ყალბი ლტოლვა - თავი 13 - Marao

ყალბი ლტოლვა - თავი 13

2022-09-05 10:20:19+04:00


წინა თავი

- რა პირობები? - ცნობისმოყვარეობა აღებეჭდა სახეზე.

- ჯერ თქვენ მითხარით, რაში გამოიხატება ჩემი ახალი სამუშაო, რა მევალება და ჩემსას მერე გეტყვით.

მომეჩვენა, რომ შეაცბუნა ჩემმა ნათქვამმა. რამდენიმე წამის განმავლობაში თვალი არ მოუშორებია, წამწამებიც კი არ დაუხამხამებია.

- შენს მოვალეობაში შედის ჩემი ძმისშვილისთვის თვალყურის დევნება. სანამ სკოლაში იქნება, თავისუფლად შეგიძლია იყო, რაც გინდა, აკეთო, მაგრამ გაკვეთილების დამთავრების შემდეგ მთელი დღეს მის გვერდით უნდა იყო. არ მინდა, წარამარა ფეხებში მედებოდეს. გასაგებად ვლაპარაკობ?

თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე.

- ლევანს შეუძლია სკოლის შემდეგ ვასიკო ჩემთან გამოიყვანოს და საღამომდე დატოვოს. მე მივხედავ მას.

- არა! - მკაცრად შემაწყვეტინა, - შენ ჩემთან უნდა იარო, სახლში. ან საერთოდ, დარჩე და იცხოვრო, ერთ ოთახს გამოგიყოფ, პრობლემა არ არის. მთავარია, მის გვერდით იყო და მეც ორივეს გადევნოთ თვალი. ეს აუცილებელი პირობაა…

ლადოს თვალებში თითქოს რაღაც ჯიბრის მაგვარმა გაირბინა. ეს არ მომეწონა. საით უმიზნებს? რა ჩაიფიქრა? რაში მიყენებს? კითხვები ერთიმეორის მიყოლებით ჩნდებოდა, დაფიქრების დრო კი არ მქონდა. არადა, ისეთ პირობას მთავაზობდა, ტყვეობაში წარმოვიდგინე თავი.

- მაგრამ… - გადავწყვიტე, საკუთარი ინტერესები დამეცვა.

- არავითარი მაგრამ! - უხეშად გამაწყვეტინა, - ანაზღაურება ისეთი გექნება, უკეთესს ვერ ინატრებ. რამე თუ დაგჭირდება, ლევანი გამუდმებით შენ გვერდით იქნება, გასეირნების დროსაც კი.

- როგორც ბადრაგი, არა? - ახლა კი ვეღარ მოვითმინე, მაგრამ მოულოდნელად ისე აენთო თვალები «დემონს», რომ მაშინვე დათმობა გადავწყვიტე, - კარგი, დავფიქრდები… ხომ მაქვს უფლება, მოვიფიქრო?

ირონიულად ჩაიცინა.

- რამე ვთქვი სასაცილო? - გამაღიზიანა მისმა უადგილო ჩაცინებამ.

- შენს ნათქვამზე არა, შენს საქციელზე გამეცინა.

- რომელ საქციელზე? - შევიშმუშნე, ვერ მივხვდი, ასეთი რა ჩავიდინე.

- როგორც კი გიხსენე, კარგი ანაზღაურება გექნება-მეთქი, ეგრევე დათანხმდი.

- მართლა? რაღაც არ შემინიშნავს… - ამრეზით გავხედე, - მგონი, ჯერ თანხმობა არ მითქვამს…

- მაგრამ იტყვი… ხვალვე! - თავდაჯერებულად მომიგო და გამარჯვებული მზერა მესროლა.

- ვნახოთ! - ახლა ჩემი ნათქვამი გაისმა ჯიბრიანად. მის ტონს წონასწორობიდან გამოვყავდი.

- ვნახოთ… ისე, არ გაინტერესებს, რამდენს გთავაზობ?

- არა, არ მაინტერესებს, - უდარდელად ავიჩეჩე მხრები, - თქვენმა მზრუნველობამ ვასიკოს მიმართ ისე ამიჩუყა გული, დარწმუნებული ვარ, უკმაყოფილოს არ დამტოვებთ, - სარკასტული ღიმილით დავამატე და ნიშნის მოგებით შევღიმე.

მის თვალებში კვლავ გაკრთა მრისხანების ნაპერწკალი და ვინანე, რომ ახლაც ვერ შევიკავე თავი.

- მე გირჩევ, ენას კბილი დააჭირო, ან-ნა, - ჩემს სახელს მახვილი დაასვა, - თორემ უსიამოვნებები არ აგცდება, იცოდე!.. სერიოზული უსიამოვნებები… და კიდევ: შენი სამუშაო დღე 7 საათზე დამთავრდება. მერე სხვა მიხედავს მას. ახლა დროა, შენი მოთხოვნები გამაცნო!

მან უკვე ისეთი კაბალური პირობები წამომიყენა, შემეშინდა კიდეც, რამე შეღავათებზე მელაპარაკა. ვიფიქრე, არაფერს დამითმობს-მეთქი. ამიტომ ერთხანს გავჩუმდი, რომ სათქმელი კარგად მომეფიქრებინა. თანაც, ვიცოდი, რომ ვასიკოს მართლა ვჭირდებოდი. ამაში ისევე ვიყავი დარწმუნებული, როგორც იმაში, რომ მზე აღმოსავლეთიდან ამოდის და დასავლეთით ჩადის. ცოტაოდენი პაუზის შემდეგ ჩამოვარაკრაკე.

- ბატონო ლადო, თქვენი წინადადება ერთობ მაცდუნებელია ისეთი ადამიანისთვის, ვისაც სხვა არაფერი აქვს საქმე, მაგრამ მე დაკავებული ქალი ვარ. მაქვს კარგი სამსახური, ბევრი თავისუფალი დრო, ამასთან, მიყვარს ჩემი სამუშაო… ამიტომ მინდა ისიც შევინარჩუნო. ჯერ ხომ არ ვიცი, როგორ შევეგუები ახალ მდგომარეობას. ამიტომ კვირაში ორი დღე თავიდან ბოლომდე ჩემი უნდა იყოს. ამას კატეგორიულად მოვითხოვ.

- კვირაში ორი დღე? ეს ბევრია!

- არა, რატომ? შაბათ-კვირას ბავშვს სწავლა არ ექნება და მე ისედაც თავისუფალი ვიქნები, ასე არ არის?

- შენ რა, შაბათ-კვირასაც მუშაობ? - გაკვირვებულმა შემომხედა.

- ვმუშაობ, თქვენ წარმოიდგინეთ.

- და შაბათ-კვირას მთხოვ?

- არა, შაბათ-კვირას არა. ან შაბათს ან კვირას და კიდევ ერთ დღეს შუა კვირაში. ერთი დღე ხომ მეც მჭირდება, რათა ადამიანურად დავისვენო.

- რატომ, საყვარელი გყავს?

ისე გავბრაზდი, წამიერად სიწითლემ გადამირბინა სახეზე, მაგრამ არ შევიმჩნიე.

- ჩემს პირად ცხოვრებაზე არ მინდა ლაპარაკი. მგონი, მაქვს ამის უფლება, - რაც შეიძლებოდა, დელიკატურად ვუპასუხე.

