_ არადროს დამავიწყდება ის საშინელება, იმ ღამეს რომ გადავიტანე და არც ის ტიპები, იქ რომ დამხვდნენ.
_ მაგრამ კარცერში ხომ მხოლოდ ერთ ადამიანს სვამენ, _ გაიკვირვა იამ.
_ ჰო, მაგრამ შენმა მამამთილმა ასე ისურვა, რომ მე უარესად შემშინებოდა. რომ იცოდე, რა საშინელებებზე საუბრობდნენ ის პატიმრები… კბილები ამიკაწკაწდა შიშისგან. მეგონა, იმ ღამეს ყელს გამომჭრიდნენ. თურმე ჩემს შესაშინებლად გაუკეთებია ეს. მეორე დღეს გიორგიმ მანქანაში ჩამსვა და ციხეში წამიყვანა. ლამის ყველა საკანი შემომატარა. იქაური სიმყრალის სუნი ახლაც ცხვირში მცემს. ბოლოს სამუდამო პატიმრობამისჯილთა საკანი მაჩვენა და მითხრა: `ჭკუაზე დროზე თუ არ მოხვალ, სიცოცხლეს ასე დაასრულებო.
_ ღმერთო ჩემო, მისგან ასეთ სისასტიკეს ვერ წარმოვიდგენდი, ისეთი რბილი კაცი ჩანს, _ აღშფოთდა ია.
_ შესაძლოა, ასეც იყოს, მაგრამ იმ დღემ მე აშკარად გადამარჩინა. მივხვდი, რომ არასდროს ჩავიდენდი ისეთ რამეს, რომ ციხეში აღმოვჩენილიყავი.
_ მაშინ გადაწყვიტე პოლიციელობა?
_ მაშინ? ალბათ არა. უბრალოდ, მერე და მერე, როცა ჩემი შესაძლებობები ავწონ-დავწონე, მივხვდი, რომ ამას იქით ვერ გავქაჩავდი, _ თქვა და სიმწრით ჩაიცინა, _ ვილიმაც იქონია გავლენა, მარწმუნებდა, ერთად ვიქნებითო.
_ ახლა როგორ ფიქრობ, სწორი გადაწყვეტილება მიიღე? ხომ არ ნანობ?
_ არა, მგონი, ცუდი ოპერმუშაკი არ ვარ. ასე რომ ყოფილიყო, არავინ დამაწინაურებდა. ისეთი პროფესია მაქვს, როგორიც შემეფერება _ არც ძალიან რბილი ვარ და არც ძალიან ხისტი.
იამ გაიფიქრა, რომ მისმა ქმარმაც ალბათ ზუსტად ამ მოტივით იხელმძღვანელა, როცა პოლიციელობა გადაწყვიტა. არც მისი გონებრივი შესაძლებლობები იძლეოდა უკეთესი პროფესიის არჩევის საშუალებას. თუმცა არა, მამის გამო უფრო გადადგა ეს ნაბიჯი. ამასთან, ძალაუფლების მოყვარული იყო და მინისტრი მამის ხელში კარიერას იოლად გაიკეთებდა.
_ ქმარზე ფიქრობ? _ საკმაოდ უხეშად მიმართა ვაკომ.
იამ თავი დაუქნია. არ უნდოდა იმის ახსნა, კონკრეტულად რას ფიქრობდა. არადა, ამწუთას ვაკოთი უფრო ამაყობდა, ვიდრე ვილით.
ვაკო გაღიზიანდა. კარგად იცოდა, რომ სისულელე იყო მიცვალებულზე ეჭვიანობა და არც ჰქონდა ამის უფლება, მაგრამ საკუთარ თავს ვერაფერს უხერხებდა.
