საქართველოს უსინათლოთა კავშირის კულტურის ცენტრმა 27 თებერვალს ახალგაზრდა ქართველ მწერალს, თეა ინასარიძეს უმასპინძლა.
შეხვედრა უსინათლოთა კულტურის ცენტრის დარბაზში გაიმართა.
კულტურის ცენტრი პერიოდულად იწვევს ქართველ მწერლებსა და ხელოვან ადამიანებს.
თეამ ისაუბრა თავისი შემოქმედების შესახებ, თუ რა გზა განვლო რომანმა ბლოგიდან წიგნად გამოცემამდე.
აღსანიშნავია, რომ ხმის ჩამწერი სტუდია «ცოდნა» ახმოვანებს სხვადასხვა სახის ლიტერატურას, სასკოლო სახელმძღვანელოებს და ჟურნალ “სინათლეს”. გახმოვანებულ იქნა ასევე თეა ინასარიძის პირველი რომანი - „გათხოვილის დღიური“. შეხვედრაზე შეკრებილი სტუმრებისთვის რომანი უკვე კარგად ნაცნობი იყო. მათ საშუალება მიეცათ, მწერლისთვის პირადად დაესვათ შეკითხვები და მიეღოთ მასზე გულწრფელი პასუხები.
მწერალმა წაიკითხა ამონარიდები თავისი მეორე რომანიდან - „მეცხრე ფლიგელი“ და წიგნთან დაკავშირებული რამდენიმე საიდუმლოც გაუმხილა შეკრებილ საზოგადოებას.
საქართველოს უსინათლოთა კავშირის კულტურის ცენტრი შეიქმნა 2011 წელს კულტურის სახლის ბაზაზე, რომელსაც მრავალწლიანი ისტორია აქვს. იგი მეოცე საუკუნის 30-იან წლებში დაარსდა, როგორც უსინათლოთა განათლების სახლი, ანუ უსინათლოთა კლუბი მაშინდელი უსინათლოთა სკოლის შენობაში (ამჟამად 202-ე უსინათლოთა საჯარო სკოლა-პანსიონი).
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2013 წლის მარტიდან კულტურის ცენტრი ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან.