მარტოხელა - თავი 10 - Marao

მარტოხელა - თავი 10

2023-03-22 10:28:34+04:00


წინა თავი

დამალა თუ არა თავისი მომნუსხველი თვალები, მატის თითქოს შესცივდა. ნუთუ მისი თვალები ათბობდა ასე?

- მე… ისა, ბანკში უნდა შევირბინო, ფული უნდა მოვხსნა.

- ბანკომატიდან არ მოხერხდება ეგ საქმე?

- ვერა. ბევრი მინდა.

მამაკაცმა შუბლი შეიჭმუხნა და თავდახრილმა სათვალის ზემოდან გამოხედა ქალს.

- ხელოსანი მყავს, რემონტი მაქვს სახლში. მასალის ფული უნდა მივცე. - სწრაფად იპოვა გამოსავალი.

- წავედით მაშინ, ბანკამდეც მიგიყვან და სახლამდეც.

უყოყმანოდ ჩაუჯდა პირველ სიყვარულს მანქანაში. რა კარგია, რომ დაჯდა. ახლაღა მიხვდა, თურმე როგორ უცახცახებდა მუხლები.

- როგორ კანკალებ. შეგცივდა, არა? ამწუთას ჩაგირთავ გათბობას! - გოგამ მანქანაც დაქოქა და მასთან ერთად გათბობაც, თან ღუმელს ხელი მიადო იმის შესამოწმებლად, წამოვიდა თუ არა თბილი ჰაერი.

- ახლა ფეხებში წამოვა სითბო, - წარმოთქვა გოგამ და ნელი სვლით დაუყვა ქუჩას.

- დიდხანს რჩები ჩვენთან? - შეეკითხა მატი და ირიბად გახედა.

- ჯერ არ ვიცი. როგორც საქმე მოითხოვს.

- და ბინად სად ხარ?

- სასტუმროში. სამსახური მიხდის ფულს.

- გასაგებია.

- შენ? კერძო სახლში ცხოვრობ, როგორც მივხვდი, ხომ?

- ჰო, მაგრამ შენ საიდან იცი? - თვალები მოჭუტა ქალმა, ვითომ გაუკვირდა.

- უკვე მერამდენე დღეა, გაკვირდები. ვფიქრობდი, ნამდვილად ისაა თუ მეშლება-მეთქი. ეს თბილისელი ქალი აქ საიდან მოხვდი, გაუგებარი იყო ჩემთვის. ვისაც ვკითხე, არავინ გიცნობდა.

- ჰო, არ ვარ დიდად გათქვეფილი აქაურებში. მყუდრო ცხოვრებას ვარ მიჩვეული. ჩემთვის, მარტო.

- ანუ მარტოხელა ხარ? - ღიმილისგან ლამის ჩაეხა გოგას პირი.

- კი, მარტოხელა ვარ.

- და ის მაინც არ მითხარი, აქ საიდან მოხვდი.

- აქ ვიყავი გათხოვილი.

ამის თქმა და გოგამ ისე მოწყვეტით დაამუხრუჭა თავისი ნაცრისფერი „მერსედესი”, ბორბლების ჭრიალმა ყურთასმენა დაახშო.

- ნელა, რას შვრები! - შეჰკივლა მატიმ. შეეშინდა.

- აკი გათხოვილი არ ვარო?

- აღარ ვარ. - ყრუდ მიუგო.

- გაშორდი? - კვლავ დაძრა მამაკაცმა მანქანა.

- არა, დავქვრივდი.

- ხოოო. გასაგებია. ვწუხვარ.

ეჰ, წუხილი მერე ნახოს, მეორედ გათხოვების ამბავს რომ მოუყვება… ოდესმე… თუ დადგა ამის საჭიროება!

- უკვე გადავიტანე.

- დიდი ხანია?

- უკვე გადავიტანე, - გაიმეორა მატიმ და უხერხულად გაიღიმა.

