მარტოხელა - თავი 8 - Marao

მარტოხელა - თავი 8

2023-03-20 09:47:59+04:00


წინა თავი

- აი, რას გეტყვით, - წარმოთქვა სერგიმ და სკამი მაგიდისგან ოდნავ მოშორებით გასწია, - წასვლამდე რომელიმე თაროს დავამოკლებ, ბოლოებს მოვუმრგვალებ და მერე თქვენ გადაწყვიტეთ, მოგეწონებათ თუ არა ასეთი ფორმა. რას იტყვით?

მატი უყოყმანოდ დათანხმდა.

ავტოფარეხში გავიდნენ, სადაც თაროები იყო დაწყობილი. აქ სერგი უფრო თავისუფლად გრძნობდა თავს, რადგან ქალი მთლად მის სიახლოვეს არ იმყოფებოდა, მაგრამ დიდად ამანაც არ უშველა. რადგან გარეთ ძალიან ციოდა, მატილდას დაბამბული ქურთუკი ეცვა, თავზე კი ყურებიანი ქუდი ჩამოეფხატა. ასეთ ფორმაში, წესით, იგი სასაცილოდ უნდა გამოიყურებოდეს, მაგრამ პირიქით, ის…

შეწყვიტე ფიქრი, სერგი!

- მგონი, აი, ასე ცუდი არ იქნება, - სერგიმ ერთი თაროს ჩამოჭრა და მომრგვალება დაამთავრა და თვალებით ცოცხს დაუწყო ძებნა, რათა იქაურობა მოეგავა.

- შეეშვით, ხვალ მე თვითონ დავალაგებ აქაურობას, ამაღამ იყოს ასე, არაფერი უჭირს, - მიუხვდა მატილდა, - ყავა ხომ არ დაგველია? ჩაიდანი წეღან ავადუღე, წყალი ჯერ არ იქნება გაგრილებული.

ისევე, როგორ სერგი. ან კი რა გააგრილებს მის სიახლოვეს? ვიწრო ავტოფარეხში ნახევარი საათის მუშაობის განმავლობაში იგი ქალს დროდარო მხრებით და ხელებით ეხებოდა და რამდენჯერმე ზურგითაც კი შეეჯახა, რის გამოც კარგა გვარიანად წამოახურა.

- ახლა ჯობია გზას გავუდგე. დავბრუნდე ჩემს სამფლობელოში და გათბობა ჩავრთო, სანამ დასაძინებლად დავწვები, თორემ ამაღამ მაგრად ყინავს, - ჩაიბურტყუნა თავისთვის.

ჰო, ეს გონიერი გადაწყვეტილება იქნებოდა. წყლის გადავლებაც არ აწყენდა, რაც ძალზე რთულია ამ გაგანია ზამთარში, მაგრამ სხვა რა დარჩენია? გაათბობს წყალს და დაიბანს, მერე კი დაწვება თავის ხის ნარზე, რომელიც მასზე ორჯერ უფრო ახალგაზრდა და ორჯერ უფრო პატარა ბიჭისთვისაა განკუთვნილი.

რატომღაც, ცხოვრების წესმა, რომელიც მას ერთობ მშვენივრად მოეჩვენა რამდენიმე ხნის წინ და ბინის ქირაობა გადააფიქრებინა, მოულოდნელად დაკარგა მიმზიდველობა. ჯანდაბა! ის კი არა, იმის სურვილიც კი გაუჩნდა, ძაღლი იყოლიოს…

მატილდას მკვდარივით ეძინა, როცა მზის თბილი სხივი საამოდ მოელამუნა სახეზე. თვალები გაახილა და გაოცდა. გარეთ მზე ისეთი სიკაშკაშით ანათებდა, თითქოს ზამთარი კი არა, შუაგული გაზაფხული ყოფილიყო. წამოხტა, ხალათი მოისხა და აივანზე გავიდა. გარემოს სითეთრე გაბატონებოდა. ირგვლივ ყველაფერი მბზინავ თოვლს წაელეკა, მაგრამ თბილოდა.

- მიყვარს ყველაფერი, რაც თბება, - შესძახა აღტყინებულმა და შეეცადა მზისთვის ჯიქურ შეეხედა, მაგრამ ვერ შეძლო. მნათობის სიკაშკაშემ თვალი მოსჭრა.

- რა უცნაურად თბილი ამინდია, - ჩაილაპარაკა თავისთვის და ხელისგულები მზეს მიუშვირა.

აშკარა იყო, ზამთარი გაზაფხულს იბრალებდა.

უკან შებრუნდა. მართალია, კარგად ეძინა, მაგრამ გიჟურმა სიზმრებმა აღგზნებისა და უკმაყოფილების გრძნობა დაუტოვა, თუმცა, როგორც კი შხაპის მხტუნავი ჭავლის ქვეშ დადგა, ყოველგვარი შეგრძნება სწრაფადვე გაუქრა.

როცა ჩაიცვა, მობილურის ეკრანს მერეღა დახედა დროის გასაგებად. ცხრა დაწყებულიყო. სერგი რატომღაც იგვიანებდა. ამან ცოტათი შეაშფოთა. ხომ უთხრა, დილით ძაღლის გასეირნებაში მოგეხმარებიო? ასეთ დროს მატის ყოველთვის გაყვანილი ჰყავდა მესი. ამ დილით დააგვიანა. რამდენ ხანს სძინებია. ალბათ იმის ბრალია, გუშინ ძალიან რომ გადაიღალა. ჯერ მაღაზიებში იბოდიალეს მან და მისმა ხელოსანმა, მერე მესი გაასეირნეს, ივახშმეს, მერე თარო მოალამაზეს. ჰოო, ბევრი რამ გაუკეთებიათ გუშინ.

