მარტივი ამბის რთული წვრილმანები - თავი 8 - Marao

მარტივი ამბის რთული წვრილმანები - თავი 8

2022-09-30 10:27:10+04:00


წინა თავი

ოდესმე გინატრიათ სულელად მომკვდარიყავით?!

ჰო...ბედნიერ სულელად.

მე ახლაც ვნატრობ...

კარგი უნდა ვყოფილიყავი, სამაგალითო, სამართლიანი, სხვისთვის ტკივილის მიყენება მიუტევებელი ცოდვა იყო, ერთ ლოყაში რომ შემომარტყამდნენ მეორე უნდა მიმეშვირა...მტერიც კი უნდა მყვარებოდა.

იმ უამრავი წირვა-ლოცვიდან, რომელსაც მუხლების ტკივილამდე ვუძლებდი და არ ვტოვებდი მგონი მხოლოდ ეს დამამახსოვრდა. ჰო, კიდევ პატივი უნდა მეცა უფროსებისთვის, დამეჯერებინა რაც არ უნდა ჩაეგონებინათ. უმაღლესში გარდაუვლად უნდა მესწავლა, აბა ოჯახში და სანათესაოში ასე იყო მიღებული... უნდა მებრძოლა, იმისთვის რომ ყველაზე უკეთესი ვერსია ვყოფილიყავი საკუთარი თავის. რომ სიჩუმეს ოქროს ფასი ჰქონდა, მაშინაც კი თუ ყელში უზარმაზარ ბურთებად გეჩხირებოდა სათქმელი... რომ ვინც მოითმენს ის მოიგებს... რომ დაუთვლელჯერ უნდა ზომო ვიდრე გაჭრი.

ასე გავიზარდე... განხილვა?! რა უფლება მქონდა?! იტქვა და მორჩა.

რა გამორჩათ?! ყველაფერი...

გამორჩათ, რომ ზოგჯერ ცუდი თუ არ ვიქნებოდი ცუდი ადამიანები აქეთ მატკენდნენ. რომ სამართლიანობა მხოლოდ სამართლიან ადამიანებთან ღირს. სიყვარული ლიმიტირებულად და დამსახურებულად უნდა გასცე, რომ წრფელი ღიმილი და თვალები ჩვენი წარმოსახვის ნაყოფია და ასე ადამიანი მანამდე გიყურებს ვიდრე სჭირდები.

რომ რასაცა გასცემ შენი აღარ არის, რომ ცხოვრების და სამართლის კანონები არ არსებობს, რომ ზედმეტი გადაყოლა ადამიანებზე ისეთივე დანაშაულია, როგორც ბოროტება, ოღონდ დანაშაული საკუთარი თავის მიმართ... რომ სიკეთის პასუხი აფსოლიტური უარყოფა შეიძლება იყოს. რომ თუ ვინმე ლოყაში შემოგარტყამს და მეორეს მიუშვერ შემდეგი აუცილებლად წიხლი იქნება. რომ ასჯერ მიტევებას კარგ ტონად არავინ გითვლის, ასეთ დროს ყველას ჰგონია რომ მაგრად ,,გაჭამა“ და კვლავ შეეცდება.

რომ სანამ შენ ზომავ სხვები ჭრიან და მერე შეგიძლია ის შენი უნფუნქციოდ დარჩენილი მაკრატელი, რომელიც აღარაფერში დაგჭირდება ერთ ადგილას გაიკეთო.

ყოველთვის თუ გაჩუმდები ზოგისთვის ეს მხოლოდ იმის მანიშნებელი იქნება, რომ ლაპარაკი არ შეგიძლია...

რომ ვინც მოითმენს მთელი ცხოვრება საკუთარი რიგის მოლოდინში იქნება.

და თუ სხვა არაფერი ის მაინც ეთქვა ვინმე დალოცვილს, რომ არსებობისთვის მთელი ცხოვრება ბრძოლა მომიწევდა, ეთქვა რომ დაბადებიდან ომში უნდა ჩავბმულიყავი მინდოდა თუ არა ეს, რომ ცხოვრების გზაზე ზურგიდან სულ მცირე ქვები მომხვდებოდა, ჰო, სწორედ იმ ადამიანებისგან ვინც მიყვარდა.

