ნოველები

მუყაოს ფრთები - თავი 16

მუყაოს ფრთები - თავი 16
წინა თავი

_ კი, სულ ესაა.

_ ვაა. რატომ, ქვიშის გირჩევნია?

_ მირჩევნია.

_ და ქვებმა რა დაგიშავა?

_ ფეხისგულებს მტკენს, ვერ დავდივარ ქვებზე, _ შევჩივლესავით.

უცებ ხარხარი ატეხა, თავი უკან გადააგდო და აღარ გაჩერდა.

მეწყინა. რა ვთქვი ასეთი სასაცილო?

_ იცი რა? _ მირჩია, როცა სიცილით გული იჯერა, _ ზღვის კალოშები ყოველ ფეხის ნაბიჯზე იყიდება. თან ზუსტად იმისთვის, რაც შენ დისკომფორტს გიქმნის. თან ისეთი ფე
რადები, შეიძლება არჩევა გაგიჭირდეს. თან ყველა ზომის. მოდი, მე გიყიდი, კარგი? რა ზომა ფეხი გაქვს? _ შემეკითხა, თავი გადმოხარა და ჩემს ფეხებს ჩააყოლა მზერა.

_ 36. მაგრამ ნუ შეწუხდები, არ მიყვარს მაგეების ჩაცმა.

ისევ დაამუხრუჭა.

_ არ დამიმალო და პირდაპირ, აქვე მითხარი, კიდევ რა არ გიყვარს, რომ ტყუილად არ შემოგთავაზო.

_ ჩემს საქმეებში სხვისი ცხვირის ჩაყოფა, _ მივახალე.

არ ესიამოვნა. ამის შემდეგ სასტუმრომდე ისე მივედით, ხმა არ ამოუღია. არც მე.

ჩემი ნომერი დიდი და ნათელი აღმოჩნდა. რატომღაც, ძალიან მიხაროდა, რომ ჩამოვედი. ზღვა ჩემი სტიქიაა, ისე მიყვარს, მისი დანახვა და ტალღების ხმის გაგონება გონებას მირევს. საათობით შემიძლია მის ლივლივს ვუცქირო და მარილით გაჯერებული მლაშე ჰაერი ხარბად ვყლაპო. თუმცა ამის შესახებ მასთან კრინტი არ დამიძრავს. თუ შემომთავაზებდა ზღვაზე საბანაოდ გასვლას, ხომ კარგი, თუ არადა, მე არავითარ შემთხვევაში ამაზე ხმას არ ამოვიღებდი. ყოველ შემთხვევაში, ორივე ვარიანტისთვის მზად ვიყავი. საცურაო კოსტიუმი მომქონდა. თანაც, ორი ერთად.

ცოტა ხანი დავისვენეთ, რახან ნამგზავრები ვიყავით, მერე კი სასტუმროს საკონფერენციო დარბაზში გავედით, სადაც თავის მომავალ პარტნიორებს უნდა შეხვედროდა. სამი თურქი დაგვხვდა იქ _ ორი მამაკაცი და ერთი ქალი. უცნაური ის იყო, რომ თურქული იერი საერთოდ არ ჰქონდათ, ქართველებს უფრო ჰგავდნენ. საუბარი ინგლისურ ენაზე წარიმართა. საშკა თავისუფლად საუბრობდა ინგლისურად, ამიტომ ჩემი დახმარება არ დასჭირვებია, მაგრამ იმ სამთაგან ქალმა არც ინგლისური იცოდა და არც რუსული. ცოტა ფრანგული მესმისო, მოგვიბოდიშა და სწორედ ამაში გამოვადექი ჩემს ბოსს. მართალია, ქალბატონი ფარუხი ძლივს ამტვრევდა ფრანგულს, მაგრამ მაინც თავისუფლად ვიგებდი მის ნათქვამს და საშკას ინგლისურად ვუთარგმნიდი, რათა იქ მყოფ ორ თურქ მამაკაცსაც გაეგო.

საათნახევრიანი შეხვედრის შემდეგ ლანჩზე ჩავედით, მერე ისევ მოლაპარაკებები გაგრძელდა. ასე რომ, საღამომდე კარგა ნაყოფიერად ვიმუშავეთ.

