ოცნება ავსტრალია - თავი 15: ელდა - Marao

ოცნება ავსტრალია - თავი 15: ელდა

2023-02-28 10:34:59+04:00


ელდა

მაფია, ასევე ცნობილი ,,კოზა ნოსტრა“, ითარგმნება, როგორც ,,ჩვენი საიდუმლო“, განთქმული იტალიური კრიმინალური საიდუმლო საზოგადოებაა. ჩამოყალიბდა მეცხრამეტე საუკუნის შუა წლებში სიცილიაში. ემიგრაციის გამო მისი განშტოებები ამერიკის შეერთებული შტატების აღმოსავლეთით და ავსტრალიის ტერიტორიაზეც აღმოცენდა. მათი ,,საქმიანობის“ ძირითად სფეროს ნარკოტიკებითა და ადამიანებით ვაჭრობა, კაზინო და ფეხბურთი შეადგენდა. სწრაფად გადგმულმა ფესვებმა საკმაოდ ღრმად შეაღწია სამივე ქვეყნის მმართველ ორგანოებში. ამერიკის გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) ინფორმაციით, დღეს მაფია 25 ათასი წევრისგან შედგება, მათთან დაკავშირებული ადამიანების რიცხვი, მსოფლიოს მასშტაბით კი, დაახლოებით 250 ათასია. ისინი საკუთარ თავს ოჯახს უწოდებენ და ოჯახის მამას - ,,დონს“. მეორე საფეხურს დონის მრჩეველი იკავებს. მესამე პოზიციაზე კი ბოსი იმყოფება. ეს უკანასკნელი იკავებს მმართველის ადგილს იმ შემთხვევაში, თუ დონს დააკავებენ ან გარდაიცვლება.

ბოსი, საყურიანის მიერ წამოცდენილ სიტყვებს თუ გავიხსენებ, უკვე დონი, მტაცებლის ნაბიჯით მიახლოვდება, ნელა და უხმოდ, იმ სიფრთხილით, როცა არ გინდა მსხვერპლი დააფრთხო. მის მოძრაობაში ერთდროულად თავდაჯერებულობა, სიმტკიცე და ყველაფრის ფლობის შეგრძნებისგან მინიჭებული სიამოვნება გამოსჭვივის. ალბათ, ასე გამოიყურებოდნენ წინა საუკუნეების პრინცესები, მშობლების ნებიერები, რომელთაც დაბადებიდან ყველაფრის უფლება ჰქონდათ. თავი სამყაროს ბატონ-პატრონებად მიაჩნდათ და მწარედ აზღვევინებდნენ მას, ვინც ამაში ეჭვს ოდნავ მაინც შეიტანდა.

თვალს თვალში უგრძნობლად და უემოციოდ ვუყრი. აქამდე თუ ვცდილობდი დაუმარცხებლის მზერა მქონოდა, ახლა სულ არ მადარდებს, ჩემზე რას იფიქრებს. თავადაც კარგად მოეხსენება , რომ ვეღარსად წავუვალ, აღარც მე ვიბრძვი, საწინააღმდეგო დავუმტკიცო. ჩემ წინ ჩერდება და ხელებს მკერდზე იჯვარედინებს. მცირე ხანს მიყურებს, შემდეგ კი მის ხმას პირველად ვისმენ.

- რატომ შენ? - ჩემთვის სრულიად გაუგებარ კითხვას სვამს, ამიტომ ხმას არ ვიღებ და უბრალოდ ვუყურებ. ლამაზი ნამდვილადაა, ამის აღიარება რთული სულაც არაა. ხვდება, რომ პასუხის გაცემას არ ვაპირებ და კითხვას ამჯერად განმარტებას აყოლებს.

- რატომ ჩაიგდო მარკომ შენ გამო საფრთხეში თავი? ვინ ხარ და საიდან იცნობ მას? - ... და თითქოს არსაიდან, მარკოს ამ დრომდე გაურკვეველი სიტყვები ჩამესმა: ,,მაპატიე", ,,ორმაგი სამიზნე" ...ყველაფერი ერთბაშად განათდა... ისეთი შეგრძნება დამეუფლა, თითქოს უკუნეთ სიბნელეში გაკაშკაშებული ოთახების კარები რიგრიგობით შევხსენი. კითხვას, რომელიც ამდენ ხანს მაწუხებდა, ერთი წინადადებით გაეცა პასუხი. გამოცანის ცალკეული ნაწილები თავ-თავის ადგილას დადგა და რატომღაც შვებითაც კი ამოვისუნთქე. ახლა ის მაინც შემიძლია ავხსნა, რატომ მდევნიდა ეს ბოროტმოქმედი მთელი ეს დრო; რატომ დებდა უშურველად ამხელა რესურსს ჩემზე ნადირობაში;

რატომ ედგა თვალებში ხელშესახები სიძულვილი ჩემი დანახვისას და რატომ უჩნდებოდა ასეთი სიხარული დამცირებულისა და დატყვევებულის ყურებისას. ის უბრალოდ, შეყვარებული იყო მარკოზე და ახლა კითხვებზე პასუხების მიღებას ცდილობდა. თავი მის ადგილას წარმოვიდგინე და სულაც არ გამჭირვებია იმის გაცნობიერება, ახლა რასაც განიცდიდა. ლამაზი ქალი, მძლავრი დაჯგუფების თავკაცი, რომელსაც მთელი თუ არა, ნახევარი კონტინენტი მაინც ხელში ეკავა. ქალი, რომელსაც ფინანსური და მყარი მდგომარეობა აძლევდა იმის საშუალებას, რომ ყველაფერი მიეღო რასაც მოისურვებდა, ვიღაც არარაობის, არსაიდან მოსული ჩვეულებრივი გოგოს გამო მიატოვეს. მან ჩემ გამო საყვარელი ადამიანი დაკარგა და ახლა მეტოქის დასჯის სურვილით იწვოდა. დასაწყისში დაჯგუფებისთვის ერთ-ერთი მორიგი მსხვერპლი ვიყავი და მხოლოდ მარკოს ჩარევის შემდეგ ვიქეცი პრიორიტეტად, დევნის ორმაგ ობიექტად.

მისი მოტივი ცხადზე ცხადი გახდა, თუმცა მარკოს ასეთი თავგანწირული მცდელობა ჩემი გადარჩენისა, კვლავ ბურუსით იყო მოცული. ვერც კი ვხვდებოდი რა პასუხი უნდა დამებრუნებინა, რისი მოსმენა უნდოდა. სიმართლის თქმა ისეთივე სისულელე იყო, როგორც საკუთარ თავთან იმის მტკიცება, რომ ავსტრალიაში მარკოს გამო ჩამოვედი. ეს მარტო მე ვიცოდი, მას კი სხვა პასუხები სჭირდებოდა, უფრო დამაჯერებელი. ისევ გაჩუმება ვამჯობინე, ნებისმიერ შემთხვევაში სიკვდილი მელოდა. მის სასჯელად კი, ყველა ჩადენილი ბოროტებისთვის, გაუცემელი პასუხებიც კმაროდა. სამაგიეროს გადახდის ამ მცირე მცდელობამ საოცარი სიმშვიდე მომგვარა, უმნიშვნელო, მაგრამ ეფექტურ და ამ სიტუაციაში ყველაზე შესაძლებელ ხერხად მომეჩვენა. ენერგია დავძაბე, ვეცადე, სულიერად ოდნავ მაინც შევმზადებულიყავი იმისთვის, რაც მელოდა. კარგი რომ არაფერი, ეს დანამდვილებით ვიცოდი.

ქალის სახეზე გაელვებულმა ბოროტმა ღიმილმა მხედველობა დამისერა. იმ წუთას მხოლოდ ის გავიფიქრე, რაოდენ არ შვენოდა მის საოცრად ლამაზ სახეს ეს გესლიანი გამომეტყველება. კიდევ ერთხელ ნიშნისმოგებით გადმომხედა, მცველებს რაღაც ანიშნა და სათავსო ქუსლების კაკუნით დატოვა. ერთ-ერთი მათგანი მომიახლოვდა, მკლავში ხელი ჩამავლო და ფეხზე უხეშად წამომაგდო. მეორემ სკამი ამაცალა, კედელთან მიდგა და კარის გვერდით დამონტაჟებულ ღილაკს შეეხო. ჩემ თავს ზემოთ რაღაცამ გაიჭრიალა და მაღლა ახედვა მაიძულა. რკინის მსხვილი კაუჭი ჭერიდან იატაკისკენ ნელ-ნელა ეშვებოდა. ხელები სქელი, ტყავის ხელბორკილით შემიკრეს, რომლებიც ერთმანეთთან ორი მტკაველის სიგრძის ჯაჭვით იყო დაკავშირებული. ჯაჭვს ხელი მოჰკიდეს და კაუჭზე მიმამაგრეს. იმავე ღილაკზე ზემოქმედებით, მეტალი კვლავ ჭერისკენ დაიძრა და მეც თან გამიყოლა. ჰაერში გამოკიდებული აღმოვჩნდი და ფეხები უმწეოდ გავიქნიე. ამჯერად მათ გაეცინათ და დონის მიერ დასმული კითხვა გამიმეორეს. გულდასმით განმიმარტეს რომ ასეთ მდგომარეობაში იქამდე დავყოფდი, სანამ პასუხის გაცემას არ ვიკადრებდი და მარტო დამტოვეს.

საგონებელში ჩავვარდი. ამ ყოფაში, ჩემი დაწრეტილი სხეულით, დიდხანს ვერ გავძლებდი, ისინი კი დანებებას აშკარად არ აპირებდნენ. გამოსავალი მხოლოდ ერთი მქონდა, მე უნდა დავნებებულიყავი. ვიცოდი, დასასრული არ შეიცვლებოდა და ისეთი ისტორია მაინც უნდა მომეგონებინა, რომ გამწარებულ ქალს ემოციები ვერ შეეკავებინა და მყისიერად მოვეკალი. ასე ტანჯვას მაინც ავცდებოდი. დრო გადიოდა, თუმცა თავში არანაირი აზრი არ მომდიოდა, ამასობაში კი ჩემმა დაჭიმულმა მკლავებმა დაბუჟება დაიწყეს. ჭერისკენ ავიხედე, მტევნებით მაჯებზე მიმაგრებულ ჯაჭვს ჩავებღაუჭე, საკუთარი სხეულის წონა მოვსინჯე და ზემოთ ავიზიდე. ოპერაციის შემდგომმა დიეტამ საკმაოდ დამასუსტა და რამდენიმე კილოგრამი მომაკლო. ამიტომ გაჭირვებით, მაგრამ ჩემდა გასაკვირად, მაინც გამომივიდა. კიდევ უფრო ავიწიე, ამჯერად კაუჭს ჩავებღაუჭე, ჯერ მარცხენა ხელი გადავატარე, შემდეგ მარჯვენა და იატაკზე ჩამოვხტი. გადარჩენის იმედი და ბრძოლის სურვილი იმდენად მქონდა დაკარგული, რომ ამ მცირე გამარჯვებამ სიხარულიც კი არ მომგვარა. თითქოს არც მჯეროდა, რომ ასე მარტივად დავიხსენი თავი. ასეც იყო, დარწმუნებული ვიყავი, რაღაც გამოცდას მიწყობდნენ, მე გავიქცეოდი, მაგრამ შორს მაინც ვერ წავიდოდი, მალევე დამიჭერდენ და უკან დამაბრუნებდნენ, მხოლოდ ცოტას გავახალისებდი, მათ მონადირულ სურვილებს კიდევ ერთხელ დავაკმაყოფილებდი. ან აინტერესებდათ, რას მოვიმოქმედებდი, ან უბრალოდ ვერ გათვალეს, რომ დასუსტებული თავის დახსნას შევძლებდი. მიზეზი სულერთი იყო, სიტუაცია თავად მკარნახობდა მიმართულებას და მეც მივყევი. ალბათ, მთლიანად თვითგადარჩენის ინსტინქტი მმართავდა, რადგან ერთბაშად ადრენალინის მოზღვავება ვიგრძენი და რკინის თაროებს ვეცი, როგორმე ხელბორკილი უნდა მომეხსნა, სანამ ვინმეს უკან დაბრუნება მოაფიქრდებოდა.

