მარიშკა ჯავახაძე რუბრიკის - "ალტერ-ეგოს" სტუმარია. ის გვესაუბრა თავის სიზმრებზე, ბავშვობის საყვარელ თამაშზე, თავისებურ წარმოდგენებსა და ალტერნატიულ სამყაროზე, რომელშიც იმოგზაურებდა.
- გაქვს თუ არა ფობია? თუ გაქვს, რისი?
- უი, კი, ბევრი ფობია მაქვს, ენტემოფობია არის ერთ-ერთი - ხოჭოებისა და ტარაკნების შიში.
- მოგვიყევი სიზმარი, რომელიც ყველაზე მეტად დაგამახსოვრდა...
- ყოველ დილით მახსოვს წინა ღამის სიზმარი. შესაბამისად, ძალიან ბევრია ასეთი. მაგალითად, ერთხელ დამესიზმრა, რომ ლეონარდო დიკაპრიომ მაკოცა და გაიქცა (იცინის). ჩემი მეგობარი ანო მურღულია ახლა ძალიან იეჭვიანებს, ამას რომ წაიკითხავს და აქედან მივმართავ: ანო, უბრალოდ სიზმარი იყო, ლეო მხოლოდ შენია.
- როგორ ალტერნატიულ სამყაროში იმოგზაურებდი?
- ძალიან მარტივად: სადაც ყველა ცოცხალი არსება თანაბარი უფლებებით სარგებლობს და არც ადამიანი და არც ცხოველი არ არის დაჩაგრული. სულ ეს არის.
- ძილის წინ რაზე ოცნებობ ხოლმე ყველაზე ხშირად?
- უი, ამას ვერ გეტყვით. ძილის წინ ყველაზე გულახდილი ვარ საკუთარ თავთან, ბოლომდე ვიხსნები. ამიტომ ეს მარტო მე უნდა ვიცოდე.
- მოჩვენებების გჯერა?
- არა, მხოლოდ კასპერის (იცინის).
- სიცოცხლე სიკვდილის შემდეგ როგორი წარმოგიდგენია?
- მშვიდი (იცინის).
- როგორია ღმერთი შენს წარმოდგენაში?
- აუ, რა რთული კითხვაა. სხვადასხვანაირია: მიმტევებელია, მიმღებია, სიმშვიდის მომტანია... და რაც მთავარია, მზრუნველი და აბსტრაქტულია. ყოველთვის სხვადასხვა სახით გვევლინება ხოლმე. კონკრეტულად ნამდვილად არ ვიცი, გარეგნობით როგორია, ან საერთოდ აქვს რომ გარეგნობა?
- დაასახელე სამი ნივთი, რომლებსაც უკაცრიელ კუნძულზე წაიღებდი...
- წიგნი, ფოტოაპარატი და აიპოდი კარგი ფლეილისტით.
- ზებუნებვრივი ძალის არჩევა რომ შეგეძლოს, რომელს აირჩევდი და რატომ?
- სუპერვუმენი ვიქნებოდი ბევრი ძალით, ვიფრენდი კიდეც... მოკლედ, არცერთ ძალაზე არ ვიტყოდი უარს.
- რომელ ლიტერატურულ პერსონაჟთან ერთად ივახშმებდი?
- ჰოლდენ კოუფილდთან, "თამაში ჭვავის ყანიდან".
- თქვენი ცხოვრების ყველაზე გამორჩეული მოგონება რა არის?
- ალბათ, ძალიან გამიმართლა, რადგან ბევრია ასეთი. ძალიან გამიჭირდება ერთის გამოყოფა... როდესაც ჩემი უახლოესი მეგობარი ნინი პირველად დედა გახდა და პალატაში შევედი და მისი შვილი ეკუნა დავინახე, ეს იყო ალბათ ყველაზე დიდი შოკი და ბედნიერება... თუმცა, რა თქმა უნდა, არის კიდევ ისეთებიც, რომლებიც ისევ და ისევ მარტო ჩემია და ვერ მოვყვები (იღიმის).
- რომელია თქვენი ბავშვობის საყვარელი თამაში?
- ბაბუს კაბინეტში "ბიბლიოეთეკარობანა". მარტო ვთამაშობდი ხოლმე ჩემს წარმოსახვით "მკითხველებთან" ერთად (იცინის).
- თქვენ წინაშე ორი გზაა: ბნელი და საეჭვოდ განათებული. საით წახვიდოდი? რატომ?
- საეჭვოდ განათებულისკენ აშკარად უფრო საინტერესოდ ჟღერს, ვიდრე
სიბნელე.
- შეგიძლიათ გაიხსენოთ, რა გასხვავებული წარმოდგენები გქონდა ბავშვობაში? ანუ დააბოლოვე წინადადება: "ბავშვობაში მეგონა, რომ..."
- ყველა 20 წლის გოგო უკვე ქალი მეგონა და ვფიქრობდი, რომ სიბერემდე სულ ცოტა აკლდათ. ახლა 29 წლის ვარ და ჩემი ბავშვური წარმოდგენის მიხედვით - ძალიან ასაკოვანი. კიდევ კარგი, ეგ არ აღმოჩნდა სიმართლე.
- როგორ ფიქრობ, რისთვის მოევლინე სამყაროს? გაქვს რაიმე მისია?
- კი, მგონია, რომ ყველა ადამიანს საკუთარი მისია აქვს, შექმნას რაღაც კარგი, დათესოს სიკეთე, დაეხმაროს სხვა ადამიანს.
მარიემ კაკაურიძე
ვინ არის სინამდვილეში "ზურაშა" და რაზეა რომანი, რომელსაც მალე გამოაქვეყნებს