კარგა ხნის გათენებული იყო, როცა გამეღვიძა. ისეთი თბილი და მზიანი დღე იყო, გაზაფხული გეგონებოდათ. რა უცნაურია, წუხელ ირაკლი მესიზმრა და ეს მახსოვს. არადა, არასდროს მამახსოვრდება სიზმრები. თუმცა ამჯერად ის უფრო გამიკვირდებოდა, ამისთანა კაცი დამსიზმრებოდა და ვერ აღმედგინა ზმანება.
ნინას ოთახში შევიხედე. ლოგინი ხელუხლებელი დამხვდა. არც მოსულა თურმე წუხელ სახლში. საინტერესოა, ამჯერად ვისთან გაათენა ღამე?
- გამაგიჟებს ეს გოგო, სიცოცხლეს გამიმწარებს, სანამ აქაა. ნეტავ საერთოდ არ ჩამოსულიყო, - უკმაყოფილოდ ჩავიბურტყუნე და ჩაი შემოვდგი.
როცა მობილურმა დარეკა, მაშინვე ტელეფონს ვეცი, ნინა მეგონა. მაკა აღმოჩნდა, ჩემი დაქალი. ერთი საგამოფენო დარბაზი უნდა გვენახა გამოფენის მოსაწყობად, მაგრამ ახლა ამისთვის არ მეცალა.
- მაკა, დღეს ვერაფრით ვერ მოვახერხებ წამოსვლას. იქნებ მარტო მიხვიდე და გაარკვიო, რამდენად აქირავებენ?.. არა, არ მცალია. ახლა ვერ მოგიყვები, საღამოს გნახავ და ყველაფერს გეტყვი.
ვისაუზმე და ჩაცმას შევუდექი. მინდოდა, ლამაზად ვყოფილიყავი, მაგრამ განსაკუთრებულად არ გამოვპრანჭულვარ. სპორტული სტილი ავირჩიე. შინდისფერი პულოვერი და ჯინსის შარვალი ჩავიცვი.
უკვე გავდიოდი სახლიდან, რომ ბეჭედი გამახსენდა, იქვე, სარკის მაგიდაზე რომ მქონდა დადებული. ვიფიქრე, ჩანთაში ჩავიდებ-მეთქი და მოვბრუნდი, მაგრამ ხელში რომ ავიღე, კვლავ თითზე წამოვიცვი. რაც არის, არის. ირაკლის მშობლებს მაინც მე ვგონივარ თავიანთი შვილის საცოლე და ბარემ მეკეთოს-მეთქი. მაგრამ რა, განა მათ იციან ამ ბეჭდის ამბავი? რაღაც მეეჭვება… აჯობებს, მაინც მეკეთოს, ირაკლიმ ხომ იცის და რა მნიშვნელობა აქვს? მთავარია, როგორმე მოვახერხო, რომ სიმართლე სამივეს გავაგებინო.
საავადმყოფოში მისულმა პალატის კართან თამარი დავინახე. ჩემ დანახვაზე სახე შეეცვალა და ისეთი სწრაფი ნაბიჯით გამოეშურა ჩემკენ, შიშისგან მუხლები მომეკვეთა.
- ნიცა, რა კარგია, რომ მოხვედი, გენაცვალე. დარეკვა მინდოდა, მაგრამ ნომერი არ ვიცოდი.
- რა იყო, მოხდა რამე? - შეშფოთებული მივაჩერდი.
შიშმა აზროვნების უნარი დამიკარგა. ღმერთო, მიშველე! ის არ უნდა მოკვდეს, არა, არა და არა! ამ აზრმა გამიელვა და ძარღვებში სისხლი გამეყინა.
- ცუდად არის? - ჩუმად ვიკითხე და პასუხის მოსმენის შემეშინდა.
- არა, ჩემო საყვარელო, რას ამბობ. ჩემი ბრალია. სულ არ მინდოდა შენი შეშინება! -წამოიძახა ქალმა.
თვალები დავხუჭე, რათა თავბრუსხვევას გავმკლავებოდი. ამ ბოლო დროს სულ ასე მემართება, მცირე ნერვიულობა და, ყველაფერი აყირავდება ირგვლივ. არ არის გამორიცხული, ნევროზი მქონდეს.
დედამისს ვკითხე, ცუდად ხომ არ არის-მეთქი, გულში კი გავიფიქრე, ხომ არ მოკვდა-მეთქი. ვიგრძენი, რომ გავფითრდი. რა მემართება? მე ხომ საერთოდ არ ვიცნობ მას. თითქოს ყველაზე ახლობელი ადამიანი ყოფილიყო, ისე შემზარა ამის გაფიქრებამ. ჩემგან ნამდვილად გასაკვირია უცხო ადამიანზე ამდენი ფიქრი, დარდი და ნერვიულობა…
შევეცადე, როგორმე თავს მოვრეოდი და აბეზარი ფიქრები მომეშორებინა. ტყუილია, სულაც არ ვარ მაყაშვილზე შეყვარებული, უბრალოდ… უბრალოდ, პასუხისმგებლობას ვგრძნობ ნინას უღირსი საქციელის გამო, სულ ეს არის, - აი, ამაში ვცდილობდი ჩემი თავის დარწმუნებას.
ქალბატონმა თამარმა იდაყვში წამავლო ხელი და გონს მოვეგე.
- ექიმს უნდა შენი ნახვა, - თითქოს დიდ საიდუმლოს მანდობსო, ისე წამჩურჩულა.
ამის გაგონებაზე შევკრთი და სახეზე ალმური წამეკიდა. ეს რა შარში გავყავი თავი.
საორდინატოროში შევედით. ლილი ექიმი ფეხზე წამოდგა და შემოგვეგება.
- კარგია, რომ მოხვედით, ქალბატონო ნიცა. თქვენი ნახვა მინდოდა. იცით? ამ დილით, ირაკლიმ როგორც კი გაიღვიძა, თქვენ მოგიკითხათ. ძალიან განერვიულდა, როცა ვუთხარით, აქ არ არისო. ისე აღელდა, რომ დამაწყნარებელი გავუკეთე. ჰგონია, რომ ავარიაში დაიღუპეთ და მას ვუმალავთ.
გაოცებისგან პირი დავაღე.
- მაგრამ წუხელ ხომ ველაპარაკე?
- მართლა? არ ვიცოდი. ჩემთვის არ გითქვამთ, - გაიკვირვა ექიმმა, - თუმცა ამას რა მნიშვნელობა აქვს. მას, სამწუხაროდ, ეს არ ახსოვს. არა უშავს, ეგ არაფერი. ბუნებრივია, რომ არ ახსოვს, არ შეგეშინდეთ, ნარკოზიდან ჯერ კიდევ არ იყო გამოსული და იმიტომაც ვერ აღიდგინა. მთავარი ახლა ისაა, რომ მისი განერვიულება არ შეიძლება. როგორმე უნდა შევუწყოთ ხელი.
- მესმის, - მსწრაფლ დავმორჩილდი, - რა უნდა ვქნა?
- ისეთი არაფერი. მას ახლა სძინავს, მაგრამ დროდადრო გაიღვიძებს და სასურველია, მის გვერდით იყოთ. თქვენი ხშირად ნახვა მისთვის ახლა ყველა წამალზე უფრო სასარგებლოა. იმედია, სამსახურში პრობლემები არ შეგექმნებათ…
- არ ვმუშაობ, - მოკლედ მოვჭერი და მცირე ხნით გავჩუმდი, მერე კი დავამატე, - რა თქმა უნდა, დავრჩები. ვიქნები მის გვერდით, სანამ საჭიროა.
- შენ შემოგევლე, შვილო, რა გული გქონია, - გადამეხვია ირაკლის დედა და ატირდა.
ორივენი პალატისკენ გავემართეთ.
- სულ ნახევარი საათია, რაც ინტენსიურიდან გამოიყვანეს და პალატაში დააწვინეს, მაგრამ ბევრი ვიბრძოლე, რომ მარტო ყოფილიყო. არ მინდა, სხვა ავადმყოფების კვნესა-ტკივილმა შეაწუხოს. რა ვქნა, დედა ვარ და ხომ იცი, როგორ ვდარდობ. გიამ და თამუნამაც დარეკეს და მოიკითხეს.
- გია და თამუნა? - შევეკითხე. წარმოდგენა არ მქონდა, ვისზე იყო საუბარი.
- ჩემი შვილები, არ იცი? არ გითხრა ირაკლიმ მათზე? - გაუკვირდა ქალს.
მოვიღუშე. ისე დავიბენი, ვერ მოვიფიქრე, რა მეპასუხა. ნინამ ალბათ იცოდა მათი არსებობის შესახებ, მე კი პირველად მესმოდა.
- ოჰ, როგორ არა, უბრალოდ, იმ სტრესის მერე თავში ყველაფერი ამერია, - ვიმართლე თავი.
