რა ჯობია ზაფხულს? მეგობრებთან ერთად საზიარო ფულით ქობულეთში კერძო "სახლ-სტუმროში" ყოფნას? დილაობით პლაჟზე წოლას, ქვედხედით რომ უყურებ, როგორ გადაგაბიჯებენ თავზე ფერად-ფერადი, გასაბერი წყლის კამერებასხმული (ძირითადად) ბიჭები. ყურში გასაყიდად ჩამოტარებული ნიჟარის სამკაულების ჩხრიალი რომ ჩაგესმის და ცხელი სიმინდის ქვაბიდან წამოსულ ოხშივარსაც შეიგრძნობ...
პლაჟიდან მიბრუნებული სააბაზანოს კართან რიგში დგომა პირსახოცით ხელში... - მოკლედ, ვისვენებ!
კიდევ იმაში გამიმართლა, რომ ყოველ დილით, 7 საათზე "ხაზეიკას" წივილი მაღვიძებს. ყოველდღე, ზუსტად ერთი და იგივე ტექსტით. ხანდახან ეჭვიც კი მეპარება ძილში, მართლა ყვირის, თუ უკვე მესიზმრება?..
- სულეიმაააანნნ... სუუუულეეეიმააანნნ...
გაბმულად გაჰკივის ბოსტანში და კარგა ხნის მერე დააყოლებს ხოლმე: - "გამოდი, სანამ გაგძვრა სული!"
ის კი გავიგე, რომ სულეიმანი მის ქმარს ჰქვია, მაგრამ ვერაფრით მივხვდი, სად შედის ყოველი დილის 7 საათზე ის კაცი, რომ მერე აღარ გამოდის... არადა, ინტერესი მკლავს! თან ნერვებიც ძალიან მეშლება... რატომ იღვიძებენ ადგილობრივები ასე სისხამ დილით?
ჰო, როგორც უკვე გითხარით, მეგობრებთან ერთად ვარ! ერთ ოთახში ოთხი გოგო.
სამზარეულოც დასწრებაზეა. მდგმურებიდან ვინც ყველაზე მეტად იყოჩაღებს, მას შეხვდება სადილი.
მარათონი სამსახურშიც მეყოფა, ამიტომ "დავიკიდეთ" ეკონომია და გადავწყვიტეთ, რომ გარეთ ვიკვებოთ.
ჩვენი ოთხეულიდან მარტო ერთია გათხოვილი. დანარჩენები კაბრიოლეტებივით ვართ, - ყველა მშვენიერი, ოღონდ სახურავის გარეშე (სახურავში მამაკაცებს ვგულისხმობ).
ჩვენი გათხოვილი დაქალი, ჩვენს მაგივრად ათვალიერებს ბიჭებს და ყველანაირად ცდილობს, წაგვაქეზოს, რომ ინიციატივა გამოვიჩინოთ, რადგან "მთა თუ არ მიდის მუჰამედთან, მაშინ მუჰამედი უნდა მივიდეს მთასთან". ვერ გავიგე, ჩვენ ბედზე მართლა წუხს, თუ ვერ ეგუება, მარტო მას რომ აქვს გათხოვილის სტატუსი...
- "აბა, სხვა რა არის ქალის ცხოვრების მიზანი? - რა თქმა უნდა, გათხოვება! ჩემი ქმარი ჭამს, - მე ვაკეთებ, ის იცვლის, - მე ვრეცხავ! ის ყრის, - მე ვალაგებ! - არც კი ვიცი, რა უნდა მეკეთებინა მის გარეშე..."
მოკლედ, მანამ გვიბურღა ტვინი, სანამ სამივე არ გამოვიპრანჭეთ და დისკოთეკაზე არ წავედით. იმდენ ხანს ვიტრიალეთ სარკის წინ, რომ კინაღამ საკუთარი სილამაზით მონუსხულებს გულები არ წაგვივიდა.
ბუნგალოში ბევრი ხალხი იყო. ძირითადად მთვრალები. გოგოები გაცილებით სჭარბობდნენ ბიჭებს, ანუ კონკურენცია დიდი იყო. ჩვენ მაგიდას შემოვუსხედით და გარემოს ათვისება დავიწყეთ. რამდენიმე წუთში, მიმტანმა გოგომ, რომელსაც თამბაქოს კვამლისაგან სახე გაფითრებოდა, სამი ჭიქა ვისკი მოიტანა და მაგიდაზე დაგვიდგა.
ჩვენ ჯერ ერთმანეთს გადავხედეთ, მერე კმაყოფილი მზერა ბარისკენ გადავიტანეთ და მარჩიელობა დავიწყეთ, თუ ვის შეიძლებოდა გამოეგზავნა ჩვენთვის ვისკი.
კიდევ კარგი, რომ მაშინვე არ დავლიეთ. არ გასულა ხუთი წუთი, რომ შეშფოთებული სახით ისევ იმ გოგონამ მოირბინა და ბოდიშებით აგვაცალა ჭიქები, მაგიდა შემეშალაო.
ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, რამდენიმე ბიჭმა გამოთქვა ჩვენი გაცნობის სურვილი, მაგრამ შესაძლო კანდიდატებადაც რომ ვერ განიხილავ, ყველა ისეთი იყო.
მეტი ვეღარ გავძელი და გარეთ გამოვედი. სანაპიროს გავუყევი... დისკოთეკის ხმაური უკან ჩამოვიტოვე და ის-ის იყო, შევჩერდი, რომ ტალღებისთვის დამეგდო ყური, წინ ვიღაცამ ჩამირბინა. გოგონა იყო. ისეთი გამწარებული მირბოდა, რომ კენჭებს სულ ხრაშუნს ადენდა. გაკვირვებულმა გავაყოლე მზერა და უცებ ისევ მომესმა ნაბიჯების ხმა. სიბნელეში მამაკაცის სილუეტი გამოიკვეთა, როგორც ჩანს, იმ გოგონას მისდევდა, ოღონდ თითქოს ძალიანაც არ ჩქარობდა.
რომ მომიახლოვდა, შემომხედა და რამდენიმე ნაბიჯით გამცდა თუ არა, შეჩერდა და ჩემკენ შემობრუნდა. მეც გახევებული ვიდექი და თვალებგაფართოვებული ვაკვირდებოდი. ნუთუ ისაა? ხომ არ მეჩვენება?
სწორედ ის იყო! - ბიჭი მეცამეტე კუპედან, რომელმაც ბაქანზე ჩამოსვლისთანავე გული დამწყვიტა იმით, რომ გამომიცხადა, აქ შეყვარებულს ჩამოვაკითხეო.
- ეს შენ ხარ? - მკითხა გაკვირვებული ტონით და თან იმ გოგოსკენ გაიხედა, გამწარებული რომ გარბოდა. დაბნეული იდგა და ვერ გადაეწყვიტა, დაჭერობანა გაეგრძელებინა, თუ მე დამლაპარაკებოდა.
- მე ვარ, კი... როგორ ხარ? - ვკითხე და ჩემი გათხოვილი დაქალის რჩევის გათვალისწინებით მოვიქეცი, ანუ მე თვითონ მივედი მ(თ)ასთან.
- არამიშავს... გამიხარდა რომ შეგხვდი...
- ვარჯიშობ ძილის წინ?
- აა... არა, არა!.. უბრალოდ ჩემს შეყვარებულს მივსდევ... რაღაცაზე ვიჩხუბეთ და...
- ა, უი... ეგრე გეთქვა თავიდანვე... აღარ მოგაცდენდი... მიდი, გაეკიდე და... ჰო, ნუ... რავი... მეც გამიხარდა რომ გნახე...
- იმედია, ისევ შევხვდებით... ამ ადგილზე თუ მოდიხარ ხოლმე... აბა დროებით!
მითხრა და გაიქცა. რატომ ხდება ასე? - ყველა მე რატომ გამირბის? ხომ შეიძლება ერთხელ მეც გამომეკიდოს ვიღაც?...
ცუდ ხასიათზე დავდექი და კენჭებზე დავწექი. ვარსკვლავიანი ცა იყო. – "ხვალ კარგი ამინდი იქნება, ესენი შერიგდებიან და..."
- ის ფილმი ნანახი გაქვს? – "საუკეთესო მეგობრის ქორწილი?".. თავთან ნაცნობი ხმა ჩამესმა და წამოვჯექი. ნუთუ ისე გავერთე ფიქრებში, რომ ვერ გავიგე, როდის მომიახლოვდა?
- ვერ დაეწიე?
- არ მიცდია! "გაგრილდება" და თვითონ მოვა, არაუშავს... ეგრე იცის ხოლმე... ავარდება უცებ და... ნანახი გაქვს ის ფილმი?
- კი... ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ფილმი იყო. ჯულია რობერტსი რომ თამაშობს. რაში გაგახსენდა?
- უცნაურია, აქ რომ შეგხვდი მეორედ... რომ მივსდევდი, უცებ ეგ ფილმი გამახსენდა და უკან მოვიხედე...
- გაინტერესებდა, მე მოგსდევდი თუ არა შენ?
გაეღიმა და ჩემს გვერდით ჩამოჯდა.
- მე სწრაფად ვერ დავრბივარ, მით უმეტეს ქვებზე და მით უმეტეს შლოპანსებით... რატომ გეგონა, რომ გამოგეკიდებოდი?
- არ მეგონა! უბრალოდ, მინდოდა... იმ დღის მერე ხშირად ვფიქრობ შენზე... ისეთ დროს გამოჩნდი, როდესაც ყველაზე რთული პერიოდი მქონდა... მოკლედ, არ ვიცი, რა გავაკეთო...
- რასაც გული გიკარნახებს, ყოველთვის ის უნდა აკეთო!
- ვიცი, მაგრამ ყოველთვის არ გამოდის ეგრე... ხანდახან პასუხისმგებლობის გრძნობა არ გაძლევს მაგის საშუალებას. ერთი თვის წინ დავინიშნეთ...
- გასაგებია! - ჩავილაპარაკე და გავიღიმე. "ყოველი შემთხვევისთვის" ჩემი ნომერი ჩაიწერა. ახლა თუ არა, იქნებ სხვა ცხოვრებაში მაინც მოხდეს რამეო, "გაიხუმრა" და წავიდა. ისევ შემომაწვა დარდი და სასწრაფოდ გულში ჩემი საყვარელი გამონათქვამის გამეორება დავიწყე:
- "ყველანაირ დეპრესიას ღიმილით უნდა შეხვდე! დეპრესია იფიქრებს, რომ არანორმალური ხარ და გაიქცევა"...
P.S. ჰო, მართლა! როგორც იქნა, გავიგე, სად შედიოდა ყოველ დილით სულეიმანი. ბოსტანის ბოლოში, ოჯახის წევრებისთვის განკუთვნილი "აბანო" ყოფილა...
მე მომავალ ბლოგამდე გემშვიდობებით!
გაიღიმეთ!
თქვენი დაქალი
დაქალის ბლოგი
ჟურნალი "... და ქალი" (აგვისტოს ნომერი)