა და ცარიელი სკამის საზურგეზე გადაკიდა, - გაუაქტიურდა ახლა მიძინებული ტვინი და დილიდან ტვინი შეჭამა, რა ჩავიცვაო. ხომ იცი, როცა პაემანი ეჭყანება, მხოლოდ მაშინ ხდება ამის გაცოცხლება, სხვა დროს მკვდარია, ოღონდ დაუმარხავი. აჰა, მოვიდა შენი მშველელი და გირჩევს, რა უნდა ჩაიცვა, იქნებ ამის მაინც დაიჯერო!
- მოიცა, მოიცა! ჯერ ის მითხარი, ვის ხვდები, სად გაიცანი? - ჭამას თავი დავანებე და სახე ხელებში მოვიქციე. ცნობისმოყვარეობამ შემიპყრო.
- ქუჩაში. კინაღამ მანქანა დამაჯახა. - ჩაიფხუკუნა ელომ.
- რას ამბობ, გოგო! - შევიცხადე.
- ჯერ სად ხარ. ჰკითხე, ვინ არის-თქო! - განმსჯელი მზერით გადმომხედა ეთომ.
- ასეთი ვინაა? აფრიკელი თუ ჩინელი? - ჩემი ჭკუით, ვიხუმრე.
- დედააა! შენ საიდან იცი? - ელომ თეფშიდან თავი აიღო და ისეთი გამჭოლი მზერა მესროლა, თითქოს ყველასგან დაფარული საიდუმლო გამემჟღავნებინოს.
- რა საიდან ვიცი? - პირი დავაღე.
- ეს მაღადავებს თუ როგორაა ამის საქმე, - აგდებული ტონით და ამრეზილი სახით ელომ ეთოს გადახედა, - წეღან არ თქვა, ჩინელი თუ აფრიკელიო?
ახლა კი ჩავწვდი რაღაცას, მაგრამ ვაი!
- რა, ჩინელიც არის და აფრიკელიც? - გავიოცე.
- ჩინელია, ჩინელი, - ამოოხვრით მომიგო ეთომ და მაგიდაზე დაფრენილი ღამის პეპელა წკიპურტით მოისროლა.
- კაი რააა, - ორი სიტყვით ვუსაყვედურე დაქალს და ხელზე ხელი დავადე, - ცოტა აქეთ ვერავინ იპოვე?
- ვინც დამაფასა, ის ვიპოვე! - ჯიბრიანად წამოიძახა ელომ, უცებ წამოხტა, კოვზი გაჯავრებულმა სადღაც მოისროლა და სამზარეულოდან გავარდა.
მე ჩემი გაჭირვება მქონდა. ამათთან იმიტომ ამოვედი, ცოტა გულს გადავაყოლებ-მეთქი და უარეს დღეში ჩამაგდეს.
- რა საქციელია ახლა ეს? - გავფიცხდი, - მე რა შუაში ვარ?
- შეეშვი, ხომ იცი, რა ტიპიცაა. - ჩემი დაშოშმინება სცადა ეთომ, - შენ ის მითხარი, როგორ შეეგუე ახალ სამსახურს?
- რა ვიცი, არის რა, - უარესად ჩამოვუშვი ცხვირი და თეფში განზე გავწიე, ჭამის მადაც დავკარგე ამასობაში.
- ნეტავ არ წამოსულიყავი იქიდან, დედოფალივით იყავი იქ, - დანანებით წარმოთქვა.
- აქაც ვიდედოფლებ, რომ მინდოდეს, მაგრამ მიღირს?! - ხელი ავიქნიე, ვითომ სულერთია-მეთქი. არადა, გული მეგლიჯებოდა საშკას გახსენებაზე.
- ეჰჰჰ, - გულსაკლავად ამოიოხრა ეთომ, - ყველას ჩვენ-ჩვენი გაგვჭირვებია. მე ისევ არ დამიბრუნდა არც ყნოსვა, არც სუნი.
ეს არ იყო კარგის ნიშანი, მაგრამ მაინც გავამხნევე, აუცილებლად დაგიბრუნდება-მეთქი.
- ჩვენი კარის მეზობელივით თუ დამემართა, ჯობია, სულ არ დამიბრუნდეს. რასაც ვჭამ, ყველაფერს თივის გემო აქვს, სუნი კიდევ სულ მყრალი მცემს ან დამწვარი რეზინისო.