- არა უშავს, საყვარელო, მესმის შენი, რა გასაკვირია. ისედაც, ძალიან ცოტა ხანია, რაც შენ და ირაკლი ერთმანეთს იცნობთ. ვგრძნობ, რა დღეშიც ხარ.
«ეჰ, ქალბატონო, აზრზეც არ ხართ, რა დღეში ვარ», - გავიფიქრე ელდანაცემმა.
- პირველად რომ მითხრა, შეყვარებული ვარ და მალე ცოლად შევირთავო, კინაღამ გული გამისკდა. ხომ იცი, რა ძნელია დედისთვის… არ იცი, ვინაა, ვისი შვილია, რას წარმოადგენს, როგორი ოჯახიდანაა, განათლება, ესა, ისა… ვერც ვუბედავდი, რამე მეკითხა, მაგრამ როგორც კი დაგინახე, ეგრევე დავმშვიდდი. ჩემი შვილი არასდროს ცდება, ამაში ღრმად ვარ დაწმუნებული. ბედნიერი ვარ, რომ ჩემს ირაკლის შენნაირი ანგელოზი შეხვდა, -ალერსიანად მომმართა ქალმა.
შინაგანად დავიძაბე. ბრაზი მახრჩობდა, რომ ამ ხათაბალაში გავეხვიე. ნინაზე ვიყავი გაალმასებული. საწყალი ირაკლი, თურმე ყურებამდეა ჩემს დაზე შეყვარებული, ის კიდევ… ალბათ აღარც ახსოვს ამწუთას ირაკლი. ისე წავიდა, უკან არც მოუხედავს. არც მე დამირეკა, რომ მისი ამბავი გაეგო.
როგორ გამოვძვრე ამ გაუგებრობიდან? სანამდე უნდა ვიცადო? ნეტავ მოვკვდებოდე, აღარ შემიძლია ასე…
პალატის ფანჯარასთან ვიდექი და ნაწვიმარ ქუჩას გავყურებდი. უცნაურია ბუნება, გუშინ ქვეყანა დაიქცა თავსხმა წვიმისგან, დღეს კი მზემ ისე დინჯად და აუღელვებლად გამოანათა, ვითომ სულაც არ უწვიმია, ვითომ თებერვლის სუსხიანი დღე არ იდგა გარეთ.
ირაკლი ძილში შფოთავდა, მაგრამ არ გაუღვიძია. საავადმყოფოში მისულმა დედამისი შინ გავუშვი, დაისვენეთ და დროებით მე დავრჩები-მეთქი. შემეცოდა ქალი, თვალები ამოღამებული ჰქონდა. ალბათ არც უძინია წუხელ, ჩემგან განსხვავებით, თუმცა არც მე მქონია მთლად უდრტვინველი ღამე.
და ვდგავარ ახლა ფანჯარასთან აზრებისგან დაცლილი და ქუჩას გავყურებ.
- ნიცა… - გაისმა ამ დროს ძლივს გასაგონი ჩურჩული, მაგრამ მაინც გავიგონე. ალბათ ძალიან მინდოდა, რომ გამეგონა, მისი ხმა კიდევ ერთხელ მომესმინა… თვალები დავხუჭე. ამ მომენტს ველოდი და თან მეშინოდა. იმან, რაც წუხელ ჩემს თავში აღმოვაჩინე, ძალიან დამაფრთხო და ახლა, როცა მისი ჩურჩული მესმოდა, საწოლთან მისვლას ვერ ვბედავდი. როგორმე უნდა მოვრეოდი თავს.
შემოვბრუნდი და მისკენ ნელა დავიძარი.
- აქ ვარ, - მშვიდად წარმოვთქვი, მაგრამ ვაი, ამ სიმშვიდეს. გული საგულიდან ამოხტომას ლამობდა, ისე ავღელდი.
როგორც კი ფართოდ გახელილ მის თვალებს წავაწყდი, მუხლები მომეკვეთა, დაწყნარებას ვცდილობდი და ვერ ვახერხებდი. ვბრაზობდი ჩემს თავზე, ამხელა ქალს რა მემართება? როგორ ვერ უნდა მოვერიო გრძნობებს? რაღაცას ხომ უნდა გავუწიო ანგარიში?
ირაკლიმ ხელი გამომიწოდა და მეც იძულებული გავხდი, მის თითებს შევხებოდი. ოდნავ მოვუჭირე ხელზე ხელი. შემაკანკალა. ჟრუანტელი მთელ სხეულში მივლიდა. ძალაუნებურად შევკრთი.
გაოცებით ამომხედა.