რომ საუკუნის მეოთხედი რომ მიიწურებოდა შუაგულ ბრძოლის ველზე აღმოვჩნდებოდი, სადაც მომიწევდა უამრავი ჭრილობის ატანა თვითდამკვიდრებისთვის და ათასი სისულელისთვის, რომელიც საბოლოოდ სხვების აპლოდისმენტებს მომიტანდა და მეტს არაფერს...

რომ სასრული ყველაფერს აქვს და რასაც არ უნდა შეეჭიდო წინასწარ უნდა გქონდეს გააზრებული, რომ შესაძლოა ყველაზე არახელსაყრელ მომენტში გამოგეცალოს.

რომ საკუთარ ინტერესებზე წინ არასდროს უნდა დააყენო სხვისი, და სულერთია ეს სხვა ვინ არის ან რას წარმოადგენს.

რისი ცოდნა იქნებოდა საკმარისი?!

ბრძოლა ნამდვილად ღირდა, არა სახელისთვის, არა სხვებისთვის, არა ფულისთვის, არა მეგობრებისთვის ან სიყვარულისთვის... საკუთარი ბედნიერებისთვის, სულერთია რაში ვხედავდი ამ ბედნიერებას... და თუ ყველაფერი დათვლილია, ზოგისთვის დრო 12 675 დღეს ითვლის, ზოგისთვის 158 782, რაღა მნიშვნელობა აქვს ამ სასრულთან აპლოდისმენტებით მიგვაცილებს ვინმე თუ სრულ სიჩუმეში...

ისინი ახლაც იტყვიან რომ აქვს. მე კიდევ სადღაც შუაში ვარ გახიდული, ჩემს აღმოჩენებსა და სხვების ჩაწოდებულ აზრებს შორის, ხანდახან ისევ მგონია რომ რაღაც ასაკში ძალიან ბედნიერები მხოლოდ სულელები არიან, იმიტომ რომ ასე ამბობდნენ ხოლმე, მაგრამ მე ხომ სულელი არ უნდა ვიყო, ანუ არც ბედნიერი გადაჭარბებულად...

ისიც მგონია, როცა ამდენი უბედურია დედამიწაზე შენ ზომიერად ბედნიერი უნდა იყო მაქსიმუმ და არა უზომოდ. არადა ზოგჯერ ხომ ვარ... აი , ზუსტად მაგ მომენტში მახსენდება ეს მრავალგზის ჩაბეჭდილი თეორია და მრცხვენია, საკუთარი ბედნიერების მრცხვენია, იმიტომ რომ ჩემში არსებულ მოზარდს ზუსტად ახსოვს, მთავარია აპლოდისმენტები, სხვისი აზრი და დიახ, გადამეტებული არც ბედნიერება ვარგა, რადგან ძალიან ბედნიერები მხოლოდ სულელები არიან.

ოდესმე გინატრიათ სულელად ყოფნა?! უდარდელ სულელად.

მე ახლაც ვნატრობ...

****

ვერ ვიტანდი თავს რომ უიღბლოდ და იმედგაცრუებულად ვგრძნობდი, ზოგჯერ იმის გამო როგორიც ვიყავი და ზოგჯერ ირაკლის გამო. მეტი დრო, მეტი ემოცია, მეტი სიყვარული მჭირდებოდა. ურთიერთობის დასაწყისში სხვაგვარად იყო, მერე თითქოს შეიცვალა ყველაფერი, მეც ზოგჯერ თავს ვიტუქსავდი, მის დადებით თვისებებზე ვამახვილებდი ყურადღებას, ზოგჯერ ვცდილობდი მშვიდად გვესაუბრა, ზოგჯერ ალბათ ზედმეტიც მომდიოდა, ან იქნებ სულაც არა, ეგეც არ ვიცი დაბეჯითებით...ზოგჯერ მედავებოდა, მეუბნებოდა რომ ძალიანაც ვუყვარდი, უბრალოდ ლექსები და ყვავილები მისი სტილი არ იყო, რომ საკმარისად გამოხატავდა...იმასაც ამბობდა რომ დედამისის გამო დიდი სტრესი ჰქონდა მუდმივად, რომ რაღაც ასაკში ემოციები გვერდით რომ არ გადაედო თავს დაირუპავდა, რომ ასე ჰქონდა ნასწავლი და გამომუშავებული...

ზოგჯერ ალბათ იღლებოდა და ხმას არ იღებდა, მერე ერთი კვირა თავს ძალას ატანდა ისე მოქცეულიყო როგორც ვთხოვდი და მერე ყველაფერი ძველ კალაპოტს უბრუნდებოდა. ვიცოდი რომ ასეთი პიროვნება იყო, ინდივიდი... ან თავს ვაჯერებდი რომ ნებისმიერ სხვა ქალთანაც ასეთი იქნებოდა... ისე რას არ გავიღებდი რომ ეგ მენახა...

სამსახურისკენ მიმავალ გზაზე გავაცნობიერე რომ დიდი ხანია ასეთ მხიარულ ნოტაზე არ ვყოფილვარ და კი, ეს ძალიან კარგი იყო, მაგრამ ყოველ ჯერზე როცა ამას გავიფიქრებდი მეორე მე საიდანღაც ჩამძახოდა: ,,ნეტა რა გიხარია?! მიმოიხედე რამდენი წარმატებული ადამიანია, რამდენს აქვს შენს ასაკში დიადი მიღწევები...უზარმაზრი შემოსავალი..." ის რომ მონოლოგს დაასრულებდა საკუთარ თავს შეკითხვას ვუსვამდი ბედნიერი ვიყავი თუ დებილი?!

მაგრამ კონტრარგუმენტებით ჩემი პირველი მე მაშინვე სიტყვით გამოდიოდა, თუკი ბედნიერება წარმატება და ფულია მხოლოდ, მაშინ რატომ დაასრულა უამრავმა ცნობილმა, რეალიზებულმა, და მდიდარმა პიროვნებამ ცხოვრება სუიციდით...

ჰოდა დიახაც... სამსახურში მისვლამდე ჩემი მეორე მე თავის ადგილზე მოვსვი, მე ვარ წარუმატებელი, უფულო, დამლაგებელი და ბედნიერი ქალი, დაე ჩემზე უკეთესებს შეშურდეთ რომ მიყვარს ასეთი ცხოვრება და ამ მდგომარეობაშიც ძალიან ბედნიერი ვარ... ბედნიერად ყოფნაც ნიჭია... ზოგს ყველაფერი აქვს მაგრამ უბედურია, ზოგს მეტი უნდა და ამისთვის ბრძოლაში ცხოვრების საუკეთესო წლებს ისე ატარებს დაგროვილი ქონების და ფულის გამოყენების დრო რომ დგება ის ასაკი აღარ აქვს რამე ეხალისებოდეს... ყველაზე უარესი ის არის თუ ვიღაცამ ცხოვრება დაგროვებაში გაფლანგა და ერთ დღეს გადაბრუნდა და მოკვდა... მაგრამ ამაზე უარესი, თუ მის გაზულუქებულ შთამომავლობას უნარი შესწევს ერთ თვეში გაანიავოს ვიღაცის ოფლით და ნერვიულობით ნაგროვები... ჰოდა მშვენიერი ცხოვრება მაქვს, იმაზე მაინც აღარ ვიდარდებ თუ გადავბრუნდი და მოვკვდი, რომ ვინმე რამეს გაანიავებს, რაც არ მაქვს ვინ რა უნდა გაანიავოს.

სამსახურში ენერგიულად ვიმუშავე, სალომე თავისი შვილის დაბადებისდღეზე გავუშვი შუადღის მერე და ოთხი ჭიქა ყავაც მოვასწარი. მთელი დღე გამყვა ის განწყობა რაც დილით შევუქმენი საკუთარ თავს.