ბანკში ცოტა შეაგვიანდა, სალაროს რიგში მოუწია ყოფნა. 39-ე ნომერი აინთო ტაბლოიდზე, როცა შევიდა, თვითონ კი 46-ე ერგო. სანამ რიგი მოუწევდა, ერთ ადგილას ცმუკავდა. ერთ მომენტში ლამის გადაიფიქრა, ხვალ გამოვიტანო, მაგრამ გაუმართლა. ოთხი ნომერი გამოცხადებისთანავე გაუქმდა. ვიღაცებს, როგორც ჩანს, დაეზარათ დალოდება და გაშპნენ.

- ძალიან დამაგვიანდა? - მხიარულად იკითხა, როცა მანქანაში ჩაჯდა.

- ეგ არაფერი. თუნდაც დილამდე დაგელოდებოდი. დღეიდან მთელი სიცოცხლე მხოლოდ შენ დაგელოდები! - დაუთბა მამაკაცს ხმა.

ჟრუანტელმა მატილდას ძვალსა და რბილში გაუარა. გააგიჟებს ეს კაცი თავისი რეპლიკებით! ეს უნდა ახლა? 36 წლის ასაკში?

- მე არ მყავს შვილები, სამწუხაროდ, - სიტყვა ბანზე აუგდო მატიმ და მწარე ღიმილი აისხიპა ტუჩებზე.

- არა უშავს, ჯერ წინ გაქვს ყველაფერი, მოასწრებ, - დაამშვიდა გოგამ და მრავალმნიშვნელოვანი მზერა შეავლო.

ქალმა აირიდა მისი მზერა, წინ გაიხედა.

- გცალია ცოტა ხანს, სადმე რომ დავსხდეთ? - შემპარავად იკითხა მამაკაცმა.

- მმმ… - შეყოყმანდა მატილდა და ის იყო, ძაღლი მყავს გასასეირნებელიო უნდა ეთქვა, რომ დროზე დააჭირა ენას კბილი.

რა დროს ძაღლია, როცა ასეთი შანსი გამოუჩნდა!

- ცოტა ხანი რამდენი ხანია?

- რა ვიცი, შენზეა დამოკიდებული, მე სულ არ გაგიშვებდი ამაღამ.

ისევ გადაკრული, ისევ ნართაული!

- და სად უნდა დავსხდეთ?

- თუნდაც ჩემთან, სასტუმროში. კარგი რესტორანი აქვთ, - ისე სწრაფად მიუგო მამაკაცმა, თითქოს ამ შეკითხვას ელოდა და პასუხი წინასწარ ჰქონდა მომზადებულიო.

- არა! - გული შეუქანდა მატის და ხმაც, - მაგდენ ხანს არ მცალია.

გოგა დაქოქილი მანქანით ისევ ბანკთან იდგა და ადგილიდან არ იძვროდა. ელოდებოდა, მატილდა რა გადაწყვეტილებას მიიღებდა.

- მაშინ შენ აირჩიე, სად წავიდეთ, - დაჰყაბულდა გოგა, თავი საჭეზე დაწყობილ ხელებზე ჩამოდო და ქალს ხარბად მიაჩერდა.

- აქვე ჩემს მეგობარს ოფისი აქვს. მასთან წავიდეთ, თან გაგაცნობ, - უეცრად სოფო გაახსენდა მატის და შვებით ამოისუნქთა.

- წავიდეთ. შენი მეგობარი ქალია თუ კაცი?

მატიმ მწყრალად გახედა.

- რა თქმა უნდა, ქალი, - ისეთი აღშფოთებით ამოთქვა, თითქოს შეურაცხყოფა მიეყენებინოთ.

- და ყავაც ექნება იმ შენს მეგობარს, ხომ?

- ეგ ყოველთვის აქვს, - გაიღიმა ქალმა და თავი საზურგეს მიაყრდნო.

მის სხეულში ნამდვილი ბრძოლა მიმდინარეობდა. ბრძოლა გულსა და გონებას შორის. უფრო სწორად, გონებასა და სხეულის სხვა ორგანოებსა და ნაწილებს შორის. ყველას სურდა გოგას გვერდით ყოფნა - გულს, სულს, ყელს, მუცელს, მკერდს… სხეულის ყველა უჯრედს. აი, გონება კი ისეთ განგაშს ტეხდა, მისი ხმა ლამის აყრუებდა. კიდევ კარგი, მხოლოდ მას ესმოდა და გოგას არა!

სოფო თავის კაბინეტში იყო. ერთმანეთზე გადაჯვარედინებული ფეხები მაგიდაზე შემოეწყო და მობილურით ვიღაცას სიცილ-კისკისით ელაპარაკებოდა. სავარაუდოდ, მორიგ მსხვერპლ-თაყვანისმცემელს. დაინახა თუ არა მატი, ხელი დაუქნია, შემოდიო და საჩვენებელი თითი ტუჩებზე მიიდო, კრინტი არ დაძრაო, მაგრამ როცა დაქალს სიმპათიური მამაკაციც შემოჰყვა თან, ფეხები მყის ჩამოიღო ძირს და ვიღაცას დაემშვიდობა, ცოტა ხანში გადმოგირეკავო.

მოკლე კაბა თეძოებზე გაისწორა, თმა მარცხენა ხელის კოხტა მოძრაობით უკან გადაიყარა და სტუმრებს მიეგება.

- სოფო, გაიცანი. ეს გოგაა.

- სასიამოვნოა, გოგა! - სინაზედ და სიკეკლუცედ დაიღვარა სოფო და თავისი მანიკიურიანი თითები მამაკაცის ქათქათა თეთრ ხელს შეაგება.

- ჩემთვისაც სასიამოვნოა, სოფო. გოგა ურუშაძე, გურული ჯეელი. - და მატის დაქალს ხელის ზურგზე ეამბორა.

- ოჰ! - ცხელი შოკოლადივით დადნა ქალი, - მატილდას საიდან იცნობთ?

- მატის? - მამაკაცმა მის თითებს ხელი შეუშვა და მომაჯადოებლად გაიღიმა, - მატილდა ჩემი პირველი სიყვარულია.

- ოჰ! - ისევ აღმოხდა სოფოს.

- და ერთადერთი ნათელი წერტილი ჩემს ცხოვრებაში, სინათლე გვირაბის ბოლოს.

სოფომ უცნაურად შურიანი მზერა ესროლა მეგობარს და საყვედურნარევი ტონით წარმოთქვა:

- ასეთი კაცის დაკარგვა იქნებოდა, გოგო?

- ეგ ჩემი ბრალია და არა მისი, - დაიხსნა დაქალის საყვედურისგან გოგამ პირველი სიყვარული, - რამე ხომ არ დაგველია? - მაშინვე გაშინაურდა და კაბინეტს დაკვირვებული მზერა მოავლო.

- ახლავე, რა პრობლემაა, - დაფაცურდა სოფო, _ რას დალევთ? შამპანურს, ვისკის თუ…

- ყავას! - ცივად გააწყვეტინა მატილდამ.

ზუსტად ნახევარი საათი დარჩნენ სოფოსთან. მატი წარამარა მობილურის ეკრანს დასჩერებოდა და როგორც კი მიხვდა, რომ მეტს ვეღარ დააყოვნებდა, ეგრევე წამოხტა, ჩემი წასვლის დროაო. არადა, რა კარგად მასლაათობდნენ. გოგა შესაშური იუმორით იყო დაჯილდოებული, როგორც ყველა გურული და იმდენი აცინა სოფო, რომ დახატული თვალები მთლიანად გადაედღაბნა. აი, მატილდას კი ერთხელაც არ გასცინებია. ეკლებზე იჯდა. ყავაც კი ვერ დალია გემრიელად, დაქალის განსაკუთრებული რეცეპტით მოდუღებული ყავა!

უკანა გზაზე მატის დანა პირს არ უხსნიდა.

- რატომ გაგიფუჭდა ხასიათი? - გოგამ მის ხელს ხელი შეახო და ზედ დატოვა. თავის მუჭში მოიქცია ქალის გაყინული თითები, - გცივა? გაყინული ხარ! - შეწუხდა მამაკაცი.

- არა, უბრალოდ, ვნერვიულობ. ხელოსანი მელოდება, მე კი ძალიან შემაგვიანდა, - ახლაღა გაახსენდა სერგი და აწრიალდა.

- თუ ფული გაქვს მისაცემი, დაგიცდის, არსად წავა, - დაამშვიდა მამაკაცმა, - მოდი, იცი, რა? გაისტუმრე ის შენი ხელოსანი და ისევ გამოდი, ჩემთან წავიდეთ.

