ტრიქსტერის მძღოლმა ნინი სახლამდე მოიყვანა და წავიდა. ეზოში, სკამზე ნიკა იჯდა და ნინის ელოდა.
- სად იყავი ამდენ ხანს? ვინაა ეგ ტიპი?
- სად ვიყავი და საქმეზე! შენთვის რა მნიშვნელობა აქვს?..
- იცი, რამდენი ხანია, გელოდები? გასაღები მაინც დაგეტოვა!
- მოიცა, შენ რაა, სულ ჩემთან აპირებ ცხოვრებას?
- ეეე... ხომ გითხარი, ერთ-ორ დღეში წავალ-მეთქი რა... ვასკასთან მერიდება პროსტა... ცოლი, შვილები, მშობლები...
- კაი ხოო, მორჩი წუწუნს! წამო, ავიდეთ...
ნინი და ნიკა სახლში ერთად შევიდნენ.
- შენი ცოლი ვნახე, მართლა!
- ჰა?.. რა პონტში?..
- ამტკიცებს, რომ იმ ტიპთან სერიოზული არაფერი ჰქონია! შენი ამბავი აინტერესებდა... ნერვიულობს! რა ჩემი საქმეა, მაგრამ დალაპარაკებას წინ რა უდგას? მიდი, მოუსმინე, რას გეტყვის...
- აუუ, ამეშლება ნერვები და თავს ვეღარ შევიკავებ, ვიცი რა... დახურე ეგ თემა საერთოდ!
- კაი, ხოო... რაც გინდა, ის ქენი. - მე საშინლად მშია!
- სახლში არაფერი გაქვს და... წამო თუ გინდა, დავსხდეთ სადმე...
- დილით ამოვიტანე ჩაბასტურმებული ხორცი, მაცივარშია! უცებ დავყრი ტაფაზე და შევწვავ.
- მე ხორცს აღარ ვჭამ, ხო იცი?
- არაა? - როდის აქეთ აღარ ჭამ? ან რატო აღარ ჭამ? რა ვიცი, ხორციანი სადილი რო არ გამეკეთებინა ყოველდღე, ცოცხლად მჭამდი...
- გოგო, ამას წინათ ცხვარი დავკალი... ჰოდა, დამესიზმრა მერე, მოვიდა და მითხრა, რატო დამკალი, რა დაგიშავეო... აი, მაგის მერე იმენა პირს ვერ ვაკარებ რაა...
- უიმე, ვერ ხარ რაა... - გაეცინა ნინის და მაცივარი გამოაღო.
- რა გაჭამო, აბა?
- წამო-მეთქი, რესტორანში გეპატიჟები... მეტი რა ვქნა?
- არ შემიძლია! ძალიან დაღლილი ვარ... შენ წაი - ჭამე...
- წაიჭამეს მოგცემ, გოგო, შენ! - რამ დაგღალა? თუმცა, ვიცი! რამ კი არა, ვინ! - იმ ტიპმა ხო? ვინც მოგასრიალა სახლამდე...
- იმანაც... მაგრამ ისე არა, როგორც შენ იფიქრე! - შენ რაც იფიქრე, ის სასიამოვნო დაღლაა...
- ხო-ხო, შენ რა ხარ!.. და ვინაა ეგ ტიპი?
- რაში გაინტერესებს? ხომ არ ეჭვიანობ?
- არა, ტო... იმ იეროგლიფებს უკავშირდება რამენაირად?
- მანუსკრიპტს? - კიი...
- რა ქენი, გაშიფრე?
- კი და ახალი გამოცანა მაქვს!
- მეტყვი?
- ჰო... უცებ არ გამოიცნო...
- შენ თქვი და... შენი რა მიდის?
- თამაშში მხოლოდ ორი ფერია, ბნელის და ნათელის ბრძოლა ძნელია. გამარჯვებისთვის - მთავარი ფიქრია! რიგითი - იცავს! ცხენები მიქრიან.
- ოჰო...
- რა უნდა იყოს?..
- ვერ ხვდები?
- ნწწ...
- ჭადრაკი იქნება... თამაშში ორი ფერიაო, - ბნელი და ნათელი, ანუ თეთრი და შავი. მთავარი ფიქრიაო და რა იყო კიდე? ცხენები... ჰო, ნუ ეგაა რა!
