ოსმალეთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და საკამათო ისტორიული ფიგურა ჰიურემ სულთანი, ჩვეულებრივ, გამოყვანილია, როგორც ამბიციური და ძალაუფლების მოყვარული პერსონაჟი, რომელიც მანიპულირებდა თავად სულთან სულეიმანით.
ჰიურემ სულთანი დაიბადა რუთენიაში, დასავლეთ უკრაინაში, რომელიც იმ დროს პოლონეთის სამეფოს ექვემდებარებოდა. იგი ცნობილი იყო, როგორც "როქსელანი", რაც ნიშნავს "გოგონას რუთენიიდან". მიუხედავად იმისა, რომ მისი დაბადების სახელი იყო ალექსანდრა ლისოვსკა, მეტსახელი "როქსელანი" იმდენად მოსწონდა, რომ ავტორებსაც კი, რომლებიც მის შესახებ წერდნენ, სთხოვდა, დაეწერათ, რომ ეს მისი ნამდვილი სახელი იყო.
ლისოვსკა, რომლის მამა მართლმადიდებელი მღვდელი იყო, 12 წლის ასაკში ყირიმის კავალერიებმა დაატყვევეს და გაგზავნეს სტამბოლის თოფქაფის სასახლეში. მრავალი წლის განმავლობაში განათლების მიღებისა და წვრთნის შემდეგ მას შეარქვეს სახელი „ჰიურემი“, რაც სპარსულ ენაზე „მხიარულს“ ნიშნავს, რადგან ის ყოველთვის იყო მხიარული გოგონა, მოღიმარი სახით.
მეორე ვერსიის თანახმად, გოგონას ჰიურემი სულთან სულეიმანმა უწოდა მას შემდეგ, რაც იგი თავდავიწყებით შეუყვარდა.
იყო თუ არა ჰიურემი ლამაზი? რამდენიმე მისი შემორჩენილი პორტრეტისა და გარეგნობის სავარაუდოდ გაზვიადებული აღწერილობის გამო, ძნელი სათქმელია, იყო თუ არა ის სინამდვილეში ისეთივე ლამაზი, როგორც მწერლები აღწერდნენ. თუმცა იგი ცნობილი გახდა თავისი გონიერებით და მოღიმარი სახით. სულეიმანი აღფრთოვანებული იყო ქალის ხასიათით და მალევე შეუყვარდა იგი. ისტორიკოსები ამტკიცებენ, რომ სიყვარული, რომელიც მან ჰიურემის მიმართ განიცადა, საფუძვლად უდევს ყველა წარმატებას, რასაც სულთანმა სიცოცხლის განმავლობაში მიაღწია.
სულეიმანი ჰიურემს იმავე წელს შეხვდა, როცა ტახტზე ავიდა და მათ პირველი ვაჟი, შეჰზადე მეჰმედი, მომდევნო წელს შეეძინათ. მეჰმედის შემდეგ ჰიურემმა გააჩინა სელიმი, ბაიაზიდი, ჯიჰანგირი და შემდეგ მიჰრიმაჰი, მათი ერთადერთი ქალიშვილი, რომელიც მოგვიანებით დაქორწინდა რუსტემ ფაშაზე. მეჰმედი სულეიმანის საყვარელი შვილი იყო, მაგრამ ის ძალიან ადრეულ ასაკში გარდაიცვალა შავი ჭირის დაავადებით. შვილის ხსოვნას სულეიმანმა სტამბოლში შაჰზადეს მეჩეთი მიუძღვნა.
ისტორიკოსები ამბობენ, რომ სულეიმანმა პირადად ჰიურემისთვის შექმნა ჰასეკი სულთნის წოდება, რაც სულთნის ცოლს ნიშნავდა. არსებობს ვარაუდიც, რომ ჰიურემს არ სურდა სულეიმანზე დაქორწინება, როდესაც მან პირველად შესთავაზა ცოლობა, რადგან ის მოითხოვდა ჯერ გათავისუფლებულიყო ხარჭის სტატუსიდან, რადგან ხარჭა სულთნის საკუთრებად იყო მიჩნეული. როდესაც სულეიმანი დათანხმდა ჰიურემის მოთხოვნებს, ეს იყო ისტორიაში პირველი შემთხვევა, როდესაც სულთანი დაქორწინდა ხარჭაზე.
ასევე, ჰიურემი იყო პირველი ჰასეკი, რომელმაც არ დატოვა სასახლე და არ გაემგზავრა მანისაში შვილთან ერთად, რადგან სულეიმანს მასთან ახლოს ყოფნა სურდა.
როდესაც ჰაფსა ვალიდე, სულეიმანის დედა და ყირიმის ხანის ქალიშვილი გარდაიცვალნენ, ხოლო მაჰიდევრანმა, სულეიმანის მეორე ცოლმა, დატოვა სასახლე შვილ შეჰზადე მუსტაფასთან ერთად, ჰიურემი გახდა ერთადერთი ქალი სასახლეში, რომელიც ოფიციალურ ძალაუფლებას ფლობდა. როდესაც სულთანი ლაშქრობებზე დადიოდა, ჰიურემი აკონტროლებდა სასახლეში წესრიგს და აცნობებდა სულთანს უახლეს ამბებს სტამბოლისა და სასახლის შესახებ.
ამბობენ, რომ ჰიურემი ფლობდა მინიმუმ 5 ენას და აქტიურად იყო ჩართული დიპლომატიურ საკითხებში, რაც მანამდე არასდროს არცერთ ქალს არ გაუკეთებია.
