ლაბირინთი - ცეკვა დემონთან თავი 14 - Marao

ლაბირინთი - ცეკვა დემონთან თავი 14

2023-01-25 10:03:39+04:00

- "მე აქ ვარ! ვდგავარ უძლური და სიკვდილისთვის განწირული. უკვე ძალიან ბევრი დღე გავიდა... რა ადვილია იპოვო ტყუილი და რა ძნელია, იპოვო სიმართლე... მე არ დავრჩები დიდხანს ამ სამყაროში და ეს არასწორია! - დახუჭეთ თვალები და მითხარით "მშვიდობით!" მე ამაღამ ვიწყებ ცეკვას დემონთან...

შენ ვერ გაბედავ ჩახედო მას თვალებში, როცა ჩვენ ორნი დავიწყებთ ცეკვას ამაღამ... მე უკვე ვგრძნობ, როგორ მისრიალებს ჩემს კანზე ის თრთოლვით... ვგრძნობ მის ცივ, მკვდარ თვალებს, რომლებიც ჩემკენაა მომართული...

ჩემი ცხოვრება მოპარულია! მე ვეღარ დავრჩები დიდხანს ამ სამყაროში და ეს არასწორია!"

- ეს იმ სიმღერის სიტყვებია, რომლითაც შოუ დაიწყო. ამ სიმღერამ ჩემზე ძალიან იმოქმედა... დარბაზში ჯერ დაბნელდა და გონგის ხმა გაისმა, რომელსაც მუსიკა დაერთო. მერე სცენა წითლად ამონათდა და თხელ, თეთრ კაბაში ჩაცმული გოგო გამოჩნდა... ნაზად და ლამაზად დაიწყო ცეკვა. უცებ, თითქოს მიწიდან ამოძვრაო, სცენაზე დემონი გაჩნდა. შავებში გამოწყობილს თავზე ორი მოღუნული რქა ედგა, მთელი სხეული მოხატული ჰქონდა და უცნაურ, მკვეთრ მოძრაობებს აკეთებდა...

ცეკვა რაღაც რელიგიურ რიტუალს უფრო ჰგავდა... თითქოს ის გოგო სიცოცხლისთვის იბრძოდა, უხილავ ძაფს ეჭიდებოდა, რომელიც ნელ-ნელა წყდებოდა და გოგოს წყვდიადი თავისკენ ექაჩებოდა. დემონს კი მისი დაუფლება სურდა!

ფონად სხვა გოგოებიც ცეკვავდნენ და მოძრაობებით თითქოს ცოდვილი სულების ტანჯვას გამოხატავდნენ.. დემონისა და გოგოს ცეკვა საკმაოდ ეროტიკული იყო... მთელ სხეულში ჟრუანტელმა დამიარა. სცენას სუნთქვაშეკრული მივჩერებოდი. ასე მეგონა, გულიც კი აღარ მიცემდა...

როდესაც დემონმა გოგონას კაბა შემოაგლიჯა, ის ძირს დავარდა. მან კი მისი დაუძლურებული სხეული ხელში ჩაიგდო. გრძელი, შავი და ბასრი ბრჭყალები მის კანზე დასრიალებდა და როცა დემონის სხეულმა მთლიანად გადაფარა გოგონა, სცენა სიბნელემ შთანთქა.

ეს ყველაზე ემოციური და სულისშემძვრელი შოუ იყო, რაც კი ცხოვრებაში მინახავს. რამდენიმე წამის განმავლობაში ისეთი სიჩუმე ჩამოვარდა, თავი სამარეში მეგონა. მერე ისევ განათდა სცენა და დარბაზში ტაშის ხმა გაისმა. ოღონდ სცენაზე აღარ იყვნენ გოგო და დემონი. მხოლოდ ის გოგოები დარჩნენ, რომლებიც ფონთან იყვნენ შერწყმულნი...

გოგოებმა ცეკვა გააგრძელეს. ისინი ნელ-ნელა დარბაზში ჩამოდიოდნენ და მაგიდებთან მიდიოდნენ. ფარდები ხელს მიშლიდა, დამენახა, თუ რა ხდებოდა შიგნით.