მას მშვენივრად ახსოვდა ის ღამე, როცა ვილიმ, მან და ზურამ ზურას მამის მანქანა გაიტაცეს. ვილიმ ყველაზე მეტი დალია, საჭესაც თვითონ მართავდა და გატაცების იდეაც მისი იყო. როცა თხრილში გადაცვივდნენ, ვილი შეშინდა და ბიჭებს ტირილით ემუდარებოდა, არ გამყიდოთ, რომ თქვენთან ერთად ვიყავი, თორემ მამაჩემი მომკლავსო. რა საჭირო იყო თავის ასე დამცირება, ისინი ხომ მეგობრები იყვნენ და მას მაინც არ ჩაუშვებდნენ. ვილი გაიქცა და მანქანა ბიჭებს შეატოვა, ამიტომაც არავის გაუგია, რომ სწორედ მან გაიტაცა ავტომობილი. მის ნაცვლად კი პასუხი ვაკომ აგო. აბა, ამას ხომ არ მოუყვებოდა იას? შეიძლება, ვერც გაეგო ქალს მისი მონათხრობი და გაეღიზიანებინა. არ იყო გამორიცხული, ისიც ეფიქრა, რომ ვაკო მის წინაშე ქულების დაწერას ცდილობდა. დანარჩენი, რაც მოუყვა, სიმართლე იყო. ზუკამ მამამისს უთხრა, მე ვიჯექი საჭესთანო, იმანაც არ გასცა ვილი და რომ არა ზუკას მამა, ორივეს დაიჭერდნენ.
მას შემდეგ ბევრი წელი გავიდა. ვილი კარგი პოლიციელი იყო და ალბათ კარგი ქმარიც, რახან ია ასე განიცდიდა მის დაღუპვას. ვაკოს ჯიბეში პატარა კოლოფი ედო, იასთვის ნაყიდი საჩუქარი, მაგრამ ახლა არ უნდოდა მისი ჩუქება. ია, როგორც ჩანს, ვილიზე ფიქრობდა, მას კი ამის ატანა აღარ შეეძლო.
მთელი საღამოს განმავლობაში სტუმრები იას თვალს არ აცილებდნენ. იგი მართლაც ბრწყინავდა. ზუსტად გათვალა, როგორ უნდა მოეხდინა ფურორი და მოახდინა კიდევაც. ვაკოს ეამაყებოდა, რომ ასეთი ქალი მისი თანმხლები იყო და აქეთ-იქით ყინჩად იყურებოდა.
ხან ვინ გაიწვია ია საცეკვაოდ და ხან ვინ. ყოველი დატრიალებისას მისი ქვედაბოლო ისე იშლებოდა, გაფურჩქნილ ვარდს ემსგავსებოდა. ასეთ წუთებში მართლა ვერ მოსწყვეტდა კაცი თვალს.
ერთადერთი მამაკაცი, ვისაც იმ ღამეს იასთან არ უცეკვია, ვაკო იყო, რამაც ია კიდევაც გააკვირვა და კიდევაც მოაწყინა.
თორმეტი საათისთვის სტუმრებმა დაშლა დაიწყეს. ვაკო იას მიუბრუნდა:
_ წავიდეთ თუ ცოტა ხანს კიდევ დავრჩეთ?
_ არა, არა, ჩვენც წავიდეთ, რაღა უნდა ვაკეთოთ აქ.
რამდენიმე წუთის შემდეგ ორივენი ადგნენ, მასპინძლებს დაემშვიდობნენ და მანქანაში ჩასხდნენ.
საგრძნობლად აგრილდა. მამაკაცმა მანქანის ორივე მხარეს მინები ჩამოსწია. გარედან სასიამოვნო ნიავი შემოიჭრა, რომელმაც ქალს თმა აუწეწა. `ნიავიც კი ეალერსება, _ რომანტიკულ გუნებაზე დადგა ვაკო, _ სიამოვნებით გავუცვლიდი მას ადგილს~…
შემდეგ შეეცადა, სხვა რამეზე გადაეტანა ფიქრი და პოლიციის ყოფილი შეფის, გიორგი საყვარელიძის მიპატიჟება გაახსენდა.
_ გინდა, ხვალ ცხენებით გავისეირნოთ?
_ ცხენებით? სადაა ცხენები? მინდა! _ პატარა გოგოსავით აჟღურტულდა ია და მისკენ მკვეთრად შემოტრიალდა.
_ ერთი უფროსი მეგობარი მყავს, გიორგი საყვარელიძე. ჩვენი პოლიციის ყოფილი შეფია, ახლა უკვე პენსიაზეა გასული და სოფელს დაუბრუნდა. ცხენსაშენი აქვს. მასთან რამდენჯერმე ვყოფილვარ. გუშინწინ, ღამით რომ გავედი, ბარში შემხვდა და დაგვპატიჟა.
