ყალბი ლტოლვა - თავი 15 - Marao

ყალბი ლტოლვა - თავი 15

2022-09-07 10:27:39+04:00


წინა თავი

არ ვიცი, რამ… ალბათ, მისმა ღრმად ჩაფიქრებულმა სახემ… ნუთუ შემეცოდა? ვერ გეტყვით, შემეცოდა თუ არა, მაგრამ ფაქტი იყო, რომ ლოგინში ჩაწოლილიც კი მასზე ვფიქრობდი. ვერა და ვერ მოვახერხე დაძინება. საზიზღარი კაცი! საკუთარ სახლშიც კი არ მანებებს თავს! არ მაძლევს საშუალებას, მშვიდად ვიძინო! გულაღმა დავწექი და ჭერს მივაშტერდი. არ მინდოდა მეფიქრა მის მზერაზე, რომელშიც საოცარი ტკივილი და სევდა მოჩანდა… რა სისულელეა… მას არ გააჩნია ასეთი გრძნობები. არც სევდა იცის, რა ხილია და არც ტკივილი… უგრძნობელია თავიდან ბოლომდე… მაგრამ თუკი გააჩნია, მაშინ? იქნებ მისი ასეთი პირქუში გამოხედვა მხოლოდ ნიღაბია და მეტი არაფერი? იქნებ ამით თავს იცავს? მაგრამ ვისგან ან რისგან? არა, აბსურდია ეს ყველაფერი. იცავს კი არადა… მოგცლია, ანა! ისეთ დეგენერატ კაცზე, როგორიც ლადოა, არ ღირს ამდენი ფიქრი და თავის მტვრევა.

მეორე დღეს ცოტა შემაგვიანდა. მაღაზიაში გავიარე და ბრა ვიყიდე ვასიკოსთვის. კიდევ კარგი, ლადო შინ არ დამიხვდა, თორემ მის რისხვას ვერ ავცდებოდი. როზა შეშფოთებული შემომეგება.

- კიდევ კარგი, მოხვედი. ეს წუთია, დარეკა, სამლიტრიანით ღვინო გამიმზადე, უნდა წავიღოო. საცაა, მოვა. არ უთხრა, რომ დაგაგვიანდა.

- მერე რა მოხდა? ადამიანები ვართ, ხანდახან შეიძლება დაგვაგვიანდეს კიდეც, - არ შევიმჩნიე, რომ მეც მეშინოდა.

- მაგას ეგეთი რამეები არ უყვარს. ასეთ დროს უნდა დაურეკო და გააფრთხილო. არ იცი შენ მაგის ამბავი. შეიძლება უცებ ისეთი შეურაცხყოფა მოგაყენოს, რომ…

- ვიცი, როზა დეიდა, მაგის მეტი რა ვიცი, - მწარედ გავიღიმე და ჩემკენ გამოქცეული ვასიკო ჩავიხუტე, - მე შენ საჩუქარი მოგიტანე, - ვუჩურჩულე და ყურის ძირში ვაკოცე.

- საჩუქარი? აბა, რა? - თვალები გაუფართოვდა.

- წამო შენს ოთახში და იქ გავხსნათ, - ხელი ჩავკიდე და გავიქეცით.

ერთი სული ჰქონდა, სანამ ყუთს გახსნიდა. უეცრად სახე გაებადრა.

- ანაააა! - იყვირა მთელი ხმით.

- ჩუუუ! - ტუჩებზე საჩვენებელი თითი მივიდე, - ბიძაშენი მოვა ახლა და არ იხმაურო. მოგწონს?

- ძალიან! რა მაგარია!

- ჰოდა, ლევანს ვთხოვოთ ახლა, შენს საწოლთან, კედელზე დაამაგროს. ხედავ, როგორია? ვარსკვლავს ჰგავს. როცა დაწვები, შეგიძლია აანთო. შენი საკუთარი ვარსკვლავი გექნება და სიბნელის არ შეგეშინდება აწი.

ხელები გაშალა და ჩამეხუტა. როგორი სითბო ვიგრძენი… ამის გადმოცემა გამიჭირდება. მოგვიანებით, როცა ლევანმა ბრა კედელზე მიამაგრა, ბავშვმა რამდენჯერმე აანთო და ჩააქრო იგი, თან ყურებამდე იღიმოდა.

- კარგი, გეყოფა თამაში, ახლა დროა, გაკვეთილებს მივხედოთ, - საქმიანი დავიჭირე ბოლოს.

- როგორი განვითარებული გაქვს დედობრივი ინსტინქტი, - მომესმა მოულოდნელად, - მიკვირს, აქამდე გაუთხოვარი რომ ხარ, - ზღურბლზე ლადო იდგა და გაქვავებული სახით გვიყურებდა.

- გასათხოვარი, - ჯიბრიანად შევუსწორე და თვალი თვალში გავუყარე, თუმცა დიდხანს ვერ გავუძელი მის მზერას და განზე გავიხედე.

- ამას არსებითი მნიშვნელობა არა აქვს.

- დიდი მადლობა, მაგრამ კომპლიმენტი არ იყო საჭირო.

- მე იმას ვამბობ, რასაც ვხედავ.

- აჭარბებთ, ბატონო ლადო. უბრალოდ, თვითონ ვასიკოა განსაკუთრებული ბავშვი. არც კი ვიცი, რატომ მომეჩვია ასე, - თავმდაბლობა გამოვიჩინე.

- არ მსურს, გაანებივრო! გასაგებია? ამას მკაცრად მოვითხოვ! - ორივე წარბი გამომწვევად აზიდა მამაკაცმა და პასუხს არ დალოდებია, ისე გავიდა.

მე და ვასიკომ ერთმანეთს შევხედეთ. ბიჭუნამ მხრები აიწურა და იდუმალი ღიმილი მესროლა. მერე კვლავ ბრას მიუახლოვდა, სახე მოეღუშა და ხმადაბლა დაიწყო:

- ისინი სულ დამცინოდნენ…

ამის გაგონებაზე სუნთქვა შემეკრა. მივუახლოვდი და გვერდით ამოვუდექი.

- მეუბნებოდნენ, ქალოია ხარო, სიბნელის გეშინიაო. რა ჩემი ბრალი იყო… მეშინოდა… სიბნელეში მეჩვენებოდა, რომ ჩემს საწოლზე ვიღაც იყო ჩამომჯდარი. შიშით საბნიდან თავს ვერ ვყოფდი, რომ მენახა, მართლა იყო ვინმე თუ არა. მეგონა, იქ კუდიანი დედაბერი იჯდა, გრძელცხვირა და ბოროტთვალებიანი, უგრძესი ფრჩხილებით და როგორც კი გამოვიხედავდი, ეგრევე ხელს მტაცებდა და წამათრევდა. მერე შემაშინეს. გაგამ ზეწარი შემოიხვია და ისე შემოვიდა ოთახში. ვიყვირე. კიდევ კარგი, მასწავლებელმა გაიგონა და გაუწყრა გაგას. მაგრად დასაჯა მეორე დღეს. იმის შემდეგ ხშირად მეღვიძება ღამე… სულ გაოფლილი ვარ. დაძინების მეშინია ხოლმე.

გული შემეკუმშა. ბავშვი ჩემკენ შემოვატრიალე… ისეთი შიში დავინახე მის თვალებში, ისეთი სასოწარკვეთა, ცრემლები მომერია. მივხვდი, რის ფასად დაუჯდა მას ჩემთვის ამის მოყოლა.

- ცუდი ბავშვები ყველგან არიან, ვასიკო. დაივიწყე ისინი. შენ კარგი ბიჭი ხარ, ძალიან კარგი და მე ისეთი მიყვარხარ, როგორიც ხარ. გასაგებია?

მომეხუტა და ხელები წელზე მომხვია.

- ყველაფერი კარგად იქნება. აქ შენ ყველას უყვარხარ…

სწორედ ამ დროს ჩემი მობილურის ზარი გაისმა. ვასიკოს ხელი შევუშვი და ჩანთას ვეცი, საშკა მეგონა. ეკრანს დავხედე თუ არა, მიტკალივით გავფითრდი… ჩემი ნახევარდა, ნანა მირეკავდა… აი, ახლა იქნება კონცერტი, - გავიფიქრე არეულმა და ტელეფონი ყურთან მივიტანე.

- გისმენთ…

ჩემდა გასაოცრად, ნანას მაგივრად, ნუკრი შემრჩა ხელთ. გამიკვირდა, მეგონა, უკვე გაემგზავრა ლონდონში.

