წაიკითხეთ დასაწყისი
ლიზას დაბადებიდან ერთ კვირაში გავაცნობიერე რომ სიტყვა ,,გეგმა“ დღის განრიგიდან სამუდამოდ ამოვარდა, ახლა ერთადერთი გეგმა ის იყო, ერთი ციდა გოგო რომელსაც იძულებული ვიყავი დღის ნებისმიერ მონაკვეთში დავმორჩილებოდი, ყველაზე დიდი სირთულეც ეს იყო ზუსტად, იმის გაცნობიერება რომ გამწარებული სახლიდან ვეღარ გავვარდებოდი, იმის რომ რაც არ უნდა უძილო და მშიერი ვყოფილიყავი ბრაზის ამონთხევის უფლება მთავარ მიზეზზე არ შემეძლო, ამიტომ ძირითადად დიტოს ატყდებოდა ჩემი რისხვა თავზე, ცდილობდა დახმარებას მაგრამ ღამით ვერაფრით იფხიზლებდა და სამსახურის შემდეგ სახლში გაჩერება უჭირდა. ოცდაერთის მეორეზე დავრჩი ორსულად, ცხადია დაუგეგმავად და ამის გამო ერთი თვე ჩამოფარებულ ფარდებში ვიჯექი და ვბღაოდი, საძინებლის კართან მორიგეობა დააწესეს ანამ და ნანუმ, ანაც ორსულად იყო თვითონ მაგრამ არავის და არაფრის გათვალისწინება არ მინდოდა, ვფიქრობდი რომ ცხოვრება დამთავრდა, ჩემი საკუთარი ცხოვრება.
ის წლები სრულ ბურანში გავატარე, ზოგჯერ მეგონა რომ თავს ძალას დავატანდი და გავიღვიძებდი, ამ უცნაური სიზმრიდან გამოვფხიზლდებოდი. ყოველ დილით სარკიდან უსიამოვნოდ აჩეჩილი თმითა და დასაბანი პირისახით უსიცოცხლო ქალი მიყურებდა თვალებში. ამიტომ გახდა თუ არა ნატა ორი წლის, სამსახურის ძებნა დავიწყე და ზუსტად ერთ თვეში სამშენებლო კომპანიაში ამიყვანეს, ოფისის მენეჯერის თანაშემწედ, მერედა როგორი მენეჯერის...
შესვენების დროის თვითნებურად გაზრდის გამო ერთი საათით მეტხანს დავრჩი სამსახურში, დიტოს დავურეკე და ვთხოვე სახლში მიეყვანა ბავშვები და ცოტახანს მიეხედა, ჰო, ეს ის სახლი იყო რომელიც საზეიმოდ გავხსენით ჩვენს მეგობრებთან ერთად, ლენტის გაჭრით და ყოველგვარი ოფიციალურობის დაცვით და რომელშიც ჩემი ქმარი უკვე ორი წელია აღარ ცხოვრობს, ანუ ამ სახლში გადასვლიდან ორ წელიწადში ჩვენი ბუდე ნაწილებად დაიშალა, სათითაო ნაფლეთი ჩამოვარდა და მასაც გაფრენა მოუწია, მაგრამ სანამ ის გაფრინდებოდა ჯერ მე ,,გავაფრინე“.
მიყვარდა ამ სახლის სუნი, ეს სახლიც და სამზარეულოს უზარმაზარ ფანჯარასთან მიდგმული მოქანავე სავარძელიც, რომელშიც შუაღამის ორზე ვნებივრობდი ხოლმე და მდუმარება გამეფებულ სახლში ყავას და სიგარეტს ვეძალებოდი.
კარის ხმაზე ნატა გამოიქცა და სანამ მოსაცმელს დავკიდებდი ფეხებზე შემომეხვია.
-რას გიგავს პირი, -შევიცხადე. -შოკოლადები ჭამე ისევ?
-დიტო საჭმელი არ უჭამია და ტრადიციულად შოკოლადებს აჭმევ ხო? -თავზე წავადექი დოინჯით ჩემს ერთდროულად ყოფილ ქმარს და საბუთებზე - ახლანდელსაც.
-ჭამა. -მომიჭრა მოკლედ და დივანზე წამოგორებულ ლიზას თმაზე თამაში განაგრძო.
-კაი, შეგიძლია წახვიდე, მადლობა.
-რა თავაზიანი ხარ მაინც... -ტელევიზორის პულტი დივანზე მიაგდო და ლიზას თავქვეშ ბალიში შეუცურა.
-უბრალოდ თუ საქმე გქონდა...რადგან დატოვება გთხოვე... -დამნაშავესავით ავბლუყუნდი.
-წამიყვანე რა. -შეეხვეწა ლიზა.
ჩუმად ვიტანდი ჩვენი დაშორების დღიდან ლიზას ავადურ მიჯაჭვულობას მამამისზე, მაგრამ სამსახურის შემდეგ დაღლილზე და მშიერზე ეს ყველაფერი მსპობდა.
-ხვალამდე მოიფიქრე სად გინდა წასვლა ყველაზე მეტად და წაგიყვან, ახლა მაინც ძილის დროა... -თავზე აკოცა დიტომ ლიზას, მერე ნატა აიყვანა, ყელი ჩაუკოცნა, ახითხითა და გასასვლელისკენ წავიდა. ლიზა უკან გაეკიდა, მესმოდა როგორ ეხვეწებოდა ხან წაყვანას და ხან დარჩენას და ბოლოს როგორ გულამოსკვნით ატირდა, ისე მეშლებოდა ნერვები მზად ვიყავი გავვარდნილიყავი და მეთქვა მამაშენთან გადადი მეთქი, მაგრამ ხომ ვიცოდი ამის გადამტანი არ ვიყავი, სამზარეულოში გავედი და ჩემს სარწეველა სავარძელში ჩავეხეთქე, ნატა უკან ამედევნა და მაგიდაზე აცოცება დაიწყო.
დიტო სამზარეულოში შემობრუნდა.
-წავიყვან, ხვალ ხომ მაინც ჩემთან უნდა ყოფილიყო,-იმდენად ხმადაბლა თქვა მივხვდი თვითონაც იცოდა რომ ამაზე თანახმა არ ვიქნებოდი. სიგარეტს მოვუკიდე და ფანჯარა გამოვაღე.
-შენც ხომ იცი ახლა რომ მაგან თავისი გაიტანოს მერე საერთოდ აღარ მოუნდება ჩემთან ყოფნა.
-ახლა ეგრე უნდა, წამოიზრდება და შეიცვლება, და ბავშვებთან ერთად ნუ ეწევი, მე რომ ეგრე ვიქცეოდე გადამდგავდი.
-სანამ წამოიზრდება რა ვქნა, ნატა მე მყავდეს და ლიზა შენ? -ყურადღება არ მივაქციე მის ნათქვამს.
-მოენატრები და მოვა, კარგი რა...
-წადი და გადაუვლის დაწოლამდე.
-სიგარეტი ჩააქრე. -მბრძანებლური კილოთი მითხრა და კარისკენ წავიდა, ინსტიქტურად ჩავაქრე, ნატა სამზარეულოს მაგიდიდან ჩამოვსვი და ლიზას შემოსარიგებლად მისაღებისკენ წავედი.
გოგოები გავაღვიძე, ნატა ჭირვეულობდა და სხვა ბავშვებისგან განსხვავებით ბაღში მისვლისას კი არა მისვლამდე ტიროდა, ბაღის კართან პროტესტს მოულოდნელად წყვეტდა და მხიარულდებოდა. ლიზა თავის ასაკთან შედარებით სერიოზულობდა, პრინციპში არც ძალიან ცდილობდა, ხასიათი ჰქონდა ასეთი, დიდი ბავშვის. წიგნები თავად ჩაალაგა ჩანთაში და სალათისფერი კედებიც თავად ამოირჩია. უცნაური ჩვევა მქონდა, რაც არ უნდა ადრე ავმდგარიყავი მაინც რეაქტიულივით დავრბოდი ოთახიდან ოთახში და გავყვიროდი გვაგვიანდება მეთქი, ასეთი იყო ყოველი დილა, ჩვეულებრივი და არაფრით განსაკუთრებული, მაგრამ მე მიყვარდა, ხშირად მიფიქრია და ამაზე უკეთესად თუ შეიძლებოდა ვყოფილიყავი სხვა ნებისმიერ სიტუაციაში ვერ წარმომედგინა, საერთოდაც ცხოვრების ყველაზე დიდი საჩუქარია კმაყოფილების შეგრძნებაა, ყველაზე დიდი კომფორტი და სიამოვნება.
