სიახლე

ცრუ სისხლი. თავი V - განმარტოებული

ცრუ სისხლი. თავი V - განმარტოებული
წინა ეპიზოდი

ენით აღუწერელი სიხარულით შეხვდნენ გადაწმენდილ ცას ჰალშტატის დამსვენებლები. მუდმივი მკვიდრნიც მადლობელნი იყვნენ ღმერთისა მათი თხოვნის შესმენისათვის. ცხელი სეზონის ფუჭად გალევა არავის წისქვილზე ასხამდა წყალს. ხალხმრავლობა, ხმაური და მრავალი ცნობისმოყვარეობით აბრჭყვიალებული სახე შეინიშნებოდა სანაპიროზე.

თავისი საყვარელი პატარა ჭოგრიტით ადევნებდა თვალს ამ მოვლენებს ჰანს აჟბე. ამოირჩევდა ერთ, არაფრით გამორჩეულ ტურისტს და მის ჟესტებსა და ემოციათა ცვალებადობას მიზეზს უძებნიდა. აბიბინებულ ბალახზე გაშლილ ნამით დანოტივებულ ზოლიან პლედზე მოკალათებულიყო მამაკაცი
და ხანგამოშვებით ვანილის ორცხობილებს იტენიდა პირში. თასმებიანი ფეხსაცმელი გაეხადა და გვერდით დაეწყო იმ შემთხვევისთვის, თუ ამ მიდამოებში გასეირნებას ვინმე მოისურვებდა და ეთიკის ნორმების დარღვევისთვის უსაყვედურებდა მას. შიშველი ფეხებით ჰანსი სასაცილო სანახავი იყო, თუმცა ამას თავად ნამდვილად ვერ ამჩნევდა, გამვლელების თვალთვალით თავს ირთობდა, არც განტვირთვისათვის შესაფერისი ადგილი აძლევდა მოწყენის საბაბს.