- ჰო, მართალი ხარ. უკაცრავად… უბრალოდ, მინდა ერთი რამ გითხრა…

- არა, ჯერ მე დავამთავრებ სათქმელს. კიდევ ერთი დეტალი და მერე მოგისმენთ, თუ შეიძლება.

- ბრძანე!

- თუ არ მომეწონება თქვენთან და ვიგრძნობ, რომ ვერ გეგუებით, იმედია, წამოსვლისას არ დამაბამთ და შეთანხმების მშვიდად გაწყვეტის საშუალებას მომცემთ.

- მოგეწონება, ამას გპირდები.

- ვითომ?

- სულ ეს არის? - ჩემს ეჭვნარევ «ვითომს» ყურადღება არ მიაქცია.

- არა, სულ ეს არ არის, - გავღიზიანდი, - მე არ ვიცი, ხვალ და ზეგ როგორ შეიცვლება ჩემი ცხოვრება, ამიტომ წინასწარ ვერ გეტყვით, რამდენ ხანს დავრჩები თქვენს «სამსახურში», - ბოლო სიტყვა განსაკუთრებული ირონიულობით წარმოვთქვი.

- მდააა… ბევრი საიდუმლო გაქვს, ანა? - თვალი თვალში გამიყარა.

- ვფიქრობ, ჩემს ბიოგრაფიაში ჩახედვა თქვენთვის დიდად საინტერესო არ იქნება.

- შეიძლება ჰო, შეიძლება არა, - შეფიქრიანებულმა ჩაილაპარაკა, - ვხედავ, იმაზე ჭკვიანი ყოფილხარ, ვიდრე მეგონა.

- ჰო, არც მთლად სულელი ვარ.

- მე ეს არ მითქვამს.

- მაგრამ გაიფიქრეთ, - არ დავუთმე, - მაშ ასე, თანახმა ხართ?

- ნაწილობრივ.

- ეგ როგორ გავიგო?

- კვირაში ერთ დღეს გაძლევ და თავად აირჩიე - ან შაბათი, ან კვირა. სხვა დღეებში მჭირდები.

- შაბათ-კვირას ისედაც…

- არავითარი ისედაც! - უხეშად გამაწყვეტინა, - მე შენ 2 000 ლარს გიხდი, ამიტომ შეიძლება ხანდახან დასვენების დღეებშიც დამჭირდე! - დაზეპირებულივით მომაყარა, ალბათ მეტი ეფექტის მოსახდენად.

და მოახდინა კიდეც. თანხა მართლაც ისეთი მაცდუნებელი იყო, ენა ჩამივარდა. გაოცების დამალვა ვერ მოვახერხე.

- ან შაბათი, ან კვირა, - მან არ შეიმჩნია, რაც მე შემამჩნია და დაჟინებით მოითხოვა, გადაწყვეტილება მიმეღო.

ჯანი გავარდეს! რაც იქნება, იქნება. ამხელა ფულს, ხუთ ადგილას რომ მემუშავა, ვერ მივიღებდი. ღირდა დაფიქრება, თანაც ნინოსგან წამოსვლას ისედაც ვაპირებდი.

- ველოდები შენს საბოლოო პასუხს, - ხმაში მოუთმენლობა დაეტყო.

- იცით… მე… ასე ხელაღებით ვერ წამოვალ სამსახურიდან.

- სამსახურიდან? - ბოროტად ჩაიცინა, - რომელი სამსახურიდან? გინდა, შენი დოსიე გადმოგილაგო ახლავე, ამწუთას?

- მართლა? ძალიან საინტერესოა, რა იცით ჩემზე. მითხარით, აბა?!

- შენ რასაც აკეთებ, იმას სამსახური არ ჰქვია, ამიტომ ნუღარ მალაპარაკებ, გასაგებია? ჯობია, ჩემს წინადადებაზე იფიქრო. შევთანხმდით?

მისმა სიტყვებმა სული გამიმწარა. როგორც ჩანს, მართლა იცოდა რაღაცები ჩემ შესახებ. ნეტავ საიდან გაიგო?

- მერედა, არ გეშინიათ, ჩემმა ბნელმა წარსულმა ცუდი კვალი არ დატოვოს თქვენს ცხოვრებაში?

- არც ისეთი ბნელი წარსული გაქვს, გოგონი! - თითქოს დამამშვიდა, - ყოველ შემთხვევაში, სამარცხვინო არაფერია იმაში, რომ დამლაგებლად მუშაობ. ასე რომ… - ხელები გაშალა და გამომცდელად შემომხედა.

- ერთ კვირაში გეტყვით, კარგი? - საბოლოოდ დავნებდი, წინააღმდეგობის გაწევის ძალა უკვე აღარ შემწევდა.

- ბევრია ერთი კვირა.

- აბა რა, ახლავე გითხრათ?

- ხვალ.

- კარგი, რამეს მოვიფიქრებ, - ამწუთას ყველაფერზე თანახმა ვიყავი, ოღონდ კი თავიდან მომეშორებინა.

- ხვალამდე, ანა, - თავი დამიკრა და გამეცალა.

კიდევ კარგი, წავიდა. როგორც იქნა, მოვეშვი. წინ მთელი ღამე მაქვს, კარგად მოვიფიქრებ, დავალაგებ აზრებს და რაღაცას გადავწყვეტ. მაინც არ გავაკეთებ ისე, რომ მან მხოლოდ თავისი გაიტანოს. ცოტა რამ მაინც უნდა დათმოს, თუნდაც სულ მცირე. მე ხომ უკიდურესად პრინციპული ვარ…

* * *

მთელი ღამე ვფიქრობდი, როგორ მოვქცეულიყავი. საშკა არ მოვიდა. როგორც ჩანს, ჯერ კიდევ არ გადაუარა გაბრაზებამ. მისმა ჭირვეულობამ ცალკე მომიღო ბოლო, პატარა ბავშვივით იქცეოდა. არადა, როგორ მჭირდებოდა ახლა, ამწუთას! მინდოდა, რჩევა მეკითხა მისთვის. იქნებ ისეთი რამ ეთქვა, რომ გამომდგომოდა. არც ერთხელ არ დავუჯერე და აი, რა შარში გავყავი თავი… უკვე მერამდენედ! ის მაშინაც მართალი გამოდგა, როცა მეუბნებოდა, დედაშენთან ურთიერთობის გარკვევას თავი დაანებეო… და მერეც, როცა მითხრა, ვასიკო არ შეიჩვიოო. ორივეჯერ მე დავრჩი წაგებული და სანერვიულო მომემატა, ორივეგან დაძაბული მქონდა სიტუაცია და საშკასთანაც ვაფუჭებდი ურთიერთობას ამ იდუმალი ისტორიების გამო.

რას ვიზამდი, «დამოუკიდებლად» უნდა მეფიქრა და გადაწყვეტილებაც მარტოს უნდა მიმეღო. მაშ ასე: დავუშვათ, დავთანხმდი «დემონის» შემოთავაზებას. ურიგო არ არის, თუკი თვეში ამხელა ხელფასი მექნება. ფულს დავაგროვებ და ბოლოს და ბოლოს, საკუთარ მცირე ბიზნესს წამოვიწყებ. სხვაზე ნაკლებად არ მიჭრის ჭკუა-გონება, მაგრამ დედაჩემს რა ვუყო? რა და, უნდა დავაჩქარო მოვლენები. აი, ხვალ დილით მივალ მასთან და როგორც კი რამეზე დამიძახებს, ეგრევე მივახლი პირში ჩემს სათქმელს. ვნახოთ ერთი, რას მეტყვის.

