- ეს რა არის, ბატონო გურამ? - კითხვა დამთავრებული არ ჰქონდა გამომძიებელს, კაბინეტში ლევან არაბული რომ შემოვიდა.
- გუშინ ღამე წერეთლის გამზირზე, ჩიხში, ორი მამაკაცი მოკლეს. დათო დეკანოიძე და ზვიად ჩიხლაძე. წარსულში ორივე ნასამართლევი. - ჯიშკარიანის მაგივრად პასუხი გასცა არაბულმა და საქაღალდეში ჩაკრულ ფოტოებზე მიუთითა. - ნარკოტიკები, კონტრაბანდა, წვრილმანი ხულიგნობები. მოკლედ, ყველაფერი. ექსპერტიზა ვოვამ გააკეთა. დათო დეკანოიძეს კისრის მალები აქვს გადამტვრეული. ადვილად რომ გითხრა, ისე მოუგრიხეს კისერი, რომ მალები ერთმანეთს დაშორდა და ზურგის ტვინი დაზიანდა. თავის არაბუნებრივი პოზაც ამის შედეგია. მეორე, - პაუზა გააკეთა პროკურორმა და სახელის გასახსენებლად საქაღალდეში ჩაიხედა. - ბატონი ზვიადი ცეცხლსასროლი იარაღით არის მოკლული. აბა, თუ გამოიცნობ, რომლით?
აქამდე მარინე მხოლოდ უსმენდა არაბულს. ახლა კი მიხვდა, რატომ ეძებდნენ დილიდან გამომძიებელს და რა იარაღზე იყო საუბარი.
- აკ-47-ით? - თვალები გაუფართოვდა ქალს.
- დიახ, აკ-47. ზუსტად ისეთივე, როგორიც მაისურაძეების შემთხვევაში გამოიყენეს. ქალაქში ვიღაც ნადირობს ამ იარაღით და ჩვენ ჯერ წარმოდგენა არ გვაქვს, ვინაა.
- მოჭრილი ხელი? - ფოტოს დახედა მარინემ.
- ვოვამ თქვა, ისეთი სიზუსტით არის სახსარში გადახსნილი, ამას ან ექიმი გააკეთებდა, ან ვინმე, ვინც ძალიან კარგად გაწვრთნილ-გაცნობიერებულია ანატომიაშიო. ამას თუ იარაღის ამბავს დავუმატებთ, ან მოქმედი, ან ყოფილი სამხედროა. მე ასე მგონია. - ხელები გაშალა არაბულმა.
- კიდევ ორი გვამი ამ ჩახლართულ საქმეს უფრო ართულებს, - სავარძლის საზურგეს მიეყრდნო მარინე.
- ხელზე, სავარაუდოდ, ხელბორკილით ჰქონდა რაღაც დამაგრებული, - საუბარში ჩაერია ჯიშკარიანი. - იმიტომაც მოაჭრეს ხელი. რაღაც ძვირფასი წაიღეს. ალბათ, პატარა ჩანთა ან ჩემოდანი. არა მგონია, რამე სხვა ყოფილიყო.
რამდენიმეწამიანი დუმილი კარების გაღების ხმამ დაარღვია.
- გურამ, - როხროხით შემოვარდა ოთახში საბა. მერე შეამჩნია გამომძიებელი და პროკურორი და ხმას დაუწია, - ბოდიში, მარტო მეგონეთ, - და სავარძლისკენ დაიძრა.
- მარტო რომ ვიყო, ასე უნდა გამიხეთქო გული, ბიჭო? - ღიმილი შეაგება ჯიშკარიანმა.
- ბატონო გურამ, ბოდიში ხომ მოვიხადე, - დაიმორცხვა ბიჭმა. - როგორ ხარ, მარინე? გამარჯობა, ბატონო ლევან.
არაბულს გაეცინა. ყველამ იცოდა, საბა ჯიშკარიანის ნათლული და მისივე გაზრდილი იყო და მიუხედავად ამისა, ყველა ჯოხი მასზე ტყდებოდა.
- მე შენ რა გითხარი, მალე მოდი და თანამშრომლებთან ფლირტაობას თავი ანებე-მეთქი. ასე არ გითხარი? - დაუბღვირა გურამმა.
