ლაბირინთი - კლონი თავი 15 - Marao

ლაბირინთი - კლონი თავი 15

2023-01-26 09:28:06+04:00

არ მახსოვს, ბოლოს როდის მეძინა სხვაგან. ალბათ, ემოციებისაგან ძალიან დაღლილი ვიყავი, რადგან დავწექი თუ არა, მაშინვე გავითიშე.

ძალიან არეული სიზმრები მესიზმრებოდა. ეტყობა ძალიან ზედაპირულად მეძინა, რადგან გასაღების გადატრიალებისა და კარის გაღების ხმა ძილშივე გავიგე. მივხვდი, რომ ლევანი მოვიდა...

როდესაც საძინებლიდან გამოვედი, სასადილო ოთახის მაგიდასთან იდგა და პარკებიდან რაღაცებს ალაგებდა.

- მე გაგაღვიძე?

მკითხა შეწუხებულმა.

- არა, უკვე გაღვიძების სტადიაში ვიყავი...

- როგორ ხარ?

- მგონი, კარგად. აბაზანაში შევალ, მოვწესრიგდები...

- მე მანამდე მაგიდას გავაწყობ. ჩაის დალევ თუ ყავას?

- ყავას.

ვუთხარი და აბაზანისკენ გავემართე. ცოტა ხნის მერე ორივე მაგიდასთან ვისხედით და ვსაუზმობდით. ლევანმა სენდვიჩები და დონატები მოიტანა. ყავის პირველივე ყლუპმა გამომაცოცხლა. ლევანს ყველაფერი დაწვრილებით მოვუყევი. შოუდან დაწყებული, ოთახების დეტალური აღწერით დამთავრებული, უმნიშვნელო წვრილმანიც კი არ გამომრჩენია.

- საოცარია. ასე დეტალურად როგორ გახსოვს ყველაფერი?

- ეგ ჩემი ანომალიური ტვინის ბრალია.

გამეცინა.

- მინდა თუ არა, ყოველი წვრილმანი დეტალი თვალში მეჩხირება და მამახსოვრდება. ამის გამო ფსიქოლოგთანაც დავდიოდი ადრე. ჩემი ოთახი რომ ნახო, იქ ყველაფერი თეთრია. კედლები, ავეჯი, საგნები...

- მართლა? რა უცნაურია!

- ჰო... უცნაურია. ადრე მკურნალობის კურსი ჩავიტარე. მერე ნელ-ნელა ვისწავლე ემოციების მართვა. ახლა უკვე ვიცი, რა უნდა გავაკეთო, თუ პანიკა დამეწყება...

- პანიკა?

- რამდენიმე წლის წინ კინაღამ გადავედი რელსებიდან. არ მიყვარს იმ პერიოდის გახსენება...

- ევა... ჩემზე ნაწყენი ხარ, ხომ?

- ნაწყენი? რატომ უნდა ვიწყო შენზე ნაწყენი?

- ყველაფერი რომ არ გითხარი "პორტალთან" დაკავშირებით...

- მერე რა? მე მესმის, რომ ყველაფერს ვერ მეტყოდი...

- არ მინდა, რამე გეწყინოს. მინდა იცოდე, რომ ძალიან ვაფასებთ იმას, რასაც ჩვენთვის აკეთებ. ამიტომ ეს შენია!

ლევანმა კოსტიუმის ჯიბიდან კონვერტი ამოიღო და მაგიდაზე დამიდო.

- ეს რა არის?

- ეს შენი ჰონორარია! რაშიც დაგჭირდება, გამოიყენე.

- ფული? მე ფულის გამო არ გავაკეთე ის, რაც გავაკეთე...

- ვიცი! სავარაუდოდ, ბევრი გაუთვალისწინებელი ხარჯი გექნება. ფული კი ყველას სჭირდება. არც შენ ხარ გამონაკლისი. გარდა ამისა, შენ არ ხარ მარტო. დედაზე და დაზეც იფიქრე...

