პროფესორის მკვლელობა - თავი 3 - Marao

პროფესორის მკვლელობა - თავი 3

2023-03-03 20:36:17+04:00


წინა თავი

დიდი ხანი გავიდა მას შემდეგ, რაც ელენე ამ შენობაში აღარ შემოსულა. ყოველ შემთხვევაში, თვითონ ასე ეგონა. უნივერსიტეტის ეს თეთრი კედლები, ქვის იატაკი და ამდენი სტუდენტის ნაბიჯებისგან გაცვეთილი კიბეები ყველაში და მათ შორის, ელენეშიც, პატივისცემის გრძნობას აღძრავდა. წლების მანძილზე არაფერი იცვლებოდა. სტუდენტები მიდიოდნენ და მოდიოდნენ. ცილინდრიანი და ჰალსტუხიანი ლექტორები ცვლიდნენ ერთმანეთს, მაგრამ უნივერსიტეტი მაინც ის იყო, რასაც არაფერი შეცვლიდა. გამომძიებელმა თავი ისევ პატარა გოგოდ იგრძნო, თითქოს ახლაც ლექციაზე გარბოდა. ერთი წამით შეჩერდა, მერე იქვე მდგომ საინფორმაციო დაფას შეხედა, მათემატიკის კათედრა მოძებნა და მესამე სართულისკენ აუყვა გაცვეთილ კიბეებს. ელენემ კარებზე მორიდებულად დააკაკუნა და სულ ცოტათი შეაღო. რამდენიმე სათვალიანმა და უსათვალო თვალმა ერთდროულად შეხედა ქალს. გამომძიებელი დაიბნა, თითქოს გამოცდაზე იყო და ეს სახეები მის პასუხს ელოდნენ. წამის შემდეგ თავდაჯერებულობა დაუბრუნდა. ქამრიდან მოწმობა მოიხსნა.

- გამომძიებელი ელენე ჯაფარიძე. დავით ჩხაიძის სიკვდილთან დაკავშირებით მოვედი, ვის შეიძლება გავესაუბრო?

ოთახის ბოლოს მსხდომი ორი კაციდან ერთი მაშინვე წამოდგა, ჰალსტუხი შეისწორა და ელენესკენ დაიძრა.

- მობრძანდით, პროფესორი გიორგი ჯუღელი, - ხელი გაუწოდა გასაცნობად ელენეს კაცმა.

- გამარჯობა, ბატონ დავითთან დაკავშირებით მინდოდა გასაუბრება, ასევე, მისი სამუშაო მაგიდის დათვალიერება.

- სამუშაო მაგიდა აქაა, - მიუთითა მამაკაცმა ოთახში მდგარ თავისუფალ მაგიდაზე. - ხელი არაფრისთვის გვიხლია, როგორც დატოვა, ისეა ყველაფერი. თუ გნებავთ, ნახეთ, მე გვერდით კაბინეტში ვიქნები და იქ დაგელოდებით.

ელენემ მადლობა გადაუხადა კაცს და მაგიდისკენ დაიძრა. ოთახში მყოფთ დაძაბულობა ეტყობოდათ, თვალყურს ადევნებდნენ მის მოძრაობას, მაგრამ არაფერს ამბობდნენ და არც იმჩნევდნენ. სახლის კაბინეტისგან განსხვავებით, ჩხაიძის სამუშაო მაგიდა დალაგებული იყო, ან თვითონ აწესრიგებდა, ან ვინმე ზრუნავდა მისი მაგიდის სისუფთავეზე. უჯრებს საკეტი არ ჰქონდა, ამიტომ ელენემ თავისუფლად გამოაღო თითოეული და დათვალიერებას შეუდგა. რამდენიმე წიგნი და სტუდენტების ნაწერები ეწყო უჯრებში. როგორც ჩანს, პროფესორი აქ მხოლოდ უნივერსიტეტის საქმეებს აგვარებდა.