- კარგი რა, ბატონო გურამ, კი არ ვფლირტაობ, ვსაუბრობ. მაგრამ ამჯერად საქმეზე ვიყავი. ბომბი ამბავი გავხეთქე, ბომბი, ბუჰ, - თქვა საბამ და აფეთქების იმიტაცია გააკეთა.
რამდენიმე წამით სამივე გაჩუმდა და საბას მიაჩერდა.
- ჰა, არ მკითხავთ? - ხელები გაშალა ბიჭმა.
- იმედი გვაქვს, შენით გვეტყვი, - გაეცინა მარინეს.
- მოკლედ, - საქმიანად დაიწყო საბამ. - კამერების დიდი ხნის ქექვა-ძებნის შემდეგ დავადგინე: ზუსტად იმ საათებში, როცა ეს ჩვენი ორი ყმაწვილი მოკლეს, წერეთლის გამზირზე მოძრაობდა მამაკაცი, ზუსტად ისეთივე აგებულების, როგორიც მაისურაძეების სახლთან დამონტაჟებულ კამერებში.
ოთახში მყოფებმა ერთმანეთს გადახედეს.
- მადლობა, საბა, - მიუბრუნდა პროკურორი ბიჭს. - კიდევ ერთი დადასტურება იმისა, რომ რაღაც დიდ საქმეს ვართ შეჭიდებული. იმედია, ესენი ბოლო დახოცილები არიან. ეს კაცი მალე თუ არ ვიპოვეთ, ნახევარ ქალაქს მოკლავს.
- ჰო, ცუდადაა საქმე, ძალიან ცუდად, - ამოიოხრა გურამმა.
- მთელი ქვეყნის პოლიცია მაგ კაცს ეძებს, როგორ გადაადგილდება და ხოცავს ხალხს ისე, რომ ვერავინ ხედავს? როგორ დავიჯერო, რომ შეცდომას არ უშვებს, - თითქოს თავისთვის ლაპარაკობდა გამომძიებელი.
- დაუშვებს, მარინე, დაუშვებს. სადღავ გამოვიჭერთ. შენ პირველ რიგში დეკანოიძე- ჩიხლაძის ახლობლები მოინახულე. იქნებ გაიგო, რას საქმიანობდნენ ბოლო პერიოდში ეს ყმაწვილები.
საბა გულდაწყვეტილი იჯდა, მისი ბომბი ამბავი ძალიან დიდი ბომბი რომ არ აღმოჩნდა და ჩუმად უსმენდა საუბარს. უცებ თვალები გაუნათდა.
-გურამ, უიი, ბატონო გურამ, - შეასწორა უცებ, ჯიშკარიანის თვალების ბრიალი რომ დაინახა. - გინდა ეგ ამბავი მე გავარკვიო?
ოთახში მყოფებმა გაკვირვებული სახეებით შეხედეს ბიჭს.
- რას მიყურებთ, ეგენი ორივე ჩემი უბნელების უბნელები არიან. მოკლედ, ნაცნობი "სასტავია". ჰოდა, ხომ უნდა მივიდე ისედაც სამძიმარზე. ერთი სამი დღე თუ გამათავისუფლებთ, იქ რომ ვიყო სულ, გავიგებ, რას აკეთებდნენ ამ ბოლოს. არ არსებობს, რაღაცა რომ არ ითქვას.
- მე გიშვებ, - ხელები მაგიდაზე დააწყო ჯიშკარიანმა.
- ჰოდა, მაშინ წავედი მე, - ფეხზე წამოდგა ბიჭი.
- წესიერად ლაპარაკი ისწავლე შენ, თუ არა, აქ მოსული არ დაგინახო, - მუქარა დაადევნა უკვე კარებისკენ მიმავალ საბას გურამმა. მერე თბილად ჩაიღიმა და ოთახში დარჩენილთა გასაგონად ჩაილაპარაკა: გიჟია ეს ბიჭი და ძალიანაც მიყვარს, ჩემი გაზრდილია ეს გადარეული.
მარინეს და ლევანს გაეცინათ, უხმოდ წამოდგნენ და დატოვეს ჯიშკარიანის კაბინეტი.
რესტორანში ქართული სუფრა გაეშალათ და ოთხი მამაკაცი შემოსხდომოდა. ცეკვა-თამაშს აყოლებდნენ თვალს, მაღალი, შავგვრემანი, მათივე ასაკის კაცი რომ შემოვიდა დარბაზში და სუფრასთან მსხდომების მიმართულებით დაიძრა.
- ჩვენს დაკარგულ პროკურორს გაუმარჯოს, - წამოიძახა ერთმა და ფეხზე წამოდგა.
- შენ, ბიჭო, რაც დაგაწინაურეს, სულ დაიკარგე, - მხარზე ხელი შემოჰკრა მეორემ და ცარიელ სკამზე ანიშნა.
- კარგი რა, დვალი, შენ მაინც არ იცოდე, რა დღეში ვარ, - ლევანმა წყრომით შეხედა მეგობარს.
- ჰო, ვიცი და მაგიტომაც არ გეუბნები არაფერს. ჩვენი მომხიბვლელი გამომძიებელი როგორ არის? - თვალი ჩაუკრა დვალმა.
- ვინ? ვინ? - ყურები ცქვიტეს დანარჩენებმა.
- ერთი მაგარი გამომძიებელი ჰყავს, ულამაზესია, მაგრამ ტვინი ვერ აქვს მთლად მწყობრში, - გაიცინა ლაშამ.
- შენ, ბიჭო, ფსიქოლოგი ხარ თუ ყვითელი პრესის ჟურნალისტი, - თვალები დაუბრიალა არაბულმა.
- შენ გვერდით ვართ, ბიჭო, ჩვენზე ახლობელს ვის ეტყვი, - გაეღიმა ცისფერპერანგიანს. - რა სჭირს მაგ გოგოს? - მიუბრუნდა დვალს.
- ტრეფიკინგის საქმეს იძიებდნენ, მარინე შეაგზავნეს, მაგრამ მოვლენები უკონტროლოდ წარიმართა, ძლივს გამოიყვანეს ცოცხალი. ზუსტად რა მოუვიდა, არ ვიცი. არც საუბრობს ამაზე, მაგრამ გოგოს ფსიქოლოგიური პრობლემები დაეწყო, - ძლივს ამოთქვა არაბულმა.
- შენ გვითხარი, ლაშა, რა მოხდა, თუ არა, ამისგან მეტს ვერაფერს გავიგებთ - ამჯერად მელოტი მიუბრუნდა დვალს, - რთულადაა საქმე?
- ცუდი ამბები გადაიტანა, სერიოზული ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა, მაგრამ ახლა მშვენივრადაა ტვინითაც და ფიზიკურადაც. ძალიანაც რომ გინდოდეს, ნაკლს ვერ იპოვი. ანგელოზივით გოგოა.
- რას ფიქრობ, ლევან, მართლა მოგწონს? გასართობად არ გაიმეტო, ცოდვაა, - არაბულს მიუბრუნდა ცისფერპერანგიანი.
- ჰო, მომწონს ძალიან, - თავი ჩაღუნა არაბულმა.
- მაშინ არაბულს გაუმარჯოს, - ჭიქა ასწია მელოტმა. - ჩვენ შენ გვერდით გვიგულე ყოველთვის.
- გაუმარჯოს, - აიტაცეს მეგობრებმა.
- ლაშა, შენ იცი, რა დაემართა მარინეს? - საუბარში ჩაერთო ყველაზე ახალგაზრდა, რომელიც აქამდე გაჩუმებული უსმენდა სუფრის წევრებს.
- უფ, შენ კიდევ აქ ხარ, კაცო? - გაეცინა დვალს. - მე ვიცი, მაგრამ ამ ამბის ჩემგან გასვლა არაეთიკური და არაპროფესიონალურია. ჯობია თავის დროზე ლევანს თვითონ მოუყვეს. აი, მაგაზე თუ დაითანხმებს, მერე ყველაფერი აეწყობა პირად ცხოვრებაში ჩვენს მეგობარს.
- თბილისის ზღვაზე გვყავდა ძაღლები, - ჩუმად ჩაილაპარაკა არაბულმა. ოთხი წყვილი თვალი მას მიაჩერდა.