- უცნაურია, რა შეუძლია გააკეთოს სიკვდილთან ბრძოლამ, - წაიჩურჩულა მან, დამსხვრეული ნეკნების გამო სვენებ-სვენებით ლაპარაკობდა.
შევცბუნდი.
- რ-რა… რას გულისხმობ? - ენა დამება.
- როგორც კი ხელი შეგახე, მივხვდი, რომ ცოცხალი ვარ, - მის ხმაში ირონია გამოკრთა.
მის მზერას თვალი გავაყოლე და მივხვდი, რასაც გულისხმობდა. მივხვდი და ლოყებზე ალმური წამეკიდა. ის ჩემს მკერდს დაშტერებოდა. როგორ მინდოდა, ამწამსვე გავქცეულიყავი აქედან, მაგრამ ირაკლი ისე მიჭერდა თითებს, გარხევას ვერ ვბედავდი.
მივენდე ბედისწერას…
მამაკაცი სიყვარულით სავსე მზერას არ მაშორებდა. შევნიშნე, ჩემმა დაბნეულობამ ეჭვი აღუძრა თუ შეაშფოთა. აბა, რას წარმოიდგენდა, როგორი აგუზგუზებული კოცონი ბრიალებდა ჩემს გულში.
- დედაჩემი აქაა?
- იყო და გავუშვი, მთელი ღამე გაათენა, შემეცოდა და შევცვალე. ახლა მე ვიქნები შენთან.
- კარგია, რომ აქ ხარ, - თქვა და თვალები ისევ მილულა.
ხელი შემიშვა თუ არა, სკამზე დავეშვი და მთვლემარეს ნაღვლიანად დავაკვირდი. ამწუთას ისეთი უსუსური იყო… პატარა, მიუსაფარ ბიჭს მაგონებდა.
სანამ ეძინა, ტემპერატურააწეული გრძნობები ნელ-ნელა მინელდა და გონების მოკრება შევძელი. ვფიქრობდი და ეს ფიქრები სულაც არ იყო სასიამოვნო. უფრო სწორად, სასიამოვნო უსიამოვნოს ერთვოდა. მისი გამხნევება მინდოდა და უარესი გამოვიდა. ვნება აღეძრა ჩემდამი. ეს, ალბათ, წუხანდელი სტრესის ბრალი იყო. საშინლად განვიცდიდი მოვლენების ასე შეტრიალებას. ამ ყველაფერს კარგი პირი არ უჩანდა. მამაკაცის ერთი შემოხედვისთანავე ვიბნეოდი და ადგილს ვერ ვპოულობდი, საკუთარი ემოციების ტყვეობაში ამოვყავი თავი.
კვლავ შემაკანკალა. თვალებზე მომდგარი ცრემლი მოვიწმინდე და საბოლოოდ მივხვდი, რაც დამემართა. მე ჩემი დის შეყვარებული, უფრო მეტიც, საქმრო, ირაკლი მაყაშვილი შემიყვარდა.
გამიგია, განა არ გამიგია, რომ არსებობს ერთი ნახვით შეყვარება. დაქალებსაც მოუყოლიათ, წიგნებშიც წამიკითხავს და ფილმებშიც არაერთხელ მინახავს მსგავსი სცენები. არც იმას ვიტყვი, რომ ამის არასდროს მჯეროდა, მაგრამ საკუთარ თავზე თუ ოდესმე გამოვცდიდი, ვერასდროს წარმოვიდგენდი. და რატომ აღვიქვამდი ამას ტრაგედიად? მეც ხომ ქალი ვარ, არაფრით სხვებისგან გამორჩეული, რა არის ამაში გასაკვირი? არც არაფერი. ტრაგედია ის კი არ იყო, რომ ერთი ნახვით შემიყვარდა, არამედ ის, რომ სხვის ჩასაკბეჩ ვაშლს ვუპირებდი ჩაკბეჩას, თან ეს ვაშლი ვიღაცას კი არა, ჩემს ღვიძლ დას ეკუთვნოდა. გარდა ამისა, არც ის მამშვიდებდა, რომ ირაკლიც შეყვარებული იყო. სინამდვილეში მას მე კი არა, ნინა უყვარდა. ახლა მე ყალბი ნინა ვიყავი, ასლი, ორეული და არა ნამდვილი. უნდა შევეცადო, რომ როგორმე მოვთოკო გრძნობები… ახლა მთავარია, თავი არ დავკარგო, სანამ ძალიან შორს არ შემიტოპავს. ჯერ კიდევ არ არის გვიან, ჯერ კიდევ შემიძლია, წინ აღვუდგე აკრძალულ სურვილებს და უარი ვთქვა ამ ყველაფერზე. აი, დაველოდები ირაკლის გამომჯიბინებას, სიმართლეს მოვუყვები და ჩემი სიყვარულიც იქ დამთავრდება. აუცილებლად განვიხიბლები, როცა მის გაოცებულ სახეს დავინახავ. ვიცი, რომ ზუსტად ასე მოხდება და გავთავისუფლდები ამ მძიმე ტვირთისგან. როგორ მქენჯნის სინდისი. წუხელვე უნდა მეთქვა დედამისისთვის, როგორც იყო, არ უნდა გამეჯანჯლებინა საქმე.