- არა! - თითქოს ტყვია უნდა დაახალონო, ისე შეჰყვირა ქალმა, - დღეს არა, - ბოლოს მშვიდი ხმით დაამატა.

- რატომ? გეშინია ჩემი? - ღიმილით მოუტრიალდა გოგა.

- შიში რა შუაშია…

- აბა? - არ მოეშვა პირველი სიყვარული.

- ბევრი საქმე მაქვს, არ მცალია… დღეს, - ესეც შეშინებულმა დაამატა, უარის შემთხვევაში ხელიდან არ დამისხლტეს ძლივს ნაპოვნი პირველი სიყვარულიო.

- რამდენი ხნის საქმე გაქვს? დაგელოდები.

- არა, არა! - დაზეპირებულივით იმეორებდა მატი, - დღეს არა.

გოგამ უცებ გააჩერა მანქანა.

- რამეს წყვეტს დღევანდელი დღე? თუ დღეს არა, მაშინ ღამე. გვიან მოვალ, თორმეტის, პირველის მერე. როცა შენ იტყვი.

მატილდას ალმური ტალღასავით მოასკდა სახეზე. უნდოდა კი მასთან შეხვედრა? რას მოუტანდა ეს შუაღამის პაემანი? ერთი ღამის სექსს თუ ხანგრძლივ ურთიერთობას? წესით და კანონით, ეს კაცი მას ეკუთვნოდა, მხოლოდ და მხოლოდ მას და სხვას არავის! ან თუნდაც ერთი ღამით ყოფილიყო, განა ვინმე დაძრახავდა? მაგრამ ხვალ რა ხასიათზე გაიღვიძებდა? ეს არ იცოდა!

- მომისმინე, - გააგრძელა გოგამ, როცა მისგან პასუხს ვერ ეღირსა, - თუ გგონია, რომ შენთან მოსვლით მხოლოდ ვსარგებლობ, ცდები, იცოდე! რადგან კიდევ ერთხელ გიპოვე, შენს დაკარგვას არ დავუშვებ! ჩვენ ერთად უნდა ვიყოთ, გესმის? ერ-თად! - და თითებზე მოუჭირა თავისი ვეება ხელი, - ეს ოდესღაც ასე დაიგეგმა. ჩვენდა უკითხავად, გარეშე ძალების მიერ და ამას ვერსად გავექცევით. წლებია მიცნობ და იცი, ვინც ვარ და როგორიც. ვერ გადავიტან, კიდევ არ გნახო. უფრო მეტიც. ვეღარ ვითმენ. არ მეყო ის რამდენიმე საათი, რაც შენ გვერდით გავატარე. მინდა მთელი ღამე ერთად ვიყოთ. მთელი ღამეები. გასაგებია?

- მერედა შენი ცოლი? - მატიმ მძიმედ შეაბრუნა მისკენ თავი, რომელიც უცნაურად დამძიმებოდა.

- ჩემი ცოლი შორსაა, - თქვა და მიხვდა, რომ რაღაც ისე ვერ თქვა, ამიტომ ნათქვამის გამოსწორებას შეეცადა, - ყოველთვის შორს იყო ჩემგან. ის არც არასდროს ჩამდგარა და ვერც ვერასდროს ჩადგება ჩვენ შორის. მე ჩემი სიბერე მხოლოდ შენ გვერდით წარმომიდგენია. უნდა დამიჯერო.

დაიჯეროს? ხომ ახსოვს, ამ დაჯერებამ რაც მოუტანა ადრე? გოგას ოჯახის შექმნა! ახლა რა გარანტია აქვს, რომ იგივე არ განმეორდება?

- არ ვიცი, რა დავიჯერო და რა არა. ასე მოულოდნელად გადაწყვეტილებას ვერ მივიღებ. დრო მჭირდება, - როგორც იქნა, სათქმელს დამაჯერებლად მოუყარა თავი.

- კარგი. ვხვდები, რისიც გეშინია. მაშინ მხოლოდ შევხვდეთ და ვისაუბროთ. არავითარი ზედმეტობები. რაც შენ არ გინდა, იმას არ გავაკეთებ. არც არასდროს გამიკეთებია. ამის მაინც ხომ გჯერა?

