ყალბი ლტოლვა - თავი 20 - Marao

ყალბი ლტოლვა - თავი 20

2022-09-14 10:38:59+04:00


წინა თავი

ოთახში შევედი თუ არა, პირველად ნანა დავინახე. ტირილისგან თვალები ჩასწითლებოდა. მიცვალებულს შემოვუარე, ნანას ლოყაზე ვაკოცე და ვუჩურჩულე.

- ვწუხვარ…

- გმადლობ, საყვარელო, - თვითონაც მიჩურჩულა.

გარეთ გამოსული ნუკრის მივუახლოვდი.

- ანა… - ჩემმა ნახევარძმამ ხელები გამომიწოდა და ჩამიხუტა.

სამძიმრის სიტყვები მსწრაფლ დამავიწყდა, თითქოს ენა გადავყლაპე და მის მკერდს მისვენებულს გული ამიჩუყდა. დროზე შევიკავე თვალი, რომ არ ავცრემლებულიყავი. თუმცა ეს საყვარელი ადამიანის გარდაცვალებით გამოწვეული ტკივილის ცრემლი არ იქნებოდა. ეს უფრო თანაგრძნობის გულაჩუყება გამოვიდოდა…

- გასვენებაში ხომ მოხვალ? - ჩამჩურჩულა ნუკრიმ და ხელი შემიშვა.

- არა, - ჩემი უარი თავის გაქნევითაც გავამყარე, - ვერ მოვალ, ნუკრი, მაპატიე, - ნაღვლიანი მზერა ვესროლე, გამოვბრუნდი და მძიმე ნაბიჯებით დავტოვე იქაურობა.

უკან არავინ გამომკიდებია…

8 8 8

დედაჩემის სიკვდილს სასოწარკვეთილებაში სულაც არ ჩავუგდივარ. რა თქმა უნდა, ძალიან სამწუხარო ამბავი იყო და სადღაც, გულის სიღრმეში, სინდისიც მქენჯნიდა, რომ ნაწილობრივ, მეც დავაჩქარე მისი სიკვდილი, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ეს ყოველივე ჩემთვის რიგით უსიამოვნო ამბად დარჩა. გარდაიცვალა ჩემთვის სრულიად უცხო ადამიანი. მან მხოლოდ წეროს როლი ითამაშა, რომელმაც ამქვეყნად მომიყვანა და სადღაც დამაგდო, მორიგი უშვილო დედის გასახარებლად. შემდეგ კი, ზედმეტი ტვირთისგან შემსუბუქებულმა, თავისუფლად გააგრძელა ფრენა… და ერთობ მაღლაც აფრინდა…

რაც მეტს ვფიქრობდი მასზე, მით უფრო გულგრილი ვხდებოდი. როცა გაიგო, ვინც ვიყავი, არც კი უცდია, ზიზღი და სიძულვილი დაემალა. ერთი წვეთი სიკეთეც არ გამოიმეტა ჩემთვის, ერთი თბილი სიტყვა… არ მაღიარა შვილად… და არც ერთ ჩემს შეკითხვას არ გასცა პასუხი…

ასე რომ, დიდი ტკივილი არ განმიცდია. არც ხასიათი შემცვლია და არც მგლოვიარე ადამიანის სახე მიმიღია.

დღეები ისე გავიდა, ლადოს ერთხელაც არ უხსენებია დედაჩემი. ჩვეულებრივად ვლაპარკობდით, ჩვეულებრივად ვაგრძელებდი ჩემს საქმეებს, ვზრუნავდი ვასიკოზე, ვამზადებდი კერძებს, მაგრამ დედაჩემის ამბავს არასდროს განვიხილავდით. თითქოს ტაბუ დავადეთ ამ თემას. დროდადრო იმასაც კი ვფიქრობდი, რომ ეს ყველაფერი მე არ გადამხდენია… რომ სინამდვილეში ეს არ იყო ჩემი ისტორია. ეს მხოლოდ ჩემი წარმოსახვითი განცდები იყო და მეტი არაფერი. ჩემი ჩუმი, აუხდენელი ოცნება… ყოველ შემთხვევაში, მისი პირველი ნაწილი მაინც. მეორე კი… მეორე უბრალოდ, ღამეულ კოშმარად ჩავთვალე და მორჩა!

სხვათა შორის, ლადოს არც თავისი შემოთავაზება გახსენებია ამ ხნის განმავლობაში. ისიც ისე მიივიწყა, როგორც დედაჩემის თემა. ვასიკოსთან ჩვეულებრივად აგრძელებდა «კეთილი ძიას» როლის თამაშს. რა ვიცი, იქნებ არც თამაშობდა? იქნებ მე მხოლოდ მეჩვენებოდა და სრულიად გულწრფელი იყო ბავშვთან მიმართებით? ცნობისმოყვარეობა მკლავდა, როდის ჩამივარდებოდა მომენტი, რომ მასთან ამ საკითხზე ლაპარაკი ჩამომეგდო.

ეს დღეც მალე დადგა. თვითონ დაიწყო ჩემთვის საჭირო თემაზე საუბარი.

საღამო ხანი იყო. ვასიკო ვავახშმე, დავაძინე და სამზარეულოში გავედი, რათა ლადოსთვის ჩაი გამემზადებინა.

კარგა ხანს ურევდა კოვზს ჭიქაში, თან თვალს არ მაშორებდა, სანამ მისთვის მაგიდას ვშლიდი.

- ჩამოჯექი ერთი წუთით, - მითხრა ბოლოს.

ჩამოვჯექი და უტეხად შევხედე. ვიცოდი, რაღაც ისეთს მეტყოდა, რაც მის ძმისშვილთან იყო დაკავშირებული.

- კმაყოფილი ხარ ჩემი და ვასიკოს ურთიერთობით? - კეთილი ღიმილით მკითხა.

წარბები ავზიდე. რას ელოდა ჩემგან? როგორ პასუხს? გადავწყვიტე, დითირამბები არ მემღერა მისთვის და მეთქვა ის, რასაც რეალურად ვფიქრობდი.

- იცით, რა? - ფრთხილად დავიწყე, - გამიხარდებოდა, თქვენი გრძნობები მართლა გულწრფელი რომ ყოფილიყო… მაგრამ, რატომღაც, მგონია, რომ ის, რასაც აკეთებთ, მხოლოდ კარგად გათვლილი სტრატეგიაა და მეტი არაფერი. ბავშვს ძალიან დიდ ტკივილს მიაყენებთ, თუ ყოველივე ამის შემდეგ კიდევ ერთხელ უარყოფთ მას და ძველებურად ცივი და შეუვალი გახდებით, როგორც ერთი რიგითი უცნობი ადამიანი მის ცხოვრებაში.

- სტრატეგია? - ისეთი სახე მიიღო, თითქოს საკუთარ ყურებს არ უჯერებდა და ცივად შემომხედა, - მგონი, ვხვდები, რასაც გულისხმობ… მაგრამ უნდა გაგაწბილო, ანა. ჩემს ბავშვთან დამოკიდებულებას არაფერი აქვს საერთო ჩვენს გარიგებასთან.

- მე ეს არ მქონია მხედველობაში, - შევეცადე, მშვიდად მეთქვა, თუმცა ყურებამდე გავწითლდი, რადგან ზუსტად მიხვდა, რასაც ვგულისხმობდი.

- მე კი მეჩვენება, რომ სწორედ ეს გქონდა მხედველობაში, - თვითონაც მშვიდად მომიგო.

ღაწვები გამიხურდა, ერთიანად დამეფოთლა სახე. ავწრიალდი. მიზეზს ვეძებდი, სამზარეულოდან გავსულიყავი, რომ ამ თემაზე აღარ გაგვეგრძელებინა საუბარი. შემეშინდა, საკუთარი თავი არ გამეყიდა. თავი ყალბი ღიმილით გადავაქნიე და წამოვდექი, მაგრამ ის ჩემ გაშვებას არ აპირებდა.

