რეზიუმე: ანონიმური პროფილის მქონე უცნობი უკავშირდება ერთმანეთისაგან რადიკალურად განსხვავებულ სამ გოგონას და უცნაურ თამაშში ჩაითრევს, სადაც მათ სხვადასხვა ყოფითი სიტუაციიდან თავის დაძვრენა, საიდუმლოებების ამოხსნა და გარკვეული მინიშნებების პოვნა მოუწევთ იმისთვის, რომ მოძებნონ თამაშის მთავარი ინიციატორი - ტრიქსტერი.
მოთხრობის გმირების მსგავსად, ნებისმიერ მსურველ მკითხველს ეძლევა შესაძლებლობა, გააკეთოს ის, რასაც აკეთებენ მოთხრობის მთავარი გმირები... - ანუ ითამაშოს!
მკითხველისთვის განკუთვნილი დავალებები ეპიზოდებს P.S.-ის სახით დაერთვება.
* * *
ტრიქსტერის წერილის წაკითხვამ გოგოები შოკში ჩააგდო. როგორც აღმოჩნდა, მან სამივეს ერთნაირი ტექსტი მისწერა. მის საქციელზე დიდხანს იმსჯელეს და სამივე ერთ ვარაუდზე შეჩერდა, რომ ტრიქსტერი ასე ადვილად არ დაემშვიდობებოდა მათ.
შეიძლება, მისი გაქრობა წინასწარ გამიზნული ქმედებაა და სხვა არაფერი... შეიძლება, ეს სვლაც თამაშის შემადგენელი ნაწილია...
ტრიქსტერმა მართლა მოახდინა თავისი "ფეისბუქის" გვერდის დეაქტივაცია, რითაც ყველანაირი გზა მოუჭრა მოთამაშეებს.
- მთავარია, არ დავიბნეთ და ყველაფერი კარგად გავთვალოთ! ჩვენ საკმარისი კონტაქტები გვაქვს და საკმაო რაოდენობის ინფორმაციას ვფლობთ იმისთვის, რომ დამოუკიდებლად ვიმოქმედოთ. - თქვა ნინიმ და სახელოსნოს ფანჯრიდან გადახედა ქუჩას.
- მგონი, აჯობებს, მრბოლელი მოვინახულოთ, პირველ რიგში! მძღოლის, კურიერის და მოჭადრაკის კოორდინატები არ ვიცით... ვაკო მნიშვნელოვანი ფიგურაა და მგონია, იმაზე მეტი იცის, ვიდრე შენ მოგიყვა...
- მართალი ხარ, სალ... მეც ეგრე მგონია! უნდა ვეცადო, რომ მაქსიმალურად გამოვწურო!
როგორც კი დამირეკავს, შევხვდები...
- ის მრბოლელი ხვალ რომ ვნახოთ, არა? ყოველ შემთხვევაში, იმას მაინც გავიგებთ, ჩამოვიდა თუ არა!
- რა თქმა უნდა, მია! ეგეც უნდა ვნახოთ და მე საიდუმლო ოთახზე ვფიქრობ... ირაკლის ნახსენები შენობა მგონია და მომკალი! ლესელიძეზეა ერთი ეგეთი ქარვასლა... რა მოხდება, რომ მივიდეთ და ვნახოთ?
- თუ გინდა, ახლავე წავიდეთ! ჩემი მანქანით. - თქვა ნინიმ და მანქანის გასაღები ამოიღო ჯიბიდან.
- თუ მართლა მანდ არის მისი სამალავი, მაშინ ნამდვილად მოულოდნელი იქნება ჩვენი ვიზიტი! შეიძლება ელოდება, რომ ჩვენ მაინც ვიპოვით, მაგრამ დარწმუნებული ვარ, დღესვე რომ მივიდეთ, ამას ვერც კი წარმოიდგენს!
- ჰოდა, დრო აღარ დავკარგოთ, - წავიდეთ...
სამივენი ნინის მანქანით ლესელიძის 36 ნომერში წავიდნენ, სადაც ძველი ქარვასლის შენობა იდგა. შენობას გარშემო გალავანი ჰქონდა შემორტყმული. გოგოებმა მთლიანად შემოუარეს ქარვასლას და შედარებით ადვილად გადასაძრომი ადგილიც იპოვეს.