- მამაჩემის ამბავი იცი, არა?

- ჯერ კიდევ მაშინ გავეცანი შენი ოჯახის ისტორიას, სანამ იმ კარნავალზე მოვიდოდი... ძალიან ვწუხვარ, ასე რომ მოხდა... საშინელი დრო იყო მაშინ. სრული განუკითხაობა იყო ქვეყანაში.

- ვიცი...

- საქმესაც ეტყობა, რომ შეთითხნილია. ბევრი ბუნდოვანი და გაურკვეველი დეტალია...

- მამას საქმე ნახე?

- კი. გამოვითხოვე არქივიდან და გავეცანი... სამწუხაროდ, ახლა არაფრის გაკეთება აღარ შემიძლია...

- მესმის...

- ისე, რაც პირადად გაგიცანი, სულ საქმეზე ვლაპარაკობთ. არადა, ისე საინტერესოდ დაიწყო ყველაფერი იქ, კარნავალზე... მსუბუქად და სასიამოვნოდ. რაღაც მომენტში დამავიწყდა კიდეც, სად ვმუშაობდი და რისთვის ვიყავი მოსული.

- დაგავიწყდა? მე კიდევ პირიქით მგონია! ის ფლირტი, კოცნა - ყველაფერი საქმეს სჭირდებოდა. ისე, რომ არ გავქცეულიყავი მაშინ, როგორ გაგრძელდებოდა ყველაფერი? ალბათ თავს შემაყვარებდი, რომ ადვილად დაგეთანხმე, ხომ?

- რეებს ამბობ? რა თქმა უნდა, არა! ფლირტი და კოცნა არ დამიგეგმავს. სპონტანურად მოხდა! თუმცა, ძნელია ამის დაჯერება, ვიცი...

- კარგი. ისევ საქმეს დავუბრუნდეთ! მაინტერესებს, ვინც "პორტალში" მუშაობს, ნეტა საკუთარი ნებით არიან იქ? იქნებ ის გოგოები არიან, რომლებიც გიორგაძეს მოსწონებია? იქნებ სინამდვილეში მექალთანე კი არ არის, კლუბისთვის არჩევდა შესაფერის კანდიდატებს?

- როგორც ლაშამ თქვა, ყველა გოგო, ვინც იქ მუშაობს, ფსევდონიმს იყენებს... ჩვენ არ ვიცით მათი ნამდვილი სახელი და გვარები, ლიზი ბერიძის გარდა, რომელიც შენ იპოვე. ჩვენები მუშაობენ ამ ხაზით... მალე გვექნება გეგმა, ლიზისთან დაკავშირებით.

- ალბათ, ძალიან საინტერესოა თქვენი სამსახური... სულ მაინტერესებდა! სინამდვილეშიც ყველაფერი ისეა, როგორც ფილმებში?

ლევანს გაეცინა.

- დაახლოებით... ისე, გაქვს რამე იდეა, რა შეიძლება შესთავაზო გიორგაძეს? თამაშთან დაკავშირებით?

- ვფიქრობ ამაზე...

- ძალიან რთულია!

- მიყვარს სირთულეები... მნიშვნელოვანი საქმეები მარტივად არ კეთდება!

- ეგეც მართალია! რომელი დონატი გინდა?

- მარწყვის იყოს... ჩემი შემდეგი ნაბიჯი რა იქნება, ლეო?

- ლეო?

- თამაშის სცენარზე ვმუშაობ და იქ მყავს პერსონაჟი, გამომძიებელი ლეო...

ორივეს გაგვეცინა.

- პერსონაჟს ლეო დაარქვი?

- კი, ოღონდ მანამდე დავარქვი, სანამ შენ გაგიცნობდი... რაღაცნაირად დაემთხვა, არა? ისე, დაკვირვებული ვარ! ასეთი უმნიშვნელო რამეები უცნაურად ამიხდება ხოლმე.

