ლაბირინთი - იდუმალი ტრიპტიქი თავი 13 - Marao

ლაბირინთი - იდუმალი ტრიპტიქი თავი 13

2023-01-24 10:05:04+04:00

- მოგწონს? - მკითხა კროულიმ და ჩემკენ წამოვიდა. მე ნახატის წინ ვიდექი, ყურადღებით ვაკვირდებოდი და ვცდილობდი, რამე განსაკუთრებული შემემჩნია.

- გამადიდებელი შუშა უნდა გეჭიროს ხელში და იმით აკვირდებოდე, იმდენი დეტალია...

- ეს ბოსხის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნახატია... ტრიპტიქია! იკეცება...

- იკეცება?

- კი. სამი ცალკეული პანელი ხომ არის? მარჯვენა და მარცხენა დარაბებია. რომ დაკეცო, მეოთხე ნახატს დაინახავ!

- რა საინტერესოა! შეგიძლიათ მაჩვენოთ?

კროულიმ ძალიან ფრთხილად, ჯერ მარცხენა დარაბა დახურა, მერე მარჯვენა.

- ცოტა უკან დაიხიე და ისე შეხედე!

რამდენიმე ნაბიჯი უკან გადავდგი.

- ეს დედამიწაა?

- ეს არის სამყარო, შექმნის მესამე დღეს, როდესაც ჯერ არ არსებობდა სიცოცხლე. არც ადამიანი, არც ცხოველები...

დობროვსკიმ ისევ გაშალა დარაბები. კედელზე ვერაფერი საეჭვო ვერ შევნიშნე... თუ კედელში სეიფია, ალბათ ნახატის ცენტრალური ნაწილი ფარავს...

- ნახე, ანიკა! ტრიპტიქის მარცხენა ნაწილში ედემის ბაღია, სადაც ეგზოტიკური მცენარეები და ცხოველებია ასახული. ცენტრალურ ნაწილში - მიწიერი ტკბობის, იგივე სიამოვნების ბაღია, ხოლო მარჯვენაში - ჯოჯოხეთი. მთლიანობაში, ნახატი კაცობრიობის შექმნისა და ცოდვის გაჩენის ისტორიას მოგვითხრობს...

- ძალიან საინტერესოა!

- ამიტომ მიყვარს ასე ძალიან ბოსხი! სულ მგონია, რაღაც დიდი საიდუმლო იცოდა და თავის ნახატებში დაშიფრა. საქმეს დავუბრუნდეთ. - რამე ახალი ამბავი უნდა მითხრა, ანიკა?

- დიახ! შაბათს ისევ უნდა შევხვდე ლევან გიორგაძეს და ამის სათქმელად მოვედი...

- ძალიან კარგი გოგო ხარ, ყველაფრის საქმის კურსში რომ მაყენებ... ყურადღებით მოუსმინე, რომ კარგად გაიგო, რა უნდა. კითხვების დასმაც არ მოგერიდოს...

- არ მომერიდება...

- ჩემგან რამე ხომ არ გჭირდება?

- არა, არაფერი...

- ორშაბათს რომ მოხვალ, შემოდი და მომიყევი, როგორ ჩაივლის შეხვედრა.

- აუცილებლად, ბატონო აბრამ...

კროულის კაბინეტიდან რომ გამოვედი, ისევ იმ ნახატზე ვფიქრობდი... ნეტავ, რას უნდა ნიშნავდეს ეს ნახატი? ან რა ინფორმაციას ფლობს ლევან კალანდაძე? სამწუხაროა, რომ კროულის კაბინეტში მარტო ვერ მოვხვდები, რომ შევამოწმო, არის თუ არა რამე ნახატის უკან...

ზეგ უკვე შაბათია. როგორმე უნდა მოვიცალო და საყიდლებზე წავიდე. ჩემი გარდერობი აშკარად განახლებას მოითხოვს. "პორტალში" ისევ იმ კაბით ხომ ვერ წავალ...

