ქორწინება - ეს არის ორი ადამიანის ურთიერთობა, რომელთა შორისაც, ერთი - ყოველთვის მართალია, ხოლო მეორე არის ქმარი.
ქორწილი ყველა ქალის ბავშვობის ოცნება და ცხოვრების მიზანია. ასეა თუ ისე, საბოლოოდ ყველას სურს შექმნას ოჯახი და გააჩინოს შვილები. იმავეს კაცებზე ვერ ვიტყოდი. მათ თავისუფლების დაკარგვისა და საკუთარ თავზე ვალდებულებების აღების ძალიან ეშინიათ. ამიტომაც არ ჩქარობენ დაქორწინებას...
არიან ისეთი გოგოებიც, რომლებსაც დიდად არ უყვართ საქორწინო ცერემონიალები, მაგრამ თეთრი კაბის "ხათრით" იხდიან ქორწილს. თეთრი ფერი ხომ სიხარულის ფერია? ამიტომაც იცვამს პატარძალი თეთრი ფერის კაბას, სიძე კი შავ კოსტიუმს...
ისე, რატომ არ უნდა მოგწონდეს ქორწილი? - რა ჯობია ლამაზად მორთულ დარბაზში სმა-ჭამას და ცეკვა-გართობას? მერე ტორტიც შემოაქვთ, ყველა ბედნიერია, ყველა თამაშობს:
პატარძალი - ვითომ ქალწულია, სიძე - ვითომ ბედნიერია, რომ იპოვა "ის ერთადერთი" და მძახლები - რომლებსაც ერთმანეთი "ძალიან მოსწონთ"...
მე და ირაკლიმ ქორწილი სექტემბრისთვის დავგეგმეთ. მანამდე ხუთი თვე გვაქვს. ისე, კაცმა არ იცის, ამ ხუთ თვეში რა მოხდება და როგორ წარიმართება მოვლენები. ორივეს მოკრძალებული ქორწილი გვირჩევნია, ძალიან ვიწრო წრეში. მე ვფიქრობ, რომ იმ ფულით, რაც ვიღაცეების სმა-ჭამაში უნდა დაიხარჯოს, აჯობებს, საქორწილო მოგზაურობაში წავიდეთ. ჩემი ნათესავ-მეგობრებიდან ნაწილი მეთანხმება, ნაწილი კი თვლის, რომ ქორწილი გრანდიოზული უნდა იყოს, რომ მთელი ცხოვრება დაგამახსოვრდეს!
იმ დღეს თავის სახლში წამიყვანა და მშობლები გამაცნო. კარგი ხალხია. ისეთი გახარებულები ჩანდნენ, ეტყობა, დარწმუნებულები იყვნენ, რომ მათი შვილი ცოლს არასოდეს მოიყვანდა. ჩემმა სადედამთილომ სამზარეულოში გამიყვანა და მკითხა, რა გავაკეთე ისეთი, რომ ირაკლიმ დაქორწინება გადაწყვიტა?.. მეც დავფიქრდი და მივხვდი, რატომაც... იმიტომ გადაწყვიტა ჩემზე დაქორწინება ირაკლიმ, რომ მე არაფერი გამიკეთებია იმისთვის, რომ ჩემზე დაქორწინება გადაეწყვიტა...
მაგრამ ამას ვის დააჯერებ? ქალები ხომ ძალიან ეშმაკები ვართ ასეთ საკითხებში? კარგად ვიცით სიტუაციის (და მამაკაცების) მართვა. ეს ბუნებით მოგვდგამს. ბავშვობაში, ვიდრე ბიჭები მანქანებითა და ომობანას თამაშით ერთობიან, ჩვენ, გოგოები ადამიანებით მანიპულირებას ვსწავლობთ და თოჯინებით ვთამაშობთ.
ირაკლის მამამაც მკითხა, ვეწევი თუ არა სიგარეტს, მომწონს თუ არა ფილმი "ბინდი", ვუყურებ თუ არა თურქულ ან ბრაზილიურ სერიალებს, ვიცვამ თუ არა "უგებს" და როდესაც ყველა კითხვაზე უარყოფითი პასუხი მიიღო, ჩემზე დაქორწინება თვითონაც მოუნდა... - ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით
ერთი სიტყვით, გამოცდა გავიარე და ამოცანას თავი კარგად გავართვი. ახლა უკვე საამაყო სარძლო ვარ! რაღაცნაირად მომწონს კიდევაც ეს სიტუაცია. ბეჭდით დავდივარ და საქორწინო კაბების მაღაზიის ვიტრინებთან ვჩერდები. ამ კაბებს რომ ვუყურებ, ქორწილი აღარ მინდება. ნეტა ვინ კერავს ამ საშინელებებს? ისევ ჯობია, შევიკერო...
"კეთილი რჩევების" მიღებას ვეღარ ავუდივარ. მაინც რატომ უყვართ ასე ძალიან ქართველებს ფილოსოფოსობა და საკუთარი აზრის სხვებისთვის თავზე მოხვევა? უკვე რამდენმა მომცა ბანალური რჩევა, რომ იდეალური ცოლი სახლში უნდა იყოს - დიასახლისი, სტუმრად - დედოფალი და საწოლში - მეძავი. მთავარია, ყველაფერი სწორად დავიმახსოვრო და ერთმანეთში არ ავურ-დავურიო. ჩემმა თანამშრომელმა მარიკამ სათითაოდ ჩამომითვალა თარიღები, რომლებიც უნდა ახსოვდეს "ნამდვილ მამაკაცს" (ძალიან მეცინება ხოლმე ამ გამოთქმაზე).
1. ჩვენი გაცნობის დღე;
2. ჩვენი პირველი პაემანი;
3. დღე, როდესაც პირველად წავედით კინოში ან რესტორანში (ან ორივე);
4. დღე, როდესაც ერთმანეთს პირველად ვაკოცეთ;
5. დღე, როდესაც გვქონდა პირველი სექსი...
კაცის ტვინი ისეა მოწყობილი, რომ არ შეუძლია ამდენი თარიღის დამახსოვრება. ამიტომ ცდილობს მამაკაცი, ეს ყველაფერი ერთ დღეში გააკეთოს...
ჩემმა გაუთხოვარმა მეზობელმა, ლალიმ მირჩია, რომ ირაკლის არაფერი ავუკრძალო. მეტი დამაჯერებლობისთვის თავისი მაგალითი გაიხსენა, დაუფიქრებლობით როგორ გაექცა საქმრო. თურმე, ქორწილამდე ორი კვირით ადრე გამოუცხადა, ცოლად რომ მომიყვან, უარი უნდა თქვა სასმელზე, სიგარეტზე, ტოტალიზატორში თამაშზე, ქალებში სიარულზე და ფეხბურთის ყურებაზეო.
როგორ ფიქრობთ, რაზე თქვა უარი მისმა საქმრომ? - რა თქმა უნდა, დაქორწინებაზე!
მე იმიტომ ვუყვარვარ ირაკლის, რომ არაფერს ვუკრძალავ და არ ვახრჩობ (ირიბი გაგებით). რაც მეტ თავისუფლებას გრძნობს ჩემგან, უფრო მეტად ცდილობს, ჩემთან ბევრი დრო გაატაროს. ახლა კი, ცოტას გაგახალისებთ და რამდენიმე "სასარგებლო" რჩევას თქვენც გაგიზიარებთ.
რჩევები საპატარძლოს:
იზრუნე ქმარზე და გაუფრთხილდი მის ჯანმრთელობას - არასოდეს უთხრა, რამდენი დახარჯე სინამდვილეში. ეს დაიცავს მის ნერვულ სისტემას სტრესისაგან.
არ დაგავიწყდეს, რომ ოჯახში ყველაფერი თანაბრად და სამართლიანად უნდა გადანაწილდეს: ცოლს ახალი ქურქი, ქმარს წინდები.
არასოდეს შეედავო ქმარს; უკეთესია, თუ ეგრევე ტირილს დაიწყებ.
გახსოვდეს, რომ საუკეთესო საშუალება ხელების მოსავლელად - ყველაფრის ქმრის ხელებით კეთებაა, მაგრამ თუ ლუდი მოგინდება, საყიდლად შენ თვითონ წადი, თორე ვეღარც ქმარს ნახავ და ვეღარც ლუდს.
ჩაიწერე დიქტოფონზე მისი დაპირებები, რომლებიც ქორწილამდე მოგცა და მოასმენინე მაშინ, როცა ცუდ ხასიათზე იქნება. ეს მას ცრემლების წამოსვლამდე გააცინებს და გახსოვდეს, რომ ყველაზე იაფფასიან არაყს ან ღვინოს შეუძლია გაალამაზოს ნებისმიერი სუფრა და დაფაროს ნებისმიერი კულინარიული ნაკლოვანებები.
რჩევები საქმროს:
ნუ შეეცდები გაუგოთ ცოლს, რადგან ხშირ შემთხვევაში, თვითონაც ვერ იგებს, რა უნდა.
შეეცადე, სახლში იყო იმ 8 საათზე მეტი, რომელიც ძილისთვისაა საჭირო.
დაეხმარე ცოლს სახლის საქმეებში - ასწიე ფეხები, რომ მან შეძლოს მის ქვეშ მტვერსასრუტის მოტარება.
არ შეეკითხო ცოლს, რა უყიდო 8 მარტისთვის ან დაბადების დღეზე. სულერთია, მაინც არ გეყოფა ფული.
გიყვარდეს ცოლი და ხანდახან ხელში აყვანილი ატარე, კისერზე თვითონაც შემოგაჯდება.
მომავალ ღიმილამდე
იხილეთ ასევე:
დაქალის ბლოგი - ქორწინებამდე სექსი სასარგებლოა
ჟურნალი ”და ქალი”
(გამოდის თვის დასაწყისში)