- ანა, როგორ ხარ? - დაღლილი ხმა ჰქონდა.

- კარგად, გმადლობ, - დავიბენი.

- ნახვა მინდა შენი, სად ხარ?

მცირეოდენი ყოყმანის შემდეგ ვუპასუხე:

- ნახევარ საათში შინ ვიქნები.

- მისამართი მითხარი, საქმე მაქვს.

ვუკარნახე, თუმცა არ ვიცოდი, რატომ ვაკეთებდი ამას.

- კარგი, ერთ საათში შენთან ვარ, - მითხრა და გამითიშა.

ისედაც დამძიმებული ვიყავი დედაჩემის საქციელით, ახლა კიდევ უფრო დავმძიმდი. მტკიოდა იქ, სადღაც, გულის სიღრმეში. ამ ტკივილის გატოლება მხოლოდ კანქვეშა ტკივილთან თუ შეიძლებოდა, რომელსაც ვერ ხედავ, ვერ შეეხები, მაგრამ იცი, რომ იქ არის, შენს სხეულში და რაც უნდა ეცადო მის დავიწყებას, თავს არ დაგავიწყებს, ნებისმიერ დროს გაგკრავს და მწვავედ შეგახსენებს თავს. აი, ამწუთას სწორედ ასეთი ტკივილი ვიგრძენი… და იგი ნუკრის ზარმა გამოიწვია.

იმ დღის მერე გამუდმებით შთავაგონებდი ჩემს თავს, რომ არ ღირს, იფიქრო დედაზე, რომელმაც ორჯერ უარყო თავისი შვილი. თუმცა, სიმართლე გითხრათ, ეს არ მშველოდა.

სამაგიეროდ, სხვა რამე მშველოდა. ვასიკო… მის გვერდით ყოფნა მიმსუბუქებდა მდგომარეობას, მასზე ზრუნვა, მასზე ამაგი. როცა მის გაცისკროვნებულ ბავშვურ თვალებს ვუყურებდი, სითბო მეღვრებოდა გულში.

ნუკრი ზუსტად ერთ საათში მოვიდა. არც მომსალმებია, პირდაპირ საყვედურებით დაიწყო.

- ანა, რატომ გააკეთე ეს? ხომ გთხოვე, არა? თანაც არავის გვითხარი, ასე უკითხავად… - და მძიმედ ჩაეშვა სავარძელში.

- უკითხავად? ეს მან გითხრა? თვითონ? - თვალები გამიფართოვდა გაოცებისგან.

- აბა, როგორ ავხსნათ შენი საქციელი? დაგერეკა მაინც ნანასთვის.

- ტასიკომ იცოდა.

- ტასიკო რა, ჩვენი ოჯახის წევრია? იმას არავინ ეკითხება, ვინ წავა და ვინ დარჩება! ხომ შემპირდი, შენ ჩამოსვლამდე მივხედავო?

- მე შეგპირდი? - პირი დავაღე, - მე არაფერს შეგპირებივარ!

- კი, შემპირდი. არ მითხრა ახლა, დამავიწყდაო.

გამეცინა.

- შენ და შენი ოჯახის წევრებს რაღაც განსაკუთრებული მეხსიერება გაქვთ! - ირონიულად შევნიშნე, - ჯერ ერთი, მე პირობა არ მომიცია და მეორეც, ახლა შენ მე კი არ უნდა მელაპარაკებოდე, არამედ დედაშენს. ეს მან დამითხოვა სამსახურიდან.

იგი დაჟინებით დააჩერდა იატაკს. კიდევ კარგი, სახლი დალაგებული მქონდა და იატაკი მოწმენდილი, თორემ იფიქრებდა, ამას თავისი ბინა ვერ დაულაგებია და ჩვენთან რატომ მოიკლავდა თავსო.

- ასეც ვიფიქრე… უბრალოდ, ნანამ არ დამიჯერა, - თქვა შეფიქრიანებულმა.

- ყავას დალევ? - რბილად ვკითხე.

- არა, არ მინდა.

- აი, მე კი დავლევდი, - რატომღაც, გავიღიმე.

- კარგი, შენ თუ დალევ, მეც არ ვიტყვი უარს.

წამში მოვადუღე ყავა და სამზარეულოდან გამოვძახე:

- შაქარი რამდენი კოვზი ჩაგიყარო?