აი, სად ყოფილხართ! მოესმა მოულოდნელად და ის იყო, უნდა ეფიქრა, მომელანდაო, ფრანც კანეტი აღემართა წინ.
- რა შესანიშნავი სიურპრიზია! - წამოდგომის გარეშე გაუწოდა ხელი ჩამოსართმევად და როცა ვითარების კომიკურობას ჩასწვდა, ალმური მოედო. ფეხსაცმელებს ხელი სტაცა და ტერფებზე ამოიცვა.
-  არავის მოველოდი... არ მიწყინო, მაგრამ შენ განსაკუთრებით. -  ჩაიბუტბუტა მან. აქ მოსვლა რამ გაფიქრებინა?
- საკუთარი თავისა მეც მიკვირს, ჰერ ჰანს, მაგრამ თქვენმა ქცევებმა უსიამოვნო წინათგრძნობა აღმიძრა. რომ აღარ გამოჩნდით, შევფიქრიანდი. მინდა ერთი რამ გაგიმხილოთ, დაკრუნჩხულ გვამადაც კი წარმოგიდგინეთ. - ჯიუტად არ კარგავდა ოფიციალურობას მამაკაცი.
- ამაზრზენია! - ხელი აუქნია ფრანცს ჰანსმა, თითქოს წარმოსახვით ბუზებს აფრთხობსო. - არა მგონია, საქმე აქამდე მივიდეს, თანაც, მე რა შუაში ვარ? ჰალშტატში მხოლოდ აბეზარი ერთფეროვნებისგან თავდასაღწევად ჩამოვედი.
-  რა ქენით, ჰერ ჰანს, დააღწიეთ თავი? დასცინა აჟბეს ფრანცმა.
- ალბათ.
- ვიფიქრე, იქნებ ისეთი რამ შეამჩნია, რაც სხვებმა ვერ შევნიშნეთ-მეთქი. - თქვა ცოტა არ იყოს ნირწამხდარმა თანამოსაუბრემ.
- ეგ კი მართალია! - გაიბადრა ჰანსი. - იმიტომ განვმარტოვდი, რომ თავგზააბნეული აზრები დანიშნულებისამებრ დამეწყო და დამელაგებინა. მზად ხართ მოისმინოთ ჩემი შეხედულება ამ ერთობ საინტერესო ამბავთან დაკავშირებით?
ფრანცს თანხმობა არ გამოუხატავს, მაგრამ ჰანსს ეს არად ჩაუგდია.
- ყველაზე მარტივად გამოსარკვევი ერთი სამწუხარო ფაქტია. ერვინ ვალცის სიყვარული თავისი აწ უკვე გარდაცვლილი ცოლისადმი, სულ მცირე, ერთი კვირაა აღარ არსებობს.
- იგივე მეც შევატყვე. - კვერი დაუკრა ფრანცმა. - ის განიცდიდა, მაგრამ ეს არ ყოფილა საყვარელი ადამიანის დაკარგვით გამოწვეული სევდა. მას ან სინდისი ქენჯნის, ან ეშინია.
- სიმართლე გითხრა, პიროვნების ფსიქოლოგიური საფუძვლების სრულყოფილად შესწავლა დღემდე ვერ მოვასწარი. მე სულ სხვა დეტალს ჩავეჭიდე, ძნელად შესანიშნს, მაგრამ არა უმნიშვნელოს. მან რამდენჯერმე ახსენა ფრიდა და არც ერთხელ აწმყო დროში. აშკარად შეგუებული ქმრის პოზიციაა ცოლის სიკვდილთან. რთულად მისაღწევი მდგომარეობაა შეყვარებული კაცისათვის.
- ჯანდაბა! უნდა ვაღიარო, რომ ჭკვიანი კაცი ხართ, ჰერ ჰანს! - ჩაიბურდღუნა განაწყენებულმა ფრანცმა. - თუმცა ბევრი რამ გაკლიათ იმისთვის, რომ თქვენი მოსაზრება ყურადსაღები გახდეს.
- მაინც რა? - კალთიდან ორცხობილის ნამცეცები ჩამოიბერტყა ჰანსმა და წამოიმართა.
- უპირველეს ყოვლისა, სიდინჯე, რომელიც თქვენს ჩამოყალიბებულობასა და თავდაჯერებაზე იმეტყველებს. თქვენ იმავეს ბავშვური საქციელებითა და უადგილო ირონიით ცდილობთ, მაგრამ არასწორი მიდგომაა, ჰერ ჰანს, მერწმუნეთ...
- ფრანც, სიმართლე მითხარი, რატომ მესაუბრები ისე, თითქოს პირველად მხედავდე? - გულდაწყვეტილმა ბანზე აუგდო სიტყვა აჟბემ.
- როგორ? ასე რატომ გგონიათ, ჰერ ჰანს?
- ჰერ ჰანს! ჰერ ჰანს! ნუთუ არ შეგიძლია უბრალოდ ჰანსი დამიძახო? - განუმარტა კაცმა.
ფრანცმა ღიმილის შეკავება ვერ შეძლო. წინ მდგომს თვალი მოარიდა და მისი ყურადღებაც ხალხით დახუნძლულმა სანაპირომ მიიქცია.
- კარგი, ჰანს, ისე იყოს, როგორც შენ გსურს. - თქვა მან ისე, რომ ჰანსისთვის ზედ არ შეუხედავს.
კმაყოფილმა ჰანსმა ღიღინი დაიწყო, პლედი მასზე აკრული მცენარეებისგან გაათავისუფლა, აკეცა და ორცხობილების დაცარიელებულ კონტეინერთან ერთად კალათში მოათავსა.
- მაპატიე, ფრანც, ორცხობილები ძალიან გემრიელი იყო. ალბათ, რამდენიმე რომც დამრჩენოდა, შენთვის დათმობა გამიჭირდებოდა. - სინანულით აუხსნა ფრანცს და პერანგის შეხსნილი ღილები სათითაოდ შეიკრა. - შენ არ იცი, ქალაქში ყოფნის დროს თავისუფლება როგორ მენატრებოდა. პატარა ბინა მაქვს. შიგნით მხოლოდ ორი ოთახია: საძინებელი, რომელშიც ჩემი ნივთები სივიწროვის გამო ერთმანეთზეა ახორხლილი და სამზარეულო, სადაც გასარეცხი ჭურჭლის ცხრა მთა და გორა ძმები გრიმების პერსონაჟებს ელიან.
- რას საქმიანობ? - უსაქმურობამ ჰანსის პირად ცხოვრებაში ცხვირის ჩაყოფა გადააწყვეტინა ფრანცს.
- პროფესიით ბიოლოგი ვარ, ფრანც. მინდოდა ცხოველების ექიმი გავმხდარიყავი, მათთვის მემკურნალა, მაგრამ მამაჩემი მკაცრი კაცი იყო. - მოკლედ მოაქცია სათქმელი რამდენიმე სიტყვაში. - დღესდღეობით ბევრს არაფერს ვაკეთებ, მე ხომ მხოლოდ საკუთარი თავი უნდა გამოვკვებო.
ერთ-ერთ გათამაშებაში ჩემმა ბილეთმა იღბალი მომიტანა. ნუ შიშობ, ფრანც, მილიონერს არ ესაუბრები, მხოლოდ და მხოლოდ რამდენიმე ათასია... ვიფიქრე, რომ ურიგო არ იქნებოდა, ლაზათიანად თუ დავისვენებდი.
- მაშ, ერვინ ვალცთან საერთოს გამონახვა გამომძიებელმა სწორედ თქვენ უნდა მოგანდოთ. მას კურდღლების ფერმა აქვს, მის ცოლს კი გაგიჟებით უყვარდა თავისი სათბური.
- როგორ გითხრა, ამ იდეამ მეც ძალიან მომხიბლა. თუკი საჭირო თანხას ხელში მოვიგდებ, კურდღლებს ვიყიდი და გავამრავლებ. დადგება დღე, როდესაც უზარმაზარი ფერმის მფლობელი ვიქნები.
- კარგი აზრია. - ცივად მიუგო ფრანცმა, რადგან ნაკლებად აინტერესებდა წარუმატებელი ბიოლოგის მომავლის გეგმები. - მაინც არ გითქვამთ, ერვინ ვალცზე გაქვთ ეჭვი?
- ერვინს არ უყვარდა ფრიდა, მაგრამ სძულდა კი? ნამდვილად იყო თუ არა მკვლელობის მომენტში ორანჟერეაში? რამ გამოიწვია მისი გრძნობების გაქრობა ქალისადმი? თუ ამ კითხვებს ვერ ვუპასუხებ, ჩემს მოსაზრებებს ეჭვს ვერ დავარქმევ. - დაბეჯითებით განაცხადა კაცმა.
- გასაგებია, თქვენც შერლოკ ჰოლმსის მიმართულებას ირჩევთ... სიმართლეს მიმალავთ იმისთვის, რომ დასასრულს გამაოცოთ! - გაიბუტა ფრანცი.
ჰანსმა კანეტს მხრებზე ხელები დააყრდნო და თვალებში ჩააცქერდა.
- ჩემო მეგობარო, შეცდომას უშვებ... სიმართლე? ჩვენ ხომ არც კი გვესმის, რა შეიძლება იყოს ეს...

გაგრძელება იქნება შაბათს
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93