ჩემს მეგობარზე მინდა გიამბოთ. არ ვიცი, რამდენად სწორად ვიქცევი, როცა სხვის ამბავს ასე დაუფარავად ვასაჯაროებ, მაგრამ ჩემი ერთადერთი მიზანი მისი დახმარებაა. მინდა, თავისი შეცდომები გააანალიზოს და გამოსწორების გზების ძიება დაიწყოს.
პირობითად ანას 3 წელია, რაც შეყვარებული ჰყავს. სიმართლე გითხრათ, მგონია, რომ ერთმანეთთან ზედმეტად ახლოს არიან. თავიდან ვეჩხუბებოდი, სახლში ნუ დაჰყვები-მეთქი, მაგრამ უკვე ურთიერთობა ისეთ ფაზაშია, მე აღარავინ აღარაფერს მეკითხება და პირდაპირ ჩარევასაც უადგილოდაც ვთვლი, მაგრამ იქნებ ვინმემ მირჩიოს, როგორ შეიძლება დავეხმარო მეგობარს, რომელსაც ბიჭმა კაცის იდეალი დაუმახინჯა.
მე და ანა ბავშვობიდან ვმეგობრობთ და სანამ ამ ვიგინდარას შეხვდებოდა, კარგადაც ვიცნობდი. ანა ყოველთვის გამოირჩეოდა სილამაზითა და დახვეწილი მანერებით. ამასთან, თავიდანვე ქარაფშუტა, თავზეხელაღებული გოგონა იყო, მაგრამ ფაქტების შეფასებაში არ ცდებოდა. დღეს კი მისი სამყარო ამოყირავებულია.
ანა მწერს ხოლმე, როგორ სცემს შეყვარებული ან როგორ ახევს ტანსაცმელს. მინდა თანავუგრძნო, დახმარებას ვთავაზობ, ვურჩევ დაშორდეს. თუ თავს არ დაანებებს, უფლება გვაქვს, ვუჩივლოთ კიდეც, მაგრამ ანა ვერც კი ხვდება, რაზე ვესაუბრები. მას ღრმად სწამს, რომ სწორედ ესაა მამაკაცის ვაჟკაცობა. ის ამაყობს თავისი შეყვარებულით და იმით, რომ გასულ ღამეს მას ტანსაცმელი შემოახია. "მომწონს მისი თვალები, როცა ასე იქცევა, შენ არც კი იცი, რა ვაჟკაცურია ის", - ეს მისი სიტყვებია და რისი თქმა შემიძლია მე ამის შემდეგ?
მერე მიამიტურად ვეკითხები მიზეზებს, მას კი ხშირად არც კი ახსოვს, რის გამო დაიწყო ჩხუბი და შეყვარებულის გმირულ ქმედებებზე ამაყად აგრძელებს საუბარს.
ერთხელ მითხრა, ნიკამ იმიტომ მცემა, მის სახლში მისვლას დავპირდი და ნახევარი საათით დავიგვიანეო. ვუთხარი, ნუთუ მისთვის დრო ასეთი მნიშვნელოვანია, სადმე ეჩქარებოდა-მეთქი? არა, უბრალოდ, ადვილად ბრაზდებაო, ამბობს და იცინის.
ფიზიკურ დაზიანებებს ვერ ვამჩნევ, მხოლოდ ერთხელ მაჩვენა ჩალურჯებული თეძო, ხელი მკრა და მაგიდას დავეჯახეო - მითხრა. ერთხელაც ტონალურის ქვეშ ჩაწითლებული ნაირევებიც უჩანდა.
არც კი ვიცი, როგორ გაგრძელდება მათი ურთიერთობა. გაფიქრებაც კი არ მინდა, როგორი ცოლქმრობა ექნებათ მათ, მაგრამ ანას არაფერი ესმის.
P. S. თუ ფიქრობთ, რომ საინტერესო ისტორია გადაგხდათ, მოგვწერეთ მეილზე: marao@marao.ge
მე ღმერთის შეცდომის მსხვერპლი ტრანსგენდერი ქალი ვარ