- ძაღლი ჰყავს? - იკითხა მელოტმა.
- ჰო, პატარა როკი. რამდენიმე დღის წინ შემხვდა და გავისეირნეთ. მერე თვითონ შემოგვთავაზა იგივე.
- მშვენიერი მიზეზია ურთიერთობის ასაწყობად, - გაუხარდა ცისფერპერანგიანს.
- ჰო, მაგრამ ჩემი თანამშრომელია, ფაქტობრივად, ხელქვეითი. არ მინდა ცუდად გამოვიდეს, - თავი იმართლა არაბულმა.
- მერე რა ინტერესთა კონფლიქტია? ნუ სულელობ, ბიჭო, რაღაცას. შენ სცადე და დანარჩენი ღმერთმა იცის. იქნებ იმ გოგოს არ მოეწონო და აქეთ გითხრას უარი.
- მაგის მეც მეშინია, - ჩაილაპარაკა არაბულმა. - იმიტომ მაინტერესებს მაგის ისტორია.
- დაუახლოვდი და ყველაფერი კარგად იქნება, დამიჯერე, - დააიმედა დვალმა და მოცეკვავეებს შეუერთდა.
ლევან არაბული ჯერ კიდევ გზაში იყო, მდივანმა რომ დაურეკა, მარინე ნაკაშიძე გელოდება კაბინეტთანო. პროკურორმა გაზს ფეხი დააჭირა და ლამის საპატრულო პოლიციის ყურადღება მიიქცია სიჩქარის გადაჭარბებისთვის. "სტარბაქსის" ყავას ჩაუარა. გაეღიმა. მანქანა პირველივე შესახვევში მოაბრუნა და აქაფქაფებული ყავა იყიდა. დარჩენილი გზაც გაღიმებულმა გაიარა და გაკვირვებული თვალიც ბევრი გაიყოლა პროკურატურის შენობაში.
- მარინე, დილაადრიან არ გელოდი, - ცხელი ყავა მიაწოდა ქალს. - მშვიდობაა?
- ბოდიში, ბატონო ლევან, რომ არ გაგაფრთხილეთ. გუშინ უკრაინიდან დიდი საქაღალდე მოვიდა. ლილი მაისურაძის ქმარს, გენადი ბაბროვიჩს ეხებოდა. მთელი ღამე გავათენე და მინდოდა თქვენთვის მეცნობებინა.
ქალი ტანის რხევით მიჰყვებოდა უკან არაბულს და თან ესაუბრებოდა. შავი შარვალი და პერანგი კოხტად ჰქონდა ტანზე მორგებული. ქერა თმა იდეალურად ეხამებოდა მის ჩაცმულობას. პატარა ფეხები მაღალქუსლიან ფეხსაცმელში კიდევ უფრო პატარა ჩანდა. "ამ ქალს არც მაკიაჟი სჭირდება და არც სუნამო, ისედაც იდეალური სუნი აქვს", - გაიფიქრა არაბულმა.
- აბა, რა საქმეში იყო გარეული ქალბატონი ლილის მეუღლე? - მიუბრუნდა პროკურორი მარინეს მას შემდეგ, რაც სავარძელში ჩაესვენა.
- მთლად მეუღლე არ იყო, ბატონ ბაბროვიჩს ოფიციალური მეუღლე ჰყავს. ქალბატონ ლილისთან პარალელურად ჰქონდა ურთიერთობა. სანამ საბჭოთა კავშირი დაიშლებოდა, ბატონი ბაბროვიჩი ჩვეულებრივი მუშა იყო ქარვის ქარხანაში. მაშინ ასაკითაც პატარა იყო და შავ სამუშაოს ასრულებდა. დამოუკიდებლობის პირველ წლებში საბადო და ქარხანა კერძო ხელში გადავიდა. გენადი ცვლის უფროსი გახდა და ფულიც გაუჩნდა. ზუსტად მაშინ გამოჩნდა მის ცხოვრებაში ქალბატონი ლილი.
- ფულთან ერთად ერთი ქალი აღარ ეყო? მადა გაეხსნა? - გაეღიმა არაბულს.