ბოლო ჭიქა კოფეინი რომ გადავუძახე მუცელში ტელეფონმა დარეკა, ჯერ ინსტიქტურად სამსახურისას დავტაცე ხელი, მერე გამახსენდა საკუთარიც რომ მქონდა.

_მართა, ცუდ დროს ხომ არ ვრეკავ?

_არა, რომელი ხარ?

შეყოვნდა ჯერ, რამდენიემწამიანი პაუზა გააკეთა და მერე განაგრძო.

_ალექსანდრე ვარ, თუ გცალია და თუ შეგიძლია დამეხმარო?

_რაში?

_ცუდად გავხდი...

დავდუმდი, უცაბედმა შიშმა და ემოციამ მთელ სხეულში ჭიანჭველებივით დამიარა.

_რა დაგემართა?

_კუჭის შეტევა მაქვს, წამალზე ვერ ჩავდივარ, სოდაც კი არ მაქვს რომ ეს ტკივილები მოვიხსნა, ორად ვარ მოკეცილი არ მინდა შუა ქუჩაში გადავვარდე, სოდა ამომიტანე და ორი წამალი... თუ შეგიძლია და თუ შენს საქმეს არ გააფუჭებს შენი ჩემთან ამოსვლა.

_ოცი წუთი მაინც დამჭირდება, სასწრაფოს...

_ოღონდ ექიმები აღარ... _სიტყვა გამაწყვეტინა.

_იქნებ წყლული გაგისკდა?!

_არ მაქვს წყლული...

არგუმენტები გამომელია, გავთიშე ტელეფონი და ქვემოთ ჩავირბინე, გაღიზიანებული ვიყავი რომ მაინცდამაინც ჩემი მისახედი იყო, არ მჯეროდა რომ სულ არავინ არ ჰყავდა, ამის დაჯერება როგორ შეიძლებოდა?!

გზად ახლა იმაზე გადავცეცხლდი უარი რომ ვერ ვუთხარი, პირდაპირ კუთხეში მიმიმწყვდია... იცით რომ ერთერთი უმნიშვნელოვანესი უნარი ადამაინის არის უარის თქმის უნარი, რომელიც მე სხვა დანარჩენი უნარებივით არ გამაჩნია. მერე ვზივარ და ამ უნარის არქონის გამო ცოცხლად დავტირი საკუთარ თავს.

წამლები ვიყიდე და რომ მივედი სიურპრიზად ლიფტი დამხვდა გაფუჭებული, სადარბაზოს წინ შეკრება მოეწყო სამეზობლოს, ის პუტკუნა ქერა ქალიც ამ რამდენიმე დღის უკან არასასურველი იარლიყი რომ დაუმსახურებლად მომაწება იქ იდგა და მივუახლოვდი თუ არა შესასვლელს რენდგენივით გამატარა თვალში, მომეჩვენა თუ საზიზღრად მიყურებდა არ ვიცი, მაგრამ დილანდელი თვითშეფასება და ამაღლებული განწყობა ერთი შემოხედვით ძირს დაანარცხა.

კარი ფრთხილად შევხსენი და მისაღებში შევიხედე, დივანზე იწვა, მოკუნტული... ჯერ წინ ჩამოვუჯექი, შემომხედა და კიდევ ერთხელ მომიბოდიშა. წამლები დავალევინე, სოდა წყალში გავუხსენი და თავთან დავუდგი, მინერალური წყალი ჭიქაში ჩამოვასხი და უხერხულობის განსამუხტად კოვზით დავიწყე გაზის გაცლა.

ზუსტად იმ დროს, როცა არავისთვის მინდოდა გამენდო სად ვიყავი მამაჩემმა დამირეკა, ზოგადად წელიწადში ერთხელ მირეკავს და ჩემი ნომერი საერთოდ უწერია თუ არა ეგეც საკითხავია...მაგრამ აი, ახლა დარეკა. ერთ წამში გავაანალიზე სადაც ვიყავი რომ ვერანაირად ვერ ავუხსნიდი და პირდაპირ ტყუილის სათქმელად მოვემზადე.