არა უშავს, მარტო გაიყვანს ძაღლს. კარგად ახსოვს გუშინდელი გაკვეთილები, როგორ უნდა მოჭიმოს ჯაჭვი, რათა ძაღლს მიმართულება მისცეს.

ყავას იკეთებდა, როცა მანქანის დამუხრუჭების ხმა გაიგონა. ეგონა, სერგი მოვიდა, მაგრამ შეცდა. რამდენიმე წამის შემდეგ კარი სოფომ შემოაღო.

ძლივს შეიკავა თავი მისი ნახვით გაღიზიანებულმა მატიმ.

- ძაან ადრე ხომ არ არის, შემთხვევით? - ტუჩები დაჭიმა მატილდამ და დაქალს მიაჩერდა.

- აუ, ყავა დამალევინე, ფუნთუშა მაჭამე და თან მომიყევი, რას წარმოადგენს შენი ხელოსანი.

- ამწუთას მოვიმზადე ჩემთვის, მაგრამ დალიე. ფუნთუშა არ მაქვს. თუ გინდა, ერთი ცალი ხინკალია მაცივარში და იმას შეგიბრაწავ.

- მიდი, რა, სასტიკად მშია.

- მერე ვერ ჭამე სახლში? თუ გამოგაგდეს?

- არაფერი არ მქონდა, დამიჯერებ? - სოფო მაგიდას მიუჯდა და ყავა მოხვრიპა, მატი კი ერთადერთი ხინკლის დაბრაწვას შეუდგა.

- ჰა, მომიყვები ახლა?

- რას?

- რას და რას წარმოადგენს-მეთქი.

- ვინ რას წარმოადგენს?

სოფომ თვალები აატრიალა.

- ვითომ ვერ მიხვდი! ვინ და შენი მუშა!

ჰმ… თითქოს თვითონ არ იცოდეს, სერგი რას წარმოადგენს! სისტემა, რომლითაც სოფოს უცოლო მამაკაცების გამოვლენა და შეცნობა შეეძლო, მსოფლიოს ყველა სადაზვერვო სააგენტოს შეშურდებოდა. მატიმ დანადვილებით იცოდა, რომ მის დაქალს ყველანაირი ინფორმაცია ექნებოდა შეგროვებული სერგიზე. უბრალოდ, უნდოდა მაინც მისგან მოესმინა ყველაფერი, რათა რამე მნიშვნელოვანი არ გამორჩენოდა.

ბოლო დროს მატილდას აღიზიანებდა სოფოს თვალში საცემი გარეგნობა და მიზანმიმართული არასერიოზული მანერები, მაგრამ ცდილობდა არ შეემჩნია.

ინტერიერის დიზაინერმა თავისი სამასლარიანი მაღალქუსლიანი ფეხსაცმლიდან თოვლის ნარჩენები ჩამოიფერთხა, მატის ჩაუქროლა და სამზარეულოში შემავალმა გზად სამასლარიანი სუნამოს სურნელი გააფრქვია.

- თვალები გაახილე, გოგუშკი, ღრმად ამოსუნთქე და გამოიღვიძე!

- შენ სამსახური არ გაქვს? გეჭამა საკუთარ სახლში და წათრეულიყავი სამუშაოდ! - დაუცაცხანა მატილდამ.

განა არ იცის სოფომ, რა განწყობით იღვიძებს მატი დილით. დღეს კი გაეღვიძა ცოტა განსხვავებულად, ამაღლებულ ხასიათზეც კი იყო, მაგრამ წუხელ ნახევარი ღამე სიზმრებმა გაასავათა, რაც ჯერაც თვალწინ უდგას.

- ხომ იცი, რომ სახლში არაფერს ვაკეთებ? ყოველთვის გარეთ ვსაუზმობ და ვსადილობ. უბრალოდ, აქეთ რომ გამოვიარე, ვეღარ მოვითმინე და შემოგიარე. - დაქალმა თავისი კვახივით საჯდომი სკამზე ჩამოდო და მატის მიაჩერდა, - აბა, მომიყევი. უკვე იწექით ერთად?

მატილდას ცდუნებამ სძლია, ვიწექითო, ეთქვა.

- ორივეს გვეძინა, - მიახალა სოფოს და გულში გაეცინა.

ეს სულაც არ იყო ტყუილი. მასაც ეძინა და სერგისაც, თუმცა ერთს აქ და მეორეს იქ, კატერზე, ოღონდ არა ერთად.

- რაოო? - თვალებგაფართოებულმა სოფომ წელზე დოინჯი შემოიყარა.

- გოგო, ის მხოლოდ ხელოსანია, გესმის? და სხვა არავინ! ტვინი ნუ ამხადე ამ დილაუთენია!

- მე ისე, უბრალოდ გკითხე. ეგ კაცი ლალოსთვის მჭირდება, მაგას ვუმიზნებ. ფიქრია მეუბნება, იდეალური ვინმეაო, მაგრამ შენ თუ გაქვს მის მიმართ ინტერესი, მაშინ ვინმე სხვას ვიპოვით.

- არანაირი ინტერესი არა მაქვს! - უყვირა მატიმ. - ყოველ შემთხვევაში, შენ რომ გულისხმობ, იმ თვალსაზრისით. მაგრამ თქვენ თუ მას ყურადღებას გადაატანინებთ და ჩემი რემონტი დაგვიანდება, ამას არასდროს გაპატიებთ!

