ყალბი ლტოლვა - თავი 14 - Marao

ყალბი ლტოლვა - თავი 14

2022-09-06 10:29:51+04:00


წინა თავი

რაც ძალი და ღონე მქონდა, გავრბოდი, თვითონაც არ ვიცი, სად… სადღაც… ოღონდ კი იქაურობას რაც შეიძლება მალე მოვშორებოდი. ვნანობდი… ვნანობდი, რომ მოვძებნე, რომ მისი დიდსულოვნება დავიჯერე, რომ… რომ… ძალიან ბევრი «რომ» დამიგროვდა. რისი იმედი მქონდა? ქალი, რომელმაც შვილი გაყიდა, როგორ შეიძლებოდა დიდსულოვანი ყოფილიყო? რატომ მაშინვე არ ვიფიქრე ეს? რა ძუკნაც იყო, ის ძუკნა დარჩა! მორჩა და გათავდა! სულაც არ ყოფილა სრულყოფილი, როგორც ეს თავიდან მომეჩვენა! ისევე არ ყოფილა, როგორც ნებისმიერი ჩვენგანი! თუმცა, ვერ იყო სრულყოფილი, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ღვიძლ შვილზე უარი თქვა! რა ტყუილად დავკარგე დრო! რისთვის, ვისთვის? მიღირდა კი? შედეგად რა მივიღე? დამცირება და შეურაცხყოფა… ან კი რას ველოდი? მე ხომ დაბადებისთანავე ზედმეტი ვიყავი მისთვის? რატომ მეგონა, რომ სინდისი შეაწუხებდა? ახალგაზრდობაში დაშვებულ შეცდომას აღიარებდა და მოინანიებდა?

არ ვიცი… არ ვიცი, რატომ მეგონა… ალბათ იმიტომ, რომ დედაჩემი სხვანაირი ვერ წარმომედგინა…

შევცდი…

პირველი კვირა გაგიჭირდება, ანა, მერე ყველაფერი კარგად იქნება, - ვანუგეშებდი ჩემს თავს. დავდიოდი და ჩემთვის ვბუტბუტებდი. მგონი, შევიშალე, ჩემთვის ლაპარაკი დამჩემდა ბოლო ხანებში. ყველა უბედურებასთან ერთად, ხელებსაც ვიშველიებ, თურმე, როგორც აღმოვაჩინე. რა სასაცილო ვარ! სადამდე მივედი!

როგორც ვვარაუდობდი, ზუსტად ისე მოხდა. ორშაბათიდან შევუდექი მუშაობას. ორი დღე სრული სიმშვიდე სუფევდა, ლადოსთვის თვალიც კი არ მომიკრავს, თუმცა მე მაინც ვღელავდი. წარამარა აქეთ-იქით ვიყურებოდი, სადმე არ გადავეყარო-მეთქი. რატომ მძაბავდა ამ კაცის გამოჩენა ასე, არ ვიცი. ალბათ, პირველი შთაბეჭდილება მაინც ყველაზე ძლიერი იყო და იმიტომ. ცუდად დამამახსოვრა თავი. მიუხედავად ამისა, ძალისხმევას არ ვიშურებდი, რომ «კარგად მემუშავა». ენერგია ერთიორად მომიზღვავდა, რაც ვასიკოს სიახლოვით იყო გამოწვეული. ახლა მხოლოდ მისი ყურება და მის გვერდით ყოფნა მამშვიდებდა. საშკასთან ურთიერთობასაც კი ვერ მოჰქონდა ჩემთვის შვება. სულ მეჩხუბებოდა, ჭკუას მარიგებდა, შენიშვნებს მაძლევდა… დამღალა… არადა, მის გარეშეც მიჭირდა. ვერ მივხვდი, ეს სიყვარული იყო თუ მხოლოდ მიჩვევა. მას შემდეგ, რაც ცოლმა ბავშვების ნახვა აუკრძალა, ცოტა არ იყოს, შეეცვალა ხასიათი, ვგრძნობდი, რომ მეუხეშებოდა. გაღიზიანებული მეჩვენებოდა, აღარც მირეკავდა, ერთხელაც არ მომიკითხა. არ დაინტერესებულა, როგორ მოვეწყვე, შევეგუე თუ არა ახალ გარემოს. არც მე მომიკითხავს. უბრალოდ, გულის სიღრმეში სიმძიმეს ვგრძნობდი, გულგრილობას რომ იჩენდა ჩემდამი. ყოველღამე ველოდებოდი, აი, ახლა დარეკავს, აი, ახლა მოვა… არა, არ გამოჩენილა… მეც ჯიუტად ვდუმდი და მის გულგრილობას გულგრილობით ვპასუხობდი.

ორი დღის შემდეგ გადავწყვიტე, გარკვეული გეგმა შემედგინა ვასიკოს ყოველდღიური ცხოვრების გასაუმჯობესებლად. პირველ რიგში, მას კომფორტული ფსიქოლოგიური გარემო სჭირდებოდა. მოზარდის ორგანიზმს გაუჭირდებოდა ასეთ დაძაბულ სიტუაციაში განვითარება. ამისთვის თავად მე უნდა ვყოფილიყავი მხიარული და მას წამითაც არ უნდა ეგრძნო, რომ რამის მეშინოდა ან ვინმეს გავურბოდი. არადა, რამდენჯერ დავიჭირე ჩემი თავი, დაფეთებული რომ ვაცეცებდი თვალებს, ვაითუ, სადმე «დემონს» გადავეყარო-მეთქი. საათობით ვეთამაშებოდი ბავშვს, როცა გაკვეთილების მომზადებას მოვრჩებოდით. ისიც ხითხითებდა და ხითხითებდა, მთელ სახლს ავსებდა მისი ბავშვური სიცილი. რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ მაშინ, როცა ოჯახის უფროსი შინ არ იმყოფებოდა. ეს უკანასკნელი კი სულ დადიოდა… ალბათ თავის ბიზნესს აკონტროლებდა. თუმცა, არც ვიცოდი, რას საქმიანობდა და ვერც ვერავის ვეკითხებოდი. მქონდა კი ამის უფლება? არც ეს ვიცოდი…

ჩემი მისვლის დღიდან თითქოს რაღაც შეიცვალა ამ ოჯახში. მომეჩვენა, რომ როზაც კი გაახალგაზრდავდა. ისე კარგად შევეწყვეთ ერთმანეთს, ჩემ დანახვაზე თვალები გაუცისკროვნდებოდა ხოლმე. ლადოზე არაფერს მიყვებოდა, ჯერ ასე არ დავახლოებულვართ, მაგრამ ვიმედოვნებდი, რომ ამის დროც მოვიდოდა. ჯერ ჩემთვის მთავარი ის იყო, ბავშვისთვის ისე მიმეხედა, სასაყვედურო არავის არაფერი ჰქონოდა. მართალია, ლადომ სრული თავისუფლება მომცა ამ მხრივ, მაგრამ იყო რამდენიმე საკითხი, რომლებსაც მისი ნებართვის გარეშე ვერ გადავწყვეტდი.

გვიანობამდე ვრჩებოდი მათთან. ამიტომ იშვიათად მიწევდა «ნეანდერტალელის» ნახვა. მე რომ მივდიოდი, ის უკვე წასული მხვდებოდა. მხოლოდ საღამოს თუ შევავლებდი თვალს, როცა შინ წასასვლელად გავემზადებოდი. მისალმების ნიშნად თავს დამიქნევდა მხოლოდ, ეგ იყო და ეგ.

ადამიანი-კლდე - აქ გადმოსვლის შემდეგ ახლა ასე შევარქვი ლადოს, აღარ მომწონდა მისი დემონობა და ნეანდერტალელობა. ეს სახელი ზედგამოჭრილი იყო მისთვის, სალ კლდესავით მიუწვდომელი და პირქუში გახლდათ.

რამდენიმე დღე კიდევ ვითრევდი ფეხს, მიჭირდა მასთან დიალოგის გაბმა. ისეთი მომენტიც არ ჩამივარდა ხელთ, რომ გამოვლაპარაკებოდი ან თვითონ წამოეწყო საუბარი. ძალიან ცივად მხვდებოდა ხოლმე, მაგრამ მეტის გაჭიანურებაც არ გამოდიოდა. ამიტომაც, კვირის ბოლოს გადაწყვეტილება მივიღე, შტურმით დამელაშქრა ადამიანი-კლდე!

პარასკევ საღამოს «ჩავუდარაჯდი» და მანქანიდან რომ გადმოვიდა, სწორედ იმ დროს გამოვედი მეც ეზოში, ვითომ შემთხვევით. თუმცა, მომეჩვენა, რომ ის მიმიხვდა ჩემს პატარა, უწყინარ ეშმაკობას.

- ბატონო ლადო… - რაც შეიძლებოდა მშვიდად დავიწყე, - რაღაცების შეთანხმება მინდოდა თქვენთან, თუ გცალიათ…

- გისმენ, მცალია, - ორი სიტყვა მესროლა და გამომცდელად ჩამათვალიერა ზემოდან ქვემოთ.

- იცით? ვასიკოს სათამაშოები სჭირდება, წიგნები, ფანქრები, ფლომასტერები… თან მინდა, ცოტათი შევცვალო მისი ოთახის ინტერიერი, თუ წინააღმდეგი არ იქნებით.

კი მისმენდა, მაგრამ ვიგრძენი, რომ რაღაცნაირად დაბნეული იყო და მისი გონება სულ სხვაგან ქროდა. მე ავნერვიულდი, ერთხანს ხელებს ვიფშვნეტდი, მერე ტკაცატკუცი ავუტეხე თითებს, სანამ არ მივხვდი, რომ ჩემი მხრიდან ასეთი საქციელი სხვა არაფერი იყო, თუ არა უზრდელობა. არადა, მინდოდა, დამაჯერებელი ყოფილიყო ჩემი არგუმენტები, რისთვის მჭირდებოდა ასეთი «მოთხოვნების» წამოყენება.

- მოვიფიქრებ, - კუშტად მესროლა და გვერდი ამიარა.

გავშრი. ჩემი «ელვისებური» გეგმა ჰიტლერივით ჩამეფუშა. იქნებ არ უნდა მეთქვა? იქნებ კიდევ დამეცადა ცოტა ხანს? ვეღარ ვსაზღვრავდი, სწრად მოვიქეცი თუ არა. ის იყო, გულგატეხილი ჭიშკრისკენ გავემართე, რომ უეცრად ზურგს უკან მომესმა.

- შაბათ-კვირას ქალაქიდან გავდივარ!

სწრაფად შემოვბრუნდი, რომ რამე მეთქვა, მაგრამ საოცრად უცნაური მზერა მესროლა და გაუჩინარდა.

რაღას გავაწყობდი, ნირწამხდარი გავედი ეზოდან და დაღმართზე დავეშვი. ცოტა რომ გავიარე, მობილურმა დარეკა. გამიკვირდა, ლევანის ზარი იყო.

- გისმენ, ლევან!

- შეგიძლია დაბრუნდე ცოტა ხნით?

- რაშია საქმე?

- უნდა მოხვიდე, მაპატიე.

გული ამიჩქარდა. ვიფიქრე, ახლა თავზე დამამხობს ყველაფერს-მეთქი, მაგრამ შევცდი. როზამ თვალით მანიშნა, ვასიკოს ოთახშიაო. შევედი და რას ვხედავ! ლევანი ავეჯს ადგილს უცვლიდა! გული მომეცა. როგორც ჩანს, «სალმა კლდემ» რაღაცის ნება მაინც დაგვრთო.

- ეს საქმეს არ უშველის, - გავბედე ხმის ამოღება.

- ვიცი, - მშრალად მომიგო ოფლით შუბლდაცვარულმა ლევანმა, ეტყობოდა, არ სიამოვნებდა ასეთი სამუშაო, - ორშაბათს მაღაზიაში წავალთ და რაც საჭიროა, ვიყიდით.

- აბა, რისთვის მომაბრუნე?

- იმისთვის, რომ ეს მეთქვა.

- ტელეფონში ვერ მეტყოდი?

- გეტყოდი, მაგრამ ახლა ის მირჩიე, აქ რა როგორ გადავაადგილო. დედობილი შენ ხარ, - გამიღიმა, - თან ისიც მითხარი, რისი ყიდვა დაგვჭირდება, ფული რამდენი იქნება საჭირო.

უკმაყოფილოდ ამოვიოხრე. სკამზე ჩამოვჯექი და განკარგულებების გაცემა დავიწყე. ეს აქ დადგი, ის იქ მიდგი, ეგ მანდ დაკიდე, ის იქიდან ჩამოხსენი… როცა ყველაფერს მოვრჩით, დავსხედით და ჩამოვწერეთ, რა გვჭირდებოდა. პირველ რიგში, წიგნის თაროები მოვითხოვე.

