ინტერვიუ

შეძლებ, გაუძლო ცდუნებას? - ახალი ქართული რომანი სიყვარულზე, რომელმაც უამრავი ქართველი მკითხველის გული გამოცემამდე დაიპყრო

შეძლებ, გაუძლო ცდუნებას? - ახალი ქართული რომანი სიყვარულზე, რომელმაც უამრავი ქართველი მკითხველის გული გამოცემამდე დაიპყრო
„წიგნი კონკურსის დაწყებამდე შეიქმნა და მის დასრულებამდე დაახლოებით 2 კვირით ადრე დავწერე ფინალური თავი. უბრალოდ, ერთ დღეს, სრულიად ჩვეულებრივ მომენტში ჩემს გონებაში გაიელვა წიგნის ერთმა კონკრეტულმა ეპიზოდმა და ვიგრძენი, ეს ის ისტორია იყო, რომელიც აუცილებლად უნდა დამეწერა“ - ასე შეიქმნა სასიყვარულო რომანი „ცდუნება“, რომელიც კონკურს „გახდი ბესტსელერის ავტორი 2018“-ის ერთ-ერთი გამარჯვებული გახდა. ნათია ჯაგოდნიშვილის ნაწარმოებმა ხალხის რჩეულ კატეგორიაში გაიმარჯვა. მკითხველს მისი სრულად წაკითხვის საშუალება უკვე აქვს.
როგორც ნათია ჯაგოდნიშვილი აღნიშნავს, ის კონკურსში გასულ წელსაც მონაწილეობდა,
თუმცა მაშინ გამარჯვება ვერ მოახერხა. წელს კი რომანმა მკითხველის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა.

რამდენად ელოდით კონკურსში გამარჯვებას და რა შეიცვალა თქვენს ცხოვრებაში გამარჯვების შემდეგ?


- კონკურსში შარშანაც ვმონაწილეობდი, მაგრამ გამარჯვება ვერ მოვიპოვე. თუმცა, არ დავნებდი და გადავწყვიტე, რომ წელსაც მეცადა. კონკურსის დაწყების პირველივე დღიდან იმხელა მხარდაჭერა ვიგრძენი... ყველაფერს აკეთებდნენ ჩემი მკითხველები იმისათვის, რომ „ცდუნებას“ გაემარჯვა და მე ერთი წამითაც არ მეგრძნო თავი მარტო. პირველ ტურში ხალხთან ერთად ჟიურის რჩეულიც გავხდი და ამან კიდევ უფრო მეტი მოტივაცია მომცა, ბოლომდე მებრძოლა. გამარჯვების შემდეგ კიდევ უფრო გაიზარდა ჩემი მკითხველებისა და მხარდამჭერების რაოდენობა, მათგან მიღებული სითბო და პოზიტივი. უამრავი ადამიანი მწერდა, მამხნევებდა და მოუთმენლად ელოდა წიგნის გამოსვლას, რომელიც უკვე დაბეჭდილია და მკითხველი სულ მალე გაიცნობს.


თქვენი აზრით, მკითხველების ასეთი დაინტერესება რატომ გამოიწვია „ცდუნებამ“?


- ჩემს რომანში სასიყვარულო ამბავზე ბევრად მნიშვნელოვანი პერსონაჟის ფსიქოლოგიური მდგომარეობაა; მისი მცდელობა, გაერკვეს საკუთარ თავში და სურვილებში; გაიგოს, რა სურს თვითონ და მიიღოს გადაწყვეტილება; მოიქცეს სწორად, ამ სიტყვის საზოგადოდ მიღებული მნიშვნელობით თუ გააკეთოს ის, რაც თავად სურს, მიუხედავად შედეგებისა. ვფიქრობ, ყველა ადამიანის ცხოვრებაში არის მომენტი, როდესაც საკუთარ თავში იკარგება და არ იცის, რა გააკეთოს. „ცდუნებაში“ კი ნებისმიერი ტიპის მკითხველი შეძლებს, რომელიმე პერსონაჟში მაინც ამოიცნოს საკუთარი თავი და სწორედ ამ მკითხველებისთვის მინდოდა მეთქვა, რომ ცხოვრებაში ყველაფერი ხდება. ყველანაირი პრობლემა მნიშვნელოვანია და ისინი ამ პრობლემების წინაშე მარტონი არ არიან.

