მას შემდეგ, რაც Marao.ge-ზე „გზა უტქიაგვიკისკენ“ გამოქვეყნდა, ნოველამ მკითხველის მხრიდან დიდი ჩართულობა და უამრავი მოწონება დაიმსახურა. საინტერესო სიუჟეტის, ცხოვრებისეული სიტუაციებისა და იდუმალი პერსონაჟების მიღმა კი 35 წლის სალომე ტაბატაძე დგას. გადავწყვიტეთ, უფრო ახლოს გაგაცნოთ თქვენთვის საყვარელი ავტორი და მოგიყვეთ მეტი მისი ცხოვრების შესახებ:
- მოგვიყევით თქვენ შესახებ, რამდენი წლის ხართ?
- მე ვარ სალომე ტაბატაძე, 35 წლის. ამჟამად ვცხოვრობ საქართველოში, თბილისში. მანამდე რამდენიმე წელი ვცხოვრობდი გერმანიასა და კვიპროსში. მყავს მეუღლე და შვილი, 3 წლის ევგენია სეხნიაშვილი.
- რომელია თქვენი საყვარელი წიგნი?
- ბევრი საყვარელი წიგნი მაქვს. მიყვარს როგორც კლასიკა, ისე თანამედროვე ლიტერატურა. ვკითხულობ ყველაფერს, რაც შემხვდება. არასდროს ამირჩევია წიგნი რაიმე ნიშნის მიხედვით. სიამოვნებით ვკითხულობ ახალგაზრდულ, ე. წ. თინეიჯერულ ლიტერატურას. სხვადასხვა ლიტერატურულ საიტზე ვეცნობი ახალბედა მწერლების ნამუშევრებს, თუმცა მინდა, განსაკუთრებით გამოვყო ჭაბუა ამირეჯიბის „გორა მბორგალი“ და ნოდარ დუმბაძის „თეთრი ბაირაღები“. ძალიან მიყვარს ბალზაკის „მამა გორიო“. ამ ბოლო დროს სტივენ კინგს ვეცნობი ინტენსიურად. განსაკუთრებით მომეწონა „მობილური“ და „გუმბათის ქვეშ“, თუმცა, მგონი, ამ მწერალს ვერ ამოვწურავ.
- გაქვთ ისეთი წიგნი ან გყავთ ისეთი მწერალი, რომელიც თქვენთვის ინსპირაციის წყარო გამხდარა?
- ალბათ, შტეფან ცვაიგია ასეთი მწერალი. მოკლე, ლაკონიური და დამაფიქრებელი. განსაკუთრებით მიყვარს „საჭადრაკო ნოველა“ და „ლეპორელა“, თუმცა ჩემთვის პირველი მაინც ნოდარ დუმბაძეა, რომლის მსგავსი მე არავინ წამიკითხავს. მის იუმორში უამრავი ტკივილია, რომელიც უნდა დაინახო და იგრძნო.
- როგორ დაიწყეთ წერა?
- წერა არ მახსოვს, როგორ დავიწყე. საკმაოდ ფანტაზიორი ბავშვი ვიყავი. ისეთ ამბებს ვყვებოდი ხოლმე, სასაცილოდ არ ჰყოფნიდათ ახლობლებს. მახსოვს, ჩემს უმცროს დას და მეგობრებს როგორ ვუყვებოდი ყოველ საღამოს გამოგონილ ამბებს და ისინიც საათობით მისმენდნენ. ასე, ნელ-ნელა, ასაკის მატებასთან ერთად, ფანტაზია დაიხვეწა და გაფართოვდა.
- რა ასაკში მიხვდით, რომ წერა გინდოდათ?
- ჩემი ფანტაზიის ფურცელზე გადმოტანა 13-14 წლისამ დავიწყე, მაგრამ დიდი შუალედები მქონდა. პირველი სერიოზული და ცოტა დიდი მოცულობის ნაწარმოები იყო „მოგზაურობა ავსტრალიაში“. მახსოვს, რომ თავიდან აღფრთოვანებული ვიყავი წერის პროცესით და მერე, რატომღაც, ძალიან მრცხვენოდა ჩემი ნამუშევრის გამოჩენის.
- რა ეტაპები გაიარეთ ამ პერიოდიდან დღემდე?