- დავაი რა! - აგდებულად შეეპასუხა დაქალი, - ისე გვაპატიებ, როგორც დაგიბარებია! მთლად რომ სული გასძვრეს შენთან მუშაობით, რაღაც მაინც ხომ დარჩება ბოლოს? ჩვენ ისეთიც გვაწყობს!

- ღრრრ! - სიბრაზისგან წამოჭარხლდა მატილდა.

- კარგი, კარგი. მიდი, მაჭამე ახლა შენი დედისერთა ხინკალი, თორემ გამიხმა კუჭი.

მატილდამ დაბრაწული ხინკალი თეფშზე დადო და მეგობარს უდიერად დაუგდო წინ.

- აჰა, ხეთქე და მოუსვი მერე აქედან!

- რა საზიზღარი გოგო ხარ, რომ იცოდე! - შეამკო სოფომ დაქალი და ჰაეროვანი კოცნა გაუგზავნა.

ის იყო, ხინკალი ჩაკბიჩა, რომ უცებ სმენად იქცა.

- ის არის? მანქანის ხმა იყო!

ო, ღმერთო! რაღა ახლა მოვიდა ის ოხერი? - მატილდას სიმწრისგან ოფლმა დაასხა.

- სპეციალურად გამომიჯექი აქ, რომ გაგაცნო, არა? - დაუღრინა მატიმ.

სოფოს თვითკმაყოფილი ღიმილი აღებეჭდა ტუჩებზე.

სერგი უკვე კართან იყო, ამიტომ მატილდა ვერაფერს გახდებოდა. მათი გაცნობა გარდაუვალი იყო.

- მზად ხართ? - დაიძახა სერგიმ, როგორც კი ჰოლში შემოვიდა.

- ერთი წუთით სამზარეულოში შედით. ვიღაც მინდა გაგაცნოთ!

ჰო, უნდა, როგორ არა! ერთი სული აქვს მატის, ოღონდ ისინი ერთმანეთს გააცნოს! ეს ისევე უნდა, როგორც სახეზე ფერიმჭამელების გამოსვლა!

- სოფო, ეს სერგია. სერგი, ეს სოფოა! - მატილდამ თვალები მოჭუტა და ორივეს რეაქციას დაელოდა.

მამაკაცმა ჩაიცინა და დაუფარავი ინტერესით შეათვალიერა კოხტა, ყვირილამდე გამომწვევად ჩაცმული წითური ქალი. მის თვალებში თითქოს უკიდურესმა გაოცებამ თუ ოდნავმა დაცინვამ გაიელვა.

- სასიამოვნოა თქვენი გაცნობა, ქალბატონო… ხმ… სოფო! მგონი, ტელეფონზე გვისაუბრია ერთმანეთთან.

სოფოს აშკარად ნერწყვი გადასცდა სასულეში. ყოველ შემთხვევაში, მატის ასე მოეჩვენა.

- ღმერთო ჩემო! სტუმარიც ამას ჰქვია! - წამოიძახა აშკარად აღტაცებულმა.

- სოფო! - ჩუმი მუქარით წარმოთქვა მატილდამ.

- უბრალოდ, იმის თქმა მინდა, რომ სასოწარკვეთილ მატილდას ძალიან სჭირდება კაცი. ანუ ის, ვინც ჯერ ანგრევს და მერე აღადგენს მის აპარტამენტებს.

- სოფო, სამსახურში გაგვიანდება! - ცივად შეახსენა მატიმ ვაიღიმილით. დაქალის ხასიათში წვეთი არ მოიძებნებოდა ბოროტების, სამაგიეროდ, მის ეშმაკურ სიცელქეს არასდროს ჰქონდა საზღვარი.

- სერგიმ უნდა იმუშაოს, მე კი ძაღლი მყავს გასასეირნებელი. ასე არ არის, სერგი?

მამაკაცმა მორჩილად დაუქნია თავი, დაჟანგული სპილენძისფერი თვალები მხიარულად უბრწყინავდა.

- სასიამოვნო იყო თქვენი გაცნობა, ქალბატონო.

- არა რა! ერთი მოუსმინეთ, რა საყვარელია! - სოფო არ ჩერდებოდა.

- სოფიკო! - კვლავ გაისმა მატილდას ხმა. ამჯერად სწორედ იმ სახელით მიმართა დაქალს, ასე ძალიან რომ სძულდა.

- კიდევ ერთხელ გიმეორებ, სოფიკოს ნუ მეძახი! - დააბრიალა მეგობარმა თავისი ლამაზი თვალები, - ისე, თუ იფიქრე ოთახის იმ ფერებზე, მე რომ გირჩიე?

- დღე და ღამე მხოლოდ მაგაზე ვფიქრობ! - ურცხვად იცრუა მატილდამ და როგორც კი სოფო ფეხზე წამოდგა, მაშინვე ჰოლისკენ უბიძგა.

სოფო სულ ხარხარით გავიდა გარეთ, რაც მატის უსიამოვნოდ მოხვდა გულზე.

- როცა ასეთი მეგობრები გყავს, მტერი საჭირო აღარ არის! - ჩაილაპარაკა გაგულისებულმა და კარი ჩაკეტა.

- თქენი მეგობარი შოუბიზნესშია ჩართული? - ჰკითხა სერგიმ, როცა მატი სამზარეულოში დაბრუნდა.