თაროებზე უამრავი ნივთი შეეყარათ. რაიმე მჭრელი დამჭირდებოდა. ის ფაქტი, რომ ბორკილებს შორის საკმაო მანძილი იყო, ჩემ სასიკეთოდ მოქმედებდა, სივრცე საშუალებას მომცემდა, სქელი ტყავი სწრაფად გადამეჭრა. მისი შესაკრავი ბალთები, სამწუხაროდ, ქამრის პრინციპზე ბევრად რთულად გამოიყურებოდა. მათ მარტივად, ერთი ხელით გახსნას ნამდვილად ვერ შევძლებდი. უხმაუროდ ვმოძრაობდი, მაგრამ ეს სისწრაფეს მიზღუდავდა და დროს მაკარგვინებდა. კედელთან მიდგმული სკამი მოვიშველიე და ზედა თაროებს მივწვდი. ხარახურაში დაჟანგებულ, პირმოღრეცილ ნამგალივით ნივთს წავაწყდი. ვიწვალე, თუმცა რამდენიმე წუთში მაჯები თავისუფალი მქონდა.

იმ კარისკენ წავედი, საიდანაც შემომიყვანეს, მაგრამ მიახლოებისას გარედან გაურკვეველი ხმა მომესმა და უკან დავიხიე. სხვა გამოსავალი არ იყო, უნდა მეჩქარა და მეორე კარისკენ წავედი.

ფრთხილად გამოვაღე და ჩემ წინ ზევით მიმავალი კიბე დავინახე. ბნელოდა. საფეხურებს უხმაუროდ ავუყევი და ჩვეულებრივი სახლის მეორე სართულის დერეფანში აღმოვჩნდი. წამით შევყოვნდი, რომ მოქმედების გეგმა გამეაზრებინა, ამასობაში კი გრძელი და ფართო დერეფანი შევათვალიერე. ორივე მხარეს რამდენიმე კარი იყო ჩამწკრივებული, იატაკზე კი წითელი, ძვირფასი ხალიჩა ეფინა. ყველა კარი დახურული მოჩანდა, რისკის გაწევა მომიხდებოდა, სხვა გასასვლელს ვერსად ვხედავდი. სანამ მე გადაწყვეტილებას მივიღებდი, ბოლო კარი მოულოდნელად გაიღო და ჩემმა მთავარმა მტერმა გამოაბიჯა, ჩქარობდა. დამალვა გაჭირვებით მოვახერხე. ბნელი კიბეები უკან ჩავირბინე და მის უჯრედს შევეფარე. ცოტა ხანში, როცა საფრთხე ჩავლილად ჩავთვალე, ზემოთ უჩუმრად დავბრუნდი. სწორედ იქით გავემართე, საიდანაც მაფიის ბოსი გამოვიდა. ნახევრად შეღებული კარიდან ჩამიჩუმი არ ისმოდა და გადავწყვიტე, სხვა ოთახების მოსინჯვით აღარ გამერისკა და თავი პირდაპირ მის კაბინეტში ამოვყავი.