- არის ერთი ასეთი მოსაზრება, რომ დაწერილი სურვილები სრულდება. რაღაცაზე ხშირად რომ ფიქრობ,  ისიც... შენ გჯერა ამის?

- არ ვიცი, შეიძლება! შეიძლება ადამიანები მართლა ვიზიდავთ იმას, რაზეც ხშირად ვახდენთ კონცენტრაციას. სულ მინდოდა შენთვის მეკითხა...

- რა?

- რატომ მეძახი ევას?

- იმიტომ, რომ ევას ძალიან ცოტა ადამიანი გეძახის... ასე უფრო უსაფრთხოა! მაგალითად, როდესაც ტელეფონით ვლაპარაკობთ... თან, მომწონს! გიხდება!

- მაშინ მე ლეოს დაგიძახებ, კარგი? კაპიტან ჯეიმსს დაგიძახებდი, მაგრამ ეს უფრო საეჭვო იქნება სხვების თვალში...

- ეგ რა გაიხსენე...

ლევანს სიცილი აუტყდა. მერე უცებ დასერიოზულდა.

- იცი რა? რაც პირადად უფრო ახლოს გაგიცანი, სულ საქმეზე ვლაპარაკობთ! არ შეიძლება ასე...

- პირადზე ლაპარაკი მაინც არ მიყვარს... ინტროვერტი ვარ!

- ვიცი... ის თამაში თუ იცი, "სიმართლე თუ მოქმედება" რომ ჰქვია?

- უნდა ვითამაშოთ?

გამეღიმა.

- განტვირთვა არც ერთს არ გვაწყენს! მოკლედ, მე გეკითხები - "სიმართლე თუ მოქმედება", შენ ირჩევ რომელიმეს. თუ "სიმართლეს" აირჩევ, მე კითხვას დაგისვამ და შენც სიმართლე უნდა უპასუხო. თუ "მოქმედებას" აირჩევ, რასაც გეტყვი, ის უნდა შეასრულო. მერე შენ მეკითხები - "სიმართლე თუ მოქმედება" და მე ვირჩევ რომელიმეს...

- ოჰო... როგორი სარისკო თამაშია!

- შენ ხომ გიყვარს რისკი?

- კარგი. რატომაც არა? ვითამაშოთ!

- ოღონდ აქ არა! დივანზე გადავინაცვლოთ!

მე და ლეო სასტუმრო ოთახში წავედით. ის დივანზე დაჯდა, მე სავარძელში მოვკალათდი.

- მე დავიწყებ!

დავასწარი.

- კარგი...

- სიმართლე თუ მოქმედება?

- სიმართლე!

დავფიქრდი, რის გაგება მაინტერესებდა ყველაზე მეტად მასზე. ფაქტობრივად, ლევანზე არაფერი ვიცოდი.

- რატომ აირჩიე ეს პროფესია?

- ბავშვობაში კონან დოილი მიყვარდა. შერლოკ ჰოლმსი მინდოდა გამოვსულიყავი. რომ გავიზარდე და ბევრი უსამართლობა ვნახე, მომინდა ვყოფილიყავი ერთ-ერთი, ვინც ამ უსამართლობების წინააღმდეგ იბრძოლებდა... ასე ვთქვათ, წესრიგის დამყარება მომინდა! დავისახე მიზანი და ვიბრძოლე მის მისაღწევად. რაღაცებში გამიმართლა. საჭირო დროს, საჭირო ადგილას აღმოვჩნდი... დაგაკმაყოფილა პასუხმა?

- კი.

- მაშინ ჩემი ჯერია! სიმართლე თუ მოქმედება?

- სიმართლე.

- სერიოზული ურთიერთობა გქონია მამაკაცთან?