გოგოები უკანა სავარძელზე მოვათავსე, უსაფრთხოების ქამრით როგორც წესი ნატას ,,ვაბამდი“ ხოლმე, ლიზა საკუთარი სურვილით ებმებოდა. ბაღსა და სკოლაში ჩამოვარიგე და სამსახურში წავედი, ჩემი ცხოვრების არ იყოს ეს მანქანაც მიყვარდა.
მამა რომ დაიღუპა, დედამ აიჩემა მისი ძველისძველი ვოლკსვაგენის გაყიდვა. მაგრამ გიო სასტიკად ეწინააღმდეგებოდა ამ აზრს. ამის გამო ორი წელი გაუტოკებლად იდგა მისი მანქანა ავტოფარეხში, გიო მართვის უფლებას ელოდა მოუთმენლად რომ მასზე დამჯდარიყო მაინცდამაინც. შეგვეძლო ბევრად უკეთესი გვეყიდა მაგრამ ვერაფრით დავითანხმეთ. დღემდე ვფიქრობ და ვერ ვხვდები ყველაფრის მიუხედავად რატომ აღმერთებდა მამას. იმ პერიოდში მე უკვე მქონდა მართვის მოწმობა და ფულს დამოუკიდებლად ვაგროვებდი. გიო რომ დაიღუპა მთელი წელი ყველას მიგვავიწყდა ეს მანქანაც და უკეთესის ყიდვაც. წლისთავზე რომ ჩავედი სახლში დედამ ფული დამიდო პატარა საჟურნალე მაგიდაზე, დაჟინებით მთხოვდა მანქანა მეყიდა. მგონი სადღაც გულის სიღრმეში მეც გიოსავით ვფიქრობდი, მარკა მაინც იგივე ავარჩიე და გაუმჯობესებული მოდელი ვიყიდე, თეთრი ვოლკსვაგენ პასატი ცეცე, როგორც ნანუ იტყოდა ბავშვების შემდეგ ყველაზე მეტად ის მიყვარდა.
წერილებს გადავხედე, მერე ინვენტარი აღვრიცხე და ის იყო ტელეფონს დავხედე ანამ რომ დარეკა, ინსტიქტურად თვალი ბოსის კაბინეტისკენ გავაპარე, მაგიდის ქვეშ დალაგებულ გადაჯვარედინებულ ფეხებს ისევ გაუჩერებლად აცანცარებდა, რაც იმაზე მეტყველებდა რომ მუშაობდა და ჩემი დრო არ ჰქონდა.
-შენს სამსახურთან ვდგავარ ყავით ხელში, მალე ჩამოდი. -მიაყარა და ტელეფონი მანამდე გათიშა სანამ რამის თქმას მოვასწრებდი. კაბინეტისკენ წავედი ფეხების თრევით.
-შესვენებაზე გავდივარ და რამე ხომ არ გჭირდებათ? -ვკითხე და უსიამოვნო სახეზე მივაცქერდი.
-მიზეზი უკვე მოიფიქრე დაგვიანების თუ შესვენების ძვირფას დროს მაგაზე ფიქრს მოახმარ? -მკითხა და იმ ამაზრზენი ღიმილით გამიღიმა. ცხვირის აქეთიქიდან ღმა ნაოჭებმა უზარმაზარი ნაპრალი გააკეთეს ტუჩთან, მძულდა ეს ნაპრალი და ეს კაციც, ყველა მასთან გასაუბრება იმით სრულდებოდა რომ ასე მეგონა წარმოსახვაში ,,მხმარობდა“, მისი აუტანელ მოშტერებას მკერდსა და ფეხებზე სხვა ვერაფერს ვაწერდი.
-მოფიქრებული მაქვს. -უტიფარი სახით მივუგე.
-მაშინ წადი, -საათს ახედა. -ორზე სკამზე უნდა დამხვდე.
გამოვედი, ჩემს თეთრს პასატ გვერდით ჩავუქროლე და ანას მწვანე მარჩს თავი შევაფარე, ნამდვილი გამყინვარება იყო მანქანაში, კონდიციონერი იმხელა ხმას გამოსცემდა ორ წუთში თავი გამიბრუვდა.
-მასუნთქე თბილი ჰაერი, სამსახურშიც ყველა ხურს და მარტო მე მცივა. -ფანჯარა ჩამოვწიე და ხელი გავყავი გარეთ.
-ბენზინგასამართზე მანქანა ჩავაქრე და ვეღარ დავქოქე. -მითხრა, თან მარცხენა სარკეში გაიხედა და მისი ,,ციცქნა“ ადგილიდან გაზოზინდა.
-ისევ?
-ჰო, ისევ, ვიღაც ბიჭმა დამაქოქინა.
-ანა, მერამდენედ უნდა ჩამოდგე, რატო არ ცვლი აკუმულატორს? თავმოყვარეობა დაკარგე?
-კაი რა, სულ ერთსა და იმავეს ხო არ ვაქოქინებ. -აშკარად არ აწუხებდა ეს ფაქტი, იქნებ ამხიარულებდა კიდეც.
-კარგია იუმორით რომ უყურებ, მე ძაან გამიტყდებოდა, მაგას მირჩევნია სამარუტოშო ტაქსით ვიარო.
-რას ვიზავთ, ყველა ახალი პასატით ვერ დადის....ხიდის ქვეშ დავსხდეთ. არავინ იქ არაა და თან გრილა. -თემა შეცვალა.
-მე ზღვასთან ქვიშაზე მირჩევნია მზის ქვეშ, მაგრამ მგონი არჩევანი არ მაქვს...და დარწმუნებული ხარ რომ დავქოქავთ და იქ არ დავრჩებით?! მე იქ ხელების ქნევას ვერ დავიწყებ.
-მანქანას კი დავქოქავთ, მაგრამ რატომ არ მიდიხარ დასასვენებლად , შენ მაინც დადიხარ შენ ნებაზე, რა გიშლის ხელს ზღვა და მზე რომ ნახო?
-ბავშვებით დასვენება სად გაგიგია?
-მამამისს დაუტოვე.
-ვერ მოვისვენებ, ერთი ღამე რომ ვტოვებ ასე მგონია დანაშაულს ვიდენ, ვერ ვიძინებ და ერთი სული მაქვს დავბრუნდე... გამიჩერე, გამიჩერე, სიგარეტი არ მაქვს...
-ჩემი მოწიე რა, მერე იყიდე რომ გამოხვალ სამსახურიდან. -ანა ,,მწვანე“ ჰიპერმარკეტს ჩასცდა, მერე ციმციმა ჩართო და მარცხნივ გადაუხვია, ქვიან უსწორმასწორო გზებზე ვიარეთ და მერე ხიდის ქვეშ გავჩერდით.
სამსახურში საყიდლების სია შევადგინე, მერე ჩანთას ხელი დავტაცე და ექვსი შესრულდა თუ არა გამოვედი, კარებში კახა შემხვდა, ზუსტად ვიცოდი მის უმარილო იუმორს ამჯერადაც ვერ ავუქცევდი გვერდს.
-სად გარბიხარ?
-სახლში, ნუ ჯერ მაღაზიაში მერე...
-შენც ქმარი არ გელოდებოდეს. -ყველა ხუმრობა მაინცდამაინც ჩემს პირად ცხოვრებას ეხებოდა და აუტანლად მაღიზიანებდა.
-საყვარელი მელოდება. -მოვუჭერი.
-ვისაც ელოდება ეგრე არ ყვირის. -ცოტა შეცბუნდა.
-მე ვარ ის, ვისაც თან ელოდება და თან ყვირის. -ბოლო სიტყვებზე უკვე კარს ვიყავი გაცდენილი.
-ბევრი არ დალიო, არ დააგვიანო დილით. - მომაძახა.
-წადი შენი. -გული მოვიფხანე, ვითომ პირში მეთქვა და მანქანის კარი გამოვხსენი, ისეთი ბუღი იდგა შიგ ჩაჯდომაზე ოცნებაც ზედმეტი იყო.
შვიდის წუთებზე უკვე ,,მწვანე“ ჰიპერმარკეტთან ვიყავი, ჯერ მანქანიდან რომ გადავედი აღმოვაჩინე რომ საყიდლების სია ანუ მთელი საღამოს ნაშრომი სამსახურში დამრჩა, მერე დედაჩემს მოუნდა დარეკვა და თავის ბიძაშვილის ცოლზე წუწუნი, ახლა სახლში დიტო დამხვდებოდა, მეც მქვია რა გაცილებული და ყოფილი... რატომ მიგროვდებოდა ყველა გასაჭირი და მაინცდამაინც ერთად საღამო ხანს რატომ მატყდებოდა თავზე ვერაფრით ვიგებდი...
ერთი საათი ვიარე წინ და უკან, სალაროსთან რიგში ჩავდექი, როგორც იქნა გადავიხადე და გამოვედი. რომ ვჯდებოდი მაშინღა გამახსენდა რომ სიგარეტის ყიდვა დამავიწყდა, მაღაზიაში შესული რიგში ხელახლა ჩავდექი, ზუსტად იმ ქალის უკან ერთი სავსე ბორბლებიანი ურიკა რომ მიეთრია სალაროსთან, ჯერ შემომხედა, შემათვალიერა და ხომ ნახა არაფერი მეჭირა ანუ ლოგიკურად მხოლოდ საღეჭი რეზინა ან სიგარეტი მენდომებოდა, მაგრამ ცოცხალი თავით არ დამითმო, მერე აღმოაჩინა რომ პური ჭვავის კი არა რაღაც სხვა ჯანდაბის უნდოდა და მოთმინებამ სწორედ მაშინ მიღალატა ამ პურის საძებნელად რომ გაბარბაცდა, ელდანაკრავივით გამოვქანდი მარკეტიდან, მანქანაში შევხტი და აი ჩემი კომფორტული ტყავის სავარძლებიც - უკანალზე მეოთხე ხარისხის დამწვრობას მაინც მივიღებდი, მანქანა დავძარი და ისეთი გამოვვარდი სარკეში რომ გავიხედე სადგომზე აღარც მანქანები ჩანდა და აღარც ხალხი, შემრცხვა ცოტა არ იყოს, მთლად უდაბნოს ქარიშხლის მოწყობასაც არ ვგეგმავდი.
იქვე პატარა ყავის ჯიხურთან შევჩერდი, ცივი ყავა და სიგარეტი ვიყიდე და ტელეფონზე შეტყობინებაც მომივიდა.
,,რა გამწარებული წახვედი“
საწრუპი პირში გამეჭედა, მაშინვე ვიფიქრე რომ სადღაც ძველმა ნაცნობმა მომკრა თავლი, ისეთმა ძველმა ნომერი რომ აღარ მეწერა. ჯერ ვიფიქრე ერთი ამის დედაც ესღა მაკლდამეთქი, მერე დამპალმა ცნობისმოყვარეობამ მძლია და პასუხი დავუბრუნე. მაგრამ ამ პასუხის პასუხზე ისეთი სიცილი ავტეხე ჯიხურიდან ორმა გოგომ თავები გამოყვეს და ამათვალიერეს.
,,ორი დღის წინ ავარია რომ მოხდა ტელეფონი ჩამოგივარდა და სრულიად შემთხვევით ვიპოვნე“
აი იდიოტი, სავარაუდოთ ვიღაც ლაწირაკი ბავშვი, რომელმაც ტელეფონის ნომერი უსინდისოდ მომპარა და ჩათვალა რომ 17 წლის გოგოსავით შეუძლია ამაგდოს. ტელეფონი მგზავრის სავარძელზე მივაგდე და სახლში წავედი.
კარი შევხსენი თუ არა ლიზას ტირილი გავიგონე, სამზარეულოს ბარზე შემოევა მამამისს და ცივ ტილოს ადებდა შუბლზე.
-რა დაემართა? -პროდუქტები შემოსასვლელში დავყარე და მათკენ წავედი.
-ველოსიპეტიდან გადმოვარდა სკვერში.
-შენ სად იყავი? -დავეტაკე დიტოს.
-იქ ვიყავი, მაგრამ რატო მეკითხები მაგას, შენთან არ დაცემულა?
-რა გტკივა დე?
რომ ჩავეხუტე კიდევ უარესად ატირდა, კუნწულა ცრემლებს ყრიდა და სლუკუნ სლუკუნით ყვებოდა როგორ დაეცა სკვერში.
ლიზა რომ დამშვიდდა დიტომ წასვლა დააპირა, კარისკერისკენ წავიდა, მეც უკან გავყევი.
-ორი დღით რომ წავიდე ბავშვებს მიხედავს დედაშენი?
-სად მიდიხარ? -ჩემსკენ შემობრუნდა, ღრმად ამოვისუნთქე.
-სადმე, რა მნიშვნელობა აქვს?!
