მარტოხელა - თავი 9 - Marao

მარტოხელა - თავი 9

2023-03-21 09:58:13+04:00


წინა თავი

ამის გაფიქრებაზე ცივმა ოფლმა დაასხა. საიდან მოიტანა ახლა ეს აბდაუბდა? მოსაკლავია!

- რა დაჯდა ეს ყველაფერი? - თვალით ანიშნა პარკებზე.

- დიდი არაფერი. ამაზე ნუღარ ვილაპარაკებთ. ჩათვალე, რომ ეს პატარა საჩუქარია.

- როგორ გეკადრება! არავითარ შემთხვევაში! - ისეთი პროტესტი გამოთქვა მატიმ, თითქოს ვინმეს „მარტო ერთხელ ვისექსაოთ” შეეთავაზებინოს.

- კარგი, ნუ ბრაზობ. ქვითრები აგერაა, თუ ასე ძალიან გწყინს, მაგრამ ახლა არ მინდა. მერე, როცა ყველაფერს მოვრჩები, მშვიდად მოვრიგდეთ. შევთანხმდით?

ქალმა ეჭვნეულად შეხედა, მაგრამ არაფერი უთქვამს. ისევ ისე მკერდქვეშ ხელებგადაჯვარედინებული იდგა.

სერგი თავს ვეღარ მოერია და დაჟინებული მზერა დაასო მისი მკერდის მკვეთრად გამოხატულ ღარს.

- არ გიყვარს კამათში დანებება, ხომ? - მისი ტუჩები ღიმილმა გააპო, თან თვალს არ აშორებდა იმ ღარს, თითქოს მას ელაპარაკებაო.

- ვის უყვარს, რო? - ჩაიბურტყუნა მატიმ, რადგან მშვენივრად დაინახა, ვისაც „ელაპარაკებოდა” მისი ხელოსანი და ხელები სწრაფად დაუშვა ძირს.

არადა, სიმართლე ისაა, რომ როცა სერგი კამათობს, ფაქტებს წინ გადმოულაგებს და მშვიდად ელოდება, როდის განათდება მატის გონება. უბრალოდ, გასაოცარია, ხელოსნის კამათი მასზე ასეთ მასტიმულირებელ ეფექტს რომ ახდენს. ნეტავ რატომ?

რამდენიმე წუთის შემდეგ მატი მამაკაცს ორი ფეხის ნაბიჯზე მიჰყვებოდა უკან კარიდან კარამდე, ფანჯრიდან ფანჯრამდე და უყურებდა, როგორ ამონტაჟებდა მამაკაცი მათზე უსაფრთხოების მოწყობილობებს.

როგორ ყველაფერი ეხერხება ამ კაცს! რა მაგარია! ნეტავ სხვა რამეშიც ასეთი გაცნობიერებულია?

დაისჯები, მატი!

აი, კიდევ ერთი დანამატი იმ მზარდი სიისა, რომელიც გადასახდელი ექნება რემონტის დამთავრებისთანავე. რამ შეიძლება ქალის ცხოვრება უფრო ამაღელვებელი გახადოს, თუ არა მკვდარი ბიზნესის გაცოცხლებამ?

როცა ხელოსანი ქვედა სართულზე საქმეს მორჩა, ზემოთ ასასვლელად მოემზადა, მატიმ კი ცოცხი და აქანდაზი მოიმარჯვა იქაურობის დასასუფთავებლად.

- თუ ამ საკეტებმაც არ გიშველა, სანამ მას შემოამტვრევენ, იმდენი დრო მაინც გექნება, პატრული გამოიძახო, შენ კი გარეთ გავარდე, - ხუმრობით ჩამოსძახა კიბეზე ამავალმა მამაკაცმა.

- ქუჩაში გავიქცე? მაგრამ ვაითუ სწორედ იქ ჩამისაფრდეს ჩემი იდუმალი მოთვალთვალე? - ქვემოდან ასძახა მატიმ. მას ერჩივნა, იმ ვიღაცის ნაცვლად სერგის მკლავები შემოხვეოდა, რომლებსაც ჯერაც შერჩენოდა ზაფხულის რუჯი. აი, მის დაკუნთულ მკლავებში კი შეძლებდა ყოველგვარი შიშის დავიწყებას.