მთელი ღამე ვწრიალებდი საწოლში. ვერა და ვერ დავიძინე. უკვე თენდებოდა, თვალი რომ მივხუჭე.

დილით ფართხაფურთხით გავვარდი სახლიდან, თან მთელი გზა ჩემთვის ვლაპარაკობდი და სათქმელს თავს ვუყრიდი, რომ არ დავბნეულიყავი, როცა ქალბატონ ნინოს ყველაფერს გადმოვულაგებდი.

კარი ნანამ გამიღო და ისეთი სიხარულით მიმიღო, თითქოს დიდი ხნის მეგობრები ვყოფილიყავით. არ მესიამოვნა, ნახევარდა რომ დამხვდა. ასე უფრო გამიძნელდებოდა ჩანაფიქრის განხორციელება. რამდენ ხანს დარჩებოდა, არ ვიცოდი. ნირი წამიხდა, მაგრამ რა ჩარა იყო. უგუნებობა მოვიმიზეზე და სწრაფად შევუდექი სახლის დალაგებას, რომ შუადღემდე მომესწრო, მერე ლადოსთან უნდა გავქცეულიყავი პასუხის სათქმელად. ეს პასუხი კი იმაზე იყო დამოკიდებული, აქ როგორ განვითარდებოდა მოვლენები.

მოულოდნელად ისე მოიღრუბლა, რომ ერთიანად ჩამობნელდა. მერე ატყდა საშინელი გრუხუნი, მერე გაიელვა და კოკისპირულმა წვიმამაც დასცხო. ყველაფერ ამას ისიც დაემატა, რომ შუქი ჩაქრა. თითქოს ამინდიც ჩემს განწყობაზე იყო…

ჰოლს ვგვიდი, ამ დროს კარი გაიღო და ვიღაც შემოვიდა. ჩამობნელებულ ოთახში ვერ გავარჩიე, ვინ იყო.

- ნანა? - მომესმა ნაცნობი ხმა, ნუკრი ყოფილა.

- აჰ, გამარჯობა, ნუკრი, - დაბნეული წელში გავიმართე და ოფლიანი შუბლი ხელის ზურგით მოვიწმინდე, - ანა ვარ.

- ანა… როგორ ხარ? - შევატყვე, რომ სევდიანი ხმა ჰქონდა, თითქოს გაბზარულიც.

- გმადლობ… არა მიშავს.

- ნანაში შემეშალე. რაღაცნაირად ჰგავხართ ერთმანეთს, განსაკუთრებით, სიარულში, - გაიცინა.

მის სიტყვებზე ჟრუანტელმა დამიარა.

- ნანა მაღლაა, დედათქვენთან.

- ძალიანაც კარგი. სიმართლე გითხრა, მე შენი ნახვა უფრო მინდოდა.

ამის გაგონებაზე გულმა ბაგაბუგი ამიტეხა. რატომ სურს ამ სრულყოფილებას ჩემი ნახვა? ამქვეყნად ათასობით მოიძებნება ჩემზე ბევრად საინტერესო ქალი, მე რატომ ამომიჩემა? ნუუუ, ათასობით თუ არა, ათობით მაინც, «შევასწორე» ფიქრებში ციფრები… და ზუსტად ვიცი, რომ მათ ნაკლებობას არ განიცდის ეს გოგოსავით ლამაზი ქმნილება. განსაკუთრებით მაშინ, როცა სწორედ ასე უყურებს მათ, როგორც ახლა მე მომჩერებია. ცოტა არ იყოს, ავნერვიულდი და უსიამოვნო შეგრძნება დამეუფლა. ნამდვილად არ მინდოდა, ჩემს ნახევარძმას სიყვარული აეხსნა ჩემთვის.

ის უეცრად ჩემკენ დაიხარა და სახე ახლოს მომიტანა თვალებთან.

- ნუკრი, - შეშფოთებულმა დავიჩურჩულე.

- ამ დღეებში მივემგზავრები, იცი? ლონდონში მივდივარ.

- ლონდონში? - ისე გახარებულმა წარმოვთქვი, თითქოს დიდი ხნის ნატვრა შემსრულებოდეს. თვითონაც კი გააკვირვა ჩემი ხმის ინტონაციამ.

- ჰო. შენც გაგიხარდა? რატომ?

- არა… ჰო… რატომ უნდა მწყენოდა? - დავიბენი, - უფრო სწორად, რატომ მიდიხარ? დიდი ხნით? - ჩემდა უნებურად, თავისით მოდიოდა შეკითხვები.

- ცოტა ხნით გავერიდები აქაურობას. არანაირი პერსპექტივა აქ არ მეჩითება. იქ მეტი გასაქანია. თან ვისწავლი, თან ვიმუშავებ… რაღაცას ვიზამ. ჩემი ბიძაშვილი შემპირდა დახმარებას, დიდი ხანია, იქ ცხოვრობს, მხატვარია.

- მიხარია… ძალიან კარგი ამბავია, - ავლუღლუღდი.

- შენთან კი ერთი თხოვნა მაქვს, - იდუმალი ტონით დაამატა.

- მითხარი, - გაჭირვებით ამოვთქვი, რადგან მან ჩემი ხელი აიღო და გულზე მიიხუტა.

- დედაჩემს მიხედე, კარგი? ამათი იმედი არ მაქვს… არც ერთის… შენი იმედი მაქვს მხოლოდ. არ ვიცი, რატომ ვამბობ ამას, მაგრამ ვგრძნობ, რომ შენ მას არაფერს დააკლებ. ნანაც და ტასოც ისე ექცევიან, როგორც დასჯილ ადამიანს, სულ შენიშვნებს აძლევენ, ტუქსავენ… ის კი ავადაა, გესმის? სითბო და მზრუნველობა სჭირდება. არა, მზრუნველობას არც ესენი აკლებენ, მაგრამ… შენ გამიგებ, ვიცი. მიხვდები, რისი თქმაც მინდა. ჩემთვის გააკეთე ეს, გთხოვ. შენ არ ხარ უპასუხისმგებლო, ამას ძალიან კარგად ვხედავ და ეს არის ჩემთვის მთავარი. შემისრულებ ამ თხოვნას? ჩემი ერთადერთი იმედი შენ ხარ.

ისე მემუდარებოდა, რომ მეტყველების უნარი დავკარგე. ძალაგამოცლილი კედელს მივეყრდენი და ვიგრძენი, კედლიდან გადმოსული სიცივე როგორ გადმოვიდა ჩემს ზურგზე… მუხლები მომეკვეთა და ნელ-ნელა ძირს ჩაცურება დავიწყე. ნუკრი შეშფოთდა.

- ანა… რამე ისეთი გითხარი? გაწყენინე? მითხარი, რამე გეწყინა?

«არა, პირიქით, აღფრთოვანებული ვარ შენით!», - გავიფიქრე გაბრაზებულმა. რატომ მაინცდამაინც მე? რას ხედავენ ეს კაცები ჩემში ასეთს? იქით ლადო გადამეკიდა, ვასიკოზე იზრუნეო, აქეთ ეს! რა, დედა ტერეზა ვარ?

იმედიო… სულაც არ მინდა, იმედი ვიყო. მე მინდა ნაზი ვიყო, მგრძნობიარე, სექსუალური, თავბრუდამხვევი… ღმერთო, რა სისულელეებს ვროშავ?

- მეორედ არ მიწოდო იმედი, იცოდე! - ხმადაბლა, მაგრამ მუქარის ტონით წარმოვთქვი. არ ვიცი, რა მეტაკა… არც ის ვიცი, რამ გამაწბილა ასე… ვითომ სხვა რამეს ველოდი მისგან და იმედი გამიცრუვდა? ისევ იმედი… რა გახდა ეს სიტყვა ასეთი?

ვხედავდი, თანდათან როგორ უფართოვდებოდა თვალები. ვერ გაიგო, რას ნიშნავდა ჩემი რეაქცია. შემდეგ ერთი ნაბიჯით უკან დაიხია, თავი გვერდზე გადახარა და შემომხედა.

ის იყო, რაღაცის თქმა დააპირა, რომ სწორედ ამ დროს ნანას ხმა გაისმა.

- ანა! დედას ჩაი მოუმზადე, რა-ა?! - ძალიან, ძალიან შინაურულად გამომძახა, როგორ დას შეუძლია დას უთხრას და არა, როგორც მოსამსახურეს.

მისმა ხმამ გამომაფხიზლა და ახლაღა გავიაზრე, რა სისულელეც ჩავიდინე. როგორ შემრცხვა… რა მინდოდა? რას ვერჩოდი ამ ბიჭს? თავი ჩავღუნე და ჰოლიდან გავვარდი. სამზარეულოში შევედი, ჩაის მომზადებას გამალებით შევუდექი, თან თვალი და ყური კარისკენ მქონდა, მეგონა, ნუკრი უკან გამომეკიდებოდა. ჩემი ვარაუდი არ გამართლდა.

მორჩა! ახლა უკვე მტკიცედ გადავწყვიტე, დღესვე მომეღო ამ ყოფისთვის ბოლო. აი, ახლა მივუტან ჩაის და ყველაფერს ვეტყვი. არ მაინტერესებს, ნანა იქ დამხვდება თუ არა! ჩემთვის სულერთია! ახლა უკვე აღარაფერს არა აქვს მნიშვნელობა. თუ აქ სამსახურს დავკარგავ, იქ, ლადოსთან, უკეთესი მელოდება და სანერვიულოც, იმედია, ნაკლები მექნება.

მესმოდა, ჭიშკართან როგორ დაიძრა მანქანა. და-ძმა ერთად წავიდა, თან ისე, რომ არც ერთი დამემშვიდობა და არც მეორე. მერე რა? არც ერთი იყო ვალდებული და არც მეორე. ბოლოს და ბოლოს, მე მათთვის მართლაც მოსამსახურე ვარ და მეტი არავინ. უფრო მეტიც - მოსამსახურე კი არა, დამლაგებელი!

ერთხანს წინ და უკან დაბნეული დავბორიალობდი. ვცდილობდი მომეფიქრებინა, საიდან დამეწყო. წუხანდელი დალაგებული აზრები სადღაც გამებნა. ჯერ თავის შვილებზე ხომ არ ვკითხო? როდის დაიბადნენ, სად… როგორები იყვნენ ბავშვობაში - დამჯერნი თუ ურჩნი? თუ პირდაპირ მივახალო, რამდენი შვილი გყავთ-მეთქი? ჰო, მგონი, ასე აჯობებს. ეს მომცემს საშუალებას, მერე ჩემზეც ვალაპარაკო.

არადა, რომ შევუვარდე ახლა და ვიყვირო:

_ სიურპრიზი! მე თქვენი ქალიშვილი ვარ, ქალბატონო ნინო! იცოდით ე-ეს? ის ჩვილი გოგონა, თქვენ რომ გააშვილეთ 29 წლის წინ!

დაკაკუნების გარეშე შევაღე მისი საძინებლის კარი და ჩაი შევუტანე. გაკვირვებით შემომხედა, მაგრამ არა მკაცრად. ალბათ არ ელოდა, დაუკაკუნებლად რომ შევაჭრიდი, თუმცა შენიშვნა არ მოუცია.

- რამდენი კოვზი შაქარი აქვს? - მშრალად მკითხა.

- შაქარი არ ჩამიყრია, ქალბატონო. საშაქრე მოვიტანე და თვითონ ჩაყარეთ, რამდენიც გენებოთ.

ალმაცერად მომხედა. სინი ჟურნალების მაგიდაზე შემოვდგი და გავჩერდი.

- თავისუფალი ხარ, - როგორც სჩვეოდა, ცივად გადმომიგდო სათქმელი.

- თქვენ ორი შვილი გყავთ, არა, ქალბატონო ნინო? - არ ვიცი, რა დამემართა, თითქოს ჩემ დაუკითხავად ალაპარაკდა ჩემი ენა, - ორი, ხომ? ალბათ ძნელია ორი შვილის უმამოდ გაზრდა…

გაოცებულმა ქალმა კოპები შეკრა. მომეჩვენა, რომ იმაზე მეტად მოიღუშა, ვიდრე ველოდი…

- მე დამხმარეები მყავდა, - ძლივს გასაგონად ჩაილაპარაკა.

ფრთხილად, ანა. ერთი არასწორი სიტყვა და ის ბურთივით მოგისვრის აქედან!

- კიდევ არ გინდოდათ გყოლოდათ? - ფრთხილად დავსვი შეკითხვა.

- ვინ, დამხმარე?

- არა, შვილი, - ნერვულად ჩავიცინე.

- ასე გაინტერესებს ბავშვები? - მკითხა და გამჭოლი მზერა მესროლა, თანდათან სახეც გაუქვავდა, როგორც სჩვეოდა ხოლმე, როცა რაღაც არ მოსწონდა.

- არა, სულაც არა, უბრალოდ… - ახლა კი დამება ენა, - სინს წავიღებ, თუ შეიძლება, - დაბორკილივით წამოვავლე სინს ხელი და სანამ რამეს მეტყოდა, ქარივით გამოვვარდი ოთახიდან.

სწორედ ამ დროს შუქიც მოვიდა. თვალი მომჭრა სინათლემ. მოულოდნელად წინ ტასო ამესვეტა, თითქოს მიწიდან ამოძვრაო.

- რა გაფითრებული ხარ, ანა, რა დაგემართა? რამე ხომ არ გითხრა მაგ საძაგელმა? რაც დრო გადის, უარესად ჭირვეული ხდება.

- არა, არაფერი… ცოტა გადავიღალე, თავის ტკივილები დამჩემდა და…

- ჰოდა, მოდი, პიტნის ჩაი დავლიოთ მე და შენ და გაგივლის. პიტნა უებარი წამალია ამ დროს.