უკვე მაგიდის დათვალიერებას ამთავრებდა, რომ თვალში ვარდისფერი ბარათი მოხვდა. გამომძიებელმა ინტერესით შეათვალიერა ფურცელი, რომელიც აშკარად განსხვავდებოდა მკაცრი მამაკაცური ნივთებისგან. „14 დეკემბერს, 20:00, რესტორან დავითში“ - ეწერა ბარათზე. „საინტერესოა“, - გაიფიქრა ელენემ „ოფიციალური ღონისძიების მოსაწვევი არ არის, არადა, რამდენიმე კვირაა მას შემდეგ გასული. პროფესორმაც არ გადააგდო, როგორც ჩანს, მისთვის ძვირფასი იყო“. გამომძიებელმა ფურცელი შეუმჩნევლად ჩადო პატარა პაკეტში და ჯიბეში ჩაიდო. ოთახი დატოვა და გვერდით კაბინეტის კარზე დააკაკუნა.

- მობრძანდით, - მაშინვე გაისმა ოთახიდან და ჯუღელის გაღიმებული სახე გამოჩნდა. - გისმენთ, რით შემიძლია დაგეხმაროთ?

ელენე თავს უხერხულად გრძნობდა, აქ ის ადგილი არ იყო, სადაც გამომძიებელს თავისი საქმე უნდა შეესრულებინა, მაგრამ საჭიროება მოითხოვდა. სკამზე ჩამოჯდა და პროფესორს მორიდებით შეხედა.

- ბატონო გიორგი, როგორი თანამშრომელი იყო დავით ჩხაიძე? როგორც თავისი საქმის მცოდნე და როგორც კოლეგა?

- როგორც მათემატიკოსი, ბრწყინვალე იყო, დიდი ხანია არ ჰყოლია ჩვენს ქვეყანას ასეთი ძლიერი პროფესიონალი, შრომისმოყვარე და დისციპლინირებული. როგორც კოლეგა, ვერ გეტყვით, რომ რთული იყო, პრობლემას არაფერზე ქმნიდა, რამდენიმე ბიჭი ვმეგობრობდით მასთან, მაგრამ ჩვენი მეგობრობაც თევზაობით და პოლიტიკა- ეკონომიკაზე საუბრით შემოიფარგლებოდა. თავის პრობლემებზე არასდროს საუბრობდა, ძირითადად სახლში იყო და იქ მუშაობდა.

- სტუდენტებთან როგორი ურთიერთობა ჰქონდა? მისით უკმაყოფილოები თუ იყვნენ? ხომ არ უჩიოდნენ?

ჯუღელს გაეცინა - ქალბატონო ელენე, თქვენ ყველა ლექტორი გიყვარდათ?

- არა, - გაეცინა ელენესაც.

- ასე არ უყვარდათ დავით ჩხაიძეც, განსაკუთრებით მათ, ვისაც ალბათობის თეორიას ასწავლიდა.

არადა, ამ საკითხის მცოდნე აინშტაინის შემდეგ მხოლოდ ეს იყო. ზოგი მის სიმკაცრეზე ჩიოდა, ზოგი რაზე და ზოგი რაზე, მაგრამ უსამართლოდ ვინმე დაეჩაგროს, ასეთი არასოდეს მსმენია. იმის წარმოდგენაც არ მინდა, რომ ასე სასტიკად ჩვენმა რომელიმე სტუდენტმა მოკლა. - ჯუღელმა თავი დანანებით გაიქნია და შუბლი მოიწმინდა. ეტყობოდა, რომ ეძნელებოდა ლაპარაკი და თავს ძლივს ერეოდა.

- შეგიძლიათ მითხრათ, 14 დეკემბერს, 20 საათზე, რამე ღონისძიება თუ იყო დანიშნული? ისეთი, სადაც დავით ჩხაიძე იქნებოდა მიწვეული.

- ერთი წუთით, - ჯუღელი ტელეფონს დასწვდა. - მანანა, ძვირფასო, გიორგი ჯუღელი ვარ, როგორ ხარ?.. მეც კარგად. ბოდიში, გაწუხებ, 14 დეკემბერს, 20 საათზე, რამე ღონისძიება იყო? ან ჩვენიდან ვინმე დაპატიჟეს?.. მადლობა... არა, მეტი არაფერი მინდა, მადლობა... - საუბარი დაასრულა პროფესორმა და ელენეს მიუბრუნდა. - ქალბატონო ელენე, არაფერი ყოფილა უნივერსიტეტში, დავითი თუ იყო დაპატიჟებული, შეიძლება კერძო მოწვევა ჰქონდა. დოდოს ეცოდინება, ერთი წუთით დამელოდეთ.

ჯუღელი ადგა და მალევე პატარა გაპრანჭული ქალის თანხლებით დაბრუნდა.

- დოდო, გაიცანი გამომძიებელი ელენე ჯაფარიძე,რითაც შეგიძლია დაეხმარე.

- სიამოვნებით- გაინაზა დოდო. ის იმ კატეგორიას ეკუთვნოდა, ვინც ყველაფერი იცის და არც ლაპარაკზე ამბობს უარს. ჯუღელმა კაბინეტი დატოვა და გამომძიებელი პირისპირ დარჩა ქალის წინ.

- ქალბატონო დოდო, ბატონ დავითთან დიდ დროს ატარებდით? როგორი კოლეგა და ადამიანი იყო?- შესავალი გააკეთა ელენემ.

- კი ძალიან დიდ დროს, მე ვეხმარებოდი ყველაფერში, დათოს არ უყვარდა ფურცლები და მთელი მისი საქმეები მე მქონდა აღებული, ასეთ ადამიანთან მუშაობა სიამოვნებას მანიჭებდა.

- თქვენთვის დამღლელი არ იყო ამდენი საქმის შეთავსება?

ქალი სკამზე შესწორდა, სახეზე სიწითლემ გადაუარა, კაბა შეისწორა და ისე უპასუხა : არა მე ყველაფერს ადვილად ვუმკლავდებოდი.

ელენემ ქალის სახის ცვლილება თვალის ერთი შევლებით შეაფასა და ჯიბიდან ვარდისფერი ფურცელი ამოაცურა.

- ხომ არ იცით ეს ფურცელი ვინ გაუგზავნა ბატონ დავითს?

დოდო წამოენთო, ხელი აიქნია, ფეხზე წამოხტა და თავშეუკავებლად აყვირდა : ეს იმ ქალბატონის გამოგზავნილია, იმ ქერა ალქაჯის.

ელენე ასეთ რეაქციას არ ელოდა, შეიძლებოდა დოდოს კიდევ ბევრი საინტერესო რამე ეთქვა, ამიტომ მშვიდად ჩაეკითხა: ვინ ქერასი ქალბატონო დოდო?

- აი იმის ქიმიის პროფესორის, როდემდე უნდა ეწვალებინა ეს კაცი, ქვრივი ქალი რომ პაემნებს დაიწყებს, სირცხვილია, ხომ ასეა ქალბატონო ელენე?

- რა თქმა უნდა - დაეთანხმა გამომძიებელი - რა ჰქვია მაგ ქვრივს? დიდი ხანი ხვდებოდნენ?

- ნინო ჰქვია, ნინო აბაშიძე, ქიმიის პროფესორია, არ ვიცი რამდენი ხანი ხვდებოდნენ, მე სამი წლის

წინ გავიგე, ბატონ გიორგისაც ვუთხარი, ჯუღელს, სირცხვილია დაელაპარაკე დათოს-თქო. ასე მითხრა, ეს მათი პირადი ცხოვრებაა და მე არ მეხებაო. არადა როგორია ქალბატონო ელენე, ორი პროფესორი ჩუმად ხვდებიან ერთმანეთს. ზრდილობა, ეთიკა სადაა - ყვიროდა ქალი და ოთახში ჩქარი ნაბიჯით გადიგამოდიოდა. უცებ მაპატიეთო დაიძახა და ტირილით გავარდა ოთახიდან. ელენემ მხრები აიჩეჩა „ რას არ გაიგებს ადამიანიო“ და დერეფანს გაუყვა.

