რეზიუმე: ანონიმური პროფილის მქონე უცნობი უკავშირდება ერთმანეთისაგან რადიკალურად განსხვავებულ სამ გოგონას და უცნაურ თამაშში ჩაითრევს, სადაც მათ სხვადასხვა ყოფითი სიტუაციიდან თავის დაძვრენა, საიდუმლოებების ამოხსნა და გარკვეული მინიშნებების პოვნა მოუწევთ იმისათვის, რომ მოძებნონ თამაშის მთავარი ინიციატორი - ტრიქსტერი.
მოთხრობის გმირების მსგავსად, ნებისმიერ მსურველ მკითხველს ეძლევა შესაძლებლობა, გააკეთოს ის, რასაც აკეთებენ მოთხრობის მთავარი გმირები... - ანუ ითამაშოს!
მკითხველისთვის განკუთვნილი დავალებები ეპიზოდებს P.S.-ის სახით დაერთვება.
* * *
- მოგეწონა ვახშამი? - ჰკითხა ვაკომ ნინის, როცა მანქანით სახლამდე მიაცილა.
- კი! საინტერესო იყო... "თენქს".
- პირიქით, შენ მადლობა! სასიამოვნო იყო შენი გაცნობა, შენს კომპანიაში ყოფნა და საერთოდ... კარგი საღამო იყო. შეიძლება, კიდევ გნახო?
- შეიძლება რო? არ აგიკრძალა ერთმა ინტრიგანმა? - გაეცინა ნინის.
- მე ვერავინ ვერაფერს ამიკრძალავს, შავგვრემანო...
- რა თქვი?
- ვერავინ ვერაფერს ამიკრძალავს-მეთქი...
- არა, მაგის მერე?
- რა ვთქვი?.. - არ მახსოვს...
- შავგვრემანოო...
- მერე? არ უნდა მეთქვა?
- ეგრე ის მეძახის!
- ვინ? ტრიქსტერი?
- ჰო... მისმინე... - რა უნდა გავაკეთო იმისთვის, რომ მითხრა, ვინ არის?
ვაკოს გაეღიმა.
- შენ გგონია, რომ ვიცი, ვინ არის?
- არ იცი?
- მხოლოდ ის ვიცი, რომ ვინც არ უნდა იყოს, მაგარი ჭკვიანია! ძალიან ინტრიგანია, სწორად უწოდე შენ... ადამიანების მართვის საოცარ უნარს ფლობს... მისგან ძალიან კარგი ლიდერი გამოვიდოდა. ყოველთვის ყველაფერი წინასწარ, ზედმიწევნით ზუსტად აქვს გათვლილი და მისი გაშიფვრა შეუძლებელია! ისე ნატურალურად გადაგიტანს ეჭვებს... თითქმის დაგარწმუნებს რაღაცაში და უცებ - ბაც! და საპირისპიროდ შეატრიალებს ყველაფერს...
- შენ რამდენი რამე გცოდნია მის შესახებ!
- მქონდა ბედნიერება!
- საიდან, ვერ მეტყვი? გპირდები, ჩემგან ვერაფერს გაიგებს!
- უკვე ესმის! ყოველთვის ყველაფერი ესმის...
- რას ამბობ?
- კარგი... ზედმეტი წამოვროშე ისედაც!
- ვიცი, რომ ფულით აინტერესებს ადამიანებს და შენ რითი დაგაინტერესა, საინტერესოა?.. შენ ფული უკვე გაქვს...
- მართალი ხარ... მე სხვანაირად მომიდგა! იცის, ვის როგორ მიუდგეს! სამწუხაროდ, მე მალე გამოვეთიშე თამაშს...
- თამაშს? - შენ მოთამაშე ხარ?
- ყოფილი... ადრე ბიჭებს ეთამაშა! ერთ-ერთი მე ვიყავი...
- დანარჩენები? როგორ დასრულდა თამაში?
- სამნი ვიყავით! - ბიჭები... მე, ჭადრაკი ვისაც ეთამაშეთ ის და მესამე...
- მესამე ვინ?
- მრბოლელი...
- მერე?
- ვერცერთმა ვერ გავქაჩეთ... არადა, ძალიან მაინტერესებდა ფინალში გასვლა! ისეთ აზარტში შეგვიყვანა, რომ...
- ანუ თამაშს გამოეთიშეთ?
- სამივე! შესაბამისად, არც თვითონ გამოჩნდა... მერე ეტყობა, გოგოებზე სცადა და... როგორც ვხედავ, გაამართლა! თქვენ ჩვენზე მაგრები გამოდექით...
- და ახლა როგორ მოხვდი აქ?