როდესაც ჰასეკი სულთანმა უკურნებელი დაავადების შესახებ გაიგო, რომელმაც მოგვიანებით ის იმსხვერპლა კიდეც, მან თავი მიუძღვნა საქველმოქმედო საქმიანობას, ააშენა გუმბათოვანი მეჩეთი, მედრესე და საავადმყოფო. ჰასეკის საავადმყოფო დღესაც უწევს მომსახურებას ავადმყოფებს და პატივს სცემს ჰიურემის ხსოვნას.
ჰიურემი გარდაიცვალა 1558 წელს და დაკრძალეს სულეიმანის მეჩეთის ეზოში. ამბობენ, რომ სულეიმანი იმდენად სევდიანი იყო, რომ ცოლის გარდაცვალების შემდეგ ცხოვრებით ვეღარ ტკბებოდა. ჰიურემი გახდა პირველი ქალი, რომელიც სულთნის გვერდით დაკრძალეს.
თუმცა ჯერ კიდევ ჰიურემის გამოჩენამდე, სულეიმანს პირველი ქალისგან, მაჰიდევრანისგან შეეძინა ვაჟი, შეჰზადე მუსტაფა. ვინაიდან სულეიმანი 46 წლის განმავლობაში მართავდა ოსმალეთს, ხალხს სურდა ენახა შეჰზადე მუსტაფა ტახტზე სულეიმანის ნაცვლად. შეჰზადე მუსტაფას ახლო წრემ დაიწყო ფიქრი, როგორ აეყვანათ მუსტაფა ტახტზე. მას აქეზებდნენ და ხანდახან აიძულებდნენ, ისე ესაუბრა, თითქოს უკვე სულთანი იყო. ამბობენ, რომ ამის შესახებ სულეიმანს ჰიურემმა უამბო და საკუთარი შვილის სიკვდილით დასჯა შთააგონა, რათა ტახტზე მათი საერთო შვილი ასულიყო. ზოგიერთი ისტორიკოსი ასევე ადანაშაულებს ჰიურემს და მის სიძეს, რუსტემ ფაშას, რომ თითქოს მათ წაახალისეს სულეიმანი და აიძულეს მოეკლა დიდი ვეზირი ფარგალი იბრაჰიმ ფაშა.
ჰიურემი ყოველთვის ამბობდა, რომ ინციდენტებთან კავშირი არ ჰქონდა, რადგან მუსტაფამ თავისი უგუნურობით დაამტკიცა, რომ არ იყო ოსმალეთის ტახტის ღირსი. მიუხედავად იმისა, რომ მამაცი იყო, მას ორი თვისება აკლდა, რაც უფრო მნიშვნელოვანი იყო: მოთმინება და სიფრთხილე. უფრო მეტიც, ჰიურემიც და სულეიმანიც თანახმა იყვნენ საკუთარი შვილის, ბაიაზიდის სიკვდილით დასჯაზე, ვინაიდან მან სასახლეში არეულობა გამოიწვია.
ეს არის ჰიურემ სულთანის ერთ-ერთი სასიყვარულო წერილი სულთან სულეიმანისადმი:
„მას შემდეგ, რაც მე მიწაზე დავდე ფეხი და ვაკოცე მიწას, რომელზედაც შენი კურთხეული ფეხები დააბიჯებს, შენ გახდი ჩემი ერის მზე და სიმდიდრე. ჩემო სულთანო, მე ვარ შენი მსახური, რომელსაც ცეცხლი წაუკიდა მონატრების ჟინმა. ჩემი თვალები ცრემლებითაა სავსე, დღეს და ღამეს ვეღარ ვარჩევ, ლტოლვის ზღვაში ჩავვარდი და შეშლილი, სასოწარკვეთილი ვარ შენი სიყვარულით. შენი მონა, შენი საკუთრება, შენთან დაშორებით ვიწვი. ალაჰს ვევედრები, ასეთი ტანჯვა შენს მტრებსაც კი არ გამოაცდევინოს. ჩემო ძვირფასო სულთანო! უკვე თვე-ნახევარი გავიდა მას შემდეგ, რაც მე წერილი მივიღე შენგან. ალაჰმა იცის, რომ მე ვტირი ყოველ ღამე და ველოდები შენ სახლში დაბრუნებას. სანამ ვტიროდი და არ ვიცოდი, რა მექნა, ერთმა და ერთადერთმა ალაჰმა ნება მომცა, შენგან სასიხარულო ცნობა მიმეღო. როგორც კი ეს ამბავი გავიგე, ალაჰმა იცის, კიდევ ერთხელ გავცოცხლდი, რადგან მანამდე უკვე მოვკვდი შენ მოლოდინში. ჩემო ძვირფასო სულთანო! სტამბულზე რომ გიამბოთ, ქალაქი ისევ ჭირით იტანჯება; თუმცა არ ჰგავს წინას. ღმერთმა ქნას, შენი ქალაქში დაბრუნებისთანავე წავიდეს. ჩვენი წინაპრები ამბობდნენ, რომ ჭირი ქრება, როგორც კი შემოდგომაზე ხეები ფოთლებს იცვენენ. ჩემო ძვირფასო სულთანო! მე ვევედრები ალაჰს, გამომიგზავნოს თქვენი ნაკურთხი წერილები. დამიჯერე, როცა ამას ვამბობ: თუ ორ კვირაზე მეტი ვერ გავიგე შენგან სიტყვა, სამყარო დაინგრევა.“
ვინ იყო მაჰიდევრან გულბაჰარ სულთანი, რომელსაც თურქეთის ისტორიაში ყველაზე ლამაზ ქალად მიიჩნევდნენ
რატომ ეძინათ ჰარემში ქალებს ტანსაცმლით და რა საიდუმლოა ამაში ჩადებული
სიყვარულის 7 საიდუმლო ჰიურემისგან, რომლითაც ნებისმიერ სულთანს მოხიბლავთ