*******

ქიმიის პროფესორი ქალბატონი ნინო უნივერსიტეტიდან წასული დახვდა, ამიტომ ელენემ დაურეკა და შეხვედრა მეორე დღისთვის დაუნიშნა. საინტერესო იყო გამომძიებლისთვის სასიყვარულო სამკუთხედი, რომლის შესახებ ჩხაიძის შვილმა ან არაფერი იცოდა, ან მალავდა. ფაქტია, ქალბატონი დოდო გულგრილი არ იყო ჩხაიძის მიმართ, მაგრამ მკვლელს ნამდვილად არ ჰგავდა, თან ასეთი სისასტიკით მკვლელობის ჩამდენს. მეორე დილით სანიმუშო სტუდენტივით ათი წუთით ადრე მივიდა ელენე ნინო აბაშიძესთან შესახვედრად. არ გაჰკვირვებია, როცა კაბინეტიდან საშუალო ასაკის ძალიან ლამაზი ქალი გამოვიდა. ქერა თმით და შარვალ-კოსტიუმით პროფესორი ყურადღებას მაშინვე იქცევდა. ელენეს გულღიად გაუღიმა და კაბინეტში შეიპატიჟა.

- ქალბატონო ელენე ჩაის ან ყავას ხომ არ მიირთმევთ? სამწუხაროდ სხვა არაფერი მაქვს რომ შემოგთავაზოთ.- კითხა ქალმა და კაბინეტის მეორე ბოლოში მდგარი კარადისკენ გადაინაცვლა.

- ყავა თუ შეიძლება - ელენე ყავის ცდუნებას ალბათ ვერასდროს გაუძლებდა.

- თუ ყავის მოყვარული ბრძანდებით, შეძლება ითქვას, რომ გაგიმართლათ, ჩემი ძველი სტუდენტი ჩამოვიდა ესპანეთიდან, ძალიან კარგი ყავა ჩამომიტანა. ლაპარაკობდა ქალი და იღიმებოდა. ელენეს ყოველთვის ეშინოდა ასეთი მოსაუბრეების, რომლებიც ერთი შეხედვით უდანაშაულოს ეფექტს ქმნიდნენ.

- ქალბატონო ელენე, ვიცი რისთვისაც მობრძანდით, გელოდებოდით კიდეც - სკამზე ჩამოჯდა ქალი და ცხელი ფინჯნები პატარა მაგიდაზე დააწყო - დავით ჩხაიძის სიკვდილს იძიებთ. მე და დათო ათი წელი ვხვდებოდით ერთმანეთს, ამას არც ვმალავდით მაგრამ არც ვსაუბრობდით ამის შესახებ. ის ქვრივი იყო, მეც დიდი ხნის წინ დამეღუპა ქმარი. აქ ჩვენი ამბავი ყველამ იცის, მაგრამ თვალში არავის მოვხვედრივართ, პატარები ხომ არ ვართ ვნებები ვერ შეგვეკავებინა.

ელენე ასეთ დასაწყისს არ ელოდა, მხოლოდ ის დარჩენოდა სურნელოვანი ყავით დამტკბარიყო და მშვიდად ესაუბრა ქალთან.

- შვილები გყავთ ქალბატონო ნინო? - დაინტერესდა ელენე.

- კი ერთი გოგო მყავს, სტუდენტი. ის იცნობდა დათოს, მგონი ხვდებოდა კიდეც რაღაცას მაგრამ ამაზე არასდროს გვილაპარაკია. ირაკლიმ არაფერი იცის, მამამისს არაფერი უთქვამს, შორს ცხოვრობს და ისე ვერ გაიგებდა.

- ვარდისფერი ბარათი თქვენ გაუგზავნეთ? - ელენემ ჯიბიდან პატარა ფურცელი ამოაძვრინა. ქალს გაეღიმა.

- ჩემი დაბადების დღე იყო და იმის აღნიშვნა გვინდოდა.

- თქვენ ალბათ ყველაზე კარგად იცნობდით, რა აზრი გაქვთ, რა შეიძლება მომხდარიყო?

- სრული შოკი მივიღე, არ ვიცი რა მოხდა, ერთი ჩვეულებრივი პროფესორი იყო, არაფერი განსაკუთრებული და განსხვავებული. უბრალოდ თავისი საქმის პროფესიონალი, ჩვენი პროფესიის ხალხი ასე არ კვდება, ფული ჩვენ არ გვაქვს და ძალაუფლება.

- წიგნების გაცვლა-გამოცვლა-გაყიდვაზე რას მეტყვით?