- არ მინდა შაქარი, უშაქრო მომიტანე.

- რატომ, თავად ხარ ტკბილი? - მწარედ გავეხუმრე.

არ მიპასუხა, თითები ერთმანეთში გადახლართა და კვლავ იატაკს დააჩერდა.

ერთი ყლუპი მოსვა და დაიჯღანა. ასე მოუხდება! აბა, რა ეგონა, ჩემი «ესპრესო» უშაქროდ ასე ადვილი დასალევი იქნებოდა?

- ნანას უნდა, რომ დაბრუნდე, - ნუკრიმ ფინჯანი დადგა და ალაპარაკდა, - მთხოვა, გადმომეცა, რომ ჩვენთვის ძალიან საჭირო ადამიანი ხარ.

- დიდი მადლობა, მაგრამ დაბრუნებას არ ვაპირებ.

- ყველანი გთხოვთ. შენ დედას სჭირდები.

- ეს მან თქვა?

- არა, მისთვის ჯერ არაფერი გვითქვამს… - დაიბნა ლამაზი ბიჭი.

- გამოდის, მან არ იცის, შენ რომ ახლა აქ ხარ.

- ანა, შენ ხომ იცნობ მას, როგორი ჭირვეულია… მაგრამ გარწმუნებ, როგორც კი სახლში მივალ, მაშინვე ვეტყვი. ძალიან ვნერვიულობთ მასზე.

- თუკი ასე ნერვიულობთ, რატომ მასთან არ ცხოვრობთ? მისი შვილები არ ხართ? ეს თქვენ გაგზარდათ მან და არა მე! - ჩემდა უნებურად, ზედმეტად ხმამაღლა მომივიდა.

- ჩვენ ვერ ვახერხებთ… ამიტომაც გენდეთ შენ.

- ძალიან გთხოვ, წადი აქედან, ნუკრი! - გავწიწმატდი, - იქამდე წადი, სანამ არ მითქვამს ის, რასაც შემდეგ ვინანებ!

- თუკი ფული გეცოტავ…

- წადი, გთხოვ!

ფაქტობრივად, ჩემი ნახევარძმა ჩემივე სახლიდან გავაგდე. გავიდა თუ არა, კარი ჩავკეტე და კედელს ღონემიხდილი მივეყრდენი. ერთიანად ვცახცახებდი. რამდენიმე წუთის შემდეგ მოულოდნელად კარზე კაკუნი გაისმა. ისევ ნუკრი მეგონა და გაცოფებულმა გავაღე კარი… სადარბაზოში საშკა იდგა. ეს უკვე მეორე სიურპრიზი იყო ერთი დღის განმავლობაში. იმდენად უეცარი აღმოჩნდა მისი გამოჩენა, რომ ვიგრძენი, როგორ ავჭარხლდი.

- ხმა არ ამოიღო, არაფერი მითხრა, - გაშლილი ხელისგულები ცხვირწინ «ამიფრიალა», - ჩაიცვი, რესტორანში გეპატიჟები.

წარბები თეატრალურად ავზიდე.

- მართლა? მერედა, მე არ მეკითხები, მინდა თუ არა?

- არა, არ გეკითხები. დანარჩენზე იქ ვილაპარაკოთ.

- დაღლილი ვარ, დაძინება მინდა.

- ერთი ღამე არ დაიძინო ჩემი გულისთვის, არ შეგიძლია?

- შენი გულისთვის ბევრი რამ შემიძლია, მაგრამ ძილს ამაღამ ვერ მოვიკლებ, ხვალ ვმუშაობ.

- მაგრამ მხოლოდ დღის მეორე ნახევარში. მოასწრებ გამოძინებას. წამო, წამო, - მაჯაში ჩამავლო ხელი.

წინააღმდეგობის გაწევის ძალაც არ მქონდა. ერთი ღრმად ამოვიოხრე, ვითომ ამწუთას ყველაზე მეტად მასთან ერთად სავახშმოდ წასვლა მეზარებოდა და ზანტად დავავლე ჩანთას ხელი…

8 8 8

მიუხედავად იმისა, რომ საშინელ ხასიათზე ვიყავი და ამის დამალვას საგულდაგულოდ ვცდილობდი, მაინც მომეშვა ოდნავ. გემრიელი კერძები ყოველთვის მიბრუნებდა ხვალინდელი დღის რწმენას. ახლაც ასე მოხდა.