- ვაა, ყოჩაღ შენ!
- ჭადრაკი უნდა ითამაშო?
- იმედია, არა! ჭადრაკის გონზე არა ვარ...
- მაგარ სტრანნი დვიჟენიებში ხარ შენ ამ ბოლო დროს...
ნიკას მწვადის სუნზე მადა გაეღვიძა და შიმშილმა ძალიან შეაწუხა. ვასკას გადაურეკა და საჭმელად წავიდა. ნინიმ დრო იხელთა და ტრიქსტერს მისწერა:
- ინტრიგანო, აქ ხარ? ამდენი იმისთვის მაწვალე, რომ მძღოლის ნათქვამი გამოცანა მომესმინა?
- ფაქტობრივად, ეგრეა
- ჭადრაკია სწორი პასუხი?
- კი...
- მერე რა უნდა ვქნა?
- კვირას, 3 საათზე მოჭადრაკეს შეხვდები... მანამდე მოძებნე გიგანტური ჭადრაკი სკვერში... ის იქნება თქვენი შეხვედრის ადგილი.
- მეკაიფები? ჭადრაკის გონზე არ ვარ! თან მოჭადრაკეს როგორ მოვუგებ? - ზღაპარია!
- ვერ მოუგებ და თამაშს დატოვებ!
- არ არსებობს!
- სამწუხაროდ, ასეა! მხოლოდ მოჭადრაკეს შეუძლია მოგცეს შემდეგი მინიშნება! იმისთვის, რომ ჯაჭვი გაგრძელდეს, მას უნდა მოუგო!
- რა სისასტიკეა!.. გამოსავალს არ მიტოვებ, ხომ?
- უკიდურეს შემთხვევაში, შეგიძლია ვინმე დაიხმარო! მე ახლა მივდივარ და შაბათამდე არ ვიქნები...
- მიდიხარ?
- ქვეყნიდან მივდივარ! კონტაქტი არ გვექნება, შაბათამდე...
- რა გაეწყობა! გამოდის, რომ მე და შენ ერთმანეთს უნდა დავემშვიდობოთ... არადა, რა საინტერესოდ დაიწყო ყველაფერი...
- კვირამდე დრო გაქვს! - ივარჯიშე!
- რაც არ უნდა ვივარჯიშო, რამდენიმე დღეში ნასწავლი ჭადრაკით მოჭადრაკეს როგორ მოვუგებ? ვითომ არ იცი, რომ აბსურდია! თუმცა, იმედს ვიტოვებ, რომ ესეც შენი მორიგი ხრიკია და მეტი არაფერი... დროებით, ინტრიგანო
- წარმატებებს გისურვებ, შავგვრემანო
ნინიმ მაინც ვერ მოისვენა. მთელი ღამე ფიქრობდა, - მართლა რომ გამორიცხოს თამაშიდან ტრიქსტერმა და ვერასოდეს გაიგოს, ვინ არის ამოფარებული ამ დამაინტრიგებელი ჩეშირელი კატის ავატარის უკან? - არა, ამას ნინი ვერ შეეგუება!
გათენდა თუ არა, სახელოსნოში წავიდა. ხატვა დაიწყო, მაგრამ გული ვერ დაუდო. მობილური ამოიღო და სალის ნომერს დახედა. მაინც ვერ გადაეწყვიტა ბოლომდე, - დაერეკა თუ არა. ვერც ტექსტი მოიფიქრა, რა უნდა ეთქვა ტელეფონში მისთვის... დარეკვას პირდაპირ მისვლა ამჯობინა. - ან უკეთესი... გაიგებს მისი სახლის მისამართს და უბრალოდ, გარედან შეხედავს ფანჯრებს... დააკვირდება!
ნინიმ მეგის გადაურეკა და საბას სახლის მისამართი გაიგო. დამლაგებელს დაუბარა, თუ ვინმემ მიკითხოს, ან მოვბრუნდები, ან არაო და კიბეები სწრაფად ჩაირბინა.
მანქანა იმ კორპუსის ეზოში გააჩერა, რომელშიც საბა და სალი ცხოვრობდნენ. მეგიმ სართული და ბინის ნომერი არ იცოდა, მხოლოდ ქუჩა და კორპუსი...