- სიამოვნებით დავლევ, - ვთქვი და საწყალობელი მზერა მივაპყარი ტასიკოს, რადგან ამწუთას მხოლოდ ის იყო ჩემი მშველელი, მასთან საუბარი თუ გამომიყვანდა მდგომარეობიდან…

8 8 8

4 საათი ხდებოდა, ლადოს სასახლეს რომ მივადექი. საშინლად ვიყავი აფორიაქებული. ვერა და ვერ დავიწყნარე ნერვები. თან მეგონა, რომ აქ მეორე უკიდურესობა მელოდა. რა მოთხოვნებიც უნდა წამოეყენებინა, ყველაფერზე თანახმა ვიყავი, ოღონდ კი ნინოსგან დამეღწია თავი. ეს ქალი მთრგუნავდა თავისი სიახლოვით.

თუმცა არც ლადო იყო სიკეთის განსახიერება. ჯერ კიდევ გუშინ იგი ჩემს ნომერ პირველ მტრად მიმაჩნდა, დღეს კი მასთან მუშაობის დაწყებას ვაპირებდი. არადა, მართლა სიმპათიური მამაკაცია, ასეთი მოქუფრული გამომეტყველება რომ არ ჰქონდეს. დარწმუნებული ვარ, ღიმილი ძალიან მოუხდება, უფრო გააკეთილშობილებს მის ცხვირ-პირს, სულ ზეთი რომ გადმოსდის. იღიმის კი ოდესმე?.. ცივი თვალები აქვს, მაგრამ ლამაზი. ტუჩებიც ძალიან ვნებიანი აქვს…

აუჰ! მგონი, გავგიჟდი. ბოლო ხანებში რაღაც საეჭვოდ ამეკვიატა კაცებზე ფიქრი. რამე ხომ არ შეიცვალა ჩემი თავის ქალის რომელიმე ნახევარსფეროში?

წვიმამ დიდი ხანია, გადაიღო, მაგრამ ცა მაინც ღრუბლებით იყო დაფარული. როზა ეზოში იყო, კარი რომ გაიღო. მან ღიმილით დამიქნია ხელი, მომესალმა და შინ შემიძღვა.

ლადო ვერანდაზე იდგა და ზემოდან რაღაცას ჩასძახოდა მანქანის რეცხვით გართულ ლევანს. სიტყვები არ მესმოდა, რადგან ჩემს ყურებს გუგუნი გაუდიოდა.

- მოხვედი? - წარბების აწევით მკითხა «დემონმა» და ხელები ჯიბეებში ჩაიწყო, - როზა, ყავას ხომ არ მოგვიტანდი?

- ახლავე, ბატონო, - ქალი მორჩილად გატრიალდა.

- დაჯექი, - მიბრძანა ლადომ და საჩვენებელი თითი უზურგო სკამისკენ გაიშვირა.

ჰიპნოზური მორჩილებით შევასრულე მისი ბრძანება და როგორც კი დავჯექი, იმწამსვე მივხვდი, რომ ვერასდროს, ვერასდროს შევძლებდი მისთვის წინააღმდეგობის გაწევას. ყოველთვის ისე დავემორჩილებოდი, როგორც ახლა. არ შემწევდა ამის ძალა, ძალიან სუსტი ვიყავი ამისთვის.

- აბა, რა გადაწყვიტე? - მკითხა და ჩემდა გასაკვირად, გაიღიმა.

- იცით, რა ვიფიქრე? - გაბედულად დავიწყე, მის სახეზე ღიმილი რომ შევამნიე, - თქვენ ხშირად უნდა გაიღიმოთ. ჯერ ერთი, გიხდებათ და მეორეც - მოსამსახურეები არ გაგექცევიან.

- მე მოსამსახურეები არ მყავს. ესენი ჩემი ოჯახის ახლობლები არიან, - შემისწორა.

- მაპატიეთ… არ ვიცოდი, - შევცბი და ენაზე ვიკბინე, რა მალაპარაკებდა-მეთქი.

- რაც შეეხება ჩემ გაღიმებას, ეს შენთვის არ ყოფილა განკუთვნილი. შენი ჩემდამი დამოკიდებულება ხომ გამოხატე ჯერ კიდევ გუშინ… მე მხოლოდ იმიტომ გავიღიმე, რომ მიხარია - ჩემს ძმისშვილს დღეიდან მისთვის სასურველი აღმზრდელი ეყოლება.

თავი უხერხულად ვიგრძენი. დაძაბულმა თითები ერთმანეთში გადავხლართე და დამნაშავის მზერა მივაპყარი მამაკაცს.

- მეტყვი, ბოლოს და ბოლოს, რა გადაწყვიტე?

- დიახ, რა თქმა უნდა, - ნირწამხდარმა დავიწყე, - თანახმა ვარ თქვენს შემოთავაზებაზე, ოღონდ ორი-სამი დღე ყველა ვარიანტში უნდა მაცალოთ. თან დღეს ხუთშაბათია, ხვალ პარასკევი და მერე შაბათ-კვირა მოდის, ორშაბათიდან კი თქვენს განკარგულებაში ვარ. წვრილმანი საქმეები დამრჩა მოსაგვარებელი და იმათაც მოვითავებ ბარემ.

- რა საქმეები, დედაშენთან დაკავშირებული? - მომახალა უცებ.

ავილეწე. ისე გამიხურდა სახე, თითქოს შუაგულ მზეზე დავმდგარიყავი.

- დედაჩემთან დაკავშირებული საქმეები წვრილმანი სულაც არ არის, - ხაზგასმით აღვნიშნე.

- გასაგებია… - თავისთვის ჩაილაპარაკა და გაჩუმდა. კარგა ხანს იჯდა ჩაფიქრებული, ალბათ ფიქრობდა, ღირდა თუ არა დათმობა, მერე თავი ასწია, დაკვირვებით შემომხედა და მითხრა:

- ეგრე იყოს. ორშაბათს, ათ საათზე აქ იყავი და საქმეს შეუდექი!

- ათ საათზე? აკი…

- პირველი სამუშაო დღეა და სანამ აქაურობას შეეჩვევი, ასეა საჭირო. ამაზე ნუღარ ვიკამათებთ. მოვილაპარაკეთ?

- გასაგებია, - კვლავ მორჩილად დავეთანხმე.

როგორ მიყურებს… რას ნიშნავს მისი მზერა, წეღანდელი ღიმილისთვის შენიშვნა რომ მივეცი, ამის გამო მსჯის? ამიტომ გაუხდა გამომეტყველება ასეთი პირქუში? უეცრად რაღაცამ წამომიარა, თავადაც არ ვიცი, რამ და შევუტიე.

- ბატონო ლადო, ერთი რამ მინდა გითხრათ. ძალიან გთხოვთ, ასეთი მბრძანებლური ტონით არ მელაპარაკოთ ხოლმე. მე პატიმარი არ ვარ… არც თქვენ ხართ პოლიციელი და დაკითხვაზე არ იმყოფებით. ისე მელაპარაკებით, თითქოს ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახორციელებდეთ ჩემზე. მინდა აქედანვე იცოდეთ, საკმარისია, რამე არ მომეწონოს, იმავე დღეს ავიკრავ გუდა-ნაბადს და წავალ!

ყოჩაღ, ანა! კარგად გამოგივიდა! - შევაქე ჩემი თავი გულში.

