ყალბი ლტოლვა - თავი 19 - Marao

ყალბი ლტოლვა - თავი 19

2022-09-13 10:09:28+04:00


წინა თავი

- არამც და არამც! - სასაცილოდ გაიქნია საჩვენებელი თითი, - სულ არ მინდა ახლა ჩემი ტყლარჭია დის დანახვა, დიდის ამბით რომ ცდილობს ჩემი მეგობრის შებმას. გულს მხოლოდ ის მიმშვიდებს, რომ ლადუშას ფეხებზე ჰკიდია მისი სილამაზე და ასე ადვილად არ შეებმება მაგ ჭკუამოკლე გოგოს! მარი ვერასდროს მიიღებს იმას, რაც მას უნდა, ეგ გამორიცხულია!

გამიკვირდა, ღვიძლ დაზე ასე რომ ლაპარაკობდა. ცოტა არ იყოს, ეჭვიც კი შემეპარა, იყო კი ნამდვილად მისი ღვიძლი და?

მან კი გააგრძელა:

- დედაჩემის ბრალია ყველაფერი. ისე ანებივრებს, თითქოს მონიკა ბელუჩი მყავდეს ეგეც! არც დედა და არც შვილი ფეხს არ აკარებენ მიწაზე, ვითომ თავადების შთამომავლები იყვნენ! რომ არა მამაჩემი და მე, ვიცი, როგორებიც იქნებოდნენ და სადაც! მათ გამო ცოლი ვერ შემირთავს! - ღვარძლიანად დაამთავრა და ისე გაახრჭიალა კბილები, შევძრწუნდი.

გადავწყვიტე, მისი სიტყვებისთვის ყურადღება არ მიმექცია. მით უმეტეს, რომ იგი თავის თავს უფრო ელაპარაკებოდა, ვიდრე მე.

- ბატონო პაატა, ჯობია, სახლში შებრუნდეთ, თორემ ბატონი ლადო ძებნას დაგიწყებთ… და თქვენი დაც…

- არ მინდა იქ… აღარ მასმევენ… დამიმალეს დასალევი…

- მგონი, თქვენ ეგ პრობლემა უკვე გადაჭერით, - თავი ვერ შევიკავე და უნებლიეთ გამეღიმა, - ამიტომ წავიდეთ, დაგეხმარებით…

- კარგი, ლამაზო, როგორც მიბრძანებთ… გემორჩილებით… - ხელები გაშალა და ორიოდე ნაბიჯი რომ გადადგა, პირველსავე კარს შეეჯახა.

მსწრაფლ შევაშველე ხელი.

- ბატონო პაატა, მე დამეყრდენით.

- პაატა დამიძახე, ყოველგვარი ბატონოს გარეშე, ოკ? - ჩამიინგლისურა და კვლავ ამოასლოკინა, - მე ისეთი მადლობელი ვარ შენი… ერთადერთი კეთილი არსება ხარ ამ ოჯახში, მაგრამ ამათ იციან ეს? არ იციან და ვერც ვერასდროს გაიგებენ… ვიცი მე! - ამასობაში მისი მკლავი მხარზე გადავიდე და ნაბიჯ-ნაბიჯ წავიწიეთ წინ.

სასტუმრო ოთახს რომ მივუახლოვდით, თავი ვეღარ შეიკავა, ხალიჩას გამოედო და ისე ძლიერად წაბორძიკდა, წინ გადაქანდა. მეც ვერ შევიკავე თავი და კედელს მივენარცხე. ისიც თან გადმომყვა და ზედ ამეკრა. ვინმეს რომ შეეხედა ამწუთას ჩვენთვის, იფიქრებდა, ერთმანეთს არიან ჩაკრულებიო… იმდენად მოულოდნელად მოხდა ეს, რომ დავიყვირე.

ჩემს ყვირილზე კარი გაიღო და ლადო გამოვარდა დაფეთებული. ამ ყოფაში რომ დაგვინახა, ალბათ ადვილი წარმოსადგენია, რაც დაემართებოდა.

- რა ხდება აქ? - მისი მქუხარე ხმა მეხის გავარდნასავით გაისმა. არადა, როგორ ვწვალობდი, რომ როგორმე დამეხსნა თავი პაატას მკლავებიდან.

როგორც იქნა, მოვიშორე მთვრალი მამაკაცი და თავის მართლებას ქშენით შევუდექი:

- ბატონო ლადო… სტუმარს გზა აერია, ვეღარ აგნებდა და… და მოვაცილე…

- რას ნიშნავს ეს ყველაფერი, ანა? - ისე ხმადაბლა წარმოთქვა და თან ისე განრისხებით, რომ ჭიანჭველების დასევა ვიგრძენი სხეულზე…

- ხომ გითხარით…

- შენ რა, მე იდიოტი გგონივარ?! რას ეტორღიალები ამ ბნელ კორიდორში ადამიანს?! შენი ადგილი არ იცი? არ გასწავლეს, სად როგორ მოიქცე?!

- რა-ა?! - გაოგნებისგან თვალები გამიფართოვდა.

- მიპასუხე! - ისეთი დამიღრიალა, გული გამისკდა.

მისმა უსაფუძვლო ბრალდებამ ბოლო მომიღო. ცრემლები ყელში ბურთივით მომაწვა, მაგრამ დროზე შევიკავე თავი. მერე კი, როცა ბოლომდე გავაანალიზე, რაც იფიქრა, საშინლად გავბრაზდი და გაგულისებულმა ამაყად განვუცხადე:

- თქვენი მეგობარი არცთუ ისე ფხიზელია… მე მხოლოდ მოვაცილე იგი აქამდე. ხალიჩას წამოჰკრა ფეხი და კინაღამ დაეცა. სულ ეს იყო. გინდა დაიჯერეთ, გინდა არა… ჩემთვის სულერთია… და სულაც არ არის ჩემი ბრალი, ასე რომ დათვრა!

სწორედ ასეთ დაძაბულ მომენტში გამოყო თავი ოთახიდან მარიამმა. ალბათ ესმოდა, როგორ ღრიალებდა ლადო და სანახაობის გამოტოვება დაენანა. ჯერ ძმას გახედა, მერე ჩემს გაუბედურებულ კაბას, რომელიც მუხლს ზემოთ აცურებულიყო და აწეწილ თმას.

- ვინ მოგცა ჩემს ძმაზე ასეთი რამეების თქმის უფლება? - აგდებით მომმართა და ტუჩაბზუებულმა ზიზღით შემომხედა.

ახლა უკვე ორი გაავებული წყვილი თვალი მომჩერებოდა. როგორ უნდა ამეცილებინა თავიდან ეს უსიამოვნება? საბედნიეროდ, ისევ პაატა დამეხმარა. ერთ ადგილზე მდგარი, რომ იტყვიან, «ლერწამივით» ირწეოდა, მაგრამ ამას არ შეუშლია ხელი, ჩემ დასაცავად რაიმე ეთქვა.

- რას ერჩით ამ გოგოს, ცამდე მართალია… ცოტათი შევთვერი. მან კი ყურადღება გამოიჩინა და აქამდე მომაცილა. ეგ რომ არ ყოფილიყო, სადღაც ჯანდაბაში ამოვყოფდი ალბათ თავს…

ხმა არ ამომიღია, თვალები რისხვით დავაკვესე, ბოროტი მზერა შევავლე ლადოსაც და მის ახალგამომცხვარ «კნეინასაც» და დემონსტრაციულად გავემართე ჩემი ოთახისკენ. ახსნა-განმარტებას აზრი არ ჰქონდა. საკმარისი იყო, რაც ვთქვი. ის კი არა, ზედმეტადაც გამომივიდა თავის მართლება. როგორ ვბობოქრობდი იმწუთას! ისე ვიყავი ალეწილი, უფლება რომ მქონოდა, ფეხქვეშ გავიდებდი მაგ მარიამსაც და ჩემს ბოსსაც. სამწუხაროდ, უუფლებო ვიყავი. ხმის ამოუღებლად რომ არ გავცლოდი იქაურობას, უარესად დავრჩებოდი შეურაცხყოფილი და ვინ იცის, რა უშვერი სიტყვებით შემამკობდა «სალი კლდე».

უკან არავინ გამომკიდებია. სააბაზანოში შევიმალე. კარგა ხანს ვიყურებოდი სარკეში, საკუთარ თავს ვამშვიდებდი, რომ როგორმე დამეოკებინა ყელში მობჯენილი ბრაზი. მერე ვიბანავე და ოთახში შემოვბრუნდი. სავარძელში მოწყვეტით ჩავესვენე და გადავწყვიტე, რამე წამეკითხა, იქნებ ამით მაინც დამეწყნარებინა აწეწილი ნერვები, მაგრამ სტრიქონები ისე გამირბოდნენ, სიტყვები ერთმანეთს ვერ გადავაბი. მივხვდი, ახლა თავში არაფერი შემივიდოდა. წიგნი დავკეცე, მუხლზე დავიდე და თითები ისე ავათამაშე მასზე, თითქოს ფორტეპიანოზე ვუკრავდი. არაფერმა მიშველა. წეღანდელი საშინელი სცენა გონებიდან არ მშორდებოდა. თავი უკან გადავაგდე, თვალები დავხუჭე და გავირინდე. გარედან ხმები არ შემოდიოდა. ვერ გავიგე, სტუმრები წავიდნენ თუ კვლავ გააგრძელეს ქეიფი.