- მე წავედი! - კარის ზღურბლს ზღვასავით ღუღუნა ხმით მოადგა ამ დროს ელო და საზეიმო ღიმილით დაგვასაჩუქრა.
ორივემ უნიათოდ დავუქნიეთ ხელი "აბა შენ იცი"-ს ნიშნად და ერთმანეთს მრავალმნიშვნელოვნად გადავხედეთ…
ისე წამოვედი გოგოებისგან, ჩემი ამბების მოყოლა არ გამომივიდა. არადა, როგორ მინდოდა ვინმესთვის გამენდო ჩემი საიდუმლო. გული საზიზღრად მქონდა დამძიმებული. ნუთუ კიდევ ერთი უიმედო სიყვარული მელოდა? რა დავაშავე? ასეთი უტვინო რამ გამაჩინა! ჭკვიანი ადამიანები შეცდომებზე სწავლობენ, მე რა ეშმაკი შემიჩნდა? სანამ უნდა მეგონოს სიყვარული ის, რასაც მხოლოდ ბანალური რომანის ფურცლებში იპოვი?
შინ გვიან მივედი. ჩემებს უკვე ეძინათ. მეც ჩემს ოთახს მივაშურე და ჩავწექი.
სახლში სიჩუმემ დაისადგურა, ფიქრებში - საშკამ, ჩემს გულში კი სიბნელემ…
იმ დღემ არ ივარგა…
სამშაბათს საშკამ გამომიცხადა, ოთხაშაბათს ანაკლიაში მივდივარ საქმეზე და შაბათამდე ვერ ჩამოვალ, ამიტომ ორშაბათამდე ოფისში ვერ მოვალო. ლამის გული შემიღონდა. ცოტა არ იყოს, გავბრაზდი. რა სულ აქეთ-იქით დადის ეს კაცი, სამსახურში ვერ დაეტევა?!
მერე ოფისიდან გავიდა და კარგა ხანს არ გამოჩენილა. მხოლოდ რამდენიმე საათი არ იყო, მე კი ჩემი დამემართა, ისე მომენატრა.
იმავე დღეს ქეთი გაცივდა. ისე აცემინებდა, მგონი, მთელ დერეფანში ისმოდა.
- წადი რა, სახლში, ჩაწექი, - შევთავაზე.
- მგონი, აჯობებს, თორემ რაღაც ძაან შემომიტია. შეიძლება სიცხეც მაქვს, - დაიწუწუნა და შუბლზე მოისვა ხელი. მიუხედავად ამისა, ხუთ საათამდე მაინც დარჩა.
ხუთშაბათს გამოვიდა სამსახურში, მაგრამ ისე ცუდად გამოიყურებოდა, დავუცაცხანე:
- შენი თავი თუ არ გეცოდება, ბავშვი მაინც შეიცოდე, გოგო! რას მოდიოდი დღეს, ვერ ხედავ, რა დღეში ხარ? - ვუსაყვედურე.
- შენი მერიდება, სულ მარტო დაგტოვე, - ძლივს გამიღიმა.
- არ გრცხვენია? მოსარიდებელი რაა? ნუ გეშინია, არაფერს გავაფუჭებ. ექვსიანზე მივხედავ ყველაფერს. - გავეხუმრე.
- ვიცი, რომ მიხედავ, შენ ეგეთები არ გეშლება, მაგრამ…
- მიდი, მიდი, არავითარი მაგრამ!
- თუ რამეა, ხომ დამირეკავ? რამეში თუ გაიჭედები.
- არაფერში არ გავიჭედები, პირობას გაძლევ, - თბილად შევღიმე და ლამის ძალით გავაგდე კაბინეტიდან.
მისი წასვლის შემდეგ თავაუღებლად ვიმუშავე. ვიცოდი, რომ გვიანობამდე მომიწევდა დარჩენა, რათა ყველაფერი მომესწრო. საშკაც არ იყო, ამიტომ თავი არ უნდა შემერცხვინა. როცა ის ჩამოვიდოდა, ყველაფერი მოწესრიგებული უნდა დახვედროდა.
გაგრძელება იქნება