ლაბირინთი - სიამოვნების ბაღი თავი 12 - Marao

ლაბირინთი - სიამოვნების ბაღი თავი 12

2023-01-23 09:24:35+04:00

ჩემს სიტყვებზე გვანცას სახის გამომეტყველება შეეცვალა.

- ვერ ვხვდები, რას მეუბნები...

ეცადა, დამაჯერებლად გამოსვლოდა, მაგრამ არ გამოუვიდა.

- შავი კაბა გეცვა! ვიღაც გოგოსთან ერთად იყავი...

გვანცამ სააბაზანოს კარი გადაკეტა.

- შენ როგორღა მოხვდი "პორტალში"?

- ერთჯერადი ბარათით... მაგას მნიშვნელობა აქვს?

- კარგი, დავუშვათ, მეც იქ ვიყავი... მერე?

- არაფერი. უბრალოდ, გითხარი...

- შენ იცი, რომ "პორტალზე" უბრალოდ არ საუბრობენ?..

- ვიცი. ხშირად დადიხარ ხოლმე?

- პირველად ვიყავი...

- ტუალეტში გნახე. მეგობარს უყვებოდი რაღაც ამბავს... გოგოზე, რომელსაც რაღაც კონვერტი გადასცეს...

გვანცას სახეზე გაკვირვება გამოეხატა.

- მაგარი მეხსიერება გქონია!

- ჰო, არ ვუჩივი...

- ჩემგან რა გინდა?

- როდესაც იმ გოგოს ამბავს ჰყვებოდი, ლევან გიორგაძეს გულისხმობდი?..

გვანცა გაჩუმდა. სარკისკენ შებრუნდა და თმის სწორება დაიწყო.

- გიორგაძემ იცის, "პორტალში" რომ იყავი?

ამ კითხვაზე ცოტა აღელდა.

- გიორგაძეს იცნობ?

- კი...

- მართლა?

- მართლა! ჩვენ საქმიანი ურთიერთობა გვაკავშირებს...

- გასაგებია... გიორგაძე იმ სასტუმროს მეპატრონეა, სადაც ვმუშაობ...

- ვიცი.

გავუღიმე გვანცას.

- მე ბარათი გიორგაძემ მაჩუქა! ასე რომ, იქ ლეგალურად მოვხვდი...

- იმ გოგოს ამბავი შეგიძლია მომიყვე?

- ბევრი არაფერი ვიცი...

- ნუ გეშინია, ყველაფერი ჩვენ შორის დარჩება!

გვანცა ისევ გაჩუმდა.

- ვიცი, რომ ლევან გიორგაძე ფიგურირებს იმ ამბავში. მე, უბრალოდ, იმ გოგოს ბედი მაინტერესებს, რამე ცუდი ხომ არ შეემთხვა.

- რატომ ფიქრობ, რომ რამე ცუდი მოუვიდოდა იმ გოგოს?

დაეჭვებული და ოდნავ შეშინებული მზერით მკითხა გვანცამ. მივხვდი, რომ რაღაც იცოდა...

- იმიტომ, რომ მეც ვიცნობდი ადრე ერთ გოგოს, რომელსაც "მოჩვენებასთან" ჰქონდა კავშირი... ის გოგო მერე ქვეყნიდან გაემგზავრა და მისი ოჯახის წევრები დღემდე ეძებენ...

მეც არ ვიცი, საიდან მოვიფიქრე ეს ისტორია, მაგრამ გვანცაზე აშკარად იმოქმედა.

- მოკლედ, ის გოგო "მირაჟში" გავიცანი... პირველად ნომერში ვნახე, როცა საუზმე ავუტანე. ბედნიერი ჩანდა... მკითხა, ვიცნობდი თუ არა პირადად სასტუმროს მფლობელს... აინტერესებდა, მყავდა თუ არა ნანახი... მეც ვუთხარი, რომ მყავდა!

- მერე?

- მერე აღტაცებულმა მომიყვა, რამდენიმე დღის წინ, ქუჩაში ჩემთან მისი დაცვის წევრი მოვიდა და კონვერტი მომცაო... შიგ ფული იყოო... მითხრა, ამა და ამ დროს, სასტუმრო "მირაჟში" მოდი და შენი ცხოვრება შეიცვლებაო... გუშინ საღამოს მოვედიო...

- მეტი არაფერი უთქვამს?

- მარტო ის თქვა, თავი ზღაპარში მგონიაო...

- მას მერე აღარ გინახავს ის გოგო?

- კი, როგორ არა! პერიოდულად რჩებოდა იმავე ნომერში. რესტორნიდან ხან საუზმე ამქონდა, ხან ვახშამი...