- იცი, რა? უბედურება ისაა, რომ ზედმეტად ბევრს ვკითხულობ. იქნებ დეტექტივების ნაცვლად ჯობია გადავერთო… - უნდოდა ეთქვა, სასიყვარულო რომანებზეო, მაგრამ მიხვდა, რომ ამ ეტაპზე მათი წაკითხვა უფრო საშიში იქნებოდა მისთვის, ვიდრე სახლში მძარცველის შემოჭრა. მით უფრო, თუ მის გვერდით დგას მამაკაცი, რომელიც თითქოს სასიყვარულო რომანის გარეკანიდან ჩამოხტაო, - მემუარებსა და ბიოგრაფიებზე, - და შემდეგ გაურკვევლად დაასრულა წინადადება, - ძალიან მკვეთრი რეაქცია მაქვს იმაზე, რაც ხდება.

სერგის ხმა არ გაუღია. კიბის მეორე საფეხურზე იდგა და ქალს გადმოჰყურებდა. სიტყვები არ სჭირდებოდა: მისმა თვალებმა ყველაფერი უთხრა მატის. და ტუჩებმაც, რომლებზეც მსუბუქი ღიმილი დასთამაშებდა. და მხიარულმა ნაოჭებმაც თვალების ირგვლივ.

ახლა რომ ისევ საკოცნელად გამოიწიოს! ღმერთო, როგორი კოცნა იცის ამ კაცმა!

ქალმა ტუჩები მოკუმა და თქვა:

- კარგი, ვაღიარებ, რომ ცუდი არ იყო სიფრთხილის შენეული ზომები, მაგრამ მიმაჩნია, რომ ცოტა გადაჭარბებულია.

- შეიძლება. - მხრები ასწია სერგიმ, - მაგრამ უკვე გითხარი, გასაქცევად და პატრულში დასარეკად დრო დაგრჩება, თუ ვინმე შეეცდება სახლში შემოჭრას.

- მოკლედ, სიჯიუტეში ვერავინ გჯობნის, არა? იქნებ მუშაობას შევუდგეთ? უკვე ნახევარი დღე დავკარგეთ.

- დავკარგეთ?

მატიმ ვერ გაუძლო მისი დაჟანგული სპილენძისფერი თვალების თავხედურ მზერას და მსწრაფლ იატაკის დაგვას შეუდგა.

ცალ-ცალკე ისადილეს. როცა მატიმ დაუძახა, სადილზე ჩამოდიო, სერგიმ ნახევარ საათში ჩამოვალ, ახლა საქმეს ვერ მივატოვებო. ამიტომ მატილდას მარტო მოუწია ჭამა, რადგან სანამ მესის გასეირნების დრო მოვიდოდა, ბანკში გასვლა უნდა მოესწრო.

- საჭმელი მაგიდაზეა, მე სადღაც ერთი საათით გავალ და მოვალ. ბანკში უნდა მივიდე! - ასძახა ხელოსანს და მის პასუხს არ დალოდებია, ისე გავიდა გარეთ.

ნეტავ ახლა შეხვდებოდეს ის ვიღაც. ეგრევე წინ გადაუდგება და აიძულებს მანქანიდან გადმოსვლას და იმის ახსნას, რატომ დასდევს უკან. ვინ არის და რა უნდა მისგან. ჯობია ერთხელ და სამუდამოდ დაასრულოს ეს მარათონული საიდუმლო.

აი, გასცდა მეზობელ დეკანოზიშვილების სახლს. ნეტავ როგორ დროს ატარებენ პაატა და ციალა? ერთხელ არ დარეკეს და არ მოიკითხეს მესი, მკვდარია თუ ცოცხალი! მიუფურთხებია ეგეთი პატრონებისთვის! მისი რომ ყოფილიყო, ალბათ ყოველდღე დარეკავდა და დაინტერესდებოდა თავისი ოთხფეხა მეგობრით. არც კი იცნობენ მატილდას წესიერად, რა გარანტია აქვთ, რომ გულისხმიერებით უვლის?

ამგვარი ფიქრებით მიუყვებოდა გზას, თან ფრთხილად იყურებოდა ირგვლივ, მაგრამ ნაცრისფერი „მერსედესის” კვალი არსად ჩანდა.

ჯერ აფთიაქში შეიარა წამლების საყიდლად. რადგან ბოლო დღეებში წელი რამდენჯერმე გაუშეშდა. სამი ამპულა ნემსი იყიდა, ფულიც გადაიხადა და კოსმეტიკის თაროების თვალიერებას შეუდგა. რატომღაც, ვარდისფერი „რუჯის” ყიდვა მოუნდა. ის დროა, როცა ცოტა უნდა გაიპრანჭოს. უეცრად იქვე, გვერდითა ვიტრინაზე ჩამწკრივებულ პრეზერვატივებს მოჰკრა თვალი. სახეზე ალმურმა აჰკრა.

