ყველაფერი თითქოსდა ჩვეულებრივად დაიწყო ისე, როგორც ხშირად ხდება ხოლმე. რეპეტიციიდან დაბრუნებულმა ივახშმა, ტანსაცმელი გამოიცვალა და დაღლილი თავის საწოლზე წამოწვა. გვერდით ყავის ჭიქა დაიდგა, მუხლებზე კი თავისი საყვარელი ლეპტოპი.
ჯერ სერიალების საიტი შეამოწმა. How I met your mother-ის ახალ სერიას უყურა ონლაინში, მერე კი "ფეისბუქზე" შევიდა.
რამდენიმე პირადი შეტყობინება იყო მოსული, ბევრი "ლაიქი" სურათებზე (უმეტესობა მამრობითი სქესის წარმომადგენლებისაგან) და 6 ახალი "მუჯლუგუნი"...
- ეს კატა რაღა უბედურებაა?!.
ჩაიბურდღუნა მიამ და ახალი შეტყობინება გახსნა.
- გინდა ყველაფერი შეცვალო?
ვიღაც trickster-ი სწერდა. - ამ ხალხს მეტი საქმე არა აქვს? - გაიფიქრა და უცნობს უპასუხა:
- ბრისს!!!
მია 25 წლისაა, პროფესიით მსახიობი. ამჟამად "ახალგაზრდული თეატრის" დასშია, ახალ სპექტაკლზე მუშაობენ. პირველი კურსიდან მოყოლებული, მთავარი როლის შესრულებაზე ოცნებობს, მაგრამ სულ "მეუკანასკნელეხარისხოვანი" როლები ხვდება ხოლმე. თანაც, ისეთი როლები, რომლებსაც ყველაზე მეტად ვერ იტანს...
შეიძლება ასე არ გიმართლებდეს ადამიანს?.. - რას ვიზამთ, ბედი უნდა ყველაფერს...
მია მშობლებთან ერთად ცხოვრობს. გასათხოვარია. თაყვანისმცემლების ნაკლებობას ნამდვილად არ უჩივის. როცა დრო აქვს, შეხვდება ხოლმე რომელიმე მათგანს და სეირნობს. ხან კაფეში, კინოში ან კლუბში ერთობა. სერიოზული გრძნობა ჯერჯერობით არავის მიმართ არა აქვს.
მია ნატურალური ჟღალთმიანია. სახეზეც აქვს ცოტა ჭორფლი, მაგრამ რაღაცნაირად უხდება. თვალები ცისფერი აქვს. საშუალო სიმაღლისაა და როგორც თვითონ ამბობს: - "საქართველოს პირობაზე ნორმალური ტანი აქვს".
- "მიაუ" რომ ავირჩიო?
"ისევ ეს კატა"... - გაიფიქრა მიამ და მის პროფილში გადავიდა, რომ ენახა, შემთხვევით მისი ნაცნობი ხომ არ იყო.
- ჰმ... დამაინტრიგებელი პროფილი კი შეუქმნია, რა გინდა... ორიგინალობს...
- მხოლოდ ეგ არ გიშველის!.. ძალიან უნდა გამაკვირვო... - მისწერა ინკოგნიტოს იმ იმედით, რომ მალე მოიშორებდა თავიდან.
- ადვილად!
- ჰოო?.. ვნახოთ აბა, რა შეგიძლია!
"კატას" მეტი აღარ მოუწერია. - ალბათ ორიგინალური ვერაფერი მოიფიქრა და ფარ-ხმალი დაყარა. - ასე იფიქრა მიამ და აბაზანაში შევიდა.
დილით დაეძინა და რეპეტიციაზე დააგვიანდა. აქოშინებული ავარდა სცენაზე და თავისი ადგილი დაიკავა - ბორდელის წითელ, ხავერდგადაკრულ დივანზე, რომელზეც მისი თანამშრომელი, მასავით მეძავი სოფიკო იჯდა (მეძავი - რა თქმა უნდა, როლში. რეალურ ცხოვრებაში მია პატიოსანი გოგოა).
- დაგაგვიანდა, ქალბატონო! - უსაყვედურა ბ-მა რეზომ და მიას თავისმართლების მცდელობა ხელის ერთი მოძრაობით შეაჩერა.
- გოგო, ახალი ბიჭი გვყავს! - გადაუჩურჩულა სოფიკომ.
- ჰოო?.. ვინ?
- აგერ, პარტერში ზის. ნახე, რა როჟაა! - ისეთი სასაცილო რაღაცა მოხდა, კინაღამ გავიგუდე სიცილით...
- რა მოხდა?
- რა და რეზომ პატარა როლი მისცა. სცენაზე უნდა გამოევლო და ჯაბასთვის სამი თითის კომბინაცია უნდა დაენახებინა... ხოდა, რეზომ აუხსნა. ეს კიდე გამოვიდა და დადგა ხესავით. იმან - აწიე თითიო, ქვემოდან დაუძახა... ამან არ აწია. მოკლედ, კიდევ რამოდენიმეჯერ უთხრა რეზომ, აწიე თითიო. ბოლოს გაბრაზდა და დაუყვირა, - აწიე ბოლოს და ბოლოს ეს დედააფეთქებული თითიო... იმან კიდე... ვაიმე, მეცინება...