- ახლა ყავა დავლიოთ, მერე კი როზა ვასიკოს ოთახს გიჩვენებს, - თითქოს არც გაუგონია ჩემი ნათქვამი, ისე მშვიდად მითხრა, მერე კი, მოულოდნელად დაამატა, - სხვა დროს შენი ემოციები და შენიშვნები შენთვის შეინახე. ჩემთან არ არის საჭირო მათი დემონსტრირება. ეს ჩემს ნერვებზე ძალიან მოქმედებს.

ახ! თურმე რაში ყოფილა საქმე! მის ნერვებზე მოქმედებს. ნეტავ ჩემს ნერვებზე თუ ფიქრობს ვინმე?

მინდოდა მკვახედ მეპასუხა, რომ უეცრად ჩემი მობილური აწრიპინდა… საშკა მირეკავდა…

- უკაცრავად, ერთი წუთით, - მოვუბოდიშე ლადოს და ოთახიდან გამოვედი, რათა საშკას მშვიდად დავლაპარაკებოდი, - ალო!

- სად ხარ? - ცივი ხმით შემეკითხა.

- საქმეზე, - მეც იმავე ხმით ვუპასუხე.

- სახლში როდის იქნები?

- ალბათ, ერთ საათში. მოხდა რამე?

- არაფერი, ისე. გამოგივლიდი… - დამნაშავესავით გამოუვიდა ნათქვამი.

- გამომიარე, - გულგრილად ვუპასუხე, - თუ ვერ მოგისწარი, გასაღები ტილოს ქვეშ არის დატოვებული.

- მოგვიანებით მოვალ, - მოკლედ მომიჭრა და გამითიშა.

დამამძიმა მისმა ზარმა. ისეთი შთაბეჭდილება შემექმნა, თითქოს რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი და, ამავე დროს, საშინელი რამ უნდა ეთქვა. იქნებ გადაწყვიტა, რომ დამშორდეს? რაღაც ისეთი ხმა ჰქონდა… არ მომეწონა მისი ტონი.

კვლავ კაბინეტში შევბრუნდი, სადაც როზას უკვე შეეტანა ორი ფინჯანი ყავა და შავი შოკოლადის ფილა…

8 8 8

- ყველა დამთხვეულს შენ როგორ უნდა გადაეყარო? - იმის მაგივრად, ჩვენს ურთიერთობაზე გველაპარაკა, გაკიცხვა დამიწყო საშკამ, როცა გაიგო, სადაც ვიყავი და რატომაც.

- შენი ჩათვლით? - ამრეზით გავხედე.

ღრმად ამოიხვნეშა, დაახლოებით ისე, ჩემი ნათქვამი შენთვის წყლის ნაყვას ჰგავსო.

- ვერ ხვდები, რატომაც გეუბნები, არა?

- აღარ უნდა დაამთავრო ჩემი ჭკუის სწავლება? მომბეზრდა უკვე, - უკმეხად მივმართე და საძინებელში შევიკეტე, რომ ტანსაცმელი გამომეცვალა.

ნერვიულობისა და დაძაბულობისაგან ერთიანად ოფლში ვიყავი გაწურული. დღეს ყველაზე რთული დღე მქონდა - დილიდან საღამომდე - ჯერ ერთგან, მერე მეორეგან, ახლა კი აქ, საკუთარ ბინაში!

საშკა კარს გარედან მოადგა და გააგრძელა.

- რა გჭირს სამაგისო, ვიღაცის «ნიანკად» რომ არ იმუშაო?! თავმოყვარეობა არა გაქვს ამხელა ქალს? სპეციალობა გაქვს, სამსახური…

- რომელი სამსახური? - ისეთი ტონით გამოვძახე, ვაგრძნობინე, რომ მასთან უკვე აღარ ვმუშაობდი.

- ხომ გქონდა? შენი უაზრო პრინციპების გამო ყველაფერს კარგავ და რაღაც გამოგონილ სამყაროში აპირებ ცხოვრებას. რატომ, გამაგებინე, რატომ? - ხმას აუწია.

გამოვედი და წინ დავუდექი.

- საშ… - დამღალა მისმა შეგონებებმა, - საყვედურების სათქმელად მოხვედი აქ?

- არა, საყვედურების სათქმელად არა. შენთან მინდოდა ყოფნა და იმიტომ მოვედი, მაგრამ ისეთი ამბავი დამახვედრე, გადამავიწყდა, რისთვისაც მოვედი. ეს ყველაფერი კარგად არ დამთავრდება, შენც ხომ ხვდები, არა?

- ის ცუდი ადამიანი არ არის, - გამოვესარჩლე ლადოს.

- ვერ გამიგია, რატომ იცავ მას?

- შენ რატომ ესხმი თავს? - მეც ავუწიე ხმას.

- ვერ ხვდები, რატომ? დაგავიწყდა, როგორ მოგექცა პირველ შეხვედრაზე? ალბათ დაგავიწყდა!

ახლაღა გავაანალიზე, რომ ორივე გაცოფებული ვუყვიროდით ერთმანეთს. კამათის გაგრძელებას აზრი არ ჰქონდა. მე ჩემი გადაწყვეტილების შეცვლას არ ვაპირებდი და ვერც საშკა შეძლებდა ჩემ დაყოლიებას.

- იცი, რამდენს მიხდის თვეში? ვერც წარმოიდგენ, - ყვირილი შევწყვიტე და მშვიდი ხმით გამოვუცხადე.

- მთავარი ის კი არ არის, რამდენს გიხდის, მთავარი ისაა, რაში გიხდის. ამდენს ვერ ხვდები?

- არ მინდა ამ თემაზე საუბარი. სხვა რამეზე ვილაპარაკოთ, გთხოვ, - კიდევ უფრო მშვიდად წარმოვთქვი.

- კარგი, - ჩემდა გასაკვირად, მაშინვე დამთანხმდა, თუმცა მისი «კარგი» საკმაოდ ჯიბრიანად ჟღერდა, - როცა საქმე გაფუჭდება, მე არ მომადგე, იცოდე! მე ჩემი უკვე გითხარი.

- გასაგებია, - თვალდახუჭულმა ჩურჩულით ამოვთქვი, - არ მოგადგები. ამქვეყნად საკუთარი თავის გარდა, არასდროს არავის იმედი არ მქონია. ამიტომ შენ არ გაგრევ იმ შარში, რომელიც წინ მელოდება.

- ოხ, საიდან მოხვედი ასეთი ჯიუტი!

ისე სასაცილოდ წარმოთქვა, ღიმილი ვერ შევიკავე. სიბრაზემ წამში გადამიარა.

- საშ… შენი ამბები მომიყევი, როგორ ხარ? - სითბო ჩავაქსოვე ნათქვამში და ამით მივესიყვარულე.

უეცრად თვალები დაუსევდიანდა. მომეჩვენა, რომ შიშის ნაპერწკლებიც კი გაუკრთა მზერაში… ერთხანს ჩუმად იდგა, მერე კი დახშული ხმით დაიწყო.

- გუშინ ბავშვები არ მანახა…

- ვინ, შენმა ცოლმა? - გაოცების შეძახილი აღმომხდა.

- ჰო.

- კი მაგრამ, რატომ?

- ჩემს შვილებს მამა დიდი ხანია, არ ჰყავთო.