- მოგწონს?

მკითხა გიორგაძემ. მისი არსებობაც დავიწყებული მქონდა...

- ძალიან შთამბეჭდავი იყო... ესენი ყველა პროფესიონალი მოცეკვავეები არიან?

- ესენი მხოლოდ "პორტალში" ცეკვავენ, სხვაგან არა!

- არა? რატომ?

- ასეთი კონტრაქტი აქვთ! საკმარისად კარგად უხდიან მათ ამ ექსკლუზივისთვის...

გაიღიმა ლევანმა.

- გასაგებია...

- მე არ მჭირდება საზიარო თანამშრომლები... ერთდროულად რამდენიმე ადგილზე რომ მუშაობენ. ვინც ჩემს რომელიმე კომპანიაში ან დაწესებულებაში მუშაობს, მხოლოდ მე უნდა მეკუთვნოდეს.

- ალბათ, სწორედ ეს მოგწონს...

- რა?

- საკუთარი ძალაუფლების შეგრძნება!

- არ დაგიმალავ! ნამდვილად მომწონს...

- მაშინ ამ შეგრძნებას გაუმარჯოს! მიუხედავად იმისა, რომ მე არ გამომიცდია არასდროს!

ჭიქა ავიღე და მარტინი დავლიე.

- არაფერი არ არის გვიან!

მითხრა ღიმილით და მანაც დალია.

- აი, ეს არის ის სანახაობა, რაშიც ეს ადამიანები ბევრ ფულს იხდიან, ანიკა... - შეხედე! როგორი სიფრიფანა ფარდებით არის შემოსაზღვრული მათი პირადი სივრცე... მიუხედავად იმისა, რომ ეს თხელი ფარდები მათ ვერ დაიცავს, ისინი ახლა მაინც კომფორტის ზონაში არიან. თითოეულ მათგანს აქვს თავისი მცირე პირადი სივრცე... ამ პირად სივრცეში მათ არ ახსოვთ არც თავიანთი თანამდებობა, არც ვალდებულებები, მორალი... ისინი ყველას და ყველაფრისგან თავისუფლები არიან! თავისუფლება კი ყველაზე ძვირფასი რამაა ამქვეყნად!

- რას აკეთებენ, გარდა იმისა, რომ ჭამენ, სვამენ და სტრიპტიზს უყურებენ?

ვკითხე და თვალებში შევხედე.

- გამომყევი!

რაღაცნაირი, მტკიცე ხმით წარმოთქვა, ფეხზე წამოდგა და ჩვენი პატარა სივრცე გაარღვია... მეც უკან მივყევი.

ხელი მომკიდა და მაგიდებს შორის გამატარა. შევეცადე, დამენახა, ვინ იყვნენ ფარდების შიგნით, მაგრამ ვერ შევძელი.

დარბაზი გადავკვეთეთ და დერეფანში გავედით. დერეფანი ვიწრო და მიხვეულ-მოხვეული იყო. გიორგაძე პირველივე კართან შეჩერდა და შეაღო. პატარა ოთახში შემახედა. თუმცა, ოთახიც არ ეთქმოდა ამას. საკანს უფრო ჰგავდა... მაღლიდან ორი მსხვილი ჯაჭვი იყო ჩამოშვებული და ზედ ხელბორკილი ეკიდა.

- ეს რა არის?

ვკითხე გაკვირვებულმა.

- ეს საწამებელი ოთახის იმიტაციაა!

- რისთვის?

- აკრძალული თამაშისთვის!

გიორგაძემ ოთახის კარი გამოხურა და ახლა მომდევნო გააღო. აქ ფართო, მდიდრული საწოლი და მოჩუქურთმებული სარკე იდგა. თითქოს ყველა ნივთი თუ საგანი, რაც აქ იყო, რომელიმე მეფის კუთვნილება იყო ძველად... საწოლთან ლამაზი საკიდი იდგა და ზედ სექსუალური თამაშებისთვის განკუთვნილი ინვენტარი ეკიდა...

- ეს საროსკიპოა?

ვკითხე გიორგაძეს დაბნეულმა. გაეღიმა.

- როგორც ხედავ. თან საკმაოდ უჩვეულო!

მესამე კარის სახელურზე წითელი ფირფიტა ეკიდა.

- ეს დაკავებულია!

შემდეგი ოთახი საავადმყოფოს პალატას ჰგავდა. ერთში კი აუზი იყო და კედლებში აკვარიუმი იყო გაკეთებული. წყლის ათინათები მთელ ოთახში თამაშობდა. თითქოს წყალქვეშ იყავი... ძალიან ლამაზი იყო.

ცხრა ოთახი ვნახე. სამი დაკავებული იყო. როგორც მივხვდი, "პორტალი" კლიენტების ნებისმიერ სურვილს, ნებისმიერ გემოვნებას და მოთხოვნას აკმაყოფილებდა... რაღაც მსგავსს კი მოველოდი, მაგრამ ნანახმა მაინც ძალიან ამაღელვა და ამაფორიაქა. გონებაში იმ გოგოებზე ვფიქრობდი, ვინც გიორგაძეს ოდესმე მოსწონებია... იქნებ რამენაირად აიძულებს მათ, თავიანთი ნების წინააღმდეგ იმუშაონ აქ? - ეს უკვე ტრეფიკინგია და ძალიან სერიოზული ზომების მიღებაა საჭირო!

ამ ფიქრებში ვიყავი წასული და გიორგაძეს უხმოდ დავყვებოდი უკან. მან ბოლო კარი გააღო და კიდევ ერთ ოთახში შემიყვანა. იქაურობა სამოთხის ზღაპრულ ბაღს ჰგავდა. დაბალ ხმაზე სასიამოვნო მუსიკა უკრავდა და ჩიტების და ჩანჩქერის ხმაც ერთვოდა. მართალია, მცენარეები ხელოვნური იყო, მაგრამ ძალიან ჰგავდა ნამდვილს...

- ეს რა არის?

- ნიმფების ბაღი!

- ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, არალეგალურია...

ჩავილაპარაკე და ხელოვნურ ბალახზე ჩამოვჯექი. მაღლიდან ლიანები იყო ჩამოშვებული და ზედ სურო ჰქონდა დახვეული.

- ნებისმიერი ასეთი დაწესებულება არალეგალურია, მაგრამ ყველამ იცის, რომ არსებობს!

- მე მაინც ვერ ვხვდები... მე რა უნდა გავაკეთო?

გიორგაძე ჩემ გვერდით ჩამოჯდა.

- დაახლოებით თუ გაქვს წარმოდგენილი, რა ხდება ჩვეულებრივ ბორდელებში? მოდის კლიენტი, იხდის ფულს, შედის ოთახში, სადაც დახვდება გამოცდილი მეძავი, რომელიც მაქსიმუმ თხუთმეტ წუთში დააკმაყოფილებს მას... ყველაფერი მექანიკური და ხელოვნურია! ცხოვრება თამაშია და ჩვენ, ყველა დროდადრო რაღაცების იმიტაციას ვაკეთებთ... ჩვენ იშვიათად ვაჩენთ რეალურ სახეს, ზოგჯერ მოგვწონს სხვადასხვა როლის მორგება. აი, მაგალითად შენ! რატომ წერ თამაშებს? - იმიტომ, რომ მოგწონს სხვადასხვა რეალობის შექმნა! შენ მითხარი, რომ არ იცი, რა არის ძალაუფლების შეგრძნება... შეცდი, ანიკა! სინამდვილეში ძალიან კარგად იცი ეს! შენ მგავხარ...

შენ ქმნი რეალობებს და შენ წყვეტ პერსონაჟების ბედს და ეს სიამოვნებას განიჭებს! რასაც გინდა, იმას აკეთებინებ მათ... განსხვავება მხოლოდ იმაშია, რომ შენთან ეს ყველაფერი წარმოსახვითია, ჩემთან კი რეალური...