- მაგით დათო გატაცებული იყო. ბევრი იშვიათი და განსაკუთრებული გამოცემა ჰქონდა. მთელ მსოფლიოში ეძებდა რაღაცებს. მეც მაჩუქა რამდენიმე, მაგრამ, ეს წიგნები იმდენად ძვირფასი იყო მისთვის, უკან დავუბრუნე, მხოლოდ ორი დამიტოვა, რომ გაგიჭირდეს გაყიდი და მოიხმარო.

- სტუდენტებთან როგორი ურთიერთობა ჰქონდა?

- ვერ გეტყვი რომ ყველას უყვარდა. ჩვენ ორივე ისეთ საგნებს ვასწავლით, არ შეიძლება ყველას ვუყვარდეთ, მაგრამ ბოლომდე გვერდში ედგა ხოლმე მათ და ზოგჯერ ისე ეხმარებოდა, თვითონაც ვერ ხვდებოდნენ. მისგან ნაწყენი სტუდენტი არ წასულა.

- ქალბატონო ნინო, ვისაც ვესაუბრები, დავით ჩხაიძეს ყველა იდეალურ მეგობრად, თანამშრომლად და ადამიანად ახასიათებს, უპრობლემოს და უმტროს. მაგრამ ფაქტი სხვა რამეა, ვიღაცამ ეს სასტიკი სიკვდილისთვის გაიმეტა.

- კი მართალი ხარ - ხმა ჩაუწყდა ქალს - ახლა მგონია, სხვის სიკვდილზე ვლაპარაკობთ, ასეთ დასასრულს ვერც კი ვიფიქრებდი.

- ბოლო პერიოდში ვინმე ხომ არ უხსენებია უცხო, ან ნაცნობი, რომელთანაც კონფლიქტი მოუვიდა? ან რამე საქმიანი ურთიერთობა ჰქონდა? ისე ჩვეულებრივი საუბრისას?

პროფესორი ჩაფიქრდა : ჩვენ ბევრს ვსაუბრობდით ხოლმე, ხშირად გამოცდილებას ვუზიარებდით ერთმანეთს. ერთ სფეროში, ერთ უნივერსიტეტში ვმუშაობდით და ამას ვერ ავცდებოდით, მაგრამ არ უთქვამს არცერთ სტუდენტზე ცუდი. დაახლოებით ერთი თვის წინ ბიჭი შეგვეჩეხა ქუჩაში და მასზე თქვა, არ მომწონსო. ძალიან გამიკვირდა, ვიღაცას მოუსწავლებია ჩემზე კონსულტაციის გასაწევად, ორჯერ იყო მოსული, მაგრამ ვერ გავიგე იცის საერთოდ მათემატიკა თუ ისეთი გენიოსია მე ვერ ვუგებო.

უცნაურად იქცევა, უცნაურ კითხვებს მისვამსო, ყველგან მეჩეხება თვალშიო.

- ვინ იყო სახელი არ უთქვამს? ან კონკრეტულად რას ეკითხებოდა?

- მაგდენი არ ვიცი, ირაკლისთან წასასვლელად ემზადებოდა და ამაზე ვსაუბრობდით. ალექსანდრე ჰქვიაო, ასე მითხრა. მე უცნაური ვერაფერი შევამჩნიე, ჩვეულებრივი ახალგაზრდა იყო. ვიფიქრე, ვიღაც ზედმეტად დაინტერესდა ალბათ პროფესორის ცხოვრებით-თქო.

- მეტი აღარ გამოჩენილა? რამდენიმეჯერ შეხვდა სულ?

- ორჯერ-სამჯერ ალბათ. ერთხელ სახლში მიუკითხია, უნივერსიტეტში მითხრეს მისამართიო.

ძალიან გამიკვირდა, სახლში დათო არავის იღებდა. ადრე კერძო მოსწავლეები ჰყავდა, მაგრამ წლები გავიდა მის შემდეგ. მეც სულ რამდენჯერმე ვარ იმ სახლში ნამყოფი. ის მისი ციხე-სიმაგრე იყო.

- ქალბატონო ნინო, თუ რამე გაგახსენდებათ ამ საკითხთან დაკავშირებით მაშინვე დამირეკეთ, ყველაფერი უნდა გადავამოწმო - ელენემ ჯიბიდან ბარათი ამოიღო - და კიდევ , ვეცდები თქვენი სახელი ნაკლებად გამოჩნდეს, მაგრამ შეიძლება თავიდან ვერ ავიცილო და ოფიციალურად მომიწიოს თქვენი დაკითხა.