მატილდა თავჩაღუნული იჯდა და გამალებით ფიქრობდა. გულის შემპარავ ხმას დაუჯეროს თუ გონების კივილს?

- გადაწყვიტე, მატი!

უეცრად მატილდამ თავი ასწია და ჯიქურ შეხედა მამაკაცს.

- მოდი, მომეცი შენი მობილურის ნომერი და დაგიკერავ.

გოგამ ამოიგმინა. მცირეოდენი პაუზის შემდეგ კი დახშული ხმით შეეკითხა:

- როდის?

- ამაღამ, - ჩურჩულით მიუგო ქალმა.

პაუზა. წამი, ორი წამი, სამი, ოთხი, ხუთი, ექვ…

- კარგი. ჩაიწერე, - გაისმა გოგას ხმა და ქალს ნომერი უკარნახა.

მატილდამაც ჩაიწერა თავის მობილურში და ზარი ეგრევე გაუშვა.

- ეს ჩემი ნომერია, - კვლავ ჩურჩულით თქვა და კარი გააღო.

- მოიცა, სად მიდიხარ, მიგიყვან სახლამდე.

- თითქმის მოსული ვართ. აქ ჩამოვალ, ასე აჯობებს, - დაძაბულად მიუგო, დაძაბულადვე გაუღიმა გოგას და „მერსედესიდან” გადავიდა…

დღეს უკვე ღამე ცვლიდა, როცა მატი შინ დაბრუნდა. ჩაცმულ- დახურული სერგი ჰოლში დახვდა.

- უკვე მიდიხარ? - უემოციოდ ჰკითხა მატილდამ და იქვე ჩამოჯდა. ფეხებში ძალა საბოლოოდ გამოსცლოდა.

- არა, მესი გავასეირნე და ახლახან მოვედი.

ქალმა გაოცებული მზერა მიაპყრო.

- უჩემოდ?

- აბა, შენ შეგაგვიანდა და რა მექნა? ცოდო იყო ძაღლი, მასაც აქვს თავისი მოთხოვნილებები.

- ჰო, - მექანიკურად დაეთანხმა, მისი ფიქრები სხვაგან ქროდა.

- კარგად ხარ? რამე ხომ არ შეგემთხვა? ის ვიღაც ხომ არ…

- არა, არა, ყველაფერი რიგზეა, - მყის გამოფხიზლდა მატილდა, - უბრალოდ, ბანკში შემაგვიანდა. იმხელა რიგი იყო… მერე მოლარესთანაც შელაპარაკება მომივიდა და… დაივიწყე, არ ღირს მოსაყოლად, - ხელი ჩაიქნია და ქურთუკის გახდას შეუდგა.

როცა მატილდა ოთახში შევიდა, სერგი უკვე მეორე სართულიდან ჩამოდიოდა და ტომრით შეგროვებული ნაგავი მოჰქონდა.

- ხომ გითხარი, მაგ ყველაფერს ფანჯრიდან გადაუძახე-მეთქი, რა საჭიროა ასეთი აკურატულობა? მე თვითონ დავალაგებ ყველაფერს! - გაღიზიანდა ქალი.

- ამაში პრობლემას ვერ ვხედავ, - ცივად შეეპასუხა მამაკაცი.

ჯანდაბა! რა ბზიკმა უკბინა ასე უცებ? რა ეწყინა მის ხელოსანს? გულმა რამე ხომ არ უგრძნო?

- ისე არ წახვიდე, არ ივახშმო, - მოლბა მატი.

- ყველგან ყველაფერი გაკეთებულია. სახლი ბოლომდე დაცულია, რომ იცოდე.

- კარგი რა! მეტჯერ აღარ გამაგონო ეგ სისულელე! ჩემზე თავდასხმას არავინ აპირებს და აღარ გვინდ…

- საქმე მართლა სერიოზულადაა, მატილდა!

- ნუ მიყვირი, თუ შეიძლება! თუ ვინმე შემოვა, ბოლოს და ბოლოს, წიგნებს ვესვრი, სანამ ვინმე მომეშველება! - თვითონაც არ იცოდა, ასე უნიჭოდ რატომ ხუმრობდა.