ერთი თურქი მამაკაცი, შედარებით ახალგაზრდა, ძალიან სიმპათიური იყო. მისკენ უფრო ხშირად გამირბოდა თვალი, რაც საშკას შეუმჩნეველი არ დარჩენია. როგორც ჩანს, იმასაც მოვეწონე, თან აზიზი ერქვა. საღამოს, როცა ერთმანეთს დავემშვიდობეთ, ეს აზიზი მიუბრუნდა ჩემს უფროსს და ეუბნება, თქვენი თანაშემწე ჩაიზე რომ დავპატიჟო, თუ შეიძლებაო.

საშკა სიბრაზისგან ჭარხალივით გაწითლდა, თუმცა უხეშობისგან თავი შეიკავა და რაც შეიძლებოდა თავაზიანად უთხრა, ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს სამუშაო, ამიტომ ნენე უახლოესი ერთი საათი ვერ მოიცლისო.

მეც ალმურმა ამკრა, ეს რომ გავიგონე. არ ველოდი, ასეთი რამ თავში თუ მოუვიდოდა იმ თურქს, თორემ საერთოდ არ შევხედავდი. საშინელი უხერხულობა ვიგრძენი.

_ ერთი საათის მერე შეძლებთ? ერთად ვივახშმოთ, _ არ გაჩერდა აზიზი და ახლა მე მომიბრუნდა.

_ ვშიშობ, ვერ შევძლებ, _ ღიმილით გავაქნიე თავი, _ ძალიან დავიღალე, დასვენება მინდა.

ამ დროს საშკა ოდნავ წინ იყო წასული და მგონი, ვერ გაიგონა, რა მკითხა აზიზმა, მაგრამ რაღაცას რომ მელაპარაკებოდა, შეამჩნია. უკმაყოფილო მზერა მესროლა და თავი მიაბრუნა.

როცა სასტუმროს კიბეზე ავდიოდით, ჯიქურ შემომხედა და პირდაპირ მკითხა:

_ დაგინიშნა პაემანი? _ თუ მისი ტონით ვიმსჯელებდი, აღფრთოვანებული ნამდვილად არ ჩანდა.

_ იმედია, საწინააღმდეგო არაფერი გექნებოდა, _ მივუგე და როცა შევატყვე, რაღაცის თქმას აპირებდა, სწრაფად დავაყოლე, _ უარი ვუთხარი. მაჰმადიანიღა აკლია ახლა ჩემს ბედნიერებას.

ჩაიღიმა.

_ მერე რა? შენ ისეთი ყოჩაღი ხარ, ადვილად მოაქცევდი შენს რჯულზე.

მივხვდი, მიკბინა, მაგრამ არ შევიმჩნიე.

_ მართალი ხარ, ეგ ნამდვილად არ გამიჭირდებოდა, მაგრამ ვფიქრობ, არ ღირს მასთან ურთიერთობის გაბმა.

_ რატომ, რახან ჩემი პარტნიორი ხდება?

_ არა, რახან თურქია და მისი მოქცევა დამჭირდება. ზედმეტად რატომ დავიხარჯო, რა ძალა მადგას? ქართველი კაცები დაილია? ოდესღაც ერთი მაინც გაახელს თვალს და შემამჩნევს, _ ვთქვი და ენაზე ვიკბინე, ეს რამ მათქმევინა-მეთქი, რაღაც გამოწვევასავით გამომივიდა.

მანაც სწორედ ეგ იფიქრა, ისე შეთქმულივით გამიღიმა. როცა ჩემს ნომრამდე მიმაცილა, რომელიც მისი ნომრის გვერდით იყო, ჯერ შეყოყმანდა, მერე კი მაინც მკითხა:

_ თუ არ ვცდები, სავახშმოდ გეპატიჟებოდა, არა? _ და გაიღიმა.

მე კი ავკისკისდი, ის გამახალისა მისმა შეკითხვამ.

_ შენ თითქმის ყველაფერს ამჩნევ, არა?

_ ვცდილობ, _ წარბები აზიდა და მხრები შეათამაშა, მერე კი დაამატა, _ მართლა აზიზია ეგ შენი აზიზი.

კართან ერთმანეთს დავემშვიდობეთ და მე ჩემს ნომერს მივაშურე, მან _ თავისას.

