იოდისა და ვაზელინის სასარგებლო და გამოსაყენებელი რეცეპტების შემდეგ გვინდა წყალბადის ზეჟანგზეც გაგამახვილებინოთ ყურადღება.
მისი გამოყენება სხვადასხვა ცხოვრებისეულ სფეროში - საყოფაცხოვრებო, სამედიცინო, კოსმეტოლოგიაში შეგიძლიათ. მთავარია, დაიცვათ ზომიერება, გამოიყენოთ მხოლოდ 3-პროცენტიანი ხსნარი და არ გქონდეთ მასზე ალერგია.
სამზარეულოში
გამოყენების შემდეგ წყალბადის ზეჟანგი გადაავლეთ საჭრელ დაფებს, განსაკუთრებით, თევზისა და ხორცის დამუშავების შემდეგ. შეურიეთ საჭმელ სოდას (ფაფისებური მასა უნდა მიიღოთ) და გახეხეთ ქვაბები და ტაფები. წყალში გახსნილი (ერთი-ერთზე) გადაუსვით სამზარეულოს ჭურჭელს, გაზის ზედაპირს, მოავლეთ ნიჟარას. ამავე ხსნარით შეგიძლიათ მაცივრის თაროების გაწმენდა.
ჰიგიენისთვის
კბილის ჯაგრისს ბაქტერიებს მოაშორებთ, თუ მას რამდენიმე წუთით წყალბადის ზეჟანგში მოათავსებთ.
პირის ღრუში ბაქტერიების გასანადგურებლად, კბილების გამოხეხვის შემდეგ გამოივლეთ წყალში გახსნილი (ერთი-ერთზე) წყალბადის ზეჟანგი.
კბილის პასტის მაგივრობას გაგიწევთ სოდაში შერეული (ფაფისებური მასა უნდა მიიღოთ) წყალბადის ზეჟანგი.
თეთრი სუფრებისა და ხელსახოცების, აგრეთვე, სამედიცინო ხალათების გასათეთრებლად მოათავსეთ ისინი წყალგარეულ წყალბადის ზეჟანგში (1 ლიტრ წყალზე 25-30 მლ) და ერთი საათის შემდეგ გაავლეთ.
წყალბადის ზეჟანგი შეგიძლიათ შეურიოთ თხევად შხაპის გელში, საპონსა და შამპუნში. ამით ისინი უკეთესად გაუმკლავდება ბაქტერიებს.
სარეცხისა და ჭურჭლის სარეცხ მანქანაში სარეცხ საშუალებასთან ერთად შეურიეთ წყალბადის ზეჟანგი (დაახლოებით 50 მლ). მიკრობებსაც მოაშორებს და ლაქებსაც გააქრობს.
წყალბადის ზეჟანგით და ნიშადურის სპირტით კი სააბაზანოში ჟანგსა და ობს მოაშორებთ. აგრეთვე, ეს ხსნარი უნიტაზის გასაწმენდად გამოგადგებათ.
თუ სახლში დიდფოთლებიანი მცენარეები გაქვთ, 1 ლიტრ წყალში გაურიეთ 25 მლ წყალბადის ზეჟანგი და მცენარეს ამით გაუწმინდეთ ფოთლები. სხვათა შორის, ასეთი ნარევი შეგიძლიათ პულვერიზატორიან ფლაკონში მოათავსოთ და ჰაერში გააფრქვიოთ, მისი გაწმენდის მიზნით.
კოსმეტოლოგიაში
თუ ცხვირზე შავ წერტილებს ძვირად ღირებული ნიღბებიც არ გაშორებთ, უპირატესობა წყალბადის ზეჟანგს მიანიჭეთ. ნახევარ ჩაის კოვზ კბილის ფხვნილს შეურიეთ წყალბადის ზეჟანგი (უნდა მიიღოთ ფაფისებური მასა), წაისვით ცხვირზე და გაიჩერეთ 5 წუთი. მოიშორეთ თითით წრიული მოძრაობებით. ასეთი ნიღაბი ერთი თვის განმავლობაში, კვირაში ორჯერ გაიკეთეთ. შედეგი გაგაოცებთ.
კბილების გასათეთრებლად შემდეგი რეცეპტი გამოგადგებათ: აქტივირებული ნახშირი დაფხვენით და წყალბადის ზეჟანგი დაუმატეთ (ფაფისებური მასა უნდა მიიღოთ). პირველივე შედეგზე კბილები 2-3 ტონით გაგითეთრდებათ. ასეთი პროცედურა კვირაში ერთხელ გაიკეთეთ, თუ კბილის ემალი არ გაქვთ გაფუჭებული და ალერგია არ გაქვთ წყალბადის ზეჟანგზე.
ხელებსა და ზედა ტუჩზე თმის გასაუფერულებლადაც წყალბადის ზეჟანგი გამოგადგებათ. ამისათვის ან ძილის წინ წყალბადის ზეჟანგში დასველებული ბამბის დისკით გაიწმინდეთ თმიანი ადგილი, ან შეურიეთ საპონში და გაიჩერეთ თმიანი ადგილზე რამდენიმე წუთი; ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
სახის გასაწმენდად წყალბადის ზეჟანგი ტონიკში ან რძეში შეურიეთ და ისე გაიწმინდეთ სახე. წყალბადის ზეჟანგს მათეთრებელი ეფექტი აქვს და დროთა განმავლობაში პიგმენტური ლაქები და ჭორფლი გაგიუფერულდებათ.
დაბოლოს, ზაფხულში გაუხეშებული ქუსლები ქალების "მტკივნეული თემაა". მის მოსაშორებლადაც ეს ჯადოსნური ხსნარი გამოგადგებათ: წყალში გადაურიეთ (ერთი-ერთზე) წყალბადის ზეჟანგი. დაასველეთ მასში ბამბის დისკი და ცოტა ხნით დაიდეთ გაუხეშებულ კანზე. შემდეგ კი უბრალო პემზით დაიმუშავეთ ქუსლები. 2-3 პროცედურის შემდეგ კანი ქუსლებზე რბილი და ვარდისფერი გაგიხდებათ.
ასევე იხილეთ: