ტრადიციებისა და გარიგებით შემდგარი ქორწინების შესახებ არაერთ ადამიანს უსაუბრია და მათ შორის არიან ბავშვები, რომლებიც სწორედ ამ ტრადიციების მსხვერპლნი გახდნენ; თუმცა ადამიანები, რომლებმაც უსიყვარულოდ შემდგარ ოჯახსა და ხშირ შემთხვევაში ოჯახურ ძალადობას გაექცნენ, არცთუ ისე ბევრნი არიან.
ანონიმურმა პიროვნებამ სოციალურ ქსელში იკითხა:
„მყავს 30 წლის ქალიშვილი და ის მტკიცედ ამბობს, რომ მხოლოდ სასიყვარულო ქორწინებაზე არის თანახმა. 24 წლის იყო, როდესაც თქვა, რომ ეწინააღმდეგება გარიგებით ქორწინების იდეას და ექვსი წელი მივეცით, რომ თავისთვის სასურველი მამაკაცი ეპოვა. მაგრამ, სამწუხაროდ, არცერთმა მისმა ურთიერთობამ არ გაამართლა. ახლა ჩვენ დავბერდით და გვინდა, რომ ის გათხოვდეს, მაგრამ არც კი უყურებს იმ ბიჭის ფოტოს, რომელიც ჩვენ მისთვის შევარჩიეთ. ასეთი სახის ქორწინება ყოველთვის არ არის ცუდი და არ ასოცირდება ძალადობასთან, როგორ უნდა ავუხსნა საკუთარ ქალიშვილს ეს?“
შეკითხვას საკმაოდ ბევრი გამოხმაურება მოჰყვა, მათგან კი ყველაზე გამორჩეული რაჩანა ავატრამანის პასუხია, რომელმაც ყველა ის საკითხი მაქსიმალურად საფუძვლიანად განიხილა, რომლებიც გარიგებით შექმნილ ოჯახებს უკავშირდება:
„ქორწინება, რომელიც არის ორი ადამიანის ერთიანობა, შეიძლება შედგეს მხოლოდ მაშინ, როდესაც ამ ადამიანებს შორის სიყვარული არსებობს. ორივე სიტუაციას აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები. ქორწინება გადაწყვეტილებაა, რომელსაც ძალიან ბევრი ფიქრი და ანალიზი სჭირდება. მშობლები და ოჯახის წევრები უნდა დაეხმარნონ პატარძალს ამ გადაწყვეტილების მიღებასა და ასრულებაში, თუმცა ეს მხოლოდ შვილის გადაწყვეტილებაა და სამწუხაროა, რომ ზოგიერთ კულტურაში მათ აზრს საერთოდ არ ეკითხებიან.
მე მესმის, რომ თქვენ გაწუხებთ თქვენი ქალიშვილის მდგომარეობა და მიეცით მას დროც. მესმის, რომ მას არაერთი ურთიერთობა დაენგრა, ამ აზრს პატივს ვცემ და გეთანხმებით, რომ გარიგებით ქორწინება ძალადობრივ გარემოში ცხოვრებას არ ნიშნავს, მაგრამ ჩვენ გვერდს ვერ ავუვლით იმ ფაქტს, რომ თქვენი ქალიშვილი ზრდასრული და დამოუკიდებელი ადამიანია, განსხვავებული აზროვნებით, რომელსაც უფლება აქვს, საქმრო თავადვე აარჩიოს.
რეალობა ის არის, რომ ეს შეიძლება იყოს თქვენი სურვილი, მაგრამ, ამავდროულად, თქვენი ქალიშვილის ცხოვრებისეული გადაწყვეტილებაა და მას უნდა მიეცეს დრო და სივრცე გადაწყვეტილების მისაღებად. მათ აქვთ დამოუკიდებელი ცხოვრება და ამას პატივი უნდა ვცეთ. ჩვენ არ შეგვიძლია ვინმე ვაიძულოთ, ჩვენი სურვილის მიხედვით მიიღოს გადაწყვეტილება.“ - დაწერა რაჩანამ.