- ჩვენ ჯერ არ დაგვიმთავრებია, ანა, - თითქოს წყნარად მელაპარაკებოდა, მაგრამ მის ხმაში ლითონის ჟღერადობა ადვილად შეინიშნებოდა, - ბრალდებების მთელი გროვა დამაყარე და არც კი გინდა მომისმინო… იქნება და რას ვამბობ!

- მაპატიეთ…

- იქნებ დამდო პატივი და დაჯდე? - პირქუშად მომმართა.

მორჩილად ჩამოვჯექი. გოროზი მზერა მესროლა.

- ზეგ როზა უნდა გამოწერონ.

ამის გაგონებაზე სახე გამინათდა. სულ გადამავიწყდა, წეღან როგორი უსიამოვნო საუბარიც წამოვიწყე «სალ კლდესთან». ეს ისეთი სასიამოვნო ამბავი იყო, რომ არც მიცდია, შვების მომგვრელი ამოოხვრა შემეკავებინა.

- მაგრამ ჯერ კიდევ სუსტადაა და იქით სჭირდება დახმარება, - მაშინვე დააყოლა, - ამიტომ ცოტა ხნით კიდევ მოგიწევს ჩვენთან დარჩენა.

აი, თურმე რაშია საქმე! ვერ მოვასწარი დიდი ხნის ნანატრი თავისუფლების შეგრძნებით დატკბობა, რომ მან სწრაფად გამონახა მიზეზი, კვლავ თავისთან დავეტოვებინე. ნაღვლიანი მზერა მივაპყარი.

- მაგრამ რადგან უნდა გამოწერონ, ეს იმას ნიშნავს, რომ ექიმები…

- მე მხოლოდ იმას გთხოვ, დაელოდო ზეგინდელ დღეს და როცა როზა მოვა, თავად დარწმუნდები, სჭირდება თუ არა მას შენი დახმარება.

- მა-ას? - ჩავეკითხე. ნუთუ როზას მოვლაც მე მომიწევს? ამაზე არც მიფიქრია.

- ჰო, მას და არამარტო ჩვენ. როზას წასასვლელი არსად აქვს, არც მომვლელი ჰყავს. ის ჩემი ოჯახის წევრია. მე ჩემებურად ვიზრუნე მასზე, როგორც საქმეს სჭირდებოდა და როგორც მევალებოდა. მომვლელი ქალის როლს კი ვერ შევასრულებ, სამწუხაროდ.

- ბატონო ლადო! - აღვშფოთდი, - მე აქ ბავშვის აღმზრდელად მოვედი და არა… - და მაშინვე ენაზე ვიკბინე, მივხვდი, ისეთი რამ წამომცდა, რაც ჩემს თავმოყვარეობას უფრო დაამცირებდა, ვიდრე აამაღლებდა.

- ვიცი… მაგრამ მეგონა, შენც ჩვენი ოჯახის წევრად თვლიდი თავს… ამიტომაც გითხარი. ნება შენია, როგორც გულმა გიკარნახოს, ისე მოიქეცი, - ისე უდარდელად მითხრა, აშკარა იყო, ნამუსზე შემაგდო. თან ამჯერად კი არ მიბრძანა, მთხოვა დარჩენა. პირველად ცხოვრებაში, ადამიანურად მთხოვა დახმარება. მისი ხმა ძალიან მსუბუქად ჟღერდა, ხოლო სახე მხოლოდ მოთმინებას და მოლოდინს გამოხატავდა… მაგრამ რადგან ჩემი სათქმელი ვთქვი, უკან დახევა არ გამოდიოდა. ჯიუტად უნდა გამეტანა ჩემი, თუმცა გულში სულ სხვას ვფიქრობდი და უკვე ვნანობდი, ენა რომ გამექცა.

არადა, ლადო ჩემთვის ყველაზე რთულ ამოცანას წარმოადგენდა. ის აღმოჩნდა ადამიანი, რომელიც ბოლომდე ვერა და ვერ შევიცანი. ასეთი შეცვლილიც კი იმაზე ძლიერი მოწინააღმდეგე აღმოჩნდა, ვიდრე ადრინდელი «დემონი».

მაინც დავყარე ფარ-ხმალი. უმადურობა იქნებოდა ჩემი მხრიდან, ახლა ფეხები გამეფშიკა და უარი მეთქვა დარჩენაზე, მაგრამ მაინც მტკიცედ განვუცხადე:

- მხოლოდ იმ შემთხვევაში დავრჩები, თუკი დავრწმუნდები, რომ როზას მართლა არ შეეძლება მუშაობა.

ოდნავ, თითქმის შეუმჩნევლად დამიქნია თავი თანხმობის ნიშნად. ისევ წამოვდექი, რადგან მეგონა, რომ საუბარი დავამთავრეთ და ბოლოს და ბოლოს, წასვლა შემეძლო.

- შენ რა, ასე ძალიან გეწევა გული სახლისკენ? - მოულოდნელად მკითხა, როცა ის იყო, გასვლა დავაპირე.

კარის სახელურს ხელი ვუშვი და შემოვბრუნდი.

- ნებისმიერ ადამიანს მიუწევს გული თავისი სახლისკენ, ბატონო ლადო. იქ შენი გარემოა და უკვე შეჩვეული ნივთები გელოდება. ხომ იცით, როგორც არის… შეჩვეულს ნუ გადააჩვევ და შეუჩვეველს ნუ მიაჩვევო… აქ თავს გამუდმებით დაძაბულად ვგრძნობ. ჯერ წესიერად ერთი ღამეც არ მიძინია.

- ჰო… ეს სერიოზული არგუმენტია.

მიუხედავად იმისა, რომ ამ სიტყვების წარმოთქმისას სახის გამომეტყველება არ შეცვლია, მის თვალებში მაინც გაიბრწყინა ირონიამ. მიხვდა, სინამდვილეში რაც მაწუხებდა. მან ყველაფერი იცოდა, მას ჩემი ყველა ნაბიჯი შესწავლილი ჰქონდა, ჩემს ყველა განცდას ზუსტად ხვდებოდა. მან უფრო ადრე დამიგო მახე და ელოდებოდა, როდის გავცემდი ჩემს თავს, რა რეაქცია მექნებოდა მის ნათქვამზე. ამას ელოდებოდა სწორედ…

ამ აღმოჩენამ ძალა გამომაცალა… ჯერ გავფითრდი, მერე კვლავ ამიფორაჯდა ღაწვები, მაგრამ მაინც გამომწვევად მოვიღერე ყელი.

- მე ყოველთვის ასე მემართება, - განვმარტე, - უცხო გარემოში მიჭირს დაძინება. ჩემს საწოლს ვარ მიჩვეული და სხვის სახლში ცუდად მძინავს. უკაცრავად… - დავაყოლე ბოლოს და კარი გამოვაღე…

- კიდევ რაღაც მინდოდა მეთქვა, - მომაძახა გარეთ გასულს და იძულებული გამხადა, ერთხელაც შემოვბრუნებულიყავი.

ლადომ თითქმის სავსე ჩაის ფინჯანი გვერდზე გასწია და ოდნავ გასაგონი ხმით წარმოთქვა:

- ნოტარიუსთან ხარ დაბარებული… წეღან დამირეკეს. მგონი, დედაშენმა ანდერძი დატოვა და შენც მოგიხსენია.