არ ვიცი, რამდენ ხანს ვიყავი ასე. არც დაწოლა მიცდია და არც წამოწოლა. ვიჯექი ფეხმორთხმით სავარძელში და ჩემთვის ვიტანჯებოდი.

რაღაც დრო რომ გავიდა, კარზე კაკუნი გაისმა… ჩუმი, ფრთხილი… სიმართლე გითხრათ, არ გამკვირვებია… თითქოს ველოდი კიდეც… ცალი თვალით კედლის საათს ავხედე… პირველის ნახევარი გამხდარიყო. მიუხედავად იმისა, რომ სულაც არ იყო «სადიალოგოდ» სასურველი დრო, მაინც გავემართე გასაღებად. არადა, არ იყო ღირსი, დავლაპარაკებოდი. ალბათ დაინახა. ჩემთან შუქი რომ ენთო და მიხვდა, არ მეძინა… ან კი რა დამაძინებდა?

სანამ სახელურს ჩამოვწევდი, უსიამოვნო სახე მივიღე. წარბები კუშტად შევკარი და ზღურბლთან მდგარს ამრეზით შევაჩერდი.

- კიდევ რაში უნდა დამადანაშაულოთ? რაღა დარჩა? - უკმეხად ვკითხე და ხელები მკერდზე გადავიჯვარედინე.

- იმისთვის მოვედი, რომ ჩემი სიტყვებისთვის ბოდიში მოგიხადო, - მშვიდად მომიგო.

ჩემდა უნებურად გავხსენი შუბლი და წარბები ავზიდე. აი, ამას კი არ ველოდი. და იმდენად არ ველოდი, რომ ენა დამება. მე ჩხუბს ვაპირებდი, ის კი შესარიგებლად მეახლა.

ერთხანს დავფიქრდი, რა მეპასუხა, მერე კი თავი ამაყად ავწიე და მხრები ავიჩეჩე.

- რაკი ასეა, თქვენი ბოდიში მიღებულია, - ნიშნის მოგებით წარმოვთქვი, - ღამე მშვიდობისა! - და კარის მიხურვა გადავწყვიტე, მაგრამ ლადომ ხელი დამიხვედრა და ამის საშუალება არ მომცა.

- კიდევ გნებავდათ რამე? - ვაგრძელებდი ირონიას, - სუფრა რომ უნდა ავალაგო, უკვე ვიცი, შეხსენება არ არის საჭირო!

- კარგად ხარ? - მკითხა და გამომცდელი მზერა მესროლა.

- რა თქმა უნდა, კარგად ვარ. უბრალოდ, ძალიან მეძინება.

- შეიძლება ერთი წუთით შემოვიდე? რაღაცის გარკვევა მინდა, - ისე მითხრა, თითქოს ჩემი სიტყვები არც გაუგონიაო, - თუ დერეფანში გირჩევნია ვილაპარაკოთ?

- არა მგონია, ეს კარგი იდეა იყოს.

- რა? ოთახში შემოსვლა თუ დერეფანში დგომა?

- ოთახში შემოსვლა.

- მხოლოდ რამდენიმე წამით, არ დაგაყოვნებ!

უხალისოდ გავდექი განზე და შემოვუშვი. ჯიბეებში ჩაიწყო ხელები და ფანჯარასთან მივიდა. მისი ეს პოზა ჩემთვის უკვე ნაცნობი იყო. ერთხანს იდგა ასე გარინდული. არც მე დავძრულვარ ადგილიდან. არც ერთი ხმას არ ვიღებდით. უცებ შემობრუნდა, ოთახის მეორე ბოლოში გავიდა, იქვე მდგარი ბუფეტის შუშის კარი გამოაღო და იქიდან ღვინის ბოთლი და ჭიქები გადმოიღო. არც ვიცოდი, იქ თუ რამე ინახებოდა. ერთხელაც არ დავინტერესებულვარ და არც არასდროს გამომიღია.

- აქ ყოველთვის მაქვს ხოლმე გადანახული სასმლის მარაგი, განსაკუთრებული შემთხვევისთვის, - ამიხსნა და მაგიდას მიუჯდა, ჩემკენ ზურგშექცევით.

- როგორც ჩანს, ალკოჰოლის მარაგი ამ სახლში ამოუწურავია, - ცინიკურად შევნიშნე და დავამატე, - თუმცა, არა მგონია, ჩემს ოთახში დალევა განსაკუთრებულ შემთხვევად ჩაითვალოს! აქ ღვინის დასალევად შემოიარეთ? - საზღვარი არ ჰქონდა ჩემს ირონიას, მაგრამ მომხდარის შემდეგ სულაც არ მაღელვებდა ჩემი ასეთი სითამამე. რამე უკმეხად რომ ეთქვა, მზად ვიყავი, ეგრევე დამეტოვებინა იქაურობა და შინ დავბრუნებულიყავი.

- ღვინის დასალევად და სალაპარაკოდ, - გამიშიფრა.

თავი უკმაყოფილოდ გადავაქნიე, წინიდან მოვუარე და როცა შემომხედა, მრავლისმეტყველი მზერა კედლის საათზე გადავიტანე, რითაც მივანიშნე, ძალიან გვიან არის-მეთქი.

თქვენც არ მომიკვდეთ, აინუნშიც არ ჩააგდო ჩემი მინიშნება, მზერა ამარიდა და ღვინო უდარდელად ჩამოასხა ჭიქებში.

- ბატონო ლადო, ცოტა გვიან ხომ არ არის? - ჩემი მინიშნება ახლა შეკითხვის სახით ჩამოვაყალიბე.

- მე შენ გაწყენინე და სიმართლე თუ გინდა, მრცხვენია იმის აღიარების, რომ ნაადრევი დასკვნები გამოვიტანე, - ძალიან ხმადაბლა, თან მოგუდული ხმით დაიწყო, - მაგრამ კარი რომ გავაღე და მასთან ჩახუტებული დაგინახე, ჩემი დამემართა. სცენა ისეთი იყო, სხვა რა უნდა მეფიქრა? მეგონა… თქვენ…

- რა ჩვენ?.. რა გეგონათ?

- რა მნიშვნელობა აქვს… - ხელი ჩაიქნია, - კიდევ ერთხელ გიხდი ბოდიშს… მაპატიე.

- უკვე გაპატიეთ.

- კიდევ ერთხელ-მეთქი, - გაიმეორა და სავსე ჭიქა გამომიწოდა.

- არა, გმადლობთ, არ მინდა.

- ეს ძალიან კარგი ღვინოა… - ამ სიტყვებით წინ გადმოიხარა და სასმლით გაპიპინებული სასმისი ხელში მომაჩეჩა.

რაღა უნდა მექნა, გამოვართვი. გაღიზიანებული ვუჭერდი ჭიქას თითებს, ადგილიდან არ ვიძროდი და მის გამომცდელ მზერასაც ვუძლებდი.

- რაზე გინდოდათ ჩემთან საუბარი? - დავარღვიე «წუთიერი დუმილი».

- ბევრ რამეზე. მაგალითად, ჩემს ძმისშვილზე.

- ვასიკოზე? - მისმა სიტყვებმა თავზარი დამცა.

- რატომაც არა. რა არის აქ გასაკვირი?

- იმედია, მის ბავშვთა სახლში დაბრუნებას არ აპირებთ, - შეშფოთებულს ხმაც კი შემეცვალა.

- სულაც არა.

შვებით ამოვისუნთქე და ისე გამიხარდა მისი პასუხი, რომ სიამოვნებით მოვსვი ორიოდე ყლუპი ღვინო.

- სადღეგრძელოს გარეშე გიყვარს დალევა? - ეშმაკურად ამომხედა.

- არ დამილევია, უბრალოდ, მოვსვი.

- გემო გაუსინჯე?

- არა, გამშრალი პირი გავისველე, - ჯიქურ გავუსწორე თვალი.

- ო! ეგ მშვენიერი გამოსავალია! - ირიბად ჩაიცინა.

- თუ ასე არ აპირებთ, მაშინ რაღაა სალაპარაკო? ჩემში ხომ არ არის პრობლემა? რამეს ისე ვერ ვაკეთებ? არ მოგწონთ ჩემი აღზრდის მეთოდები? - მივაყარე და მივაყარე.

ხელის აწევით გამაჩერა.

- არა, ანა, მაგ მხრივ ყველაფერი რიგზეა. მე ძალიან კმაყოფილი ვარ შენით. მშვენივრად ართმევ თავს შენს მოვალეობას. მით უმეტეს ახლა, როცა როზას საქმეებიც შენ დაგაწვა კისერზე. ამას წინათ სკოლაში ვიყავი, მასწავლებელი ვნახე და იცი, რა მითხრა? უნიჭიერესი ბავშვიაო, თანაკლასელებთანაც კარგი ურთიერთობა აქვს, მეგობრული ბიჭიაო. კიდევ ის მითხრა, არაჩვეულებრივად ხატავსო. ეს კი, ზუსტად ვიცი, რომ შენი კიდევ ერთი დამსახურებაა. და კიდევ ის ვიცი, რომ ცხოველები უყვარს, განსაკუთრებით, ცხენები და ბევრი რამ იცის მათზე.