ფანჯრებზე მძიმე, მუქი ფარდები და ანტიკვარული, მასიური ავეჯი ოთახს მკაცრ იერსახეს სძენდა. თვალი მაშინვე ცენტრში მოთავსებულმა მუხის მაგიდამ და მასზე გადაშლილმა ჩართულმა კომპიუტერმა მომტაცა. არც კი დავფიქრებულვარ, მისკენ ისე გადავდგი ნაბიჯი. იქ მოთავსებული სულ მცირე ინფორმაციაც კი შეიძლებოდა გამოსადეგი გამხდარიყო. მისი მფლობელი აშკარად ძალიან ჩქარობდა, ჩართული რომ დატოვა, ანდა მასში არაფერი იქნებოდა მნიშვნელოვანი. წინდის ყელში მიმალული, სოფის დანატოვარი მეხსიერების ბარათი ამოვიღე და სწრაფად მივუერთე. სრული კოპირება ვუბრძანე და გულში ლოცვა დავიწყე, რომ არავის შემოესწრო. იქამდე, სანამ ჩამოტვირთვა დასრულდებოდა, ეზოში ხმაური ატყდა. იმავე წამს ფანჯარასთან გავჩნდი და ფარდა შეუმჩნევლად გადავწიე. ის, რაც ჩემმა თვალებმა დაინახა, სრულიად წარმოუდგენლად მომეჩვენა და ჩემდაუნებურად უკან დავიხიე. თითქოს ვიღაცას ხელი ეკრას და დიდი სიმაღლიდან გადავეგდე, თავბრუ დამეხვა. მაფიის ახალგაზრდა ბოსის წინ სრულიად უვნებელი მარკო იდგა და მშვიდად საუბრობდა. მარჯვენით ფარდა მაგრად ჩავბღუჯე, რომ არ დავცემულიყავი და თვალთვალი გავაგრძელე.

ადამიანი, რომელიც მთელი ეს პერიოდი მკვდარი მეგონა და ვის სიკვდილშიც საკუთარ თავს ვადანაშაულებდი, ჩემ პირდაპირ იდგა და ყველაზე დიდ დამნაშავეს კეთილი მეზობელივით ტკბილად ესაუბრებოდა. მიუხედავად ჩადენილისა, ქალი მაინც გაბრწყინებული მზერით შესცქეროდა და დარწმუნებული ვიყავი, მზად იყო ამქვეყნად ყველაზე მძიმე ღალატიც კი ეპატიებინა მისთვის. მარკოს გამართულ ფიგურას თვალი გაჭირვებით მოვწყვიტე და ეზო მოვათვალიერე. უზარმაზარ ჭიშკართან ჩემი "ძველი ნაცნობი", საყურიანი ახმახი გაშეშებულიყო და წყვილს ჩემსავით მზერას არ აშორებდა. მშვილდივით მოზიდულიყო და თვალებს ისე აკვესებდა, რთული გამოსაცნობი არ იყო, მის გულში რაც ხდებოდა. მეხსიერების რომელიღაც კუნჭულში მიმალული, ახლო წარსულის კოლოფს თავი მოეხადა და ლოგიკამ ყოველგვარი ძალდატანების გარეშე მიმახვედრა იმას, რაც ასე ცხადად ჩანდა. მისი ღვარძლით ნათქვამი წინადადებაც კიდევ ერთხელ გამეორდა გონებაში, "ზუსტად იმ ლუკმას ეპოტინებოდა ყოველთვის, რაც არ ეკუთვნოდა და ყველაზე ლამაზებს ისაკუთრებდა...". მას მაფიის ლამაზი ბოსი უყვარდა და მარკო პირად მტრად მიაჩნდა. სწორედ ამიტომ ვერ მალავდა სიხარულს, როდესაც მისი დაღუპვის ამბავი მაცნობა. მაგრამ ახლა ყველაზე ნაკლებად მისი გრძნობები მაინტერესებდა. საკუთარ თავში ვერ გავრკვეულიყავი, ვერ ამეხსნა, მარკოს ცოცხლად დანახვამ გამახარა თუ გული მატკინა. ჰუმანური მხრიდან თუ შევხედავდი, უდავოდ გამახარა, რადგან არაერთხელ გადამარჩინა და ჩემ გამო თავი საფრთხეში ჩაიგდო. ასევე არსებობდა მეორე მხარეც, რომელიც მოსვენებას არ მაძლევდა. მისი ასეთი მშვიდი საუბარი ქალთან, რომელმაც სამკვდრო-სასიცოცხლო ომი გამომიცხადა, არცთუ ისე სასიამოვნო, დამატებით კითხვებს მიჩენდა.