-მარტო?
-დიტო, ამ კითხვაზე რომ გიპასუხო- ეგ ჩემს ვალდებულებებში ორი წელია აღარ შედის, მაგრამ მაინც გეტყვი რომ მარტო.
-რამე ხდება?
-დასვენება მინდა.
-რისგან დაიღალე? -ნერვები მეშლებოდა უკვე ვინანე რომ მას ვთხოვე და არა დედაჩემს, მაგრამ კითხვები მასაც იდენტური ექნებოდა.
-ყველაფრით, უბრალოდ მითხარი იტოვებ თუ არა?
-რატო ხარ სულ გაღიზიანებული? ადამიანურად რატო ვერ ვურთიერთობთ?
-იმიტომ რომ შენ ისევ ჩემი ქმარი გგონია თავი, ისევ დაკითხვებს მიწყობ...
-ერთად რომ ვიყავით მაშინაც მე ვიყავი დამნაშავე ყველაფერში, ახლა ერთად აღარ ვართ და ისევ მე ვარ...
-ერთად აღარ ვართ? -გიჟივით გამეცინა. -აბა ამას რა ქვია? ყოველდღე გხედავ, დღეში ცხრაჯერ ზოგჯერ.
-რა გინდა რომ ბავშვები აღარ მოვიყვანო? თუ არ წავიყვანო... თუ რა გავაკეთო?
კარები ფართოდ გამოვაღე.
-აღარ მინდა არაფერი, კარგად იყავი.
-აღარაფერზე აღარ შეიძლება შენთან დალაპარაკება, რაც გინდა ის ქენი. -მომაძახა და კიბეზე დაეშვა. კარი დავხურე და ზურგით მივეყრდენი, მართლა რა ჯანდაბა მინდოდა.
მისაღებში დაგდებულ ტელეფონს დავწვდი, ისევ დედასთვის უნდა მეთხოვა და მართლა წავსულიყავი სადმე ორი დღით, და ის იყო უნდა დამერეკა რომ ისევ შეტყობინება დამხვდა ტელეფონზე.
,,რას შვები?“
არა ეს ან დებილი იყო ან... ნამდვილად დებილი. რა ეგონა მაინც რამდენის ვიყავი რომ ასე ვირტუალურად ავყოლოდი, მართლა ვინ ჯანდაბა იყო... ან რატომ მაინტერესებდა, მაგრამ რომ მაინტერესებდა რა მექნა...დიტოს ნომერი ავკიფე ისევ.
-ამოდი რა ორი წუთი სიგარეტის ყიდვა დამავიწყდა. -გამოვიგონე.
-მოგიტან.
-არა, ამოდი სხვა რაღაცაც მჭირდება.
ფანჯრიდან გადავხედე, მანქანას აყენებდა, ალბათ უკვე გასული იყო და მობრუნდა, მაინც რა გადაუტანლად კარგი ვინმე იყო, როგორ მელოლიავებოდა, რით ვიმსახურებდი ან მაშინ როცა ჩემი ქმარი იყო ასეთ კაცს, ან ახლა რატო არ ნახავს ვინმეს, რატო არ გაეცლება ისეთ აუტანელ ქალს ერთხელ და სამუდამოდ მე რომ ვარ... ლიფტი გაჩერდა თუ არა გამოსვლა არ ვაცადე ისე შევქანდი, მანქანაში ჩავჯექი და მარკეტისკენ წავედი, შევედი და დაკვირვებით დავუწყე თვალიერება იმ მოლარე გოგოს იმ დღეს ტელეფონი რომ გამოაძვრინა დახლის ქვემოდან. პირველსავე სალაროსთან იჯდა და მომხმარებელს ემსახურებოდა. რიგში ჩავდექი, ერთჯერადი რძიანი ყავები და საღეჭი რეზინები წამოვკრიფე სანამ ველოდებოდი. მერე ფართოდ გავიღიმე და ოდნავ დავიხარე რომ ხმადაბლა მეთქვა.
-ორი დღის წინ აქ ავარია მოხდა, მაშინ თქვენ მუშაობდით. -სახე ისე დაეძაბა ცოტაც და გადავიფიქრებდი ყველაფერს, მაგრამ რომ მაინტერესებდა რა მექნა.... -ჩემი ტელეფონი რომელიც აქ ჩამომვარდა თქვენ მომეცით.