საღამომდე ვერ მოვითმინე, სამსახურიდან გარეთ გამოვედი და ქუჩის მოპირდაპირე მხარეს, მარკეტში შევედი. არავის არაფერი რომ არ ეეჭვა, შოკოლადები ვიყიდე და ვიდრე სამსახურში დავბრუნდებოდი, ლევან კალანდაძეს დავურეკე. მეორე ზარზე მიპასუხა.

- მოხდა რამე?

- გახსოვს, სიამოვნების ბაღზე რომ მკითხე...

- რა თქმა უნდა! მერე?

- მგონი გავიგე, რასაც უნდა ნიშნავდეს...

- სად ხარ? სამსახურიდან ხომ არ მელაპარაკები?

- არა. გარეთ ვარ...

- აბა, მითხარი! ოღონდ სახელების და გვარების ხსენების გარეშე.

- google-ში ჩაწერე "ჰიერონიმუს ბოსხი, მიწიერი ტკბობის ბაღი!"

- ნახატია?

- კი...

- სადმე ნახე ეგ ნახატი?

- უფროსის კაბინეტში კიდია! მეტყვი, რა არის ამ ნახატში?

- ჯერ მე თვითონაც არ ვიცი... მარტო ის ვიცი, რომ "სიამოვნების ბაღში" რაღაც მნიშვნელოვანი ინახება!

- იქნებ სეიფია ნახატის უკან, კედელში?

- მეც ეგ გავიფიქრე... ამაზე საღამოს ვილაპარაკოთ. სამსახურის მერე შეძლებ ჩემთან შეხვედრას?

- შევძლებ...

- მაშინ დროებით დაგემშვიდობები... ძალიან ყოჩაღი გოგო ხარ!

ტელეფონი გავთიშე და სამსახურში ავედი. მაქსს მერის სახლი უკვე დაესრულებინა და ყველა დეტალი გავიარეთ. სასწრაფოდ მეორე ლოკაციაზე უნდა დავიწყო მუშაობა. მაქსს დეტალები სჭირდება. მე კიდევ, იმ ნახატზე ფიქრი არ ამომდის თავიდან.

მაგიდასთან დავჯექი თუ არა, მაშინვე ბოსხის ნახატი მოვიძიე. ვიცოდი, რომ ვერ დავიწყებდი მუშაობას იქამდე, სანამ რაღაც პატარა ინფორმაციას მაინც არ ვნახავდი...

აი, რა გავიგე ნახატის შესახებ:

" ბოსხის "მიწიერი სიამოვნების ბაღი" ერთ-ერთი ყველაზე იდუმალი და ამოუცნობი ნახატია, მსოფლიოში არსებული ხელოვნების ცნობილი ნიმუშებიდან. სიმბოლოებით და ნიშნების თამაშით, ბოსხმა გრანდიოზული ფერწერული სიმფონია შექმნა. ტილო "მიწიერი სიამოვნების ბაღი" ოთხი ნაწილისგან შედგება, რომელიც ერთი მთლიანი იდეით და სიმბოლური ქვეტექსტით არის გაერთიანებული.

ეს არის სამყაროს ოთხი კოსმოსური ქმნილება. ედემის ბაღში, ერთი შეხედვით, სრული ჰარმონია სუფევს, მაგრამ თუ კარგად დააკვირდებით დეტალებს, შეამჩნევთ, რომ ბოროტებას არ სძინავს. კატას პირში დამხრჩვალი თაგვი უჭირავს, ხოლო მტაცებელი ცხოველი ირემს ფატრავს... ხოლო სიცოცხლის მშვენიერ შადრევანში ჭოტმა დაიბუდა, რომელიც ბნელი, დემონური ძალის სიმბოლოა და თავად სიცოცხლის დაბადებასთან ერთად ჩნდება...