ქარვასლის მხოლოდ კედლები იყო შემორჩენილი. მთელ შენობას გარშემო დიდი თხრილი ჰქონდა შემოვლებული და მხოლოდ ერთი ფიცარი იყო გადებული, საიდანაც შეიძლებოდა გადასვლა.
წვიმდა და სველ ფიცარზე ფეხი სრიალებდა. გოგოები შენობაში შევიდნენ. კედლები წითელი აგურით იყო ნაშენები და ფანჯრების ადგილას დიდი სპარსული სტილის ლამაზი თაღები იყო.
გოგოებმა ჯერ ზედა სართულები მოიარეს. გზადაგზა ხვდებოდათ ორმოები, გაუქმებული შახტები, რომლებიც საკმაოდ სახიფათო იყო. ბევრი ძებნის შემდეგ გოგოებმა დახვეული ვიწრო კიბე იპოვეს, რომელიც ქვემოთ, ნულ სართულზე ჩადიოდა. რაც უფრო ღრმად ეშვებოდნენ კიბეზე, მით უფრო კლებულობდა დღის სინათლე და საჭირო გახდა ფარრის ანთება.
ფარანი არცერთს არ ჰქონდა წამოღებული, ამიტომ მობილურებით ინათებდნენ გზას.
სარდაფიც მოიარეს და პატარა ხის კარი იპოვეს. კარს გარედან გამჭვირვალე პარკი ჰქონდა აკრული და უცებ ვერ მიხვდებოდი, რომ იქ კარი იყო.
მიამ კედელზე ცარცით მიხატული ტრიქსტერის სიმბოლო შენიშნა და გასაღები ამოიღო. გოგოები თითქმის ბოლომდე იყვნენ დარწმუნებულნი, რომ ეს კარი სწორედ ის იყო, რასაც ეძებდნენ...
კარს პატარა ოქროსფერი ბოქლომი ეკეთა გარედან. მიამ გასაღები ამოიღო და ბოქლომს გაუყარა. ტკაცუნის ხმა გაისმა და ბოქლომი გაიღო.
სამივეს ტანში ჟრუანტელმა დაუარა. კარი გამოაღეს და ვიწრო, ბნელ კორიდორს გაუყვნენ.
კორიდორი მარჯვნივ უხვევდა. აქაც ძალიან ცუდი გადასასვლელები იყო.
მოსახვევს მიუახლოვდნენ თუ არა, ძირს დაწყობილი პატარა, მრგვალი ყვითელი სანთლები დაინახეს, რომლებიც მათ გასაკვირად, ენთო...
უკუნეთ სიბნელეში ეს ყვითელი პატარა სანთლები ძალიან იდუმალი სანახავი იყო... გოგოები ხმას ვერ იღებდნენ და სუნთქვაშეკრულები მიიწევდნენ წინ.
მალევე გვირაბი დაიქსაქსა და რამდენიმე გასასვლელ-გამოსასვლელი გამოჩნდა.
- გავნაწილდეთ თუ ერთად ვიაროთ? - იკითხა ნინიმ.
- არა, ერთად ჯობია! რა ვიცით, რა ხდება... სად ვართ. - უპასუხა მიამ.
- აშკარად იცოდა, რომ მოვიდოდით... საიდან ხვდება ამ ყველაფერს... - თქვა სალიმაც.
გოგოები ხმადაბლა საუბრობდნენ, მაგრამ იმ სამარისებურ სიჩუმეში მათი ხმა მაინც ხმამაღლა ისმოდა.
გზაში რამდენიმე წყლის ბოთლი იპოვეს, რომლებიც სანთლების სიახლოვეს ეწყო, თითქოს ვიღაცამ სპეციალურად დატოვა განათებულ ადგილზე, რომ ეპოვათ...
გვირაბში უკუნეთი სიბნელე იყო გამეფებული და საკმაოდ ციოდა. იქაურობა მტვრის და ნესტის სუნით იყო გაჯერებული.
როგორც ჩანს, ამის ქვემოთაც იყო გვირაბები, რადგან შახტები კიდევ ეშვებოდა ქვემოთ, მაგრამ იქ ჩასვლა შეუძლებელი იყო... ჯერ ერთი, ჩასასვლელი არსად ჩანდა, მხოლოდ ორმოები და შახტები და მეორეც, რომც ჩასულიყავი, კოჭებამდე წყალში აღმოჩნდებოდი.