- საიდან იცით? - გავოცდი.

- ჯერ ერთი, ფოტოები აქვს კედელზე გაკრული. მერე კიდევ, რაღაც დასაწებებელი სურათები დამათვალიერებინა, სულ ცხენების… გარდა ამისა, მივხვდი, რომ ძაღლზე ოცნებობს, მაგრამ თხოვნას ვერ მიბედავს… ასეა?

რაც მეტს ლაპარაკობდა, მით უფრო იზრდებოდა ჩემი გაოცება. ბოლო დროს დიდ დროს ატარებდა ვასიკოსთან, მაგრამ ასეთ რამეებზე თუ საუბრობდნენ და ამდენ რამეს თუ ხვდებოდა და ამჩნევდა, ვერც წარმოვიდგენდი. თურმე სკოლაშიც კი ყოფილა და მისი წარმატებებითაც დაინტერესებულა. ჩემი და ვასიკოს პატარა საიდუმლოების ამბავიც კი გაუგია… ბავშვი მართლაც ოცნებობდა ძაღლზე. გაოგნებულმა კიდევ მოვსვი ღვინო და… ჰოი, საოცრებავ! ამასობაში ბოლომდე დამიცლია სავსე ჭიქა. როგორც ჩანს, ლადომ ჩემზე ადრე შეამჩნია ეს, რადგან დაცარიელებული ჭიქის მაგიდაზე დადგმა ვერ მოვასწარი, რომ უეცრად ისევ გამოიხარა და ღვინით კვლავ შემივსო.

- მიკვირს ის, რაზეც ახლა მელაპარაკებით, - როგორც იქნა, ამოვთქვი, - არ მეგონა, ასე შორს თუ წავიდოდა თქვენი ინტერესები. უფრო სწორად, მას შემდეგ, როცა ბავშვზე მელაპარაკეთ… ადრე, რა თქმა უნდა… თუმცა, ბოლო დროს ცოტათი კი შეიცვალა თქვენი დამოკიდებულება…

- ჩემდა საბედნიეროდ, მქონდა იმის დრო, დავფიქრებულიყავი და მივხვდი, რომ არასწორად ვიქცეოდი, - აღსარებასავით გამოუვიდა, - და ვაღიარებ, რომ ვცდებოდი.

- ნუთუ? - ღვინომ სითამამე შემმატა, - ხომ არ გსურთ, ბოლომდე გამოასწოროთ თქვენი შეცდომები? - მწარედ ჩავურტყი და ამჯერად სულმოუთქმელად გადავკარი მეორე ჭიქა.

ვიგრძენი, როგორ დამიარა სასმელმა სხეულში… გავბრუვდი…

საერთოდ, ძალიან იშვიათად ვსვამდი, ალბათ ამიტომაც მომეკიდა ასე მალე.

- მართალი ხარ… მსურს და ამიტომაც ვცდილობ. - ჩემდა გასაკვირად, მშვიდად დამეთანხმა.

- იცით? პირველივე დღიდან მაინტერესებდა, რატომ ჩაგრავდით ბავშვს ასე ძალიან. ახლა კი ის უფრო მაინტერესებს, რამ შეგაცვლევინათ აზრი მასზე და რა მიზეზით დათბით, - ვისარგებლე მისი სიმშვიდით და გავაგრძელე, თან სკამზე ჩამოვჯექი, დამეღალა ფეხები.

ღაწვები შემიხურდა. ცარიელი ჭიქა ლოყაზე მივიდე და თვალებმოხუჭულმა ირიბად გავხედე, - იქნებ არც არაფერია მიზეზი და ამ ყველაფერს მხოლოდ დრო სჭირდებოდა?

მამაკაცს ამჯერად პასუხი არ გაუცია, გულგრილი გამომეტყველებით ათვალიერებდა ოთახს და ერთი წერტილიდან მეორე წერტილზე გადაჰქონდა მზერა. ჯერ კედლის საათს ახედა, მერე მე გადმომხედა და ბოლოს ჩემს საწოლს მიაჩერდა ხანგრძლივად… როგორც კი ეს შევამჩნიე, ლამის ხურვებამ ამიტანა. რა გაიფიქრა? იქნებ სულ სხვა რამისთვის შემოვიდა აქ და ჩემი დათრობა გადაწყვიტა თავისი ჩანაფიქრის განსახორციელებლად? მგონი, დროა, დავემშვიდობო და მარტო დავრჩე. რაღაც არასასურველ «ფორმას» იღებს ეს განმარტოება.

- დიდი მადლობა, მართლაც დიდებული ღვინო იყო, - ვთქვი და ავდექი, - ახლა კი დროა, დავიშალოთ.

- მაგდებ? - ისე შინაურულად მკითხა, თითქოს მიჩვეული ყოფილიყო ყოველი ღამის ჩემ გვერდით გატარებას.

მისი რეპლიკა აინუნშიც არ ჩავაგდე, ვითომ არც გამიგონია. მით უფრო, რომ მან უკვე მორჩილად გასწია კარისკენ. უკან მივყევი, რათა ვასიკოს ოთახში ერთხელაც შევსულიყავი და დაწოლის წინ ბავშვისთვის დამეხედა.

მოულოდნელად წავბორძიკდი, თავი ვეღარ შევიმაგრე და მამაკაცს ზურგიდან დავეტაკე. რომ არა მისი მყისიერი რეაქცია, სამარცხვინოდ გავიშოტებოდი იატაკზე. ხელი მკლავში ჩამავლო და წაქცევისგან მიხსნა.

- ფრთხილად უნდა იყო, მით უფრო, ასეთ მდგომარეობაში, - დამმოძღვრა.

- და რა მდგომარეობაში ვარ, როგორ გგონიათ? - ვიუკადრისე, მაგრამ ვაი, ასეთ «უკადრისობას»! ძლივს წარმოვთქვი სიტყვები, ენა მებმოდა.

ნუთუ ასეთი მთვრალი ვარ? ორმა ჭიქამ ასე როგორ გამაბრუა? იქნებ რამე იყო ჩაყრილი იმ ღვინოში სპეციალურად ჩემთვის? იქნებ წინასწარ ჰქონდა განზრახული, რომ დავმთვრალიყავი? უაზრო ფიქრებმა დამამძიმა.

შუბლი შეკრა და ზემოდან დამხედა. მისმა მზერამ შუბლი გამიბურღა…

- მაპატიეთ… - შეშინებულმა ჩავილაპარაკე და უხერხული მოძრაობით ფრთხილად ვცადე მისი ხელის მოცილება.

იმის მაგივრად, რომ ჩემთვის ხელი შეეშვა, უფრო ძლიერად წამიჭირა.

- რას აკეთებთ? - ვეღარ გავუძელი ტკივილს, - თუმცა კი ჩურჩულით გამომივიდა ნათქვამი.

- ჩვენ ეს ერთხელ უკვე გავიარეთ, ანა! - ხმადაბლა მომიგო.

ვერც მოვასწარი გამეაზრებინა, რას გულისხმობდა, რომ უეცრად თავისკენ მიმიზიდა და ტუჩებში მეძგერა.

ამჯერად წინააღმდეგობა არ გამიწევია… არც მიცდია… თითქოს ველოდი კიდეც… თან ისეთმა სასიამოვნო ჟრუანტელმა დამიარა, თავბრუდახვეული ერთიანად მოვეშვი და მკერდზე მივესვენე…

მერე კიდევ მაკოცა… კიდევ… და ხანმოკლე კოცნები რამდენიმე წამში ვნებიან, თავდავიწყებულ ალერსში გადაიზარდა…

სუფრის ალაგება აღარ გამხსენებია…

მოულოდნელად ვიგრძენი, რომ მარტო დავრჩი. თვალები გავახილე და მიმოვიხედე… ლადო ჩემგან მოშორებით იდგა. იმდენად ვიყავი მისი ალერსის სურვილით შეპყრობილი, ასე მოულოდნელად რომ გამერიდა, ვერ შევეგუე, მაგრამ მისკენ ნაბიჯის გადადგმაც ვერ გავბედე…

- რომ იცოდე, რა ლამაზი ხარ ამწუთას, - ისეთი ხმით ამოთქვა, სიამოვნებისაგან ლამის გული წამივიდა.

ჩემდა უნებურად, წამწამები უაზროდ ავახამხამე, რადგან რაღაცის შიში ვიგრძენი. მოულოდნელად თვალწინ მარიამის სახემ გამიელვა და იმწამსვე გამოვფხიზლდი. როგორც ჩანს, მე მეფერებოდა და ჩემ მაგივრად ის წარმოიდგინა თავის მკლავებში. აბა, ასე რატომ მითხრა? ჩემი სილამაზე ვინ გაიგონა? თანაც ასეთი ტონით, ასეთი ხმით რომ მეუბნება… მე ხომ სულაც არ ვარ ლამაზი. რა ვიცი, მე რატომღაც, ასე მგონია. ყოველ შემთხვევაში, ისეთი ლამაზი ნამდვილად არ ვარ, ასეთი გრძნობით მითხრას მამაკაცმა, თანაც ვინ? თავად «სალმა კლდემ», რომლისთვისაც მხოლოდ დაქირავებული მოსამსახურე ვარ და სხვა არავინ!