ვიგრძენი, კიდევ ერთხელ როგორ აყირავდა იატაკი ჩემს ფეხქვეშ… ირგვლივ კედლები თითქოს გადაიხარა და დაცურდა… მერე კი, მოულოდნელად, სიბნელემ დაისადგურა…

- ღმერთო, არ მჯერა! ნუთუ მართლა მომიხსენია ანდერძში? ნეტავ რა წერია? რა წერია, რა წერია? - გაოგნებული ვიმეორებდი ერთსა და იმავეს, თან ბოლთას უაზრო ვცემდი ნოტარიუსის მისაღებში.

მუხლები მიკანკალებდა. ვერა და ვერ დავიწყნარე ნერვები. ისიც კი მიკვირდა, აქამდე როგორ მოვაღწიე. რომ არა… საშკა, მარტო ვერაფრით მოვიდოდი. გასაკვირია, არა? სხვა ვერაფერი მოვიფიქრე, ამიტომ საშკას დავურეკე და ვთხოვე, გამყოლოდა. ბოლოს და ბოლოს, ასე თუ ისე, ერკვეოდა კანონებში, თუ რამე გაუგებრობას ექნებოდა ადგილი.

- დამშვიდდი ახლა, რას ფორიაქობ? - ის უფრო მტუქსავდა, ვიდრე მამშვიდებდა, - რაღაცას გაჩუქებდა, მაგას იმდენი ფული ჰქონდა ყოველთვის… ცოტას დაგიტოვებდა ალბათ, გული რომ არ დაგწყვეტოდა. აბა, მე ხომ არ დამიტოვებდა?

- თუ ღმერთი გწამს, გაჩუმდი, რა! - გავუწყერი და წინ და უკან სიარული განვაგრძე, - არ მჯერა რაღაც…

ამ დროს ჩემი ჯერიც მოვიდა. კაბინეტში შევედი. ჩემდა გასაოცრად, ნოტარიუსი მამაკაცი აღმოჩნდა. შეიძლება არც არაფერი იყო გასაოცარი, მაგრამ ადრე, როცა ნოტარიუსთან რამე დამჭირვებია, ყოველთვის ფაშფაშა ქალები მხვდებოდნენ ხოლმე. ეს კი გამხდარი, დაბალი კაცი აღმოჩნდა, ხანშიშესული და ნახევრად მელოტი. სათვალის ზემოდან გამომხედა და ოფიციალური სახით შეუდგა «კანონის აღსრულებას». თქვენ ბრძანდებით ესა და ეს, ხართ ამის და ამის შვილი, მცხოვრები აქა და აქ… და ა.შ.

- ძალიან კარგი, - თქვა ბოლოს, - მაქვს პატივი, გაცნობოთ, რომ აწ განსვენებულმა ქალბატონმა ნინო რუსაძემ დაგიტოვათ უძრავი ქონება, სახლი, რომელიც მდებარეობს…

როგორც ჩანს, შოკი განვიცადე, რადგან ის, რაც ამის შემდეგ მოხდა, მუნჯ კინოს უფრო ჰგავდა. ვხედავდი, ნოტარიუსი როგორ ამოძრავებდა ტუჩებს და თვალს აყოლებდა რაღაც სტრიქონებს თავის წინ გაშლილ საბუთებში, თან გამოთქმით კითხულობდა თითოეულ სიტყვას, მაგრამ ერთი ბგერაც არ მესმოდა.

როგორც იქნა, დაამთავრა თავისი უხმო მონოლოგი და შემომხედა, რათა ჩემი რეაქცია დაეჭირა.

მე გაქვავებული ვიდექი. ლაპარაკის უნარი დაკარგული მქონდა… მოძრაობისაც…

მამაკაცის ტუჩები კვლავ შეირხნენ… კვლავ უხმოდ… მხოლოდ მაშინ გამოვერკვიე, რცა მან რაღაც ქაღალდზე ხელის მოწერა მთხოვა.

მოვაწერე ხელი, მაგრამ არც ის ვიცოდი, რას ვაწერდი და არც ის, რატომ. ასე დაბნეული არასდროს ვყოფილვარ. მესმოდა, რომ ნოტარიუსი რაღაცას მიხსნიდა და კმაყოფილი შემომცქეროდა, ამიტომ მეც ვუქნევდი თავს. არადა, საერთოდ არაფერი მესმოდა. მედიცინის ენაზე ამ მდგომარეობას, მგონი, ტრავმატოლოგიური სიყრუე ჰქვია… ალბათ არ ვცდები.

არც ის მახსოვს, გარეთ როგორ გამოვედი. როგორც ჩანს, უვნებლად, რადგან საშკა იქვე დამხვდა, კართან ატუზული.

- მორჩა? - ისე მკითხა, თითქოს ზოგადსაკაცობრიო საკითხის გადასაწყვეტად ვიყავი შესული.

- მგონი, კი.

- რა გჭირს?

- რა მჭირს? - ტანსაცმელზე დავიხედე.

- საშინლად გამოიყურები.

- მან მე სახლი დამიტოვე, გესმის? სახლი, რომელშიც ცხოვრობდა! - ხმა ამიკანკალდა.

- სახლი დაგიტოვა? - საშკას თვალები გაუფართოვდა, მაგრამ უმალ შეიცვალა სახე, თითქოს აქ გასაკვირი არც არაფერი იყო და მშვიდი ხმით გააგრძელა, - მერე რა? დედაა და თავისი ვალი მოიხადა.

წარბები შევყარე. საშკა დაიბნა.

- რა იყო? რამე ისე ვერ ვთქვი?

- რა ჯანდაბად მინდოდა მაგის სახლი? რატომ დამიტოვა? მას ხომ ჰყავს შვილები. იმათ?

- იმათაც დაუტოვებდა რამეს, ნუ დარდობ.

- ამხელა ქონება! რა საშინელებაა! არადა, ახლოს არ გამიკარა, როცა გაიგო, რომ მისი შვილი ვიყავი.

- დაივიწყე ეგ. მისთვის მოულოდნელი იყო ეს ამბავი.

- სახლი… - შეფიქრიანებული ჩემთვის ვბუტბუტებდი, - და მერე დანარჩენ შვილებს? იმათ რა?

- იმათ თავიანთი წილი, შენ რაში გენაღვლება ისინი, - მამშვიდებდა საშკა.

- ახლა მაგათ იერიშებს რა გაუძლებს! აგერ ნახავ, გადამაყოლებენ ამ სახლს.

- შენც ადექი და გაყიდე! დღესვე!

კიდევ უფრო მოვჭმუხნე წარბები.

- რა თქვი?

- თუ გინდა, რა თქმა უნდა, - უხერხულად შეიშმუშნა, - ამით უსიამოვნებას აიცილებ თავიდან.

- და ფული შენ მოგცე, არა?

- მე ეგ არ მიფიქრია.

- სამაგიეროდ, მე ვიფიქრე! - ჩემდა უნებურად, ისე ვიყვირე, ძარღვები დამეჭიმა ყელზე.

- ცუდად გიფიქრია! თუ ასე გგონია, როგორც მოვედი, ისე წავალ! - თავი შეურაცხყოფილად იგრძნო.

- არა, ჯერ სახლში გამიყვანე, ცოტა აზრზე თუ არ მოვედი, აქვე წავიქცევი.

- წამოდი მერე, რაღას უცდი?

როგორ მომნატრებია ჩემი ბინა. სიყვარულით მოვავლე თვალი ჩემს ბუდეს და ტახტზე ღონემიხდილი ჩამოვჯექი. საშკას ავხედე, რომელიც ზედამხედველივით დამდგომოდა თავზე.

- ახლა რა ვქნათ? გინდა რამე? მითხარი, რა გავაკეთო, - ფრთხილად მკითხა.

- ყავა მოადუღე, დავლიოთ.

- ახლავე! - ისე გაუხარდა, ლამის სირბილით გავარდა სამზარეულოში.