- შეიძლება ასეცაა, მაგრამ რეალობაში მე ვერ შევძლებდი სხვის ცხოვრებაში ჩარევას...

- აბა, ჰკითხე საკუთარ თავს, რატომ ხარ აქ დღეს? მე გითხარი, რომ მინდა რეალური თამაში, რეალური ფიგურებით... გულის სიღრმეში შენც ძალიან გაინტერესებს, უბრალოდ, საკუთარ თავსაც არ უმხელ ამას...

- ფიქრობ, რომ ბევრი რამ იცი ჩემზე?

- საკმარისად ბევრი...

- სინამდვილეში ასე არ არის! მე ყველაზე მეტად ცხოვრებაში მძულს ის ადამიანი, ვინც გადაწყვიტა, რომ უფლება ჰქონდა, სხვისი ცხოვრება შეეცვალა... სხვისი ბედი გადაეწყვიტა! იმ ადამიანმა მე მამა წამართვა და მასთან ერთად ყველაფერი... ასე, უბრალოდ მიითვისა ის, რაც მას არ ეკუთვნოდა! დედა მეუბნებოდა, რომ მას არ შერჩებოდა ეს და რომ სამართალი ადრე თუ გვიან იზეიმებდა, მაგრამ ეს ყველაფერი სისულელეა! საკუთარი თავის დასამშვიდებლად მოგონილი ტყუილი...

- რა დაემართა მამას?

მკითხა გიორგაძემ და ჩემკენ შემობრუნდა.

- ამაზე სალაპარაკოდ არ მოვსულვარ...

- არა, მაგრამ მინდა მოვისმინო!

- მამას ჰქონდა ბიზნესი და საკმაოდ წარმატებული... ბავშვობის მეგობარი ჰყავდა, რომელიც დაასაქმა თავისთან. ანდო ყველაფერი... წუმპედან ამოათრია. ერთხელაც, მამა მოკლეს... თავში ჰქონდა მოხვედრილი ტყვია. მისი მეგობარი რუსეთში გაიქცა და მთელი ფული თან წაიღო. საქმე გაუხსნელი დარჩა... მას ყველაფერი შერჩა. ჩვენ კი მარტო ვალები დაგვიტოვა, რის გამოც ყველაფერი გავყიდეთ...

- შეგიძლია იმ კაცის ვინაობა მითხრა?

- თამაზი... თამაზ წულაია!

გიორგაძე გაჩუმდა და დაფიქრდა.

- იცნობ?

- შორიდან...

- კარგი. საქმეს დავუბრუნდეთ...

- მე მინდა, რომ შენ მოიფიქრო თამაშის სცენარი. ისეთი, რომ "პორტალის" კლიენტებმა თავი სხვა ამპლუაში, სხვა ადამიანებად იგრძნონ. რომ ერთფეროვნება არ მობეზრდეთ და უფრო და უფრო ხშირად იარონ... აქ მათ სხვა რეალობა უნდა დახვდეთ! მიხვდი, რის თქმა მინდა?

- მივხვდი, რაც გინდა! მარტო ერთ კითხვას დაგისვამ...

- გისმენ...

- ეს გოგოები... ყველა თავისი ნებით მუშაობს აქ?

გიორგაძემ თვალებში ჩამხედა. თითქოს ჩემი აზრების წაკითხვას ცდილობდა.

- რა თქმა უნდა, ანიკა! დემონი კი არ ვარ, ძალით დავიმონო ვინმე. მე არავის არაფერს ვაიძულებ! შეიძლება გაგიკვირდეს, მაგრამ მე ყველასთვის კარგი მინდა...

უცებ ხელით თმაზე შემეხო და ყურთან გადამიწია. მე მის ღია ცისფერ თვალებს დავაკვირდი... მომეჩვენა, რომ შუშის თვალები ჰქონდა და ემოციების განცდა არ შეეძლო. უბრალოდ, ყველაფერს ძალიან კარგად თამაშობდა!