- ამ აზრამდე მისმა ჩაცმულობამ მიგიყვანათ? ჰო, მას უყვარს ჭრელაჭრულა ფერები, განსაკუთრებით, წითელი და ყვითელი. თუ ცხრასანტიმეტრიანმა ქუსლებმა გაფიქრებინათ? მგონი, ნაპოლეონის კომპლექსი აქვს - ეშინია, ვაითუ ვერ შეამჩნიონ, - გადაიკისკისა მატილდამ.

- ო, ამის შანსი ძალზე მცირეა, - შენიშნა სერგიმ, - რა გვარია? აქვს კი გვარი საერთოდ?

- აქვს და მერე რამდენი! სულ ცოტა, ხუთი. ერთი საკუთარი და ოთხი - ყოფილი ქმრების. არჩევანის უამრავი საშუალებაა. სიმართლე გითხრათ, არასდროს არ ვიცი, როდის რა გვარს იყენებს ხოლმე. - უპასუხა და ისეთი სიცილი აუტყდა, კარგა ხანს სული ვერ მოითქვა.

- ახლა გვეყოფა სიცილი, მესი გავასეირნოთ, თორემ ძალიან დამიგვიანდა, - სერგიმ საქმიანი იერი მიიღო.

- მართლა, რატომ დაგაგვიანდათ ამ დილით?

- ჩამეძინა. წუხელ გათბობა ჩართული დავტოვე და სითბომ ბოლომდე გამთიშა. ამიტომ დავიგვიანე. დღეს რა მაგარი ამინდია, არა? ასე მგონია, მაისია.

- ჰო, საოცრად თბილა. მაშინ დროზე გავიდეთ, თორემ მესი გაგიჟებული იქნება უკვე.

- არა უშავს, მოითმენს. ძაღლებმა მოთმინება იციან. მოდი, ჩემი ფურგონით წავიყვანოთ აი, პარკის იქით რომ ხევია, იქ ჩავიყვანოთ. გაუხარდება, გემრიელად ირბენს. არც მანქანებია იქ და არც ხალხი მოძრაობს.

- კი ბატონო, თანახმა ვარ, - მატიმ მხრები აიჩეჩა მხოლოდ და ჩაცმას შეუდგა.

ძაღლი ფურგონის ძარაზე შესვეს და დაიძრნენ. სერგიმ მუსიკა ჩართო. ჰაერში ფორტეპიანოს აკორდები დაიღვარა. სერგი სტვენით აჰყვა მელოდიას. ეჩვენება მატის თუ ეს მართლა კლასიკური მუსიკაა? სერგი რა, ბახს და ბეთჰოვენს უსმენს? არა, ეს შოპენი უნდა იყოს აშკარად… ქალი დაიბნა. ასეთ რამეს ხელოსნისგან მართლა არ ელოდა.

- გინდათ მე გავასეირნო? თქვენ მანქანაში დარჩით. - შესთავაზა მამაკაცმა.

- არა, მე თვითონ. ახლა, როცა უკვე ვიცი, რაც სჭირს, შემიძლია გავუმკლავდე.

- ძალიან კარგი! - მხიარულად დაეთანხმა სერგი, - ყოველ შემთხვევაში, მეც შორიახლოს ვიქნები. ხომ შეიძლება, საიდანმე მეორე ძაღლი გამოხტეს ან სულაც კატა? თუ გაიქცა, ვეღარ მოთოკავთ. მერე კი…

- ვიცი, - შეაწყვეტინა მატილდამ, - თუ რამეა, 112-ზე დარეკეთ და გრიგალის მოახლოება აცნობეთ! - დააყოლა და კვლავ გულიანად აკისკისდა.

მან იცის, როგორ მოიქცეს ძაღლებთან. მაგრამ როგორ უნდა მოიქცეს მამაკაცთან, რომელიც დანჯღრეული ფურგონით მოძრაობს, კატერზე ცხოვრობს და შოპენის მელოდიებს უსტვენს? აი, ეს კი არ იცის.

თითქოს ამის უფლება ჰქონოდა, ეს კაცი მის სიზმრებშიც შემოიჭრა და აიძულებს მატის, აღგზნებულმა და აღტყინებულმა გაიღვიძოს. ჰოდა, ახლა ამ წყეულ მესის რომ ვერ გაუმკლავდეს ახლა, სწორედ რომ სერგის ბრალი იქნება და არა მისი!

მაგრამ მესი მშვენივრად იქცეოდა. ერთხელაც არ უცდია, მატის გაჰქცეოდა. მორჩილად მიჰყვებოდა გვერდით და მხოლოდ მას შემდეგ გაილაღა, როცა ჯაჭვი მოხსნეს.

სახლთან მოვიდნენ და როგორც კი სერგიმ მანქანა გააჩერა, მატილდა მაშინვე გადმოვიდა, რათა ძაღლი ძარიდან ჩამოეყვანა. ამასობაში მამაკაციც გადმოვიდა. მოულოდნელად მათ წინ ნაცრისფერი „მერსედესი” ბორდიურს მოშორდა და ნელა დაიძრა. ორივემ შეამჩნია იგი.

- თქვენ ძაღლი შეიყვანეთ, მე მალე დაგეწევით! - მშვიდად უთხრა სერგიმ და სანამ მატილდა შეეკითხებოდა, რას აპირებო, მამაკაცი უეცრად შებრუნდა და ქუჩაზე თავქვე დაეშვა.