- მადლობა, თუ საჭირო იქნება რა თქმა უნდა.

- ბოლოს ერთ კითხვას დაგისვამთ და მეტს აღარ მოგაცდენთ, თქვენც სტუდენტები გელოდებიან. ქალბატონ დოდოზე რას მეტყვით? ჩხაიძის დამხმარეზე. ნინოს გაეცინა, თავი ჩაღუნა და რამდენიმე წამი ფიქრობდა.

- მე გამიმართლა, მას არა. მე ასეთი კაცი მყავდა გვერდით ბოლო ათი წელი და ცოტა მეტიც. კაცი, რომელიც ყველა პრობლემას მიგვარებდა, ყველა ტკივილს მავიწყებდა, ახლა როგორ უნდა ვიცხოვრო ისიც არ ვიცი. ზოგჯერ მიფიქრია, ღმერთს ძალიან ვუყვარვარ, ის რომ გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში-თქო. დოდო სტუდენტობიდან მასზე იყო შეყვარებული, უნივერსიტეტშიც დათოსთვის დარჩა, არც გათხოვილა და არც ვინმე ჰყოლია. დათოს აჩრდილად იქცა, მის უხილავ თანამგზავრად. ალბათ ყველაზე მეტად მას ეტკინა, შეიძლება ჩემზე და ირაკლიზე მეტადაც კი

- რატომ არ დაქორწინდით? - ვეღარ მოითმინა ელენემ.

- რაში მჭირდებოდა ფურცელი, როცა უმისოდაც ძალიან ბედნიერი ვიყავი. პროფესორის თვალებში სხივი გაკრთა. ელენემ ქალური შური იგრძნო მის მიმართ და საშინელი სიძულვილი ადამიანისა, რომელმაც ამხელა ბედნიერება მოკლა. დაემშვიდობა ქალს და უკანმიუხედავად დატოვა შენობა.

სახლში არეულობა იყო, მეზობლები დაიფანტნენ, ირაკლი ცარიელ ოთახებში დააბიჯებდა და არ იცოდა რით დაეწყო. იქნებ ჯერ ბატონი დავითის ნივთებისთვის მიეხედა. რა უნდა ექნა ამდენი კოსტიუმისთვის ისიც არ იცოდა. რაც მოეწონებოდა ივანეს მისცემდა, მაგრამ რად უნდოდა კაცს შარვალ-კოსტიუმ-ჰალსტუხები. გადაყრა ენანებოდა, იქნებ ეკლესიაში მივცე ვინმესო, მაგრამ იქაც არავის იცნობდა. ბოლოს კარადას თავი ანება და ბიბლიოთეკისკენ წავიდა.

საწერი მაგიდა სავსე იყო ფერადი ფურცლებით, გაზეთიდან ამოჭრილი თუ ამობეჭდილი სტატიებით, გადაშლილი და ჩანიშნული წიგნებით. ეს ყველაფერი სამუშაო გარემოს და ამავე დროს ქაოსს ქმნიდა. ირაკლის გული შეეკუმშა. წარმოიდგინა მამა როგორ იჯდა ამ „დალაგებულ“ არეულობაში და თავდახრილი წერდა რაღაცას. მაგიდის კიდეზე წინა საუკუნის გაცრეცილ გაზეთებს შორის ყავისფერ წიგნაკს მოკრა თვალი. გაუხარდა და გაუკვირდა, ეს ფრანკფურტში უყიდა მამას დიდი ხნის წინ და აღარ

ეგონა თუ კიდევ ჰქონდა. ხელი გადაუსვა ქალაქისხედებიან გარეკანს და წიგნაკი გადაშალა. ფურცლები სავსე იყო წიგნების სათაურებით, რომაული და არაბული ციფრებით. ირაკლი თაროებს დაუყვა, არაბულით სწორედ ისინი იყო დანომრილი, რომაულით კი წიგნები.