ყველაფერზე ვილაპარაკეთ, ჩემს ახალ სამსახურზე, დედაჩემზე, ვასიკოზე, «სალ კლდეზე»… ჩვენზე არ გვილაპარაკია მხოლოდ. საშკა აშკარად გაურბოდა, შეხებოდა ამ თემას. არც მე ჩამოვაგდე საუბარი და ისე ჩავამთავრეთ ვახშამი, «ჩვენ» არ გვიხსენებია.

როცა გარეთ გამოვედით და მის მანქანაში ჩავსხედით, კიდევ ერთი სიურპრიზი მელოდა თურმე.

- ახლა ჩემთან წავიდეთ, - ღიმილით მომიბრუნდა.

კიდევ ერთხელ, ამჯერად არა თეატრალურად, არამედ ბუნებრივად, ავზიდე წარბები.

- შენთან? რა მინდა შენთან?

- როგორ ფიქრობ, რა უნდა გინდოდეს? რატომ ეპატიჟება მამაკაცი საყვარელ ქალს თავისთან? - ღიმილი არ შორდებოდა სახიდან.

საათს დავხედე. თორმეტი ხდებოდა.

- გვიანაა უკვე, ხვალ ვერ მოვასწრებ…

- მოასწრებ. შენ ყოჩაღი გოგო ხარ. მა გაგიყვან მანქანით.

- არა! - მთელი ხმით ვიყვირე. შემეშინდა, მასთან ერთად დავენახე ლადოს. არ მინდოდა, ეფიქრა, რომ კაცები მემსახურებოდნენ.

- რა გჭირს? - შეშფოთდა.

- ჩემთან წავიდეთ, - ერთი ამოსუნთქვით წარმოვთქვი.

- კარგი, შენთან წავიდეთ, რა პრობლემაა, - მორჩილად მომიგო და მანქანა დაქოქა.

8 8 8

ულამაზესი ღამე მქონდა. ამდენი საალერსო სიტყვა ჩემთვის მას არასდროს უთქვამს, ამდენს არასდროს მომფერებია. ეტყობოდა, რომ მონატრებული იყო. ისე დაგვათენდა თავზე, ვერც ვიგრძენით. ორიოდე საათით წავუძინე მხოლოდ. როცა თვალი გავახილე, საშკა უკვე წასული დამხვდა. წერილი დაეტოვებინა მაგიდაზე: «საღამოს არ დააგვიანო, არ მალოდინო. არ მიყვარს ლოდინი» და ყურებამდე გაღიმებული კაცუნა მიეხატა ბოლოში… გამეღიმა.

ვასიკო ახალი მოსული იყო სკოლიდან, სადილობდა, მე რომ მივედი. ამჯერად არ დამიგვიანია. ჩემ დანახვაზე სკამიდან გიჟივით წამოხტა, მაგრამ დავტუქსე და ადგილზე დავაბრუნე, ჯერ ჭამს მორჩი-მეთქი.

მერე ცოტა ხნით დავასვენე, ვათამაშე და შემდეგ გაკვეთილების მომზადებას შევუდექით. დიდხანს ვამეცადინებდი. როცა ყველაფერს მოვრჩით, «პატარა უფლისწულის» კითხვა დავიწყე, ის კი იწვა თავის საწოლზე, ხელები თავქვეშ ამოედო და გულისყურით მისმენდა. მოულოდნელად ზურგს უკან მწვავე მზერა ვიგრძენი. ბავშვმაც წამოიწია და უხერხულად წამოჯდა საწოლზე. თავი ნელა მოვაბრუნე და ლადო დავინახე. მას ასე სჩვეოდა - ყოველთვის მოულოდნელად გამოჩნდებოდა და გაუჩინარდებოდა ხოლმე… და ყოველთვის უდროო დროს. საშინლად დაძაბული მომეჩვენა. როგორ გავბრაზდი! მომბეზრდა, გამუდმებით რომ მაკონტროლებდა და მითვალთვალებდა. თითქოს კვალში მედგა და თითოეულ ჩემს ნაბიჯს აკვირდებოდა. ნეტავ თავს დამანებებდეს ეს კაცი-მეთქი, გავიფიქრე გულში და ზურგი შევაქციე, თითქოს არც შემემჩნიოს. ვერ ვიგრძენი, როდის გავიდა. ამას მხოლოდ იმით მივხვდი, რომ ვასიკო კვლავ წამოწვა და გამიღიმა…