სახე ხელებში ჩავრგე და ავქანავდი. სიზმარში მეგონა თავი. ისინი არ მოვიდნენ. ვითომ შეგნებულად? თუ სხვა დროს იყვნენ დაბარებულები? რატომ არ მირეკავენ? ომს ხომ არ მიცხადებენ? სკანდალი არ ამცდება! არ უნდა მომეწერა ხელი, მაშინვე უნდა მეთქვა უარი!

სასოწარკვეთილი ვიყავი.

- აი, ყავაც, დალიე და დამშვიდდები, - დამიყვავა საშკამ და გვერდით მომიჯდა.

თითები ფინჯანს შემოვაჭდე. მესიამოვნა, რაღაც ცხელს რომ შევეხე, ერთიანად ვცახცახებდი, ვერა და ვერ დავიოკე შემცივნება.

უეცრად მხარზე მისი მკლავი ვიგრძენი, ფრთხილად რომ გადამხვია. უსიამოვნო ტალღამ დამიარა. იმიტომ კი არა, რომ ახლა მოფერების ხასიათზე არ ვიყავი, საშკას შეხება არ მესიამოვნა…

- არ გინდა! - ყრუდ ამოვთქვი.

- რატომ? - ჩურჩულით მკითხა და ჩახუტება დამიპირა.

- არ გინ-და! - დამარცვლით გავიმეორე და უხეშად მოვიცილე მისი ხელი.

- გადამეჩვიე, არა? - მწარედ ჩაიცინა.

- არა, - თავი გავაქნიე.

- აბა?

- გადაგიყვარე, - მტკიცე ხმით ვუპასუხე და თვალი თვალში გავუყარე…

საოცარი სისწრაფით შეეცვალა სახე, ყვრიმალები აუთამაშდა. ვუყურებდი ერთ დროს ჩემთვის საყვარელ მამაკაცს და ვერაფერს ვგრძნობდი. ისე მოულოდნელად გამქრალიყო მასთან დაკავშირებული ყველა სასიამოვნო შეგრძნება, რომ ამ აღმოჩენამ შემაშინა კიდეც. ნუთუ ყველაფერი ყალბი იყო? ნუთუ არ მიყვარდა? მაშინ რა მინდოდა მასთან? მხოლოდ იმიტომ ვიწექით ერთად, რომ ვიღაც მჭირდებოდა გვერდით? რა საზიზღრობაა!

- მატყუებ… სამაგიეროს მიხდი, არა? - ჩურჩულით მკითხა.

- არა, არც გატყუებ და არც სამაგიეროს გიხდი. მე შენ არასდროს მყვარებიხარ.

- მაშინ… მაშინ რატომ იყავი ჩემთან?

- მხოლოდ იმიტომ, რომ მარტო არ ყოფილიყავი. მჭირდებოდი იმ პერიოდში… გამოგიყენე. მორჩა და გათავდა! ყალბი იყო ის, რაც იყო.

- ჩემი მხრიდან არ იყო ყალბი! - დაიძაბა და წამოდგა.

- შენი მხრიდანაც იყო, აბა, კარგად დაფიქრდი? ცოლზე გამწარებული მე მომადექი, რომ გაცხელებული გული ჩემთან გაგენელებინა.

- არა!

- კი! და როცა გაგინელდა, ისევ იქ გაიქეცი, საიდანაც «მოიქეცი», - კბილებში გამოვცერი და ცხელი ყლუპი ხმაურიანად მოვსვი, - ახლა კი, დიდი მადლობა, რომ დამეხმარე და თუ შეიძლება, მარტო დამტოვე!

- მადლობის მაგიერია?

- ჰო. თუ ძალიან გინდა, ასე ჩათვალე! - უკან არ დავიხიე და გამჭოლი მზერა ვესროლე.

ისე გაფითრდა, ტუჩებიც კი გაუთეთრდა. რაღაცის თქმა დააპირა, მაგრამ მერე გადაიფიქრა, მხოლოდ ერთხელ მიიხედ-მოიხედა ირგვლივ, მერე მარჯვენა ხელი მძლავრად გაიქნია, თითქოს ვიღაცას სილას აწნავსო და გავიდა…

კარის გაჯახუნების ხმა მეხის გავარდნის ხმას ჰგავდა…

8 8 8

საერთოდ არ გამკვირვებია, ნუკრი რომ დამიკავშირდა და შეხვედრა მთხოვა. ველოდი ამას. ვიცოდი, რომ არ მომასვენებდნენ. დროის გასვლასაც არ დაუცადეს, მეორე დღესვე დამირეკეს. მე ის უფრო გამიკვირდა, იქ რომ არ დამხვდნენ, ნოტარიუსთან.

რჩევისთვის ლადოს მივმართე, როგორ მოვიქცე-მეთქი.

- როგორ? - ლადომ შუბლი შეიკრა, - როგორ და არაფერი დაუთმო, დაახვევინე ორივეს! - «პროფესიონალური» რჩევა მომცა ჩემმა დამქირავებელმა.

არა, ბრძოლას ნამდვილად არ ვაპირებდი. არაფერში მჭირდებოდა მათი სახლი. ეს, უბრალოდ, პატარა შურისძიება იყო მხოლოდ. მე სულ რამდენიმე საათით გამარჯვებულად მინდოდა თავი მეგრძნო. ჩემმა ახალგამომცხვარმა და-ძმამ ჯერ არ იცოდა, რა სიურპრიზსაც ვუმზადებდი.

მეგონა, თავიანთი ნდობით აღჭურვილი პირის თანდასწრებით მოითხოვდნენ ჩემთან შეხვედრას, მაგრამ შევცდი… ნანას ბინაში დამიბარეს.

ამჯერად მარტო წავედი… ჰმ, ბინა… ბინა კი არა, უზარმაზარი კერძო სახლი ჰქონია თურმე! აი, რატომ მაჩუქა დედაჩემმა ის სახლი მე. ამათ თავიანთი აპარტამენტები ჰქონიათ და იმიტომ. დარწმუნებული ვიყავი, არც ნუკრის ექნებოდა ნანაზე ნაკლები «უძრავი» ქონება.

ჩემდა გასაკვირად, ორივე თბილად შემხვდა. გადამეხვივნენ და გადამკოცნეს კიდეც. ცოტა არ იყოს, დავიბენი. მე ომს ველოდი, ისინი კი თეთრი ბაირაღით დამიხვდნენ. ოდნავ მოვეშვი, დაძაბულობამ თითქმის გამიარა.

- დიდი მადლობა, რომ მოხვედი, - ჯერ გამართულად მითხრა ნანამ და ამის შემდეგ ენა დაება, - ისა… ის… რამეს ხომ არ… ხომ არ დალევ? გინდა ყავა?.. იქნებ ჩ… ჩაი გირჩევნია?

- ანერვიულდა მოულოდნელად და ისე აღეგზნო, ღაწვები შეუფერადდა.

- კონიაკს დავლევდი, - გამომწვევად ვთქვი და ისეთი დემონსტრაციული მზერით შევხედე, უარესად დავაბნიე. არ მომეწონა, ასე რომ დაიძაბა. ამან ჩემზეც იმოქმედა.

- კო… კონიაკს? ნუკრი, ნახე რა, ბარში უნდა იყოს ერთი ბოთლი… ანდა, მოიცა, მე გამოვიტან, - სასწრაფოდ შეცვალა გადაწყვეტილება და თვითონ გავიდა მოსატანად. ალბათ უფრო იმიტომ, რომ დაწყნარებულიყო.

ნუკრის შევხედე. ის ისეთივე მშვიდი იყო, როგორც ყოველთვის და ისეთივე სიყვარულით მომჩერებოდა, როგორც სხვა დროს. ძმას ალბათ, დაზე ნაკლებად აწუხებდა დედის ანდერძის ამბავი.