ღმერთო დიდებულო! რა იქნება, თუ…

რამდენიმე წუთის შემდეგ აფთიაქიდან გამოვიდა. ნემსებიც შეიძინა, ვარდისფერი „რუჯიც” და… პრეზერვატივის მთელი პაკეტიც. ღაწვები ისე ჰქონდა აღვივებული, რუჯი ახლა ნამდვილად არ სჭირდებოდა. ასე ეგონა, მთელმა ქვეყანამ იცოდა, რაც ედო ჩანთაში და რისთვისაც.

ამ ფიქრებში იყო, როცა გვერდით მანქანა საბურავების ღრჭიალით დამუხრუჭდა. შეშინებული მატი განზე ინსტინქტურად გახდა და შუბლშეკრული შეტრიალდა.

მის წინ ნაცრისფერი „მერსედესი” იდგა.

მანქანის სარკე ნელ-ნელა ჩამოიწია. შავსათვალიანი მამაკაცი პირთამდე გაკრეჭილი შესცქეროდა მატის. ქალი დაიბნა. ეს ღიმილიც ეცნობოდა თითქოს, აგონებდა ვიღაცას, მაგრამ ვის? სათვალე მაინც მოიხსნას ამ ოხერმა, რომ კარგად შეათვალიეროს.

თითქოს მისი ფიქრები გამოიცნოო, უცნობმა ნაცნობმა მანქანის კარი გააღო, გადმოვიდა და სათვალეც მოიხსნა.

- მოგესალმებით ლექსთა გუგუნით! - მხიარულად შესძახა მამაკაცმა და მატილდას მოლოდინით სავსე მზერა მიაშტერა, აქაოდა, ხომ მიცანიო.

აჰ! იცნო, როგორ არა! მისი პირველი და ერთადერთი სიყვარული… უკანასკნელიც… უკანასკნელი მისი მტრებისთვის იყოს! ბოლო სიყვარული. აი, ასე უკეთესად ჟღერს! ჯერ კიდევ ყველაფერი წინ აქვს, ჯერ არც ისე ბებერია, უბრალოდ, ცოტა ჭკნობა შეეპარა და ეგაა. ბოლოს და ბოლოს, 36 წელი არც ისე ჭაღარა ასაკია!

- გოგა! - იკივლა ლამის და მოეჩვენა, რომ შეტორტმანდა.

არა, ეს მხოლოდ მოეჩვენა. არც შეტორტმანებულა და არც გული წასვლია. მხოლოდ და მხოლოდ თავბრუ დაეხვა და წარსულის დამტვერილი ყუთიდან ამოფრენილმა მოგონებებმა ალყა შემოარტყა! ჰო, ახლა თავს ისე გრძნობდა, როგორც კოსმონავტი კოსმოსში. იგი უწონო მდგომარეობაში იმყოფებოდა, ფეხქვეშ ნიადაგი გამოეცალა, ჰაერში ალივლივდა და გოგასთან დაკავშირებულმა მოგონებებმა მის გარშემო ქარისგან დატრიალებული ფიფქებივით დაიწყეს ფარფატი. წამები დასჭირდა ყველაფრის გასახსენებლად - პირველი თვალთა შეფეთება, პირველი შეხება, პირველი კოცნა, პირველი…

- აქ საიდან გაჩნდი? - შეყვარებული თინეიჯერივით გაწითლდა ერთიანად დაბნეული.

- კოსმოსიდან! - საჩვენებელი თითი მაღლა შემართა გოგამ და თვალებიც.

კოსმოსიდანო! თვითონაც ამწუთას ჩამოფრინდა იქიდან! ამიტომაც ისევ აქანებს!

- არა, მართლა! - გადაიკისკისა თავისი დაბნეულობის გადასაფარავად.

- აქ ვმუშაობ, შენს ქალაქში!

ბედის ირონიაც ამას ჰქვია! 19 წლის შემდეგ შეხვედრა პირველ სიყვარულთან! აი, თურმე ვინ დასდევდა უკან ამ ხნის განმავლობაში!

- აქ მუშაობ? - მატილდას გონება ორმაგ რეჟიმში მუშაობდა. თან გოგას უსმენდა, თან მასთან დაკავშირებულ „გვერდით მოვლენებს” აანალიზებდა.

- და რას… რაზე მუშაობ? რა პროფესიის ხარ? შენზე არაფერი ვიცი, - დაიმორცხვა.

რატომ დასდევდა? პირველსავე დღეს ვერ გამოელაპარაკა? დამალობანა რა საჭირო იყო? კინაღამ დეტექტივობას მიჰყო მის გამო ხელი და სერგიც ჩაითრია.