- რა უფლებით, ასე როგორ შეიძლება? ეს რა წესია? - აღვშფოთდი, თან შემეცოდა, თურმე რამხელა პრობლემა ჰქონია, მე კი იქით ვუტევდი.

- ის ხომ ყოველთვის წესების გარეშე თამაშობს! სულ! - ზიზღი ამოაყოლა ნათქვამს.

ორი ნაბიჯი გადავდგი და უფრო ახლოს მივედი. თანაგრძნობით სავსე მზერა მივაპყარი, მერე თმაში შევუცურე ხელი და ლოყაზე ვაკოცე.

- ყველაფერი კარგად იქნება, დამიჯერე, - ჩურჩულით გავამხნევე.

პასუხად გამიღიმა, წელზე ხელი მომხვია და მძლავრად მიმიხუტა მკერდზე.

- როგორ მომენატრე, რომ იცოდე, - მეჩურჩულებოდა და ტუჩებით ჩემს ყელზე დახეტიალობდა, - ჩემი ჯიუტი გოგო, ჩემი ჭირვეული, ჩემი თავნება… - ისე მავსებდა ალერსით, კიდევ ცოტაც და მისი სიტყვები აღარ მესმოდა, მთლიანად ვნების ბურანში გავეხვიე…

8 8 8

სანამ კვირა ჩამთავრდებოდა, ნინოსთან დალაპარაკება უნდა მომესწრო. ისე ვნერვიულობდი, ადგილს ვერ ვპოულობდი. რადაც უნდა დამჯდომოდა, შემდეგ მისვლაზე უნდა მომეხერხებინა ეს… თითქოს ბედისწერამ ჩემი შეისმინაო, ისე მოხდა, რომ დედაჩემთან მისულს ტასიკო ზღურბლზე შემეფეთა.

- კარგია, რომ მოხვედი. მე ბაზარში მივდივარ და მალე დავბრუნდები. საუზმე მიირთვა ქალბატონმა, - დაცინვით წარმოთქვა ბოლო სიტყვა, - შეიძლება ყავა მოგთხოვოს და გაუმზადე, კარგი? ვეცდები, არ შემაგვიანდეს.

- არ ინერვიულოთ, მივხედავ, - შევპირდი ტასოს, მაგრამ, სამაგიეროდ, მე ავნერვიულდი.

როგორც ჩანს, გადამწყვეტი მომენტი დადგა. ახლა არაფერსაც არ დავალაგებ. როგორც კი მის დაქალს გავიგულებ, ეგრევე შევაჭრი და ჩემს სათქმელს გადმოვულაგებ «ქალბატონს», - ზუსტად ტასიკოსნაირად გავიმეორე გულში.

სამზარეულოში შევედი სულის მოსათქმელად. მინდოდა, ცოტათი მაინც დავწყნარებულიყავი, მაგრამ ვერაფრით შევძელი. მაცივარი გამოვაღე და «ნაბეღლავის» ბოთლი გამოვიღე. დავისხი… სულმოუთქმელად დავლიე… მივაყურადე… ჩამიჩუმი არ ისმოდა უზარმაზარ სახლში…

ერთიანად ავკანკალდი, მაგრამ ჩანაფიქრის განხორციელება არ გადამიფიქრებია. ხელები მოვმუშტე, საკუთარი თავი გავამხნევე და გაბედულად მივადექი ნინოს საძინებელს. დავაკაკუნე… ორჯერ… ჯერ ნელა, მერე ძლიერად.

- ვინ არის? - მომესმა მისი ნაზი და, ამავდროულად, მედიდური ხმა.

- ანა ვარ, ქალბატონო! - რიხიანად ვუპასუხე.

- შემოდი, ანა!

შევედი… სავარძელში იჯდა, სათვალე ეკეთა და წიგნს კითხულობდა… მისკენ მივემართებოდი და ფეხები უკან მრჩებოდა. ალბათ ფერი არ მედო სახეზე, ვგრძნობდი, ოფლი როგორ მასხამდა.

- რამე ხომ არ გინდათ, მოგიტანოთ? - ჩამქრალი ხმით ვკითხე.

- არა, არაფერი. თუ დამჭირდი, დაგიძახებ! - ცივად მომიგო.

- იცით… რაღაც მინდა გითხრათ, - დავიწყე და ხელები კიდევ უფრო მოვმუშტე, იმდენად ძლიერად, რომ ფრთხილები ლამის კანში ჩამივიდა.

- გისმენ… რამე მოხდა? - წარბები არისტოკრატული მანერით აზიდა, თავი განზე გადახარა და ცერად გამომხედა.

- მე… მე არ გეცნობით, ქალბატონო ნინო? - ხმა ამიკანკალდა და სისუსტე რომ დამეძლია, ჩავახველე.

თითქოს უდიდესი სისულელე მეთქვას, ისე ჩაიცინა.

- შეშლილი ხომ არ გგონივარ, ანა?

- არა, - შეცბუნებულმა თვალები დავაფახულე.

- აბა, რატომ ვერ უნდა გცნობდე? იქნებ სახელი შემეშალა შენი?

- ეგ არ მიგულისხმია… მე… მე სხვა რამე მინდოდა მეთქვა.

- მაშინ მითხარი, რა უნდა გეთქვა, - სათვალე მოიხსნა, წიგნი დაკეცა და უსიცოცხლო თვალებით შემომხედა.

- მეთქვენიშვილივარ, - ერთ სიტყვად მივაყარე და მომუშტული ხელები გავფარჩხე…

მეგონა, სისხლმა შხუილით დაიწყო მოძრაობა თითებში, ისე გამიხურდა ხელისგულები.

ქალს სახე არ შეცვლია… არც ერთი ნაკვთი, არც მზერა… გეგონებოდათ, სავარძელში ყინულის ქანდაკება ასვენიაო.

არ ვიცი, რამდენი წუთი გავიდა… ერთი, ორი, ხუთი… შეიძლება - მეტი, შეიძლება - ნაკლები… როგორც იქნა, ყინულის ლედი შეირხა, თვალები მზაკვრულად მოჭუტა და ტუჩები არც გაურხევია, ისე გაისისინა მისმა ნათქვამმა:

- გადი აქედან!

ამას არ ველოდი… ველოდი ყვირილს, გაანჩხლებას, გაწიწმატებას… მაგრამ ასეთი ზიზღით ნათქვამ სიტყვებს არ ველოდი… უფრო სწორად, ეგრევე არ ველოდი. მეგონა, შესავალს მაინც გაუკეთებდა.

- თქვენ ვერ გამიგეთ, ქალბატონო ნინო, მე თქვენი…

- გოგონი, კარგად ხარ? თავი ხომ არაფერს მიარტყი? - დამცინავად მკითხა.

სიბრაზისა და დამცირებისგან ძარღვები დამებერა.

- კარგად არ ვარ, მაგრამ თავი არაფრისთვის მიმირტყამს! - ხმას ავუწიე, - და მომისმინეთ, თუ შეიძლება! გიმეორებთ, მე თქვენი ქალიშვილი ვარ!

- არ მსურს ამ სიყალბის მოსმენა, ანა! სასწრაფოდ დატოვე აქაურობა, სანამ კარგ ხასიათზე ვარ! - მაოცებდა ეს ქალი, გადამწვეტ მომენტშიც რომ არ კარგავდა მედიდურობას.