- არ ვიცი, რამდენად სერიოზული შეიძლება დავარქვა, მაგრამ რაღაც ასეთი მქონია! მესამე კურსზე ვსწავლობდი... ინსტიტუტში გავიცანი ბიჭი და გარკვეული პერიოდი ვხვდებოდით ერთმანეთს. იყო მომენტები, როდესაც მეგონა, რომ მიყვარდა, მაგრამ ახლა რომ ვუფიქრდები, უფრო საკუთარი თავის დაჯერება მინდოდა ამაში. ხუთი თვე გავქაჩეთ, მეტი ვეღარ გამიძლო.

გამეცინა.

- დაგაკმაყოფილა პასუხმა?

- შეიძლება ასეც ითქვას!

- სიმართლე თუ მოქმედება?

- სიმართლე.

- გქონია სერიოზული ურთიერთობა ქალთან?

- რამდენჯერმე. ხანგრძლივი არც ერთხელ. ალბათ ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, ვცდილობ არ გავაბა ხანგრძლივი ურთიერთობები... სიმართლე თუ მოქმედება?

- მოქმედება...

- მაკოცე!

- რა?

- მაკოცე!

ამას არ მოველოდი. ისეთი სერიოზული სახით მითხრა, ხუმრობა მაშინვე გამოვრიცხე. დივანთან მივედი და მის გვერდით დავჯექი.

- რაღაც ძალიან ადვილად მითანხმებ ხოლმე კოცნაზე... იმედია, ეს ამბავი ქრონიკულში არ გადაიზრდება. - მზად ხარ?

ვკითხე.

- ისე, როგორც არასდროს!

მისკენ გადავიხარე და ვაკოცე. უკან გაწევა რომ დავაპირე, არ გამიშვა. მარჯვენა ხელით თავი დამიჭირა, მარცხენა წელზე მომკიდა. აუჩქარებლად, ძალიან ნაზად მკოცნიდა. მე არ ვარ რომანტიკული ადამიანი. ასეთ მომენტებზე შეიძლება ნებისმიერმა ქალმა დაკარგოს თავი, მაგრამ მე არა... ზოგჯერ ცოტა მეშინია კიდეც, ასეთი რომ ვარ. მაშინაც, როცა შეყვარებული მყავდა, ასეთ მომენტებში სიამოვნებას კი არ განვიცდიდი, უფრო ჩემს თავს ვაკვირდებოდი. მაინტერესებდა, რამე ცვლილებას თუ ვიგრძნობდი. ადრენალინის მოზღვავებას, პულსის აჩქარებას, აგზნებას და ა.შ. ალბათ, ასე რომ ვაკვირდებოდი, იმიტომაც ვერ ვგრძნობდი ვერაფერს...

ლევანის შემთხვევაში ვიგრძენი... თავიდან მეუცნაურა, მერე მოვეშვი და შევეცადე, არაფერზე არ მეფიქრა. ამან იმუშავა, რადგან ჯერ მსუბუქი ღელვა ვიგრძენი, გული ამიჩქარდა. თითქოს რაღაც ტალღამ გადამიარა, ჩემს სხეულში უხილავი ენერგია დაიძრა და მუცელთან მოგროვდა...

მეცნიერების ნაწილი ვარაუდობს, რომ ადამიანის სული სწორედ მუცლის ზედა ნაწილში ცხოვრობს. თითქოს საკუთარი სული შევიგრძენი... ეს ძალიან უცნაური და სასიამოვნო გრძნობა იყო...

თამაში აღარ გაგვიგრძელებია. კოცნის მერე მალევე წამოვედი სახლში. კიდევ კარგი, კვირა დღე იყო და სამსახურში არ მიწევდა წასვლა. შხაპი მივიღე და ჩემს ოთახში შევიკეტე. დასვენება და მომხდარის გადახარშვა მინდოდა. ჩანთიდან ლევანის მოცემული კონვერტი ამოვიღე და გავხსენი. კონვერტში ორიათასი ლარი იდო. ათასი დედას მივეცი, ნახევარი კი მე დავიტოვე გაუთვალისწინებელი ხარჯებისთვის...