სერგისა და მანქანას შორის სულ ექვსიოდე მეტრი თუ იქნებოდა მანძილი, მაგრამ, როგორც ჩანს, მძღოლმა შეამჩნია იგი, ამიტომ სწრაფად დააჭირა ფეხი აქსელერატორს და მთელი სისწრაფით გაქანდა.

სერგი რამდენიმე წუთის განმავლობაში გასცქეროდა სწრაფად მიმავალ ავტომობილს, მერე მატილდასთან დაბრუნდა.

- მაგის დედაც! - ჰაერში მუშტი დააქნია მამაკაცმა.

- ახლაც ფიქრობთ, რომ ჭკუიდან შევიშალე? ხომ გეუბნებოდით. მართლა მე მითვალთვალებს.

- თუ ასეა, მინდა გითხრათ, რომ ყველაზე უნიჭო თვალთვალია, რაც კი ოდესმე მინახავს. ვერ ვიტყვი, რომ ასეთ რამეში დიდი გამოცდილება მაქვს, მაგრამ…

- როგორ ფიქრობთ, რა უნდა უნდოდეს?

- რა გაქვთ, რო?

- ღირებული მართლა არაფერი გამაჩნია, ისეთი, რომ ვინმე დაინტერესდეს. და გინდაც ასე იყოს, კუდში რატომ უნდა დამდევდეს? თუ ქურდია, სახლში უნდა შეიპაროს, მე რას მაკონტროლებს? კარს ხომ არასდროს ვკეტავ.

- მაგრამ აწი დაკეტავთ, ხომ მართალი ვარ?

- აუცილებლად, - დაჰპირდა მატი.

არა, უნდა გაიგოს, ვინ დასდევს. ან რატომ. იქნებ ვინმეში ეშლებათ?

- კარგი, ღირებული არაფერი გაქვთ. თქვენი აზრით, სხვა რა მიზეზი უნდა იყოს? რამ შეიძლება ადამიანი დააინტერესოს?

- წარმოდგენა არა მაქვს. არც წიგნები მაქვს ანტიკვარული, რომ ვიღაც ამაზე ნადირობდეს.

სერგიმ ჩაიცინა, თან ისე საყვარლად, მატის ჟრუანტელმა დაურბინა ტანში. წუხანდელი სიზმარი გაახსენდა. იმ სიზმრიდან ერთი მომენტი ჰგავდა ამ ჩაცინებას.

- თქვენს ადგილას, მესის დღეს სახლში წავიყვანდი და ჰოლში დავტოვებდი. რა იცით, რა ხდება.

მატილდა შედგა.

- რას ამბობთ! ამხელა სპილოს სახლში როგორ გავაჩერებ, ისედაც თავზე მაყრია ყველაფერი!

- მაინც ყოველ დილით გაგყავთ სასეირნოდ, ბარემ სახლიდან გაიყვანდით, - თითქოს მისი პროტესტი არ გაუგონიაო, ისე გააგრძელა სერგიმ.

მატილდამ გაგულისებით შეხედა ხელოსანს, მესის ჯაჭვზე მოქაჩა, მეზობლის ეზოში შეიყვანა და თავისი ადგილი მიუჩინა. როცა უკან მობრუნდა, სერგიმ გააგრძელა:

- მომისმინეთ. საერთოდ არ მომწონს, რომ ამაღამ მარტო რჩებით სახლში.

- რომ იცოდეთ, სულ არ მადარდებს ის ტიპი. მე რომ ვჭირდებოდე, აქამდე მოიმოქმედებდა რამეს. ხომ არ ვიმალები, არა?. ნებისმიერ დროს შეუძლია გამოქანდეს და დამეჯახოს ან მანქანაში შემტენოს.

- სწორედ ეგ მაფიქრებს, - შეფიქრიანებით შეეპასუხა მამაკაცი, - როგორც ვხვდები, თქვენს სახლთან ახლოს გისაფრდებათ, ასე არ არის?

მატილდამ თავი დაუქნია.

- ის უკან მოგყვებათ, როცა სახლიდან გადიხართ, მაგრამ ერთხელაც არ ჰქონია მცდელობა, შიგნით შეეღწია ან გამოგლაპარაკებოდათ. შორიდან გივლით. რაღაც ვერ ვაკავშირებ ერთმანეთთან.

- როგორც ვატყობ, ჩვენგან კარგი დეტექტივი ვერ გამოვა, - ნერვიულად გადაიკისკისა მატიმ, ცოტა არ იყოს, შიშმა დარია ხელი.

სერგიმაც გაიცინა, რამაც ქალზე დამამშვიდებლად იმოქმედა. რა სასიამოვნოა, როცა შეგიძლია მამაკაცს ენდო, რომელიც ზრუნავს შენზე და აშფოთებს შენი ხვალინდელი დღე.

თუმცა „დამამშვიდებლად” არ იყო მთლად სწორი სიტყვა იმ შეგრძნების აღსაწერად, რაც მატიმ განიცადა, როცა ორივენი სახლს მიადგნენ და მატის ყინულზე ფეხი დაუცურდა. ხელოსანმა ქალი მყის ხელში აიტაცა და აღარც დაუშვა მიწაზე.

მატილდამ ერთი კი შეხედა სერგის, მაგრამ ისე დაებინდა თვალები, რომ მამაკაცის სახე მთლიანად გაიდღაბნა მის მზერაში და სუნთქვა შეეკრა. დაძაბულობისგან ერთიანად შეებოჭა სხეული, თვალები დახუჭა და უცებ იგრძნო რბილი, სველი ტუჩების შეხება. არანაირი ზეწოლა, არანაირი მოთხოვნა, უბრალოდ, შეხება… ნაზი, თბილი, თვინიერი.