ალბათ გვიან ღამემდე იმუშავებს. ალბათ უკვე გახსნა თავისი ტყავის ჩანთა. ალბათ პერანგიც გაიხადა და სააბაზანოს მიაშურა…

საწოლზე გულაღმა გავიშხლართე. ცოტას დავისვენებ და მერე კომპიუტერს მივუჯდები. რაც დღეს ჩავინიშნე შეხვედრისას, ბოლომდე უნდა მოვაწესრიგო, რათა ბოსი უკმაყოფილო არ დამრჩეს. სამუშაო ცოტა არ არის, დრო სჭირდება. გამოძინებაც ხომ უნდა მოვასწრო?

საოცრად რბილი მატრასი იყო, ეგრევე ჩავეფალი, გემრიელად დაიძინებდა ადამიანი, თუმცა მე ძალიან ცუდად მეძინა.

იმიტომ, რომ ჯერაც ეიფორიაში ვიყავი.

იმიტომ, რომ კმაყოფილი დავრჩი ჩემი პირველი `გასვლითი~ მუშაობით. იმიტომ, რომ დავალებას მშვენივრად გავართვი თავი.

იმიტომ, რომ საშკაზე ვფიქრობდი.

როცა მისი სახე გონებაში ამომიტივტივდებოდა, ჩემდა უნებურად მეღიმებოდა. როგორი უკმაყოფილო დარჩა, აზიზმა რომ დამპატიჟა. ნეტავ რატომ? იმედია არ ნანობს, ქეთის ნაცვლად რომ წამომიყვანა.

თვალები მივლულე და ღამის ჰაერი ღრმად შევისუნთქე…

ორი საათის მერე გამეღვიძა და ელდა მეცა. რამდენი დრო დამიკარგავს! ახლა აკრეფაც უნდა მოვასწროს ტექსტის, დალაგებაც, ჩასწორებაც და დაძინებაც. ამასობაში შეიძლება შემომათენდეს კიდევაც.

სასწრაფოდ ვიბანავე, პიჟამა ჩავიცვი და ლოგინში შევძვერი. თმა აღარ გავიშრე, რათა დრო არ დამეკარგა და მუშაობას შევუდექი.

არ ვიცი, რამდენი წუთი გავიდა, მაგრამ მოულოდნელობისგან შევხტი, როცა კარზე კაკუნი გაისმა. ასე გვიან ვინ უნდა ყოფილიყო ან რა უნდა მომხდარიყო?

კარი ოდნავ გამოვაღე. იქ საშკა იდგა. მან თავი გვერდზე გადახარა, თვალები მოჭუტა და თქვა:

_ გიხდება ეგ პიჟამა.

_ ამის სათქმელად მომადექი ამ შუაღამეს?

_ ჯერ ერთი, შუაღამე არ არის, სულ რაღაც თორმეტი საათია. მეორეც, იმის სათქმელად მოვედი, რომ დილით გაღვიძება არ იჩქარო. ვიცი, ამაღამ ბევრი სამუშაო გაქვს. ძილიც ხომ უნდა მოასწრო. ხვალ დასვენებული და გამოძინებული მჭირდები, თან კარგ ფორმაში. აი, ახლა როგორც ხარ, ისე, _ გამეხუმრა და წარბებითა და თვალებით ჩემს პიჟამაზე მიმანიშნა.

_ ღამე მშვიდობისა, ბოსსს! _ ბოლოში წავუსისინე და ის იყო, კარის მიხურვა დავაპირე, რომ ხელით გააჩერა.

_ მოიცა, მოიცა! წამო, სადმე გავიდეთ, რამე ვჭამოთ.

_ ამ შუაღამეს?

_ ბათუმში სწორედ ამ დროს იწყება თუხთუხი.

_ ხმ… _ ჩავიფხუკუნე, მისგან ასეთი სიტყვა პირველად მესმოდა, თანაც სულ რამდენიმე საათის წინ დავნაყრდით, რა ჭამა აუტყდა? მივხვდი, ის აშკარად ელოდა, რომ უარს არ ვეტყოდი.

_ არ მინდა ჭამა. _ მივუგე, მაგრამ გულმა გამალებით დამიწყო ცემა. მოულოდნელად ამქვეყნად ყველაზე მეტად მასთან ერთად საჭმელად გასვლა მომინდა.

_ შენ უნდა ჭამო, _ თქვა.