- არ ვიცი რატომ, მაგრამ ძალიან მიზიდავ... ალბათ, შენი სამყარო მიზიდავს! საინტერესო და ამოუცნობი სამყარო...

ვიცოდი, რომ კოცნას დამიპირებდა, ამიტომ ფეხზე ავდექი...

- კიდევ არის რაღაც, რაც უნდა ვნახო?

- არა. არაფერი.

გაეღიმა და ისიც ფეხზე წამოდგა. ორივენი დერეფანში გამოვედით. ერთ-ერთ კარში შავ ლატექსის ტყავებში გამოწყობილი ქალი და კოსტიუმიანი კაცი შედიოდნენ. ორივე ხმამაღლა იცინოდა.

დარბაზში დავბრუნდით. ეროტიკული ცეკვები გრძელდებოდა. გიორგაძემ ჩვენს მაგიდამდე მიმაცილა, ფარდა გადასწია, რომ შევსულიყავი.

- სულ რამდენიმე წუთით დაგტოვებ, კარგი? ლაშა აქვეა და თვალს არ მოგაშორებს, ნურაფრის შეგეშინდება!

- არ მეშინია...

გიორგაძე იმ მიმართულებით წავიდა, საიდანაც თავიდან შემოვედი. მე ჯერ ლაშას გავხედე. ოდნავ მოშორებით იდგა და მიყურებდა. მერე დარბაზი მოვათვალიერე და ლიზი დავინახე. ხელში ცარიელი სინი ეჭირა და გასასვლელისკენ მიემართებოდა. რაღაც მომენტში, ჩვენი მაგიდისკენ გამოიხედა და მეც გაუაზრებლად ხელი ავუწიე. ლიზი შეჩერდა. აქეთ-იქით გაიხედ-გამოიხედა, მერე ჩემკენ წამოვიდა.

- გნებავთ რამე?

ოდნავ უხეში ტონით მკითხა.

- წყალი, თუ შეიძლება!

ლიზიმ წასვლა დააპირა, მაგრამ შევაჩერე.

- ერთი წუთით...

- გისმენთ?

- დიდი ხანია, რაც აქ მუშაობთ?

კითხვა არ ესიამოვნა.

- რატომ მეკითხებით?

- ძალიან მეცნობით სახეზე...

- მე არ მეცნობით! და არ მაქვს უფლება, პირადი ინფორმაცია გავამჟღავნო უცნობებთან...

- მესმის... უბრალოდ, მეც ვფიქრობ აქ მუშაობის დაწყებაზე და მაინტერესებდა, რას მირჩევდით...

ლიზი გაჩუმდა. ცოტა ხანს მიყურა, მერე მითხრა:

- თუ "პორტალში" დაიწყებ მუშაობას, უკან დასახევი გზის პოვნა გაგიჭირდება! აქედან იშვიათად მიდიან, ამიტომ კარგად უნდა დაფიქრდე! რამდენად გინდა და რამდენად მზად ხარ... ისე, მიკვირს მე რომ მეკითხებით ამას და არა თქვენს კომპანიონს...

- გასაკვირი არაფერია აქ! მე უშუალოდ იმ ადამიანის აზრი მაინტერესებს, ვინც თვითონ მუშაობს და არა იმის, ვისზეც მუშაობენ...

- წყალს მოგიტანთ!

თქვა ლიზიმ და წავიდა. გიორგაძე ძალიან მალე დაბრუნდა. როდესაც ლიზიმ წყალი მომიტანა და მაგიდაზე დადგა, გიორგაძეს მიესალმა, ოღონდ ამ მისალმებაში საყვედურის ტონი იგრძნობოდა... მის მზერაში კი ეჭვიანობა დავინახე...

- რას მიირთმევ?

მკითხა გიორგაძემ.

- მხოლოდ ხილს... არაფერი არ მინდა.

- რას ფიქრობ ჩემს წინადადებაზე?

- ვფიქრობ, რომ დავთანხმდები. რაღაც იდეები უკვე მომივიდა!