- მარტო იყო ხოლმე?

- მგონი კი...

- სახელი ხომ არ გახსოვს?

- ლიზი ბერიძე. სპეციალურად ვკითხე რესტორნის მენეჯერს... მაინტერესებდა, ვინ იყო... "ფეისბუქშიც" კი ვიპოვე...

- მართლა? თავისი სახელით და გვარითაა?

- კი... "ავატარად" მეგან ფოქსის ფოტო უყენია!

- ბოლოს როდის ნახე?

- დაახლოებით ერთი თვის წინ... ერთი თვეა აღარ მომიკრავს თვალი და "ფეისბუქზეც" აღარ ჰქონია აქტივობა. ბოლოს სტატუსი დადო, რომ პარიზში მოგზაურობდა და მერე აღარც გამოჩენილა...

- შენ რას ფიქრობ ამ ყველაფერზე?

- არ ვარ დარწმუნებული, რომ გიორგაძეს ხვდებოდა იმ ნომერში... ყოველ შემთხვევაში, მე ერთად არ დამინახავს ეგენი... შეიძლება რაღაც სამსახური შესთავაზა საზღვარგარეთ და ისიც წავიდა... არ ვიცი... მეც ძალიან მაინტერესებდა, მაგრამ მეტი არაფერი უთქვამს ჩემთვის...

- სხვა დღეებში, როცა საუზმე აგქონდა, შეცვლილი არ გეჩვენა?

- პირველ დღეს ძალიან აჟიტირებული იყო... მერე თითქმის არაფერს მეუბნებოდა, მადლობის გარდა... სერიოზული იყო ხოლმე. საეჭვო არაფერი შემინიშნავს... და რა ხდება? შენ რატომ დაინტერესდი?

- ხომ გითხარი, ადრეც იყო მსგავსი შემთხვევა და გამომდინარე იქიდან, რომ მე საქმიანი კავშირი უნდა მქონდეს გიორგაძესთან, უბრალოდ, ვცდილობ, რაღაცეებში გავერკვე... ხომ იცი, "ვინც გაფრთხილებულია, ის შეიარაღებულია!"

- ჰოო... სწორია! მისმინე... ირაკლის არ უთხრა რა, "პორტალში" რომ მნახე...

- რა თქმა უნდა, ირაკლი ვერაფერს გაიგებს...

- იმ დღეს შეხვედრაზე უარი ვუთხარი... გავცივდი და ვწევარ-მეთქი... სინამდვილეში კი კლუბში წავედი...

- დამშვიდდი, არაფერს ვეტყვი! მადლობა, რომ მომიყევი...

- არაფრის, რა მადლობა... თუ რამეს გაიგებ იმ გოგოს შესახებ, მეც ხომ მეტყვი?

- აუცილებლად!

- მეც თუ რამე გავიგე, გეტყვი...

- იმ ლუქსის ნომერი გახსოვს? სადაც საუზმე აგქონდა?

- კი, როგორ არა... ოცდამეთოთხმეტე ნომერი იყო, მეოთხე სართულზე...

- კარგი, გავიდეთ ახლა, თორე გაუკვირდებათ, სად დავიკარგეთ ამდენ ხანს...

- მოიცა, რამეს მოგცემ, რომ ჩაიცვა. სანამ ეგ გაშრება...

გვანცა სააბაზანოდან გავიდა. მე პერანგი გამოვრეცხე და გვანცას მოწოდებული ზედა გადავიცვი. იქ დიდხანს არ დავრჩენილვართ. დაახლოებით ერთ საათში მე და ირაკლი წამოვედით.

- ჰა, აბა რას იტყვი?

- არ არის ცუდი გოგო და ვფიქრობ, რომ მოსწონხარ! შენ ნუ დააჩქარებ მოვლენებს... დააცადე, გაერკვეს თვითონ, რა უნდა.

- არაფერს არ ვაჩქარებ მე, კაცო. უბრალოდ, ხან კოცნა მოგინდება კაცს, ხან ხელის გადახვევა! ცოტა სიახლოვე თუ არ გექნა ადამიანთან, ისე როგორ შეგიყვარდება?

- ხო იცი, ირაკლი, ქალებს "ყურით" რომ უყვარდებათ?

- აუ, რაც მე მაგას "ვებაზრები", გოგო. მეტი რა ვქნა? "იმენნა" დეილ კარნეგი "გავეძრე"...