ტუმბოს გადავწვდი, სადაც ჟურნალი იდო, ავიღე და სურათების თვალიერებას შევუდექი, მაგრამ თვალები ისე დამბინდვოდა, ვერაფერს ვხედავდი.
მოულოდნელად პალატის კარი გაიღო და მამამისი შემოვიდა. სახეალანძული წამოვხტი, ჟურნალი კი ხელიდან გამივარდა. მე და ბატონი გოგი ერთდროულად დავიხარეთ მის ასაღებად.
- წეღან გაიღვიძა, ცოტა მელაპარაკა, უკეთ არის, - წავილუღლუღე, - ახლა ისევ ჩაეძინა.
- დღეს უფრო მშვიდადაა, - მოგუდული ხმით ჩაილაპარაკა კაცმა, - ეძინოს, ეს დაეხმარება. უკვე მჯერა, რომ კარგად გახდება, - შვება ამოაყოლა ნათქვამს მამაკაცმა.
ნაძალადევად გავიღიმე.
- გმადლობ, რომ ჩემი ქალი დაასვენე, - მან ხელზე შემახო ხელი და თითები ოდნავ მომიჭირა.
შევხედე. მიღიმოდა. როგორ ჰგავდა ირაკლი მამას. აი, თურმე ვისგან გამოჰყვა ასეთი მომხიბვლელობა.
ცოტა ხანს ვისხედით. სალაპარაკო თემს ვერ ვპოულობდი, უფრო და უფრო ვიძაბებოდი. გადავწყვიტე, წავსულიყავი.
- თქვენ რჩებით თუ უნდა წახვიდეთ? - ცოტაოდენი ყოყმანის შემდეგ ვკითხე.
- არა, არსად არ მივდივარ, დავრჩები. თქვენ თუ წასვლა გინდათ, არ მოგერიდოთ, - თითქოს გამიადვილა გადაწყვეტილების მიღება.
- დიახ, რადგან მოხვედით და არ გეჩქარებათ, ცოტა ხნით გავალ, მაგრამ მალევე დავბრუნდები, თუ საჭიროა.
- არა, გენაცვალე, მიდით, მიხედეთ თავს, ჩვენი გულისთვის საქმე არ გაიფუჭოთ. მე საღამომდე დავრჩები, სანამ თამარი მოვა. თქვენ გნახავთ საღამოს?
- დიახ, აუცილებლად, აბა, რას ვიზამ, ნახვამდის, - დავემშვიდობე მამაკაცს და თავქუდმოგლეჯილი გამოვვარდი გარეთ.
საშინელ უხერხულობას ვგრძნობდი მისი მშობლების დანახვისას. ისინი უკვე თავიანთი ოჯახის წევრად მომიაზრებდნენ. ეს კი მთრგუნავდა და მბოჭავდა.
მინდოდა, ნინა მენახა. როგორმე უნდა მომეძებნა და დავლაპარაკებოდი. ვერავინ ვერაფერს გაიგებდა, თუკი ის შემცვლიდა და ჩემ მაგივრად გააგრძელებდა ირაკლის მონახულებას. უნდა დამერწმუნებინა, რომ გადაწყვეტილება შეეცვალა და შეყვარებულს დროებით მაინც დაბრუნებოდა. დიდად არ მინდოდა, ჩემი და მას დაბრუნებოდა, რადგან ვიცოდი, იგი ირაკლის მხოლოდ უბედურებას მოუტანდა თავისი ბუნებიდან გამომდინარე, მაგრამ უკან დასახევი გზა არ მქონდა. მაყაშვილს ნინა სჭირდებოდა და არა მე. ამიტომ როგორმე უნდა დამებრუნებინა.
ნათიასთან მივედი სახლში, მის მეგობართან, უფრო იქ მეგულებოდა, რადგან ყველაზე ხშირად მასთან რჩებოდა.
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>