ამასთან, თანდათან ისე გაღრმავდა ეს კოცნა, რომ მატილდას საოცარი შეგრძნება დაეუფლა - თითქოს საუკუნოვანი ძილის შემდეგ ახალ სამყაროში გაიღვიძა სურნელოვანი ყავით, აქაფებული აბაზანითა და მამაკაცის ცხელი სხეულით.

სერგიმ მსუბუქად დაუკოცნა ქუთუთოები, წამწამები და ბოლოს საწყის წერტილს დაუბრუნდა.

მისი ხელოსანი. დურგალი, რომელიც ამწუთას კოცნის, კაცი, რომელიც მისი სახლის მეორე სართულზე მუშაობს. მისი დაცვა, რომელიც ძაღლის გასეირნებასა და პრობლემების მოგვარებაში ეხმარება.

- ო! - ქალი შეკრთა, როცა სერგი, როგორც იქნა, მოსცილდა მას. იგრძნო, სუნთქვა აღარ შეეძლო. სიტყვები არ ეყო, რაღაც რომ ეთქვა. მგონი, დამუნჯდა.

- ო! - კვლავ გაიმეორა.

- გინდა დამითხოვო? არ მოგერიდოს, გაგიგებ. - დაიჩურჩულა მამაკაცმა.

მატილდამ უარის ნიშნად თავი გადააქნია. დაითხოვოს? არავითარ შემთხვევაში! იმას, რაც ამწუთას მათ შორის მოხდა, შეიძლება გართულებები მოჰყვეს, მაგრამ სერგი ახლა რომ ადგეს და წავიდეს, ალბათ, უკან გაეკიდება და შეევედრება დაბრუნდეს.

როდესაც შინ შევიდნენ, მატილდას გონება სრულებით არ უმუშავებდა, აზრებს თავი ვერ მოუყარა. არც ერთ მამაკაცს არ მოუხდენია მასზე ისეთი ეფექტი, როგორიც ამ ხელოსანმა.

- თქვენ მიხედეთ… მიხედე… იცი, რასაც ვგულისხმობ… თაროებს, - დაბნეულად ჩაიდუდუნა, ქუდი გადაიძრო თავიდან და თმა ისე შეარხია, თითქოს თავში სისხლის მიმოქცევის აღდგენას ცდილობსო, - მე უნდა… უნდა… _ ვეღარ დაამთავრა, რადგან არ იცოდა, რა უნდოდა.

სერგიმ თავი დაუქნია, თითქოს გაიგო, რისი თქმა სურდა არეულ ქალს ერთმანეთთან დაუკავშირებელი სიტყვებით. თვითონ არაფერი ეტყობოდა. თუ მაინც გრძნობდა რამეს, აშკარა იყო, ამის ოსტატურად დამალვას ახერხებდა.

- მე დამატებით რაღაც მასალები უნდა ვიყიდო, ამიტომ მაღაზიაში გავალ. დაახლოებით ნახევარ სათში დავბრუნდები. მანქანით გავვარდები და ჰოპ, უცებ აქ ვარ. შენ კი კარი ჩაკეტე, კარგი? სანამ არ მოვალ, არავის გაუღო, იცოდე. რა თქმა უნდა, უცნობებს ვგულისხმობ, თორემ ნაცნობები მიიღე, რა პრობლემაა, - დაარიგა მამაკაცმა.

იმწუთას ვერც ერთმა ვერ გააცნობიერა, ორივენი „შენობითზე” რომ გადავიდნენ.

- შენი ჩათვლით, არა? - გაიღიმა მატიმ. როგორც იქნა, ნელ-ნელა მოეგო გონს, - პარანოიის ნიშნები ხომ არ გვეწყება ორთავეს?

ფანჯარაში შემოცურებულმა მზის სხივმა სერგის გასაოცარი თვალები მწვანედ შეაფერადა. მოულოდნელად მატიმ გაიფიქრა, რომ ხელოსნის თმა არც ისე იყო გაჩეჩილი, როგორც ადრე ეჩვენებოდა, ან მან ვერ შეამჩნია და მამაკაცმა უკვე დაიმოკლა იგი, ან, უბრალოდ, მატილდა შეეჩვია მის ვარცხნილობას. პრინციპში, გრძელი თმა უხდებოდა სერგის, ახალგაზრდულ იერს უნარჩუნებდა.

- პარანოია? იმედია, ასე არ არის. ცუდი არაფერია იმაში, რომ ზედმეტ მნიშვნელობას ვანიჭებთ იმას, რაც ხდება, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ…

- თუ მაფია ჩემს წიგნებში საუკუნის წინანდელ გამოცემებს ეძებს, დარხეული გვაქვს, არა? - გაიხუმრა მატილდამ, - გპირდები, რომ პირველივე საფრთხის შემთხვევაში პატრულს გამოვიძახებ.

სერგის ღიმილი აუთამაშდა ტუჩებზე, მაგრამ სერიოზულად თქვა:

- გაიმეორე, რასაც ახლა გეტყვი: „მე კარს ჩავკეტავ და არ შემოვუშვებ უცხოებს, სანამ სერგი არ დაბრუნდება”.