- მომწერა, მკითხა, მინდოდა თუ არა ახალ მოთამაშეებთან შეხვედრა... მითხრა, რომ ამჯერად გოგოებს ეთამაშება! თამაშის მეორე მხარეს გადმოდიო... ჯერ უარი ვუთხარი, მერე ცნობისმოყვარეობამ მძლია! ვეღარ მოვითმინე... ეგ ვახშამიც თვითონ დაგეგმა...
- და ის ორი? ირაკლი და გიორგი?
- ეგენი არ ვიცი, ვინ არიან, - პირველად ვნახე...
- მეც შევატყვე, რომ თავშეკავებული იყავი და ყველაზე ნაკლებად შენ ერთვებოდი საუბარში... ის ორი ისე ტლიკინებდა, რომ აშკარად იცნობენ ერთმანეთს... რა საინტერესოა...
- მისმინე! ჩემს ვიზიტკას მოგცემ რაა და თუ რამეა, დამირეკე... მითხარი, რასაც გაიგებ, კაი?
- კაი... ჩემი ნომერიც ჩაიწერე და იგივე, "კაროჩე"...
- ჰო...
ნინიმ და ვაკომ ნომრები გაცვალეს.
- ახლა რა ეტაპზე ხართ?
- გასაღები ვიპოვე! როგორც თქვა, მისი სამალავის...
- ვაუ... რა შორს წასულხარ!.. გოგოებმა რა თქვეს? მივხვდი, რომ იცანით ერთმანეთი...
- არ ვიცი... დრო არ იყო იქ სალაპარაკოდ... და შენ რა დავალებები გქონდა?
- რავი, ბევრნაირი... მე გვირაბში ჩავფლავდი... ბნელი ავირჩიე და შუა გზაში ფარანი დაჯდა... უკან ძლივს გამოვაღწიე...
- ყველაფერი ესმისო, რომ მითხარი... რა იგულისხმე? ანუ სიახლოვეს ტრიალებს?
- არ ვიცი... სრულიად მარტო რომ ვყოფილვარ და რაღაც გამიკეთებია, ეგეც გაუგია... ისეთ რაღაცას მომწერდა, რომ ლამის მისი ზებუნებრიობა დამეჯერებინა!
- რა საინტერესოა...
- კარგი, აღარ გაგაცდენ... გვიანია უკვე... თუ რამეა, დამირეკე! ისეც თუ დამირეკავ, ბედნიერი ვიქნები.
- კარგი... დაგირეკავ ისეც! - დროებით...
ნინი სახლში ავიდა და ეგრევე დივანზე დაეგდო. მის თავში სრული ქაოსი ტრიალებდა. ჯერ გოგოები, მერე ვაკოს ნათქვამი... როგორც ჩანს, ტრიქსტერს ადრეც ჰქონდა თამაშის მცდელობა... ნინის გონებიდან არ ამოსდიოდა ვაკოს სიტყვები: - ყოველთვის ყველაფერი ესმისო...
უცებ თითქოს დენმა დაარტყაო, არანორმალურივით წამოჯდა და სასწრაფოდ მედალიონი მოიხსნა...
"იქნებ მედალიონშია მოსასმენი აპარატი? რატომ აქამდე არ მომივიდა თავში?.. ტრიქსტერმა ხომ მითხრა, სულ გეკეთოს და არასოდეს მოიხსნაო?.. თუ ასეა, მაშინ ჩვენი ხვალინდელი შეხვედრის ამბავიც ეცოდინება..." - გაიფიქრა ნინიმ და ძალიან ინანა, რომ გოგოებს ტელეფონი არ გამოართვა. რატომღაც არცერთს არ მოსვლია თავში ეს აზრი... ისე იყვნენ დაბნეულები და გაოგნებულები...
მეორე დღეს ნინიმ მედალიონი სახლში დატოვა და ისე წავიდა შეხვედრაზე. სალი მისული დახვდა. ცოტა ხანში მიაც მოვიდა. ნინიმ ფურცელზე დაწერა, რომ შესაძლებელია, მედალიონებში მოსასმენი აპარატი იყოს და ხმა არ ამოიღოთო...
სახელოსნოში რომ ავიდნენ, ორივეს გამოართვა მედალიონები და ტუალეტში შეიტანა. მერე ოთახში მუსიკა ჩართო და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყეს ლაპარაკი. ნინიმ გოგოებს ვაკოს მონაყოლი ყველაფერი უთხრა. ამის შემდეგ სამივემ თავისი ისტორია და დავალებები დაწვრილებით გაუზიარა ერთმანეთს.
- იცით, რას ვფიქრობ? იქნებ ტრიქსტერს უნდოდა, რომ ერთმანეთი გვეპოვა? მით უმეტეს, თუ ვაკომ გითხრა, რომ ყოველთვის ყველაფერი აქვს გათვლილიო, ნუთუ იმას ვერ გათვლიდა, რომ ჩვენ მედალიონებით მივხვდებოდით?
- მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ვახშამი სპეციალურად მოაწყო! საინტერესოა, გასაღებები, რომლებიც ვიპოვეთ, ერთი და იგივე კარს აღებს თუ სხვადასხვას?
- მე აქ მაქვს! ხელზე მიკეთია, რომ არ დავკარგო. - თქვა ნინიმ და ხელზე დახვეული ლენტი მოიხსნა.
- მე ჩანთაში მაქვს! - თქვა სალიმ და თავისი გასაღები ამოიღო. ნინის და სალის გასაღებები იდენტური აღმოჩნდა. მიას არ ჰქონდა თან წამოღებული, მაგრამ სავარაუდოდ, ისიც იგივე იქნებოდა...
- მე აქამდე რეზი მეგონა! ის გამგზავრებაც როგორ დაემთხვა! - თქვა მიამ.
- ისე, რეზი რომ ერთ-ერთი მოთამაშე იყო, ეს სულაც არ გამორიცხავს იმას, რომ შეიძლება ტრიქსტერია! - თქვა სალიმ.
- უი, ისე ხოო... ძაან ლოგიკური სვლა იქნებოდა მისი მხრიდან ეგ! კაკ რაზ, მის ხასიათში ჯდება! - თქვა ნინიმ და თან ლეპტოპი ჩართო.
- მე და შენ, ნინი, საერთო გვიპოვა აშკარად! ჩემი ქმრის საყვარელი - შენი ყოფილი ქმრის საცოლეა... ძაან უცნაურია, მაგრამ მიასთან ჯერჯერობით ვერ ვიპოვე საერთო... ესეც უცნაურია!
- გეთანხმები! - დაემოწმა მია.
- რა ვქნათ?
- არაფერი, სალ... - განვაგრძოთ თამაში! მოვძებნოთ ის სამალავი და სამივე ერთად მივიდეთ! მე ირაკლიმ რომ ქარვასლა ახსენა, - ეგ მგონია! გუშინ "გუგლში" ვეძებე და რამდენიმე ქარვასლა ამომიგდო... მერე გავცხრილე... ანუ უმოქმედო რომელიცაა, ის იქნება ყველა ვარიანტში! თან, ისლამური სტილი რომ ახსენა, ეგეთია ზუსტად ლესელიძეზე რომ ქარვასლაა... თან შემოღობილია! კერძო საკუთრებაშია!
- ერთი იდეა მომივიდა! რა მოხდება, რომ არ დაველოდოთ, როდის დაგვიწესებს იქ მისვლის დროს და ჩვენით მივიდეთ? გასაღები კი გვაქვს... დარწმუნებული ვარ, რომ მივალთ, თვითონ იქ არ დაგვხვდება და მოულოდნელად რომ დავადგეთ თავზე? სად წავა? - თქვა ნინიმ და თან "ფეისბუქი" გახსნა.
- ეგეც კარგი აზრია! - დაემოწმა სალი.
- ვაიმე... მოუწერია!
- რას იწერება?
- მოიცა, წავიკითხავ: - გამარჯობა, შავგვრემანო მოკლედ, შესანიშნავი სამეული ხართ და ძალიან კარგად გამოიყურებით ერთად თქვენი ტრიო არაჩვეულებრივია! სამწუხაროა, რომ მინორში უნდა გადაგაგდოთ და გითხრათ, რომ სამივემ დაარღვიეთ წესები და ერთმანეთთან კონტაქტში შეხვედით! ვახშამი მხოლოდ თქვენს გამოსაცდელად მოვიფიქრე. მაინტერესებდა, გაუძლებდით თუ არა ცდუნებას... სამწუხაროდ, ვერც ამჯერად გაამართლა თამაშმა და უნდა დაგემშვიდობოთ! სამალავის მინიშნებას ვერ მიიღებთ და ვერც პასუხს დამიბრუნებთ, რადგან ამ გვერდის დეაქტივაცია უკვე ძალაში მომყავს!
სასიამოვნო იყო თქვენთან თამაში! მინდა გითხრათ, რომ თქვენ არცერთს აღარ გჭირდებათ ტრიქსტერი! თქვენ სამივე უკვე გამარჯვებული ხართ, იმით, რომ თამაშში მოხვდით...
მომენატრებით
GAME OVER
Thank you for playing
Trickster
გაგრძელება იქნება ორშაბათს
P.S. მკითხველს:
კვირას, 3 საათზე, მოხვალთ გაშიფრულ ადგილზე.
შენობის დეტალს ეპიზოდის პოსტერში იხილავთ!
ვითამაშოთ?