ჩემთვის ახლა უკვე ყველაფერი სულერთი იყო და იქამდე არ ვაპირებდი მისი საძინებლიდან გასვლას, სანამ სათქმელს ბოლომდე არ ვიტყოდი.

- მაპატიეთ, მე თქვენი წყენინება არ მინდოდა, - ვცდილობდი, თავაზიანობა შემენარჩუნებინა.

- წყენინება? - მოულოდნელად სახე წაეშალა, სუნთქვა გაუხშირდა და ტუჩები გაუთეთრდა, - აბა, რა გინდოდა? სერიოზულად გგონია, რომ ამ აბდაუბდას დავიჯერებ?! გაეთრიე აქედან! - იყვირა უცებ, საჩვენებელი თითით კარისკენ მიმითითა და ფეხზე წამოდგა.

წამით შემეშინდა, ინფარქტმა არ დაარტყას-მეთქი, მაგრამ იმდენად გამაცოფა მისმა საქციელმა, მთლად რომ სული განეტევებინა, არად დაგიდევდით.

- ვისთვის აბდაუბდაა, ვისთვის კი მწარე სიმართლე! - ზიზღით გამოვცერი კბილებში და ერთი ნაბიჯი გადავდგი მისკენ, - მომისმინეთ, სულ რამდენიმე წუთით, არ მინდა გაგანერვიულოთ…

ისე ახლოს აღმოვჩნდი მასთან, რომ შევამჩნიე, როგორ დანამვოდა შუბლი ოფლის წვეთებით. რადგან ასე განიცადა ჩემი ნათქვამი, ესე იგი, მიხვდა, რომ მე მართლა მისი წარსულიდან ვარ მოვლენილი. ეს კარგია, ძალიან კარგი…

- ჩემი შვილი… - მძულვარებით დაეღმიჭა უეცრად სახე, - ახლავე დატოვე აქაურობა და მეტჯერ ამ სახლში მოსული არ დაგინახო! - თან ისეთი სახით მიყურებდა, თითქოს ძუნძგლიანი ძაღლი შემოპარულიყო მის საძინებელში.

ღმერთო ჩემო, ნუთუ ეს ის ქალია, ცოტა ხნის წინ რომ თავაზიანად მელაპარაკებოდა? რომელიც წინა დღეებში მომსახურებისთვის მადლობას მიხდიდა? ნუთუ ასე შეიძლება წამების განმავლობაში შეიცვალოს ადამიანი?

- აქედან მანამ არ გავალ, სანამ ყველაფერს არ გეტყვით, - მბრძანებლურად გაისმა ჩემი ხმა. არც ვიცი, ძალა როგორ მოვიკრიბე, ერთიანად ვცახცახებდი, - მეტი აღარ შემიძლია ამ საიდუმლოს ტარება. მგონი, მაქვს უფლება, გითხრათ ის, რაც თვეებია, მაწუხებს! მე მართლა თქვენი ქალიშვილი ვარ. დაბადების მოწმობა სახლში მიდევს, სადაც შავით თეთრზე წერია, რომ დედაჩემი თქვენ ხართ, - და ჩამოვურაკრაკე, რომელ წელს, რომელ თვესა და რიცხვში დავიბადე და რამდენ კილოგრამს ვიწონიდი ახალშობილი.

არ ვჩერდებოდი, ვრატრატებდი და ვრატრატებდი, როგორ მიშვილა ჩემმა დედობილმა, როგორ გამზარდა, რა სიმწარე გამოიარა… მეგონა, თუკი ამ ყველაფერს ვეტყოდი, მასში დედობრივი გრძნობა გაიღვიძებდა და…

მოულოდნელად მან ხელები გაშალა, წონასწორობა დაკარგა და ძლიერად შეტორტმანდა. მეგონა, გული წაუვიდოდა, იატაკზე გაიშხლართებოდა და იქვე, ჩემ თვალწინ მოკვდებოდა! მინდოდა, მივვარდნოდი, ხელი შემეშველებინა და თბილად მეთქვა, «ნუ გეშინიათ, მე არაფერს ვითხოვ თქვენგან»… სულაც არ მინდოდა, მომკვდარიყო. არც მისი წყენინება მინდოდა. ოღონდ კი ახლა არაფერი მოსვლოდა და მზად ვიყავი, ხმის ამოუღებლად დამეტოვებინა იქაურობა და ცხოვრებაში არასდროს გამემეორებინა ის, რაც ორიოდე წუთის წინ ვთქვი.

მაგრამ ქალბატონ ნინოს გონება არ დაუკარგავს… არც მომკვდარა… გაშლილი ხელებით წონასწორობა შეინარჩუნა და მერე ნელა ჩაეშვა სავარძელში…

- ეს სიცრუეა, - ახლა უკვე მშვიდი ხმით წარმოთქვა, - შენ არაფერი გაქვს საერთო ჩემს ოჯახთან, გარდა იმისა, რომ მოსამსახურე ხარ… მეტი არაფერი.

დანა რომ ჩაერტყა ჩემთვის გულში, ამაზე მტკივნეული ალბათ არ იქნებოდა…

- იმისთვის შემოძვერი ჩემს სახლში, რომ დამაშანტაჟო? ვინ დაგარიგა? ვინ გითხრა, რომ ბევრი ფული მაქვს? ვისთან ერთად დაგეგმე ეს სიბინძურე? - უკვე აღარ ყვიროდა, პირიქით, ჩურჩულებდა.

- არა, არა, რა სისულელეა… - ვცდილობდი, მშვიდად ამეხსნა, - თქვენ ვერ გამიგეთ… ეს მე არ მომიგონია, ეს იქ… იქ მითხრეს, საპ…

- ჩემგან კაპიკს ვერ ეღირსები, გასაგებია? შენისთანა გომბიოებს ყოველდღე შეუძლიათ აქ მოვიდნენ და ჩემი ქალიშვილობა აღიარონ! ახლავე გაბრძანდი აქედან! - კვლავ შემომიტია.

ვეღარ მოვითმინე. ასეთ შეურაცხყოფას ვერ ვაპატიებდი.

- ერთი წუთით, თუ შეიძლება! - დოინჯი შემოვიყარე და თავზე წავადექი, - აბა, კარგად შემომხედე, ქალბატონო, სანამ სალანძღავ სიტყვებს მოიშველიებ! თუ არ გინდა, მაღიარო, ფეხებზე მკიდია! ამისთვის არ მოვსულვარ აქ! არც შენი ჭუჭყიანი ფული მჭირდება არაფერში! მე მხოლოდ იმის გაგება მინდოდა, რატომ გამაშვილე, რამ გაიძულა ასე მოქცეულიყავი, გაიგე? მეტი არაფერი. რა სამწუხაროა… მეგონა, დედაჩემი ღირსეული ქალბატონი იქნებოდა, რომელიც შეგნებით მოეკიდებოდა ამ ამბავს, არადა, ერთი ჩვეულებრივი კახპა აღმოჩნდა, რომელიც თავისი ბნელი წარსულის მიჩქმალვას უნიჭოდ ცდილობს! სასაცილო ხარ! - ერთი ამოსუნთქვით მივახალე და ოთახიდან დამდუღრულივით გამოვვარდი.

გაგრძელება იქნება