ამ დროს თავი ასწია და შეამჩნია, რომ სერგის ტუჩები ღიმილმა შეარხია, თუმცა არ გაუღიმია. როგორც ჩანს, ესეც მოეჩვენა.

რატომაა ასე ძნელი ამ კაცთან ურთიერთობა? რატომ ვერ უგებს? თუ რაც გოგას შეხვდა, მას მერე გახდა სერგი მისთვის მძიმე და უხასიათო?

- ახლა ჩაიცვი და თან გამომყევი, - თქვა უცებ სერგიმ.

- რა? სად? - გაოცებისგან თვალები დაუმრგვალდა მატილდას.

- ჩემთან, კატერზე. რამდენიმე ხელ ტანსაცმელს წამოვიღებ. ამაღამ შენთან ვრჩები.

მატის გაოცებისა და მოულოდნელობისგან თვალები გაუფართოვდა და სუნთქვა შეეკრა.

რაღა დღეს გადაწყვიტა აქ დარჩენა? არა, არავითარ შემთხვევაში! მატი ამაღამ მარტო უნდა იყოს! აკი… აკი… შეჰპირდა გოგას, დაგირეკავო. ხვალამდე ხომ არ გადადოს მასთან შეხვედრა? ახლა რომ სერგის უარი უთხრას, თანაც კატეგორიული, რამე არ იეჭვოს.

რა მოიფიქროს? ღმერთო, უშველე! მოაფიქრებინე რამე ამ ბატისტვინას!

გაოგნებულმა დამბლადაცემულივით დაიხია უკან და სკამს დაეჯახა. იატაკი ფეხქვეშ რომ არ გამოსცლოდა, მაშინვე დაჯდა. დაჯდა კი არა, დაასკდა.

რა მოუქნელია!

- მოიცა, მოიცა! შენ რომ აქ აპირებ დარჩენას, მე საერთოდ არ მეკითხები? იქნებ მაქვს მიზეზი, სასტიკი უარი გითხრა?

- მომისმინე, მატილდა! - მის დასაშოშმინებლად ხელისგული ფარივით აიფარა ხელოსანმა წინ, - სასტიკი შეიძლება საყვედური მითხრა, რატომ აქამდე არ გამაფრთხილეო, მაგრამ უარს ვერ მეტყვი, იმიტომ, რომ რეალური საფრთხე გემუქრება და მარტო ვერ დაგტოვებ.

- მე სულ მარტო ვცხოვრობ, მაგრამ არავინ მომვარდნია, გასაგებია? აქ მე ვწყვეტ, ვინ დარჩეს და ვინ არა! - ლამის იყვირა გამძვინვარებულმა. არ უნდოდა გოგასთან პაემანი გადაედო, სანამ მათი შეხვედრა ჯერაც „ცხელი” იყო.

- კარგი, მაშინ ჩამომითვალე შენი მიზეზები, თანახმა ვარ, - დაჰყაბულდა სერგი და თვითონაც სკამზე დაჯდა მის მოპირდაპირედ.

მატილდამ ამოიოხრა და გულიც თან ამოაყოლა.

- ჯერ ერთი, მე მარტოხელა ვარ და არაა მიზანშეწონილი, უცხო კაცი, მით უფრო ხელოსანი, ღამით ჩემთან დავტოვო. საჭორაო საბაბი არასდროს არავისთვის მიმიცია. მეორეც, მეორე სართული თითქმის დანგრეულია, სად უნდა დაწვე? არ მითხრა, რომ მე მომიწვები გვერდში, თორემ გავგიჟდები, იცოდე!

- არც მიფიქრია. აგერ, სასტუმრო ოთახში დივანზე გავიშხლართები, ეგ არაა პრობლემა. გარდა ამისა, შენთან შემოსული მეზობელი მე ჯერ არ მინახავს და საიდან გაიგებენ, რომ ღამეს აქ ვათევ? - გაოცება ტუჩების გადმობრუნებით გამოხატა მამაკაცმა.

- საიდან და იქიდან, რომ შენი მანქანა მთელი ღამე ჩემს ჭიშკართან იდგება!