სოფიკომ სახეზე ხელები აიფარა.
- არ აწია მაინც?
- არა მაქ და რა ავწიოო.... გოგო, შუათითი არ ჰქონია საწყალს... სადღაც, ჩარხში მოუყვა თურმე ადრე... ბედი არ გინდა, პროსტაა? 16 კაციდან რაღა მაინცდამაინც მაგას შეხვდა ეს როლი...
- საწყალი...
- ლაპარაკიი! - დაიღრიალა რეზომ.
შესვენებაზე მიამ "ახალი ბიჭი" გაიცნო. "ботаник"-ს რომ ეძახიან ხოლმე რუსები ხუმრობით, ისეთი ტიპაჟი იყო. - ხუჭუჭი თმა, ნომრიანი სათვალე, პუტკუნა, - გაუბედავი მოძრაობებით. სავარაუდოდ, სკოლაში, მთელი თერთმეტი წლის მანძილზე რადიატორის გვერდით იჯდა, ხუთიანებს იღებდა, შესვენებებზე გაკვეთილს იმეორებდა და თანაკლასელების დაცინვასაც "ღირსეულად" იტანდა... - საინტერესოა, რატომ აირჩია მსახიობობა?
მია გამოელაპარაკა და რაღაცები გამოჰკითხა. როგორც აღმოჩნდა, მის მშობლებს უფრო მეტად ნდომებიათ შვილის მსახიობობა, ვიდრე თვითონ.
რეპეტიციის ბოლოს, დარბაზში ახალგაზრდა კაცი შემოვიდა და რეზოს რაღაც გადასცა. როგორც სცენიდან ჩანდა, კურიერი უნდა ყოფილიყო, ხელში კონვერტი ეჭირა. თავზე კეპი ეხურა, ნაცრისფერი ფორმა ეცვა და მხარზე ჩანთა ჰქონდა გადაკიდებული.
- ფოსტალიონები კიდე არსებობენ? - ჰკითხა სოფიკომ მიას.
- აბა არ არსებობენ? ამანათები ხომ დააქვთ ხოლმე...
- ჰო, რა ვიცი... ნეტა რეზოს რა მოუტანა? რამე გამოიწერა ნეტა?
- ჰო, რუპორი! უფრო კარგად რომ დაგვიღრიალოს ხოლმე...
- როგორ გამაცინე... გამოწერილს სახლში მიუტანდნენ, აქ ხო არა...
ფოსტალიონი დარბაზიდან გავიდა თუ არა, რეზომ სცენისკენ გამოიხედა და დაიძახა:
- ქალიშვილო, წითელი თმებით!.. ჩამობრძანდით აქ, გეთაყვა...
- მე მეუბნება?.. - დაიბნა მია.
- სხვა წითელთმიანი აქ არა გვყავს, მით უმეტეს, ქალიშვილი. - სიცილით უთხრა ჯაბამ და სოფიკოს ორაზროვნად გადახედა.
- როდის აქეთ მეძახის ასე...
მია სცენიდან ჩავიდა. რეზომ კონვერტი გადასცა.
- თუ რაიმე საინტერესო იქნება, ჩვენც გვითხარი!
მიამ პასუხად მხოლოდ გაღიმება მოახერხა და განმარტოვდა.
სიძველისგან გაყვითლებულ კონვერტს გარედან ეწერა: - "ქალიშვილს წითელი თმებით..."
გაოცებულმა მიამ კონვერტი გახია და ოდნავ დაკუჭული, ძველი ფურცელი ამოაცურა.
"ძნელია, როდესაც ბევრს შრომობ და სათანადოდ არ გაფასებენ! საწყენია, როდესაც შენს ნიჭს და შესაძლებლობას ვერ ხედავენ... მოგიხდებოდა მთავარი როლი მაგრამ არ არის აუცილებელი, სცენაზე იდგე იმისთვის, რომ ითამაშო... ჩვენ ყველა ისედაც ვთამაშობთ! – ცხოვრებაც ხომ თეატრია? მთავარი ისაა, ცხოვრებაში რა როლს შევასრულებთ...
შენი სუსტი წერტილი შენი შეუსრულებელი როლებია. - არც ერთხელ არ გაგიმართლა და რაღაცით საკუთარი თავი იმ ახალ ბიჭს მიამსგავსე... რამდენჯერ გიგრძვნია თავი უსარგებლო ფინტიკლუშკად?.. რამდენჯერ გიფიქრია, მისულიყავი შენს რეჟისორთან და თავად შეგეთავაზებინა საკუთარი კანდიდატურა, მაგრამ ვერ გაბედე...
ამდენი ლოდინის და იმედგაცრუების შემდეგ იქნებ დროა, ყველაფერი შეცვალო? მაშინ რატომ უნდა ელოდო მთავარ როლს სცენაზე, როცა შეგიძლია, რეალურ თამაშში ჩაერთო?!
- გაგაკვირვე, წითელთმიანო?
- თუ მეთანხმები (მე ვიცი, რომ ასეა), მაშინ...
- ვითამაშოთ?
trickster
გაგრძელება იქნება პარასკევს