გაუთვალისწინებელ ხარჯებში ალბათ ჩასაცმელი იგულისხმება. ვერ ვხვდები, რა საჭიროა, გიორგაძესთან ყოველ შეხვედრაზე პრინცესასავით მეცვას? ჩემი ნება რომ იყოს, "პორტალში" ჯინსის შარვლითაც წავიდოდი... ლეომ კი რამდენჯერმე გაუსვა ხაზი ჩემთან საუბრისას, რომ გიორგაძეს როცა შევხვდები, იდეალურად უნდა გამოვიყურებოდე...

- ლეო...

ამ სახელის გაფიქრებაზე სითბო ჩამეღვარა სხეულში. ალბათ აწყობს, რომ გიორგაძეს ჩემ მიმართ რამე გრძნობა ან სიმპათია გაუჩნდეს... გაცილებით ადვილი იქნება მის წრეში მოხვედრა, თუ მე ის ყურებით მეყოლება დაჭერილი. ისე, არ არის ეს ცუდი იდეა! რაც უფრო ხშირად შევხვდები მას, მით უფრო ბევრს ილაპარაკებს და შესაბამისად, მეტი შანსია იმისა, რომ რაღაც წამოსცდეს...

ჩემ მიმართ სიმპათია რომ აქვს, ეს უკვე ვიცი, რადგან ჩემი კოცნა სცადა. რაც შეიძლება მალე უნდა მოვიფიქრო რამე, თამაშთან დაკავშირებით... გიორგაძემ მითხრა, რომ კლიენტებს მოსწონთ, როდესაც თავს სხვა პერსონაჟებად გრძნობენ. ოთახების არჩევანით თუ ვიმსჯელებ, იქ მათი ბნელი სურვილები ფრთებს ისხამს. ვიღაცა ოცნებობდა საწამებელ ოთახში, ჯაჭვით დაბმულ ქალთან სექსზე და აიხდინა... ვიღაცას ექთანთან გართობა უნდოდა და აისრულა ესეც... ანუ კლიენტები თავად ირჩევენ, რა როლი ითამაშონ. მათ წინასწარ იციან, სად შევლენ და რა სიტუაციაში აღმოჩნდებიან.

რა იქნება, თუ ყველაფერი პირიქით მოხდება? ჩვენ კი არ ვითამაშებთ "პორტალის" კლიენტების წესების მიხედვით, არამედ ისინი ითამაშებენ ჩვენი დადგენილი წესებით?

თავში ძალიან მაგარი იდეა მომივიდა და სასწრაფოდ ჩავინიშნე. ჩემს საწოლზე ავძვერი, მუხლებზე ლეპტოპი დავიდე და წერა დავიწყე... ჯერჯერობით მუზა არ მღალატობდა. უცებ ჩემმა მობილურმა დარეკა.

- გისმენთ!

- ანნიკა, როგორ ჩაიარა გუშინდელმა შეხვედრამ?

- ბატონო აბრამ?

- დიახ, მე ვარ!

- კარგად ჩაიარა...

- შეგიძლია საღამოს რვა საათისთვის ჩემთან მოხვიდე?

- სამსახურში იქნებით?

- არა, არა. ჩემთან, სახლში!

- თქვენთან?

კარგა ხანია ასე ძალიან არაფერი გამკვირვებია.

- რამე პრობლემა ხომ არ არის შენთვის, თუ მოხვალ? სამსახურში არ მინდა ამ თემაზე ლაპარაკი...

- არა, არავითარი პრობლემა არ არის! მოვალ...

- მისამართს მესიჯად გამოგიგზავნი. რვისთვის გელოდები...

- კარგით, მაშინ შეხვედრამდე...

- დროებით, ანნიკა!

საწოლიდან გიჟივით წამოვხტი და ოთახში გავიარ-გამოვიარე. კროული საკუთარ სახლში მეპატიჟება! წარმოუდგენელი ამბავია!