_ აუუ, რა მაგარია! სიამოვნებით წამოვალ. უხერხული ხომ არ იქნება?
_ სულაც არა. ვილის იცნობდა, შენც გიცნობს… შორიდან. იცის, რომ ჩემთან სტუმრად ხარ. უხერხული რატომ უნდა იყოს?
როცა სახლთან მანქანიდან გადმოვიდნენ და ვაკომ გასაღები ჯიბეში ჩაიდო, ხელთ ის პატარა კოლოფი მოხვდა, იასთვის რომ შემოინახა. არც უყოყმანია, მაშინვე ამოიღო ჯიბიდან და ქალს გაუწოდა.
_ შენთვის პატარა საჩუქარი მაქვს, დღეს ვიყიდე.
იას სიხარულით თვალები აუციმციმდა.
_ მართლა? რატომ შეწუხდი?
იამ კოლოფს ბაფთა შემოაცალა და სახურავი სულმოუთმენლად ახადა. წამიერად აღფრთოვანებისგან ენაც კი ჩაუვარდა. კოლოფში სვაროვსკისთვლიანი ულამაზესი საყურე იდო.
_ ოჰ, ვაკო, რა სილამაზეა! სწორედ ასეთზე ვოცნებობდი. დიდი მადლობა. სანამ წავიდოდით, რატომ მაშინვე არ მომეცი? გავიკეთებდი. ჩემს კაბას ძალიან მოუხდებოდა.
_ რა ვიცი, აბა… _ უხერხულად აიწურა მხრები მამაკაცმა და თვალები დახარა.
_ იქნებ რიტასთვის იყიდე და ვეღარ გაიმეტე? _ გაეხუმრა ქალი.
ვაკომ ხუმრობა ვერ გაიგო და ის იყო, განაწყენებული მოიღუშა, რომ ია სწრაფად მიუახლოვდა, ფეხის წვერებზე აიწია და ლოყაზე აკოცა.
დაიბნა ვაკო, მერედა, როგორ დაიბნა, მაგრამ მხოლოდ წამით… უეცრად შეირხა, იას ხელი მოხვია, მიიზიდა და სახე მის თმაში ჩარგო.
ია გაიტრუნა. ისეთი ბედნიერი იყო, რომ ლამის ჰაერში აიწია.
ამ დროს ვაკოს მობილური აწრიპინდა. მამაკაცმა ქალს ხელი შეუშვა, განზე გადგა და ტელეფონს უპასუხა. სამორიგეოდან რეკავდნენ.
_ დიახ, მესმის, ხელი არაფერს ახლოთ, ახლავე მოვალ. თხუთმეტ წუთში მანდ ვიქნები!
ვაკომ მობილური გათიშა და იას მიუბრუნდა:
_ რაღაც მოხდა ქალაქთან ახლოს, უნდა წავიდე.
_ ცუდია რამე?
_ ჯერჯერობით დაწვრილებით არ ვიცი, ყაჩაღობაო და… მივალ, გავერკვევი.
ია რატომღაც შიშმა აიტანა.
_ ვაკო, ძალიან გთხოვ, ფრთხილად იყავი.
_ მე ყოველთვის ფრთხილად ვარ, ნუ გეშინია, _ თბილად გაუღიმა მამაკაცმა, შუბლზე აკოცა და მანქანაში ჩაჯდა.
`სახლში შესვლაც ვერ მოვასწარით, იქნებ კიდევ ეკოცნა ჩემთვის~, _ დანანებით გაიფიქრა ქალმა და ჭიშკარი უკმაყოფილო სახით შეაღო…
როგორც კი ტანთ გამოიცვალა, გასაბერი ლეიბი იატაკზე გაშალა, ზედ ბამბის ლეიბი დააგო და ვაკოსთვის გაამზადა. მერე თვითონაც დაწვა. თავიდან შეეცადა, წიგნი წაეკითხა, მაგარმ გული ვერ დაუდო, რაღაცის ეშინოდა და მამაკაცის დაბრუნებას მოუთმენლად ელოდა. თითქოს წინათგრძნობა აწუხებდა, გული ცუდს უგრძნობდა, მაგრამ არ უნდოდა ამაზე ეფიქრა.
ვერ იტანდა ლოდინს. მაშინაც ნერვები ეშლებოდა, როცა ვილის ელოდებოდა და მას მერე რაღას წარმოიდგენდა, თუ ვინმეს მიმართ ასეთივე შიშნარევი მოლოდინი ექნებოდა.
ძილი არა და არ გაეკარა. შუაღამე იქნებოდა გადასული, როცა მანქანის ხმა გაიგონა. `მადლობა ღმერთს~, _ ქალმა შვებით ამოისუნთქა, მაშინვე წამოჯდა დივანზე და მიაყურადა. როგორც კი ვაკო შინ შემოვიდა, ფეხშიშველი, პიჟამით, ხალათჩაუცმელად მისკენ გაქანდა…
ქალს გული ამოვარდნაზე ჰქონდა…
ვაკო ძალიან დაღლილი იყო, მაგრამ მაინც მიაქცია ყურადღება, რომ იას პიჟამაზე ხალათი არ მოეცვა. ქალს ძლივძლივობით გაუღიმა, გვერდი აუარა და სამზარეულოში გავიდა, მერე მაცივრიდან წყალი გამოიღო და მთელი ბოთლი სულმოუთქმელად დაცალა.
_ რა მოხდა? ვინ დააყაჩაღეს?
_ ისეთი არაფერი. ბენზინგასამართი სადგური გაძარცვეს. მოწმეები დავკითხეთ და ახლა ვეძებთ ორ ბიჭს, რომლებიც ჯიპით გაუჩინარდნენ. _ მამაკაცი უცებ გაჩუმდა და იას მიაჩერდა. _ ია, რა იყო? მე არაფერი მემუქრებოდა, რამ შეგაშინა? როცა მივედი, მძარცველები უკვე გაქცეული იყვნენ.
იას ცრემლებმა თვალები აუწვა, შეტრიალდა და ოთახში შევიდა. ვაკო უკან გაჰყვა.
_ ჩემზე ნუ წუხხარ, მე არაფერი დამემართება, ეგრე კი არ არის.
_ მართლა? _ ირონიულად შენიშნა იამ.
_ გპირდები.
_ ღმერთო ჩემო, როგორ შეგიძლია ამის შეპირება, ასეთი სამუშაო როცა გაქვს?
_ ასეთი როგორი?
_ როგორი და… ყოველდღე საფრთხე გელის, _ განუმარტა ქალმა და მიხვდა, ხმა რომ აუკანკალდა. შერცხვა და გაჩუმდა.
ვაკომ ხელი მოჰკიდა, მკერდზე მიიხუტა და ნახევრად ბნელ ოთახში მის ტუჩებს დაუწყო ძებნა, რომლის მიგნება არ გასჭირვებია. იას კვნესა აღმოხდა, ამწუთას არც გუშინდელ დღეზე ფიქრობდა და არც ხვალინდელზე. ახლა მხოლოდ დღევანდელი დღით ცოცხლობდა.
ვერც კი გააცნობიერეს, როგორ აღმოჩნდნენ იატაკზე, ვაკოს ლეიბზე. მამაკაცი მხოლოდ ერთი წამით მოსწყდა ქალის ტუჩებს, რათა პერანგი გაეხადა. არაფერი ახსოვდათ, ვერაფერს ხედავდნენ, ერთმანეთსაც კი, მხოლოდ გრძნობდნენ, როგორ მიიწევდა ორი ცხელი სხეული შესაერთებლად, რომ ერთი მთლიანი გამხდარიყო. ახლა ისინი ერთმანეთით იყვნენ სავსე, მხოლოდ ერთმანეთს გრძნობდნენ. რომ დაფიქრებულიყვნენ, მიხვდებოდნენ, რომ სწორედ ასეთ წუთებში იკვეთებოდა სიყვარულის სიბრმავეც და სიყრუეც…
_ ია, მაგიჟებ, უშენოდ არ შემიძლია, _ ძლივს ამოიჩურჩულა ვაკომ, რომელსაც სუნთქვა გახშირებოდა.
მამაკაცი თავდავიწყებით კოცნიდა მის სახეს, კისერს, მკერდს, ტუჩებს… მაგრამ მოულოდნელად გაშეშდა, ოდნავ წამოიწია, ქალს ზემოდან დახედა და უჩურჩულა:
_ გაცნობიერებული გაქვს, რასაც აკეთებ? დარწმუნებული ხარ, რომ მერე არ ინანებ?