ოთახიდან გასვლა არც მიფიქრია, დაე ეგრძნო თავი უხერხულად, იქნებ ამას მაინც დაეფასებინა ჩემი თავგანწირვა.

_სტუმრები მოვიდნენ და შენ სად ხარ? _პირდაპირ საქმეზე გადავიდა.

_სამსახურის საქმეზე ვარ მამა, დავასრულებ თუ არა წამოვალ. _ისე ვიცრუე მიმიკა არ შემრყევია. ალექსანდრემ ამომხედა და გაეცინა.

_შენს ძმას დაურეკე და წამოიყვანე სახლში, შეურაწყოფილი შვილის როლიდან ვეღარ გამოვა ვინმემ თუ არ შეახსენა, რომ სპექტაკლი დიდი ხნის წინ დასრულდა და შენი და დედაშენის აპლოდისმენტები დაუმსახურებლად დაიმსახურა უკვე.

_კარგი მამა. _მოკლედ მოვუჭერი და გავუთიშე.

_რამდენი წლის ხარ მამას რომ ატყუებ? _სახიდან კუჭის ტკივილით მოგვრილი სასოწარკვეთა გადაიწმინდა და შემომცინა.

_რა მეთქვა, ვისთან ვარ მეთქი?! _წარბები ავზიდე და თვალები მრავალმნისვნელოვნად ავატრიალე.

_ჰო...ეგ რთული ასახსნელი იქნებოდა.

_კიდევ უფრო რთულია როცა საქმრო გყავს... _ვთქვი და ერთმა ფრაზამ სიამაყე შემმატა, იმ წუთას რაზე ვფიქრობდი და ამის თქმა რაში დამჭირდა არ ვიცი... უფროსწორად რომ არ დამჭირვებია და მაინც განვაცხადე ალბათ ეს მესიამოვნა.

დივანზე წამოჯდა და სოდიანი წყალი მოსვა.

_ანუ საქმრო გყავს?

_კი...გერმანიაშია.

_გერმანელი კაცი სად იპოვე?

_ქართველია, სწავლობს...

_ანუ ნამდვილად პრობლემები შეგიქმენი... აქ რომ ამოგიყვანე.

_არა, თუ გამოკეთდები გამეხარდება...ვინერვიულე რომ დამირეკე.

ხომ არსებობს სიტყვები... გაუაზრებლად წამოცდენილი, აი საერთოდ რომ არ ფიქრობ თქმას და გეთქმევინება, ეს უკანასკნელი სწორედ ასეთი იყო... მერე ასეთ სიტყვებს აუარება გართულება რომ მოჰყვება, ვიღაცას რომ შეუძლია შენი ქვემიზნების შესახებ ეჭვი აიღოს, რომლებიც რეალურად არ გაქვს და უბრალოდ დაახეთქე...

სიტყვებს შეუძლიათ აგვაფრინონ და ზოგჯერ იმავე სიტყვებს შეუძლიათ მიწაზე გვაფორთხიალონ, სიტყვებს გაფრთხილება სჭირდება, დროის ანალოგია... უკან ვეღარცერთს დააბრუნებ, ვერც შინაარს შეუცვლი ისე როგორც წარსულს ვერ შეცვლი, და ზოგჯერ ინვესტიციაა მომავალში ჩადებული.... ვთქვი თუ არა ვინანე და თავი დავხარე, არ ვიცი რატომ ვახსენე, იქნებ იმიტომ რომ სინდისის ქენჯნამ შემიპყრო, ჰო, იმის გამო რომ მთელი გზა ცოფი ვყარე რომ დავთანხმდი მკურნალ ანგელოზად ყოფნას,ან იქნებ იმიტომ, რომ იმხელა მადლიერებას გამოხატავდა სხვანაირად არ შემეძლო... რომ არ უნდა მეთქვა ეგ დანამდვილებით ვიცი.

_კუჭი რამ აგატკია? _ვეცადე თემა შემეცვალა, იქნებ დავიწყებოდა რაც ვთქვი.