- ეს სწორედ ისაა, რაც მჭირდება, მაგრამ ჯერ მომხიბვლელ გამომძიებელს დავურეკოთ - ჩაილაპარაკა ირაკლიმ - რა დროს ელენეს მომხიბვლელობაზეა ფიქრი, მამაჩემის საქმის გამომძიებელია ქალი - გაბრაზდა თავის თავზე - არა ისე ნეტა რამდენი წლის იქნება, ალბათ ჩემი ტოლი. ჰა ჰა 2-3 წელი სხვაობა, ნეტა ქმარი თუ ჰყავს... ფიქრი გააგრძელა, ფეხშიშველმა გაიარა ოთახში და ტელეფონს დაწვდა.

- ქალბატონო ელენე, მამაჩემის ბიბლიოთეკის კარტოთეკის წიგნაკი ვიპოვე, თუ გნებავთ მობრძანდით და ნახეთ, თუ გნებავთ მე ვნახავ წიგნებს რა აკლია, იქნებ საინტერესო იყოს რამე.

- მადლობა ბატონო ირაკლი, - გაისმა ტელეფონში ელენეს წყნარი ხმა- ნახევარ საათში მოვალ, გადაუდებელი საქმე არ მაქვს.

- დროებით და გელოდებით - დაემშვიდობა და ტელეფონი გათიშა. „ნეტა სახლში ყავა მაინც თუ მაქვს, ან სვავს კი ყავას? რა რთული ამბავია მოკლედ. არა რა დროს ამაზე ფიქრია, კაცმა გუშინ გავასვენ მამა, არა ზრდილობის ამბავია, რაღაც ხომ უნდა შევთავაზო“ - თავის თავს ეკამათებოდა უმცროსი ჩხაიძე და სწრაფი ნაბიჯით სამზარეულოსკენ მიდიოდა.

ელენეს ნიკოსთვის გამოძიების დეტალები უნდა გაცნო, ირაკლიმ რომ დარეკა. „მშვენიერი ამბავია, უფრო კარგადაც გავიცნობ ბატონ ირაკლის, იქნებ საჭირო ინფორმაციაც ჰქონდეს რამე, არაფორმალური შეხვედრა, ყოველთვის მრავალი მომცემია „ გაიფიქრა ქალმა და პროკურორის კარი შეაღო.

-აბა რა ხდება? - ნიკო კარებში შეეგება ელენეს.

-ჯერ გამარჯობა ბატონო ნიკო, მერე როგორ ბრძანდები, მეც კარგად ვარ, მადლობა რომ მომიკითხე.

ახლა საქმეს რაც შეეხება...

ნიკოს გაეცინა : რა ვიცი ქალბატონო ელენე ჩემს მდივანს კი დააწიოკებ ხოლმე, დროზე მიმიღოს გავრბივარო და მეგონა ახლაც გარბოდი.

- მართლა გავრბივარ ახლაც, ირაკლი ჩხაიძესთან მივდივარ. მამამისის წიგნების სია აქვს და უნდა მოვძებნო რამე ხომ არ აკლია, უფრო სწორად, ის ეძებს და არ მინდა უჩემოდ ჩაიაროს ამ ამბავმა.

- ეგ კარგია, იქნებ რაღაც გამოჩნდეს, თუ არა ამ საქმეში მარტო ვარაუდებია და თივაში ნევსს ვეძებთ უკვე. თუ რამე გაიგე მაშინვე დამირეკე.

- არის შეფ - გაეჭიმა ელენე და კაბინეტიდან გავარდა.

*****

ის იყო ეზოს კარები შეაღო გამომძიებელმა, რომ უმცროსი ჩხაიძე გამოჩნდა. პირველი შეხვედრის შემდეგ სახე ცოტა დამშვიდებოდა, მაგრამ ჩაშავებული თვალები მაინც გასცემდა უძილო ღამეებს. სახლიც მოუწესრიგებელი იყო, ალბათ ამას სულ არ აქცევდა ყურადღებას ახალგაზრდა კაცი.

- აი ქალბატონო ელენე, აქაა მამას ყველა წიგნი თავისი ნომრებით. შემოწმება დავიწყე, ჯერ არაფერი აკლია, თუ გნებავთ თქვენც გადაამოწმეთ.- ბიბლიოთეკისკენ გაუძღვა ირაკლი გამომძიებელს.

- შეიძლება ჯერ პირადი ნივთები ვნახო?