ნინი დაახლოებით ოცი წუთი იჯდა მანქანაში და ყველა ფანჯარას სათითაოდ აკვირდებოდა. ბოლოს საკუთარ თავზე გაეცინა, აგენტივით რომ იჯდა მანქანაში და ფანჯრებს მისჩერებოდა.
მანქანა დაქოქა და სახლისკენ აიღო გეზი. დაუკმაყოფილებლობის გრძნობა ჰქონდა და რაღაცის გაკეთება უნდოდა. უცებ ის მრბოლელი გაახსენდა, რომელზეც მეგიმ მოუყვა და მაშინვე დაამუხრუჭა.
მეგისგან იცოდა, რომ BMW-ეს კლუბში იყო გაწევრიანებული. თავისი ნაცნობის ნომერი მოძებნა ტელეფონში, რომელიც "გონკების" დიდი მოყვარული გახლდათ და ძალიან ხშირად ესწრებოდა შეჯიბრებებს... ნინის ბუნდოვნად ახსოვდა, რომ ამ კლუბთან რაღაც კავშირი უნდა ჰქონოდა კახას. - არც შეცდა! კახასგან კლუბის მისამართი შეიტყო და მაშინვე მოატრიალა მანქანა.
კლუბის წევრებს პატარა ოფისი ჰქონდათ დაქირავებული, სადაც იკრიბებოდნენ ხოლმე. ნინი ცერემონიების გარეშე, პირდაპირ შევიდა და იქ მყოფთ მიესალმა.
- გამარჯობა... ერთ ადამიანს ვეძებ, თქვენი კლუბის წევრია, - რეზი კვესელავა! - სად შეიძლება ვნახო?
ბიჭები ნინის თვალს არ აშორებდნენ. ერთ-ერთმა მათგანმა, რომელიც ძირს დაგდებულ პუჰზე იჯდა, სხვებს გადახედა და ღიმილით წამოიძახა:
- რა ბედი აქ ამ რეზის, ტოო... სულ მაგარი გოგოები ეძებენ ხოლმე...
- მე მხოლოდ საქმეზე ვარ მოსული...
- კაი, კოსტა... რეებს ბაზრობ... - მოშორებით მჯდარი ქერა ბიჭი ფეხზე წამოდგა და ნინის თავისი სკამი შესთავაზა.
- არა, მეჩქარება! არის აქ რეზი თუ არა?
- რეზი ერთი კვირა არ იქნება! ქალაქიდან გაემგზავრა...
- გაემგზავრა? - იკითხა ნინიმ და უცნაურად გააჟრჟოლა ტანში.
- კი... ბულგარეთში წავიდა!
- აა... როდის?
- მგონი, გუშინ ღამით...
- კარგი, მადლობა...
ნინი გარეთ გამოვიდა და ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა. თითქმის დარწმუნებული იყო, რომ იპოვა ის, ვისი ნახვაც ასე ძალიან სურდა... თავისი ექსტრაორდინარული კლიენტი...
შაბათს ტრიქსტერი არ გამოჩენილა. მხოლოდ მისმა მძღოლმა მისწერა, რომ კვირას მანქანით გამოუვლიდა და დანიშნულების ადგილას წაიყვანდა.
ნინი აღარ ნერვიულობდა, რადგან წაგების შემთხვევაშიც კი შეძლებდა ტრიქსტერის პოვნას...
თუმცა, სასურველი იყო, გაემარჯვებინა, რადგან თამაშის გაგრძელება მთელი არსებით უნდოდა. დაფიქრდა, ვისთვის ეთხოვა დახმარება...
გაგრძელება იქნება ორშაბათს
P.S. მკითხველს:
დავალება მეოთხე: - დაეხმარე ნინის ჭადრაკის თამაშში. კვირას, 7 აპრილს, 3 საათზე ეთამაშე მასთან ერთად მოჭადრაკეს. იპოვე გიგანტური ჭადრაკი სკვერში.
თამაში იწარმოებს გუნდური პრინციპით. - მოთამაშეები და კოლიბრი - მოჭადრაკის წინააღმდეგ.
გამარჯვების შემთხვევაში, შენ მიიღებ მომდევნო მინიშნებას!
ვითამაშოთ
Trickster