_არ ვიცი, ოპერაციის მერე დიეტა მქონდა დანიშნული და ,,დავიკიდე".

_არაყს სვამ? _რა ჯანდაბამ გამათამამა?!...

_არა... _სახე შეეცვალა. _კი, ზოგჯერ. _გადაიფიქრა ბოლოს, სავარაუდოთ გაახსენდა რომ თავის დამლაგებელს ესაუბრებოდა. ზოგადად დამლაგებელი საშიში პერსონაა, შენი საცვლების ფერიდან დაწყებული კვების რაციონით დამთავრებული ყველაფერზე ფლობს ინფორმაციას, იმაზეც კი სანაგვეში რას ყრი ანუ რა მოიხმარე და იმაზეც ბინძური და საძაგელი ხარ თუ ისე რა...

_პრობლემები გაქვს?

_ცოტ_ცოტა. _ისევ შემომცინა.

_თუ გინდა ,,ცოტ" მითხარი. თუ დაგეხმარება რაიმეში...

_რატო არ გეზარება ჩემი პრობლემების მოსმენა?!

_რავიცი, რას ვაკეთებთ? თუ გინდა გამორიცხვის მეთოდით ვცდი... თუ დაწყება გიჭირს.

_მიდი აბა... _გახალისდა და წინ წამოიწია, თამაშის აზრმა მოხიბლა აშკარად. სოდიანი წყალი ერთბაშად გადაჰკრა,მერე ხელები შეკრა, ფეხებს შუა ჩაკიდა და სახეზე მომაშტერდა. შუბლი მოვიფხანე, ვცდილობდი არეულ ტვინში აზრები კორექტულად დამელაგებინა.

_მმმმ... სასოწარკვეთილი და ხელმოცარული ხელოვანი ხარ. _სიტყვა დასრულებული არ მქონდა რომ დივანზე გადაკოტრიალდა და ხარხარი დაიწყო, არაფერი ეტყობოდა კუჭის შეტევა რომ ჰქონდა. ცრემლებს იმშრალებდა და წამოდგომას ცდილობდა, მერე ცოტა დამშვიდდა და მიპასუხა.

_გამორიცხე... მაგრამ, რომ ვყოფილიყავი ნამდვილად მეწყინებოდა ასეთი პირდაპირობა.

_არა! ვერ გამოვრიცხავ. _გავჯიუტდი. ისევ იცინა და რომ დაასრულა სერიოზული სახე მიიღო, ცდილობდა დავერწმუნებინე რომ ნამდვილად შევცდი. და რომ ჩემს ,,გამოცნობანას“ სერიოზულად ეკიდებოდა.

_ჩემმა დასაკრავმა ინსტრუმენტმა და ჯონ ლენონის ფირფიტამ მცდარ გზაზე დაგაყენა.

_ანუ შენია ეგ ინსტრუმენტი, მაგრამ არ უკრავ,დეკორაციაა...

_მოყვარული ვარ... თვითნასწავლი, ჰობია... განაგრძე აბა.

_კარიერული კრახი...

_ნაწილობრივ, და უამრავჯერ... მაგრამ ახლა ეგ ნაკლებად მადარდებს.

_არ მითხრა რომ საზღვარგარეთ წასული დედა გინახავს.

_არა, საკუთარ თავს ვინახავ... ძალიან გთხოვ ფაქტებს და ხელშეკრულებებს ნუ მომთხოვ, სიტყვაზე მენდე.

_აჰააა.... _შევყოვნდი, ცხადია შეტევაზე უნდა გადავსულიყავი, თუ კარიერული და პროფესიული კრახი გამოირიცხა პირადი ცხოვრებაღა დარჩა.

_მოგატოვა... ქალმა.

_კაცმა. _თვალებში ჩამხედა და გაშეშდა.

_ჯანდაბა... _ტუჩებთან მოდენილი ნერწყვი ის იყო დაღებული პირიდან წამომივიდოდა რომ შევიბრუნე და ძლივს გადავყლაპე. რისთვის ამოვედი?! ვართობდი, აშკარად აღარც კუჭი ახსოვდა არც ტკივილები და სნებოვნება. სიცილის ახალმა ტალღამ გადაუარა და ისე ხარხარებდა უნებლიეთ ამიყოლა.