მას არ დავლაპარაკებივარ. არც თვითონ უცდია ხმის ამოღება. ამასობაში ნანაც გამოვიდა. ცალ ხელში კონიაკის ბოთლი და ჭიქები ეჭირა, მეორეში - ნატეხი შოკოლადით სავსე თეფში.

გაუსაძლისი სიჩუმე ჩამოწვა ოთახში. ნუკრი სასმელს ასხამდა, ნანა ნუკრის მისჩერებოდა, მე კი - ორივეს. ბოლოს ვეღარ მოვითმინე.

- იქნებ ცოტა ჩქარა დავამთავროთ ეს ყველაფერი? - გაღიზიანება შემეტყო ხმაში.

- ანა, საყვარელო… შენ ალბათ იცი, რატომაც გთხოვეთ შეხვედრა, - ნახევრად ოფიციალურად, ნახევრად შინაურულად დაიწყო ჩემმა უმცროსმა დამ.

- და? - ცალი წარბი კაპასი ქალივით ავზიდე.

- და ის, რომ ჩვენ აქამდე არაფერი ვიცოდით, - დამნაშავესავით აიწურა მხრები.

- ახლა, როცა იცით, რამე შეიცვალა? - მრავლისმეტყველი ტონით ვიკითხე.

- როგორ არ შეიცვალა! შენ ჩვენი უფროსი და ხარ. ეს კარგია, ძალიან კარგი, - მომაყარა და მომაყარა, - ვერაფრით ვამართლებ დედაჩემს, შენს არსებობას რომ გვიმალავდა! მაგრამ ახლა რაღას შევცვლით, აღარ არის ის ადამიანი. მიცვალებულზე კი ცუდს არ ლაპარაკობენ. უნდა ვაპატიოთ, სხვა გზა არ გვაქვს. ალბათ ჰქონდა საამისო მიზეზი. დღეიდან კი…

- ერთი წუთით, თუ შეიძლება, - აგდებულად გავაწყვეტინე, მომბეზრდა ამ კომედიის ყურება და კეთილი დედმამიშვილის როლის თამაში, - პირდაპირ მითხარით, რა გინდათ, ყოველგვარი შორიდან მოვლის გარეშე.

ნანა გაქვავდა. ასეთ უკმეხობას ჩემგან არ მოელოდა. ალბათ ჯერჯერობით ისევ თავის შინამოსამსახურედ მომიაზრებდა. წამიერი დაფიქრების შემდეგ მიხვდა, სულაც არ იყო აუცილებელი «შენი ჭირიმე, შენ გენაცვალეს» გამოყენება ჩემთან და მედიდურად გააგრძელა.

- ადრე რომ გაგვეცანი, დედას ანდერძი არც ჩემთვის იქნებოდა მოულოდნელი და არც ნუკრისთვის, მაგრამ ასე უცებ ამხელა ამბის გაგება ადვილი არ იყო ჩვენთვის.

- ვხვდები, როგორი შოკიც მიიღეთ, არ მიკვირს, - უდარდელად ავიჩეჩე მხრები, - ხსოვნა იყოს, - ვთქვი, ჭიქა ავწიე და კარგი ლოთივით გადავკარი.

ნუკრიმ სიცილი ვერ შეიკავა. ნანამ არაფერი შეიმჩნია. ორივემ გაიმეორა, ნათელში ამყოფოს მისი სული ღმერთმაო. ნანამ მოსვა, ნუკრიმ ბოლომდე დაცალა.

- ახლა როგორ უნდა მოვიქცეთ? მე რომ თქვენი სისხლი და ხორცი ვარ, ამას ვერ გავექცევით, სამწუხაროდ, - მშრალად განვმარტე.

- რატომ სამწუხაროდ? ეს სულაც არ არის უსიამოვნო ფაქტი. ჩვენ გვიხარია…

- გეტყობათ, - უშნოდ გავიცინე, - კმაყოფილებას ვერ ფარავთ, აშკარაა, - და ორივეს დამცინავად გადავხედე.

- ჩვენ საჩხუბრად არ მოგვიწვევიხარ… - მაქსიმალურად ცდილობდა ნანა სიმშვიდის შენარჩუნებას, ეშინოდა, გაკაპასებით მთლად არ გაეფუჭებინა საქმე. ხუმრობა ხომ არ იყო, ამხელა ქონებას კარგავდა.

- არც მე ვარ სამტროდ მოსული. ჯერ თქვენ მითხარით, რას მთავაზობთ და მერე მე გეტყვით ჩემსას… ერთიც ჩამოასხი ნუკრი, რა? - ვთქვი და ჭიქა მივუშვირე გაოგნებულ ნახევარძმას.

- ახლავე, - როგორც იქნა, ამ ხნის განმავლობაში პირველად ამოიღო ხმა.

ჩამოასხა…

- პატარებს გაუმარჯოს, - ომახიანად წარმოვთქვი, - ჩემი ვასიკოს და თქვენი შვილების თამადობით, - ხაზგასმით ვახსენე ვასიკო.

- შვილი გყავს? - ვითომ გაუხარდა ნანას.

- შვილი არა, შვილობილი, - როგორც იქნა, თბილად გავიღიმე.

რა თქმა უნდა, ვერ გაიგეს, შვილობილი რას ნიშნავდა, საიდან უნდა მყოლოდა, ამიტომ არც ერთი არ ჩამეძია.

მე დავლიე, ნუკრიმაც. ნანამ ამჯერად სადღეგრძელოც კი არ თქვა.

მეორე ჭიქამ შემახურა. ძალა მომემატა თითქოს. შვებაც კი ვიგრძენი. მიუხედავად იმისა, რომ მარტო ვიყავი მათ წინააღმდეგ, აღარ ვიძაბებოდი. მე არ მქონდა ცუდი განზრახვა, მაგრამ ჯერ მათგან მინდოდა მომესმინა, რას მოითხოვდნენ ჩემგან.

- გავაგრძელოთ, - უდარდელად ამოვთქვი, ფეხი ფეხზე გადავიდე და შოკოლადი პირისკენ გავაქანე.

- ჰმ, - ჩაახველა ნანამ, - ჩვენ ბევრი ვიფიქრეთ და… არც ისე ადვილია, მესმის, შენი მხრიდან… მაგრამ ჩვენიც ხომ უნდა გაიგო…

- პირდაპირ მითხარი, ძალიან გთხოვ, - უკმეხად გავაწყვეტინე ისევ.

- კარგი, გეტყვი! - მსწრაფლ შეიცვალა ხმა, - რადგან ნუკრის არ სურს, ამ მოლაპარაკებაში მონაწილეობა მიიღოს, - მტრულად გადახედა ღვიძლ ძმას და კვლავ მე მომიბრუნდა, - მე პირადად გთავაზობ ერთ რამეს… მოგვყიდე ის სახლი!

იმდენად მოულოდნელი იყო მისი წინადადება, წამით გავშრი. მეგონა, დაგვითმეო, მეტყოდნენ… ასეთ რამეს კი არ ველოდი. გაოცებულს სუნთქვა შემეკრა და ხველება ამიტყდა. ვერც მოვიფიქრე, რა უნდა მეპასუხა. ნუკრიმ წყალი მომირბენინა. სულმოუთქმელად დავლიე.

- კარგად ხარ? - შევნიშნე, ნანას ნიკაპი უთრთოდა.

- კარგად ვარ, გმადლობ… - ძლივს შესამჩნევად გავიღიმე.

- ახლა როგორ მოვიქცეთ?

ამჯერად მე უნდა მელაპარაკა, ჩემი ჯერი დადგა. ერთი ღრმად ამოვიოხრე, თითები ერთმანეთში გადავხლართე და დავიწყე.

- ის ისეთივე დედა იყო ჩემი, როგორიც თქვენი, - განვმარტე.