ისეთი შეგრძნება დამეუფლა, თითქოს მოულოდნელად უდაბნოს ცხელი ქვიშიდან ამიტაცეს და აისბერგზე შემომსვეს… თითქოს ნემსებით დამიჩხვლიტეს მთელი სხეული, მკერდში კი გაუსაძლისი ტკივილი ვიგრძენი მისი ნათქვამის გამო. მომეჩვენა, რომ დამცინოდა, რომ ვნებიანად ნათქვამი მისი სიტყვების უკან ირონია მოიაზრებოდა.

არადა, უკვე ეჭვიც არ მეპარებოდა, რომ დამცინოდა. ერთი საათის წინ მის სახლში ისეთი ლამაზი და მომხიბვლელი ქალი იმყოფებოდა, რომლის მსგავსი მგონი, არც მენახა ცხოვრებაში და რომელთანაც მთელი საღამო სიცილ-ხარხარსა და ქეიფში გაატარა. მერე მისი ძმა დაათრო და ისე გაერთო მარიამთან ფლირტით, არც შეუმჩნევია, საცოდავი პაატა როგორ დაბორიალობდა სახლში უგზო-უკვლოდ, უგონო მდგომარეობაში მყოფი ოთახს ვეღარ აგნებდა. პანტერასავით მოქნილი ქალის გვერდით მე იმდენად უსუსური ვჩანდი, არც ერთ ჭკუათმყოფელ მამაკაცს არ გაუჩნდებოდა სურვილი, ჩემზე გაეცვალა იგი…

თანდათან მოვდიოდი გონს და ვფხიზლდებოდი. ღმერთო ჩემო, რა მემართება! შევიშალე ალბათ, გადავედი ჭკუიდან! ასეთ რამეზე რომ მივდივარ, რაზე ვფიქრობ? რა სირცხვილია! თან, მე კი არ გამოვერკვიე პირველად, არამედ ლადო… თითქოს მაგრძნობინა, ხომ ხედავ, რამხელა გავლენა მაქვს შენზე, რასაც მოვისურვებ, იმას გაკეთებინებო.

ამ ფიქრებისგან ღაწვები შემიხურდა. საშინლად შეურაცხყოფილად ვიგრძენი თავი. სასოწარკვეთილმა სახე ხელისგულებით დავიფარე, თან ვნატრობდი, ნეტავ მიხვდეს, რაც მჭირს და მალე წავიდეს აქედან-მეთქი.

მაგრამ ლადო წასვლას არ ჩქარობდა.

- თუ შეიძლება, დამტოვეთ! - ამოვიხავლე, როცა მივხვდი, რომ არ მიდიოდა.

მისი ნაბიჯების ხმა გავიგონე თვალებზე ხელებაფარებულმა და რომ მეგონა, კარისკენ მიდიოდა, უეცრად ვიგრძენი, როგორ დამადო ხელები მხრებზე, თან ისე მომიჭირა, რომ ადგილიდან დაძვრა ვერ შევძელი.

- ანა, შემომხედე! - მომთხოვნი კილოთი მითხრა.

ჯიუტად გავაქნიე თავი.

- არა! - ჩურჩულით ვთქვი და თავის ქნევა განვაგრძე. საკმარისი იყო, შემეხედა, რომ ჩემს სახეზე ყველაფერს ამოიკითხავდა.

მაინც არ მომეშვა. მაჯებში ჩამავლო თითები და მაინც ჩამომაღებინა ხელები სახიდან. ვეღარ ვეწინააღმდეგებოდი. ვიცოდი, ამას აზრი არ ჰქონდა. არ ვიცი, რა შინაგანი ძალა მეწეოდა მისკენ, რომ ყველაფერში ასე ვემორჩილებოდი.

- არა კი არა, კი! - ნიკაპი ამიწია და მაიძულა, მისთვის პირდაპირ თვალებში შემეხედა…

და მან მოასწრო დაენახა ის, რაც სურდა, - გავარვარებულივით ხარ, მთელი სხეული გიხურს… ასეა?

- რატომ მეუბნებით ამას, რა გინდათ ჩემგან? - ტირილნარევი ხმით წარმოვთქვი.

- რატომ გეუბნები? რა ვიცი, მეგონა, შენთვის ადვილი გასაგები იქნებოდა ეს…

- არ მესმის თქვენი…

- უფრო გასაგებად გინდა გითხრა? კარგი, გეტყვი… მე მინდა, ჩემი საყვარელი გახდე.

მისი ნათქვამი ცაზე მეხის გავარდნას ჰგავდა… მისი სიტყვები თითქოს ჰაერში დაეკიდა, მე კი… მე მხოლოდ იმას ვცდილობდი, სუნთქვაშეკრულს თავისუფლად ამომესუნთქა. თითქოს ჰაერის განუსაზღვრელი ნაკადი მცემდა სახეში და სუნთქვას მიშლიდა, თითქოს უფსკრულისკენ მივექანებოდი და არ ვიცოდი, სად დამთავრდებოდა ეს ფრენა, რომელ კლდეს მივეჯახებოდი ან რომელ ლოდს დავასკდებოდი სასიკვდილოდ განწირული… ამ შეგრძნებას დასასრული არ ჰქონდა. ვერ გეტყვით, რა იყო ეს, როგორი განცდა! ვიცი მხოლოდ ის, რომ უარესი აქამდე არასდროს განმიცდია. ხელები მთელი ძალით მოვმუშტე, უფრო და უფრო ვკრავდი თითებს, ლამის კანში ჩამივიდა ფრჩხილები, თან გაოგნებული მივჩერებოდი.

ლადოს წამითაც არ დატყობია არც აღელვება, არც შეცბუნება, არც დაბნევა. ისეთი სახით მიყურებდა, თითქოს პარკში გასეირნება შემოეთავაზებინოს.

მეგონა, ეს ყველაფერი მომესმა. კი არ მეგონა, დარწმუნებული ვიყავი ამაში. იქნებ თავად მსურდა მსგავსი სიტყვების მოსმენა და ისე გავიგონე, როგორც მინდოდა? ნუთუ შეიძლება ქალს ამგვარი რამ დაემართოს?

- უკაცრავად?.. ვერ მივხვდი, რას მეუბნებით… - ჩემი ეჭვების გადამოწმება ვცადე.

- შენ ყველაფერს მშვენივრად მიხვდი, ანა… მაგრამ მაინც გაგიმეორებ. მინდა, ჩემი საყვარელი გახდე.

რაღაც უცნაური კვნესა აღმომხდა, თავად რომ გამიკვირდა, ისეთი ხმით და მოსალოდნელმა საშინელმა წინათგრძნობამ ამაკანკალა.

- ხომ არ გაგიჟდით, - ამასობაში ხმა ჩამეხრინწა, ჩემივე ნათქვამი ძლივს მესმოდა. მინდოდა, ჩამეხველებინა, იქნებ დამწმენდოდა ხმა, მაგრამ ვერც ეს გავბედე, - ეს რა ხუმრობაა… ყოველთვის ასე ხუმრობთ მოსამსახურეებთან? სიმართლე გითხრათ, ჩემთვის სულერთია, ხუმრობაა თუ სიგიჟე. არც ერთ ვარიანტში ამ უაზრობის განხილვას არ ვაპირებ, ეს აქედანვე იცოდეთ! და საერთოდ, როგორ ბედავთ ასეთი რამის თქმას, მე თქვენ ვინ გგონივართ? - თანდათან მემატებოდა ძალა, რადგან სიბრაზე უფრო და უფრო მომერია.

- ეს სიგიჟე არ არის, არც უაზრობაა. მე სრულიად სერიოზულად გთავაზობ და პასუხს ველოდები ჩემს წინადადებაზე…

ერთხანს დამუნჯებულივით მივაჩერდი. იმდენად შოკში ვიყავი, მართლა ჩამივარდა ენა. თავი სიზმარში მეგონა და მსურდა, რაც შეიძლება მალე დამთავრებულიყო ეს კოშმარი… მაგრამ არა, ჩემდა სამწუხაროდ, ის, რაც იმწუთას ხდებოდა, მწარე რეალობა გახლდათ. სხვა გზა არ მქონდა, პასუხი უნდა გამეცა, სხვანაირად ვერ მოვიშორებდი თავიდან.

- რადგან სრულიად სერიოზულად მეუბნებით ამას, მეც სრულიად სერიოზულად გაგცემთ პასუხს… არა! - მივახალე და ისე ამაცახცახა, მუხლები მომეკვეთა.

თვითონ არ მესმოდა ჩემი თავის. რას ვუცდიდი? მაშინვე უნდა შემექცია მისთვის ზურგი და ცხვირწინ მიმეჯახუნებინა კარი, აქ კი არ უნდა ვმდგარიყავი და მისი ბოდვები კი არ მომესმინა, - მინდა, რომ ახლავე გახვიდეთ ჩემი ოთახიდან და მარტო დამტოვოთ! - ვცდილობდი, რაც შეიძლება კატეგორიულად გამომსვლოდა, მაგრამ ისე ვკანკალებდი, თითქოს ციებ-ცხელება შემეყარა.

- ზედმეტად პირდაპირი ვარ? იქნებ გინდოდა, შორიდან მომევლო ჩემი სათქმელისთვის? - სრულიად მშვიდად შემეკითხა და არც უფიქრია, ადგილიდან დაძრულიყო, არსადაც არ აპირებდა წასვლას.

- გგონიათ, ისეთი ადვილი შესაცდენი ვარ, რომ არც მოერიდეთ ჩემთან ასეთი რამის თქმას? თავში აზრად როგორ მოგივიდათ, რომ ასეთ უხამს წინადადებაზე დაგთანხმებოდით? თქვენი აზრით, ყველას ვუგორდები ლოგინში, ვისაც ჩემთან სექსი მოესურვება? - განრისხებულმა თვალები დავაკვესე, - ეს ხომ… ეს… ეს… - ვერაფრით ვიპოვე სიტყვა, რომელიც მის შემოთავაზებას ზუსტად დაახასიათებდა.

- ჩათვალე, რომ ეს გარიგებაა, - თქვა უეცრად, - მე სულაც არ მიმაჩნიხარ შენ ადვილად დასაპყრობ ქალად. ჩვენ, უბრალოდ, ფიზიკურად გვიზიდავს ერთმანეთი… და სულ ახლახან დავამტკიცეთ ეს, სრულიად მარტივად.

- არა მგონია, ის, რაც წეღან მოხდა, გადამწყვეტი არგუმენტი იყოს, რათა თქვენს წინადადებას დავთანხმდე…

- მაგრამ შენ ხომ ვერ უარყოფ, რომ ეს ნამდვილად ასეა. ჩვენს სხეულებს ერთმანეთი მოსწონთ, ეს ფაქტია, რომელსაც ვერ გავექცევით, - ჩიხში მომამწყვდია.

მივხვდი, რომ მარცხი განვიცადე და ყრუდ დავიკვნესე. ისე ვღელავდი, რომ გააზრების უნარი არ მქონდა, როგორ დამეცვა თავი, ლადო კი პირიქით, ისე მშვიდად იყო, შემშურდა მისი. ისეთი შთაბეჭდილება რჩებოდა, თითქოს მისთვის ეს მართლაც საქმიანი წინადადება იყო და სხვა არაფერი.

- იცი? მე შემეძლო ძალიან ადვილად მიმეღწია ჩემი მიზნისთვის, ძალზე იოლად ამესრულებინა გულისწადილი, - შეპარვით გააგრძელა, - რამდენიმე წუთის წინ უპრობლემოდ შემეძლო შენი აი, ამ საწოლზე წაწვენა და საქმის ბოლომდე მიყვანა, რომ მომენდომებინა. ხომ მართალი ვარ? ასე არ არის? ტყუილად ნუ შეეცდები ამის უარყოფას, ეს არ წარმოადგენს შენთვის არანაირ საიდუმლოს. მაგრამ ასე არ მინდა. ჩემი სურვილია, შენი ნებით წამოხვიდე ამაზე, შენი ფეხით მიხვიდე საწოლამდე და შენი სურვილით მომიწვე გვერდით. ეს გარიგება ჩვენ ორივეს გვაწყობს, ჩვენ ორივე მივიღებთ იმას, რაც გვსურს. ამიტომაც მზად ვარ, ახლა შენი მოთხოვნები მოვისმინო.

- მოთხოვნები? - ექოსავით გავიმეორე, ჯერ კიდევ ვერ დამეჯერებინა, რომ ეს ყოველივე ჩემს თავს ხდებოდა.

- ჰო. შენც ხომ გაქვს რაღაც სურვილები, ოცნებები… მთხოვე, რაც გსურს, მზად ვარ, ყველაფერი შეგისრულო.

- სამწუხაროდ, არ მაქვს ასეთი ოცნება… არაფრის მიღება არ მსურს ისე ძლიერად, რომ ამის გამო თქვენს შემოთავაზებას დავთანხმდე, - მე თვითონ გავოცდი, ისეთი მშვიდი ხმით ვუპასუხე.

- იქნებ ღირს, დაფიქრდე? - თვალებმოჭუტულმა გამომხედა.

- არა! - მტკიცედ მივუგე და ჯიუტად გავუყარე თვალი თვალში.

ახლა მთავარი იყო, არ გავტეხილიყავი, გამეძლო ამ გამოცდისთვის და არ დავნებებოდი ადვილად მის შემპარავად დაჟინებულ მოთხოვნას. არადა, აშკარა იყო, ჩემი სხეული სიხარულით «მოაწერდა ხელს» ამ გარიგებას და ღმერთმა უწყის, რა სისულელეს ჩავიდენდი ამ შემთხვევაში, - ღამე მშვიდობისა, ბატონო ლადო.

- კარგი, ანა… წავალ მე… როცა მზად იქნები თანხმობის სათქმელად, გამაგებინე, - ისე მითხრა, თითქოს მისთვის მოსაფიქრებლად დრო მეთხოვოს და ისე გავიდა, რომ არ დამემშვიდობა.

- არ ვაპირებ, გადავიფიქრო, - მივაძახე მიმავალს და როგორც კი ოთახიდან გავიდა, კარს ვეცი, გასაღებით ჩავკეტე და ძალაგამოცლილი საწოლზე დავემხე.

ღმერთო ჩემო! ეს რა დღე მქონდა! ჯერ მარიამისგან შეურაცხყოფა, მერე ის სამარცხვინო სცენა პაატასთან, ახლა ლადოს «თავდასხმა»… ალბათ ჭკუიდან შევიშლები! რა დაემართა ამ კაცს? რამ მოუფრინა თავში? ჩემ მეტი ვერავინ ნახა ლოგინში ჩასაგორებლად? თუ ზედმეტი გარჯა არ დასჭირდება? ბარემ აქ ვყავარ, გვერდით ოთახში? და როცა მოუნდება, მაშინ დამიძახებს და ისიამოვნებს? რატომ ჰგონია, რომ ასე ადვილად დამიყოლიებს? ნუთუ მსუბუქი ყოფაქცევის ქალის შთაბეჭდილებას ვტოვებ? იქნებ იგრძნო, რაც მემართებოდა მის დანახვაზე? იქნებ ჩემი ფიქრების წაკითხვა მოახერხა?

რა სულელი ვარ! მე კი მეგონა, მასში ადამიანურმა გრძნობებმა გაიღვიძა და კეთილშობილი გახდა! მთელი ეს საუბრები ვასიკოზე, მისი ეს «დათბილული» გაღიმებები, ვითომ თავისი საქციელის მონანიება… სიურპრიზი მომიწყო ბიჭმა!!! ყველაფერი ფარსი ყოფილა თურმე!

რა ეგონა, თუ კეთილი ბიძის როლს გაითამაშებდა, გავიქცეოდი და საწოლში ჩავუხტებოდი?

უფრო და უფრო მიპყრობდა განრისხება, გული კი ისე მიცემდა, ყოველი მისი დარტყმა სხეულს მიზანზარებდა თითქოს. ყველგან ვგრძნობდი გულისცემას - მკერდში, ყელში, მუცელში, თავში, ფეხებშიც კი…

ხვალ როგორ შევხედო? როგორ უნდა მომიბრუნდეს გული მასზე? ეგ დონჟუანი ეგა! მოუნდა ჩემთან გორაობა! ამის გაფიქრება და უეცრად გავირინდე. რა მემართება? ასე რა მაფორიაქებს? რატომ განვიცდი ასე მტკივნეულად მის შემოთავაზებას? ფაქტია, შიგნით, სულის სიღრმეში რაღაც უცნაური ხდება… რაღაც მაწუხებს… ისეთი შეგრძნება დამეუფლა, თითქოს მე შევთავაზე ლადოს გარიგება და ახლა იმაზე ვდარდობდი, რით დამთავრდებოდა ეს ყველაფერი. თუკი ამ ბრძოლის მოგება მინდა, ზუსტად ისე უნდა ვიფიქრო და მოვიქცე, როგორც «სალი კლდე» ფიქრობს და იქცევა. თუკი მისი წინადადება მართლაც საქმიანი გარიგებაა, მაშინ არ ღირს პანიკაში ჩავარდნა. ამით საკუთარ ნერვულ სისტემას დიდ ზიანს მივაყენებ. ისედაც არ მივარგა ნერვები ბოლო ხანს.

მოიცა, მოიცა! ასე არ ივარგებს! კარგად უნდა გავიაზრო სიტუაცია და გავაანალიზო მისი პოზიციები!