- რა უცნაური ადგილია! ასეთი ჯურღმულები მხოლოდ ფილმებში მქონდა ნანახი... - თქვა სალიმ და ნინის ხელი მოჰკიდა.
- ნუ გეშინია! სპეციალურად არჩევს ასეთ ადგილებს...
- იქიდან რაღაც თითქოს უფრო მეტი შუქი გამოდის... - დაიძახა მიამ და გვირაბი ბოლომდე გაიარა. გოგოებიც უკან გაჰყვნენ და პატარა ოთახში მოხვდნენ, სადაც...
- საიდუმლო ოთახი! - ხმამაღლა შეჰყვირა სალიმ.
- ვიპოვეთ! - ტრიქსტერის სამალავი ვიპოვეთ!
ოთახი პატარა იყო და ბნელი. არანაირი განათება, მხოლოდ ის ყვითელი სანთლები... ოთახის ბოლოში, კედელზე ფურცლებზე დაწერილი დავალებების და მინიშნებების ნიმუშები იყო გაკრული. შუაში პატარა, სახელდახელოდ მოწყობილი მაგიდა... რომლის ფეხების მოვალეობას აგურები ასრულებდა, ხოლო ზედაპირს - რაღაც სქელი ბეტონის ფირფიტა.
მაგიდაზე ცარიელი შავი ლუდის ბოთლი, ჭიქა, თეფშზე დაწყობილი თევზის ფორმის ნამცხვრები, სანთლები, წყალი და კუბიკ-რუბიკი იდო.
- მგონი, ნამდვილად გვეკაიფება ეს! - შეხედეთ რაა... თევზები... - კატას თევზები უყვარს და თითქოს ჩვენ დაგვახვედრა, ხუმრობით... - თქვა მიამ და იქაურობა კარგად მოათვალიერა.
- ჩვენი დავალებები... სად გაუკრავს...
- ლუდიც ჰყვარებია!
- ვაიმე, ვკვდები, ისე მაინტერესებს, ვინ არის... უკვე იმ ეტაპზე ვარ, რომ ყველაფერზე წავალ, ოღონდ გავიგო, ვინ არის...
თქვა სალიმ და მაგიდას მოშორდა. იქაურობას ათვალიერებდა. შემოსასვლელის გასწვრივ, მაღლა, კედელზე ბეტონი იყო გამოწეული და ზემოდან ოდნავ რაღაც თეთრი მოჩანდა.
- გოგოებო, აქ რაღაც დევს...
მია და ნინი სალის მიუახლოვდნენ და ფარნები მიანათეს.
- ბლოკნოტს ჰგავს... როგორ ჩამოვიღოთ?
- მოდი, მე და შენ მია ავწიოთ და ჩამოიღებს!
მიამ შავი ტყავგადაკრული დღიური ჩამოიღო და გადაშალა. გაკრული ხელით, მელნიანი კალმით რაღაცები ეწერა. შიგადაშიგ ჩანახატებიც იყო გაკეთებული. ბევრი ფურცელი ამოხეული იყო, ზოგიც მომწვარი...
გოგოებმა სამალავი დატოვეს და დღის შუქზე გამოვიდნენ, რომ დღიური კარგად ენახათ.
"ჩემი პირადი ჩანაწერები" - ასე იწყებოდა დღიური... სამივე გარეთ იდგა და დღიურს ათვალიერებდა. კითხვა სალიმ დაიწყო. დღიურში ტრიქსტერი რამდენიმე ფრაგმენტს იხსენებდა თავისი ბავშვობიდან... აქ იყო მისი მოსაზრებები გოგოების შესახებაც, მათ დავალებებზეც ეწერა. კიდევ, რაღაც კოორდინატები იყო ჩანიშნული... უცნაური ფრაზები, ზოგი რამ წაშლილი...
- "გოგოებმა მედალიონები იპოვეს. საინტერესოა, თუ მიხვდებიან, რომ მედალიონები უნდა გააერთიანონ იმისთვის, რომ..." - დანარჩენი ნაწილი ამოხეული იყო.
დღიურში მიტოვებული ჰოსპიტალიც იყო ნახსენები, რომელიც ღამე საკმაოდ შემზარავია. ასევე, რაღაც უცნაური პატარა სოფელი, რომელიც "გუგლის" რუკაზეც არ არის აღნიშნული...