ედემის ბაღში დაბადებული ბოროტება ტრიპტიქის მეორე ნაწილში, დედამიწაზე იფურჩქნება. ნახატის ცენტრალურ ნაწილს მკვლევარები "ცრუ სამოთხეს" უწოდებენ. შიშველი მხედრები უზარმაზარი თევზებით და ჩიტებით ჩაკეტილ წრეზე დადიან. ეს კაცობრიობის გზაა, დაუსრულებელი ჩიხი... წრის ცენტრში ცოდვაა ასახული. ადამიანების ფიგურები კი იეროგლიფებს მოგვაგონებს... უმეტესობა სიმბოლოებისა, რომლებიც ნახატშია დაშიფრული, დღემდე გაუშიფრავი რჩება."

- რას კითხულობ?

თავზე მოულოდნელად ფილი წამომადგა. როგორც წესი, სამსახურში ყოველთვის პირველი მოდის ხოლმე. ახლა დაიგვიანა. ისევ არ მტოვებს შეგრძნება, რომ იმ დღის მერე შეიცვალა...

- კროულის კაბინეტში ნახატი რომ უკიდია, იმან დამაინტერესა!

- რამე საინტერესო იპოვე?

- ნახატი თვითონაა საინტერესო...

- დღეს მეორე ლოკაცია უნდა დავიწყოთ! მზად გაქვს შენ ინვენტარის სია?

- ახლა მაგას ვაკეთებ!

- ფელიქს, მოდი, რაღაც უნდა მოგასმენინო!

ირაკლის ყურსასმენები ეკეთა და დილიდან მუსიკას ამუშავებდა. სამსახურში შვიდ საათამდე დავრჩი. იქიდან პირდაპირ ტაბიძეზე წავედი. ლევანი უკვე იქ დამხვდა. სენდვიჩები და კარტოფილი ფრი მოეტანა და სასტუმრო ოთახის პატარა მაგიდაზე სუფრა გაეშალა.

- ეს რად გინდოდა?

ვკითხე და დივანზე დავჯექი.

- სამსახურიდან მოდიხარ და მშიერი იქნები.

- ნახატზე წავიკითხე რაღაცები...

- ჩვენები უკვე მუშაობენ მაგაზე. როგორ მიხვდი ამ ყველაფერს, შეგიძლია მომიყვე?

- დილით კროულის კაბინეტში შევედი...

- კროულის?

- დობროვსკის... ასე ვეძახი. პირში არა, რა თქმა უნდა!

ლევანს გაეცინა.

- კარგად დაგირქმევია! მერე?

- ეს ნახატი ადრეც მქონდა შემჩნეული. ამჯერად სხვა თვალით შევხედე... ამიტომაც ვკითხე სახელი...

- დაახლოებით რამხელაა ნახატი?

- რეპროდუქციაა, მაგრამ მაღალი ხარისხის! სიგრძე ერთი მეტრი იქნება! სიგანე ცოტა ნაკლები... გვერდითა ნაწილები დარაბებივით იხურება.

- დარწმუნებული ხარ?

- კი, მაჩვენა! მაგრამ კედელს არაფერი ეტყობოდა საეჭვო... თუ შიგნით სეიფია, მაშინ ცენტრალური ნაწილის უკან იქნება!

- შესაძლებელია!

- ზუსტად რა მოისმინა ლაშამ, ვერ მეტყვი?

- გიორგაძე ტელეფონით ელაპარაკებოდა დობროვსკის. რაღაც კომპრომატი მოიკითხა და მერე ერთი ფრაზა თქვა: "სიამოვნების ბაღში" არავინ დაიწყებს ძებნას და მანდ იყოსო...

- თუ ასეა, გამოდის, რომ სეიფია იქ...

- ახლა იმაზე ვმუშაობთ, მის კაბინეტში როგორ მოვხვდეთ ისე, რომ თვითონ იქ არ იყოს...

- ეგ გაგიჭირდებათ! როცა კაბინეტში არ არის, ორივე კარი დაკეტილი აქვს და სიგნალიზაციაა ჩართული...

- ვიცი, მაგრამ არის რაღაც ხერხები, რისი გამოყენებაც შეგვიძლია! შენ არავითარ შემთხვევაში არ მიიღო გადაწყვეტილება დამოუკიდებლად. შეიძლება ყველაფერი წყალში ჩაიყაროს...