სიტყვამ `ინანებ~ გულში ჭვალივით გაუარა იას. რას აკეთებს? რას სჩადის? ვაითუ, ამ კაცისთვის ის მხოლოდ ნდომის ობექტია და არა საყვარელი ქალი? იქნებ დიდი ხანია, არავისთან ყოფილა და ვნებამ დარია ხელი? იქნებ ამწუთას მისთვის მხოლოდ ქალია… ნებისმიერი ქალი?
ია მსწრაფლ წამოჯდა, პიჟამას ხელი სტაცა და შიშველ მკერდზე მიიფარა.
ვაკო შეცბა, მუხლებზე დაჯდა, ამის დედაცო, შეიგინა და თმაზე ხელი გადაისვა. წამის მერე თავი სიმწრით გადააქნია და ასეთივე სიმწრით ჩაიცინა, მერე კი ყრუდ ამოთქვა:
_ გასაგებია და პასუხიც მიღებულია…
მეორე დილით, სანამ ვაკო მანქანას აწესრიგებდა, იამ სურსათზე გასვლა მოიმიზეზა და სუფთა ჰაერზე გაისეირნა. უაზროდ მიყიალობდა ქუჩაში და ცდილობდა გაეაზრებინა ყველაფერი, რაც ბოლო წლინახევრის განმავლობაში შეემთხვა.
ვილის უაზრო სიკვდილის გამო ია ჯერ კიდევ შოკში იყო, როცა მისი სასიყვარულო ინტრიგების შესახებ შეიტყო. დარდს კიდევ ახალი ტკივილი დაემატა _ ღალატის ტკივილი, რომელმაც სამუდამოდ შეურყია ქორწინების ერთგულების რწმენა. ამაზე დიდხანს ფიქრობდა. ვილის სიცოცხლეში რომ გაეგო მისი ღალატის ამბავი, თუ აპატიებდა? ამაზე პასუხი არ ჰქონდა. როცა წერილები პირველად წაიკითხა, ღრმად ჩაფიქრდა _ უყვარდა კი ვილი საერთოდ? იყო კი მათი ოჯახური ურთიერთობა სიყვარულსა და ნდობაზე დამყარებული? რატომ გამოეპარა ქმრის გარიყვა? რატომ ვერაფერს ამჩნევდა, თუკი უყვარდა? ამ კითხვაზე პასუხს ვერ სცემდა, რამაც უარეს დეპრესიაში ჩააგდო.
სამაგიეროდ, ახლა ჰქონდა ყველა კითხვაზე პასუხი _ არა, მას ვილი ისე არასდროს ჰყვარებია, რომ მისი მაჯისცემის აჩქარება და შენელება დროზე შეემჩნია. რა თქმა უნდა, ვილი უყვარდა, მაგრამ უყვარდა, როგორც ქმარი და არა როგორც სასურველი მამაკაცი. თავს მოვალედ მიიჩნევდა, რომ, რადგან ოჯახი შექმნა, ჭაპანი ქმართან ერთად ერთგულად გაეწია. ეგ იყო და ეგ. რა თქმა უნდა, მასთან სექსიც სიამოვნებდა და ურთიერთობაც, მაგრამ შეიძლება უფრო იმიტომ, რომ ამ ყველაფერს ბოლო დროს დანატრებული იყო. ვილი მისთვის თითქმის ვერ იცლიდა. ხან დაღლილი ბრუნდებოდა შინ, ხან საერთოდ არ ბრუნდებოდა…
ახლა კიდევ ეს წუხანდელი ღამე… რა იყო ეს? სიყვარული? სექსის სურვილი? რატომ მოიქცა ასე? უფრო სწორად, რატომ მოექცა თავის თავს ასე? ხომ ყოველთვის იმ დევიზით ცხოვრობდა, როცა რაღაც გსიამოვნებს, უკან არ უნდა დაიხიო და აკეთო ის, რაც გსიამოვნებსო? ხომ სიამოვნებდა? ხომ ოცნებობდა ასეთ ღამეზე? უკან რატომ დაიხია? რა იყო ეს _ შიში თუ სიფრთხილე? იქნებ თავის თავში დაურწმუნებლობა?