გზაში ბევრი ვიცინეთ. სახლში მოვედი თუ არა, მაშინვე "ფეისბუქი" ჩავრთე და ლიზი ბერიძე მოვძებნე. ადვილად ვიპოვე. პროფილის ფოტოდ მეგან ფოქსის სურათი ეყენა. ყველაფერი საგულდაგულოდ დავათვალიერე. მისი ფოტოები, მეგობრები, ქრონიკა... ბოლო სტატუსი 24 ოქტომბერს ჰქონდა დადებული. როგორც გვანცამ მითხრა, ზუსტად ისე... მანამდე რაღაც ფოტოები ჰქონდა გაზიარებული, ზედ ცნობილი გამონათქვამები რომ აწერია ხოლმე.

მაგალითად, ერთ-ერთს ეწერა - "ნამდვილად მაშინ ხარ ბედნიერი, როდესაც გრძნობ, რომ შეგიძლია მისწვდე ვარსკვლავებს ისე, რომ ფეხის წვერებზეც კი არ დადგე"...

სურათები ყურადღებით დავათვალიერე. საკმაოდ ლამაზი გოგოა. ყველაზე ბევრი ფოტო ერთ გოგოსთან ერთად ჰქონდა გადაღებული. მივხვდი, რომ დაქალები იყვნენ. "თაგით" ადვილად ვიპოვე მისი დაქალი და მივწერე.

- გამარჯობა. ლიზი ბერიძესთან მინდა დაკავშირება და ხომ ვერ დამეხმარებით?

საბედნიეროდ, ლიზის დაქალი შემოსული იყო საიტზე და მომენტალურად მიპასუხა.

- ლიზი "პარიზში" გაემგზავრა, იქ მუშაობს და "ფეისბუქისთვის" ვეღარ იცლის... მე მითხარით, რაც გინდათ და გადავცემ.

- მე ფოტოგრაფი ვარ! ლიზის ფოტო შემთხვევით ვნახე, მომეწონა და მისი გადაღება მომინდა...

- აა, გასაგებია. სამწუხაროდ, ეგ ვერ მოხერხდება.

მომწერა და მოწყენილი "სმაილიც" მოაყოლა.

- სამწუხაროა! მადლობა... ისე, მალე აპირებს ჩამოსვლას, თუ იცით?

- დაახლოებით ერთი თვის წინ წავიდა. ეგ ეგრე მალე არ ჩამოვა! ალბათ ხუთი წელი დარჩება, რომ საბუთი მიიღოს... სულ ოცნებობდა "პარიზში" წასვლაზე... ახლა ისეთი ბედნიერია, გამორიცხულია მალე დაბრუნდეს...

- ძალიან კარგია, თუ ბედნიერია. წარმატებებს ვუსურვებ მასაც და თქვენც...

- მადლობა.

სულ ეს იყო ჩვენი მიმოწერა. როგორც ჩანს, თავის დაქალს პერიოდულად მაინც ეხმიანება. იქნებ ვინმე აიძულებს, რომ უთხრას, ბედნიერი ვარო?

საათს შევხედე. ღამის თორმეტის ნახევარი იყო. ვიცოდი, რომ ხვალ საღამომდე ვერ მოვისვენებდი. ამიტომ დედას ვუთხარი, რომ ჩემს ბიჭებს ბარში უნდა შევხვედროდი. ქურთუკი ჩავიცვი და შსს-ს კორპორატიულ ბინაში წავედი. მინდოდა ყველაფერი მეკობრესთვის მომეყოლა...

კარი ჩვეულებრივ, გასაღებით გავაღე და ბინაში შევედი. ყველაფერი ისევ ისე დამხვდა, როგორც დავტოვე. "ლეპტოპი" ქსელში შევაერთე და ჩავრთე. "სკაიპიც" ჩაიტვირთა. პირველ რიგში, "ანიტა" "აფროდიტედ" გადავაკეთე და "კუპიდონს" მივწერე.

- "აფროდიტე" იძახებს "კუპიდონს".

ღიმილის "სმაილიკიც" მივაყოლე. დაახლოებით ათი წუთი დამჭირდა ლოდინი, ვიდრე "კუპიდონი" მიპასუხებდა.

- ასე მალე არ გელოდი...

- არც მე ვაპირებდი, მაგრამ რაღაცეები მოხდა...

- დაგირეკა?

- არა, ჯერ არა! სხვა რაღაცეები...

- საინტერესოა! შეგიძლია ათი წუთი კიდევ დამელოდო? საჭესთან ვარ... დავაყენებ მანქანას და მაშინვე მოგწერ.

- დაგელოდები...

- სამზარეულოში ყავა და ჩაია. შეგიძლია მიირთვა მანამდე...

- ძალიან კარგი.

სამზარეულოში გავედი, ელექტროჩაიდანი ჩავრთე, წყალი ავადუღე და ჩაი დავისხი. "კუპიდონმაც" მალე მომწერა...

- აქ ხარ?

- კი...

- ახლა კურიერი მოვა და რაღაცას მოიტანს... შეგიძლია კარი გაუღო?

- გავუღებ... რას მოიტანს?

- ნახავ...

კარზე მართლა გაისმა ზარი. კორიდორში გავედი და ჭუჭრუტანაში გავიხედე. ბიჭის კეფა დავინახე და კარი გავაღე. კურიერი ზურგით იდგა და უცებ შემობრუნდა.

- შეენ? რატომღაც არ გამიკვირდა...

სადარბაზოში მეკობრე იდგა და მიღიმოდა.

- შეიძლება შემოვიდე?

- "არა" რომ გითხრა და კარი დავკეტო, რას იზამ?

- მაშინ გასაღებით გავაღებ და შემოვალ...

- ჰოდა, აბა, ეს კითხვა რაღა საჭირო იყო....

გამეცინა და კარი ფართოდ გამოვაღე. შემოვიდა, ხელი ჩამომართვა, პალტო გაიხადა და საკიდზე ჩამოკიდა.

- ის "ბაიკი" შენია, ქვემოთ?

- კი...

- ლამაზია.

- ჩაის დალევ?

- სიამოვნებით.

რატომღაც არ ვგრძნობდი თავს უცხოდ. ორივე სამზარეულოში შევედით. ჩაი დავასხი. ის იქვე იჯდა და მაკვირდებოდა.

- გადაწყვეტილება უკვე მიიღე?

- კი...

- მეტყვი?

- კი!

- გისმენ...

- უკვე გითხარი ამწამს, - კი!

ლევანს გაეღიმა.

- ძალიან გამიხარდა!

- გადაწყვეტილების სათქმელად არ მოვსულვარ აქ, ასე გვიან... სხვა მიზეზი მქონდა.

- გისმენ ყურადღებით!

- როდესაც "პორტალში" ვიყავი, შემთხვევით, საპირფარეშოში ორი გოგოს ლაპარაკს მოვკარი ყური. ერთი მეორეს უყვებოდა, როგორ გააჩერა ვიღაცა გოგო ქუჩაში კერძო დაცვის თანამშრომელმა და კონვერტი გადასცა, სადაც ფული იდო. ეს გოგო დაცვამ "მირაჟის" სასტუმროში დაიბარა.... ჰოდა, დღეს საღამოს, შემთხვევით ვნახე ის გოგო, რომელიც ამ ამბავს ჰყვებოდა...

- რას ლაპარაკობ! სად ნახე?

- მის სახლში...

- მის სახლში?

- ჰო, საერთო მეგობარი აღმოგვაჩნდა... მოკლედ, ცალკე გავიყვანე და ვუთხარი, რომ "პორტალში" ვნახე და იმ ამბავზეც ვკითხე...

- რა გითხრა?

- მითხრა, რომ ის გოგო ერთსა და იმავე ნომერში მოდიოდა და რჩებოდა. დილით ამ გოგოს საუზმე აქონდა მასთან, იმიტომ, რომ რესტორანში მუშაობს მიმტანად... მისი სახელი და გვარიც გავიგე...

- მიმტანის?

- არა, იმ გოგოსი... ლიზა ბერიძე ჰქვია! "ფეისბუქშიც" ვიპოვე.

- შეგიძლია მაჩვენო?

ლევანმა "ლეპტოპი" სასტუმრო ოთახში, ჟურნალის მაგიდაზე დადო, ორივე დივანზე დავსხედით და ლიზი ბერიძის პროფილი დავათვალიერეთ.

- იმედია, ვარსკვლავებს მისწვდა და არა პირიქით...

თქვა ლევანმა და ყველაფერი დაწვრილებით მომაყოლა. კროულის კაბინეტში მოსულ კაცზეც ვუთხარი... ყურადღებით მისმენდა.

- ევა, განცვიფრებული ვარ შენით! ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან მაგარი კადრი შევიძინეთ...

- იმ გოგოს იპოვით? ლიზის?

- იმედია!

- მე რა უნდა გავაკეთო?

- შენ ახლა კარგად გამოიძინე, ხვალ სამსახურში წადი და უბრალოდ, ყურადღებით იყავი... თუ გიორგაძე დაგირეკავს, შეხვედრაზე შეუთანხმდი და გამაგებინე.

უცებ პიჯაკის ჯიბეში ხელი ჩაიყო და მობილური ტელეფონი ამოიღო. ძველებური "ნოკია" იყო...

- ეს შენ უნდა გქონდეს და თუ რამეა, აქედან დამირეკავ... კონტაქტებში მარტო ჩემი ნომერი წერია. შეგიძლია მშვიდად დამირეკო ხოლმე, არავინ მოგვისმენს... ჰო, კიდევ უნდა გკითხო რაღაც...

- რა?

- "სიამოვნების ბაღი" რამეს გეუბნება? რამე კონკრეტული თუ გახსენდება, ან თუ სადმე მოგიკრავს თვალი, რომ ეწეროს ეს სიტყვები...

- არა... წარმოდგენაც კი არ მაქვს! რატომ მეკითხები? რამეს უნდა ნიშნავდეს?

- ვფიქრობთ, რომ რაღაც მინიშნებაა, ფარული მესიჯია და რაღაც ადგილს უნდა უკავშირდებოდეს... "თბილისის" ყველა ბაღი შევამოწმეთ, მაგრამ საეჭვო ვერაფერი ვიპოვეთ... შენ თუ მოჰკრავ ყურს რამეს "ლაბირინთში", შემატყობინე.

- ისეთი სახელია, საროსკიპოს რომ უნდა ერქვას! კარგი, ახლა წავალ, თორე ძალიან გვიანია...

- კარგი, ევა! ჯერ შენ წადი, მერე მე წავალ... ერთად არავინ არ უნდა დაგვინახოს!

ქუჩაში პირველად მე გამოვედი. მოტოს რომ მივაქროლებდი, თავს სხვანაირად ვგრძნობდი... ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ცხოვრებას ახლიდან ვიწყებდი...

დილით მობილურის ზარმა გამაღვიძა. ეკრანს დავხედე. ვიღაც ისევ დაფარული ნომრით რეკავდა...

- გისმენთ...

- დილა მშვიდობისა, ანა! ხომ არ გაგაღვიძე?

- არა, რომელი ხართ?

- ლევან გიორგაძე...

საწოლში წამოვჯექი.

- გამარჯობა, ლევან...

- ჩვენი შეხვედრის თაობაზე გირეკავ, შაბათს, თორმეტის ნახევარზე რომ მოგაკითხოს მანქანამ, შეძლებ "პორტალში" წამოსვლას?

- რა თქმა უნდა...

- მაშინ შაბათამდე გემშვიდობები და წარმატებულ დღეს გისურვებ!

- მეც ასევე...

- შეხვედრამდე.

- შეხვედრამდე...

ლოგინიდან წამოვხტი და სახეზე ცივი წყალი შევისხი. მერე მეკობრის მოცემული "ნოკია" ჩავრთე და დავურეკე. ვუთხარი, რომ შაბათს, თერთმეტის მერე გიორგაძესთან მქონდა რანდევუ...

ჩავიცვი, ვისაუზმე და სამსახურში წავედი. პირველ რიგში, მტრისასთან შევედი. მშვენიერი მიზეზი მქონდა, რომ კროულის კაბინეტში შევსულიყავი...

- დობროვსკის ნახვა მინდა!

- რასთან დაკავშირებით?

- იცის თვითონ...

ნატამ უკმაყოფილო სახით აიღო ყურმილი და კროულის მოახსენა, რომ მისაღებში ველოდებოდი.

- შედი!

ჯერ ერთი კარი გავაღე, მერე მეორე. თუ ამ ორ კარს შორის დადგები და ორივეს დახურავ, თავი კუბოში გეგონება... საშინელი შეგრძნებაა...

- შემოდი, ანიკა!

შევედი და მისი მაგიდის წინ დავდექი. უნდა მეთქვა, რომ გიორგაძე შეხვედრაზე შემითანხმდა, მაგრამ ამ დროს ტელეფონმა დაურეკა. ერთი წუთითო, ხელით მანიშნა და უპასუხა. მე მაგიდას მოვშორდი და სავარძლებისკენ წავედი. თვალში ისევ "ბოსხის" რეპროდუქცია მომხვდა. ამჯერად კარგად დავაკვირდი მასზე გამოსახულ ბაკქანალიას...

- ბოდიში, ანიკა. აუცილებლად უნდა მეპასუხა! აბა, რაზე შეწუხდი?

- ბატონო აბრამ, ამ ნახატს რა ჰქვია?

- ეს არის ბოსხის "მიწიერი სიამოვნების ბაღი", ანიკა...

გაგრძელება იქნება

ავტორი თეა ინასარიძე

იხილეთ  ასევე: ლაბირინთი - დეჟა ვუ (ეპიზოდი - 11)