- რა პრობლემაა. ახლა რომ წავალთ, მანქანას სანაპიროსთან დავაყენებ და უკან ტაქსით დავბრუნდეთ. საჩოთირო საკითხიც ამით გადაწყდება, - თავისას არ იშლიდა სერგი.

მატის სასო წარეკვეთა. აღარ იცოდა, როგორ მოეშორებინა თავიდან აბეზარი ხელოსანი. უცებ გონება გაუნათდა და თვალები ნაპერწკლებით აევსო:

- კარგი, ეგრე იყოს, ოღონდ არა ამაღამ. შეიძლება არც ხვალ ღამით და არც ზეგ.

- ეგ როგორ გავიგო?

- ამაღამ მაინც არ ვიქნები სახლში, სოფოსთან მივდივარ და იქ ვრჩები. წეღან გასული რომ ვიყავი, დამირეკა და მთხოვა, ერთი-ორი დღით ჩემთან დარჩიო. რაღაც პრობლემები აქვს თავის ახალ კაცთან და მარტო დარჩენის ეშინია.

კარგია. ეს კარგად მოაფიქრდა. ყოჩაღ, მატილდა, ცოტა გამჭრიახობა მაინც შეგრჩენია! გაფასებ!

გახარებული კარგა ხანს აქებდა თავის თავს გულში.

- ანუ სახლში დღისითაც არ მოხვალ? - დაკონკრეტება მოითხოვა სერგიმ.

ოდნავ კი შეცბა, მაგრამ არ დაბნეულა:

- ჰო, მასთან დავრჩები. როცა მეგობარს უჭირს, გვერდით არ უნდა დავუდგე?

- მაგრამ…

- ვიცი, რაც გაწუხებს, - გააწყვეტინა მატილდამ, - იმის თქმა გინდა, ჩემს არყოფნაში რომ ვინმე შემოვიდეს? მაგის დარდი ნუ გექნება. შემოვა და შემოვიდეს. წასაღები არაფერი მაქვს, როგორც მოვლენ, ისე წავლენ. - იქით დაუწყო დამშვიდება თავის ხელოსანს.

- ეგ არ მიგულისხმია, - თავი გააქნია მამაკაცმა, - მესის ვინ გაასეირნებს?

აი, ახლა კი დაიბნა. ძაღლი არც გახსენებია. ნუთუ ჩაიჭრა? არაა, რა ჩაიჭრა! მატილდა რისი მატილდაა, გამოუვალ სიტუაციებში გამოსავალი ვერ მონახოს!

- შენ! - მოკლედ მოჭრა და თვალი თამამად გაუსწორა.

- მეე? - თავი ისე გადმოხარა წინ სერგიმ, როგორც მამალმა იცის დაყივლებისას, - ანუ მე აქ უნდა დავრჩე?

- არა, არა. შენ ხომ ისედაც მოდიხარ დილით და საღამომდე მუშაობ. უფლებას გაძლევ, ნაკლები დატვირთვით იმუშაო ეს ორი-სამი დღე და დილა-საღამოს მესი გაასეირნო.

თავხედობასაც აქვს საზღვარი! ეს ქალი გადარევს სერგის! რა უცებ შეიცვალა ნახევარი დღის განმავლობაში. ნეტავ რა ეტაკა?

მამაკაცი ქალის გარდასახვის მიზეზს ვერ ხვდებოდა, თუმცა ამაზე ფიქრით თავი არ უმტვრევია, მყის დათანხმდა მის შემოთავაზებას თუ მოთხოვნას და წამოდგა:

- მაშინ წავალ და დილით გამოვალ.

- აჰა, - საჭიროზე ხმამაღლა წამოსცდა ქალს, რადგან სიხარულის დამალვა ვეღარ მოახერხა.

- ღამე მშვიდობისა, ქალბატონო! - სერგის ხმაში გაღიზიანებამ გაიჟღერა.

მატი შეწუხდა, თავი უხერხულად იგრძნო და ცოტათი შეშფოთდა კიდევაც, ასე უმადურად რომ გამოუვიდა.

- იქნებ გევახშმა და ისე წასულიყავი? - რბილი ტონით წარმოთქვა, მიუხედავად იმისა, რომ ერთი სული ჰქონდა, ხელოსანი როდის წავიდოდა.