- ნუ გეშინია, ასეთი დებილიც არ ვარ...

- ეგ არც მიგულისხმია!

- ვიცი...

- და კიდევ ერთი, დარეკვას ჯობია, მესიჯი მომწერო ხოლმე.

- კარგი...

- ახლა რაც შეეხება შაბათს!

კალანდაძე ფეხზე წამოდგა და ქეისი გახსნა. იქიდან პატარა კოლოფი ამოიღო.

- ეს შაბათს უნდა გაიკეთო!

კოლოფი გავხსენი. წყვილი საყურე იდო.

- ამაშია მიკროფონი?

- კი, მარჯვენაში!

- მეტალოდეტექტორში გამატარებენ...

- ნუ გეშინია! არ დაიწრუპუნებს... ასეთი რისკის ქვეშ არ დაგაყენებდი. საყურე სპეციალური გარსითაა დაფარული. ვერავინ ვერაფერს მიხვდება. ჩვეულებრივად გაიკეთებ და შესვლის წინ ამ გიშრის თვალს დააჭერ თითს. დანარჩენს თვითონ იზამს... ოღონდ მიკროფონი მხოლოდ მარჯვენაშია. კოლოფიდან არ ამოიღო გაკეთებამდე, რომ არ აგერიოს... აჯობებს, თუ მარჯვენა ყურზე გაიკეთებ.

- გასაგებია! არ შემეშლება...

- თუ ყველა ფლიგელი დაგათვალიერებინა, რაც ძალიან მეეჭვება, ეცადე, დეტალებზე გაამახვილო ყურადღება და ადამიანებსაც დააკვირდი... სახეებს... მერე ფოტოებს გაჩვენებ და იქნებ ვინმე ამოიცნო. თუ რამე ისე არ წავიდა, თქვი "აქ ძალიან უჰაერობაა".

- ეს რაღაც სიტყვა-კოდის მსგავსია?

- ჰო. ოღონდ გამოუვალი მდგომარეობის დროს იტყვი ამას! თუ შენს სიცოცხლეს რამე საფრთხე შეექმნება! ცუდი არაფერი მოხდება, დარწმუნებული ვარ, მაგრამ ჯობია დაზღვეულები ვიყოთ!

- გავიგე... თუ მარტო ეს არის, რაც უნდა გეთქვა, მაშინ სახლში წავალ!

- ჯერ სენდვიჩი მიირთვი!

მე და ლევანმა სენდვიჩები შევჭამეთ და ცოტა კიდე ვისაუბრეთ. სახლიდან პირველი მე გამოვედი. მეორე დღეს, დილის თერთმეტ საათზე, სამსახურში "ყაზტრანსგაზის" ორი თანამშრომელი მოვიდა. თქვეს, რომ რაღაც დაზიანება მოხდა და ყველა ოთახში დაიწყეს ცენტრალური გათბობის მილების შემოწმება. თანამშრომლები ცოტა ხნით დერეფანში გამოგვიყვანეს. კროულის არ უნდოდა კაბინეტის დატოვება, მაგრამ წინააღმდეგობა ვეღარ გაუწია და ისიც ჩვენთან ერთად გამოვიდა.

მე მაშინვე მივხვდი, რომ სინამდვილეში, ეს "ხელოსნები" უშიშროების სამსახურიდან იყვნენ... ინტერესი მკლავდა! სავარაუდოდ, ნახატს ამოწმებდნენ...

- რა ხდება, გაზი ჟონავს?

ჰკითხა ირაკლიმ, როცა კროულის კაბინეტიდან გამოვიდნენ.

- არა. აქ ყველაფერი რიგზეა! შეგიძლიათ განაგრძოთ მუშაობა.

- იმედია, არ გავიგუდებით!

- შეწუხებისთვის ბოდიშს გიხდით...

- თქვენს მაგიდებს დაუბრუნდით!