-დიახ. შუბლი შეკრა და უფრო დაეძაბა გამომეტყველება, მე კიდევ უფრო და უფრო ფართოდ ვხნიდი პირს რომ მისი გამომეტყველება გამენეიტრალებინა რამენაირად.
-იმ დღეს ძლიან მეჩქარებოდა, მადლობის გადახდა ვერ მოვასწარი, ჰოდა.... მინდოდა გადამეხადა, ხომ თქვენ იპოვეთ? -გულუბრყვილო გამომეტყველებას ვიღებ და როგორც იქნა მის შუბლზეც მიმიკური ნაოჭები გადატკიცინებას იწყებს.
-ჩვენმა უფროსმა იპოვა, მაგრამ სხვას რომ ეპოვა მაინც არ დაიკარგებოდა, გარეთ კამერებია.
-მადლობა გადაეცით, ძალიან ბევრი საჭირო ინფორმაცია მაქვს შენახული. -ვუთხარი და კიდევ ერთი საღეჭი რეზინა დავუდე წინ. უკვე უნებლიეთ ვყრიდი.
მოლარე ოდნავ წამოიწია ფეხზე, მერე კისერი შემოსასვლელი კარისკენ წაიგრძელა და ახლა უკვე მშვიდად მითხრა: -აი იქ დგას, კართან, ეწევა, თუ მადლობის გადახდა გინდათ... კარისკენ გავიხედე და კინაღამ ელდა მეცა, 17 წლის არა მაგრამ 47 წლის კაცის უკანა ხედი ნამდვილად ჰქონდა, ადგილზე გავშრი და თავისით აღმომხდა ,,ჯანდაბა“. მარკეტიდან გავედი, შურდულივით ჩავუქროლე დაკვირვების ობიექტს და მანქანაში შევხტი, გავსწორდი თუ არა თვალი გავაპარე, ეჭვი არ იყო ის მწერდა უსინდისოდ მომშტერებოდა, წინა ხედიდან მთლად 47 წლისას არ ჰგავდა მაგრამ არც მთლად ჩემხელა არ უნდა ყოფილიყო. მანქანა უკუსვლით ნელა გავიყვანე და სარკეში რომ გავხედე აღარ ჩანდა, არა იქ არ ვიყავი?! შემეხედა წესიერად, მეორედ რომ გადავეყარო თავისავით მელოტ და დაბალ კაცებში ზუსტად ვიცი რომელია ვერ გავარჩევ. მთელი გზა გიჟივით მეცინებოდა, სახლის კარი რომ შევხსენი მაშინღა მივიღე სერიოზული გამომეტყველება.
დივანზე დაგდებული ტელეფონის ეკრანი ისევ ენთო.
„არაფრის „ ეწერა და ბევრი ღიმილები, აშკარად მოლარემ ჩამიშვა. შენი დედაც, მნახა ,,თავისი ასაკის“ თავისუფალი ქალი. ნეტა რას ფიქრობს რას უნდა მოვეხიბლე, ნახევრად ჭაღარა და ნახევრად მელოტ თავს, ,,ათლეტურ აღნაგობას“ თუ იმას რომ ლაწირაკი ბავშვივით მემესიჯება 29 წლის ქალს და თვითონ ღმერთმა უწყის კიდევ რამდენის არის, იქნებ 40 ის ან უფრო მეტის. ოთხი წელი მაინც არის რაც გაიხსნა ეს ერთადერთი ადამიანური მარკეტი და ოთხი წელია კვირაში სამჯერ მაინც შევდივარ, არცერთხელ არ დამინახავს ეს კაცი, ჰო კაცი, როგორც ვფიქრობდი 17 წლის ბიჭს ნამდვილად არ ჰგავდა, ან ახლა რამ მოუარა, ან ეს ნომრის გაგება რა ბავშვური ქცევაა, ან სად გავრბოდი, რატომ უნდა იფიქროს რომ მაინტერესებს ვინაა და ჩავატარე იქ მინი გამოძიება. აღარაფერი მიპასუხია, კიდევ კარგი ვნახე, არ გავსულელდი და ყოველგვარ ფლირტს და ურთიერთობას დანატრებულმა რამე სისულელე არ ჩავიდინე, იმ იმედით რომ ვინმე მომხიბვლელი სექსუალური და საბედისწერო მაბავდა.
გაგრძელება იქნება