- ორშაბათს ცოტა ადრე მოდი და გავიდეთ, - მითხრა ბოლოს, როცა დაანგარიშებას მოვრჩით.

- კარგი, მოვალ, - გახარებულმა თავი დავუქნიე და დავემშვიდობე.

8 8 8

არასდროს დამავიწყდება ის დღე, სავაჭროდ რომ წავედით. ვასიკო ისეთი დაბნეული ჩანდა, თითქოს სათამაშო არასდროს ენახა ცხოვრებაში. თვალს ვერ აშორებდა თაროებზე ჩამწკრივებულ ფერად-ფერად, დიდ-პატარა პლასტმასის ავტომობილებს, თოფებს, სპაიდერმენებს და ბურთებს. გული მომეწურა. ბავშვი მხოლოდ ათვალიერებდა და ვერ ბედავდა ხელით შეხებოდა რომელიმე სათამაშოს. განსაკუთრებით სათამაშო რკინიგზას დაასვა ხარბად თვალი, აი, ისეთს, ჩემს ბავშვობაში რომ იშვიათობა იყო.

- რამდენ ლარში უნდა ჩავეტიოთ? - მივმართე ლევანს.

- რამდენშიც გაგიხარდება. თანხაში შეზღუდული არ ვართ, - მხრები აიჩეჩა ლევანმა, - ვასიკოს შეუძლია, რაც გაუხარდება, ის იყიდოს.

- მართლა? რასთან დაკავშირებით გახდა შენი უფროსი ასეთი ხელგაშლილი? აქამდე თვალის დასანახავად რომ არ უნდოდა ეს ბავშვი? - გაოცება ვერ დავმალე.

- გეჩვენება, სულაც არ არის ასე, - დაიცვა ლადო მამაკაცმა.

- ღმერთმა ქნას, - ტუჩი ავიბზუე და სათამაშოების არჩევას შევუდექი ვასიკოსთან ერთად.

რა თქმა უნდა, ზომიერება დავიცავი, რომ მერე საყვედურები არ მიმეღო. ვასიკოს სურვილიც გავითვალისწინე და როცა ვაჭრობას მოვრჩით, მეც და ბავშვიც შვებამოგვრილი დავბრუნდით შინ.

- შენ არ იცი, რა დაემართათ ვასიკოს მშობლებს? - შევაპარე გზაში ლევანს, თან რომელიღაც სათამაშოს მუყაოს უზარმაზარი ყუთი მედო კალთაში და ზედ ვეხუტებოდი. როცა ვლაპარაკობდი, ნიკაპით ვეხებოდი კიდეც, იმხელა იყო.

- მე არაფერი ვიცი. ეგენი როზას ჰკითხე, დიდი ხანია, მასთან მუშაობს, - თავი აარიდა პასუხს მამაკაცმა, - როგორც ვიცი, როზა, მგონი, ლადოს ძიძაც კი იყო.

- ლადოს ძიძა? - სიცილი ამიტყდა, - ნუთუ ეგეც იყო ოდესღაც ბავშვი? - ირონიულად ავზიდე წარბები და უკანა სავარძელზე მოთავსებულ ვასიკოს თვალი ჩავუკარი.

- იყო, კი, - მთელი სერიოზულობით მომიგო ლევანმა.

- განა რამდენი წლისაა როზა? მეგონა, ორმოცდაათის ზემოთ არ იქნებოდა, - გავაგრძელე «სახალისო» თემა.

- 65-ისაა.

შინ ისე მოვედით, მეტი არ გვილაპარაკია. ვასიკო ასეთი ბედნიერი ჯერ არ მინახავს. ყუთები რომ გადმოგვქონდა მანქანიდან, ხან მე მეცემოდა ხელებში, ხან ლევანს, უნდოდა, ყველა ერთად მას დაეჭირა ხელში. მერე კი დაიწყო ყველაფრის ამოლაგება და ხან ერთ სათამაშოს მიურბენინებდა როზას სიხარულისგან აჟიტირებული, ხან მეორეს… ყველაზე უცნაური ამ ყველაფერში ის იყო, რომ ქალს თვალებში ცრემლი აუკიაფდა… ის თბილად ეპყრობოდა ვასიკოს… ლევანიც… მხოლოდ ბიძამისი არ იჩენდა ბავშვის მიმართ მზრუნველობას… იქნებ მხოლოდ თავს გვაჩვენებდა ასე და სინამდვილეში სულ სხვა რამ იმალებოდა მისი გულგრილობის მიღმა?

ლევანმა ისეთი გულმოდგინებით აუწყო ვასიკოს სათამაშო რკინიგზა და თვითონაც ისე გაერთო, თავი ვერ შევიკავე.

- შენც პატარა ბავშვივით ყოფილხარ, ლევან! მშვენივრად ერთობი!

- ჰო. თავის დროზე მეც ვოცნებობდი ასეთ მატარებელზე, მაგრამ სად იყო მაშინ ეგეთი ფუფუნება! ახლა ყველაფერი ყრია, თუ ფული გაქვს.

სანამ ისინი ერთობოდნენ, მე ნაყიდი წიგნების თაროებზე დალაგებას შევუდექი. სწორედ ამ დროს შემოვიდა ოთახში ლადო, რომელმაც შაბათ-კვირა სადღაც ქალაქგარეთ გაატარა და ცოტათი გარუჯულიყო კიდეც. უხდებოდა, ვაღიარებ. ახლა უფრო სიმპათიური მეჩვენა. მან არაფრისმთქმელი მზერა ესროლა ვასიკოს და მერე მე მომაჩერდა. მივესალმე. თავი დამიქნია მხოლოდ.

არა უშავს, ოდესმე მის საიდუმლოებასაც აეხდება ფარდა. მოვა დრო და ყველაფერს გავიგებ. ადრე თუ გვიან, ვიღაც მაინც ალაპარაკდება ამაზე. ნეტავ რა იმალება ამ ისტორიის უკან? ცნობისმოყვარეობა მკლავდა.

- მოგწონთ, ბატონო ლადო? - ვერ მოვითმინე და შევღიმე «სალ კლდეს».

მამაკაცს უფრო მოეღუშა სახე.

- არ მინდა, ხმაურმა შემაწუხოს, როცა ვმუშაობ, ეს გაითვალისწინეთ ყველამ, - ცივად გვესროლა და ოთახიდან გავიდა.

უკან გავეკიდე.

- მაპატიეთ, თქვენი შეწუხება არ გვინდოდა. არც კი ვიცოდი, შინ თუ იყავით, - თავის მართლება დავიწყე, - არ იხმაურებს, ამის პირობას გაძლევთ.

- იმედია, - მუქარის ტონით მიპასუხა და ნაბიჯს აუჩქარა.

მინდოდა, როგორღაც შემერბილებინა ბიძისა და ძმისშვილის ურთიერთობა, ცოტათი მაინც დამეთბო მათი ერთმანეთთან დამოკიდებულება, ამიტომაც ჩემდა უნებურად წამოვროშე.

- იცით? ვასიკო ძალიან გგავთ თქვენ, ტუჩები, სახის ოვალი, ხელის თითები… განსაკუთრებით, თვალები.

ამასობაში ლადო თავის კაბინეტში შევიდა. მეც შევყევი. თან ჯიუტად ვაგრძელებდი რატრატს. მოულოდნელად მამაკაცი შემობრუნდა და ისეთი მრისხანე მზერით შემომხედა, ადგილზე გავქვავდი.

- გიკრძალავ ამ თემაზე ჩემთან საუბარს, - კუშტად მითხრა.

შევცბი, მაგრამ მხოლოდ წამით. მის ტონს არ შევეპუე და ეგრევე მივახალე:

- რა საშინელი კაცი ხართ, რომ იცოდეთ! საერთოდ არ მესმის თქვენი! რატომ უკეთებთ ბავშვს ასეთ იგნორირებას? ვერ ხვდებით, ამით სულიერ ტრავმას რომ აყენებთ მას?

ლადო გაშეშდა, თვალები ბოროტად აენთო, შემდეგ კი ყრუდ ჩაილაპარაკა:

- წადი… საქმეს მიხედე!

ნიკაპი ამაყად ავწიე, ჯიქურ შევაჩერდი თვალებში და… გამოვბრუნდი.

კაბინეტიდან რომ გამოვედი, მხოლოდ მაშინ ვიგრძენი, როგორ მიცახცახებდა მთელი სხეული… მეშინოდა მისი, მაგრამ მაინც არ ვეშვებოდი.