- შესანიშნავია! კიდევ როდის შევხვდეთ?

- მზად რომ ვიქნები, დობროვსკის ვეტყვი და წინასწარ დაგიკავშირდება.

- კარგი.

გიორგაძეს გაუხარდა, რომ დავთანხმდი. კლუბში ცოტა ხანს კიდევ დავრჩი. რაღაც თემებზე ვისაუბრეთ. თვალი სულ დარბაზისკენ მეჭირა. დროდადრო ფარდებიდან ვიღაცები გამოდიოდნენ და ოთახებისკენ მიემართებოდნენ. ვცდილობდი, მათი სახეები დამემახსოვრებინა. მხოლოდ ერთი მამაკაცი ამოვიცანი. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი...

სახლში ისევ იმ მძღოლმა წამიყვანა, ოღონდ ჩემს ალტერნატიულ სახლში... ვუთხარი, რომ ტაბიძის ათში ვცხოვრობდი. შუაღამის ოთხი საათი ხდებოდა, როდესაც კარი გასაღებით გავაღე და მხოლოდ მაშინ ამოვისუნთქე შვებით...

საყურეები მოვიხსენი და მაგიდაზე დავაწყვე. ლეპტოპი ჩავრთე. მეორე მობილური, რა თქმა უნდა, არ მქონდა წაღებული თან.

"კუპიდონი" ჩემს ზარს ელოდა.

- როგორ ხარ?

- მგონი, კარგად...

- ძალიან ინერვიულე?

- ძალიან არა...

- მე კი ძალიან ვინერვიულე...

- რატომ? ხმა არ გესმოდა?

- თავიდან კი. მერე, რაღაც მომენტში გაწყდა. მერე ისევ გაისმა და ასე რამდენჯერმე... რაღაცის საჩვენებლად რომ წაგიყვანა, მაგ დროს გაწყდა....

- ოთახების...

- მივხვდი, რომ რაღაც ოთახებში შეჰყავდი... როგორც ჩანს, იმ ოთახებში ყველანაირი ელექტრომოწყობილობა კვდება... რა ოთახებია?

- სხვადასხვანაირი... ასე ვთქვათ, უჩვეულო საროსკიპოა!

- ახლა დაღლილი ხარ... ხვალ დეტალურად მომიყევი, რა ნახე იმ ოთახებში... ვინმე ამოიცანი?

- საგარეო საქმეთა მინისტრი...

- მიმტანიც?.. მიმტანს უცნაურად ელაპარაკებოდი...

- ეგ ის გოგოა, ლიზი ბერიძე...

- რას ამბობ... ესე იგი, აქ არის...

- აქ არის და ცოცხალია... თქვენ იცოდით, რომ "პორტალში" ბორდელია?

ლევანი გაჩუმდა.

- რა თქმა უნდა, იცოდით... და არ მითხარი...

- ამაზე ხვალ ვილაპარაკოთ! ყველაფერს ძალიან კარგად გაართვი თავი! დაისვენე, გამოიძინე... ხვალ დილით მოვალ, ერთად ვისაუზმოთ და ყველაფერი ერთად გავიაროთ...

- კარგი... ახლა აზროვნებაც მიჭირს...

- ძილი ნებისა, ევა...

ლეპტოპი დავხურე და იქვე, დივანზე მივწექი. თვალები დავხუჭე. ხან სცენა ამომიტივტივდებოდა გონებაში, ხან ოთახები, ხან გიორგაძის წყალწყალა თვალები...

მისი ცოტათი მეშინოდა, მაგრამ სწორედ ეს შიში მიზიდავდა... ჩემს თვალში ის იყო დემონი, რომელსაც საკუთარი პატარა ჯოჯოხეთი ჰქონდა და ასე მეგონა, რომ ჩემი ცეკვა დემონთან სწორედ ამაღამ დაიწყო...

გაგრძელება იქნება

თეა ინასარიძე

იხილეთ ასევე: ლაბირინთი - იდუმალი ტრიპტიქი (ეპიზოდი 13)