ოხ, როგორ ვნანობდი, რაც ვთქვი. ვინ მექაჩებოდა ენაზე? მეთქვა, მეც მშია-მეთქი, განა ვინმე შემამოწმებდა?

_ არა, მართლა არ მშია, თანაც ბევრი სამუშაო მაქვს. თუ მაინცდამაინც მომშივდა, საჭმელს ნომერში გამოვიძახებ. _ იხტიბარი აღარ გავიტეხე.

გაოგნებული მომაჩერდა. ალბათ არ იყო მიჩვეული ქალისგან უარის მიღებას.

_ როგორც გინდა, _ ნირწამხდარმა ჩაილაპარაკა და წავიდა.

მგონი, საუკუნე გავიდა, სანამ კვლავ მუშაობის ხასიათზე დავდგებოდი. როგორ ვუთხარი უარი, ეს რა ვქენი? რა შანსი გავუშვი ხელიდან. რატომ ვაწყენინე? აწი, ალბათ, არასდროს არსად არ დამპატიჟებს. მაგრამ უკვე გვიან იყო თითზე კბებანი.

ვაღიარებ, რომ მის გვერდით თავს სულ უხერხულად და დაჭიმულად ვგრძნობდი. ესეც იყო ერთ-ერთი მიზეზი, მის სიახლოვეს რომ გავურბოდი.

როგორც იქნა, გავაგრძელე მუშაობა, მაგრამ ცოტა ხნის შემდეგ სასტუმროს შიდა ტელეფონმა დარეკა. ნომრების მომსახურებიდან რეკავდნენ.

_ ბატონმა მაჭავარიანმა გვითხრა, რომ შეკვეთის გაკეთება გსურთ, _ ქალის ხმა გაისმა.

თან გამიკვირდა, თან გამიხარდა. როგორც ჩანს, ჩემზე ზრუნავს. თანაც, უკვე რა დროა და კიდევ არ სძინავს. საინტერესოა, რა არ აძინებს? ხომ შეიძლება ჩემზე ფიქრობდეს?

რატომაც არა.

_ მხოლოდ ყავა ამომიტანეთ, თუ შეიძლება, _ ვუპასუხე ქალს და ჩემთვის გამეღიმა.

მეორე დილით, როგორც ველოდი, ოდნავ ცივად მომესალმა, თუმცა მე მაინც კმაყოფილი დავრჩი. რახან ჩემი უარით მისი განაწყენება შევძელი, ესე იგი, თავისი ადვილად მოსაჩვევი ქალების სიაში ვერ შემიყვანა. ეს კი ცოტათი მაინც ამამაღლებს მის თვალში.

იმ დღესაც გვარიანად ვიმუშავეთ. დილით კვლავ თურქებს შევხვდით და კონტრაქტი გავაფორმეთ, დღის მეორე ნახევარში კი იტალიელებს, ხოლო საღამო ჩინელების დელეგაციით დავაგვირგვინეთ. ჩინელები უცხო ენის ბაიბურში არ იყვნენ. თარჯიმანი ახლდათ თან, რომელიც, რატომღაც, მათ ნალაპარაკევს რუსულად გვთარგმნიდა.

_ შენ რომ ბათუმი `ისე რა~ მოგწონს, ზუსტად `ისე რა~ მომწონს მეც რუსული, ამიტომ თუ თითი მაგიდაზე დავაკაკუნე, ესე იგი, რაღაც ვერ გავიგე და უნდა მითარგმნო, _ გადმომიჩურჩულა საშკამ.

კინაღამ გამეცინა. კაცი წყალივით საუბრობდა ინგლისურად და რუსული არ ესმოდა. მე კი მამაჩემმა რუსულიც მასწავლა. სულ მეუბნებოდა, `მტრის ენა~ უნდა იცოდეო. ბავშვობაში ვერ ვხვდებოდი, რატომ ერქვა რუსულს `მტრის ენა~, მაგრამ მაინც მთელი მონდომებით ვსწავლობდი.

აი, იტალიელებთან კი სიამოვნებით ვიმუსაიფეთ. ისეთი სიმპათიური კაცები იყვნენ, თანაც ოთხნი, თვალი ზედ დაგრჩებოდა. ისინიც დიდი მოწიწებით მეპყრობოდნენ. სადილზეც დაგვპატიჟეს. საშკა კი იყო ცოტა დაძაბული, რადგან ვერაფერს იგებდა, სანამ მე არ ვუთარგმნიდი, მაგრამ ისეთი უშუალოები იყვნენ, შორიდან რომ შეეხედა ადამიანს ჩვენთვის, იფიქრებდა, დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებთ ერთმანეთთანო.

_ რას იტყვი, წამოვლენ პარტნიორობაზე? _ მკითხა საშკამ, როცა მათ დავშორდით.

_ აუცილებლად. ერთ კვირაში მეილით გამოგიგზავნით პასუხსო.

_ ახლა იმაზე მომიყევი, რაც არ მითარგმნე.

_ რა არ გითარგმნე?

_ ეგ რომ ვიცოდე, არ გთხოვდი, მომიყევი-მეთქი.

_ გეფიცები, ყველაფერი ზუსტად გადმოგეცი, _ ვიწყინე და გავიოცე ერთდროულად.

_ არა, საქმეზე ვიცი, რომ ზუსტად მითარგმნე, შენზე რას გეუბნებოდნენ, ეგ არ დამიმალო.

ყურებამდე გავწითლდი. საუბარში ერთი-ორი კომპლიმენტი მართლა მითხრეს, რაც ნამდვილად არ მითარგმნია, რადგან მე მეხებოდა და არა მაჭავარიანის საქმიანობას. ამას კი შეუმჩნევია.

_ დავიჯერო, ასე ზედმიწევნით ამჩნევ ყველაფერს? _ გაკვირვებული მივაჩერდი.

_ რისი შემჩნევაც მინდა, ყველაფერს, _ თავდაჯერებულად მომიგო, რამაც უდიდესი სიამოვნება მომგვარა. ესე იგი, მამჩნევს?

ჩინელებს ყოყმანიც არ დაუწყიათ, ისე გააფორმეს კონტრაქტი. ახლა მხოლოდ იტალიელების პასუხს უნდა დავლოდებოდით. რახან საქმეები მოვითავეთ, თბილისში დასაბრუნებლად გავემზადეთ.

მიუხედავად იმისა, რომ მოლაპარაკებებმა ჩინებულად ჩაიარა, საშკამ გული მაინც არ მოიბრუნა ჩემზე. ისევ ისე გულგრილად მეკონტაქტებოდა. უკანა გზაზე თითქმის არ ამოუღია ხმა, საჭმელადაც კი არ შეჩერებულა არსად.

მეც ხმაგაკმენდილი ვიჯექი. თვითონ არ სურდა ლაპარაკი და მე რა უნდა მეთქვა? საკუთარ თავთან ხომ არ გავაბამდი დიალოგს? სამაგიეროდ, ისე ჩამოვედით თბილისამდე, მაგნიტაფონი არ გაჩერებულა, ისეთი გუგუნი გაუდიოდა პაპსას, ყური გამეხვრიტა.

_ სახლამდე მიგიყვანო თუ სადმე ჩამოხვალ? _ ძალზე ოფიციალურად მკითხა.

გულ-მუცელი ჩამეწვა. რად უნდოდა კითხვა იმას, რომ სახლამდე უნდა მივეყვანე?

_ აქ გამიჩერე, _ უკვე დიდი დიღმის გადასახვევთან ვიყავით და ისე გავმწარდი, იქვე გავაჩერებინე. აღარაფერი აღარ მინდოდა მისგან. მიკვირდა, რატომ მომწონდა ასეთი კაცი?

მანქანიდან გადმოვედი. თვითონ არც განძრეულა. საბარგულის ახდამაც მე მომიწია და ჩემი ჩანთის გადმოღებამაც.

_ დიდი მადლობა, _ ღვარძლიანად შევძახე ფანჯარაში და სამგზავრო ჩანთის გორიალით ტროტუარზე ავედი.

არც კი გამიხედავს, რა რეაქცია ჰქონდა. არც ის დამინახავს, როდის დაძრა მანქანა და წავიდა. თვალებში ცრემლის მოწოლა როგორც კი ვიგრძენი, მაგრად დავხუჭე, რათა არ ავტირებულიყავი. პირველივე ცარიელი ტაქსი გავაჩერე და ჩავჯექი…

ბათუმის მოგზაურობა კარგად დაიწყო და ცუდად დამთავრდა.

გაგრძელება იქნება...
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რას ელოდებით ახალი წლისგან?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2627282930 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
e87a93