8 8 8

ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა ვასიკოს გაკვეთილების მომზადება გაუჭირდა. მთელი გულისყური სათამაშოებისკენ ჰქონდა. ბოლოს იძულებული გავხდი, დამეტუქსა და ვუთხარი, თუ გულისყურით არ წაიკითხავ, არ გათამაშებ-მეთქი. ამან იმოქმედა. ცოტა არ იყოს, შეეშინდა, საერთოდ არ წამართვან ჩემი სათამაშოებიო და შეფუცხუნდა.

როცა დავალებების დაწერასაც მოვრჩით, ეგრევე წამოხტა და მატარებელს ეცა. მთელი საღამო თამაშობდა… როგორც იქნა, მოჰბეზრდა… უფრო სწორად, დაიღალა და თვალები აემღვრა. ეს იმას ნიშნავდა, რომ მისი ძილის დრო მოვიდა. ასე დიდხანს არ ვრჩებოდი ხოლმე, მაგრამ დღეს განსაკუთრებული შემთხვევა იყო. ამიტომ არ ვიჩქარე შინ წასვლა. როზას ვუთხარი, მე დავაძინებ-მეთქი. ვაბანავე და თავის ოთახში შევიყვანე პირსახოცში გახვეული. თმა გავუმშრალე, პიჟამა ჩავაცვი და საწოლში ჩავაწვინე. საბანი ორივე მხრიდან საგულდაგულოდ ამოვუკეცე, შუბლზე ვაკოცე, ძილი ნებისა ვუსურვე და ის იყო, შუქის ჩაქრობას ვაპირებდი, რომ მოულოდნელად მთელი ხმით იყვირა:

- არ ჩააქრო!

შემეშინდა, ისეთი განწირული ხმა ჰქონდა.

- რატომ? აბა, სინათლის შუქზე როგორ დაიძინებ?

- არ მიყვარს, როცა ბნელა. გეხვეწები, სანამ არ დავიძინებ, არ წახვიდე, რა? და არც შუქი გამომირთო, კარგი?

- კარგი, აქ ვიქნები, არ წავალ, - ხმადაბლა ვთქვი და საწოლზე ჩამოვჯექი.

ორი წუთიც არ გასულა, რომ ჩაეძინა. შუქი ჩავაქრე და ფეხაკრეფით გამოვედი ოთახიდან.

ჩაფიქრებული მივაბიჯებდი დერეფანში, რომ უეცრად კარი გაიღო და ოთახიდან გამოსული ლადო დამეჯახა. მოულოდნელობისგან შევკივლე, წავიბორძიკე და… მის მკლავებში ამოვყავი თავი.

- ხომ არაფერი იტკინე? - მშრალად დაინტერესდა ადამიანი-კლდე, თან ხელს არ მიშვებდა.

- არა, არაფერი, ყველაფერი რიგზეა, - დაბნეულმა მივაყარე სიტყვები ერთმანეთს და ფრთხილად შევეცადე, მისი ხელებისგან გავთავისუფლებულიყავი. ჩემდა გასაკვირად, იგი სულ უფრო და უფრო ძლიერად მიჭერდა თითებს.

- ანა, არ გეჩვენება, რომ შენს საქციელზე პასუხი უნდა აგო? - შეცვლილი ხმით მკითხა.

- რ…რომ..მელ საქციელზე? - მღელვარებისგან ენა დამება.

- დაგავიწყდა, დღეს როგორ შემამკე?

- ბატონო ლადო… მე… მე არ მინდოდა თქვენი წყენ…

- არ გინდოდა? - უცნაურად დაგუბებული ხმით შემომიბრუნა კითხვა.

შემამცივნა მისმა ხმამ. თავი ავწიე და შევხედე… ღმერთო!.. შევამჩნიე, რომ მისი მზერა პირდაპირ ჩემს ტუჩებზე იყო «მობჯენილი». გაუაზრებლად გავილოკე ტუჩები, თითქოს მათი დაცვა მინდოდა და როცა კვლავ ფრთხილად დავაპირე გაბრძოლება, მორიგი უცნაურობა დაიწყო - მამაკაცი მძლავრად მიხუტებდა მკერდზე, მთელი სხეული დაჭიმვოდა, თვალები კი… ისე ხარბად მიყურებდა, შიშისგან გული ფეხისგულებში გამეპარა… მისმა მზერამ იმდენად შემიკრა სუნთქვა, თითქოს ჟანგბადი გადამიკეტეს, ლამის ხველება ამიტყდა და ფეხები ამიკანკალდა. გარხევა ვცადე. ლადომ ადგილი მოინაცვლა და უფრო მჭიდროდ მიმიკრა.