- კი რა თქმა უნდა, მე ამას მივუბრუნდები, თქვენ მაგიდასთან მოთავსდით. ყავას ან ჩაის ინებებთ?

- ყავა თუ შეიძლება- ისევ ვერ გაუძლო ყავის ცდუნებას ელენემ.

- ახლავე - დაიძახა ირაკლიმ და სამზარეულოსკენ წაფრატუნდა. ელენემ იფიქრა, კარგი იქნებოდა საჭმელიც ჰქონოდა რამეო, მაგრამ მოერიდა, მგლოვიარე კაცს რა ექნებოდა. საწერ მაგიდასთან მოკალათდა და გარდაცვლილის ნივთების დათვალიერება დაიწყო.

- ელენე - წამოიძახა იქვე კარადასთან ჩაცუცქულმა ირაკლიმ - ვეფხისტყაოსნის 1954 წლის გამოცემა არაა, ეგ წიგნი მეც მახსოვს. უნგრული გამოცემაა. სკკპ გენერალური მდივანი იური ანდროპოვი უნგრეთში საბჭოთა კავშირის საელჩოში მუშაობდა და სტალინისთვის თავის მოსაწონებლად უნგრულად ათარგმნინა. 1953 წელს სტალინი გარდაიცვალა მაგრამ წიგნი მაინც გამოიცა.

ელენემ თავი ძლივს აწია ფურცლებიდან. ესეც ასე, რაღაც მაინც გამოჩნდა, ირაკლის თავზე დაადგა და მის გვერდით ჩაიმუხლა.

- აქ უნდა იდოს წესით, ამ ორ წიგნს შორის, მაგრამ აქ არ არის. ამის მაგივრად ტოლსტოი დევს, რომელიც არ ვიცი სად უნდა იდოს, ჯერ მანდ არ მივსულვარ.

- შენ ამბობ, რომ ამ ორ წიგნს შორის რუსთაველის მაგივრად სხვა რამე დევს? - კიდევ ერთხელ ჩაეკითხა ელენე.

- კი ზუსტად ასეა, რუსთაველის ზომის წიგნია ტოლსტოიც, მის მაგივრად რომელიც არის.

- საინტერესოა ბატონმა დავითმა გადააადგილა წიგნი?

- არა მგონია, მამას ასეთ შემთხვევაში ნომრები აქვს შეცვლილი, რაც წიგნების თანმიმდევრობას არ არღვევს.

კაცი გამალებით ეძებდა წიგნაკში ნომრებს, ელენეს ეუბნებოდა და თაროებზე ამოწმებდა.

-ირაკლი - წამოიძახა ქალმა - გაბლიანიც არ არის, მისი ადგილი ცარიელია.

-ოჰოოო... - დაუსტვინა ირაკლიმ - ნეტავ კიდევ რამდენი წიგნი აკლია და სად გაქრნენ ისინი? დავიჯერო ამათ შეეწირა მამაჩემი? გამომძიებელმა მხრები აიჩეჩა

- არ ვიცი, მართლა არ ვიცი, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებ, რომ გავიგო. ერთი წამით ჩაფიქრდა და ისევ წიგნის თაროებს მიუბრუნდა.

- ირაკლი პიცა ხომ არ შეგვეკვეთა? - კითხა ელენემ მორიდებულად. რა ექნა შიმშილი თავისას შვრებოდა და ტვინი სხვა აღარაფერზე ფიქრობდა.

- მე არ ვიცი როგორ - დაიბნა ახალგაზრდა კაცი და ფეხზე წამოდგა - ისე დღეს მეც არაფერი მიჭამია.

- ინტერნეტში მოვძებნი უცებ - დასტაცა ტელეფონს ხელი ელენემ - ზედ დამატებული სასმელი, შენ რა გირჩევნია? ყავა და ჩაი გვაქვს? ისე ვატყობ გათენება მოგვიწევს ამაღამ.

- ეგენი გვაქვს და არც მუშაობის წინააღმდეგი ვარ, ისედაც არ მძინავს ღამე.

- მაშინ ბლომად შევუკვეთ - გაეცინა ელენეს და პიცერიის ნომერი აკრიბა.

სალომე ტაბატაძე