ამასობაში ნუკრი დას მიუჯდა გვერდით და ხელი გადახვია.

- რა თქმა უნდა, - თავი დააქნია ნანამ.

- ალბათ უკვე იცით ეს ისტორია და მის მოყოლას არ დავიწყებ.

- ვიცით, კი, - წაეხმარა დას ნუკრი.

- ძალიან სევდიანი ამბავია, ანა და ვწუხვარ, რომ ასე მოხდა, - ალაპარაკდა ჩემი უმცროსი და, - დედას არასდროს უხსენებიხარ, არც მიუნიშნებია ოდესმე. მხოლოდ მისი გარდაცვალების შემდეგ გავიგეთ. რას ვიფიქრებდით, რომ ის სახლს სხვაზე გააჩუქებდა…

- სხვაზე, არა? - მწარე ღიმილი გამომესახა.

- ყოველი შემთხვევისთვის, ჩვენთვის ახლობელი არ იყავი იქამდე… ანუ…

- გასაგებია.

უხერხული სიჩუმე ჩამოწვა ოთახში და ეჭვიც არ მეპარებოდა, რომ ვერც ერთი მათგანი ვერ გაბედავდა მის დარღვევას. ისევ მე უნდა მეკისრა ეს მისია.

- ასეა თუ ისე, ახლა სახლი ჩემია, - ვთქვი ყოველგვარი ირონიის და ნიშნის მოგების გარეშე.

- მაგრამ ჩვენ იმ სახლში დავიბადეთ და გავიზარდეთ, - ვერ მოითმინა ნანამ.

- სამაგიეროდ, ბოლო დროს იშვიათად მოდიოდით იქ. თანაც, თუ სიმართლე გინდათ, დიდად არ იწუხებდით თავს დედათქვენის მონახულებით.

- რა სისულელეა! როგორც კი დრო გამომიჩნდებოდა, სულ იქ ვიყავი! - გააპროტესტა ჩემმა ნახევარდამ.

- არ გვინდა ახლა ამაზე კამათი. ამიტომ არ დამიწყია ეს საუბარი, - ხელი ავიქნიე და გავაჩერე, - მე მხოლოდ ერთი რამ მინდა ვთქვა, - სახლის გაყიდვას არ ვაპირებ.

- აჰ! - ამოიკვნესა ნანამ და ხელი პირზე აიფარა.

- ისე გაძლევთ, ყოველგვარი გაყიდვა-შესყიდვის გარეშე, - მშვიდად გავაგრძელე, - მე ის არაფერში მჭირდება, ჩემიც კი ოხრად მრჩება. მირჩევნია, თქვენთან ურთიერთობა შევინარჩუნო, ვიდრე გამოვჯდე სახლში, რომელიც მე მართლა არ მეკუთვნის.

არასდროს დამავიწყდება მათი სახეები. გაოცებული, თავზარდაცემული, შოკირებული თუ დამბლადაცემული… არ ვიცი, რომელი ეპითეტი უკეთ ასახავდა მათ გამომეტყველებას.

- დამირეკეთ, როცა მზად იქნებით და წავიდეთ გადასაფორმებლად, - უბოროტოდ გავუღიმე ორივეს, ავდექი და სანამ ისინი გონს მოვიდოდნენ, დავტოვე იქაურობა…

8 8 8

თითქოს ტვირთი მომეხსნაო, ისეთი შემსუბუქებული დავბრუნდი უკან. კმაყოფილი ვიყავი ჩემი გადაწყვეტილებით. ბოლოს და ბოლოს, ერთი დედის შვილები ვიყავით და ის სახლი მართლაც მათ ეკუთვნოდათ. ან კი რა ჯანდაბად მინდოდა? რომელი ქმარ-შვილის პატრონი მე ვიყავი ან მრავალშვილიანი დედა? ასე ჯობდა. მათ მაინც არ დავკარგავდი. მათთან ურთიერთობის გაგრძელებით მარტოობა მაინც არ მემუქრებოდა.

ლადოსთან სასიხარულო ამბავი დამხვდა. როზა გამოეყვანათ საავადმყოფოდან. გამიხარდა მისი ნახვა. ერთხელაც ვერ ვინახულე და სინდისი მქენჯნიდა, მაგრამ ჩემი ბრალი არ იყო, ვერა და ვერ მოვიცალე.

ლადო მართალი აღმოჩნდა. ქალი ისეთი უძლური ჩანდა, როგორც ჩვილი ბავშვი. გამხდარი და მობერებული მეჩვენა. სუსტად გამიღიმა, დამჭკნარი ხელები გამომიწოდა და ჩამიხუტა. გული ამიჩუყდა, ცრემლი მომადგა თვალებზე. ჩემდა უნებურად, ხმამაღლა ავტირდი… ალბათ ყველა ემოცია ერთად მომაწვა - ჩემიც და სხვისიც…

ის დღე ოჯახურ დღესასწაულს დაემსგავსა. ყველა შეეცადა, თავისებურად აღენიშნა როზას დაბრუნება - ლადო ადრე დაბრუნდა ოფისიდან, მე და ვასიკომ სადილი მოვამზადეთ, ლევანი სუფრის გაშლაში მოგვეშველა. როზა ისე ააღელვა ჩვენმა მზრუნველობამ და ყურადღებამ, რომ ჩემზე ხმამაღლა ატირდა.

შესანიშნავი დღე იყო. კიდევ იმით იყო კარგი, რომ დილანდელ შეხვედრაზე ფიქრის დრო აღარ დამრჩა, ვეღარ მოვიცალე ამისთვის. ამან უფრო შემამსუბუქა და ღამითაც მშვენივრად მეძინა…

რაოდენ გასაოცარი იყო, როცა მეორე დილით, ადრე ამდგარს, რათა საუზმე გამემზადებინა კაცებისთვის, სამზარეულოში მოფუსფუსე როზა დამიხვდა.

- რას აკეთებთ, როზა დეიდა? თქვენ რატომ წუხდებით? მე მივხედავ ყველაფერს, წადით, წამოწექით, ასე როგორ შეიძლება! - რბილად ვუსაყვედურე.

ქალმა მორჩილად შეუშვა ხელი ტაფას, რომელზედაც კარტოფილს წვავდა და იქვე სკამზე ჩამოჯდა. მისი დაწყებული საქმე მე გავაგრძელე. თან ვსაქმიანობდი, თან ერთმანეთს ველაპარაკებოდით. როგორ მიხაროდა ასეთი სიტუაცია…

როზას გამოჩენამ მეტი თავისუფლება მომანიჭა. რადგან მარტო აღარ მიწევდა სახლში ყოფნა, ვერც ლადო ახერხებდა ჩემ დამარტოხელებას და თავისებურად «დატერორებას». სამაგიეროდ, ვასიკოსთან ურთიერთობა არ შეუწყვეტია და არც შეუცვლია. ისინი ძველებურად აგრძელებდნენ მეგობრობას. დღითი დღე ვამჩნევდი, რომ ლადოს ბავშვისადმი დამოკიდებულება მართლაც გულწრფელი იყო და მამაკაცი «კეთილი ძიას» როლს არ თამაშობდა.

ნუკრი და ნანა ერთი კვირის შემდეგ ვნახე. გულისამაჩუყებელი შეხვედრა გამოვიდა. თბილად შევხვდით ერთმანეთს. ერთ საათში მოვრჩით საბუთების გაფორმებას და მერე ცოტა წავუქეიფეთ. მიხაროდა, ასე რომ დამთავრდა ჩვენი «მორიგება». ქონება დავკარგე, მაგრამ უკეთესი «ქონება» შევიძინე - ჩემთვის ძვირფასი ადამიანები, რომლებიც პირველივე დღიდან შემიყვარდა, მაგრამ საკუთარ თავსაც ვერ ვუმხელდი ამას… ან ვერ ვგრძნობდი… ახლა კი ვიგრძენი და გული კმაყოფილებით ამევსო…

როზა ყოველდღე იკრებდა ძალებს, ყოველდღე ეტყობოდა უკეთესობა. აქ ყოფნა მშველისო, ამბობდა ხშირად, ამ სახლის კედლები ყველაზე კარგი წამალიაო ჩემთვის. სხვანაირად ვერც წარმომედგინა. ის ხომ წლობით ცხოვრობდა ლადოს გვერდით, ამ ოჯახში, ამ კედლებში. ამაში გასაკვირს ვერაფერს ვხედავდი.

სამაგიეროდ, მე მენატრებოდა ჩემი პატარა ბინა, ჩემი თავშესაფარი და ვოცნებობდი იმ დღის დადგომაზე, როცა შინ დაბრუნებას და რამდენიმე საათით მაინც განმარტოებას შევძლებდი. მინდოდა, ჩემს გემოზე მოვკალათებულიყავი ტელევიზორის წინ, ფეხები ჟურნალების მაგიდაზე შემომელაგებინა და მზესუმზირის კნატუნით შემექცია თავი, თან რომელიმე, თუნდაც უკვე მოყირჭებული მელოდრამისთვის მეყურებინა.

ამაზე ვოცნებობდი და ვერც წარმომედგინა, მოსალოდნელზე სწრაფად თუ ამიხდებოდა ეს ოცნება და რა შედეგამდე მიმიყვანდა იგი…

საღამო ხანი იყო. მე და როზა სამზარეულოში ვტრიალებდით. მისი რეცეპტით ნამცხვარს ვაცხობდი. როზა მკარნახობდა, მე ვაკეთებდი.

ამ დროს კარი გაიღო და ლადომ შემოყო თავი.

- ანა! - დამიძახა, - მობილური რატომ გაქვს გამორთული? ვიღაც ბიჭი გირეკავს, იქნებ გახვიდე ჩემს კაბინეტში და უპასუხო?

«საშკა!» - გამიელვა გონებაში და ხელ-ფეხი გამიცივდა…

არ მეგონა, იმ ყველაფრის შემდეგ საშკა კიდევ თუ გაბედავდა ჩემთან დალაპარაკებას. ისეთი აღრენილი ხმით ჩავძახე «ალო», რომ მე თვითონ გამიკვირდა. ჩემდა საბედნიეროდ, ნუკრი აღმოჩნდა.

- ანა, როგორ ხარ?

- კარგად, საყვარელო. რამე ხომ არ მოხდა?

- ისეთი არაფერი, უბრალოდ, შენი ნახვა მინდა, ერთი პატარა, არამშვიდობიანი საქმე მაქვს შენთან. როდის გნახო?

- სასწრაფოა რამე? კარგად ხართ?

- კარგად ვართ, კარგად. მითხარი, როდის გნახო და სად.

- მაშინ ცხრისთვის ჩემთან მოდი, შინ დაგხვდები, კარგი?

- კარგი, მოვალ.

შევფიქრიანდი. კიდევ რამე ხომ არ დარჩა გასარკვევი? განა რას უნდა ნიშნავდეს «არამშვიდობიანი საქმე»? ცოტა არ იყოს, უსიამოვნოდ გამკრა გულში.

- სახლში წასასვლელად ემზადები? - მომესმა უეცრად ზურგიდან ლადოს ხმა.

იმდენად არ ველოდი, ადგილზე შევხტი და, ყურმილი დავკიდე თუ არა, ნელა შემოვბრუნდი. მისი სახის გამომეტყველებიდან ძნელი სათქმელი იყო, ჩვენი საუბრის რა ნაწილი მოისმინა, მაგრამ დაძაბულობამ, რომელიც ყოველთვის მიპყრობდა მის დანახვაზე, ამჯერად ერთიანად მომიცვა. ცოტა არ იყოს, გავღიზიანდი.

- თქვენ რა, ყურს მიგდებდით? - უკმეხად ვკითხე.

- ვინ არის «საყვარელო»? - ჩემი შეკითხვა არად ჩააგდო მამაკაცმა და თავად დამისვა კითხვა.

კბილები ძლიერად დავაჭირე ერთმანეთს და ათამდე დავითვალე, რომ რამე საშინელება არ წამომცდენოდა. შემდეგ ორჯერ ღრმად ამოვისუნთქე და თითქმის დამშვიდებულმა ხმადაბლა მივუგე:

- მე მგონი, მაქვს უფლება, ერთი საათით გავიდე და ახლობელ ადამიანებს შევხვდე, - შეგნებულად არ ვუთხარი, ვის დაველაპარაკე.

- რა თქმა უნდა, გაქვს, თუ მხოლოდ ერთ საათზეა ლაპარაკი, - ყოველგვარი ირონიის გარეშე მომიგო.

- და ერთი ღამით რომ იყოს, არა? - შუბლი შევჭმუხნე, - მით უმეტეს, როზა დეიდა თავს მშვენივრად გრძნობს და ჩემი დახმარება აღარ სჭირდება.

- არც ამას გიშლის ვინმე. უბრალოდ, ისე ვიკითხე. შეგიძლია წახვიდე და, თუ საჭიროა, დარჩე კიდეც.

წამით დავიბენი. მეგონა, დამიშლიდა. მეტყოდა, ახლა მთელი ღამით წასვლა როგორ იქნება, აქ უამრავი საქმეა გასაკეთებელიო… დაკვირვებით შევხედე. რამდენჯერმე ჩრდილმა გადაურბინა სახეზე. ჩემთვის გაუგებარი მიზეზის გამო, რატომღაც, ამწუთას მტაცებელ ცხოველს მივამსგავსე, საიმედოდ ჩასაფრებული ნახტომისთვის რომ ემზადება. ბოლო ხანებში საკუთარ თავს ავუკრძალე ამ თემაზე ფანტაზიების აგება და ფიქრიც კი, თუმცა ახლა კვლავ ამომიტივტივდა. ისევ ხომ არ გაუჩნდა ჩემი საყვარლობის სურვილი? და თუკი გაუჩნდა, რატომ არაფერს მეუბნება? და თუ გადაუარა, რატომ მაკონტროლებს? სანამ სათანადო დასკვნებს გამოვიტანდი, ლადო კაბინეტიდან გავიდა და კარი უხმაუროდ გაიხურა.

ამოვიოხრე. ერთმანეთის საწინააღმდეგო აზრები მომდიოდა თავში. ვერა და ვერ გამოვიცანი, ბოლოს და ბოლოს, რა უნდოდა ამ კაცს ჩემგან. არც თავიდან მიშორებდა, არც ახლოს მიშვებდა. არადა, მოლოდინმა დამტანჯა. თვითონ არ ვიცოდი, რა მინდოდა. დათანხმებას არ ვაპირებდი, თუმცა გულის სიღრმეში ერთი სული მქონდა, როდის გაიმეორებდა თავის წინადადებას.

საღამომდე უაზროდ დავდიოდი აქეთ-იქით, გული ვერაფერს დავუდე. თან ნუკრის ნახვას ვეშურებოდი, რათა გამეგო, რა უნდოდა ჩემგან, თან ლადოზე ვფიქრობდი.

ერთი საათით ადრე მივედი სახლში, რამდენიმე ნაჭერი ნამცხვარი ვიყიდე, რომ მთლად ხელცარიელი არ დავხვედროდი ჩემს ახალშეძენილ ძმას.