- ბატონო ლადო, - სასოწარკვეთილი ავჩურჩულდი, - არ შეგიძლიათ, ხელი გამიშვათ?

- რომ არ გაგიშვა? - თითქოს კატათაგვობანას მეთამაშებოდა.

მისმა შეკითხვამ თავზარი დამცა, თუმცა მაშინვე გავიაზრე, რომ ამ მართლა დემონმა დაშინების მისეულ ტაქტიკას მიმართა. ნეტავ, რაში სჭირდება ეს? რატომ სიამოვნებს ადამიანების ასე დაშინება? - გამიელვა გონებაში.

- მე ისეთი არაფერი მითქვამს თქვენთვის, - თავის მართლება გაუბედავად ვცადე.

- ვითომ? არც იმაში გრძნობ თავს დამნაშავედ, მთელი მაღაზია რომ გამოზიდე? ასე უფრთხილდები სხვის ფულს?

- ვიცი, რომ ვერ მოვიქეცი მთლად რიგიანად… - ისევ ავლუღლუღდი, - მაგრამ ლევანმა მითხრა, თანხაში შეზღუდული არ ვართო და…

- აბა, რას ვიფიქრებდი, ეს ლაწირაკი მთელ სახლს თუ გაავსებდა სათამაშოებით. თუ ეს შენი გავლენის შედეგია? იქნებ შენ გაათამამე?

- ჩვენ მხოლოდ სათამაშოები არ გვიყიდია. თაროები ვიყიდეთ წიგნებისთვის, წიგნებიც, რვეულებიც, ფლომ…

- ვიცი, რაც იყიდეთ, ვნახე უკვე! - უხეშად გამაწყვეტინა.

სახე გამიხურდა, ისე შეურაცხყოფილად ვიგრძენი თავი. მის მახვილ მზერას ეს არ გამოჰპარვია.

- მე ისეთი რამეები ავარჩევინე, რაც მისი გონების გასავითარებლად აუცილებელია. ამ ასაკში მას სწორედ ასეთი რამეები სჭირდება. შეიძლება ბევრი მოგვივიდა, მაგრამ ვიფიქრე…

- რა იფიქრე?

- რომ ბავშვისთვის აუცილებელია რაღაცნაირი კომპენსაცია თქვენი გულგრილობის სანაცვლოდ. მაპატიეთ, ეს მეტჯერ აღარ განმეორდება, - თითქოს ვინანიებდი, ისე ამოვთქვი ბოლო სიტყვები და საწყლად მივაჩერდი.

ისე აენთო თვალები, მივხვდი, ეს კარგს არაფერს მიქადდა.

- როგორ უცებ მოინანიე, - ირონიულად გამოსცრა კბილებშუა და ხელი შემიშვა.

ოდნავ მოვეშვი. მამაკაცი შებრუნდა და დერეფანს დაუყვა. თითქოს რაღაც ჩამწყდა სულში, თითქოს არ მინდოდა წასულიყო… ან იქნებ დანაშაული მინდოდა გამომესყიდა… რატომღაც, მომინდა, რაღაც სასიამოვნო მეთქვა მისთვის, ამიტომ მივაძახე.

- ბატონო ლადო! დიდი მადლობა ყველაფრისთვის… ვასიკოც ძალიან მადლიერია თქვენი, - და ნერვიულობის დასაფარავად, ჩემი კაბის საყელო მოვჭმუჭნე აკანკალებული თითებით.

მის სახეზე არც ერთი ნაკვთი არ შერხეულა. რამდენიმე ნაბიჯი გადადგა და თავის კაბინეტში შევიდა.

ძლივს შევაღწიე სამზარეულოში, რომ როზას დავმშვიდობებოდი, მაგრამ ქალს სკამზე ჩამოსძინებოდა და ფეხაკრეფით უკან გამოვბრუნდი. ჩემი ჩანთა მოვძებნე და გზას გავუდექი. სანამ ჭიშკარში გავიდოდი, უკან მოვიხედე და მეორე სართულის ფანჯრებს ავხედე… იქ, კაბინეტში შუქი ენთო… ლადო ფანჯარასთან იდგა ჩაფიქრებული… ეული… მარტოსული… თავი გავაქნიე და ნაბიჯს ავუჩქარე. რა სასწაული აზრები მომდის თავში! ეგ რამ მაფიქრებინა?..

გაგრძელება იქნება