- პირველი მცდელობის შემდეგ მეც გავიზარდე. ბევრი რამე ვნახე და წავიკითხე. ძალიან ადვილად შემიძლია ინფორმაცია დავიმახსოვრო და ზოგჯერ ისე, რომ არც კი ვისმენ. მერე აღმოვაჩენ ხოლმე, რომ რაღაცისთვის მომიკრავს ყური. ეს ძალიან მეხმარება, მაგრამ რასაც ახლა ვაკეთებ, ეს არ არის მაქსიმუმი. მე ჯერ დამწყები ვარ და კიდევ ბევრი მაქვს სასწავლი. ბევრი უნდა ვიშრომო, რომ ნამდვილ მწერლად ჩამოვყალიბდე.
- როგორ იბადება ახალი ნაწარმოების იდეა?
- რაც შეეხება იდეას... ეს ძალიან საინტერესო პროცესია. მაგალითად, ერთხელ ტელევიზიით მოვისმინე მკვლელობის ამბავი. ჯერ არავინ იცოდა, რა მოხდა სინამდვილეში. გონებაში აღვადგინე მკვლელობის სურათი და ვერსიებზე დავიწყე მუშაობა. ისე დავამუშავე სიუჟეტი, რომ მეც ვერ მივხვდი. ეს არ მომხდარა 10 წუთის ან ერთი საათის განმავლობაში. ამბავი საღამოს მოვისმინე. ღამე მეძინა, მეორე დღეს სამსახურში წავედი, შვილს ვუვლიდი, ძაღლს ვასეირნებდი და, პარალელურად, სიუჟეტი ვითარდებოდა. თქვენთვის ცნობილია „გზა უტქიაგვიკისკენ“. ნოემბრის თვეში სოციალურ ქსელში შემხვდა პატარა ინფორმაცია - „ქალაქ უტქიაგვიკში პოლარული ღამეების დროს ყველაზე მეტი ადამიანი იკლავს თავს.“ მომეწონა, ყურში უცხოდ მომხვდა. დავინტერესდი, სად იყო ეს ქალაქი და უბრალოდ მომინდა მასზე რაიმე დამეწერა.
- რამდენად სასიამოვნოა თქვენთვის წერის პროცესი?
- წერის პროცესი არის ძალიან სასიამოვნო და, ამავე დროს, ძალიან დამღლელი. მე მთლიანად სიუჟეტში ვარ, მოვლენები ჩემ გარშემო ვითარდება. განვიცდი ყველა იმ ემოციას, რასაც ჩემი პერსონაჟები და ვცდილობ, სიტყვები სწორად შევარჩიო მათ გადმოსაცემად. ამასთან, გამუდმებით ვფიქრობ, ისე ვწერო, რომ ლიტერატურულად გამართული იყოს. რამდენიმე საათი ისე გადის, ვერ ვგრძნობ. საბოლოოდ, დაღლილობა მახსენებს ხოლმე თავს. მიყვარს წერის პროცესი.
- წერის დროს თუ იყენებთ რეალურ პიროვნებებს თქვენი პერსონაჟების სახით?
- ჩემს თითქმის ყველა ნაწარმოებში ერთი მაინც არის რეალური პიროვნება თავისი რეალური სახელით და თვისებებით. მათ ადვილად ცნობენ ხოლმე ახლობლები, მაგრამ ყველა ნაწარმოების რეალური პერსონაჟი ძაღლი ტაისონია.
- რამდენად იყენებთ თქვენს პირად ისტორიებს ნოველის შინაარსისთვის?
- „გზა უტქიაგვიკისკენ“ ნახევარი ჩემი ცხოვრების რეალური ამბებია, მაგრამ, პერსონაჟისგან განსხვავებით, ძალიან კარგი მეუღლე, არაჩვეულებრივი და და მშობლები მყავს. ისინი ყველაფერში მიდგანან გვერდით. სხვა ნაწარმოებებში უკვე მე არაფერ შუაში ვარ. ისინი მოსმენილი და ფანტაზიით გავრცობილი ამბებია, თუმცა რეალური პერსონაჟები და ამბები ბევრია.
- რა არის მთავარი, რაც გინდათ, რომ თქვენს მკითხველამდე მიიტანოთ?
- პირველ რიგში, მინდა, მკითხველს ყოველდღიური პრობლემები დავავიწყო და სასიამოვნო რამდენიმე საათი გაატაროს ჩემს პერსონაჟებთან ერთად. მინდა ვაჩვენო, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი.
- აპირებთ მომავალში თქვენი ნოველის ან ნოველების წიგნის სახით გამოცემას?