- მე გარემოს ვალამაზებ. პარკებს, სკვერებს, კორპუსების ეზოებს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამჯერად შენი ქალაქი უნდა გავალამაზო, - ამასობაში მამაკაცი მოუახლოვდა, მკლავებში ღონივრად ჩასჭიდა ხელები და მკერდზე ისეთი ძალით მიიკრა, მატის სუნთქვა შეეკრა.

ახსოვს ეს სურნელი… მართალია, ახლა ისეთი მძაფრი არ არის, როგორიც 19 წლის წინ, მაგრამ არ დავიწყებია. ან კი რა დაავიწყებს პირველი მამაკაცის პირველ მამაკაცურ სურნელს!

- ასეთ ამინდში? გაგანია ზამთარში!

- რაღა გაგანია, სულ რამდენიმე კვირა და ზამთარიც გავა. მანამ ფილაქანი დაიგება, მოედნები აშენდება და სატრანსპორტო ბილიკებს გაიყვანენ, მზესაც მოემატება სიმხურვალე, როგორც ახლა მე მომემატა შენი დანახვით და ჩვენც შევუდგებით საქმეს!

ო! ბოლო წინადადებაზე მატილდასაც მოემატა სიმხურვალე. ლამის აუფეთქდა სხეული! ეს ხომ გოგაა! მისი პირველი კაცი! ვინც კოცნა ასწავლა, ვინც თავი ქალად აგრძნობინა!

- ისეთ სიმწვანეში უნდა გაგხვიო, დანიის დედოფალს რომ შეშურდება! რაც დაგაკელი, ახლა უნდა აგინაზღაურო! - ბოლო წინადადება თითქოს ჯიბრიანად გაისმა.

იქნებ მოეჩვენა? ნართაულად კი გამოუვიდა და… აუნაზღაუროს მერე, ვინ უშლის?

- ჩემ გამო ნუ შეწუხდები. ქალაქში გასვლით დიდად არ ვიკლავ თავს, - ყოველი შემთხვევისთვის თავი დაიზღვია.

- მომიყევი, რასა იქმ, რას საქმიანობ. გათხოვილი ხარ?

ჰაჰა! ხომ არის ღირსი, მიახალოს, ორი ქმარი მოვინელე და ახლა გრიგალივით თავისუფალი ვარო! მერე ნახავს, როგორ გაიქცევა აქედან! არა, ჯერ არაფერს არ ეტყვის! რა საჭიროა იცოდეს?

- რა ვიცი, ისეთს არაფერს. ჯერჯერობით. ახლა ვიწყებ რაღაც-რაღაცებს. გათხოვილი არ ვარ.

- ვაჰ! შენნაირი გოგო გაუთხოვარია, კაცო! ეს როგორ დავიჯერო!

მატიმ მხრების აჩეჩით გამოხატა, ასე მოხდაო, მაგრამ საიდუმლო მაინც არ გასცა.

- შენ? ცოლი, შვილი გყავს? - და თვალი თვალში ლახვარივით გაუყარა.

- მყავს, კი, - ამოოხვრას ორი სიტყვა ამოაყოლა გოგამ, - შვილი სამი, ტყუპი ქალ-ვაჟი და კიდევ ნაბოლარა ქალიშვილი. ცოლი ისე რა… ჰქვია ცოლი, თორემ განსაკუთრებული ურთიერთობა არ გვაქვს.

- განსაკუთრებული რანაირია? - ჩაეძია მატი, არ მოასვენა, თან მზერას არ აშორებდა მის ლამაზ თვალებს.

- როგორ გითხრა… მოვალეობას ვიხდით. ის ცოლისას, მე - ქმრისას. დალაგება, შვილების აღზრდა, ოჯახის სურსათით მომარაგება… სხვა დანარჩენი წარსულში დარჩა.

- მაშინ ძალიან ბედნიერი ჩანდი, რა ვიცი, - როგორც იქნა, აარიდა თვალი მატილდამ და მის მხარს უკან ქუჩას გახედა.

- მაშინ… - შეფიქრიანებული ტონით გაიმეორა მამაკაცმა, - მაშინ საჭიროებამ მოითხოვა და უნდა ვაღიარო, რომ ეს ყველაზე დიდი შეცდომა იყო ჩემს ცხოვრებაში. შენ გარდა არავინ მყვარებია ნამდვილი სიყვარულით. პირველი იყავი და პირველი დარჩი.

და ეს უნდა დაიჯეროს? ჰმ… მაშინ სულელი უნდა იყოს მატილდა!

- საით გაგიწევია? - ირგვლივ მიმოიხედა გოგამ და სათვალე ისევ მოირგო.

გაგრძელება იქნება

ასევე იხილეთ:

მარტოხელა - თავი 8

მარტოხელა - თავი 7

მარტოხელა - თავი 6