სუფრა გავშალე, ხილი და კანფეტებიც შევმატე მაგიდას და საათს ავხედე. ნუკრი მთელი 40 წუთით იგვიანებდა. ცოტა არ იყოს, გამიკვირდა. თითქოს არ სჩვეოდა დაგვიანება. დრო გადიოდა, ის კი არ ჩანდა. კიდევ ცოტაც და ნერვული აშლილობის ზღვარზე დავდექი. რამდენჯერმე დავურეკე მობილურზე, მაგრამ გამუდმებით გამორთული ჰქონდა. ვიფიქრე, ნანასთან დავრეკავ-მეთქი, მაგრამ მაშინვე უკუვაგდე ეს აზრი, იქნებ რამე ისეთია, რასაც მას უმალავს და მხოლოდ მე მიზიარებს-მეთქი. სადღაც, გულის სიღრმეში, მესიამოვნა კიდეც, თუკი მართალი გამოვდგებოდი. ამასობაში შუაღამემ მოაღწია. მეტის მოთმენა არ შემეძლო. მისამართიც არ ვიცოდი, რომ სახლში ავდგომოდი, ნანასთან გასვლა კი საჭიროდ არ ჩავთვალე.

ორი საათი იყო დაწყებული, კარზე ფრთხილი კაკუნი რომ გაისმა. ფეხზე წამოვიჭერი და შეშლილივით გავვარდი ჰოლში…

ნუკრის სახე გაფითრებოდა.

- რა დაგემართა? - მე უარეს დღეში ჩავვარდი.

მოულოდნელად მის უკან კიდევ უფრო გაფითრებული ნანა შევნიშნე.

- მარტო ხარ? - ამოიხრიალა ნუკრიმ და შიგნით შემოსულმა ქურდულად მიმოიხედა ირგვლივ.

- ჰო, აბა, ამ დროს ვინ მეყოლება, - შეშინებულმა ამოვთქვი და ოთახში შევუძეხი ორივეს, - არ მეტყვით, რა ხდება?

- გეტყვით, სხვა რა გზა გვაქვს, - ამოოხვრით დაიწყო ჩემმა დამ და ხელები მუხლებზე დაიბჯინა, - ჩემი ქმარია დაჭერილი, - და თვალები აუცრემლიანდა.

- რას ამბობ! - შევიცხადე, - როდინდელი ამბავია? რატომ? - სიძე ნანახი არ მყავდა, მაგრამ ამას რა მნიშვნელობა ჰქონდა.

- რაღაც დარღვევა აღმოუჩინეს სამსახურში. რა თქმა უნდა, მისი ბრალი არ იყო, მაგრამ ახლა ხომ იცი, როგორი დროა, რასაც უნდათ, იმას დაგაბრალებენ.

- რას ჰქვია დაგაბრალებენ! - გავაპროტესტე.

- ანა, ძვირფასო, სხვა დროს მოგიყვები, ახლა ყოველი წამი ძვირფასია ჩვენთვის. როგორმე უნდა მოვაგროვოთ ფული, რომ პატიმრობიდან დავიხსნათ. უფრო სწორად, 6 თვეზე დავუყვანოთ სასჯელი.

- და რა უნდა გააკეთოთ?

- დღეს საპროცესო გარიგებას მოაწერა ხელი, აღიარა დანაშაული. სხვანაირად არაფერი გამოვიდოდა, 4-წლიანი მუხლი ემუქრებოდა. ზეგ სასამართლო პროცესია და 10 000 თუ არ შევიტანეთ, დაღუპულები ვართ.

- მაგრამ მე…

- ვიცი, რომ ამდენი არ გექნება და არც გთხოვ… 6 000 მოვაგროვეთ, 4 გვაკლდება. იქნებ გვაშოვნინო, პროცენტიანიც რომ იყოს, თანახმა ვარ. იმ სახლს სასწრაფოდ გავყიდი და დავაბრუნებ. ყველაფერს ნოტარიულად გავაფორმებ, გამქცევი არ ვარ, ხომ გჯერა?

შევწუხდი. სად უნდა მეშოვა ამხელა თანხა? ვისთვის უნდა მეთხოვა დახმარება?

- იმიტომ დაგვაგვიანდა, რომ შენი შეწუხება არ გვინდოდა. ვიფიქრე, მეგობრები და ახლობლები დამეხმარებიან და არ გამიჭირდება-მეთქი, მაგრამ მაინც ვერ მოგროვდა იმდენი, რამდენიც გვჭირდებოდა.

- დიდი ხანია, დაჭერილია?

- თვე გავიდა უკვე. შენ არ გითხარით, რა ვიცი… - თვალი ამარიდა ნანამ.

- გვეგონა, გაამართლებდნენ და გამოუშვებდნენ, იმიტომ არ გითხარით, - «გამოასწორა» ნუკრიმ დის ნათქვამი.

- და კიდევ… თუ ფულს არ მივიტანთ, ნუკრისაც დაიჭერენ. უბრალოდ, ამწუთას არაფერში სჭირდებათ მისი მხილება.

- ნუკრი? - თავზარი დამეცა, - შენ რა შუაში ხარ? - ნახევარძმას შევხედე, რომელსაც ქალივით ლამაზი სახე მიტკალივით გათეთრებოდა.

- ეს ისეთი ჩახლართული ისტორიაა… მე ხომ მათ სარეკლამო კლიპებს ვუკეთებდი… ზედმეტი თანხა იწერებოდა და მერე სხვანაირად ნაწილდებოდა… მე არაფერ შუაში ვარ… - მხრები აიწურა ბიჭმა, - მაგრამ თუ ბოლომდე ჩაეძიებიან ყველა წვრილმანს, მეც დამიჭერენ ამ ყველაფრის დამალვისთვის.

ამის გაგონებაზე გული ლამის გამისკდა. ნუკრი სიგიჟემდე მიყვარდა. დანახვისთანავე ვიგრძენი, როგორი ახლობელი იყო ჩემთვის, ნანაზე მეტად ახლობელი. მისი გულისთვის შეუძლებელს შევძლებდი, თუმცა… ცოტა არ იყოს, მაინც მეწყინა. აქამდე მიმალავდნენ, არაფერი მითხრეს და როცა გაუჭირდათ, მაშინ მომადგნენ. მაგრამ ახლა გაბუტვის დრო არ იყო. როგორმე უნდა დავხმარებოდი. რა თქმა უნდა, ვალდებული არ ვიყავი, მაგრამ მინდოდა ორივესთვის დამემტკიცებინა, რომ ჩემი არსებობა მათთვის სულაც არ იყო უმნიშვნელო, რომ მეც შემეძლო რაღაც და ჩემი შეძენით არაფერი წაუგიათ. აი, ამის დამტკიცება მინდოდა… თანაც, ძალიან, ძალიან…

- არ ვიცი, რა ვიღონო, - სასოწარკვეთილმა ხელები გავშალე.

- არავინ გეგულება, ფულს რომ აპროცენტებდეს? - გამიმეორა ნანამ.

- არა, არავინ, მაგრამ… მოვიფიქრებ რამეს, - წამით გონებაში ლადომ გაიელვა.

მას რომ ვთხოვო? ამხელა თანხა? მერე რა? გავისტუმრებ. თანაც, ცოტა მოგროვებული მაქვს, 1000 დოლარი მაინც მექნება…

- მიდი რა… და სიკვდილამდე ვალში ვიქნები შენთან, - ნიკაპი აუკანკალდა ნანას, - ვახოს გარეშე დავიღუპები, ბავშვებს რა ვუყო?

- კარგი, ნუ ტირი, მოვახერხებთ რამეს, - ნუკრიმ გულში ჩაიკრა ქალი და მე გადმომხედა.

მოულოდნელად რაღაც გამახსენდა. წამით თვალები დავხუჭე, როცა წარმოვიდგინე, რაც უნდა გამეკეთებინა, მაგრამ მაინც მტკიცედ მივიღე გადაწყვეტილება.

გაგრძელება იქნება