ამის გაფიქრება და ქალის მარკოსკენ გადახრა ერთი იყო. მისი უნაკლო ტუჩები მოწყურებულივით დაეწაფა მამაკაცს და გაირინდა. მარკო არ შერხეულა და არც მისი მოშორება უცდია. მარჯვენა მტევანი ნელა წაიღო მისკენ და მკლავზე შეეხო. ერთბაშად მუხლებში სისუსტე და მუცლის არეში მკვეთრი წვა ვიგრძენი. თითქოს ვიღაცას გავარვარებული ხანჯალი დაერტყას და შიგნით დაეტოვებინოს. მზერა დამებინდა და ამოსუნთქვა ძლივს შევძელი. ციებიანივით მოვშორდი ფანჯარას და კომპიუტერს მივვარდი. არც შემიხედავს, ჩამოტვირთვა დასრულებული იყო თუ არა, მეხსიერების ბარათი გამოვგლიჯე და ხელში მაგრად ჩავბღუჯე. თავს შემოვუძახე, რომ არაფერზე მეფიქრა, ახლა მხოლოდ იმას ჰქონდა მნიშვნელობა, აქედან გასაღწევი გზა მეპოვა. მანამ, სანამ ეზოში მიმდინარე მოვლენები იყო ყურადღების ცენტრში და ჩემი გაქცევა არავის შეემჩნია, ნაკლებად დაცული გასასვლელის ძებნას შევუდექი. კაბინეტიდან ფრთხილად გამოვედი და საპირისპირო ოთახის კარს მივუახლოვდი. მის ზედაპირს ყური მივადე და რამდენიმე წამით გავირინდე. სიჩუმე სუფევდა. დიდხანს აღარ მიფიქრია და სახელური დავწიე. მდიდრულად მორთული ოთახის ფანჯრები შენობის მოპირდაპირე მხარეს, გამწვანებულ ბაღში გადიოდა. ერთ-ერთი ფანჯარა გამოვაღე და გადავიხედე. მეორე სართულიდან გადახტომა მომიწევდა, თუმცა თავადაც ვიცოდი, უმტკივნეულო არ იქნებოდა. ამიტომ მეორე ფანჯარასთან გადავინაცვლე, რადგან მის ძირას ყვავილებით აფეთქებული, პატარა გაზონი შევნიშნე. კედელზე შევდექი, ღრმად ჩავისუნთქე და გადავეშვი. ვეცადე, საბადოს მესერიდან გადახტომისას მიღებული გამოცდილება გამომეყენებინა და მიწაზე რბილად დავცემულიყავი. ბურთივით მოვიკუნტე, მოვეშვი და პირდაპირ ყვავილნარში გავგორდი. არაფერი მტკენია და ფეხზე მარდად წამოვხტი. მიმოვიხედე, ვერავინ შევნიშნე და ტანმაღალი ხეებით დაფარული ბაღისკენ ავიღე გეზი. რომ მივხვდი, ჯერჯერობით არავინ მომდევდა, ხეების უკან ამოფარებას შევეშვი და ნაბიჯს უფრო ავუჩქარე. დაბურულმა ტერიტორიამ გალავანთან მიმიყვანა. ვერ ვიჯერებდი, რომ კიდევ ერთხელ მოვახერხე მათგან გაქცევა, რაღაც ძალიან მარტივად გამომდიოდა. სიპ კედელთან ყველაზე ახლოს მდგომი ხე დავიხმარე და ციხესიმაგრის გალავანს თავზე მოვექეცი. სხეულით ბაღისკენ მოვტრიალდი და გადასახტომად მოვემზადე, რომ მცენარეებს შორის საყურიანი დავინახე. ფეხები მხრების სიგანეზე დაედგა, პისტოლეტი ორივე ხელით ეკავა და გაუნძრევლად მდგომი, თვალმოუშორებლად მიყურებდა. ახლა გაისვრის, გავიფიქრე და აღსასრულის მოლოდინში, ყველა ნერვული დაბოლოება ერთდროულად დამეჭიმა. გადახტომას ვერ მოვასწრებდი და რომც მომესწრო, აქაურობის ჩემზე უკეთ მცოდნეს შორს ვერ წავუვიდოდი, მით უმეტეს, თუ სროლასაც მოასწრებდა. არ ისროლა. ხელები ნელა დაუშვა და საშუალება მომცა, გავქცეულიყავი. რამდენიმე გაურკვეველი წამი ვერც კი მივხვდი, რა მოხდა. მისი გადაწყვეტილების გამომწვევ მიზეზზე საფიქრალად არც დრო მიწყობდა ხელს. უკუღმა ვისკუპე და უკანმოუხედავად გავიქეცი.