თავად კონკურსს როგორ შეაფასებთ?


ამ კონკურსის დაწყების პირველივე დღიდან მისი დიდი გულშემატკივარი ვარ. აღფრთოვანებული ვარ გამომცემლობის იდეით, დაეხმაროს ახალბედა, დამწყებ ავტორებს, წაახალისოს ისინი და ყველანაირი წინაპირობა შეუქმნას, რომ მათი წიგნები მართლაც იქცნენ ბესტსელერებად. „პალიტრა L” საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი გამომცემლობაა და როდესაც ახალბედა მწერალს ეძლევა შესაძლებლობა, ითანამშრომლოს ამხელა შესაძლებლობების მქონე ჰოლდინგთან, ვფიქრობ, უკვე აღარაფრის უნდა ეშინოდეს. ისინი ყველაფერს აკეთებენ იმ მნიშვნელოვანი გზის გაიოლებაში, რომელიც ყველა ავტორმა უნდა გაიაროს.


თქვენ შესახებაც მოგვიყევით, რას საქმიანობთ, როდის დაიწყეთ წერა?


- ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე ვსწავლობ. პარალელურად ვწერ და როგორი გასაკვირიც უნდა იყოს, ზოგჯერ ჩემი პროფესია წერის პროცესშიც მეხმარება. ჩემი ინტერესების სფეროს რაც შეეხება, საკმაოდ ფართოა და მიყვარს როგორც წიგნების კითხვა და სახლში კომფორტულად მოკალათებულს, მელოდრამების ყურება, ასევე ეროვნული საფეხბურთო ნაკრების თამაშებზე მოედანზე სიარული და მათი გულშემატკივრობა. ვცდილობ, ცხოვრების ყოველი დღე მაქსიმალურად გამოვიყენო და „დავიჭირო წამი“, რომელიც ყველაფრად ღირს.
წერა 13 წლის ასაკში დავიწყე. ყოველდღე არ ვწერ, მაგრამ ჩემს გონებაში მუდმივად არსებობენ ჩემი პერსონაჟები და ხშირად წერისგან დამოუკიდებლად, ჯერ ჩემს გონებაში მიმდინარეობს მათი ცხოვრება. ამ წლების განმავლობაში წერა ჩემი ცხოვრების უმნიშვნელოვანეს და განუყოფელ ნაწილად იქცა და ისეთივე საჭიროა ჩემთვის, როგორც ადამიანებისათვის სუნთქვა. ყოველგვარი გადამეტების გარეშე შემიძლია ვთქვა, რომ ვიარსებო, უნდა ვწერო.


რომელმა ავტორმა და წიგნმა იქონია თქვენს ცხოვრებაზე ყველაზე დიდი გავლენა?


- ამ კითხვას ვერასდროს ვპასუხობ კონკრეტულად, რადგან თითოეულ წაკითხულ წიგნს და თითოეულ ავტორს თავისი მნიშვნელობა აქვს ჩემთვის და ყველამ მასწავლა კონკრეტული რაღაც. ზოგჯერ რაღაცას წავიკითხავ, ვიფიქრებ, რომ ამაზე უკეთესი აღარც არაფერი არსებობს და შემდეგ ახალი წიგნი სრულიად თავდაყირა დამიყენებს ამ წარმოდგენებს. თუმცა, ბავშვობიდან მოყოლებული, ჩემი აზროვნება ყველაზე სწორ გზაზე უფრო ნოდარ დუმბაძემ და ასტრიდ ლინდგრენმა დააყენეს.

ბეჭდვა
e87a93