მატილდამ, რომელიც თეატრალური არასდროს ყოფილა, ხელები ტრაგიკოსი მსახიობივით ასწია და თვალები აატრიალა:

- ჰო, კარგი, კარგი! ღმერთო, რა დაემართა ჩემს მოწესრიგებულ, მშვიდ, მოსაწყენ, მაგრამ სასიამოვნო ცხოვრებას? - მან ცერი შემართა, - ერთ მშვენიერ დილას ვიღვიძებ და ვხედავ, რომ ვიღაც ნაბიჭვარი კვალში მიდგას, - მერე საჩვენებელი თითი გაფშიკა, - ჩემი საკუთარი სახლი ჩემ თვალწინ იშლება, - შემდეგ შუათითი ასწია, - მაიძულებენ კარი ჩავკეტო, რათ უცნობი მოჩვენება არ შეეცადოს ჩემს საცხოვრებელში შემოჭრას, - დაამთავრა და ორივე ხელის ყველა თითი მაღლა ასწია.

- მომისმინე, - თქვა სერგიმ და ქალის ათივე თითი ხელებში მსუბუქი მოჭერით მოიმწყვდია, - არც ისე ცუდადაა საქმე, როგორც შენ გგონია. უბრალოდ, ჩვენ, დიდი ქალაქების ბიჭები მიჩვეული ვართ სიფრთხილის გამოჩენას. ასე რომ, მომანიჭე ეს სიამოვნება, გთხოვ.

მატილდამ უსიტყვოდ დაუქნია თავი, არც კი უცდია პასუხის გაცემა. ერთადერთი სურვილი, რაც ამწუთას ამოძრავებდა, მის მკლავებში მოქცევა იყო და ვედრება, არსადაც არ წასულიყო. განა იმიტომ, რომ იმ ვიღაცის სახლში შემოვარდნის ეშინოდა. უბრალოდ, სერგის ვერ ელეოდა.

მამაკაცს კვლავ ეჭირა მისი თითები, თითქოს გაშვება დაავიწყდაო. ბოლოს გადაწყვიტა, წასვლამდე კიდევ ერთხელ ეკოცნა ქალისთვის, მაგრამ… „ააცილა” და ტუჩები მის ცხვირზე აუცურდა.

მატის მოეწონა მისი ჟესტი და მორცხვად გაუღიმა.

მალე ქალმა დაინახა, ფართო ნაბიჯებით როგორ გადაჭრა მამაკაცმა ეზო, ჭიშკარში გავიდა და თავის ფურგონში ჩაჯდა.

- შენ ტარზანი ხარ, მე კი ჯეინი, - ჩაიჩურჩულა და როგორც კი მანქანა დაიძრა, შლეგიანივით შეხტა, თან დაიყვირა, - ია-ჰუუუ!

ეს უფრო მეამბოხე სულის ყივილი იყო, ვიდრე მოქმედებისკენ მოწოდების შეძახილი. ესეც კი არ გამოსდის ნორმალურად!

სამზარეულოში შესულმა მაცივარი გამოაღო და შეიხედა. ერთი ლიტრი პაკეტის რძე, ექვსი ცალი კვერცხი, თან ერთი გატეხილი, სალათის ფოთლები, უკვე შემჭკნარი, სოფოს დატოვებული უცხიმო არაჟანი, სამი საცოდავი სტაფილო და რამდენიმე ნაჭერი ღორის მჭლე ხორცი.

რა სადილი უნდა გამოდნეს ამისგან? არც არაფერი. ბოლოს და ბოლოს, კვერცხს და ხორცს შეწვავს და ეგ იქნება.

იმის ნაცვლად, იმაზე ეფიქრა, როგორ განელაგებინა წიგნების თაროები, შესაძენი პროდუქტების სიის ჩამოწერას შეუდგა. ამიერიდან უნდა გაითვალისწინოს, რომ მას მამაკაცის გამოკვება მოუწევს. თვითონ სალათის ფოთლებზეც მშვენივრად გადავა, მაგრამ თუ სერგი მასთან საცხოვრებლად გადმოსვლას დააპირებს…

მოიცა! მისი ხელოსანი საცხოვრებლად აქ აპირებს გადმოსვლას? მასთან? მის სახლში? საიდან მოაფიქრდა? არაა, ეს გამორიცხულია! ურჩევნია, პირისპირ შეეჩეხოს იმ მოთვალთვალეს, ლამის ყოველდღე უკან რომ დასდევს, ვიდრე სერგი მასთან დასახლდეს!

ამას ვერ გადაიტანს! მამაკაცი მის სახლში? ეს შეუძლებელია! ასეც რომ მოხდეს და სერგიმ სთხოვოს, დროებით შენთან გადმოვალ, რათა მოსალოდნელი საფრთხე თავიდან აგარიდოო, მერე სარეცლის გაზიარებაზეც წამოაყენებს წინადადებას. ეს კი ისეთივე დამღუპველი იქნება მატილდასთვის, როგორც ამ რემონტის დროულად არდასრულება.

დაჭრილი მხეცივით ამოიხრიალა თითებმომუჭულმა და კვლავ სიას მიუბრუნდა. საქონლის ხორცთან ერთად კარტოფილიც ჩაწერა, მწვანილიც, ხახვიც და ტომატიც. მერე კი უფლება მისცა საკუთარ ფიქრებს, ფანტაზიის ზღაპრულ სამყაროში გადაშვებულიყვნენ. არა მხოლოდ მან მიიღო წეღანდელი კოცნისგან სიამოვნება. არის ზოგი რაღაც, რასაც მამაკაცი ვერ მალავს და მათგან ერთ-ერთიდ აშკარა სექსუალური აღგზნებაა, ვნების მოძალება, რომელიც ყველაზე ფრიგიდულ ქალსაც კი არ გამოეპარება.