გვითხრა დობროვსკიმ და თვითონ თავისი კაბინეტისკენ გაეშურა. დღეს კროულიმ ნება დამრთო, ადრე წავსულიყავი სახლში. ვუთხარი, რომ კლუბში წასასვლელად ჩასაცმელი არ მქონდა... ჯერ სახლში მივედი, ვივახშმე და მერე მე, დედა და თეო ერთად წავედით სავაჭრო ცენტრში. გზაში მესიჯი მომივიდა.

- ვისი ტელეფონია?

გაუკვირდა თეოს.

- ჩემია...

ვთქვი და "ნოკია" ამოვიღე.

- მოიცა, ის გაგიფუჭდა?

- არა, ისიც მაქვს!

- და რად გინდა ორი?

- ამაში კორპორატიული ნომერია და ბიჭებს უფასოდ ველაპარაკები... მოგვცეს და წამოვიღე.

დედა საჭესთან იჯდა. არაფერი უთქვამს... მე მესიჯი წავიკითხე.

- "ბაღში ის არ აღმოჩნდა, რასაც ველოდით".

როგორც ჩანს, მართალი ვყოფილვარ. ის ორი ბიჭი ნამდვილად უშიშროებიდან იყო... საინტერესოა, რა არ აღმოჩნდა? ალბათ, სეიფი...

- "სულ ვერაფერი იპოვეთ?"

მივწერე ლევანს. პასუხმა არ დააყოვნა.

- "ვერაფერი".

თუ ნახატის უკან სეიფი არ არის, ესე იგი, საქმე თვითონ ნახატშია... ნეტა რა უნდა იყოს შიგ დაშიფრული?

სავაჭრო ცენტრში საკმაოდ ბევრი ვიბოდიალეთ. თეომაც იყიდა რაღაცები. მე არჩევანი მთლიანად დედას მივანდე. მის გემოვნებას თვალდახუჭული ვენდობი. ძალიან ლამაზი შარვალი, ორი ზედა, ქვედაბოლო და წითელი კაბა შემირჩია. ფეხსაცმელიც ვიყიდე, ერთი კლასიკური, ერთიც მაღალქუსლიანი ჩექმა. საყიდლების მერე ყავა დავლიეთ და სახლში საკმაოდ გვიან მოვედით.

შაბათი დღეც გათენდა. კარგად გამოვიძინე. შხაპი მივიღე და ყავა დავისხი. ნელ-ნელა ვსვამდი და "პორტალზე" ვფიქრობდი. დღე ოჯახთან ერთად გავატარე. საღამოს კალანდაძისგან მესიჯი მომივიდა, აინტერესებდა, ხომ არ ვნერვიულობდი. სინამდვილეში საკმაოდ ვღელავდი...

ათ საათზე გიორგაძემ დამირეკა დაფარული ნომრით. მითხრა, რომ მანქანას გამომიგზავნიდა, მაგრამ უარი ვუთხარი. ვთქვი, რომ მე თვითონ მივიდოდი ტაქსით. ასეც მოვიქეცი. ტაქსი გამოვიძახე და კლუბში წავედი.

წითელი კაბა ჩავიცვი. საყურეებიც გავიკეთე. ტაქსიდან რომ გადმოვედი, გიორგაძის მანქანა დავინახე, რომელიც შესასვლელთან ეყენა. ჩემკენ შარვალ-კოსტიუმში გამოწყობილი ახალგაზრდა მამაკაცი წამოვიდა.

- გამარჯობა!

ხმით მაშინვე ვიცანი ლაშა. სწორედ ის იყო, ვინც იმ ღამეს მელაპარაკა...

- გამარჯობა...

- მე შეგიყვან! წამოდი...

ლაშას გავყევი. დაცვას არ მოუთხოვია ბარათი, მაშინვე გაგვატარა. არც მეტალოდეტექტორში გამივლია, პირდაპირ დარბაზში შევედით...

ლაშა ხმას არ იღებდა. მხოლოდ ხელით მიჩვენებდა მიმართულებას, საით წავსულიყავი. წითელი დერეფანი გავიარეთ და კიბეზე დავეშვით. თითი მარჯვენა საყურეს მივაჭირე. მინუს ერთი სართული ორი იმდენი ჩანდა ფართობით, რაც მის ზემოთ იყო... ოღონდ აქ კიდევ უფრო ვიწრო დერეფნები იყო, რომლებიც ლაბირინთივით იხლართებოდა ერთმანეთში.