მეორეხარისხოვან გზაზე აღმოვჩნდი. არც ამჯერად შევჩერებულვარ, მარცხენა მიმართულებას დავადექი და სმენად ვიქეცი. მანქანის ან ადამიანის მოახლოება არ უნდა გამომპარვოდა. საყურიანი თუ არა, სხვა ხომ მაინც დამედევნებოდა. არ მქონდა არანაირი იმედი დაწყებულის ბოლომდე მიყვანისა. არ მქონდა არანაირი გეგმა და წარმოდგენა არ მქონდა ადგილმდებარეობისა, თუ სად შეიძლებოდა ვყოფილიყავი და გზა საით გამეგრძელებინა. უბრალოდ მივდიოდი და ინსტინქტებს ვუსმენდი. რა დრო გავიდა, არ ვიცი, შებინდდა. დაღლილობა მომეძალა, ცარიელმა კუჭმა თავი შემახსენა და არასასიამოვნო წვა დამიწყო. ასე დიდხანს ვერ გავძლებდი. ადგილის მოძებნა და დაძინება გადავწყვიტე, თუ შევძლებდი, რა თქმა უნდა. ძილი შიმშილს ცოტა ხნით მაინც დამავიწყებდა,  ხვალინდელ დღეზე კი ხვალ ვიფიქრებდი. პირველივე შემხვედრ სკვერში შევედი. გრძელი მერხისთვის ყურადღება არ მიმიქცევია და ხის ძირას მოვთავსდი. ჩაძინება გამიჭირდა, ცალკე შიმშილის მომაბეზრებელი გრძნობა არ მაძლევდა ამის საშუალებას და ცალკე ყოველი თვალის დახუჭვისას წარმოდგენილი ეზოს სცენა.

სოფის მონაყოლმა მრავალ კითხვას გასცა პასუხი. მივხვდი, რომ მის მიერ ნახსენები სპეცრაზმელი მარკო იყო. იმასაც მივხვდი, რომ აქ საცოლის დაკარგვით გამოწვეულ შურისძიების წყურვილს მოეყვანა. მაგრამ კვლავ გაურკვეველ, შავ ლაქად რჩებოდა მისი საქციელი. პროფესიონალმა, რომელმაც დიდი ხნის ძიების შემდეგ საყვარელი ადამიანის მკვლელებს მიაკვლია, მათ წრეში შეუმჩნევლად შეღწევა მოახერხა და შურისძიების აღსრულებასთან ამდენად ახლოს იდგა, ყველაფერი რისკის ქვეშ დააყენა ჩემ გამო. იმაში ნამდვილად დარწმუნებული ვიყავი, რომ მთელი იმ პერიოდის განმავლობაში, რაც ის მაფიის გულში ტრიალებდა, ჩემ გარდა ბევრ სხვა მსხვერპლ გოგოსაც შეხვდებოდა. და ისიც ზუსტად შემეძლო წარმომედგინა, რომ საკუთარ მიზანს საფრთხეში არ ჩააგდებდა, ყოველი მათგანის გაქცევის ორგანიზებით. გონებაში მტკივნეულად ტრიალებდა ერთი და იგივე კითხვა, რატომ გაწირა ჩემ გამო თავი. და თუ ამდენად გარისკა, ასე მარტივად როგორ შეეგუა ჩემ გაუჩინარებას. როგორ შეძლო იმ ადამიანთან დაბრუნება ისე, თითქოს არაფერი მომხდარიყოს, როცა გადასარევად იცოდა მის მიერ ჩადენილი. ყოველ ჯერზე, მხოლოდ ერთი ლოგიკური პასუხი ჩამესმოდა. გარდაცვლილ საცოლესთან ჩემმა ასეთმა ძლიერმა მსგავსებამ გონება აურია. უეცარ ცდუნებას აყოლილმა საშიში თამაში წამოიწყო, მაგრამ როდესაც დაიჭრა და მიხვდა, ძლიერ მოწინააღმდეგესთან ვერაფერს გახდებოდა, უკან დაიხია და ჩემი არსებობა ჩავლილი ქარიშხალივით დაივიწყა. პატიება ითხოვა და კვლავ საწყის მდგომარეობას დაუბრუნდა. მთელი ამ დროის განმავლობაში დაგროვილმა უპასუხო კითხვებმა თავი მომაბეზრა. არ მახსოვს, როდის ჩამეძინა. ირონიულად ჟღერდა, თუმცა რეალობა ასეთი იყო, ჩემი ავსტრალიური ვოიაჟი გადარჩენისთვის ბრძოლასა და ძილზე აეწყო.