_ეს მომენტი უნდა გენახა, თვალები რამხელა გაგიხდა, რა იყო ჰომოფობი ხარ?

_რა სისულელეა, უბრალოდ კაცები თავისავე სქესის მიმართ ინტერესს მალავენ ყოველთვის, აღიარებამ გამაოცა...

_ბევრი რომ არ გაწვალო და გაგაბრაზო მოკლედ გეტყვი... გამოვექეცი... ქალსაც და საკუთარ თავსაც.

_საკუთარ თავთან გაქცევა არ გამოდის.

_მე ახლა გაქცეული ვარ..

_არაყს თუ სვამ ყოველდღე იქნები სამუდამოდ გაქცეული, რეალობიდან და ცხოვრებიდან.

_ასეთ იმედგადაწურულ ლოთად იმ რამოდენიმე ბოთლი არყის გამო შემრაცხე?

_ერთი ნაოპერაციები კაცისთვის დიდი დოზაა რაღა დაგიმალო.

_მართალი ხარ...გეთანხმები.

_რას აპირებ, ასე უნდა იცხოვრო? მიმალვაში...

_ცუდად არ ვარ, მოლოდინების და იმედგაცრუებების გარეშე ვცხოვრობ...

_მარტო არ გწყინდება?

_მივდივარ ხოლმე...მეგობრებს ვხვდები, ზოგჯერ მათთან ვრჩები.

_რა დააშავა... იმან? _სიტყვებს ვარჩევდი, არ მინდოდა დაკითხვაზე ჰგონებოდა თავი.

_არაფერი, საერთოდ, არც დააშავა, არც არ დააშავა...მთელი პრობლემაც ეგ იყო მგონი, ის არ ვიცი რამდენად აშავებდა, მაგრამ მე დაშავებული გადმოვიხვეწე.

_შეყვარებულის გამო აიბარგე საკუთარი სახლიდან?

_ცოლის... _მოკლედ მომიჭრა და ყურადღებით ამათვალიერა.

დამცხა, ანუ მე ახლა ცოლიანი კაცის სახლში არხეინად ვიჯექი და ვემასლაათებოდი, ვართობდი და მისი მკურნალობაც ვითავე, ხომ შეიძლებოდა სიურპრიზად თავზე წამდგომოდა და ნეხვი მიესვმოესვა ჩემთვის სახეზე, მერე რას დავაჯერებდი რომ ის ქალი ვიყავი ნამდვილად, ვისაც მისი ყველა საცვალი ჰქონდა გარეცხილ-გაფენილი, მაგრამ ეს მაინც არ იყო ის რაც მას ეგონა. ვიგრძენი რომ ფიქრებში წასვლა და გარინდება ცოტა ზედმეტი მომივიდა, მაკვირდებოდა თუ ისეთივე ეფექტი ჰქონდა მის ნათქვამს - როგორიც ჩემი ,,საქმრო მყავს" იყო.

შიომ რომ დაიწყო რეკვა მერე წამოვხტი, ცუდად დაემთხვა, არ მინდოდა ეფიქრა რომ ჩემზე რაიმე გავლენა ჰქონდა იმ ფაქტს ის დაოჯახებული იყო თუ დასაოჯახებელი... ამიტომ ტუჩები გადავწელე მაქსიმალურად და შევცინე.

_სტუმრები მყავს ალექსანდრე, გავალ თორემ აღარასდროს დადუმდება ჩემი ტელეფონი, თუ თავი ისევ ცუდად იგრძენი იქნებ გამოიძახო სასწრაფო, რამე სერიოზული არ გჭირდეს...

წამოდგა, გასაცილებლად მოემზადა, მადლობა გადამიხადა და კარამდე მომყვა, ლიფტზე რომ ვუთხარი კიდევ ერთი ბოდიში მოაყოლა და დამემშვიდობა.

გაგრძელება იქნება