ლევანის მოცემული ტელეფონი ჩავრთე და დავურეკე. ეს ამბავი გავაგებინე. მასაც გაუკვირდა, მაგრამ გაუხარდა კიდეც. ამჯერად აღარ დამარიგა, რომ ყურადღებით ვიყო. უკვე იცის, რომ საჭიროზე მეტად დაკვირვებული ვიქნები...

რვა საათზე აღნიშნულ მისამართზე მივედი. კროული საკუთარ სახლში ცხოვრობს. ეზოს მაღალი გალავანი აქვს შემოვლებული და ჭიშკართან დაცვაც უყენია. დაცვამ პირადობის მოწმობა გამომართვა და შემიშვა. მოვლილი და ლამაზი ეზო გავიარე. სახლიც ძალიან ლამაზი იყო. აგურით ნაშენები... ცოტა გოთიკურ სტილს წააგავდა.

კარი მოახლე ქალმა გამიღო და სტუმრების მისაღებ ოთახში შემიძღვა.

- აბრამი ახლავე ჩამოვა!

ტყავის დივანზე დავჯექი და დობროვსკიც დავინახე. კიბეზე ჩამოდიოდა. არაოფიციალურ ფორმაში სხვანაირი მეჩვენა. ხელი ჩამომართვა და ჩემ მოპირდაპირედ დაჯდა.

- რას დალევ?

- არაფერი არ მინდა.

- არც ჩაი?

- ჩაის დავლევ...

- მარია, ორი ჩაი და გირჩის მურაბა მოგვიტანე!

გასძახა მოახლეს.

- აბა, რა ხდებოდა გუშინ?

- შევხვდით, კლუბი დავათვალიერე, ვისაუბრეთ... კლუბის წევრებისთვის უნდა თამაშის გაკეთება. რამე საინტერესო და აზარტული...

- გაქვს იდეები?

- რაღაც მომაფიქრდა, მაგრამ ჯერ ვმუშაობ ამაზე.

- აგიხსნა, ზუსტად რა უნდა?

- ეს თვითონაც არ იცის... თამაში ისეთი უნდა იყოს, რომ კლიენტები "პორტალს" მიაჯაჭვოს. რომ სულ იქ უნდოდეთ მოსვლა...

- მოთხოვნები და ამბიცია დიდი ჰქონია!

გაეცინა კროულის. გაცინებული პირველად ვნახე.

- ნამდვილად!

- ანნიკა, რაღაც მინდა გაჩვენო. აქ ამისთვის მოგიყვანე...

- მაჩვენოთ?

- ჰო... ჩემს კაბინეტში ავიდეთ!

კროული ფეხზე წამოდგა და კიბისკენ წამიძღვა.

- მარია, ჩაი ზემოთ ამოგვიტანე!

ისევ გასძახა მოახლეს. კიბე ავიარეთ და მეორე სართულზე ავედით. კროულის სახლშიც საოცარი კაბინეტი ჰქონდა. უძვირფასესი, ანტიკვარული ავეჯით... შესვლისთანავე ადგილზე გავქვავდი და კედელს მივაშტერდი...

- შენ გეტყობა, ძალიან მოგწონს ეს ნახატი!

მითხრა კროულიმ, რომელსაც ჩემი რეაქცია არ გამოჰპარვია.

მაგიდის უკან, კედელზე ზუსტად ისეთივე ნახატი ეკიდა, როგორიც სამსახურის კაბინეტში, ბოსხის "მიწიერი სიამოვნების ბაღი". ოღონდ ეს არ იყო რეპროდუქცია. როგორც ჩანს, ის იყო ამ ნახატის კლონი...

გაგრძელება იქნება

ავტორი თეა ინასარიძე

იხილეთ ასევე: ლაბირინთი - ცეკვა დემონთან (ეპიზოდი - 14)