- წელს „ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის“ თაოსნობით ჩატარდა დეტექტივების კონკურსი და გავიმარჯვე ნომინაციაში „წლის საუკეთესო დეტექტივი“. ასე რომ, მალე გამოვა წიგნი, რომელსაც „ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი“ ჯილდოს სახით ბეჭდავს. სხვა ნაწარმოებების წიგნად გაკეთებას, ალბათ, ჯერ ვერ შევძლებ. ეს დიდ ფინანსებთანაა დაკავშირებული, რისი საშუალებაც ამ ეტაპზე არ მაქვს. მომავალში ვნახოთ, იქნებ ვინმე დაინტერესდეს კიდეც.
- როგორია თქვენი კომფორტის ზონა, როდესაც წერას იწყებთ?
- წერა შემიძლია ნებისმიერ სიტუაციაში, თუ მუზა თავის ადგილზეა და ფიქრები მოსვენებას არ მაძლევენ, მაგრამ სრულ სიჩუმეს არაფერი ჯობია, როცა ჩემ გარშემო ჰაერი იმუხტება და პერსონაჟები ცოცხლდებიან, მათ ვხედავ და ვგრძნობ. არასდროს ვწერ პირდაპირ კომპიუტერზე. კლავიატურა გონებას მიფანტავს. ჩემი მეგობრები ფურცელი, კალამი და ფანქარია. ყველაფერს ყოველთვის ხელით ვწერ, უფრო სწორად, ხელი თავისით ასრულებს ტვინის გაცემულ ბრძანებას. ყველგან შემიძლია ვწერო, სადაც კი ფურცლის დადების საშუალება მაქვს.
- თუ გქონიათ შემთხვევა, როდესაც მკითხველმა დაგიწერათ რაიმე კონკრეტული რჩევა ან აზრი, რომელიც გამოგადგათ?
- პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ მკითხველების კომენტარები ჩემთვის ძალიან დიდი სტიმულია. ძალიან კარგად ვრეაგირებ კრიტიკაზეც. ერთხელ ერთ კომენტარში ჩემი პერსონაჟის ისეთ თვისებაზე ჰქონდა ყურადღება გამახვილებული მკითხველს, რომ მეც კი არ ვიცოდი მის შესახებ. გამიხარდა, რომ პერსონაჟები რეალურთან მიახლოებულად აღიქმებიან. მკითხველის კომენტარს შემდეგი თავის წერისას ვერ გამოვიყენებ, რადგან ყოველთვის დასრულებულ ნოველას ვაქვეყნებ და არა წერის პროცესში, ამიტომ ვერაფერს შევცვლი. თუმცა მქონია შემთხვევა, რომ კომენტარი სხვა ნოველის წერისას გამითვალისწინებია.
- რამდენად ხშირად კითხულობთ მკითხველების კომენტარებს?
- მკითხველის კომენტარებს ყოველთვის ვკითხულობ. ველოდები ახალ-ახალს და გული მწყდება, თუ ცოტა კომენტარი იწერება ხოლმე. მირჩევნია, ბევრი იყოს, თუნდაც უმრავლესობა კრიტიკული.
- როდესაც წერას იწყებთ, ზუსტად იცით, როგორი შინაარსი განვითარდება თუ დროდადრო ცვლით ხოლმე სიუჟეტს?
- სიუჟეტს ძირითადად არ ვცვლი. წერას ისე არ ვიწყებ, თუ მონახაზს არ გავაკეთებ. სიუჟეტი ჯერ უნდა შეიკრას და მერე დამუშავდეს. მხოლოდ პერსონაჟები ან მეორეხარისხოვანი ამბები იცვლება ხოლმე - ემატება ან აკლდება იმის მიხედვით, რას მოითხოვს შინაარსი.
- რას ურჩევდით მათ, ვისაც წერის დაწყება სურს?
- მათ, ვინც ახლა იწყებს წერას, ვურჩევ, რომ ძალიან ბევრი იკითხონ. არასდროს იარონ ყურსასმენებით საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, განსაკუთრებით, ტრანსპორტში, სადაც უცხო და უცნაური ამბების მოსმენა შეიძლება და ყურადღებით უსმინონ ბებიებს, ისინი ყველაზე საინტერესო ამბებს ჰყვებიან.
სალომე ტაბატაძის ნოველების წაკითხვას Marao.Ge-ს საიტზე შეძლებთ, სადაც ამჟამად „ქარვას“ ახალი თავები ყოველდღიურად ქვეყნდება.