ჩემი და როზას ურთიერთობა თანდათან უფრო მყარი გახდა. ქალი აშკარად მომენდო. ისე უხაროდა ჩემი მოსვლა, თითქოს ცაზე ცისარტყელა გამოჩენილიყოს. ის უკვე მიყვებოდა რაღაც-რაღაცებს. ლევანი მართალი აღმოჩნდა. თურმე, საუკუნეა, იგი ამ სახლში ცხოვრობს, ბავშვობიდან ვზრდიდიო «სალ კლდეს». გაიხსენა, როგორი ბავშვი იყო, როგორ სწავლობდა, როგორ იქცეოდა… გაოცებული ვიყავი, როზას არაფერი დავიწყებოდა. მე ჩემს ასაკში ვუჩიოდი სკლეროზს. ისეთი რამეები არ მახსოვდა, რაც, წესით, ჩემი ასაკის ადამიანს არ უნდა ავიწყდებოდეს, მას კი რიცხვები და თვეებიც კი ახსოვდა. ის კი არა, იმ დღეს როგორი ამინდიც იყო, იმასაც კი აღწერდა. საყვარელი და ბუნჩულა ბავშვი იყოო, მითხრა. ამან გამაოგნა. ვერაფრით წარმომედგინა მისი საყვარელი და ბუნჩულა ბავშვობა, რადგან ჩემს თვალში ლადო უხეშ, აუტანელ ადამიანთან ასოცირდებოდა. როგორ არ ვეცადე, მაგრამ ვერაფრით წარმოვიდგინე ცელქი, მხიარული და ეშმაკუნა «სალი კლდე». ასე მეგონა, ყოველთვის საშიში და პირქუში იყო, ბავშვობაშიც კი. მიუხედავად ამისა, როცა როზა მას დადებითად ახასიათებდა, მსიამოვნებდა. რატომ, ამის ახსნა გამიჭირდება.

საღამოს კი საშკა მელოდა შინ. ეს კიდევ უფრო მახარებდა. ის ჩემზე ადრე მოდიოდა, ცხელ ვახშამს მახვედრებდა და სანამ არ მოვიდოდი, პირს არ დააკარებდა. მერე ერთად ვუყურებდით ტელევიზორს ან ვლაპარაკობდით, ან ლოგინში ვკოტრიალობდით.

ისე მომწონდა ჩემი ასეთი ცხოვრება, ყველაფრით კმაყოფილი ვიყავი, მაგრამ ერთხელაც უეცრად დაირღვა ჩემი სიმშვიდე.

საღამოს, შინ მოსულს, საშკა არ დამხვდა. გამიკვირდა, ეს პირველი შემთხვევა იყო, რომ დააგვიანა. მობილურზე დავურეკე. გამორთული ჰქონდა. ავწრიალდი. ბოლო სამი დღე ცოტა უხასიათოდ მეჩვენებოდა. ცოლს ხომ არ შეურიგდა? დამარტყა უცებ თავში. ამის გაფიქრებაზე შემამცივნა. სწორედ ამ დროს შემოაღო კარი, ერთიანად გაფითრებულმა.

- რა მოგივიდა? რა მოხდა? - მივაჭერი.

- არაფერი… რამე უნდა მომხდარიყო? - კითხვაზე კითხვით მომიგო მან, მაგრამ ამასობაში თვალი ამარიდა.

- აბა, რატომ გაქვს ასეთი სახე? რატომ დააგვიანე? რაღაცას მიმალავ… - ეჭვი გამოვთქვი.

- არც კი მომესალმე, არ გრცხვენია? - ნაძალადევი ღიმილით შენიშნა და ლოყაზე მიჩქმიტა.

ყურადღებით ვაკვირდებოდი. ასეთი რამ არ ახასიათებდა. თვალის არიდება რაღა იყო? რაღაც ხდებოდა და უჭირდა თქმა.

- ნუ აჭიანურებ, საშკა, მითხარი, რა მოხდა, - შევუბღვირე, - ურიგდები?

- ვის?

- ვის და იცი შენ, ვისაც.