- ეს ძველად თავშესაფარი იყო?

ვკითხე ლაშას.

- ჰო. უფრო სწორად, საიდუმლო კომუნიკაციის მიწისქვეშა სადგური იყო, საბჭოთა პერიოდში...

- ასეც ვიფიქრე!

ლაშამ დიდ დარბაზში შემიყვანა. აქაც ყველაფერი წითელი იყო... იატაკი, კედლები, განათება... ზედა სართულის დარბაზისგან განსხვავებით, აქ უფრო მოზრდილი სცენა იყო. ხოლო დასაჯდომი ადგილები ერთმანეთისგან ფარდებით იყო გამოყოფილი...

- აქეთ...

ლაშამ ერთ-ერთი ფარდა ხელით გადასწია, მანიშნა, შიგნით შევსულიყავი...

- მოდი, ანიკა!

გიორგაძე ფეხზე წამოდგა და ხელი ჩამომართვა.

- "მირაჟის" ვერანდას მაგონებს ეს ფარდები...

- ჰო, ორივე ერთმა დიზაინერმა გააკეთა! შენ როგორ ხარ? არაჩვეულებრივად გამოიყურები...

- მადლობა! კარგად ვარ...

მაგიდაზე ხილის უზარმაზარი ასორტი და მარტინი იდგა.

- დალევ?

- სიამოვნებით!

გიორგაძემ ჭიქები შეავსო, თავისი ბოკალი ხელში აიღო და მომიჭახუნა.

- შენ გაგიმარჯოს!

დავლიეთ.

- ეს დარბაზი რით განსხვავდება ზედა დარბაზისგან?

- გახსოვს, გითხარი, "პორტალში" ცნობილი ადამიანები დადიან-მეთქი? მათ შორის, პოლიტიკოსები...

- მახსოვს...

- ჰოდა, ეს დარბაზი მათთვისაა! აქ ერთობიან, ხვდებიან ვიღაც-ვიღაცებს...

- ეს ფარდებიც ამიტომ აქვთ ჩამოფარებული?

- რა თქმა უნდა!

გიორგაძემ მაჯის საათზე დაიხედა.

- კარგ დროს მოხვედი! შოუ წუთი-წუთზე დაიწყება!

- შოუ?..

- "ცეკვა დემონთან!" ჰქვია! ჯერ შოუს ვუყუროთ და მერე დაგელაპარაკები საქმეზე... შოუს მერე უფრო ადვილად გაიგებ, რა მინდა! მანამდე ხილი მიირთვი...

ანანასის ნაჭერს ჩანგალი ჩავარჭე და თეფშზე გადმოვიღე. გიორგაძემ ისევ დაასხა მარტინი. ჩვენი ფარდა შუაში გახსნილი იყო და სცენა მოჩანდა. უცებ სცენის წინ ერთმა გოგომ გაიარა. ოქროსფერი, ბრჭყვიალა კაბა ეცვა. თუმცა კაბასაც ვერ დაარქმევდით... ძლივს უფარავდა გენიტალიებს...

გოგო ვიღაცას ეძებდა. სულ რამდენიმე წამით შეჩერდა სცენის ქვემოთ, მაგრამ ესეც საკმარისი იყო, რომ მაშინვე მეცნო... ეს გოგო ლიზი ბერიძე იყო, რომლის შესახებაც გვანცამ მომიყვა... "ფეისბუქზე" მისი ყველა ფოტო დავათვალიერე და ამაში ეჭვიც არ მეპარებოდა...

- ანიკა, მოემზადე! შოუ იწყება!

მითხრა გიორგაძემ და გამიღიმა.

გაგრძელება იქნება

ავტორი თეა ინასარიძე

იხილეთ ასევე: ლაბირინთი - სიამოვნების ბაღი (ეპიზოდი 12)