ჩემი საოცნებო მოგზაურობა მესიზმრა. ზუსტად ისეთი, როგორიც წარმომედგინა, ყველანაირი ამქვეყნიური ჯოჯოხეთის გარეშე. ალბათ, გამძაფრებული ემოციების შედეგი იყო ის, რომ ზმანება მეტისმეტად ცხადი და ხელშესახები მომეჩვენა. სრული სიამოვნებით მოვიარე მონიშნული ადგილები. ფოტოკამერა უამრავი დასამახსოვრებელი მომენტით, მეხსიერება კი საოცარი კადრებით მქონდა სავსე. დასასრულს, ის იყო, ტრაპზე ფეხი უნდა ამედგა, რომ ზურგსუკან ნაცნობი ხმა მომესმა. მისი მიმართულებით შევტრიალდი და ხელთ ჩემი მშვენიერი მტერი შემრჩა.

სწრაფად გამომეღვიძა და წამოვჯექი. მაშინვე ვიგრძენი, რომ გვერდით ვიღაც იყო და როცა ნამძინარევი ფოკუსი გასწორდა, მარკო შევნიშნე. თავზე წამომდგომოდა და მოთმინებით უცდიდა ჩემ გაღვიძებას. მარცხენა ხელით ფხვიერ მიწას დავეყრდენი და წამში ფეხზე წამოვხტი. როგორ მიპოვა? ახლა რა ვქნა? როგორ გაბედა იმ ყველაფრის შემდეგ, რაც ეზოში ვნახე, ჩემთან მოახლოება? პასუხგაუცემელი კითხვების რაოდენობა მკვეთრად პროგრესირებდა. რამდენიმე წამით თვალმოუცილებლად ვუყურე, შემდეგ კი მოულოდნელად ადგილს მოვწყდი და გავიქეცი. შეჩერდი, არაფერს დაგიშავებო, მომაძახა, მაგრამ არაფერი მესმოდა. არ მინდა, რომ გატკინო, მომესმა კიდევ ერთხელ, თუმცა სიჩქარე არ შემინელებია. ნეტა მომდევს? გავიფიქრე თუ არა, ფეხებში რაღაც გამებლანდა და მიწაზე მტკივნეულად გავსრიალდი. სანამ დალეწილი ხელ-ფეხით წამოდგომას მოვახერხებდი და მივხვდებოდი, რომ ნასროლი ნივთი, რამაც წამაქცია, მისი კეპი იყო, მომიახლოვდა და ხელი გამომიწოდა.

გაგრძელება იქნება

თინა დალაქიშვილი

ოცოცნება ავსტრალია - თავი 14: სიმართლე

ოცნება ავსტრალია - თავი 13: შროშანი და პუშტუ

ნება ავსტრალია - თავი 12: პერთი