მოდი, თავიდან დავიწყოთ. რა მოხდა ისეთი, რაც მიუღებელია ჩემთვის? მან, უბრალოდ, საყვარლობა შემომთავაზა, მეტი ხომ არაფერი? ეს ჩვეულებრივი ამბავია, მამაკაცს გვერდით ჰყავს ქალი, რომლის «დათრევა», მისი აზრით, არცთუ ისე ძნელია და სცადა. თან სრულიად გულღიად, გახსნილად და გულწრფელად გამოთქვა თავისი სურვილი. ეგ იყო და ეგ! თანაც, არც არაფერი დაუძალებია. პირიქით, საპასუხოდ, შენი მოთხოვნებიც წამომიყენეო, მითხრა. მე კი უარი ვუთხარი. ყველაფერი ცივილიზებულად მოხდა. და ამას გარიგება ჰქვია. ნერვული ხითხითი ამიტყდა. სულაც არ ვაპირებ, მისი სათამაშო გავხდე და ვერავინ მაიძულებს, მივიღო ლადოს წინადადება. ჰოდა, თუკი კიდევ ერთხელ დააპირებს ამის შეხსენებას, კიდევ ერთხელ მივახლი ცხვირ-პირში უარს. იქნებ ამის მერე მაინც შემეშვას? თუ არადა, დამითხოვს სამსახურიდან, გამათავისუფლებს და ეგ იქნება. ადრე თუ გვიან, ეს მაინც მოსალოდნელი იყო. ამიტომ ახლა არ ღირს ამ ყველაფერზე თავის მტვრევა, ოხვრა და ვაივიში. მოსახდენი მოხდება, თანაც, გული მიგრძნობს, ძალიან მალე! ან ასე გადაწყდება ჩემი ამ სახლში ყოფნა-არყოფნის საკითხი, ან ისე!

სადღაც გამთენიისას წამართვა ძილმა თავი…

8 8 8

დილით რომ გამეღვიძა, თავად გამიკვირდა, ისეთი დამშვიდებული ვიყავი. წუხანდელი ნერვიულობის კვალიც არ დამრჩენოდა. არც პანიკაში ვიყავი ჩავარდნილი და არც სინანულის გრძნობა მაწუხებდა. ერთადერთი, რაც მტიცედ მქონდა გადაწყვეტილი, ის იყო, რომ ლადოს დაგებულ ხაფანგში არ გავბმულიყავი. ამისთვის მთავარია, რაც შეიძლება თავი ავარიდო მასთან პირისპირ შეხვედრას, მით უმეტეს, მარტო დარჩენას და თუ მაინცდამაინც წინ შევეფეთები, ძალიან მშვიდად უნდა ავუარო გვერდი, აღელვება არ უნდა დამეტყოს. მაქსიმალურად გულგრილი სახე უნდა მივიღო.

- ისეთი შეუვალი ვიქნები, როგორც სალი კლდე! - ხმამაღლა შევუძახე საკუთარ თავს და ჩემსავე შედარებაზე გამეცინა.

გამიხარდა კიდეც, ასეთი თავდაჯერებული რომ ვიყავი. ნიშნის მოგებით გავუცინე ჩემს ორეულს და კარი გამოვაღე. მე კი ვიცინოდი გულში, მაგრამ ძალზე ნაადრევი გამოდგა ჩემი სიხარული. პირველი მწარე გამოცდა პირდაპირ ჩემი საძინებლის ზღურბლთან მელოდა თურმე! როგორც კი გარეთ გამოვედი, პირდაპირ ლადოს შევეჯახე. თითქოს ჩასაფრებული იყოო, ისე ამესვეტა წინ! ცივი მზერა მესროლა. შემცბარმა უზარმაზარი ნერწყვი ძლივძლივობით გადავაგორე ყელში, თავს ძალა დავატანე და მივესალმე. მან თავი დამიქნია და ამით დამთავრდა ჩვენი შეხვედრა. ცოტათი მოვითქვი სული. კიდევ კარგი, რამე არ მითხრა. ერთი სიტყვითაც კი არ უხსენებია თავისი უხამსი შემოთავაზების ამბავი. ის კი არა, ხმაც არ გაუღია. ჩვეულებრივად იქცეოდა და ძალზე მშვიდად გამოიყურებოდა, თითქოს წუხანდელი ღამე არც ყოფილა! ამან, ცოტა არ იყოს, დამაბნია. ერთი წუთით ისიც კი გავიფიქრე, ეს ყველაფერი ხომ არ მომელანდა ან მესიზმრა-მეთქი. იქნებ გასული ღამე მხოლოდ ჩემი ფანტაზიის ნაყოფი იყო და სხვა არაფერი? თუმცა…

ვერც მოვასწარი ბოლომდე ყველაფერ ამის გაფიქრება, რომ მისი დაჟინებული მზერა ვიგრძენი. ვიგრძენი და მივხვდი, რომ არაფერიც არ მეჩვენებოდა, არც არაფერი დამსიზმრებია და მით უმეტეს, არავითარი ფანტაზიის ნაყოფი არ ყოფილა წუხანდელი კოშმარი. ეს ყველაფერი სინამდვილეში მოხდა! და ეს ყველაფერი სიმართლე იყო! ის უბრალოდ, ელოდა. ჩასაფრებული გახლდათ. თვალი ავარიდე და ისეთი სახე მივიღე, თითქოს საუზმის მომზადებით ვიყავი გართული.

- ანა, მგონი, დაგეწვა «ალადიკები», - ამ დროს ლევანი შემოვიდა სამზარეულოში და შორიდან დამიძახა, - რაზე ფიქრობ, გოგო?

- არა, არ დამწვია, - ჩავიდუდღუნე ჩემთვის და ზურგი ამეწვა, რადგან ლადოს მზერას ჯერ კიდევ ვგრძნობდი, თან ფიქრებითაც მასთან ვიყავი.

რა მოხდება, თუკი «სალ კლდეს» ჩემი უარი არ დააკმაყოფილებს? რომ ვერ შეეგუოს ამას, მერე? აი, სწორედ მაშინ დაიწყება შენი ჯოჯოხეთური ცხოვრება, პატარა სულელო! - გამოვუტანე განაჩენი ჩემს თავს.

8 8 8

იმ დღიდან ლადომ ტაქტიკა ცოტათი შეცვალა. მე ვიტყოდი, მსუბუქად. ვასიკომ შეიძინა ისეთი ბიძა, როგორზეც თუ იოცნებებდა მხოლოდ. ბავშვი დღედაღამ ლადოზე ლაპარაკობდა. თუ სახლში იყო, გამუდმებით უკან დასდევდა, ელაპარაკებოდა, ეთამაშებოდა, თავის ნახატებს უჩვენებდა… ისიც სიამოვნებით მეგობრობდა ძმისშვილთან. ისეთი თბილი და მოსიყვარულე გახდა, უცხოს რომ შეეხედა, მამა-შვილი ეგონებოდა. სიმართლე რომ ვთქვა, მოსვენება დავკარგე. არ ვიცი, რა იყო ეს - მშურდა მათი ურთიერთობის თუ ეგოიზმმა გადამძალა… ბიჭუნას სიყვარული თითქოს ლადოსკენ უფრო გადაიხარა… მეჩვენებოდა, თუ მართლა ასე იყო, ვასიკოს ლადოსთან უფრო უხაროდა ყოფნა, ვიდრე ჩემთან. როცა ბიძამისი შინ არ იყო, სულ მასზე მელაპარაკებოდა. ლამის დავიზეპირე მისი მონაყოლი ამბები. აშკარა იყო, ლადო დასახულ მიზანს ნელ-ნელა აღწევდა. თუ მის წინადადებას არ მივიღებდი, ბავშვს თანდათან ჩამომაშორებდა. ამან სერიოზულად შემაშინა. გავუძლებდი კი მის ზეწოლას? არადა, გარედან ვერავინ ვერაფერს შეატყობდა. მეც ვერ ვიტყოდი, რომ რამეს მაძალებდა ან ზეწოლას ახორციელებდა ჩემზე. ამას უბრალოდ, ვგრძნობდი, თორემ სიტყვით ერთხელაც არ უხსენებია ის საბედისწერო ღამე. ვგრძნობდი იმას, რომ ზურგიდან ახორციელებდა ჩემში შემოღწევას, ვასიკოს მეშვეობით. ვცდილობდი, მის მეთოდებს არ ავეღელვებინე, მაგრამ რაც დრო გადიოდა, მით უფრო მიპყრობდა პანიკა.

ერთი კვირის თავზე ისე დავიძაბე და იმდენად შებოჭილად ვიგრძენი თავი, თითქმის ვნატრობდი, შეეხსენებინა ჩემთვის თავისი გარიგების შესახებ. მაწუხებდა ის, რომ არაფერს ამბობდა, არაფერს იმჩნევდა. არადა, მინდოდა, კვლავ წამოეწყო ამ თემაზე საუბარი, რომ ერთხელ და საბოლოოდ გამერკვია მასთან ურთიერთობა და მეთქვა, რომ მის წინადადებას არასდროს დავთანხმდებოდი.

პარალელურად, ჩემს თავს არ ვუტყდებოდი, მაგრამ მეორე მესთან ჭიდილიც კი მქონდა. განა რა მოხდებოდა, რომ მიმეღო შემოთავაზება? დიდი ამბავი, ერთით მეტი საყვარელი მეყოლებოდა თუ ერთი ნაკლები! საშკა რა, ქმარი იყო ჩემი თუ რა? ამ შემთხვევაში მასთან უფრო გამართლებული იქნებოდა ურთიერთობა - ლადო ხომ უცოლო იყო, საშკას კი ცოლიც ჰყავდა და შვილებიც. რა უფრო ჯობდა? ძველ საყვარელს დავბრუნებოდი თუ ახალთან გამება ახალი რომანი? რას ვკარგავდი? აი, აქ ვიჭედებოდი. აქ იწყებოდა მსჯელობის ყველაზე მტკივნეული ნაწილი. ვკარგავდი იმას, რომ მასთან ხანგრძლივი ურთიერთობის იმედი არ მქონდა. საშკა გამექცა სადღაც ორ თვეში და ეს რას მიზამს? ერთი-ორჯერ მოისიყვარულებს ჩემთან, თავის სურვილს დაიკმაყოფილებს და უყარე მერე კაკალი! ბურთივით მომისვრის აქედან, როგორც კი მომიყირჭებს!