- ზუსტად მასეა. ლილი საკმაოდ ლამაზი ქალი იყო, მუშად მუშაობდა. შეამჩნია და მალევე საერთო საცხოვრებლიდან კერძო ბინაში გადაიყვანა.
- სამართალდამცველები რატომ დაინტერესდნენ ამ კაცით?
- სანამ არეულობა იყო, მანამდე არავინ დაინტერესებულა, საიდან ჰქონდა ბაბროვიჩს ამდენი ფული. ერთ დღესაც ქარხნის მთავარი ინჟინერი მოკლეს და მაშინ ამოტივტივდა ამ კაცის სახელი. ვერაფერი დაუმტკიცეს, მაგრამ ეჭვი იყო, რომ ან ბაბროვიჩმა მოკლა, ან ვინმე მიუგზავნა. რაც უფრო მდიდრდებოდა, უფრო საინტერესო ხდებოდა მისი შემოსავლები. ბევრი ფული და პატარა თანამდებობა. ერთ დღეს ქარხანაში აღმოჩნდა, რომ გამზადებულ-გაწმენდილი ქარვა ქრებოდა. გასაყიდად გამზადებული ნედლეულის ნაწილი კონტრაბანდულად გადიოდა და ახლო აღმოსავლეთსა და კვიპროსში იგზავნებოდა. რისთვის ან ვის სჭირდებოდა, არ ვიცი.
- ამ დროს ქალბატონი ლილი რას აკეთებდა? - დაინტერესდა არაბული.
- ისევ ქარხანაში მუშაობდა, ვაჟი გააჩინა და გენადის დახმარებით კარგად ცხოვრობდა. ეჭვობდნენ, რომ ლილიც გარეული იყო ამ საქმეში.
- მეც მასე მგონია, საყვარელს დაიხმარდა, უფრო მეტად ვის ენდობოდა. თან ცინცაძემაც ხომ თქვა, გავიგე, მაისურაძეს უკრაინაში აქვს ბიზნესიო.
- ძიება მიდიოდა, მაგრამ ბაბროვიჩის დაჭერა ვერ მოასწრეს, - გააგრძელა ამბის მოყოლა მარინემ. - ერთ დღეს ლილისგან გამოსული გენადი ხიდიდან გადავარდა მანქანით და დაიღუპა. არც ნასვამი იყო და არც რაიმეს ზემოქმედების ქვეშ. ლილი ერთ კვირაში აიბარგა და საქართველოში წამოვიდა შვილთან ერთად.
- ლილი იყო ეჭვმიტანილი?
- ოფიციალურად არა, მაგრამ დაკითხეს. დიდად არავინ დაინტერესებულა ბაბროვიჩის სიკვდილით.
- ჰოდა, ბევრი ფულიც წამოიღო ქალბატონმა ლილიმ, როგორც ჩანს, - გაეღიმა არაბულს. - კონტრაბანდა შეწყდა?
- ამ მასალების მიხედვით შეწყდა. ახალი ინფორმაცია არ გამოუგზავნიათ კონტრაბანდასთან დაკავშირებით. თქვენი დახმარება მჭირდება, რომ თხოვნა გავაგზავნო, რაიმე ძიება თუ მიდის ამ კუთხით.
- დღესვე გავაგზავნი, ჩავინიშნავ ახლავე, - ლევანმა კალენდარზე რაღაც მოინიშნა. - თხოვნის გასამყარებლად მაისურაძეებზე თავდასხმასაც მივწერ. ვნახოთ, რა იციან.
- ეჭვი აღარ მეპარება, რომ ლილი მაისურაძე ისევ ქარვის კონტრაბანდას ეწევა, მაგრამ ვინ ეხმარება ამჯერად უკრაინიდან?
- ეგ უკრაინელებისთვისაც საინტერესო იქნება. საბა ამბობს, რომ დახოცილი დეკანოიძე და ჩიხლაძე ქარვის კონტრაბანდას ეწეოდნენო. მათ და მაისურაძეებს ერთი და იგივე პიროვნება ესხმით თავს, სხვა რა კავშირი უნდა იყოს ამ ხალხს შორის.
გაგრძელება იქნება
ავტორი: სალომე ტაბატაძე