- ოოო! დაიწყო ახლა! საიდან მოგაქვს ასეთი აზრები? ვურიგდები არა ის!

- აბა, რა გჭირს?

- მოკლედ, შენ ვერაფერს გამოგაპარებს ადამიანი, რა… კარგი, გეტყვი… ფული მჭირდება… რამდენიც შეგიძლია…

ვიგრძენი, რომ სულში რაღაც ამიტრიალდა, თითქოს თვალთ დამიბნელდა და მეც ავყირავდი… ისეთი რა გაუჭირდა, რომ ფულს მე მთხოვს? რაღაცა ხდება!

- რისთვის გჭირდება და რამდენი? - ფრთხილად შევეკითხე.

- ვითამაშე.

- რა ქენი? - საკუთარ ყურებს არ ვუჯერებდი.

- კაზინოში ვითამაშე და წავაგე, - ხვნეშა-ხვნეშით წარმოთქვა და წელზე დოინჯშემოყრილი შუა ოთახში გაიხიდა.

- როდის აქეთაა, თამაში დაიწყე?

- ეს გრძელი ისტორიაა, შენ ვერ გაიგებ! - კონკრეტულ პასუხს თავი აარიდა.

- მერე რა, მომიყევი, მოგისმენ.

- არ გირჩევ, გული გეტკინება.

- გული უკვე მეტკინა.

- გთხოვ, არაფერი მკითხო. მითხარი, თუ დახმარება შეგიძლია.

- რამდენი გჭირდება?

- რამდენიც შეგიძლია.

- მხოლოდ 300 ლარი.

- ეგეც საქმეა, თუ მომცემ. მალე დაგიბრუნებ და მეტს აღარ ვითამაშებ. მორჩა, ეგ ბოლოა!

თავზარდაცემული ვიდექი. პირველად მესმოდა მისი თამაშის ამბავი. არასდროს არავის დასცდენია. არც თანამშრომლებს, არც მის დას, არც არავის. უხმოდ გავტრიალდი, შენახული ფულიდან 300 ლარი გადავთვალე, დანარჩენი არ გამოვაჩინე და გამოვუტანე. მადლობა გადამიხადა და კარისკენ დაიძრა.

- სად მიდიხარ?

- ახლავე უნდა მივუტანო. თან კიდევ უნდა დავამატო, ეს არ მეყოფა.

- მობრუნდები?

- ჰო, აბა რა! აუცილებლად. აბა, სად წავალ? - ურწმუნოდ გამიღიმა.

ამ დროს დაბლიდან გაბმული სიგნალის ხმა მოისმა. ეს მისი მანქანის სიგნალი იყო. მოულოდნელობისგან სახე თვითონაც შეეცვალა.

- ვინ გიზის მანქანაში? - მკაცრად ვკითხე.

- არავინ… შენ არ იცნობ, - გაუბედავად მომიგო.

- ჩაგაცილებ, - კიდევ უფრო მკაცრად ვთქვი.

- არ გინდა, მალე მოვალ, - ხელები მკლავზე წამავლო და გამაჩერა.

- უნდა ვნახო, ვისთან ერთად ხარ! - ლამის ვიყვირე.

- არ გინდა ისტერიკები. გეტყვი, ოღონდ არ ჩამომყვე, კარგი? შემპირდი.

- კარგი, ეგრე იყოს. მითხარი, ვინ არის.

- ჩემი ცოლია, - ყრუდ მიპასუხა.

- ვი-ინ? - ამოვიხავლე ფერწასულმა.

- მეხმარება ფულის შეგროვებაში, ნუ დაპანიკდი, გთხოვ…

- მე… მე ვერ დაგეხმარებოდი?

- არ მინდოდა შენი განერვიულება.

- და ახლა მშვიდად ვარ? შენ ეგრე გგონია?

- მოვალ და ყველაფერს აგიხსნი. ახლა არ გინდა! დამელოდე! - ჩქარ-ჩქარა მომაძახა, უკუსვლით გაეშურა კარისკენ და წამში ისე გაქრა, ვერაფრის თქმა ვერ მოვასწარი.

ის ღამე თეთრად გავათენე, მაგრამ საშკა არ დაბრუნებულა… ნუთუ ცოლისთვის უნდოდა ფული? დამტანჯა ეჭვებმა…

გაგრძელება იქნება