_ არა, არა, ეგ არაფერ შუაშია, _ ხმამაღლა შეუტია თავის თავს და პარკისკენ გადაუხვია, რომ ძელსკამზე ჩამომჯარიყო, _ განა მაგას კითხვა უნდა, რატომ გავიხადე და ჩავუწექი ლოგინში? ღმერთო ჩემო! რატომ ვიყავი ასე დარწმუნებული, რომ მას სწორედ მე ვჭირდებოდი და არა სხვა ქალი? თვითონ არ მითხრა, შენთან მხოლოდ მეგობრობა მინდაო? _ ამის თქმაზე ამოიკვნესა, პირველსავე ცარიელ ძელსკამზე ჩამოჯდა და ისევ ფიქრს მიუბრუნდა. ნუთუ დაავიწყდა, ვაკომ რომ უთხრა, მარტო ერთ ქალთან ყოფნა ვერ წარმომიდგენიაო? ასე უთხრა? თუ გამიჭირდებაო? _ ვერა და ვერ აღიდგინა ვაკოს ნათქვამის ზუსტი ფორმულირება.
ბრაზობდა საკუთარ თავზე. რატომ მისცა თავს უფლება, რომ ეს კაცი შეჰყვარებოდა? როგორ შეიძლება ქმრის ძმაკაცის შეყვარება? რას იტყვის ხალხი? თბილისში მაშინვე უნდა გაქცეულიყო, როგორც კი გულში `იმნაირმა~ ნაპერწკალმა გაანათა.
ახლაც ყურში ედგა ვაკოს შეგინება, როცა იამ პიჟამა აიფარა და გაერიდა. მამაკაცი მაშინვე წამოდგა და საძინებელში გავიდა, ქალი კი მარტო დატოვა.
მორჩა, ყველაფერს წერტილი დაესვა. ახლა უკვე მშვიდად იყო. ის კი არა, რომ ჩაუღრმავდა, თითქოს აღარ უყვარდა ვაკო და ღმერთს მადლობა შესწირა, რომ წუხანდელ ღამეს არ მიქარა. კიდევ იმიტომ, რომ ამ ღამემ თვალები აუხილა და მიახვედრა, რომ ამ კაცთან დაკავშირებული გრძნობა სულაც არ იყო სიყვარული. `კიდევ კარგი, მკითხა, ხომ არ ინანებო, თორემ მაგრად დამერხეოდა~, _ პირმოკუმულმა ტუჩი ტუჩს ისე ძლიერად დააჭირა, რომ ტკივილი იგრძნო…
შინ მობრუნებულს ვაკო ეზოში დახვდა. ქალბატონ ნინოსთან საერთო ღობე მორღვეულიყო და იმის შეკეთებით იყო დაკავებული. როცა ინსტრუმენტები აკრიფა და შემდეგ სამზარეულოში შემოვიდა, იამ ცივი წვენი და მსუბუქი საუზმე დაახვედრა _ ყიყლიყოები შეეწვა და ზედ თხლად დაჭრილი ყველის ნაჭრები დაედო.
ვაკომ ხელები დაიბანა, გაიმშრალა და იამაც მხოლოდ ამის შემდეგ მიაწოდა წვენი.
_ ამის საყიდლად გახვედი? _ არ შეუხედავს, ისე ჰკითხა მამაკაცმა.
_ ამის საყიდლადაც და დასაფიქრებლადაც.
_ გმადლობთ, _ ვაკომ ფუჟერი ჩამოართვა, მის პასუხზე კი რეაქცია არ ჰქონია.
იას რატომღაც, ნირი წაუხდა, მაგრამ მაშინვე აიყვანა თავი ხელში და შეეკითხა:
_ არ ისაუზმებ?
_ არა, ახლა არ მინდა, _ ცივად მიუგო მამაკაცმა და გაშლილ მაგიდას გადახედა.
_ ნაწყენი ხარ? _ ფრთხილად შეაპარა შეკითხვა.
ვაკომ ისეთ მზერით შეხედა, პასუხი გასაგები იყო.
<div>
<div class="gtx-trans-icon"></div>
</div>
<div>
<div class="gtx-trans-icon"></div>
</div>