- არ მშია, მადლობა! - უკმეხად ესროლა სერგიმ, ქურთუკი მოისხა და ისე გავიდა ჰოლიდან, ქალს არ დამშვიდობებია.

მატი მანამ იჯდა გახევებული, სანამ სერგის მანქანის ძრავას გუგუნის ხმა არ მინელდა. მერე კედელს მიშტერებული თვალები აახამხამა, მძიმედ წამოდგა და ოთახისკენ წალასლასდა, რათა გარდერობი დაელაშქრა და „ერთობ მნიშვნელოვანი” შეხვედრისთვის ტანსაცმელი და საცვალ-ბიუსტჰალტერი შეერჩია. ვინ იცის, რით დამთავრდება ეს შეხვედრა. განა ყველაფრისთვის არ უნდა იყოს მზად?

ეჰ, ცუდად კი გამოუვიდა სერგისთან. თითქოს რაღაც დაიწყო მათ შორის, რაღაც „იმნაირი”, მაგრამ ახლა მაგის დროა? პირველი სიყვარული ეძახის მატის! მთავარი ახლა ესაა!

ღამის თორმეტი ხდებოდა, როცა დაბანილ-დავარცხნილი და საკუბოედ გამოწყობილი მატილდა ეზოდან ქურდული ნაბიჯებით გავიდა. აფორიაქებული და დაფეთებული აქეთ-იქით იყურებოდა, ვინმემ არ შემნიშნოსო. განა რა, სახლიდან გადიოდა, საკუთარი სახლიდან, ვის რა ესაქმებოდა, მაგრამ თვითონ ხომ იცოდა, სადაც მიდიოდა? გოგა ზუსტად იმ ადგილას დაიბარა, სადაც საღამოს მანქანა გააჩერებინა და გადმოვიდა.

პირველი სიყვარული უკვე ელოდა. მატილდას გულს გვირაბში შესული მატარებელივით გაჰქონდა გუგუნი. სწრაფი ნაბიჯებით მიუახლოვდა ნაცრისფერ „მერსედესს”, უკანა სალონის კარი გამოაღო და ჩაჯდა. ახლა უკვე ვერავინ შეამჩნევდა, მაგრამ ამან შვება მაინც ვერ მოჰგვარა.

- წინ დაჯექი, - ღიმილით მოუტრიალდა გოგა.

- აქ მირჩევნია, - ჩურჩულით მიუგო მიტკალივით გათეთრებულმა და მიცვალებულივით გაყინულმა.

- გირჩევნია და გირჩევნია. რა ლამაზი ხარ. ერთიანად ბრწყინავ… წავედით? - კვლავ გაუღიმა მამაკაცმა და გამხნევების მიზნით ქალს თვალი ჩაუკრა.

- ჰო, - ძლივსგასაგონად მიუგო და პირველი სიყვარულის მზერას მზერა აარიდა.

ამწუთას აღარ ფიქრობდა იმაზე, სწორად იქცეოდა თუ არასწორად. გაუმართლებდა ამ შეხვედრით თუ არ გაუმართლებდა. მისთვის სულერთი იყო. რახან გარისკვა გადაწყვიტა, ბოლომდე უნდა გაერისკა.

- ხომ არ ნერვიულობ? - სარკიდან გამოხედა გოგამ.

- ცოტას, - დაიმორცხვა და ააკანკალა.

- გცივა? - შეეკითხა მამაკაცი და პასუხს არ დაელოდა, ისე ჩართო გათბობა.

- ცოტა, - მოიკუნტა მატი.

სასტუმრო ცენტრში მდებარეობდა და მალევე მივიდნენ. როგორ რცხვენოდა მატილდას. ეშინოდა, ნაცნობს არ დაენახა ვინმეს, მაგრამ მისდა საბედნიეროდ, ისე ავიდა მეორე სართულზე გოგასთან ერთად, არავინ შეხვედრიათ, სასტუმროს პერსონალის გარდა.

ნომერი ერთადგილიანი იყო დიდი, ფართო საწოლით. მატი დაძაბული გაჩერდა კართან.

გაგრძელება იქნება

ასევე იხილეთ:

მარტოხელა - თავი 9

მარტოხელა - თავი 8

მარტოხელა - თავი 7