დღეები გადიოდა. ლადო კი, თითქოს ჩემს ჯიბრზე, ხმას არ იღებდა. ჩემი დაძაბულობა კი უფრო და უფრო მატულობდა. უკვე ვნატრობდი, დროზე დამთავრებულიყო ჩემი ტანჯვა და საკუთარ ბინას დავბრუნებოდი, ჩემს ერთადერთ თავშესაფარს, ყველაზე საიმედო ნავსაყუდელს, სადაც არავინ მომიშლიდა ნერვებს, არავინ გამანერვიულებდა. ამწუთას ჩემი პატარა სახლი იყო ჩემი ერთადერთი მაშველი რგოლი. ახლა მხოლოდ იქ შემეძლო ჩემი გრძნობები და ფიქრები წესრიგში მომეყვანა. ნეტავ დროზე გამოვიდოდეს როზა! მაშინ მაინც შევძლებ მშვიდად ცხოვრების გაგრძელებას. საღამოობით ჩემს ბუნაგში დავბრუნდები და დაძაბულობაც თავისთავად მომეხსნება. ეს სახლი კი თითქოს მახრჩობს, მაშინაც კი, როცა ოჯახის უფროსი შინ არ იმყოფება.

ერთადერთი, რაც იმ პერიოდში შვებას მგვრიდა, პარკში გასეირნება იყო. საღამოობით, როცა ლადო ჯერ კიდევ სამსახურში იმყოფებოდა, ლევანს ვთხოვდი, წავეყვანეთ მე და ვასიკო სასეირნოდ. ისიც სიამოვნებით გვთანხმდებოდა, ჩაგვყრიდა მანქანაში და მივდიოდით.

იმ დღესაც ასე მოვიქეცი. ლევანს ვუთხარი, წავიდეთ და გავისეირნოთ-მეთქი. ლადო არც ამჯერად იყო სახლში. ცოტაოდენი საგზალი გავამზადე, ვასიკოს წაცმაცუნება უყვარდა სუფთა ჰაერზე, პატარა კალათაში ჩავდე მისი საყვარელი «ყიყლიყოები» და სამი ნაჭერი ნამცხვარი და ის იყო, ეზოდან გასვლას ვაპირებდი, რომ ბიჭუნა გაქრა. დავუძახე, ხმა არ გამცა. მის ოთახში შევედი, ვერც იქ ვიპოვე. არც სამზარეულოში აღმოჩნდა. შიშმა შემიპყრო! ვაითუ, დაიკარგა ბავშვი!

- ლევან, ვასიკო არ გინახავს? - მივვარდი მანქანასთან მოფუსფუსე ლევანს.

- მე მგონი, ლადოს კაბინეტშია, - მშვიდად მომიგო.

- აუ, ოღონდ ეგ არა! - შევყვირე გაღიზიანებულმა, რადგან ვიცოდი ვასიკოს ამბავი, აუცილებლად რაღაცას გააფუჭებდა. არადა, ბიძამისს იმდენი საქმიანი ქაღალდი და დოკუმენტი ეწყო მაგიდაზე, რომელიმე რომ გამქრალიყო ან დაზიანებულიყო, გაგვაციმბირებდა.

* * *

გავქანდი კაბინეტისკენ. კარი შევაღე და საზარელ სურათს წავაწყდი. იატაკზე გატეხილი ანტიკვარული ლარნაკის ნამსხვრევები ეყარა, ხოლო ორი, ზუსტად ერთნაირი ფერის წყვილი თვალი ძალზე მშვიდად მე მომჩერებოდა. ლადოს დანახვაზე ალმურმა ამკრა. როდის მოვიდა, რომ ვერ გავიგე? ასე ჩუმად როგორ შემოიპარა სახლში? რა მოხდება ახლა, როცა ლარნაკი გატეხილია? ხომ ფაქტია, რომ ვასიკოს ხელწერაა ეს?

- პატარავ, რახანია, გეძებ, - ძლივს გასაგონად ჩავილუღლუღე, ვითომ არც შემიმჩნევია დამსხვრეული ლარნაკი.

- ანა, ლადო ბიძიამ წიგნი მაჩუქა, შეხედე! - ბავშვმა ჩემთან მოირბინა წიგნით ხელში.

უნიათოდ შევხედე ბიჭუნას, მერე წიგნს, ბოლოს კი მზერა ნამსხვრევებზე გადავიტანე. ბავშვი მიმიხვდა.

- ლადო ბიძიამ მითხრა, ეს ვაზა დებილობა იყოო. ძველი და უვარგისიო. ოღონდ არ მეჩხუბო, კარგი? მე თვითონ ავიღებ ახლავე, ყველაფერს ავხვეტავ, - ხელები მომხვია და მუდარით სავსე მზერა მომაპყრო.

- მაპატიეთ, ბატონო ლადო… ჩემი ბრალია, წამით მოვარიდე თვალი და… მეტჯერ აღარ განმეორდება მსგავსი რამ, აწი თვალს არ მოვაცილებ, - ბოდიშის მოხდა დავიწყე.

- სანერვიულო არაფერია, ანა, თანაც ვასიკო თვითონ მოასუფთავებს აქაურობას, - გულგრილად მომიგო მამაკაცმა.

ტუჩები ლამის მოვიკვნიტე, არ მჯეროდა იმის, რასაც ვხედავდი. დარწმუნებული ვიყავი, სხვა დროს «სალი კლდე» ამ ლარნაკის გამო ქვეყანას დააქცევდა.

- ერთი წუთით შემოდი, თუ შეიძლება, რაღაც მინდა გითხრა, - გააგრძელა ლადომ, როგორც კი ვასიკო ცოცხის და აქანდაზის მოსატანად გაიქცა.

იმ ღამის შემდეგ ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა მასთან კვლავ მარტო დავრჩი. ერთიანად დავიძაბე.

- როგორ მაინტერესებს, სანამ გაგრძელდება თქვენი თამაში? - პირდაპირ შეტევაზე გადავედი, სანამ ის განახორციელებდა ჩემზე თავდასხმას, თან კანკალმა ამიტანა.

პასუხის მაგივრად, მან მოულოდნელად წელზე წამავლო ხელი, თავისკენ დამქაჩა და მეორე ხელით კარი მჭიდროდ მიხურა.

- შემოდი, დაჯექი. მეგონა, რამე გქონდა ჩემთვის სათქმელი… არა?

ცივად შევავალე მზერა.

- დიახ, მაქვს, - ამაყად განვუცხადე, - არ მომწონს ის, რასაც თქვენ აკეთებთ.

- თავიდან ის არ მოგწონდა, ბავშვს იგნორირებას უკეთებო. ახლა ის არ მოგწონს, ყურადღებას რომ ვიჩენ, - ჩაიცინა ლადომ, - არ მესმის შენი.

ის იყო, პასუხის გაცემას ვაპირებდი, რომ ტელეფონმა დარეკა. ლადომ თავი მიმანება და ყურმილი აიღო. როგორც კი ვიღაცას დაელაპარაკა, წამსვე მოეღუშა სახე. წარბები შეჭმუხნა და მე მომაჩერდა. ავის მომასწავლებელი სიჩუმე ჩამოწვა კაბინეტში. კიდევ რამდენიმე წამი და ლადომ ყურმილი დაკიდა.

- ანა… ვწუხვარ… დედაშენი გარდაიცვალა…

- ვი-ინ? - მეგონა, მომესმა.

- დედა… შენი, - ყრუდ გაიმეორა მან.

გამოგიცდიათ ოდესმე, მიწისძვრა როგორ იწყება? ის განცდა გახსოვთ? სწორედ ასე დამემართა… იატაკი აყირავდა ჩემს ფეხქვეშ… ოთახის კედლები თითქოს გადაიხარა და დაცურდა… მერე კი, მოულოდნელად, სიბნელემ დაისადგურა…

- ანა! - მესმოდა ლადოს ხმა და ვასიკოს განწირული ყვირილი, - ისუნთქე! ღრმად ისუნთქე!.. აი, ასე, ყოჩაღ, კარგი გოგო ხარ… ახლა კარგად გახდები.

გავაკეთე ის, რაც მიბრძანეს. წამით შევიკარი სუნთქვა, შემდეგ კი ფრთხილად, მაგრამ ღრმად ამოვისუნთქე. ბოლოს თვალებიც გავახილე და მამაკაცს ავხედე. სახე გაფითრებოდა. როგორც ჩანს, ზედმეტად შევაშინე.

- ვასიკო, გადი შენს ოთახში, ანა უკვე კარგადაა, გასაგებია? - უთხრა თვალებგაფართოებულ ბავშვს, მერე კი კვლავ მე მომიბრუნდა, - კიდევ ერთხელ, კარგი? - საბავშვო ბაღის შეშინებული აღმზრდელივით დამჩერებოდა იატაკზე გაშხლართულს.

- გმადლობთ. ყველაფერი რიგზეა, უკვე უკეთ ვარ, - წამოწევა ვცადე.