"სოფელში ფიჭვნარიც არის, მუხნარიც, ფოთლოვანი და შერეული ტყე... სახლი, - ცისფერი სახლი ორსართულიანია... სახურავი კრამიტისაა. მეორე სართულზე მხოლოდ ორი ოთახია. ქვემოთ ადრე ბოსელი იყო, ახლა საწყობია... მიყვარს სხვენში ასვლა. განსაკუთრებით მაშინ, როცა ჩრდილები იწელება და გრძელდება... სხვენში დიდი დაწნული ხის გოდრებია. ღამღამობით თაგვები აგორავებენ რკინის ცარიელ ქილას, რომელიც სპეციალურად არ ჩამოვიტანე...
- "კალიმერა", "ელა" - ეს ორი სიტყვა ისმის ყველაზე ხშირად. სოფელში მხოლოდ მოხუცები ცხოვრობენ და ეს ძალიან უცნაურია.
ისინი ხელში კრიალოსანს ათამაშებენ და ითვლიან... ითვლიან... ითვლიან... - კაცმა არ იცის, რას... იქნებ თავიანთ განვლილ დღეებს...
ამ სოფელში მხოლოდ ბ*** ცხოვრობენ"
- ეს სიტყვა წაშლილია! ბ-ზე... რა უნდა იყოს...
- ეს რაღაც შენობაა კიდე? წვეტიანი თაღები აქვს, ნახეთ... რაღაც, გოთიკურ სტილს ჰგავს... და 66 აწერია... ნეტა რას უნდა ნიშნავდეს?
- დააკვირდით, ეს ფრაზა რამდენჯერ მეორდება? – "ეს არის მეთოდი"... - რას უნდა ნიშნავდეს? - რა მეთოდზეა ნეტა საუბარი?
- არ ვიცი... ბოლოს ნახე, როგორ ამთავრებს: - "იმისთვის, რომ ფინალში მოხვდე, ძალიან ბევრი უნდა იარო!" და "ეს ჯერ მხოლოდ დასაწყისია..."
- ვაიმე, რა საინტერესოა! რაღაც მიწისქვეშეთს ახსენებს, ძველ ჰოსპიტალს... ეს უცნაური სოფელი, სასაფლაო... ნეტა ის ლოკაციები ხომ არ არის, სადაც უნდა გავეგზავნეთ ჩვენ?
- შესაძლებელია!
- ნახე: - "მოჭადრაკე, რომელიც სულაც არ არის მოჭადრაკე, ძირითად სვლებს ფეხით გააკეთებს".. - ასეც ვიცოდი, რომ არ იყო მოჭადრაკე... - თქვა სალიმ.
- შეიძლება, აქედან ბევრი რამე ცრუ იყოს და უბრალოდ, იმისთვის დაწერა, რომ კვალი აგვირიოს... მოდი და გაიგე, რა არის აქ სიმართლე და რა - არა...
- ეგა თქვი!.. ამ დღიურს კარგი ჩაჯდომა უნდა. სჯობს წავიდეთ! - აქ მეტი არაფერია და მოვიფიქროთ, რას ვიზამთ მერე...
- მართალი ხარ, სალ... დღიურს მე წავიღებ და დავასკანერებ. მერე გამოგიგზავნით ორივეს... - თქვა ნინიმ და დღიური ჩანთაში ჩაიდო.
- და იმ მრბოლელს მივადგეთ პირდაპირ იმ "ბე-ემ-ვეს" კლუბში... იმას მაინც გავიგებთ, ჩამოვიდა თუ არა!
- აუცილებლად! ხვალვე წავიდეთ...
- პირადად მე უკან არაფერზე დავიხევ და მაინც ვიპოვი! მაინც გავიგებ, ვინ არის და რა უნდა ჩვენგან... რას გვათამაშებს თაგვებივით...
თქვა ნინიმ და სამივემ დატოვა ტრიქსტერის სამალავი.
გაგრძელება იქნება ოთხშაბათს
P.S. მკითხველს:
ტრიქსტერის სამალავი ნაპოვნია! ასევე, დღიურიც...
იმას, თუ ვინ გახდა ტრიქსტერის პირადი ჩანაწერების მფლობელი, მალე ვიდეოდან შეიტყობთ.