იქნებ ის დროა, დაუაროს თავის წიგნებს და გამოჩხრიკოს რომელიმე ეროტიკული რომანი? ოდესღაც რამდენიმე მათგანი წაიკითხა, მაგრამ მას სიუჟეტი უფრო აინტერესებდა, ვიდრე სექსის სცენები. მაგრამ ეროგენული ზონები? და ის მისტიკური, ეგრეთ წოდებული პატარა სიკვდილი, რომელსაც, როგორც მიიჩნევენ, შეუძლია ქალს რამდენიმე წამით გონება დააკარგვინოს?

დაივიწყე, მატილდა! როგორც ყველა ქალს, მასაც იზიდავს ფანტაზიები, მაგრამ ურჩევნია, მისი გამონაგონი რეალობაზე იყოს დაფუძნებული. თუ რომელიმე მამაკაცი ოდესმე მის რომელიმე ეროგენულ ზონას „მიუჩოჩდება” - თუ, რა თქმა უნდა, ასეთი საერთოდაც გააჩნია - მაშინ ჯანდაბამდის გზა ჰქონია გონების დაკარგვას! სულაც არ სჭირდება გათიშვა. ურჩევნია სრული ცნობიერებით შეიგრძნოს ის ნეტარება, რაც, ალბათ, ერთი-ორჯერ თუ გამოუცდია თავისი სიცოცხლის განმავლობაში.

ახლა კი, მორჩა ფანტაზია! დროა, საქმეს შეუდგეს.

ზუსტად ორმოცდაექვს წუთში დაბრუნდა სერგი და მატიმაც კარი გაუღო. მამაკაცს ზამთრის სუსხიანი ჰაერიც შემოჰყვა თან ქარის ზუზუნთან ერთად.

- ხომ არავინ მოსულა? - იკითხა ხელოსანმა და ჰოლის იატაკზე ორი მოზრდილი ცელოფანი დადო.

- არა და რაც მეტს ვფიქრობ ამაზე, მით მეტად ვრწმუნდები, რომ ის ვიღაც ახალი ჩამოსულია ქალაქში და ცდილობს გზებში უკეთ გაერკვეს, ორიენტირება სჭირდება.

- და შენ ექსკურსიამძღოლად გამოგიყენოს?

მატიმ გაბრაზებული მზერით ახედა და უცებ წარბები აეჭიმა.

- თმა შეგიჭრია! - გამოუცხადა. მისი სიტყვები, რატომღაც, საყვედურივით გაჟღერდა.

სერგიმ მის შენიშვნაზე ყურადღება არ გაამახვილა, ისე თქვა:

- ჯაჭვი მოვიტანე კარებზე დასაყენებლად და კიდევ პირველ სართულზე ყველა ფანჯრისთვის რკინის ჩამკეტები. მათი გარედან გახსნა შეუძლებელი იქნება.

- ერთი წუთით, ერთი წუთით! ისე ლაპარაკობ, თითქოს აქ მთელი რიგი დანაშაულობები ხდებოდეს! უკვე ვნანობ იმ დაწყევლილი ნაცრისფერი „მერსედესის” ხსენებას!

- ასე რომ, - განაგრძო სერგიმ, არც კი დალოდებია, როდის გაჩუმდებოდა ქალი და ხელების ქნევას შეწყვეტდა, - მართალია, საშიში არაფერია, მაგრამ სიფრთხილეს თავი არ სტკივა. როცა მაღაზიას გახსნი, მაშინაც გამოგადგება ეს ყველაფერი. არავინ არაფრისგან არ ვართ დაზღვეული.

- ანუ, გინდა მითხრა, რომ თუ რომელიმე სულელი ქურდი შეეცდება აქ შემოძრომას და ჩემი ნავაჭრის მოპარვას? ხა-ხა! როგორ გაუმართლებს, ერთი ხაჭაპურის საყიდელ ფულს მაინც თუ იშოვის! მაკარონიანი ხაჭაპურის თანაც, ყველიანის კი არა!

- გაიგონე, რასაც გეუბნები! პატარა გოგო აღარ ხარ უკვე!

მატილდამ ხელები მკერდქვეშ დაიკრიფა, რითაც ძუძუები უფრო აიფუა და შეეცადა, მამაკაცის მსჯელობაში რამე სუსტი წერტილი ეპოვა.

პატარა გოგო რომ არ არის, ეს ცხრა წელია უკვე იცის. მაგრამ არც ისეთი ბებერია, გამოპრუტუნებული ეგონოს ვინმეს და ვერ საზღვრავდეს, რა ჯობია და რა არა! ისე, სინამდვილეში, თვითონ მას უნდა ეფიქრა ამაზე. შეიძლება სახლს უგულისყუროდ მოეკიდოს, მაგრამ ბიზნესი სულ სხვა საქმეა. გამორიცხული არაფერია. თან აქ ყველამ იცის, რომ მარტოხელაა. რატომაც არ დაადგებიან თავს, თუკი კაფეს და მაღაზიას გახსნის? განა მისნაირებთან შესულან? განა ერთხელ და ორჯერ გაუგია, როგორ გაუუპატიურებიათ მისი ასაკის კი არა, ხანში შესული ქალებიც და დაუუთოებიათ კიდევაც.

გაგრძელება იქნება

ასევე იხილეთ:

მარტოხელა - თავი 7

მარტოხელა - თავი 6

მარტოხელა - თავი 5