- მე მესმის… ის ხომ შენი დედა იყო. არ არის ადვილი… მერე რა, რომ არ გაუზრდიხარ, მშობელი მშობელია. ისინი ხანდახან შეცდომებს უშვებენ… შვილები იმისთვის არიან, რომ უნდა გაუგონ. ყველაფერს აქვს თავისი მიზეზი. უმიზეზოდ არაფერი ხდება, - დამმოძღვრა და წამოდგომაში დამეხმარა, - მაპატიე, ჩემი ბრალია. ასე უეცრად არ უნდა დამეტაკებინა შენთვის ეს ამბავი. ვერ გავთვალე. ჯერ უნდა ამეხსნა…

- როგორც ყოველთვის, ზედმეტად პირდაპირი ხართ! - მრავალმნიშვნელოვნად ამოვთქვი, როცა მისივე ფრაზა მოვიშველიე და ირონიულად გავუღიმე, არადა, სულაც არ მეღიმებოდა.

- ეს ჩემი ყველაზე დიდი ნაკლია ცხოვრებაში, - ჩემდა გასაკვირად, მორჩილად დამეთანხმა, - მართლა უკეთ ხარ? ისევ ხომ არ გეხვევა თავბრუ?

- კარგად ვარ, დიდი მადლობა. უბრალოდ, არ მჯერა, რომ გული წამივიდა.

- ეს ბუნერივია… ადამიანები ვართ, რობოტები კი არა.

- მეგონა, გულის შეტევა დამემართა.

- თითქმის შეტევა იყო. ახალგაზრდა რომ არ ყოფილიყავი, ინფარქტი გარანტირებული გქონდა, - შემომცინა.

- შეგნებულად მოკლეს ის ქალი, - ავჩურჩულდი ღონემიხდილი და ლადოს ტახტზე მივესვენე, - იმდენ უაზრო წამალს ასმევდნენ, იმდენ აბს, კიდევ კარგად გაძლო. ყველაფერში ის წამლებია დამნაშავე. მათ ეს იცოდნენ…

- ვინ მათ?

- მისმა შვილებმა… ორივემ - გოგომაც და ბიჭმაც… და თვალს ხუჭავდნენ, ვითომ არაფერი. ვითომ ასე იყო საჭირო. ამიტომაც ეშინოდათ მისი მარტო დატოვების… ამიტომაც ჰქონდათ ჩემი იმედი… ეს რომ მცოდნოდა… ალბათ მეც დავაჩქარე მისი სიკვდილი…

- შენ რა შუაში ხარ?

- მე… მე ისეთი რამეები ვუთხარი ბოლო დღეს… გავუხეთქე გული. ვერც წარმოიდგენთ, ისეთი საშინელებები მივახალე, ქუჩის ქალად გამოვიყვანე ლამის.

- დარწმუნებული ვარ, ვალში არ დაგრჩებოდა. შორიდან ვიცნობდი მას, მის ქმარს… ცივი ქალი იყო, მედიდური… ასე რომ, ჩათვალე, თქვენი ერთმანეთის «შემკობები» ყაიმით დამთავრდა, - ლადო ისე მზრუნველად ამბობდა თითოეულ სიტყვას, რომ გამხნევება და თანაგრძნობა ერთდროულად იგრძნობოდა მის ნათქვამში.

ხრინწიანად გავიცინე.

- მართლა ეგრე იყო. ერთი ჩვეულებრივი კახპა ხარ-მეთქი, ვუთხარი, მან კი მატყუარა და გომბიო მიწოდა. ზედმეტად გავანერვიულე, მაგრამ რა ჩემი ბრალი იყო, ჭკუიდან გადამიყვანა.

- მთავარი ეს არ არის, ანა. მთავარი ისაა, რომ არც ერთი ასე არ ფიქრობდით. ეს, უბრალოდ, სიტყვის მასალა იყო და სხვა არაფერი, - ძალიან, ძალიან თბილად გამიღიმა და გვერდით მომიჯდა, მერე ჩემი ხელი ხელში მოიქცია და ისე აათამაშა, თითქოს პატარა გოგოს ეთამაშებოდა.

არ შევიმჩნიე და გავაგრძელე.

- არ მჯერა, რომ მოკვდა. არავის უთქვამს ჩემთვის, ასე ცუდად თუ იყო… რა თქვეს, რა დაემართაო?

- გულის შეტევითო… ჩვეულებრივი ინფარქტი.

- ღმერთო… როგორ ვნანობ… იმიტომ კი არა, რომ დედაჩემი იყო… უბრალოდ, ისიც ხომ ადამიანია, რომელსაც ერთხელ მეც ვაწყენინე.

- ეგ არაფერი. დაკრძალვაზე ხომ წახვალ?

- დაკრძალვაზე? - ამ სიტყვის ხსენებაზე ისე შევკრთი, ოფლმა დამასხა, - ნუთუ ეს ასე აუცილებელია?

- ანა! ის დედა იყო შენი! - ლადო ამწუთას ისევ ძველებურ ლადოდ გადაიქცა, ისევ «დემონად», - მის ხსოვნას მაინც ეცი პატივი…

ესე იგი, ახლა, როცა ცოცხალი აღარ არის, ვალდებული ვარ, პატივი ვცე? როცა ცოცხლი იყო, უნდა გავრიდებოდი, ახლოს არ გავკარებოდი, ახლა კი… რა გამოდის? სიკვდილის შემდეგ ყველაფერი იცვლება? საფეთქლებს გუგუნი გაჰქონდა. კვლავ ავღელდი.

- წყალი ხომ არ მოგიტანო? - ლადომ შეამჩნია, რომ ისევ ცუდად ვხდებოდი.

- თუ არ შეწუხდებით… - წამწამები დავხარე და სანამ წყალს მომიტანდა, თვალებმილულული ფიქრებში ჩავიძირე…

8 8 8

- ახლაც არ წახვალ? - ლადომ თვალი თვალში გამიყარა და მესამე დღეს რომელიღაც გვერდზე გადაშლილი გაზეთი დამიდო წინ.

დავხედე… დედაჩემის ფოტოს ქვეშ ნეკროლოგი იყო და… შვილებს შორის მეც ვიყავი მოხსენიებული, თანაც პირველი ვეწერე… გავფითრდი. ამას ნამდვილად არ ველოდი. ესე იგი, მათ ყველაფერი იციან… საიდან? ნუთუ თვითონ თქვა? იქნებ მოუყვა თავის ნალოლიავებ შვილებს, როგორი სიტყვებით შევამკე? თუ ასეა, რატომ არაფერი მითხრა ნუკრიმ? რატომ არ მაგრძნობინა, რომ საქმის კურსში იყო? ცოტა არ იყოს, დავიბენი.

- არა, არ წავალ! - მტკიცედ მივიღე გადაწყვეტილება და მის მზერას თამამად გავუსწორე თვალი.

გამორიცხულია, წავიდე! მე ჩემი მშობლები ერთხელ უკვე დავმარხე და მეორედ ვერ გადავიტან იმ საშინელ განცდას, მაშინ რომ დამეუფლა. თუმცა, შედარებაც კი არ შეიძლება, მაშინ როგორ ვიყავი და ახლა როგორც ვარ. ბოლოს და ბოლოს, ნინომ მე მიმატოვა. მიმატოვა კი არა, გამაშვილა. ისე გამიმეტა, თვალიც არ დაუხამხამებია. იოტისოდენა სიყვარულიც არ გაიმეტა ჩემთვის. თანაც ერთხელ კი არა, ორჯერ გამიმეტა, ორჯერ მიმატოვა. მიუხედავად ჩემი მცდელობისა, არ მაღიარა შვილად! და ამის მერე, რომელმა ჭკუათმყოფელმა უნდა დამაძალოს მისი დატირება? არ არსებობს!

- თუ არ წახვალ, მერე მთელი ცხოვრება ინანებ ამას, - რაღაცნაირი დახშული ხმით მითხრა ლადომ, თითქოს შეფიქრიანებულმა.

გაოცებულმა შევხედე. აქამდე უცნობი სევდა შევნიშნე მის გამოხედვაში… მგონი, რაღაცის თქმა უნდოდა და ვერ გადაეწყვიტა… ყოველ შემთხვევაში, ასე მომეჩვენა.

მაინც არ წავედი. ცხოვრებაში იმდენი რამე მინანია, ამ ერთსაც მივუმატებ, არაფერი დაშავდება… და ეს ყველაზე უწყინარი სინანული იქნება მათ შორის, რაც ოდესმე მინანია…

ამის ღრმად მჯეროდა.

მიუხედავად ამისა, გულმა არ მომითმინა და პანაშვიდზე მისვლა გადავწყვიტე. ალბათ უფრო იმიტომ, რომ ნუკრის და ნანას რეაქციას დავკვირვებოდი. მაინტერესებდა, ჩემ დანახვაზე რას მოიმოქმედებდნენ.

ვარდების თაიგული ვიყიდე და წავედი. ვარდისფერი ვარდები შევარჩიე, იმ ფერის, რომელიც ყველაზე მეტად არ მომწონდა. ამითიც კი გადავწყვიტე დედაჩემის დასჯა… უკანასკნელად…

გაგრძელება იქნება